ბოლო 100 წლის მანძილზე შექმნილი 25 საუკეთესო ფოტორეპორტაჟიდან ერთი განსაკუთრებულად გამოირჩევა.
აქ არ არის ომი და სიკვდილი, აქ არ არიან პოლიტიკური ლიდერები, არც მშიერი ბავშვები. ამ ფოტოებზე, უბრალოდ, 15 წლის შავკანიანი გოგონა, სახელად - დოროთი კაუნტსია.
ეს ფოტორეპორტაჟი მოიცავს ყველაფერს, რაც საშინლად მძულს საზოგადოებაში: უცოდინრობას, უზრდელობას, რასიზმს, სექსიზმს, უთანასწორობას... ამ ფოტოების გმირი კი ძალიან ძლიერი სულის პატრონია. ეს კი მისი პირველი დღეა სკოლაში...
ალბათ, დაინტერესდებით და მკითხავთ, რატომ არის ეს სურათები გამორჩეულიო? - მოდით, ყურადღებით დააკვირდით მათ. მე კი დოროთის ისტორიას გიამბობთ!
1957 წლის 4 სექტემბერს დოროთი სახლიდან გამოვიდა და სკოლისაკენ გაემართა. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ის პირველი შავკანიანი მოსწავლე იყო "ჰარი ჰარდინგის" საშუალო სკოლაში, რომელიც ქალაქ შარლოტში მდებარეობდა.
სკოლაში სულ ახლახან გამოაცხადეს თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების ერთობლივი სწავლის დაშვების შესახებ.
მაგრამ, როგორც ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს პრაქტიკა, გამოცხადება - ეს ერთია, ხოლო გაგება და მიღება - მეორე. სკოლის გზაზე ბავშვები დოროთის შეურაცხყოფას აყენებდნენ, უყვიროდნენ, აფურთხებდნენ და მოითხოვდნენ, რომ დოროთი მათი ტერიტორიიდან მოშორებულიყო, მაგრამ დოროთი მშვიდად განაგრძობდა გზას.
მიუახლოვდნენ სკოლას, სადაც დოროთის "თეთრი მოქალაქეების საბჭოს" აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც ღიად უწევდნენ აგიტაციას მოზარდებს, რომ გაეგდოთ ის სკოლიდან.
მაგრამ აქ დოროთის ეყო ძალა, რომ უკან არ დაეხია. ის ავიდა კიბეზე და კლასში შევიდა. ასე დაიწყო ალბათ ყველაზე რთული და გრძელი 4 დღე მის ცხოვრებაში. მოსწავლეები ღიად ახდენდნენ მასზე ზეწოლას. დასცინოდნენ, ამცირებდნენ და ა.შ. მაგრამ, სად იყვნენ მასწავლებლები? რატომ არ ეხმარებოდნენ გოგონას? ისინი, უბრალოდ, იქცეოდნენ ისე, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობდა ან სურდათ, რომ მოვლენების განვითარება სწორედ ასე წარმართულიყო. ვინ იცის, იქნებ ისინიც "თეთრ მოქალაქეთა საბჭოს" წევრები იყვნენ?
საბოლოოდ, გაუსაძლისი 4 დღის შემდეგ მასწავლებლებმა დაურეკეს დოროთის მშობლებს და სთხოვეს, წაეყვანათ სკოლიდან გოგონა, მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ასე სწრაფად დასრულდა დოროთის პირველი დღეები სკოლაში. ოჯახი პენსილვანიაში გაემგზავრა, სადაც დოროთი კვლავ "თეთრ და ფერადკანიანების ერთობლივ სკოლაში" მიიყვანეს. მშობლებს უყვარდათ დოროთი და მთელი არსებით სურდათ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ სამართლიანობას გაემარჯვა.
სეგრეგაცია გაუქმებული იყო, მაგრამ ხალხს არ სურდა სტერეოტიპების დათმობა. მათ ეჩვენებოდათ, რომ ერთი 15 წლის გოგონა სერიოზული გამომეტყველებითა და საკუთარი თავის არაბავშვური რწმენით, შეძლებდა ყველაფრის ინტერპრეტირებას.
დოროთი კაუნტს არაფერი გმირული არ ჩაუდენია. არავის არაფრისკენ არ მოუწოდებდა, არ იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი. ის, უბრალოდ, ცდილობდა ესწავლა იქ, სადაც სურდა და ეცხოვრა ისე, როგორც თვითონ უნდოდა და არა ისე, როგორც ითხოვდნენ ისინი, ვინც ლანძღავდნენ მას "არასწორი" კანის ფერის გამო.
ზოგჯერ გმირობა - ეს არის ყველაზე მცირედი რამ: არ მოაცილო მზერა, არ გადაუხვიო გზიდან, არ დაიხიო უკან და არ შეგეშინდეს!
თეა ინასარიძე