სულ რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს მისი იუბილე იყო. სულ რაღაც 30 წელი... მრგვალი თარიღია. ნატალი პორტმანი. ლამაზი მსახიობი ქალი. ძალიან, ძალიან ლამაზი...
პირველი წარმატება
ერთხელ მამამ პატარა ნატალი სამსახურში წაიყვანა. უფრო სწორად, სამედიცინო კონფერენციაზე. ნუთუ არ იცოდა ექიმმა მამიკომ, რომ პატარა გოგონების ყველგან წაყვანა არ შეიძლებოდა?!
მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც საბრალო წიწილაზე რაღაც საშინელ ცდებს ატარებენ. ვერც ის იგრძნო, რომ მის შვილს გულის წასვლამდე შეეცოდა ცდისპირი. არც ის შეუნიშნავს, პატარა ნატალი შინ ვეგეტარიანელი რომ დაბრუნდა.
- კარგია, რომ მოხვედით, შემწვარი წიწილა გვაქვს სადილად. - თქვა დედამ.
- მე არ მშია. - ბრაზიანად წარმოთქვა გოგონამ.
- იფ, რა კარგია! - ნერწყვი მოადგა მამას.
მას შემდეგ ხორცს არ გაჰკარებია. დღემდე ცხოველთა და ფრინველთა ქომაგია. არც ბეწვეულს ატარებს და არც სხვებივით ნამდვილი ტყავის აქსესუარებით იწონებს თავს. უამისოდაც ლამაზია.
საკუთარი ფეხსაცმლის ხაზის შექმნა რომ გადაწყვიტა, ყველას ეგონა, პრინციპებზე უარის თქმა მოუწევდა, მაგრამ შეცდნენ. ფეხსაცმლის კოლექცია... ხელოვნური მასალებისგან შექმნა. არანაირი ტყავი, ბეწვი და ბუმბული!
ებრაელია.
თუმცა 3 წლისამ დატოვა (ოჯახთან ერთად) ისრაელი და მეორე სამშობლოში, ამერიკაში გადაბარგდა. იქ ფარფატა გოგონა მშობლებმა ცეკვის წრეზე შეიყვანეს. მოეწონა ნატალის ცეკვა და ცეკვის მასწავლებელს - ნატალი. გავა დრო და დიიიდ სცენაზე იცეკვებს, თანაც - ბალეტს. მოვა დრო და ბალეტის მასწავლებელს, ანუ ქორეოგრაფს ნატალი შეუყვარდება, ნატალის - ბალეტის მასწავლებელი, ანუ ქორეოგრაფი...
მაგრამ მანამდე დიდი დროა. მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდება მის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი...
- ნატალი, ჩემო მშვენიერო გოგონავ, იცი, რა კარგი ამბავი მოგიტანე? - დედამ 11 წლის შვილს თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიხუტა.
- რა ამბავია, დედა? - უგულოდ ჰკითხა გოგონამ.
- რა და პიცერიაში...
- ოჰ, დედა... ხომ იცი, რომ ვეგეტარიანელი ვარ? მაგ პიცერიაში კი ყოველთვის ხორცეულის პიცას ამზადებენ.
- არა, პიცაზე არ გეპატიჟები... იქ განცხადება ვნახე: "ამ პიცერიაში გაიმართება კონკურსი, რომელსაც სამოდელო სააგენტო ატარებს." შენ ისეთი ლამაზი ხარ, აუცილებლად გაიმარჯვებ!
- არა, დედა, არ მინდა...
- გინ-და!
კონკურსში მართლა გაიმარჯვა. ეს მისი პოპულარობის დასაწყისი იყო. 11 წლის ნატალი პორტმანთან კონტრაქტი ისეთმა ცნობილმა პარფიუმერიულმა ფირმამ გააფორმა, როგორიცაა ღევლონ-ი. გახარებულ დედას ეგონა, ეს მაქსიმუმი იყო, რისი მიღწევაც შეიძლებოდა.
რა იცოდა, რა დიდება ელოდა მის ქალიშვილს, რა იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა თვითონაც საქმიანი ქალი გახდებოდა. დიასახლისობიდან შვილის აგენტობამდე დრომ ისე სწრაფად გაიარა, ისე, ისე...
LEON
- ნამდვილი ვარსკვლავი გახდები, პირველი ჭირს ყველაფერი, თორემ მერე მიყვება. - გაუღიმა მეზობლის ქალმა ნატალის.
- არა, სხვა კონკურსში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. - გაუღიმა გოგონამ და თავის სახლის კარზე დააკაკუნა. დედამ კარი ბოლომდე გამოაღო და შვილს ყურებამდე გაუღიმა:
- ნატალი, ჩემო მშვენიერო გოგონავ, იცი რა კარგი ამბავი მოგიტანე?
აი, რა ამბავი იყო: თურმე ნატალის ტოლ გოგონებს სინჯებზე იწვევდნენ. თანამედროვე ფრანგი რეჟისორი ლუკ ბესონი იღებს ფილმს "ლეონი".
სინჯებზე მივიდა. რეჟისორმა ასაკი ჰკითხა. "არა, - თქვა ბესონმა. - მე შენზე ცოტათი უფროსი გოგონა მჭირდება. თანაც სამსახიობო გამოცდილებით. ჰო, 12 წლის ჯერ არ ხარ... მალე გახდები? კი მაგრამ, ჯერ ხომ არ ხარ? წადი სახლში, ნუ მაცდენ. ნახვამდის."
დედა-შვილი სახლში ნირწამხდარი დაბრუნდა. გოგონა ოთახში ჩაიკეტა და გულამოსკვნილი ტირილით გული იჯერა. დედა ოთახში არ ჩაკეტილა, მაგრამ მთელი ღამე ოხრავდა...
ამ ამბიდან ნახევარი თვე გავიდა, ოჯახში ნატალის მარცხი ყველას დავიწყებული ჰქონდა, რომ ტელეფონმა დარეკა. ეს ის რეჟისორი იყო... გოგონა როლზე დავამტკიცეთო, მშობლებს აუწყა.
"მიყვარს, მიყვარს!" - ყოველთვის, როცა გადაღებიდან შინ ბრუნდებოდა, გულში ამ სიტყვებს იმეორებდა ნატალი. ჰო, ჟან რენო მართლა შეუყვარდა. ბავშვური გულწრფელობით. ახლა როცა უკვე ქალია, "ლეონის" გადაღებიდან ღიმილით იხსენებს ერთ დღეს.
იმ დღეს ფინალურ სცენას იღებდნენ. ჟან რენომ აფეთქებების მთელი წყება უნდა განახორციელოს. "ბავშვი გავიყვანოთ?" - იკითხა ვიღაცამ, მაგრამ არავინ უპასუხა და ის ვიღაცაც თვალს მიეფარა. მერე პატარა ნატალის ცხელი ყავა მოუტანა.
სკამიც იქვე იყო. უყურებდა ნატალი აფეთქებებს და მშვიდად წრუპავდა ცხელ, ზომაზე მეტად დამტკბარ ყავას...
"ომში" მოპოვებული "ჟოლო"
- ნატალი, რა არის შენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? -ჰკითხა ერთხელ ბიჭმა, რომელსაც ძალიან უყვარდა.
- სწავლა. - მიიღო პასუხად. ბიჭი აიმრიზა. მას უნდოდა, მის რჩეულს ეთქვა "სიყვარული" ან "ოჯახი."
ნატალი პორტმანი მართალი იყო. სწავლა, მეცადინეობა, განათლების მიღება მისი მოწოდებაა. არ დაიჯერებთ და, "ვარსკვლავური ომების" (ეპიზოდი პირველი) პრეზენტაციაზე არ მივიდა იმის გამო, რომ... გამოცდისთვის ემზადებოდა.
"ჰო, - ფიქრობდა ნატალი. - ასე ჯობია. გამოცდა რომ ვერ ჩავაბარო, "ომი" მიშველის? აი, ჩავაბარებ გამოცდას და მერე კიდევ ერთ უცხო ენას შევისწავლი.
ისე, რამდენი ენა ვიცი, არც დამითვლია: ებრაული და ინგლისური თავისთავად, ესენი ხომ ჩემი მშობლიური ენებია... კიდევ... ფრანგული, გერმანული, იაპონური და არაბული. რამდენი გამოვიდა?"
ვინ თქვა, ქალი ერთდროულად ლამაზი და ჭკვიანი ვერ იქნებაო?!
წეღან "ვარსკვლავური ომები" ვახსენე... ნატალიმ ძალები თეატრში სცადა, "ანა ფრანკის დღიურებში" ანას როლს განასახიერებდა. სწორედ ამ პერიოდში მიიწვიეს ფილმში "ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი პირველი".
ფილმი - ძალიან ცნობილი და როლი ძალიან დედოფლური. ჟურნალისტებთან შეხვედრისას გულწრფელად აღიარებდა, რომ ფილმის წინა სამი სერია არ აქვს ნანახი. არა უშავს, სამაგიეროდ, მომდევნო ორის ნახვა აუცილებლად მოუწევს, კონტრაქტი გაუფორმეს, უნდა გადაიღონ.
"ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი მეორე".
აქ თამაშისთვის ნატალი დააჯილდოეს (ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის)... "ოქროს ჟოლოთი". ეს კი არცთუ სასიამოვნო ჯილდოა, "ოქროს ჟოლოთი" ხომ როლის ცუდად შესრულებისთვის აჯილდოებენ მსახიობებს...
"შავი გედი"
მართლაც გედს ჰგავს, ოღონდ თეთრს. ამ ფილმმა წარმატებაც მოუტანა, სიყვარულიც და წყენაც. ამ უკანასკნელიდან დავიწყებ. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე ხმა დაირხა, ნატალის ნაცვლად დუბლიორი ცეკვავსო.
მსახიობს ძალიან ეტკინა გული. ის ხომ დღესა და ღამეს ასწორებდა ბალეტის შესასწავლად, თავდაუზოგავად მუშაობდა საკუთარ თავზე. სცენაზე ხშირად ეცემოდა, სტკიოდა... ხალხი კი ამ შრომას წყალში უყრის. საწყენია.
ქორეოგრაფ ბენჟამენ მილპიეს სულაც არ ეზარებოდა მშვენიერ მოსწავლესთან განუწყვეტელი რეპეტიციები.
- შენს თავს მიენდე, შენს გრძნობებს... - მოძღვრავდა ბენჟამენი. - საკუთარი ძალა უნდა ირწმუნო, გჯეროდეს შენი თავის.
ნატალი კარგი მოსწავლე გამოდგა. ალბათ კარგი დედაც იქნება... ბენჟამენის შვილისა.
- როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი? - ჟურნალისტს უღიმის გედი ნატალია. - ეს თანდათან მოვიდა. როგორც ცეკვაშია - ჯერ საკუთარ თავს, გრძნობებს მივენდე, მერე ბენჟამენს, მერე ერთად გრძნობას გავუფრთხილდით... დიახ, ახლა მისგან შვილს ველოდები, დანიშნულები ვართ.
დიდი მადლობა "შავი გედის" რეჟისორს. მოთხოვნა ასეთი იყო: სცენაზე მე უნდა მეცეკვა და არა დუბლიორს. თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება, ბენჟამენს ვერ შევხვდებოდი და გაფიქრებაც კი არ მინდა იმისა, რომ ასეთ ლამაზ, საოცარ სიყვარულს შეიძლება გვერდზე ჩაევლო ჩემთვის. ბედნიერი ვარ. ზუსტად ვიცი, რომ მზად ვარ დედობისთვის.
- თქვენ მსახიობი ხართ. ბენჟამენი როგორ შეეგუება იმას, რომ...
- დიახ, მსახიობი ვარ და ბენჟამენმა ეს იცის. ეჭვიანობა საკუთარ თავში დაურწმუნებელ ადამიანებს სჩვევიათ. ჩემი ბენჟამენი ასეთი არაა. გადაღების დროს კოცნა მხოლოდ სამუშაოა, სამსახურია და მეტი არაფერი... ახლა კი წავალ, წამოვწვები, წელი დამეღალა. - იღიმის და გაბერილ მუცელზე ხელს ისვამს, ბენჟამენის შვილს ეფერება...
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "ბომონდი"