ბავშვთა კვებაზე დაფუძნებული დიეტა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჰოლივუდის ვარსკვლავებში.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთხელ ფიტნეს-გურუმ ტრეისი ანდერსონმა ეს დიეტა ჯენიფერ ენისტონს დაუნიშნა იმისათვის, რომ მსახიობს ახალი როლისთვის სწრაფად დაეკლო წონაში. შედეგი იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უამრავი ვარსკვლავი დარბის ბავშვთა კვების მაღაზიებში და პიურეებისა და ფაფების მილიონობით ქილას ყიდულობს. არა მხოლოდ შვილებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც!
და მართლაც, ხუმრობა ხომ არ არის კვირაში 5 კგ-ის დაკლება!
ბავშვთა კვებაზე დაფუძნებული დიეტის პლუსებია:
ამ დიეტის მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ არ მოგიწევთ საჭმელების მზადება! შეგიძლიათ ერთი კვირით თამამად დაივიწყოთ ქვაბები და გაზის ქურა. საკმარისია, იყიდოთ ერთი კვირისთვის სამყოფი ბავშვის საკვები – და მორჩა! თქვენ უკვე გაქვთ საუზმე, სადილი და ვახშამი.
თუმცა, ბავშვთა საკვების არჩევისას, შეეცადეთ შეიძინოთ როგორც ბოსტნეულის, ასევე ხორცის და ორივე პროდუქტის მიქსი პიურე, მაგრამ მცირე კალორიებით.
გარდა ამისა, პლუსია ის, რომ საეჭვოა, რომელიმეს გარშემომყოფთაგან, იქნება ეს შეყვარებული თუ თანამშრომელი, მოუნდეს გაგისინჯოთ თქვენი სადილი თუ ვახშამი.
და კიდევ ერთი დიდი პლუსი: ბავშვთა ყველა საკვები ნატურალური პროდუქტებისგან არის დამზადებული და ისინი არ შეიცავს კონსერვანტებს, ცხიმებსა და მარილს. ყველა ეს პროდუქტი ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის.
ბავშვთა საკვებს კალორიულობა შეფუთვაზე აწერია. საშუალოდ, თითოეული ქილა 25-75 კალორიას შეიცავს. ასე რომ, დღის ნორმის გამოთვლა ძალიან ადვილია!
ბავშვთა კვებაზე დაფუძნებული დიეტის მინუსები:
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ამ დიეტას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მანამ ბავშვთა კვების მაღაზიისკენ გაემართებოდეთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. კვების ეს რეჟიმი მკაცრ დიეტათა რიცხვს მიეკუთვნება და რეკომენდებული არ არის ადამიანთათვის ანემიით და ჰიპერტონიკებისთვის. გარდა ამისა, მისი ხანგრძლივად დაცვა არ შეიძლება! ნახევარ წელიწადში ერთი კვირა საკმარისია.
უარყოფითი მხარეების სიაში შედის ამ საკვების გემოც. პატარები, რომელთაც ჯერ გასინჯული არ აქვთ შოკოლადი და ფასტფუდი, რა თქმა უნდა, გემრიელად მიირთმევენ ქილის საკვებს, მაგრამ უფროსებმა, საეჭვოა, მას გემო ჩაატანონ, გარდა ხილის ფაფებისა, რომლებიც უგემრიელესია.
მაგრამ თუ თქვენ მყარად გადაწყვიტეთ გახდომა, ბავშვთა კვებაზე დაფუძნებული დიეტა – ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის.
ბავშვთა კვებაზე დაფუძნებული დიეტის მენიუ:
საუზმე: 100 გრამი საბავშვო ხაჭო, ერთი ქილა ხილის პიურე ან ერთი თეფში სწრაფად მოსამზადებელი ფაფა, მწვანე ჩაი.
სადილი: ხორცი ბოსტნეულით (შერეული ან ცალ-ცალკე), ერთი ქილა ხილის პიურე, საბავშვო წვენი ორცხობილასთან ერთად (ორცხობილაც საბავშვო უნდა იყოს).
ვახშამი: ერთი ქილა ბოსტნეულის პიურე, ერთი ქილა ხილის პიურე, ხაჭო და ჩაი ან წვენი.
თუ საკვების რაოდენობა ცოტაა და მშიერი რჩებით, წახემსებაც შეგიძლიათ, ოღონდ იგივე პროდუქტებით. და არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პიურეს მომზადება თავადაც შეგიძლიათ.