გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის კანისთვის, სხვადასხვა ინგრედიენტით მოსამზადებელ სახის სკრაბს. დაამზადეთ თქვენთვის სასურველი, რათა ლამაზი სახის კანი გქონდეთ.
პილინგი მათეთრებელი ეფექტით: კიტრი გათალეთ და გახეხეთ. გაწურეთ, მაგრამ კიტრის წვენი არ გადაღვაროთ. კიტრის მასას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი შვრიის დაფქული ფანტელი და 1 ჩაის კოვზი წმინდა ზღვის მარილი (თუ ჩვეულებრივი გაქვთ, შეგიძლიათ გაცრათ).
ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და კიტრის წვენით გაათხელეთ. ბოლოს დაუმატეთ ვარდის (ან ნებისმიერი) ზეთის 1-2 წვეთი. წაისვით მასა სახეზე, წრიული მოძრაობებით 1-2 წუთი შეიზილეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.
საუკეთესო სკრაბი ნებისმიერი სახის კანისთვის: ააქაფეთ ბავშვის საპონი, წაისვით სახეზე (მოარიდეთ თვალების ზონას). შემდეგ დაიყარეთ ორივე ხელზე თითო ჩაის კოვზი შაქარი და ფაქიზი, წრიული მოძრაობებით, 2-3 წუთის განმავლობაში შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ყავის საფქვავში დაფქვით 1 ჩ/კ ყავა და ბრინჯი. თუ ცხიმიანი ან შერეული ტიპის სახის კანი გაქვთ, 2 ს/კ მაწვნით ან იოგურტით გაათხელეთ. თუ ნორმალური ან მშრალი სახის კანი გაქვთ, 1 ს/კ არაჟნით. წაისვით სახეზე და 5-7 წუთის მანძილზე სკრაბით გაიწმინდეთ სახე.
სოდიანი პილინგი შესანიშნავად ასუფთავებს ცხიმიან სახის კანს და აშორებს ბზინვარებას. სახე დაიბანეთ იმ საპნით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. აიღეთ რბილი ფუნჯი, ნამიანი ჩააწეთ სოდაში და 2-3 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ სახის კანი. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
მკვებავი და დამატენიანებელი სკრაბი: ყავის საფქვავში დაფქვით 1 ჩ/კ ბრინჯი, დაუმატეთ 1 ს/კ ხაჭო და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით ნამიან სახეზე და წრიული მოძრაობებით ოდნავ შეიზილეთ. ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.
კვერცხის ნაჭუჭი ყავის საფქვავში დაფქვით. მიღებული ფქვილის ერთ ჩ/კოვზს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ არაჟანი. წაისვით ნამიან კანზე წრიული მოძრაობებით, გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.
პილინგი ცხიმიანი კანისთვის: აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი თეთრი თიხა, დაუმატეთ 1 ჩ/კ დაფქული კვერცხის ნაჭუჭი. დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ მორევისას კრემისმაგვარი მასა მიიღოთ. წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
მატონიზირებელი სკრაბი: ნებისმიერი ციტრუსის (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი) ცედრა დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფქვილი ოდნავ დაასველეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კომბინირებული კანისთვის: ერთი კვერცხის გულს შეურიეთ ყავის საფქვავში დაფქული ნახევარი სადილის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 ჩ/კ თაფლი და ნახევარი ჩ/კ სოდა. მიღებული მასა სკრაბივით წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.