იცავთ დიეტას, ვარჯიშობთ, ცურავთ, მაგრამ ვერაფერს უხერხებთ ზედმეტ წონას, მაშინ, როცა სხვები იმავე დიეტითა და იმავე ვარჯიშებით კილოგრამებს იკლებენ და ლამის ტოპ-მოდელებს ემსგავსებიან, რატომ არის, რომ ზოგი მუცელზე უფრო სუქდება, ზოგი - თეძოებზე, ზოგი კი თანაბრად?
ხმელ-ხმელი ქალების ორგანიზმში დომინირებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია. მათი სხეულის ზედა ნაწილი ქვედასთან შედარებით მსხვილია. აქვთ ფართო მხრები, მკვეთრად გამოხატული მკერდი, ბრტყელი დუნდულოები და ძლიერი, დაკუნთული ხელ-ფეხი.
სუქდებიან მკერდის, მკლავებისა და მუცლის მიდამოებში. ბუნებით ლიდერები, სხვის რჩევებს არ საჭიროებენ. არ იციან ზომა არც მუშაობაში, არც ჭამაში და არც რაიმე გატაცებაში. სამწუხაროდ, ხშირად უმართავნი არიან.
ასეთი ქალების უმრავლესობა ეტანება ხორცეულს, მარილიან კერძებს და ალკოჰოლს, მათთვის კი აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტა.
უნდა მიიღონ ხილი, თევზი, ფრინველის ხორცი და ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები.
სპორტის სახეობებიდან მათთვის უმჯობესია სირბილი, აერობიკა, თხილამურები. ყველაზე უკეთ კი ფორმის შენარჩუნებაში მათ ცურვა ეხმარებათ.
შემოქმედებითი ტიპის ქალებში დომინირებს ფარისებრი ჯირკვალი. მათ აქვთ გრძელი, წვრილი კიდურები, თანაბარი სიგანის მხრები და თეძოები, გრძელი, კარგად გამოხატული წელი. სუქდებიან, ძირითადად, მუცლისა და თეძოების არეში, კიდურები კვლავ წვრილი რჩება. მიდრეკილნი არიან ზომიერი ცელულიტისკენ.
ასეთი ქალბატონები მხიარულები, აქტიურები არიან, ლაღად მეტყველებენ და ირგვლივ ყველას ხიბლავენ. შემოქმედებითი ქალის სილუეტი თითქმის იდეალურია, თუ მიდრეკილი არ არის სიმსუქნისკენ.
მათ საკვებში, რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, მწვანე ფერი უნდა ჭარბობდეს. მწვანე ლობიო, მჟაუნა, ოხრახუში, ბოსტნეულის სხვა სახეობები მათ ეხმარებათ ძალების დაზოგვაში. მათთვის აუცილებელია უცხიმო ცხოველური ცილები (ფრინველი, თევზი, კვერცხი და უცხიმო რძის პროდუქტები.
მოძრაობა შემოქმედებითი ქალისთვის სიცოცხლის ტოლფასია, მაგრამ რთული სპორტული სახეობები და ტრენაჟორებზე ვარჯიში მათ არ იზიდავთ. ამ ტიპის ქალებისთვის საუკეთესო სპორტია აერობიკა ან ცეკვა.
მოხდენილ ქალებში უპირატესი ჯირკვალია ჰიპოფიზი. მათ აქვთ მოზარდის მსგავსი სხეული ვიწრო თეძოებით, ნაკლებად გამოკვეთილი წელით, პატარა ხელ-ფეხით, მრგვალი, ვაშლისებრი დუნდულოებით და შედარებით დიდი თავით. სუქდებიან უმეტესად მუცლის არეში ან კიდევ, თანაბრად მთელ სხეულზე. ცელულიტისკენ მიდრეკილება არ აღენიშნებათ.
მართალია, მოხდენილი ქალბატონები დიდხანს ინარჩუნებენ ტანადობას, მაგრამ როცა სუქდებიან, ფუმფულა ანგელოზებს ემსგავსებიან. ეს კი ყველა მათგანს როდი ახარებს. ამიტომ აუცილებელია ნაკლები ნახშირწყლების (პური, ხილი, მაკარონი) მიღება.
კარგად აითვისება ბოსტნეული, უხეშად დაფქული ფქვილის ნაწარმი. ბოროტად არ უნდა გამოიყენონ რძე, ტკბილეული და გაზიანი წყლები.
რაც შეეხება სპორტს, ესაჭიროებათ მსუბუქი დატვირთვა, რადგან მათი ბუნებიდან გამომდინარე, უძნელდებათ სწრაფი მოძრაობები და ეზარებათ ინტენსიური ვარჯიში.
მადის აღმძვრელი ქალების უპირატესი ჯირკვალია საკვერცხეები. მათ აქვთ კლასიკური ქალური სხეული წვრილი ზედა ნაწილით, მრგვალი თეძოებით და დუნდულოებით. ასეთი ქალების სახე გულის ფორმისაა, ყელი - ნაზი. სუქდებიან, უმეტესად, თეძოებისა და დუნდულოების მიდამოებში.
ფუმფულა თეძოებსა და წვრილ წელს არაერთი მამაკაცი გადაურევია. მიუხედავად ამისა, მათ თავად არ სიამოვნებთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება და გულმოდგინედ ცდილობენ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.
საკვებად მათთვის სასარგებლოა ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, უცხიმო ცხოველური და მცენარეული ცილები. არ
უნდა მიიღონ ნაღები, კარაქი, ტკბილეული, ცომეული, მჟავე და ცხარე საკვები.
ამ ტიპის ქალებს შენელებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ მათთვის საჭიროა ვარჯიშები ამტანობაზე. მხოლოდ ცურვა არ გამოადგებათ, აუცილებელია სპორტის ისეთი სახეობები, რომელიც დიდ დატვირთვას მოითხოვს.
ასე რომ, თუ გსურთ ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდეთ, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები.
ჟურნალი ”რეიტინგი”