...სარწეველაში მისვენებულს შინდისფერი შალი წელზე შემოეხვია და თვალებმინაბული ირწეოდა. თმები გასწეწოდა... ისედაც პატარა ტუჩები კიდევ უფრო შეკუმშვოდა კვნეტისა და ტირილისგან...
ფრთხილად გამოცურდა ჩამქრალი სიგარეტი გაფითრებული თითებიდან და უხმოდ დაენარცხა იტალიურ ხალიჩაზე. ვარდნის სიჩუმემ აიძულა, ზანტად გაეხილა დიდი თვალები. მხოლოდ შიშისმომგვრელი იყო, ერთი შეხედვით ცხოვრებით გადაღლილი ქალის შეძენილი ინფანტილურობა, რომელიც უნიჭოდ ჩქმალავდა უკან მდგარ დაუშრეტელ ენერგიას და სწორედ ეს აგიზგიზებდა თვალებს!..
უცებ რწევა შეწყდა, ნესტოები გაფართოვდა! ყნოსვით მიაგნო ყვავილების ლარნაკს და ისროლა ასეთი გამეტებით მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, ფანჯარა ჩაკეტილი იყო. ეს მოხდენილი აგრესია მის მოთოკილ ტემპერამენტს ავლენდა. ცხოველური სიმშვიდით გადადგა ორიოდე მოკლე ნაბიჯი და გაშმაგებული მივარდა ფარდებს – გაყარა ჩამოგლეჯის სურვილნარევი სისწრაფით, ფანჯრები კი აბსოლუტური სიფაქიზით ნელ-ნელა შეაღო, თითქოს ასე დაიტოვა დრო იმის გასაცნობიერებლად, რისი ხილვაც სარკმელს მიღმა სურდა, მაგრამ გაფაციცებულ მზერას იმედგაცრუების იერი ჩაენაცვლა.
უკვე რაფაზე იდგა და მომაკვდავი პირუტყვივით ისუნთქავდა ღამის ნოტიო ჰაერს. გაეღიმა მხოლოდ იმიტომ, რომ სჭირდებოდა ყვირილისათვის ძალის მოკრება, მაგრამ ჩამწყდარი ხმა უშლიდა ხელსაც და ნერვებსაც!.. კარგად ხედავდა ჰაერში გამოკიდებული ოცნების უკან მოფარფატე დაფლეთილ იმედს... კარი ღია იყო, მელოდა...
არ შემშინებია, როცა ასეთ მდგომარეობაში ვნახე. ზუსტად ვიცოდი, თავს არასდროს მოიკლავდა, ერთხელ ხომ უკვე გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეცოცხლა... ეს იყო ალექსა... ...ჩემოდნიანი ლანდი კი, რომელიც აეროპორტში მე ჟესეს უბრალო ნაცნობად ჩავთვალე, იყო ის ქალი, ვისთან ერთადაც მოსიყვარულე, თბილი, დიდსულოვანი ჟესე ლონდონში "ვიზიტზე" გაფრინდა... გაფრინდა და გაფრინდააააა.... ;))))
– იყავი, დაგელოდები. ოღონდ ჩამოსვლისას ფრთხილად...
– სხვა ქალთან წავიდა, ტეო!
პაუზა.
– გესმის?
– არა! და ვერც ვერასოდეს გავიგებ!
– სხვა ქალთან... მე ვაცილებდი, მეხუტებოდა და ერთი სართულით მაღლა სხვა ქალი ელოდა, გესმის?
– როგორ გაიგე?
– ვებკამერაში გამოჩნდა... იქ ერთად წავიდნენ... ახალი ცხოვრების დასაწყებად გაიქცა... არანაირი ვიზიტი არ არსებობს...
თქვენ გინახავთ აუტანელი ტკივილისა და სიმწრისგან დაძარღვული თვალები? მე მინახავს... როცა გული უსიცოცხლოა, ჩირივით იჭმუხნება და იძარღვება, მისი სისხლძარღვები თვალებამდე აღწევს და ეს კაპილარები სკლერაზე, კი არ გაგონებს ბზარებს, სწორედ ის არის!... და ამას მაშინ ხვდები, როცა უკვე მზერა ერთ დიდი ნაპრალად იქცევა...
შემოუხედავთ თქვენთვის განწირული, შველის მომლოდინე მზერით? ეს სურათი უკვე აღარაფერს არ ჰგავს... ვუყურებდი და ვცდილობდი, გამეგო ზუსტად, რას გრძნობდა – ყველაფერს თუ აღარაფერს? თომამ მითხრა, რომ ადამიანი როცა იწვება, გარკვეულ ცელსიუსზე კარგავს მგრძნობელობას და უბრალოდ, იწვის... უბრალოდ, იწვის... როგორ ჟღერს? ე.ი. ისე დიდხანს არ გრძელდება ტანჯვა...
(სამწუხაროდ, ბუნებით ვარ ასეთი. ყველაფერს, ჩემსას თუ სხვისას, დამკვირვებლური, ექსპერიმენტული თვალით ვუყურებ, როგორც არ უნდა მტკიოდეს პარალელურად... იმ მომენტში კი განვიცდიდი ისე, როგორც ალექსა (იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო).
– რას გრძნობ?
– არ ვიცი.
– სიცარიელეს?
– სიცარიელესაც...
– მოიცა, მეც მანდ ამოვალ... გავთანაბრდით. რა გითხრა?
– გამითიშა... იმ ქალმა დამირეკა მერე... ხელს შენ ვერ შეგვიშლი, დიდი ხანია ერთმანეთი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარსო და შენ მხოლოდ ეცოდებოდი და ძალიან გთხოვ, აღარ ჩაერიოო.
– ძუკნა!
– ბავშვი ჰყავს, ტეო, ბავშვი, რომელიც აქ დატოვა მის ქმართან ერთად და ჩემსასთან გაიქცა!
– აი, ახლა კი მართლა ბრაზილიაა...
ალექსას გაეღიმა... ჩაეცინა... წარმოგიდგენიათ? სად მთავრდება ქალის სიძლიერე? არსად! ეს ალბათ პირველი ან მეორე შემთხვევა იყო, რომელმაც მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება ერთ წუთში საპირისპიროდ შემოტრიალდეს... ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჟესე ალექსამ ხუთი წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე გაიცნო, ჩვენი საერთო მეგობრის, იტალიელი სტუმრის სტატუსით.
თავიდანვე დავმეგობრდით. ხალასი, უშუალო ბუნების და ადვილად შესამჩნევი გულწრფელობის გამო... კიდევ, ბრაზილიური ყავის და იტალიური სპაგეტის წყალობით, რომელსაც ჟესე უნიკალურად ამზადებდა... ის ნახევრად იტალიელი, ნახევრად ბრაზილიელი არქიტექტორი იყო, რომიდან სამთვიანი კონტრაქტით ჩამოსული... მოვლენები კი სხვაგვარად განვითარდა... ხშირად ვიკრიბებოდით მასთან ეთნიკურ საღამოებზე და სამბას მასტერკლასის, გემრიელი სასუსნავების, უამრავი სიახლის და წეს-ჩვეულების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ძალიან შეგვიყვარდა...
ხშირად სტუმრობდნენ ჟესეს სხვადასხვა პროფესიის უცხოელი მეგობრები და ბევრ რამეს ვეცნობოდი და ვითვისებდი მათგან... ალექსა ჩვენთან ერთად არ დადიოდა, თუმცა ჟესემ იმდენჯერ მოიკითხა, რომ ერთხელაც წავიყვანეთ... როცა კარებში ალექსა დაინახა, ვერ მივხვდი, რამ გააშეშა. გაუკვირდა, გაეხარდა, ესიამოვნა თუ პირიქით?.. მერე გავიგე, რომ იმ დღესვე გამოუტყდა სიყვარულში. თურმე, მისი გაცნობის დღიდან ყოველ ღამე ლოცვებში სთხოვდა ღმერთს, რომ კიდევ ენახა, თუნდაც ენახა...
რომ ერთი ნახვით შეუყვარდა და მის გამო ყველაფერს დათმობდა... ნათქვამი აასრულა: ქართველების უპასუხისმგებლობის და სიხარბის გამო მათთან კონტრაქტი დროზე ადრე გაწყვიტა, მაგრამ საქართველოდან არ წასულა... ბილეთი დააბრუნა და სხვა სამსახურის ძებნა დაიწყო... რაც კი რამ გააჩნდა, ყველაფერი ალექსასთვის უნდოდა და რაც შეეძლო, ყველაფერს მისთვის აკეთებდა... დანაზოგი სოლიდური თანხა მალე ამოიწურა... ჟესე სამსახურს ვერ შოულობდა, ბინის ქირასაც ვეღარ იხდიდა, კონკიას ოქროს ეტლი კვახად მალე გადაიქცა, მაგრამ ალექსას უყვარდა მაშინაც, როცა ჟესე დარჩა ქუჩაში (პირდაპირი გაგებით); მაშინაც, როცა განსხვავებული სარწმუნოების და კანის ფერის გამო ალექსას ოჯახი მოსაკლავად დაეძებდა (ასევე პირდაპირი გაგებით)...
მერე ჟესე მართლმადიდებლად მოინათლა, ალექსას გამო, საყურეც მოიხსნა, ბევრჯერ მოატყუეს, ფულიც იშოვა, დაკარგა, განწყობებიც იცვალა, ხან ბრაზილიურად ბედნიერი იყო, არაფრითაც და სიღარიბითაც, ხან – ქართულად მოღუშული და უხეში, ხან იტალიელი, ხან მეგრელი (ჩემი ხათრით), მაგრამ არცერთ ამინდში არ კარგავდა სიყავრულის და მხიარულების ძალას... არცერთხელ არ უჭამია სადილი უჩემოდ, თუ იცოდა, რომ იმ დღეს მივიდოდი და სამარხვო ლობიოსაც მიხარშავდა; მართალია, ლორს საგულდაგულოდ განზე სწევდა, როცა საჭმელს თეფშზე მისხამდა, მაგრამ მოგვიანებით ისიც გავაგებინეთ როგორღაც, რომ ლორით მოხარშული მაინც არ ითვლებოდა სამარხვოდ (ძალიან გაუკვირდა)...
გავიდა დრო... ბევრი ქარტეხილი... მათი ურთიერთობა ყველა ჩვენგანისთვის ზღაპრული და სამაგალითო იყო... ჟესემ სამსახური იშოვა... კარგი სამსახური... ...მსოფლიო პარამეტრებითაც კი... ბევრს მოგზაურობდა, უფრო დასერიოზულდა (ზედმეტად). თუმცა ჩვენთან ურთიერთობისთვის დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ მაინც არასდროს ავიწყდებოდა სუვენირის ჩამოტანა ჩემთვის... ვენდობოდი... იმსახურებდა და ვენდობოდით... ახლა კი.... ერთი ბოდიშით შემოიფარგლა და გაქრა...
– ყველაზე კაცური საქციელია ასე გაპარვა :)). ვერაფერს იტყვი, შენმა მეუღლემ გამაოცა... ფული მაინც დაგიტოვა საკმარისი გასართობად? აბა, რა უნდა ვაკეთოთ ახლა? თვალ-ყური ვადევნოთ, როგორ იწყობენ ცხოვრებას ლაჩარი და კაცის ხამი? ბანძობაა, ვერც გაერთობი... მაგას მთაში თხილამურებით სრიალი მირჩევნია, თან შენ დამპირდი, გასწავლიო და თან ახალი გასაკაჟებელი აუზი გახსნესო... წარმოიდგინე, თეთრ სივრცეში, ღია ცის ქვეშ, ცხელი აბაზანა... და ირგვლივ თოვლი...
– ტირი?
– ეგღა მაკლია...
– ცრემლები მოგდის... შენ ხომ არასდროს ტირი?..
– არასოდეს თქვა არასოდესო, ჰქვია იმას, რაც ჟესემ გააკეთა :). არა, ალექს, მართლა არ ვტირი... ვიტირო თუ ვიცინო, ისიც აღარ ვიცი...
– ეცოდებოდიო. წარმოგიდგენია? მთელი ეს დრო... ნუთუ მართლა მატყუებდა...
– ვინ უფრო შესაცოდია ნეტა. აი, გულზე ხელი დაიდე და მითხარი...
– ალბათ მე, ალბათ ვეცოდებოდი, ჩემი დაავადების გამო...
– ვაიმე, ძალიან გთხოვ... იმ დაავადების გამო, რომელიც აღარც არსებობს შენს ორგანიზმში?
– მაგას ვერავინ გამორიცხავს...
– მისმინე, როცა სიმსივნე დაგემართა, ყველაფერი მარტომ გააკეთე, ყველაფერი მარტომ გადაიტანე, ხალისით და ოპტიმიზმით. ლამის ზეიმად აქციე საკუთარი ოპერაცია და პოსტ-პერიოდი. ყველა ჯანმრთელს შორის ყველაზე ჯანმრთელი იყავი შენი ფსიქიკითა და მოქმედებით. ძალიან გთხოვ, ამ ყველაფრის მერე ვიღაც მამრი ნუ შეცვლის შენს აზროვნებას... სიკვდილს ყველაფერი ჯობია...
– ეს სიკვდილზე უარესია...
– ხვალ ასე აღარ იქნება...
– შენ რომ იცოდე, რა დამამცირებლად მელაპარაკებოდა ის ქალი, ჟესემ იცოდა და ხმაც კი არ ამოუღია, არცერთი სიტყვა ჩემ დასაცავად... ისიც მითხრა, იმედია, შენი დაავადებით არ დაიწყებ სპეკულირებას და თავს არ შეაცოდებო. წარმოგიდგენია?
– მაგას შენ ვინ ჰგონიხარ? საკუთარი საზომით რომ იზომება. ერთი მაგის ტელეფონი მითხარი, თვალები უნდა ავუხილო...
– არა რა... მაგ დონემდე როგორ დავეშვა?
– ზოგჯერ უნდა დაეშვა მის დონეზე, რომ მისთვის გასაგებ ენაზე გააგებინო სათქმელი.
– მაშინ რა იქნება ჩვენ შორის განსხვავება?
– კარგი, შუშანიკ, მაშინ ეწამე... ჟესეს მაინც დაველაპარაკები... მოუწევს, რამდენიმე კითხვას უპასუხოს... ფორმალობაა რა ;). მე არ მაქვს მარტვილობაზე პრეტენზია... ჩემთვის შეიძლება ;) შეიძლება ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ხომ უნდა გავიგო... შენ გირჩევნია, მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრო, რატომ, რისთვის და ა.შ? ან ასე რომ არ ყოფილიყო, ისე იქნებოდაო, ან იქნებ ასე იყო ან იქნებ ისე და...
– ისტერიკა გაქვს ხომ, ჩვეულებრივი? – და ალექსას მეორედ გაეცინა...
– შენ გამაფრენინებ, რა ჯანდაბა გაცინებს? ვიცი, რომ ქიმია აზიანებს ტვინს.
– გავარტყი ჟესესაც და მაგის იაფფასიან კრუხსაც... ერთი-ორი დღე ვიტირებ და მეყოფა... ჩემი საქმეები მაქვს... სამსახური უნდა ვიშოვო... მერე რა, რომ ცხოვრებაში არ მიმუშავია... რას მიყურებ? სხვაგან გაიხედე რაა, მოძღვარი მგონიხარ. რა სახით მიყურებ მართლა? მეშინია.
– ვცდილობ გავიგო, რა პროცესი მიდის მსხვერპლის ტვინში ასეთ დროს...
– მსხვერპლი მამაშენია, შენ რომ გვარი მოგცა... რა სახით მიყურებ, გოგო?
– შოკში ხარ თუ რა გჭირს?
– რა ვიცი მე, მთელი ღამე ვტიროდი, ტაიმ-აუტი მაქვს, ალბათ...
– მთავარი იცი რა არის? ყველაფერი უნდა გამოქექო, გაანეიტრალო და გამორიცხო, რაც შეიძლება დამამცირებელ ხინჯად დაგრჩეს, თორემ ცხოვრებას გაგიმწარებს... არ მოგასვენებს...
– ამაზე მეტი დამცირება რა გინდა, ტეო?
– ხოდა, მაგას უნდა უმკურნალო, თორემ დანარჩენს გადაიტან... შენ გადაიტან! – თქმა და ალექსას ტირილი ერთი იყო. – ტაიმ-აუტი დამთავრებულია... გეხვეწები რა, წავიდეთ როგორმე მთაში... დღეს და ხვალ კი არა... ...მაგრამ მალე...
– წავიდეთ, წავიდეთ...
გახსოვთ, იმ წრეზე რომ ვამბობდი, რომელიც იკვრება ბიოველით დაკავშირებულ ადამიანებს შორის? რაღაც მაგდაგვარი მართლა ხდებოდა... მაგრამ მე რომ კარგად ვიყავი? მე რომ ძალიან მიხაროდა გათენება?კატო თავის გონებრივ რბოლებში იყო, ვერ გაეგო, რა უნდოდა; თავისუფალი კი იყო, მაგრამ პასუხისმგებლობებისგან მხოლოდ... ხან რომელ წრეში ეწერებოდა, ხან რომელში...
ბოლო დროს გალობაზეც დაიწყო სიარული... მე უკვე მოვიფიქრე რუბრიკა ფოტოსტუდიისთვის და თავი ქუდში მქონდა... ცოტა კი მიღრღნიდა გულს თომას ორაზროვანი გამოხდომები და ქანაობა უხეშობასა და სითბოს შორის. საძილე ტომარაც ნაშოვნი მქონდა და შაბათ დღესაც გულის ფანცქალით ველოდებოდი, კიდევ ერთხელ შევხვდებოდი თომას, რომელიც არც ოფისში აღარ დადიოდა და არც ჩემი ნახვის დიდ სურვილს გამოთქვამდა...
ჩვენს ურთიერთობას არავინ ამჩნევდა და არავის აინტერესებდა, არც სერიოზულად აღიქვამდა ვინმე, მხოლოდ ბექას კითხულობდნენ ხშირად. ბოლოს როდის ვნახე, ვინ იცის და საერთოდ რა ფუნქცია ჰქონდა? მაგრამ ურთიერთობას მაინც არ ვწყვეტდი... ალბათ, ვიმეგობრებთ... არ ვიცი... მივუშვათ... რაღაც საქმე განგებასაც ხომ უნდა დავუტოვოთ... განგებას, რომელმაც იმ დღეს თავი ისევ შემახსენა...
ალექსა თვითგვემითა და "პოხუისტობით" აბალანსებდა საკუთარ მდგომარეობას... მერე ჩაეძინა. თითქმის შუადღემდე ეძინა. მე ამასობაში ჟესესთვის გასაგზავნ მაილს ვწერდი. ზოგჯერ ცივილურ თავშეკავებას ჯობია, ყველაფერი ერთიანად თქვა, ყველა წესის დარღვევით, ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრო და არ იფიქრო, ამას რა მოჰყვება და ა.შ. ვიდრე პრესტიჟისთვის გაჩუმდე და ჩრჩილი მოგედოს უთქმელობისგან. საერთოდ, კომფორტულია იმაზე ლაპარაკი, რასაც გრძნობ და ფიქრობ, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომენტში უფროსის კაბინეტში არ ხარ. თან წინა დღეს ფოტოგრაფიის კურსებზე ჩავეწერე და ენთუზიაზმს არ ვკარგავდი... მერე ალექსა შეპყრობილივით წამოხტა, გარდერობში შეძვრა, ჟესეს ერთ-ერთი პლასტიკური ბარათი გამოათრია და ცხვირზე ამარტყა: "ფორმაში უნდა ჩავდგე, წავედით..."
– საად? – მე ბავშვური აღტაცებით.
– ყველგან, სადაც ეს მუშაობს...
ცხოვრებაში ასე უდარდელად არ დამიხარჯავს ფული... სხვისი ფული, რა თქმა უნდა... რაც კი ბოლო დროს რამეზე უარი მითქვამს ჩემი თავისთვის (ფასის გამო), ყველაფერი "ვიკადრე"... მაგრამ მაინც არ დამიკარგავს ზომიერების გრძნობა, ალექსასგან განსხვავებით,რომელმაც საკუთარი გაუმაძღრობითა და ხელგაშლილობით ყველას გააგებინა, რომ აშკარად დიდი პირადული პრობლემისა და დეპრესიის პირას იდგა.
არც რელაქსაციის პროცედურები დაგვიკლია, თუმცა მოდუნებაში ხელს მიშლიდა მასაჟის დროს ალექსას ხმამაღალი ტირილი და უფრო ხმამაღალი სიცილი... საღამოს კი ყველაფრით გულნაჯერები ალექსა ფანჯარასთან ყურებჩამოყრილი იჯდა და ფიქრობდა... ველოდი ამას... საღამო დღის ყველაზე სასტიკი მონაკვეთია, რომელსაც ვერ გაექცევი. გინდა თუ არა, საღამო მოვა მაინც, კუთხეში მიგიმწყვდევს და რეალობას სახეში გაწნის... თავს ვერ შეიქცევ, გვერდს ვერ აუვლი, ვერ დააიგნორებ, თვალს ვერ დახუჭავ, საშუალება არ არსებობს. უბრალოდ, უნდა უყურო თვალებში, პირდაპირ თვალებში! უნდა გაუძლო, როგორც "ლინჩს"... ეს ის პერიოდია, რომელიც გაიძულებს, მიხედო შენს განცდებს, ფიქრებს... დრო, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები. მომენტი საკუთარ ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს ყოფნისა... ამიტომ წმინდათაწმინდა ჩემთვის საღამო, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და რომელთანაც მარტო, პირისპირ ყოფნა გარდაუვალი აუცილებლობა მგონია!
ამ მომენტის გადავადება არაფერს ცვლის... ალექსა და შენაძენიც დავტოვე და სახლში წავედი... მანამდე ჩემი უბნის ტაძარში გავიარე. ვიცოდი, რომ დაკეტილი იქნებოდა და უბრალოდ, ეზოში დავრჩი, ჩემთანაც ჰქონდა საქმე საღამოს და ის მხოლოდ სიახლეზე, სიხარულზე და კიდევ რაღაც გაურკვეველზე ჩურჩულებდა... მობილური აინთო: "ვამპირი თუ არ ხარ, ცას ახედე, რა მთვარეა..." თომა იყო... გამეღიმა, ისედაც სავსე მთვარეს ვუყურებდი...
– ხო, გარეთ ვარ მეც, ჩვენი ტაძრის ეზოში და სახლში ასვლას ვაპირებ...
– მე გკითხე, სად ხარ და რას აპირებ? "ცარპე დიემ"…
– აუცილებელი არაა, მკითხო. ჩემი მხრივ გაგიზიარე... როგორც შენ სავსე მთვარე...
– დიდხანს უნდა იყო მანდ? როგორ არ მიყვარს ფანატიკოსები...
– რა შემატყვე ფანატიკოსის? ცოტა ხანი გავჩერდები. შენ რას შვრები?
რა თქმა უნდა, აღარ მიპასუხა... არც გამკვირვებია... მივდიოდი სახლისკენ და თვალებს ვაცეცებდი, რატომღაც ვეძებდი. რამდენჯერმე უკანაც მოვიხედე... მერე ვიტრინაში შევხედე საკუთარ თავს და უცებ ძალიან ახლობელმა სახემ ძალიან ახლოს გამიქროლა. ისიც ვერ გავიაზრე, რეალურად გამირბინა ამ კადრმა თუ წარმოსახვიდან იყო. თომა მიღიმოდა, ცინიკურად და თბილად, კმაყოფილი:
– ვაიმე, როგორ შემეშინდა...
– ხო, მე ძალიან საშიში ვარ.
– მოიცა ერთი წამით, ვერ ვიაზრებ, მართლა ხარ თუ წარმოსახვაა... დამაბნია ამ ვირტუალურ-რეალურმა ურთიერთობამ.
– ყველაფერი იმდენადვეა ვირტუალური, რამდენადაც – რეალური.
– აქ როგორ გაჩნდი?
– შენი წარმოსახვიდან.
– მართლა. – მერე დავაფიქსირე, რომ ორივე ვჩურჩულებდით.
– ნაცნობს გამოვყევი რეპეტიციაზე, ამ ეზოში აქვს სტუდია და რომ თქვი, ტაძარში ვარო...
– უკან მომყვებოდი მართლა?
– მეტი საქმე არ მაქვს... იქიდან გადმოვედი, რომ დაგინახე... უნდა გავიქცე ახლა, მელოდებიან...
– სულ რანაირად გელოდებიან?
– თუ გინდა, გავუშვებ და სახლამდე გამოგყვები...
ამასობაში ორი ბიჭი წამოეწია, მომესალმნენ და კითხვის ნიშნით შეხედეს. თომამაც: თქვენ წადითო და დაემშვიდობა. ხვალ გაკვეთილზე არ დააგვიანოო, – მიაძახეს და წავიდნენ. რაღაც მეტსახელით მიმართეს, რომელიც ვერ გავიგე და არაფრით აღარ გამიმეორა...
– ის მაინც მითხარი, რისი გაკვეთილია?
– არ არის საინტერესო.
– მე მაინტერესებს.
– მერე გეტყვი...
– საძილე ტომარა ვიშოვე და...
– ...და რა? ა, ჰო... მეგი... ვერ მოდის, იცი? კარგი ჰო, გეხუმრე... დროს და ა.შ. დავაზუსტებთ და გეტყვი... მოიფიქრე რუბრიკა?
– ქუჩის კადრები და "ნიუ" შევთავაზე. პირველზე დათანხმდნენ...საცდელად...
– და მეორეს შემთხვევაში ვის გააშიშვლებდი?
– საიდუმლოა. რის გაკვეთილზე დადიხარ, მითხარი.
– ვაიმე... შემაწუხე. წავედი...
– ორსული ქალის ხასიათი გაქვს, რაა...
– "კარგი რიაა"... რანაირი თვალის ჭრილი გაქვს, რა არის ეს?
– ნუშისებრს ეძახიან...
– საშინელებაა, არ მომწონს...
– თავს ნუ "იწვავ"...
– იქით არ დაგწვა ახლა... ამპარტავანი გოგო, ეს...
– ვინმე არ მოგწონს, ისე? –აი, ნუ კითხვა... "საოცარი"... ხომ უნდა გეყოს სიდებილე ამისთვის...
– შენ არა, ყოველ შემთხვევაში.
– არადა, ჩემ გარდა ვიგულისხმე მე...
– ხან ვინ, ხან ვინ... ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ და დიდად არაა ჩემი გატაცება ეგ თემა...
– რა იყო, ორიენტაციაში ხომ არ გიჭირს?
– არც ეგაა გამორიცხული. უმეტესობა გოგოებისა გამაღიზიანებლები ხართ, მაგრამ ბიჭები უფრო. თან იმათ თმაც მეტი აქვთ... რა გაცინებს?
– ყველა გოგოზე ვერ იტყვი უთმოს.
– რა შენი საქმეა? რა ლაპარაკია ეგ? რატომ დასცინი? თვითშეფასებას იწევ?
– ვიხუმრე...
– ეგეთ ხუმრობას რომ სასაცილოდ თვლი, უკვე გამხელს... ბევრი ჭარბთმიანი თუ გჯობია, რას იტყვი?
– არაფერს, გარდა იმისა, რომ ჩემს სახლთან ვდგავართ. გეცნო?
გასწორდა, ხელი ჩამომართვა, თვალებში შემომხედა და წავიდა... გიჟია რა... რა არის ამაში სამკითხაო.. მაგრამ თან ჭკვიანიც... რაღაცას მალავს, ან უბრალოდ, მე მიქმნის ასეთ წარმოდგენას...
მიზიდავს, ფაქტია. ასეთ სიახლოვეს ამ სიშორიდან პირველად ვგრძნობ და არის რაღაც წმინდა
კრისტალური ამ გრძნობაში... სახლში რომ ავედი, კარებთან გაზეთში შეხვეული და თოკით გაბანტული საჩუქარი დამხვდა: კერამიკის მინიატურული კლოუნი... მასხარა...
გაგრძელება ორშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე. თავი X - "არ დაფიქრდე! უბრალოდ, არ დაფიქრდე და ისე გადმოხტი!"