ახალგაზრდობის სილამაზე მარადიული არ არის. 17 წლის ასაკში ძილის წინ შეიძლება დაგვავიწყდეს კოსმეტიკის მოშორება და ქუჩაშიც კრემის გარეშე გამოვიდეთ, მაგრამ 30 წლის შემდეგ კანს მუდმივი მოვლა სჭირდება.
რა არის სასურველი და რა - აუცილებლად გასაკეთებელი?
რა მოსდის სახის კანს 30 წლის შემდეგ?
კანზე ჩნდება პირველი ნაოჭები. ორგანიზმშიც უფრო მეტი თავისუფალი რადიკალია, რის გამოც კანის მდგომარეობა უარესდება. გარდა ამისა, კანი თხელდება, ამიტომ მეტად მიიდრიკება ნაოჭების წარმოქმნისა და შეშუპებისკენ. აღარც მისთვის საკმარისი კოლაგენის სინთეზირება ხდება ადრინდელი ინტენსივობით. ამიტომ კანი კარგავს სიმკვრივეს.
ტენის დაკარგვის პროცესიც უფრო ინტენსიური ხდება, რაც უნდა გავითვალისწინოთ კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას. ამ ასაკიდან იწყება ნივთიერებათა ცვლის პროცესის შენელებაც, რაც ასევე ნეგატიურად აისახება კანის მდგომარეობაზე. ამიტომ კანის მოვლა 30-40 წლის შემდეგ ორიენტირებული უნდა იყოს არა მოვლის საშუალებების ეფექტურ შეფუთვაზე, არამედ კანის საჭიროებებზე.
ყოველდღიური მოვლა
ყოველდღიური მოვლა 30 წლიდან მოიცავს დაბანას (გასუფთავებას), ტონიზირებას, დატენიანებას და კვებას.
დაბანა
ცხიმიანი კანის დაბანა და მშრალის კოსმეტიკური რძით გაწმენდა უნდა დავიწყოთ 15 წლიდან. 30 წლის შემდეგ ჰორმონული ფონი გაწონასწორებულია. ამდენად, მუწუკები, ფერიმჭამელები, კანის არასასურველი სიპრიალე, შეიძლება ითქვას, წარსულს ჩაბარდა. კანი იღებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. პირის დაბანისას შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი - ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აცილებს მკვდარ უჯრედებს.
ტონიზირება
თუ ადრე ეს იყო დამატებითი ეტაპი და შეიძლებოდა დაბანასთან შეთავსება (ე.წ. 2 - 1-ში საშუალებები), ახლა ცალკე გამწმენდი საშუალება უნდა შეიძინოთ და ცალკე - მატონიზირებელი.
დატენიანება
ყოველდღიურ დატენიანებას უკვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. საჭიროა მოვლის ის საშუალებები, რომელთა მოქმედებაც დიდხანს გრძელდება. მათი წასმა, კოსმეტოლოგების რეკომენდაციით, საჭიროა შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. საზოგადოდ კი, რეკომენდებულია, დამატენიანებელი კრემი დღეში 2-ჯერ მაინც წაისვათ.
კანის დასანოტივებლად კარგია დილაობით პირის დაბანა გრილი (არა ყინულოვანი) წყლით. ნუ უგულებელყოფთ სპეციალისტის დახმარებას, რადგან ამ ასაკიდან კანი პროფესიონალურ მოვლას მოითხოვს.
კვება
კანის კვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩნდება პირველი მიმიკური ნაოჭები, მათ კი სწორად უნდა ვებრძოლოთ ასაკის შესაბამისად შერჩეული ღამის კრემებით. შეარჩიეთ ისეთი კრემები, რომლებიც შეიცავს კოლაგენსა და ანტიოქსიდანტ-ვიტამინებს - A-ს, E-ს, C-ს.
თვალების ირგვლივ ზონას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. აქ რეკომენდებულია არა ზოგადი მოქმედების კრემების წასმა, არამედ ისეთებისა, რომლებიც მოწოდებულია სწორედ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად: თვალების ირგვლივ არსებული რგოლების, ნაოჭებისა და ა.შ.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge