ნოველები

ლაბირინთი - გაუჩინარებული. თავი 5

ლაბირინთი - გაუჩინარებული. თავი 5
ჩემი ოთახი ძალიან ჰგავს ერთ ფერში შესრულებულ გადღაბნილ ნახატს. აქ ყველაფერი თეთრია: კედლები, ავეჯი, საგნები... ერთადერთი განსხვავებული ფერი კედლის საათის წითელი ისარია, რომელიც შეუჩერებლად ტრიალებს და ისეთ შეგრძნებას მიქმნის, თითქოს დროს დროის გასწრება უნდა...

მდიდარი ფანტაზიის გარდა, ფოტოგრაფიული მეხსიერებაც მაქვს. საკმარისია ადამიანი ერთხელ ვნახო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ზუსტად გავიხსენებ, რა ეცვა, სად შემხვდა და რაზე ვილაპარაკეთ... მამის სიკვდილის შემდეგ, სტრესის ნიადაგზე ჩემმა ტვინმა ჩემივე სურვილის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. მინდოდა ეს თუ არა, ყოველი უმნიშვნელო
წვრილმანი და დეტალი ჩემს ყურადღებას იქცევდა. ქუჩაში უბრალო გამვლელის ჭრელი კაბის ორნამენტიც კი თვალში მეჩხირებოდა. მერე ყველაფერი ერთმანეთში ქაოტურად ირეოდა და გულისრევამდე მივდიოდი, რადგან ამდენი სიჭრელის ატანა აღარ შემეძლო...

დედამ ფსიქოლოგთან წამიყვანა. ყველაფერი შიშისა და სტრესის ბრალი იყო. ასე მეგონა, მეც, დედასაც და თეოსაც მამას ბედი გვეწეოდა და ყველას და ყველაფერს ზედმიწევნით ვაკვირდებოდი. ყველაფერს საეჭვოდ მივიჩნევდი. ამის ფონზე ინსომნიაც დამემართა. ფსიქოლოგის რჩევით, ჩემს ოთახში კედლები თეთრად გადავაღებინეთ და ყველა განსხვავებული ფერის ნივთი გავიტანეთ. ღამით საგნების კონტურები ერთმანეთში ირეოდა და ოთახი ერთ მთლიანობად იქცეოდა. მხოლოდ აქ შემეძლო დასვენება. მომაბეზრებელი დეტალები აღარ მეჩხირებოდა თვალში და აღარ იჭრებოდა ჩემს გონებაში.

დროთა განმავლობაში კონცენტრაცია, საკუთარი თავის კონტროლი, შიშის იგნორირება ვისწავლე და აღარ ვიტანჯებოდი. თერაპიამაც თავისი შედეგი გამოიღო და ყველაფერი ნორმაში ჩადგა. უბრალოდ, დეტალებზე დაკვირვება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება გადამეზარდა ჩვევაში.

ასეთი დიდი სტრესი ცხოვრებაში ორჯერ გადავიტანე: როდესაც მამა დავკარგე და მეორედ ახლა, როდესაც ფილი დაიკარგა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სხეულში ჩავიკეტე და გონების ბნელ ლაბირინთში დავბორიალობ...

იასამნისფერ დერეფანს ბოლო არ უჩანს. მივდივარ, მივდივარ... დაუსრულებლად მივდივარ... როგორც იქნა, მწვანე პორტალში გავედი, მაგრამ ახლა მწვანე დერეფანი გაიწელა უსასრულოდ. მწვანეს ლურჯი ცვლის, ლურჯს - ნარინჯისფერი... ფერები ერთმანეთში ირევა. მე კი წითელ გასასვლელს ვეძებ, რადგან შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ ერთადერთი გზა სამშვიდობოზე, წითელი პორტალია...

თითქოს ჩემს სხეულს წონა არ გააჩნია. უკვე კი აღარ დავდივარ, - მივსრიალებ. შავი დერეფანიც გავიარე და როგორც იქნა, წითელი სინათლეც გამოჩნდა.

წითელ დარბაზში მოვხვდი. სცენაზე შიშველი ქალი ცეკვავს, რომელსაც ხარის თავი აბია. ირგვლივ ყველაფერი თეთრ კვამლშია გახვეული. ფილს ვხედავ და მასთან მისვლა მინდა, მაგრამ კვამლი კარაქივით შედედდა და გადაადგილება მიჭირს. როგორც იქნა, ფილიპესაც მივუახლოვდი. ხელითაც შევეხე, მაგრამ უცებ სახეზე ნაკვთები წაეშალა... ჩემ წინ უსახო ადამიანი დგას...

- ანიკა, ანიკა გაიღვიძე... რატო კვნესი, დე?

თითქოს ქუთუთოებზე გირები ჩამომკიდეს... სიზმრების სამყაროდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდა... წითელი დარბაზი უსახო კაციანად სადღაც დაიკარგა და თვალი გავახილე. მაღლიდან დედას შეშფოთებული სახე დამყურებდა... მისი სახე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ კოშმარში, რაც მოულოდნელად დამატყდა თავს. კონცენტრაცია დედაჩემის სახეზე მოვახდინე და ნელ-ნელა რეალობის აღქმაც დამიბრუნდა.

- კოშმარი დაგესიზმრა? რა ცუდი ფერი გადევს...

საწოლზე გაჭირვებით წამოვჯექი. სხეულს ძლივს ვიმორჩილებდი.

- რომელი საათია?

სიტყვებიც ძლივს ამოვთქვი. თითქოს ერთი თვე დამუნჯებული ვიყავი.

- თერთმეტის ნახევარია. სამსახურში არ მიდიხარ? გუშინ ძალიან გვიან მოხვედი. გირეკავდი და მიუწვდომელი იყავი. არ დამეძინა, სანამ კარის ხმა არ გავიგე. სად იყავი? ან რა გაცვია, დედი, ეს? იყიდე?

- ჰო... მოგიყვები, ოღონდ გეხვეწები, ყავა გამიკეთე რაა!..

დედა ოთახიდან გავიდა. მე შევეცადე, აზრები დამელაგებინა.

- სწორად მოვიქეცი გუშინ? სად არის ახლა ფილი? ვინ წაიყვანა? იქნებ ჯობდა, პატრული გამომეძახა?.. უნდა დამეჯერებინა იმ უცხოსთვის თუ არა? და საერთოდ, როგორ გაიგეს, რომ ბარმენი მოვატყუე?

თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა, პასუხები კი არ მქონდა. მობილურის ძებნა დავიწყე, რომელიც მთელი ღამე არ გამიშვია ხელიდან... როგორც ჩანს, ისე გავითიშე, რომ ხელში მეჭირა და ფილიპესთან ვრეკავდი.

ტელეფონი ლოგინში ვიპოვე. არც ერთი შემომავალი ზარი... გული ცუდს მიგრძნობდა... ხელის კანკალით ავკრიფე ირაკლის ნომერი.

ირაკლიმ ხმის ამოღება არ დამაცადა.

- სად ხარ, გოგო, აქამდე? მტრისამ უკვე "არა" დაგიწერა.

- მტრისა ყველაზე ნაკლებად მადარდებს... ფილიპე მოვიდა სამსახურში?

ყველაფერს მივცემდი, ოღონდ დადებითი პასუხი გამეგო ირაკლისგან.

- არა, არ მოსულა!

გულში რაღაც ჩამწყდა.

- მაგრამ დარეკა, ვერ მოვალო...

- დარეკა? როდის დარეკა? შენ დაგირეკა?

საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. სიხარულისგან გული კინაღამ საგულედან ამომიხტა.

- ჰო. დაახლოებით ნახევარი საათის წინ... რა მოხდა? აშკარად რაღაც მოხდა თქვენ ორს შორის და მე ტყემალზე ვზივარ...

- როგორი ხმა ჰქონდა?

- ვის?

- ფილს....

- რავი მე, ფილისეული... შენ მართლა რა გჭირს, გოგო?

- არაფერი... მთელი ღამე ვურეკავდი და ვერ დავუკავშირდი... გამორთული ჰქონდა ტელეფონი.

- მეც რაღაც სხვა ნომრიდან დამირეკა. მობილური დავკარგე, თუ რამეა, სახლში დამირეკეთო...

- სად ვარო, არ გითხრა?

- სახლშია... მგონი, სასმლის ინტოქსიკაცია აქვს. გუშინ ბევრი დავლიეო...

- ირაკლი, მეც დამაგვიანდება დღეს!

- შენ უკვე დაგაგვიანდა, ჩიტო...

- ვიცი, კიდე უფრო ძალიან დამაგვიანდება! დაახლოებით საათნახევარში მოვალ და გეხვეწები, რამე მოიფიქრე... ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ მე...

- მშვიდობა გაქვს საერთოდ? შენს თავს არ ჰგავხარ რაღაც...

- კი... რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მოვალ!

ყურმილი გავთიშე, აბაზანაში შევვარდი და ზუსტად ხუთ წუთში გადავივლე წყალი. დედა ოთახში დამხვდა, ყავა შემომიტანა...

- სად იყავი, გოგო, აღარ იტყვი?

- ღამის კლუბში, დედა. ფილიპესთან ერთად... ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე და რაღაცნაირად გავითიშე...

- შენი თანამშრომელი ფილიპე? არ ვიცოდი, თუ მოგწონდა...

- ფილი ჩემი მეგობარია. არაფერი არ ხდება!

- მეგობრების კოლექციას აგროვებ? რად გინდა ამდენი მეგობარი, არ მესმის... შენხელა რომ ვიყავი, ერთდროულად რამდენიმე ბიჭი მომწონდა. იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა... მაგრამ მამაშენმა ყველა ერთიანად გადაწონა...

- ვიცი, დე...

რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი, ყავა არაყივით გადავკარი, დედას ლოყაზე ვაკოცე და კორიდორში გამოვედი.

- თმა გაიშრე, ანიკა!

- უკვე ძალიან დამაგვიანდა...

- გაცივდები!

- ქუდს დავიხურავ!

საკიდიდან თეოს ქუდი ავიღე, თავზე ჩამოვიფხატე და გარეთ გავედი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და სიხარულისაგან ტირილი მინდოდა. ასე სწრაფად არასოდეს მიტარებია მოტო. გზაში გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი. ყველაფრის დეტალურად გახსენებას შევეცადე...

უცნობი, რომელიც ფილიპე მეგონა, სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ დაენახა და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა დარწმუნდა, რომ იქ ჩვენ მეტი არავინ იყო.

- ძალიან ცოტა დრო მაქვს და ყურადღებით მომისმინე, არ შემაწყვეტინო! ძალიან დიდ რისკზე მივდივარ და ამიტომ რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე! რაც შეიძლება მალე წადი აქედან და "პორტალში" აღარასოდეს მოხვიდე! ვიცი, რომ მეგობარს ეძებ... ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს ნიშნავს და არც მე შემიძლია გარანტიის მოცემა... მხოლოდ ერთს გეტყვი! შენი მეგობარი კარგად იქნება და სახლში მალე დაბრუნდება - ამაზე მე ვიზრუნებ! თუ შენც გინდა, რომ ფილიპეს ცუდი არაფერი შეემთხვას, ახლავე უნდა წახვიდე სახლში.

- ფილიპეს გარეშე ფეხს არ მოვიცვლი! ახლა პატრულს გამოვიძახებ და ყველაფერი მოგვარდება!

- თუ გინდა, რომ ფილიპე ცოცხალი ვეღარასოდეს ნახო, შეგიძლია დარეკო პოლიციაში, მაგრამ დამიჯერე, არასოდეს აპატიებ შენს თავს ამას... და არც ესენი გაპატიებენ...

- რას მეუბნებით? ვის რაში სჭირდება ფილიპეს სიკვდილი?

- მე არ ვიცი, საიდან გაქვს ამ კლუბის ბარათები, ანიკა, მაგრამ ორი სერიოზული შეცდომა მაშინ დაუშვი. ერთი, როცა აქ მოხვედი და მეორე, როცა ბარმენი მოატყუე. მაგ ტყუილმა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დაგაყენა შენც და შენი მეგობარიც...

- ჩემი სახელი საიდან იცი?

- ახლა ამის ახსნის დრო არ არის, მაგრამ გპირდები, რომ დრო მოვა და მე თვითონ დაგიკავშირდები. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ახლა უნდა მიიღო, ის იქნება, თუ სასწრაფოდ წახვალ სახლში!

ძალიან მშვიდი და სანდო ხმის ტემბრი ჰქონდა. სწრაფად, მაგრამ აუღელვებლად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი არ მეშინოდა...

- სად არის ფილიპე?

- ფილიპეს არაფერი დაემართება, ნუ გეშინია. მალე გამოუშვებენ...

- გამოუშვებენ? საიდან? ვინმემ დაიჭირა?

- შენ ეტყობა მართლა ვერ გააცნობიერე, სად მოხვედი... მოკლედ, ეს ფული გამომართვი და ტაქსი გააჩერე... ოღონდ ამ ჩასახვევს დაუყევი და სკვერი გადაჭერი. სკვერი განათებული არ არის და ვერავინ დაგინახავს! გზებს ერიდე... სავარაუდოდ, ვინმე გამოგყვება. ვიცი, რომ ძალიან ძნელია მეგობრის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს! ფილიპეზე იფიქრე...

- არ მჭირდება ფული! თუ დახმარება გინდა, ფილიპე გამოუშვი!

- სწორედ მაგას ვცდილობ... მაგრამ შენი დახმარების გარეშე არაფერი გამომივა!

- და ვინ ხარ? რა გქვია? არაფერს მეუბნები და გინდა, რომ ბრმად გენდო?

შევეცადე, მისი სახე კარგად დამენახა, მაგრამ სადაც ვიდექით, ძალიან ბნელოდა.

- ლევანი მქვია... მეტის ცოდნა არ არის საჭირო! რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია შენთვის! ახლა კი წადი და მენდე! ვიცი, რომ წარმოუდგენელ რაღაცას გთხოვ, მაგრამ ამას მხოლოდ შენი მეგობრის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ... თუ დამიჯერებ, ფილიპე გადარჩება!

ეს მითხრა, ხელში რაღაც ჩამიკუჭა და სიბნელეში გაუჩინარდა. შენობაში სულ სხვა მხრიდან შევიდა. ალბათ, კლუბს არაოფიციალური შესასვლელიც აქვს... მთელი სხეული მიკანკალებდა და ნორმალურად ფიქრიც კი არ შემეძლო. ხელი გავშალე. ოცლარიანი კუპიურა მეჭირა...

ისევ ავკრიფე 112 და დარეკვის ღილაკზე დაჭერა დავაპირე, მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა. - ეს შიში იყო. ფილის დაკარგვის შიში...

ვიგრძენი, როგორ გაიხსნა გონებაში გალიის დაკეტილი კარი და რაც წლების წინ შიგნით გამოვამწყვდიე, გარეთ გამოიჭრა. პანიკამ მომიცვა. იქნებ ის უცნობი მართალია და თუ პოლიციას გამოვიძახებ, ფილიპეს ვეღარასოდეს ვნახავ? სასწორზე ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამ იდო და ასე იოლად ვერ გავაკეთებდი არჩევანს... ჩემი მეგობრის ბედი ჩემს ხელში იყო. მე კი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ყველაზე დიდი საშინელება ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა იყო სწორი...

არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ უცნობის მჯეროდა... შეიძლება სიდებილემდე გულუბრყვილოდ ვიქცეოდი, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ მართლა ცდილობდა ჩვენ დახმარებას.

უცებ შენობის ცენტრალური შესასვლელიდან ხმაური მომესმა და სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას. ქუჩა გადავჭერი და გზას ქვემოთ დავუყევი, როგორც უცნობმა მირჩია. თან უკან-უკან ვიყურებოდი. სკვერიც დავინახე და ჩქარი ნაბიჯით გადავუხვიე. შორიდან მანქანის ხმა მომესმა. უზარმაზარ ალვის ხეს მოვეფარე. გზას თვალს არ ვაშორებდი. მოსახვევში შავი მანქანა გამოჩნდა, დაბურული მინებით. ძალიან ნელი სვლით გაიარა და მთავარი ტრასისკენ გადაუხვია.

აშკარა იყო, რომ ვიღაცას ეძებდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ვიღაც მე ვიყავი...
ახლა უფრო ვირწმუნე იმ უცნობის სიტყვები. გზაზე გასვლა ვერ გავრისკე, სკვერი ბოლომდე გავიარე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გავძვერი და კარგა ხნის მერე გავედი მთავარ ტრასაზე. ირგვლივ ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის... სიცივე ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი და ნაბიჯებს მექანიკურად ვადგამდი. საკუთარი თავი ჩემი გამოგონილი პერსონაჟი - მერი მეგონა, რომელიც ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და ქუჩებში ბრმად დაბოდიალობდა...

ჩემს ბედზე ერთადერთმა ტაქსიმ გამოიარა. მეც სასწრაფოდ გავაჩერე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ჩავჯექი და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ჩემი სახლის მისამართი ძლივს გავიხსენე. ტაქსის მძღოლი წარამარა სარკიდან მიყურებდა. მე კიდევ ყველაფერი მაღიზიანებდა: სარკეზე ჩამოკიდებული ბეწვის ციყვი, შავი ღილის თვალებით, რომელიც რიტმულად ქანაობდა, საჭეზე გადაკრული ყავისფერი გაცვეთილი ტყავის სარჩული, მანქანაში მიკრული პატარა ხატები, მძღოლის მაჯის საათი, ნაქსოვი ჯემპრიდან რომ უჩანდა და ყველაფერი, რასაც ვხედავდი, ჩემს ყურადღებას იქცევდა...

თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი... ცოტა გავთბი და აზრებიც ნელ-ნელა დალაგდა. თავში სულ იმ უცნობის სახელი მიტრიალებდა... ლევანი... ლევანი... ლევანი...

სახლში მშვიდობით მივედი. თუკი ამას მშვიდობა ერქვა... კარი ჩუმად გავაღე და ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე. დედას და თეოს გაღვიძება არ მინდოდა. კაბიანად საწოლზე მივეგდე და დილამდე შეუჩერებლად ვურეკავდი ფილს...

- "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან".

გაუთავებლად ისმოდა ეს ფრაზა ტელეფონში. მახსოვს, როგორ ირიჟრაჟა. მერე გავითიშე...

მოტო ფილის სადარბაზოს წინ დავაყენე და შვიდი სართული ფეხით ავირბინე. მის სახლში სულ სამჯერ თუ ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ბიჭებთან ერთად, რა თქმა უნდა! მარტო ცხოვრობს. კარზე ზარი დავრეკე და დავაბრახუნე კიდეც... ფეხის ხმა არ გამიგია, მაგრამ ჭუჭრუტანა ჩაბნელდა, მერე საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი ჯაჭვზე გაიღო. ღრიჭოდან ფილიპეს ქერა, გაბურძგნული თავი გამოჩნდა. კარი ისევ დაიხურა, ჯაჭვი ბუდეში გასრიალდა და ისევ გაიღო. ფილს სპორტულები ეცვა. პირველ რიგში, სახეზე დავაკვირდი. ნაცემი არ იყო...

აქოშინებული შევვარდი და გიჟივით ჩავეხუტე.

- ევა?

- ფილ... სად იყავი? ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია...

- შემოდი!

ფილმა კარი ჩაკეტა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. ოთახში ფარდები იყო ჩამოფარებული და ბნელოდა. ჟურნალის მაგიდაზე ყავის ჭიქა და სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე იდო. ფილი დივანზე დაჯდა და ხელით მანიშნა, მის გვერდით დავმჯდარიყავი. უცნაური მომეჩვენა.

- რა მოხდა კლუბში? სად გაქრი? იცი, რამდენი გეძებე?

- ვიცი.

- რა მოხდა, მომიყვები?

- ის ბარათები შენ ნამდვილად კინოს დარბაზში იპოვე?

ფილმა თვალებში შემომხედა. თავი საშინლად ვიგრძენი...

- არა.

- ასეც ვიცოდი...

- ბარათები...

- კიდევ კარგი, რომ მომატყუე! არ მინდა! არ მითხრა, ვინ მოგცა!

- რატომ?

- რომ მცოდნოდა, მათქმევინებდნენ... არ მინდა რამე ვიცოდე მაგ კლუბის შესახებ!

- ვინ? ვინ გათქმევინებდა?

- არ ვიცი, ვინ იყვნენ... შენ რომ ტუალეტში წახვედი, ორი ვერზილა მომადგა. ერთი წუთით უნდა გამოგვყვეო... პრობლემაა რამე-მეთქი? არა, არაფერიო... უბრალოდ, რაღაცას ვამოწმებთო... წითელ დერეფანში გამიყვანეს. იქ კიდე ყოფილა ერთი სართული ქვემოთ... მანდედან ჩადიხარ...
ფილმა სიგარეტს მოუკიდა.

- კაროჩე, პატარა ოთახში შევედით. რკინის მაგიდა იდგა და ორი სკამი. მეტი არაფერი.

- რა უნდოდათ?

- დამკითხეს... ვინ ხარ, საიდან, აქ რა გინდა... ბარათები საიდან... თავიდან არაფერს არ ვეუბნებოდი, მარა მერე მოვწვი, რომ რაღაც მაგარ შარში ვარ... მოკლედ, მომიწია იმის თქმა, რომ ბარათები შენ იპოვე... ანუ, რაც სიმართლე მეგონა, ის ვუთხარი... მერე ვიღაც ტიპი გაეძრო. მე მივხედავ ყველაფერსო. მეთქი, დამბრიდავდნენ... მაგრამ ის კარგი როჟა აღმოჩნდა და "ჩორნი ხოდით" გამიყვანა. მითხრა, რომ შენც სახლში გაგიშვა და არ უნდა მენერვიულა. ტელეფონიც არ მქონდა, რომ დამერეკა...

- მანქანა?

- მანქანა უკანა შესასვლელთან დამხვდა. იმ ოთახში რომ შემიყვანეს, გასაღები მაშინ გამომართვეს... მგონი, მანქანაც "დაშმონეს..." მოკლედ, ევა! ძალიან გთხოვ, რომ სხვა დროს უფრო დაფიქრებულად მოიქცე! შენ ხო აღარ ხარ პატარა გოგო?

- ფილ... მაპატიე...

- არა, საპატიებელი რა გაქვს? საიდან უნდა გცოდნოდა, რა მოხდებოდა იქ... უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან სახიფათო რაღაცასთან მოგვიწია შეხება. არ ვიცი, რა დაწესებულებაა, ვინ დადის და რას აკეთებენ სინამდვილეში და არც მინდა ვიცოდე! და შენც არ უნდა იცოდე, გესმის?..

- ჰო...

- არა, კარგად გესმის? აცნობიერებ, როგორ გადავრჩით? ის ვიღაც ტიპი რომ არა, კაცმა არ იცის, სად ვეგდებოდით ორივე...

- ნუ ამბობ მაგ საშინელებას!

- დამპირდი, რომ იქ აღარასოდეს წახვალ!

- გპირდები! იქ რაღა წამიყვანს... ის ტიპი, ვინც გამოგიყვანა... იცი ვინ იყო?

- აზრზე არა ვარ!

- სახელი გითხრა?

- არაფერი უთქვამს! მარტო დამარიგა და გამაფრთხილა, რომ ენას კბილი დავაჭირო და ეგ ადგილი დავივიწყო, და კიდევ მითხრა, რომ შენც იგივე გაიძულო!

- ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია... შენ არ იცი, რა გადავიტანე!

- მე მკითხე აბა? კაი, მორჩა! დავივიწყოთ, რაც მოხდა...

- კარგი... მე სამსახურში წავალ...

- ყავას გაგიკეთებ!

- არა, სამსახურში დავლევ! სახლში ჯდომას ყველაფერი მირჩევნია. გადავერთვები ცოტა...

- როგორც გინდა. მე დღეს არსად არ გავალ. ცოტა აზრზე უნდა მოვიდე... გრამი არ მძინებია!

- შენ რომ რამე მოგსვლოდა, არასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს!

- ზოგი ჭირი მარგებელია, ხო იცი? აწი აღარ წახვალ გაურკვეველ ადგილებში... იმედია...

ფილიპეს სახლიდან დამშვიდებული გამოვედი, მაგრამ მთელი გზა აქეთ-იქით ვიყურებოდი, რადგან მეგონა, მანქანებიდან ვიღაცეები მითვალთვალებდნენ...

- როგორ ხარ?

მკითხა მაქსმა, რომელიც სამსახურის დერეფანში შემხვდა.

- არა მიშავს. ძალიან ცოტა მეძინა გუშინ...

- წამო, ყავა დავლიოთ!

- ორმაგი ესპრესო თუ მიშველის ახლა...

მე და მაქსი ყავის აპარატთან მივედით. მტრისას მისაღების კარი ღია იყო და დამინახა თუ არა, მაშინვე გამოვიდა გარეთ.

- ევა, კარგად ხარ? პირველის თხუთმეტი წუთია!

- ვიცი, ნატა... რაღაც პრობლემა შემექმნა...

- ჰო, ირაკლიმ მითხრა! ყავას რომ დალევ, შემოდი. დობროვსკი გელოდება დილიდან!

- კარგი...

კედელს მივეყრდენი და სახეზე ხელები ავიფარე. ალბათ, კროულიმაც გაიგო ყველაფერი...

- რას გადაგეკიდა ეგ კაცი? ევა... კარგად ხარ?

- არ ვიცი...

მაქსმა ყავა მომაწოდა. დერეფნის სკამებზე დავსხედით. მაქსი გაკვირვებული მომჩერებოდა.

- ასეთი მოწყენილი პირველად გნახე!

- ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ ინერვიულო...

ყავა აუჩქარებლად დავლიე და მტრისასთან შევედი.

- ცოტა ხანს ჩამოჯექი, ტელეფონზე ლაპარაკობს...

ნატას მაგიდის გვერდით დავჯექი.

- ნატა, რაღაცის კითხვა მინდა...

- გისმენ...

- კარნავალის სტუმრების სია ხომ შენ გქონდა?

- კი. რა იყო?

- სახელი და გვარი რომ გითხრა, შეგიძლია მერე შეამოწმო, იყო თუ არა მოწვეული სტუმრების სიაში?

- კარგი, ვნახავ! მითხარი...

- ლევან კალანდაძე...

გაგრძელება იქნება 
ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - პორტალი (ეპიზოდი IV)

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
Xatia
Dzalian momwons yochag avtors.patara tavebi rom aris is ar momwons
12:10 / 30-06-2020
გამოხმაურება / 0 /
თიკო
მგონია რომ ეს ლევანი ის გიორგაძე არ უნდა იყოს, სავარაუდოდ მისი დაცვის წევრია.რავიცი, რავიცი :)))
18:34 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93