მაღალი, მოხდენილი, ქერათმიანი, მკაცრი, მაგრამ მუდამ მოღიმარი ქალბატონი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი სტუმარი გახლდათ...
ფრიდა ჯანინი 38 წლისაა, დიზაინერია და უკვე მეშვიდე წელია, Gucci-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობა უკავია.
უფრო სწორად, ჩვენ ვიყავით მისი სტუმრები - ჟურნალისტები და მის ყოველდღიურ საქმიანობას სიამოვნებით ვადევნებდით თვალს. ეს მაისში მოხდა... რომში...
ჩვენი შეხვედრა 11 საათისთვის არის დანიშნული. ის არ იგვიანებს...
მეტიც, დანიშნულ დროზე ადრე მოდის. 11 საათზე უკვე მის უზარმაზარ კაბინეტში ვსხედვართ. მას შავი, მოკლე კაბა (რა თქმა უნდა, Gucci-ს) და ამავე ფერის სანდალი აცვია.
ხელის ღონივრად ჩამორთმევა და გამჭოლი მზერა მის ძლიერ და თავდაჯერებულ ბუნებაზე მეტყველებს. ქალბატონი ჯანინი ბედნიერია, რომ რომში ცხოვრობს. თავისი კრეატიული გუნდი კარგა ხანია, ფლორენციიდან აქ გადმოიყვანა - კომპანიაში, რომელიც 1921 წელს დაარსდა.
- მე რომაელი ვარ, ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ და მეც სწორედ აქ ვიკრებ ენერგიას, - აღიარებს მომხიბვლელი ფრიდა ჩახრინწული (სიგარეტის წევისგან) ხმით.
იგი 38 წლისაა. "გუჩის" მოდის სახლის კრეატიული დირექტორია და პასუხს აგებს როგორც ქალის, ასევე მა აკაცის ტანსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიის ხაზის გამოშვებაზე, ამასთან, ბრენდის სარეკლამო კამპანიაზეც. ერთი სიტყვით, მის ხელშია Gucci-ს სახლის მთელი საგანძური.
მასთან ერთად ვესწრებით თათბირს, სადაც საუბარი იქნება აქსესუარებზე. პირველი, რაც თვალში გვხვდება, ის არის, რომ მისი გუნდის წევრებიდან არც ერთი არ არის 25 წელზე უფროსი ასაკის და ყოველ მათგანს ერთი რაღაც მაინც ამშვენებს Gucci-ს - მამაკაცებს ქამრები, გოგონებს კი შავი სამოსი (ფრიდას "საფირმო" ფერი) და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
თანამშრომლები სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველას ერთი ენა აერთიანებს - იტალიური...
ფრიდა ჯანინი ბუნებით ლიდერია, თითქოს დაბადებიდან დაჰყვა ხელმძღვანელობისა და მართვის ნიჭი.
- ჩემი გუნდი ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული, - გვიხსნის ფრიდა, - მიყვარს მათთან ერთად დროს ტარება, მაგრამ მათგან ყოველთვის მოვითხოვ ერთ რამეს - დისციპლინას.
მაგალითად, არავის მოვუწონებ თათბირის დროს მობილურზე საუბარს. მიუხედავად ჩემი სიმკაცრისა, თავისუფალ დროს შეგვიძლია ერთად დავსხდეთ კაფეში და პიცა მივირთვათ.
თათბირზე სამუშაო ატმოსფერო იგრძნობა, თუმცა ფრიდა შიგადაშიგ ისეთ რეპლიკას ისვრის, რაც საყოველთაო მხიარულებას იწვევს. მას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს ალესანდრო მიქელესთან, აქსესუარების განყოფილების უფროსთან, რომელთანაც 10 წელია, თანამშრომლობს.
- ის ყოველთვის ყურადღებით ისმენს ჩვენს იდეებს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც თავად იღებს, - მეუბნება ალესანდრო.
ქალბატონ ჯანინის დროის უქმად დაკარგვა არ უყვარს. გულდასმით ათვალიერებს ნივთებს, რომლებსაც თანამშრომლები სთავაზობენ, ხელით სინჯავს, სარკის წინ დგება და სხეულზე აფარებითაც აფასებს.
- აი, რატომ მაცვია შავი ფერის სამოსი. იმდენი ფერისა და რაოდენობის ქსოვილთან მიხდება შეხება, შავი კი საუკეთესო ფონია, რომელზეც ყველაფერი გამოკვეთილად მოჩანს და არჩევნის გაკეთებას მიადვილებს.
ამ სიტყვებით იგი იღებს ჩანთას, მხარზე იკიდებს და სარკის წინ გაივლ-გამოივლის, ანუ იქცევა ისე, როგორც ნებისმიერი Gucci-ს კლიენტი მოიქცეოდა, შემდეგ ხსნის ჩანთას და მის შიგთავსს ათვალიერებს, რა მოცულობისაა და მისაღებია თუ არა მისი ტევადობა და დიზაინი მოდას აყოლილი ქალბატონებისთვის.
ბოლოს კვლავ მაგიდას მიუჯდება და სამკაულს იკეთებს.
- ლამაზია, მაგრამ რაღაცის შეცვლა მაინც სჭირდება, - ამბობს და იქვე აკეთებს ჩანახატს, თან ღიმილით ამატებს, - მე დიზაინერი ვარ, აი, ხატვაში კი ნამდვილად მოვიკოჭლებ.
სიმართლე გითხრათ, სასიამოვნო მოსასმენია, როცა ადამიანი თავის ნაკლოვანებაზე თავად მსჯელობს.
დავბრუნდით თუ არა მის კაბინეტში, ფრიდამ მუსიკა ჩართო. იგი აღმერთებს დევიდ ბოუის, თუმცა ამჯერად ქეით ბუშის მელოდიურ ხმას ამჯობინებს.
დღის პირველი საათია. ფრიდამ მოდელები უნდა შეარჩიოს, მილანის მოდის კვირეულზე პოდიუმზე გამოსასვლელად. სპეცპროექტების დირექტორმა, პატრიცია ბუანანომ სავარაუდო კანდიდატები უკვე შეარჩია, მათ შორის, რამდენიმე ახალი სახეც.
ჯანინი მასთან ერთად განიხილავს თითოეულ მათგანს და საბოლოო არჩევანს აკეთებს. ზოგიერთის ამოღებას სიიდან კატეგორიულად მოითხოვს... ათი წუთის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია.
ამ ქერათმიანი ლამაზმანის ცხოვრებაში ყველაფერი საოცარი სისწრაფით ხდება. ავიღოთ თუნდაც მისი კა რიერა. პატარა გოგონა იყო, როცა თოჯინებისთვის თავისი ფანტაზიით შექმნილ კაბებს კერავდა.
მოდის სიყვარული ბებიისგან, ტანსაცმლის კერძო მაღაზიის, Elle-ს მეპატრონისგან გამოჰყვა.
- ბებია ფანტასტიკური ადამიანია, - გვიხსნის, - უძლიერესი ქალია, ახლახან დახურა მაღაზია. 87 წლისაა და დღემდე ენერგიითაა აღსავსე. ის უდიდესი მაგალითია ჩემთვის.
ფრიდას დამთავრებული აქვს რომის მოდისა და კოსტიუმების აკადემია, მისი კარიერული აღმასვლა 1997 წელს,, Fendi-ის მოდის სახლთან თანამშრომლობით დაიწყო.
2002 წელს ტომ ფორდისგან მიიღო შემოთავაზება, Gucci-ის კომპანიაში ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების ხაზი ეწარმოებინა.
- ლონდონში ვცხოვრობდი, მაგრამ დამტვრეული ინგლისურით ვსაუბრობდი. თავდაპირველად ბევრს არაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ტომის მუშაობას ვადევნებდი თვალყურს და, სიმართლე გითხრათ, ჩემი თავით უკმაყოფილო გახლდით.
ის იმდენად მომხიბვლელი იყო, კინოვარსკვლავს მაგონებდა და მის გვერდით ლაპარაკის უნარი მეკარგებოდა. როცა რაღაცას მეტყოდა, მუნჯივით ვიდექი, - გაიცინა ფრიდამ, - მერე კი ვბრაზდებოდი, მე ხომ ეს უნდა მეთქვა, ეს და კიდევ ეს!..
სწორედ ტომის დამსახურებაა, ასეთი რომ გავხდი - მკაცრად მოვითხოვ დისციპლინას და ბრძანებების გაცემას დავეჩვიე, - კვლავ გაიცინა, - ძალიან პეწიანი ადამიანია ტომ ფორდი. მისი კაბინეტი ყოველთვის კლინიკის პალატას ჰგავდა, მხოლოდ ორქიდეები იყო ლარნაკში, ზედმეტს იქ ვერაფერს ნახავდით.
საკმარისი იყო, ორქიდეას ერთი ფურცელი ჩამოვარდნოდა, მაშინვე მთლიანად გადააგდებდა ყვავილს. მე და ალესანდრო მერე ვეძებდით ხოლმე იმ გადაგდებულ ორქიდეას და სახლში მიგვქონდა, რათა "გადაგვერჩინა."
2004 წელს ტომ ფორდმა მოდის სახლი დატოვა და თავის ადგილზე ფრიდა ჯანინი დაინიშნა. იგი Gucci-ს კრეატიული დირექტორი აქსესუარების ხაზით გახდა. მომდევნო წელს ფრიდას ქალის სამოსის ხაზიც ჩააბარეს. მისმა პირველმა ნამუშევარმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ულტრასექსუალური ფორმებითა და ქსოვილთა ფერების საოცარი შეხამებით.
ამ ქალბატონმა ტანსაცმელში გააძლიერა ქალური შტრიხი, "გუჩის" არსებობის ისტორიაში პირველმა დანერგა ბოჰემური ბრწყინვალების სტილი და 2006 წელს, ჯანინიმ სრულად ჩაიბარა მოდის სახლის ყველა "გასაღები".
იმავე წელს გათხოვდა კიდეც, ვებდიზაინერს გაჰყვა ცოლად, თუმცა რამდენიმე წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს... მეუღლემ მისი ცხოვრების რიტმს ვეღარ გაუძლო...
- ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ გავაანალიზო, რა სიმაღლეზე ავედი, - მოკრძალებით მიღიმის, - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გუშინ დავიწყე აქ მუშაობა.
ჩემთვის ახლობელია კომპანიის მარკა, დედაჩემს მუდამ "გუჩის" სამოსი ეცვა, ხოლო ჩემს პირველ "სერიოზულ" ფესაცმელს, მაღალქუსლიანს, სწორედ ამ მარკის ლეგენდარული ორმაგი G ამშვენებდა.
ამის გამო, რა თქმა უნდა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ბრენდის არქივებზე მიწევს მუშაობა. დღეს რომ არ ვაკეთებდე იმას, რასაც ვაკეთებ, აუცილებლად არქეოლოგი გავხდებოდი.
ერთხელ, ჩვენებამდე ერთი დღით ადრე, სამწუხარო ამბავი მოხდა. აღმოჩნდა, რომ ერთ მოდელს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული უჭირდა. ფრიდამ კატეგორიული უარი განაცხადა, მოდელი პოდიუმზე გასულიყო.
- სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მას ბოდიში მოვუხადე, რომ ასე მოხდა. მისი ჩვენებაზე გაყვანა გამორიცხული იყო, რადგან თუ იგი ვერ გაივლიდა პოდიუმზე, მაყურებელი იფიქრებდა, რომ პრობლემა ფეხსაცმელშია და არა მოდელში, რომელსაც მაღალ ქუსლებზე სიარული უჭირს.
ვინერვიულე, თუმცა მალევე ყველაფერი მოგვარდა. ჩვენების წინ ყოველთვის მობილიზებული ვარ და ვცდილობ, არ ავღელდე. ძალიან მშვიდად და გააზრებულად ვადევნებ თვალს ყოველ წვრილმანს, რაც ამ დროს გარშემო ხდება.
- მთავარია, ტანსაცმელმა ქალს მეტი თავდაჯერებულობა შემატოს, - მიხსნის დიზაინერი,
- მე, რა თქმა უნდა, ვცდილობ, განვავითარო ჩვენი სტილი, მაგრამ რაღაც სპეციალურ "გზავნილებს" არასდროს მივმართავ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალის ფეხები და ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებ, მოდელების შექმნის დროს მაქსიმალურად ფეხებზე გაკეთდეს აქცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ქალბატონია, პრესისთვის "უკარება" არასდროს ყოფილა. ამაში ყველანი დაგვარწმუნა. დრო ვიხელთე და რამდენიმე კითხვით ფრიდას დედ-მამასაც მივმართე.
- მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება გულუხვობაა, - მეუბნება ქალბატონი სანდრა, ფრიდას დედა.
- ჩემი ქალიშვილი 60-იანი წლების ტრადიციებზეა აღზრდილი, - ამბობს მამა, პროფესიით არქიტექტორი, - მასში ჭარბადაა სოლიდარობის განცდა და კარგად აქვს გააზრებული, რომ ცხოვრება ეს მხოლოდ მოდა არ არის. იგი იშვიათად ჩნდება იქ, სადაც წითელი ხალიჩა იშლება. მეგობრობა ცნობილ ადამიანებთან მისი სტილი არ არის.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ქალი, რომელიც მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს, გამუდმებით უწევს ელიტასთან შეხება, მათთან ურთიერთობას ერიდება? ამაზე თავად მცემს პასუხს.
- მათი ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება ჩემი ცხოვრებისგან. მე არ მაქვს იახტა, სადაც წვეულებების გამართვა და მაღალი რანგის სტუმრების მოწვევა შემეძლება. არც მაქვს ამის სურვილი. მე ვიცი ჩემი საქმე და მთლიანად ამით ვარ დაკავებული.
ის კი არა, თურმე მძღოლი-მცველი რომ დაუნიშნეს, თავიდან ესეც კი გააპროტესტა.
- არ მიყვარს მსგავსი რამეები. როცა ჩემი მძღოლი კისრისტეხით გადმოდის მანქანიდან, რათა კარი გამიღოს, ხალხს ჰგონია, რომ მადონა ჩამოვიდა. თავიდან სერიოზულად ვიბრძოდი ჩემი "თავისუფლებისთვის".
მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირი ვარ, უჩინრად ყოფნა მირჩევნია... და დაჟინებით მოვითხოვე წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით დავმჯდარიყავი.
დასვენებისთვის თუ რჩება დრო?
- მრჩება. შაბათ-კვირას მეგობრები ვიკრიბებით ჩემთან, სახლში. ერთად ვსადილობთ ან ცხენებით ვსეირნობთ. პირადი ცხოვრებისთვის ჯერ არ მცხელა. ხანდახან ვეკითხები კიდეც საკუთარ თავს, რა იქნება ხვალ? არაჩვეულებრივი სამუშაო მაქვს, თუმცა დამღლელი.
ძალიან ბევრს დავდივარ. ვერ გეტყვით, რამდენ ხანს შევძლებ ცხოვრების ასეთი რიტმის შენარჩუნებას. გგონიათ, შესაძლებელია, ასეთ ტემპში მყოფმა ქალმა ბავშვი გააჩინოს? არც ქმრის "შოვნაა" ადვილი საქმე, - კვლავ იცინის, - მამაკაცები თითქოს მეჯიბრებიან კიდეც.
პარადოქსია - ისინი ამაყობენ ისეთი მეუღლით, რომელსაც ბევრის გამომუშავება შეუძლია, ამავდროულად, სურთ, რომ ცოლი სახლში იჯდეს და ქმარსა და შვილებზე იზრუნოს. ეს კი ადვილი არ არის.
ასეთია ფრიდა ჯანინი, "გუჩის" სახლის კრეატიული დირექტორი. მასთან რამდენიმედღიანმა ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ პროფესიონალიზმი სრულ ჰარმონიაშია ემოციონალიზმთან, ხოლო ძლიერი ქალიც შეიძლება იყოს ნაზი.
- მე ძალიან ვგავარ Gucci--ს ქალს, - აღიარებს დიზაინერი, - ჩემს კოლექციებში ბევრი რამაა ჩემეული. ამას ვერ გავექცევი...
ქრისტინე შავლაყაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(აგვისტოს ნომერი)