ახალგაზრდა ამერიკელი ქალი 3 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაორსულებას. 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მას დახმარების ხელი დედამ გამოუწოდა – პენსიონერმა ქალმა გადაწყვიტა, საკუთარი შვილისთვის სუროგატი დედა გამხდარიყო.
სულ მალე 58 წლის ბებია საკუთარ შვილიშვილს გააჩენს.
3 წლის განმავლობაში ლორენა და მიკ მაკონონები ძალისხმევას არ იშურებდნენ და ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ, თუმცა სპეციალურმა მკურნალობის კურსმაც ვერ გამოიღო შედეგი. ლორენის ყველა ფეხმძიმობა ადრეულ ასაკში წყდებოდა.
როცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უკვე ხელი ჩაიქნია, მათ დახმარება მოულოდნელად 58 წლის ხულია ნავარომ, ლორენის დედამ შესთავაზა. ის შვილიშვილს თავად გააჩენს.
ხულიას წინასწარ გამოკვლევების კურსი ჩაუტარდა. ექიმებმა მას სუროგატული დედობისთვის ხელისშემშლელი ვერაფერი აღმოუჩინეს. მიუხედავად მისი ასაკისა, ქალი ყველანაირად მზად იყო სუროგაციისა და ორსულობისთვის.
როგორც ამერიკელების უმეტესობა, ლორენა და მიკიც საკმაოდ პრაგმატულები არიან – მათ უკვე გამოთვალეს, რომ ხულიას სიკეთე ოჯახს 30 000 დოლარს დაუზოგავს.
ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც მათ უნდა დაეხარჯათ სუროგაციისთვის, თუ სხვა ქალს დაიქირავებდნენ.
ბავშვი მარტში დაიბადება – მომავალი ბებია, რომელიც საკუთარ შვილიშვილს მუცლით ატარებს, ამბობს, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მისთვის ეს მდგომარეობა უცხო სულაც არ არის – ხულიას ხომ 3 შვილი ჰყავს გაჩენილი.