რამდენიმე ფაქტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ლეგალურ ნარკოტიკზე, რომელიც დღეს ბევრმა თქვენგანმა, უეჭველია, მიიღო.
"კოფეინზე" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნარკობიზნესს ეხება, ბიზნესს, რომელიც უძლებს დაუნდობელ კონკურენციას, არალეგალურ მაქინაციებს და ხანდახან კრიმინალსაც კი.
შეეცადეთ, გაიხსენოთ დღევანდელი დღე: რამდენი ფინჯანი ყავა ან ჩაი დალიეთ? ან იქნებ კოლა გიყვართ, ან შოკოლადს და ენერგეტიკულ სასმელებს ანიჭებთ უპირატესობას? თუ ასეა, ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ შეუძლია კოფეინის გარეშე. მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, საიდან მოდის ეს პროდუქტი და რა ემართება ჩვენს ორგანიზმს თუნდაც ერთი ფინჯანი ესპრესოს ან კოლას მიღების შემდეგ?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლეგალური ნარკოტიკის, კოფეინის ირგვლივ უამრავი მითია შექმნილი. მართალია თუ არა, რომ ის მოქმედებს ტვინზე, ხელს უწყობს სიმსუქნეს ან გვიჩქარებს გულს?
მიურეი კარპენტერმა, ავტორმა წიგნისა "კოფეინზე. სასარგებლო მავნებელი ჩვევა" - ნამდვილი კვლევა ჩაატარა და შეკრიბა ინფორმაცია კოფეინზე - ნივთიერებაზე, რომლის მიღებაც ჩვენ ჩვევად გვექცა და რომლის შესახებაც არც ისე ბევრი რამ ვიცით.
კარპენტერი სტუმრობდა მექსიკაში კაკაოს პლანტაციებს, ჩინეთში უზარმაზარ ქარხნებს და აშშ-ის კვლევით ლაბორატორიებს იმისათვის, რომ გაერკვია, როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ეს სასარგებლო მავნე ჩვევა.
10 ფაქტი კოფეინზე მიურეი კარპენტერის წიგნიდან:
1. კოფეინი - ლეგალური ნარკოტიკი. - კოფეინი ორგანიზმში აქტიურად მოძრაობს. მისი პატარა მოლეკულები აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ის ბლოკირებას უკეთებს ადენოზინს. ადენოზინი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ ორგანიზმი დაღლილია, მაგრამ კოფეინი აფერხებს მას, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ტვინს. სწორედ ამ მარტივი ტრიუკის შედეგად კოფეინი ხდება ჩვენი საყვარელი სასმელი.
2. კოფეინი ენერგიას შეგმატებთ - ჩაის კოვზის ერთი სამოცდამეოთხედი ნაწილიც კი თქვენ გარკვეულ ენერგიას შეგმატებთ. ჩაის კოვზის მეთექვსმეტედი, რასაც 350 მილილიტრი ყავა შეიცავს, - კარგი დოზაა მათთვის, ვინც ამ სასმელს რეგულარულად იღებს. ჩაის კოვზის მეოთხედი უსიამოვნო შეგრძნებებს გაგიჩენთ: გულის აჩქარებას, შფოთვას, ოფლიანობას. ხოლო ერთი სუფრის კოვზი კოფეინი მოგკლავთ.
3. კოფეინი გონების მუშაობას უწყობს ხელს. - და განსაკუთრებით სტრესის, დაღლილობის ან ავადმყოფობის დროს. ის მოქმედებს მათზე, ვინც რეგულარულად სვამს ყავას და მათზეც, ვინც პირველად გასინჯა ის. ის იყო ნეიროსტიმულატორი იქამდეც კი, სანამ ჩვენ ამ ტერმინს გამოვიგონებდით.
4. კოფეინს შეუძლია გაანადგუროს ამერიკა. - დავუშვათ, რომ ამერიკაში ყავის შეტანა საგრძნობლად შემცირდა და ხვალ ის იქ საერთოდ გაქრება. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელთა 80 პროცენტი ამ ნივთიერებას ყოველდღიურად იღებს, შედეგი სავარაუდოდ ასეთი იქნება: 125 000 000 ადამიანს დატანჯავს თავის ტკივილი, ხოლო 32 000 000-ს ნერვული აშლილობა დაეწყება.
5. კოფეინი ძილიანობისგან გვათავისუფლებს, მაგრამ... ზოგიერთ შემთხვევაში ის მას აძლიერებს. - ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სვას ყავა გვიან საღამომდე, შემდეგ დაწვეს და გემრიელად დაიძინოს. სხვებისთვის შუადღის შემდეგ მიღებული ყავა უძილობის მიზეზი ხდება.
6. კოფეინი სიმსუქნეს უწყობს ხელს. - რადგანაც კოფეინს ხშირად კალორიებთან ერთად ვიღებთ, მას მართლაც შეუძლია გამოიწვიოს სიმსუქნე. თუ მაღალკალორიულ პროდუქტთან ერთად თქვენ კოფეინს რეგულარულად იღებთ, ის, როგორც ნარკოტიკი, გაიძულებთ, მიგაღებინოთ ეს კალორიული პროდუქტები ისევ და ისევ. შესაბამისად, თქვენ დიდი შანსი გაქვთ, საფრთხე შეუქმნათ საკუთარ წონას.
7. კოფეინი კუნთების მუშაობას უწყობს ხელს. - კოფეინის ოპტიმალური დოზა ამაღლებს კუნთების მუშაობის ეფექტურობას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ხოლო დიდი დოზა - პირიქით, ასუსტებს კუნთების ძალას.
8. კოფეინი აბებში და ყავაში - ერთნაირია. - კოფეინი ერთნაირად მოქმედებს, იქნება ის აბებში თუ ყავაში. ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს, - ჩვენი აღქმაა. პირველ შემთხვევაში მას ჩვენ ნარკოტიკად აღვიქვამთ, მეორეში - პოპულარულ, სასიამოვნო სასმელად.
9. კოფეინს შეუძლია გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე. - გამახვილებულმა ყურადღებამ და რეაქციის სისწრაფემ შესაძლოა, ბევრ შემთხვევაში გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე, იქნება ეს ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცის სიცოცხლე თუ ჩვეულებრივი მოქალაქის, რომელიც, მაგალითად, ავტომობილით შორეულ გზაზე მგზავრობს. თუმცაღა, თუკი თქვენ გადაწყვეტთ, გამოსაფხიზლებლად მიიღოთ კოფეინი, მაინც დაიცავით ზომიერება. მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმის შესახებ, სასარგებლოა კოფეინი თუ მავნებელი. იმის გამო, რომ ისინი ერთ აზრამდე ვერ მიდიან, ოპტიმალურია, ვიცოდეთ ამ სასმლის როგორც პლუსები, ასევე მინუსები.
10. კოფეინი მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. - ყველაზე არასახარბიელო შემთხვევებშიც კოფეინის ზომიერ დოზას შეუძლია აამაღლოს კოგნიტური ფუნქციები, მათ შორის - მეხსიერება, ახალი ინფორმაციის ათვისება და გუნება-განწყობა. როცა სტრესული სიტუაციიდან გამოსვლა გვსურს, კოფეინს მართლაც შეუძლია დახმარება. მაგრამ გაითვალისწინეთ, ასეთ შემთხვევებშიც ოპტიმალური დოზა 200 მილიგრამია.
ეს მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტია არაჩვეულებრივი წიგნიდან "კოფეინზე". და თუმცა ის კვლევებისა და რეალური ფაქტების ნამდვილი საბადოა - ძალიან მსუბუქად იკითხება. ის ხომ ნამდვილი ექსპერტის, მკვლევარის, ჟურნალისტისა და რაც მთავარია, იმ ადამიანის მიერ არის დაწერილი, რომელიც გიჟდება ყავაზე. მთავარია, წიგნის კითხვის დაწყებამდე დაისხათ დიდი ფინჯანი ყავა, ჩაი ან თუნდაც კოლა. ყველა ამ სასმელში ხომ ერთი მოქმედი ნივთიერებაა.
სასიამოვნო კოფეინს გისურვებთ!