ფიკუსი ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა და იგი თითქმის ყველა ოჯახში იზრდება. თუმცა მისი მოვლის წესები შეიძლება ბევრს დავიწყებული ჰქონდეს ან არ იცოდეს.
თუ გსურთ, ყვავილმა მრავალი წელი გაგახაროთ ხასხა ფოთლებით, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
ფიკუსს უყვარს სუფთა ჰაერი და სინათლე. ამიტომ მისი ადგილი რაფაზეა. მცენარისთვის საზიანოა ორპირი ქარი. ამიტომ ღია ფანჯარაში ნუ გადგამთ. ზამთარში, როცა მზის სინათლე ნაკლებია, სასურველია, მცენარე ნათურის შუქის ქვეშ დადგათ.
ფიკუსისთვის საუკეთესო ტემპერატურა ზაფხულში 25-30 გრადუსია, ზამთარში - 20.
ფიკუსს არ უყვარს სიმშრალე. ამიტომ იგი ხშირად უნდა მორწყათ. იმისათვის, რომ გაიგოთ, მცენარეს წყალი სჭირდება თუ არა, ერთ მარტივ საიდუმლოს გაგიმხელთ. ჩაყავით თითი ქოთანში. თუ გაისვარეთ, მცენარეს საკმარისი სითხე აქვს, ხოლო თუ ქოთნიდან მშრალი თითი ამოიღეთ, სასწრაფოდ მორწყეთ.
ეცადეთ, მცენარე ისე მორწყათ, რომ არ დაალპოთ. ამისათვის, დაელოდეთ მიწის გამოშრობას და იმ შემთხვევაში მორწყეთ, თანაც თბილი წყლით.
ზაფხულში სასურველია, ფიკუსის ფოთლებს ყოველდღიურად შეასხუროთ წყალი პულველიზატორიდან.
ფიკუსის გადარგვა მაშინაა აუცილებელი, როცა მისი ფესვები მიწიდან ამოიწევს. ამის შემდეგ იგი შედარებით მოზრდილ ქოთანში უნდა გადარგოთ. დაუშვებელია, რომ მორწყვისას წყალი მცენარეს უშუალოდ ფესვებზე დაესხას.
გადასარგველად საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. ახალ ქოთანში გადარგვისას ფიკუსს ჯერ ძველი ქოთნის მიწა დააყარეთ, შემდეგ შეავსეთ ახლით.
ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, მცენარე "იძინებს", არ იზრდება და არც ახალ ფოთლებს შლის. ამ პერიოდში მას დამატებითი საკვების მიღება არ სჭირდება. აი, გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით კი, გულუხვად გაუნოყიერეთ მცენარეს მიწა მინერალებითა და აზოტით.
იხილეთ ასევე:

ოთახის ყვავილი, რომელიც ქალური ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ