ხელოვანების აზრი სხვადასხვა საკითხზე - რობი კუხიანიძე
ქალი - ყოვლისმომცველი, განუზომელი სივრცეა... ქალი დედაა, ცოლი, მეგობარი, სიყვარული... ის მთლიანი ორგანიზმია და მე არ ვყოფ კატეგორიებად, პროფესიებად, ასაკად. მთავარია, ერთმანეთს "ვემთხვეოდეთ"...
სილამაზე - ყოველწამიერებაშია... მისკენ უნდა მომართო შენი აზროვნება. სილამაზის გარეშე არ არსებობს არცერთი მოვლენა, არც გარემო და არც ადამიანი. ეს არის თანდაყოლილი შეგრძნება, აღქმა, დედ-მამისგან და ღმერთისგან.
პოლიტიკა - დიდი შოუბიზნესია, სადაც ყველაზე მეტი ფული იშოვება. იქ კიდეც "მღერიან", კიდევაც "ცეკვავენ" და თან ყველა ხელოვანზე მაღალი ანაზღაურებაც აქვთ. პოლიტიკოსობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი პროფესიაა...
სექსი - ამ თემას უნდა გაუფრთხილდეთ, რომ არ "გაგიბოზდეს" გრძნობა... როგორც მუსიკაში, სექსშიც საჭიროა იმპროვიზაცია... ეს არც იმდენად ბუნებრივი და აუცილებელი მოთხოვნილებაა, რამდენადაც სპონტანური ურთიერთობა, სადაც იცი, ბედნიერი ხარ... ...და რომელიც არაა გამოსაჭენებელი, ინსტრუქცია და პოზებამოსაბეჭდი.
სექსი არ არის გასაიგივებელი ტუალეტში შესვლის აუცილებლობასთან. პირადი ინტიმი თუ გამოაჭენე (რაც ახლა მოდაშია), მაშინ რაღაა დასამალი და ნურც კუჭში გასვლისას შედიან ტუალეტში. რატომ "იმალებიან"? მოყვნენ ეგეც...
მარტოობა - (ღმერთმა დამიფაროს) ეს ისაა, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. სიკვდილის პირასაც რომ ვიყო და მომიკითხონ, დამიძახონ, მაინც მივალ, თუნდაც ფორთხვით...
მე ვიცნობ ხელმომჭირნე, ფულიან ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ არიან მარტონი. ცხოვრებით "კრიჟანი" არ უნდა იყო და არც მარტო არ იქნები...
სოციალური ქსელები - აუცილებლობაზე მეტია... იქ იგებს ადამიანი სამყაროს განწყობას. სოციალური ქსელები მსოფლიო ეპიცენტრია უკვე. შეიძლება ზედმეტ დროს ვახარჯავთ და ზომა არ ვიცით ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც მოგვბეზრდება "უზომოობა" და რაციონალურ გამოყენებაზე გადავალთ. მე ჩემი 8000 მეგობრის სიით "მაგთი კლუბსაც" ვერ ვავსებ ხოლმე, მაგრამ მთავარია ის 100 კაცი, ვინც მოდის და მისმენს...
პოპულარობა - ჩემთვის საშუალებაა ადამიანებთან ურთიერთობის. საქართველოში პოპულარობა "დინამოს" გავსებაა, რასაც ვიღაცის შვილობა ან ბევრი ფული უნდა.
ჩემთვის პოპულარობა ურთიერთობაა ჩემს ხალხთან, მსმენელთან - ამ განათლებული და ერუდირებული ადამიანების ვიწრო წრესთან...
სიკვდილი - არ ვაღიარებ სიკვდილს! არის დრო, მანძილი დაბადებას და გარდაცვალებას შორის და მთავარია, ამ შუალედში მართლა იცხოვრო...
შიში - შიში უნდა შეაშინო... მოულოდნელად უნდა დაუყვირო "ბუუუ" და "მოხევს"... შიშის გარეშე არ არსებობ. ადამიანის კოდია შიში, მაგრამ მთავარია, მხდალი არ იყო. მე სცენაზე არაფრის არ მეშინია. იქ ყველაფრისთვის მზად ვარ...
სიყვარული - ჩემი მეუღლეა... სიყვარულია ის, რის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს. ახლა ჩემი ყველაზე დიდი, უდიდესი სიყვარული, რომელსაც ვეხები (არავის "გაუტყდება", თუ ვიტყვი), ჩემი შვილიშვილია.
ალკოჰოლი - არაღიარებული ნარკოტიკია... მით უმეტეს, რომ ქართველებმა არ ვიცით ზომა და განსხვავებულებს ვსვამთ ხოლმე ყანწით, ჩექმით, სუდნოთი.
ლიტერატურა - მსოფლმხედველობის აკვანია ჩემთვის...
ხალხი - არის ხალხი და არის ბრბო... ხალხი არის ჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ ბრბო -აყროლებული ნაგავია. ვგულისხმობ მართვად, დაყოლიებულ მასას. ხალხი ხალხად მიყვარს და მაგ მასისთვის მიმიფურთხებია... ხალხი ჩვენი ცისფერი პლანეტის ორგანიზმია...
თეკლა ლაზი
სპეციალურად საიტისთვის