მორიგი დაბადების დღის აღნიშვნისას, ფსიქოლოგი დონა გსუკი დაფიქრდა, რა ასწავლა განვლილმა წლებმა.
”დღეს 37 წლის გავხდი. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული წელი თავისებურად საინტერესო იყო. დღეს ვხვდები, რომ სწორედ ყველა იმ წარუმატებლობამ, ტრიუმფმა, სულიერმა ტკივილმა გამხადა ის, ვინც დღეს ვარ.
მე რთული გზა გავიარე. მორიდებული გოგონა, თავხედი თინეიჯერის შემდეგ, მეოცნებედ ვიქეცი. 30 წლისა დედა, მეწარმე გავხდი და მივხვდი, თუ რა იყო ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი.
ყოველდღიურად საკუთარი თავის შეცნობას ვუთმობდი და დღეს უკვე 37 გაკვეთილი შევადგინე, რომელიც წლების მატებასთან ერთად დავაგროვე:
1. ბედნიერება თავად ჩვენშია - ბედნიერებას ყოველთვის გარშემო ვეძებთ და ყოველთვის იმედგაცრუებულები ვრჩებით, რადგან ბედნიერება ჩვენშივეა. ჩაიხედეთ საკუთარ თავში.
2. მადლიერები იყავით - ცხოვრება ხან კარგით, ხან ცუდით, ხანაც საშინელით გვაჯილდოებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან თავად სიცოცხლე შეუფასებელი განძია, ხოლო იმედგაცრუება და წარმატება - ჩვენი გზის შემადგენელი ნაწილები.
3. შეცვალეთ აღქმა და ცხოვრებაც შეგეცვლებათ - როცა შიშს, ბრაზს, წყენას გრძნობთ, შეხედეთ სიტუაციას სხვა კუთხიდან.
4. ყველას ვერ გააბედნიერებ - თუმცა, უმჯობესია, გარისკო, ვიდრე ითამაშო, რომ შეყვარებული ხარ.
5. სამყარო შენ გარშემო სარკეა - თუ ჩვენ გვიყვარს გარშემო მყოფები, ეს იმის ანარეკლია, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი. ის, რაც სხვაში გულს გვტკენს, იმის მანიშნებელია, რომ თავად არ ვიქცევით კარგად.
6. ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები შემთხვევით არ ჩნდებიან - ჩვენი გადასაწყვეტია, მათ კონკრეტულ საქციელს (დადებითი, უარყოფითი) მომავალში გავითვალისწინებთ თუ კიდევ ჩავიდენთ შეცდომებს.
7. გწამდეთ - რომ ნებისმიერ რთულ მომენტში სამყარო თქვენს გადარჩენას ცდილობს.
8. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ - გარშემო მყოფების საქციელი მათი პირადი პრობლემაა, რასაც თქვენთან არანაირი კავშირი არ აქვს.
9. ბუნება მკურნალია - სუფთა ჰაერზე გასეირნება, ლამაზი პეიზაჟების ყურება განწყობას გაგიუმჯობესებთ და მომავლის რწმენასაც ჩაგისახავთ.
10. გაბრაზებული ადამიანები სხვებს აბრაზებენ - მაგრამ მაინც ძველებურად გიყვართ ისინი, თუმცა უკვე შორიდან.
11. მკურნალობის დაწყებამდე დიაგნოზი უნდა იცოდეთ - რთულია, სიმართლეს თვალებში ჩახედო, მაგრამ თქვენ ეს უნდა შეძლოთ. გამოიტანეთ დღის სინათლეზე თქვენი შიშები, სისუსტეები და განიკურნეთ მათგან.
12. პერფექციონიზმი ილუზიაა - მუდამ უნდა ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, მაგრამ შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. გახსოვდეთ, მთავარია, ბედნიერი იყოთ, მიუხედავად შედეგისა.
13. მოიხსენით მუქი სათვალე - სამყარო არც ისეთი პირქუშია, როგორც ეს თქვენ გგონიათ. ფართოდ გაახილეთ თვალები და მის მშვენიერებასაც დაინახავთ.
14. აღნიშნეთ საკუთარი წარმატებები - ყოველდღე, თუნდაც უმნიშვნელო რამ.
15. ისწავლეთ პატიება - ეს თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის, ვინც გაწყენინათ. აპატიეთ სწრაფად და მშვიდად.
16. ენდეთ ინტუიციას - ხანდახან მაინც შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა სურს. გული მუდამ სწორ პასუხს გიკარნახებთ.
17. მიეცით სულს სიმღერის საშუალება - ამქვეყნად თქვენნაირი მეორე ადამიანი არ არსებობს. იყავით ლაღი, იცოცხლეთ, ისუნთქეთ ღრმად და მუდამ ისწრაფოდეთ მიზნისაკენ.
18. შემოქმედი ხართ - თუ ცოტათი მეტ შრომისმოყვარეობას, სიჯიუტესა და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, შეუძლებელს შეძლებთ.
19. გამოასხივეთ შუქი - ჩვენ ყველანი ვასხივებთ შუქს. ზოგიერთი კი საკუთარი საქციელით სინათლეს ჩრდილს აყენებს. გამოასხივეთ შუქი თავად და სხვებს დაეხმარეთ სინათლის გამოსხივებაში.
20. ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგებით - ამქვეყნად ყველას თავისი დრო აქვს. წინასწარ ნუ გამოიგლოვებთ საკუთარ თავს. იყავით მხიარული, დატკბით მომენტით და ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ გარშემო მყოფების თვალში ზოგჯერ სულელი გამოჩნდებით.
21. გვერდით ის ადამიანები დაიყენეთ, ვისაც უყვარხართ და მხარში გიდგანან - და თავადაც გიყვართ და მათი დასაყრდენი ხართ.
22. აჰყევით ცხოვრების რიტმს - თუ ოცნება გაქვთ, ყველაფერი მოიმოქმედეთ მის ასასრულებლად, მაგრამ ფრთხილად, ისე, რომ თქვენი საქციელით ზიანი არავის მიაყენოთ.
23. რაც უფრო მეტს აკეთებთ, მეტს იღებთ - გაეცით სიბრძნე, სიყვარული, ცოდნა და ნახავთ, რომ გაცემული ორჯერ მეტად დაგიბრუნდებათ.
24. მაგრამ ნუ დააცარიელებთ საკუთარ თავს - იმაზე მეტს ნურასოდეს გასცემთ, რომ დაცარიელდეთ. შეინარჩუნეთ ბალანსი. ცარიელი ადამიანით არავინ დაინტერესდება.
25. თქვით ”დიახ" იმაზე, რაც ბედნიერებას მოგიტანთ და - ”არა", რაც ტკივილის მეტს არაფერს მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, დრო უძვირფასესი განძია და მას მოფრთხილება სჭირდება.
26. ზოგჯერ მეგობრებს ვივიწყებთ - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ გვიყვარს. თუ ინტერესთა სფერო გაიყო და ერთმანეთს დაშორდით, გიყვარდეთ ისინი შორ მანძილზეც კი.
27. შიში დაგვანახვებს, რანი ვართ სინამდვილეში - და რა გვინდა ცხოვრებაში. ნუ შეგეშინდებათ შიშის. მას ხშირად სწორი პასუხის გაცემა შეუძლია მომხდარზე.
28. დაძლიეთ საკუთარი შიში - მას შემდეგ, რაც უკვე გაერკვიეთ, ვინ ხართ და რა გინდათ, მოიშორეთ შიში და იმოქმედეთ.
29. თქვენი სხეული ის ტრანსპორტია, რომელსაც ოცნებებისკენ მიჰყავხართ - გაუფრთხილდით მას, მოუარეთ და ისიც ერთგულად გემსახურებათ წლების მანძილზე.
30. სიტყვითა და საქციელით დაუმტკიცეთ თქვენს ახლობლებს სიყვარული - სიყვარული არასდროსაა მეტი. უნდა შეგეძლოთ მისი გაცემა. ახლობლებზე ზრუნვა სიყვარულის საუკეთესო გამოხატულებაა.
31. იცხოვრეთ აწმყოში - თვალი გაუსწორეთ რეალობას, მაგრამ არავინ გიკრძალავთ სამომავლო ოცნებებს. მთავარია, ფანატიზმში არ გადავარდეთ.
32. ცხოვრება - ამაღლება-დაცემის მონაცვლეობაა - საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად ორივეს განცდა მოგიწევთ. ორივეს ღირსეულად უნდა შეხვდეთ.
33. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ - არავინაა სხვაზე უარესი ან უკეთესი. უბრალოდ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისე ვიქცევით, როგორც სწორად მიგვაჩნია.
34. ყოველდღიურად იყავით იმის მადლიერი, რაც ცხოვრებამ გარგუნათ - რაც უფრო მადლიერი იქნებით, მით მეტ ხვავს, სიყვარულს, წარმატებასა და ჯანმრთელობას მიიღებთ.
35. თქვენ სამყაროს ცენტრი არ ხართ - თუმცა ხშირად ვფიქრობთ, რომ ვართ, მაგრამ... მიმოიხედეთ ირგვლივ, შეამჩნიეთ ადამიანები, ახალი და მშვენიერი მომენტები.
36. სამყაროს მეტი სიყვარული, სიცილი და სინათლე სჭირდება.
37. თავად გახდით საკუთარი თავის გურუ - ვისაც არ ეზარება, ყველა გვირჩევს, როგორც მოვიქცეთ, რა ვთქვათ, როგორ ჯობია. დაივიწყეთ ისინი. თავად იფიქრეთ, თავად იმოქმედეთ, დაარღვიეთ სტერეოტიპები, აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები. ნუ გააკეთებთ იმას, რასაც თქვენგან გარშემო მყოფები მოითხოვენ; აკეთეთ ის, რასაც თქვენს ცხოვრებას საინტერესოსა და ბედნიერს გახდის.
ასაკი - მხოლოდ ციფრია, მაგრამ მის მატებასთან ერთად, ცხოვრებისეული სიბრძნის დაგროვებაც უნდა მოახერხოთ. აღარასდროს იქნებით ისეთი, როგორიც 10, 15, 20 წლის წინ. გამოიყენეთ დაგროვილი ცოდნა და დატკბით დღევანდელობით.