საეჭვოდ დუმს გარემო... აშკარად მალული სამზადისია რაღაცის... ძველი ფანჯრის ჭრიალმა გამაღვიძა. ღია დარჩენია ცა დედამიწას...
ანემიურ დილას რომ ფერები ართმევია, ფაქტია და ახლა ქლორში ჩავარდნილი საღამურივით ისრობს გახუნებული ცრემლებს მიწაზე. სიყვარულის ყველას თავისებური კონცეფცია აქვს... არ მიყვარს, როცა ამბობენ, რომ სიყვარული იმდენნაირია, რამდენიც ადამიანი... არა, ჩვენ, უბრალოდ, სხვადასხვა გზას ვიყენებთ ჭეშმარიტებამდე მისასვლელად...
სხვადასხვაგვარად მივიწევთ ადამიანის შემადგენელი მთავარი ინგრედიენტისაკენ, მაგრამ ის, ამის მიუხედავად, არც ფორმას კარგავს და არც შინაარსს... სიყვარული ერთია. უბრალოდ, მისი აღქმაა სხვადასხვა და ხშირად მცდარი... სიყვარული ყოვლისშემძლეა, ეს ზუსტად ვიცი...
როცა იმ დილას თომას სახლს ვტოვებდი, ვგრძნობდი, რომ აქამდე ყველაფერი, რაც განმიცდია, მხოლოდ მოთელვა იყო და რომ მთელი ცხოვრება შემეძლო მის ლოდინში გამეტარებინა, არა კონკრეტულად თომასი, არამედ იმის, ვის მიმართაც განვიცდიდი იმას, რასაც მისდამი...
ბარათაშვილმა თქვა, რომ სიყვარული ორი ჭკვიანი ადამიანის კავშირია და ამას ვეთანხმები იმდენად, რამდენადაც იდეას, რომ ორი ჭკვიანი ადამიანი ქმნის ერთობლივ შემოქმედებას... მაგრამ ამაზე ფიქრისთვის მაშინ დრო არ მქონდა... გავათენეთ... შუადღემდე გვეძინა, მე სავარძელზე, თომას ბუხართან და იმ წელს ეს ბოლო დღეა, როცა ეს ბუხარი ანთია... ჩემს ხელს მისწვდა და მთელი ღამე ეჭირა...
დილაა... მეუბნება, რომ საშინლად გამოვიყურები და უხარია - აწი აღარასოდეს მიხილავს.... ვისაუბრეთ მის ცხოვრებისეულ მიდგომებზე, რომელიც ასე ჰგავდა ჩემსას, თან ასე განსხვავდებოდა; იმაზე, თუ რამდენად უშლის სკეპტიკურობა ხელს, იყოს ბედნიერი და რომ მის ფსიქოლოგიურ ცდებს, რომლებითაც ზოგი აღფრთოვანებამდე მიჰყავს, ზოგი - ისტერიკამდე, სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. ვიცოდი, არ დამიჯერებდა და ბოლოს აფეთქდებოდა თვითონ... მე ვიცოდი... მე გავაფრთხილე, მაგრამ მანამდე ჩემი აფეთქება იყო სამყაროსგან განსაზღვრული...
- შენ თავი იპოვე ან დაუბრუნდი... ბევრი რამ აღმოაჩინე შენში, დაიწყე ძიება, ფიქრი... ყველაფერი ახლა იწყება... შენ უკვე იცი, რომ არ უნდა იყო მასთან, ვინც არ შთაგაგონებს, ვისაც უბრალოდ შეეჩვიე, თუმცა მე მაინც გირჩევდი, პირველი, რაც აქედან გასულმა უნდა გააკეთო, დაურეკო ბექას... არ ვიცი, რა გელის წინ. არც მაინტერესებს... უბრალოდ, წადი...
გაქრი ჩემი თვალთახედვიდან და აღარასოდეს გამიხსენო. არც გამახსენო შენი თავი, თორემ კარგი არაფერი მოყვება...
- არც ვაპირებ. უკვე არანაირი ინტერესი არ მაქვს შენდამი... ჩემი საქმეები მაქვს. მადლობა ყველაფრისთვის, მათ შორის, ამ ღამისთვის - მშრალი ღვინისთვის, შენი პოეზიისთვის, ზედმეტად გადატვირთული, შემეცნებითი და ცივია შენსავით... - საუბარი გავწყვიტე.
- რამის თქმა გინდა?
- არ მიყვარს ადამიანების დაკარგვა. დავიჯერო, საერთოდ არ გენანება ურთიერთობები?
- არა მგონია... იცი, თუ ჩვენ შორის რამე არსებობს, ზაფხულის ბოლოს, ცამეტში მე მოვალ შენთან, შენი "ოლეანდრების ბაღში"... ახლა კი წადი, ტაქსი მოვიდა.
- ერთ-ერთ წიგნში წერილი დაგიტოვე.
- არა მგონია, ბიბლიოთეკა მაგის გამო გადავქექო. მნიშვნელოვანი თუ იყო რამე, მაგიდაზე დატოვებდი.
("წუხელ სიზმარში გაგიჟდა ზღვა... ტალახიანი ტალღების ეპილეფსიურმა ქაფმა წამიღო! არ მეშინოდა! წუხელ დამეკარგნენ თევზები და ჩემს აკვარიუმში პეპლები დაცურავდნენ... არ მეშინოდა!
0
წუხელ გეძახდი და მიუწვდომელია, ღვიძავსო - ეწერა ქუჩის ყველა ტრაფარეტს. ძალიან შემეშინდა! სასწრაფოდ გავიღვიძე შენი ხმის გასაგონად და ჯერ ადრეაო, გამიღიმე. მე ყავის სუნი მეცა. არ ვიცი, როდის იპოვი ამ წერილს... რას იგრძნობ მაშინ...") დილა იყო, ჩვეულებრივი ზაფხულის პირი, ცივი გაზაფხულის ბოლო... ზურგზე რუტინამოკიდებული ადამიანები მიმოდიოდნენ ქუჩაში და ვგრძნობდი, რომ საკრალური იყო ეს დღე...
- ცამეტში დაგელოდები...
- არ დამელოდო... მე გითხარი "თუ"...
ესეც ალბათ სტიმულისთვის. გასაჩუმებლად? არ მინდოდა არავის ლოდინი და არც თავის დამცირება. ძალიან პატივისცემა სიყვარულზე წინ დგება... არ მინდოდა, რომ აღვექვი ისე, როგორც აღმიქვამდა.
- ალბათ, პრაღაში წავალ... კატოს გავყვები... ფოტოები უნდა წავუღო მარკი ტომაშს... ყოველწლიური კასტინგია. ამბობენ, ამ კონკურსზე არჩევს ახალგაზრდა ასისტენტებსო.. იქნებ გამიმართლოს...
- გამიხარდება... ეცადე, სურათებით აჩვენო შენი თავი და არ განასახიერო არავინ სხვა... არ დაგავიწყდეს არასდროს, რისთვის აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და კარგად განსაზღვრე, რისი თქმა გინდა. კარგად.
ძალიან გავბრაზდი! ძალიან მეწყინა... სწრაფად ავდექი... კარგად-მეთქი და კარისკენ წავედი. ის ფირფიტას ცვლიდა, ახალი მელოდია დააყენა და თვალდახუჭული ისმენდა პირველ აკორდებს. დერეფანს გავუყევი, არც ერთი წამით უკან არ მომიხედავს, კარი გავაღე...
კიბეზე ჩავიარე... ტაქსიმდე მივედი. გავიგე კარის გახურვიდან ეგრევე რომ ჩაიკეტა, ე.ი. უკან მოდიოდა... ტაქსიში ჩავჯექი და ვითომ მექანიკურად ავხედე ფანჯარას. იქ არ იდგა... Archive-ის "wiped out" გამოდიოდა სახლიდან, მისამღერი, ის მომენტი... ყველაზე მგრძნობიარე...
სიმბოლური... ეს სიმღერა აწი უახლოესი შვიდი თვე ყოველდღიურად შთამაგონებს... ვიჯექი მანქანაში და არაფროს თავი არ მქონდა... რაც კი რამ ტკივილი განმიცდია, ყველა ერთად აღებულიც კი არ შეედრებოდა ამას... კიდევ ერთხელ გამახსენდა, თომამ რომ მითხრა - როცა ადამიანი იწვის, გარკვეულ ცელსიუსზე კარგავს მგრძნობელობასო...
ვუახლოვდებოდი ამ კონდიციას... გზაში დედამ დამირეკა და მითხრა, რომ დიდი ბაბუა გარდაიცვალა... თბილი, თოვლივით ქათქათა, მხიარული ბაბუა, რომელთანაც დედას ვატანდი წერილებს სოხუმში და ასაკის მიუხედავად, ყოველთვის მწერდა სასაცილო პასუხებს...
ბოლოს ცალი თვალით დაბრმავდა. ალბათ, აღარც ვახსოვდი, როგორ გამოვიყურებოდი, მით უმეტეს, ხუთი წლის მერე მხოლოდ ფოტოებზე ვენახე, მახსოვრობაც აღარ უჭრიდა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს წერილებს კითხულობდა... წუხელ კი, უბრალოდ, გადაწყვიტა, უკეთეს ადგილას წასულიყო და დაიძინა სამუდამო ძილით...
სახლს ვუახლოვდებოდი. ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრების ერთადერთმა სიყვარულმა უარმყო და რომ აღარც თოვლის ბაბუას მივწერდი წერილებს. ეს ყველაფერი იმდენად ცინიკური და სასტიკი იყო, რომ თავს პირობა მივეცი, რომ სახლში მისვლამდე არ ვიტირებდი... ვცდილობდი, ვყოფილიყავი უფრო ძლიერი. გამომივიდა...
ეს ერთადერთი იყო, რაც საკუთარი თავის მიმართ ღირსებას შემინარჩუნებდა ახლაც და მერეც... სახლში მივედი და ლოგინზე დავემხე. არ ვიცოდი, რომელი ერთი მიზეზით უნდა მეტირა... ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე დამწვრობა...
ვიდრე ტკივილი, ვიდრე ტირილი... ალბათ ამიტომ ვერ შევძელი და არცერთი ცრემლი არ წამომსვლია... ვტიროდი, მე ხომ ვგრძნობდი, რომ ვტიროდი, მაგრამ არ მეტყობოდა. დედა მირეკავდა. შევძელი და შესაფერისად ვუპასუხე... ჩხუბობდა, ყვიროდა, მლანძღავდა, რომ მთელი ღამე ვერ შეძლო ჩემთან დაკავშირება, რომ მე არავისზე არ ვფიქრობ საკუთარი თავის გარდა, რომ ძალიან ინერვიულა და ეგოისტი ვარ.
არცერთი სიტყვის თქმის საშუალება არ მქონდა, ცალმხრივი მიტინგი გრძელდებოდა. მე ვერ ვტიროდი და ვერც ვყვიროდი, ყურმილი გავთიშე და რაც ძალა მქონდა, ხელ-ფეხით ოთახის შუშის კარს დავეტაკე და უცებ ყველაფერი შეწყდა... არასოდეს მიფიქრია სუიციდის მსგავსი არაფერი და ჩემი ბუნება მსგავსს არასოდეს ჩამაწვეთებს, ეს ჩემთვის სასაცილოზე მეტია... მე უბრალოდ, მინდოდა ხმაურის გამოწვევა. უფრო ხმამაღალის, ვიდრე ჩემს აბსტრაქტულ სამყაროში იყო. შევძელი...
მინდოდა ფიზიკურად იმაზე დიდი ტკივილის განცდა, ვიდრე სულიერად განვიცდიდი. მომიტევეთ სასოწარკვეთა, წუთიერი სისუსტე, ასე ძვირად რომ დამიჯდა... ასე მგონია, იმ ადამიანებს უფრო არ აქვთ უფლება, იყვნენ სუსტები,რომლებიც ბუნებით მეტად გამძლე და ძლიერები არიან და ამიტომ სამყარო მათ ნაკლებად პატიობს შეცდომებს...
შეიძლება ვცდები... ფიზიკური ტკივილი ვერ განვიცადე. მხოლოდ ტანი დამეკაწრა, ძალიან მსხვილი შუშა კი ტერფში, კოჭთან მყესსა და არტერიას შორის გამერჭო (არც მეტი, არც ნაკლები). არაფერი მიგრძვნია, იმ წამსვე დამეკარგა მგრძნობელობა. უცებ გაქრა აფექტი და ემოციები. სრულიად რაციონალურ ქმედებაზე გადავედი, ძირს დავჯექი, სისხლიანი ხელებით 112 ავკრიფე და ღრმა ჭრილობიდან შუშების გამოტანა დავიწყე.
მერე წყალბადის ზეჟანგი ჩავისხი და ნაჭერი შემოვიხვიე. პრინციპში, არც არაფერს ვგრძნობდი, ამიტომ უბრალოდ წავედი ტაძარში პანაშვიდის გადასახდელად. სხვა არაფერი შემეძლო, მაგრამ გზაში ფეხი თანდათან შემიშუპდა, ტკივილმა იმატა და საჭირო გახდა გაკერვა. მართალია, ვამტკიცებდი, რომ ფეხში რაღაც ჩამრჩა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ ნევროზია.
მხოლოდ ერთი თვის თავზე ჩემი დაჟინებული მცდელობით გაირკვა, რომ ნევროზის გარდა, ფეხში შუშა მქონდა, სწორედ ის საბედისწერო შუშა, რომელიც არტერიასა და მყესს შორის იყო და ჩემი ნებისმიერი რეფლექსური მოძრაობა ოპერაციის მომენტში გადაწყვეტდა, არტერიას გადავიჭრიდი თუ მყესს. მე არ გავნძრეულვარ...
ამიტომ უბრალოდ. კოჭის ქვემოთ გრძნობა დავკარგე და თუ არ ჩავთვლით ზედმეტ სიცხეს, სიცივესა და დატვირთვას და ასაკს, რომელიც წინ მაქვს, საფრთხე და საწუწუნო არაფერი აქვს ჩემს ტერფს... ხვალ კი ცამეტია...
ცოტას წავიკოჭლებ, ხელჯოხი სტიკერებით გავაფერადე და მთელი თვე ფროიდის ფსიქოანალიზს დავუთმე... წოლითი რეჟიმი ორ დღეში მეწურება... სახლიდან თითქმის არ გავსულვარ... ექიმმა მითხრა, რომ დროთა განმავლობაში მგრძნობელობა დამიბრუნდებოდა, მათ კიდევ ერთი ტყუილი თქვეს... რამდენიმე ფირი გამოვიყენე. სად უნდა გადამეღო, სახლში ვიყავი... ამიტომ ვეცადე, გარემო მაქსიმალურად გამომეყენებინა... გარემო და სხეული...
თომა არ გამოჩენილა. მე ცამეტს ველოდი იმდენად, რომ ბექაც ჩემთან ერთად ვალოდინე. არ ვიცი, სჯერა თუ არა, მაგრამ მეგობრობაზე დავიყოლიე ალბათ... თუმცა, ჰგონია, რომ რაღაცას ვიგონებ... ვერთობი... არ მაღელვებს, ვის რა ჰგონია... მეგობრები მაკითხავდნენ ზოგჯერ... მეტწილად, ვკითხულობდი, ვფიქრობდი და ვოცნებობდი... ველოდი... რა შეიცვალა? ამაზე სხვა დროს... დღეს თორმეტია... ღამე...
მე ზღვაზე ვარ, ორი დღეა.... და ეს მანძილი, რომელიც თომასგან მაშორებს, უფრო აძლიერებს მონატრებას... დილიდან ტელეფონს ვუყურებ... დიდი ბაბუის ქუდი მახურავს და მახსენდება, რომ თომას უყვარს ასეთი ცილინდრები. ხშირად მახსენდება მისი მინაბული მზერა, თბილი გამომეტყველება, ხმა და ხელები, რომლებითაც ჩემი ხელი ეჭირა.
ნაპირთან ვზივარ... ამბობენ, მიწიდან ცაში სიცხე და დარდი ერთად ორთქლდება და მერე წვიმსო... გამოდის, სინამდვილეში არც დარდი მიდის არსად და ცა უკან გვიბრუნებს საუკუნო ტვირთად. ალბათ, დროებით გვხსნის ზურგიდან სულის მოსათქმელად და მეტი არაფერი. ამიტომაა, ხან თვალებს სდით წვიმა, ხან ცას ცრემლები. ბანალურია, ვერაფერს იტყვი. ახლაც წვიმს, მთელი მისი ბანალურობით. დილას მზის ხვატი ლიცლიცებდა ტალღებზე და აორთქლილი სიცხე გაწვიმდა, დარდი კი არსად წასულა და ჩემთანაა იმ დღიდან, რაც თქვი "ცამეტამდე".
ხვალ ცამეტია... და მოსალოდნელი უშენობა მზარდავს! დღეს კი წვიმს და ჯერ კიდევ მაქვს დრო იმედისთვის, ჯერ კიდევ შემიძლია მიხაროდეს ხვალინდელი დღე და შენი მოსვლა... ცამეტია...
ახლა, როცა მოუთმენელი სულით დავთვალე დღეები, საათის ისრებს უკან ვწევ იმედგაცრუების შიშით და ეს ბუნება, ტყე, ღრე, ბილიკები, ტალღები, ნაპირები - მთელი ზღვისპირეთი და ირგვლივი ჩემი გაჟღენთილია ამ მოლოდინით, მე კი, წინასწარ შეგუებული იმედგაცრუებასთან ვუსმენ წვიმას და ტალღების ტყლაშუნს. მხრებზე მაწვება თქეშის სიმძიმე და "ტალღის დარდი" ერწყმის ჩემსას.
მძიმეა... ხერხემალი გამიმრუდა უშენობამ... და ვდგავარ ახლა ფსიქოლოგიურ გზაჯვარედინზე, მთელი სხეულით შევიგრძნობ წვიმას, ტერფებით ტალღების "თომარს". და სასტიკი ბუნების კანონს. მე ვთვლი დღეებს, აღარ წუთებს ცამეტამდე. ცაზე დაიძარღვა ელვა და მე პირველად დღეს, პირველად გრუხუნზე მეტად უშენობის მეშინია!
გაგრძელება იხილეთ ხუთშაბათს
თეკლა ლაზი