"რაფლეზია" ახალგაზრდა ქართველი მწერლის - ელის დოჯსონის პირველი რომანია.
ელისი ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებულია. მისი ავტორობით ასევე გამოცემულია ქართული ფენტეზი - "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z".
ფაბულა: ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს, რადგან შხამიანია. რაფლეზია პარაზიტია, სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და გვამის სუნი ასდის. 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა. ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს, აუტანელ რუტინად ექცა. სწორედ ამ დროს სულზე მოუსწრო მივლინებამ მაროკოში, სადაც თურმე სიყვარული ელოდა. რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ, რომელიც სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს და რა შუაშია რაფლეზია.
უკვე განწირული ურთიერთობა რამ უნდა გადაარჩინოს, ვერ ვხვდები. ეს ყველაფერი ჩაის პაკეტს მაგონებს. ჰო, კარგი, ერთჯერადს არა, ჩაის ფოთლები იყოს თუნდაც, - თან ინდონეზიური და უმაღლესი ხარისხის; ფაიფურის ჩაიდანში ჩაყრილს, თავიდან კარგი ფერი და არომატი რომ აქვს, ყოველი ახალი წყლის დასხმაზე კი ნელ-ნელა ფერმკრთალდება, და ბოლოს, უსუსურად გაჭინთული ამაოდ ცდილობს ქაფქაფა წყლის მორიგ პორციას ოდნავ მაინც უცვალოს ფერი. ხო, აი, მე და მაღიეჟენი ახლა ფერგასული ჩაის ფოთლებივით ვყრივართ ფაიფურის ფინჯანში, აღარაფერი გვეშველება.
***
დავრჩით მე და ჩემი ცოლი იმ სიამის ტყუპებივით, სადაც თითქოს ერთი მოკვდა და მეორე ზიდავს ამ მძორს, რადგან სხვა გზა არაა, გაკვეთა-განცალკევება წარმოუდგენელია. უნდა ავიტანო, პირადად მე ასე მჯერა. ალბათ, მასაც, რადგან არასდროს შევხებივართ გაყრის თემას. რა ვქნა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიყო მის გარეშე, არა იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, ასეთს ვერაფერს ვგრძნობ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუნდაც დაკისრებულ სასჯელ ვალდებულებას და იცხოვრებს იმის გვერდით, ვინც უკვე კარგა ხანია აღარ უყვარს, მაგრამ მიეჩვია და ვერ წარმოუდგენია სხვაგვარად ყოფნა.
***
მაროკოა ეს. აქ ყველაფერი სხვანაირადაა მოწყობილი, - ფიქრები, სურვილები რეალობად იქცევა, დამალულ ისტორიებს ნათელი ეფინება, წყენებს - პატიება, წარსულს - დავიწყება.
- ცოლი მყავს. - რაღაც ჯანდაბად წამოვროშე. არადა, ჯერ არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ აშკარად მაწუხებდა ეს ფაქტი. არ მინდოდა ტყუილი, უბრალოდ, შესაფერისი დრო მინოდოდა მომეძებნა და მერე მომეყოლა და ამეხსნა ყველაფერი. ოღონდ არა ახლა, არა ამ დილას, როცა თავიდან დავიბადე, ძველი ტყავი ვიცვალე გველივით, რომელშიც უწინდელი, უღიმღამო ანტუანი დავტოვე. საკუთარ თავზე გავბრაზდი, თავი დავხარე უსიამოვნების მოლოდინში.
- ეგ ვიცი. - მომიგო მშვიდად.
არ ველოდი. მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ.
- საიდან? როგორ?
- რა მიხვედრა უნდა. მარცხენა ხელის არათითზე, სადაც ბეჭედი უკეთიათ დაქორწინებულებს, კანი უფრო თეთრი გაქვს, ვიდრე მთელ ხელზე. სავარაუდოდ, აქვე აეროპორტში ან სულაც თვითმფრინავში მოიხსენი ბეჭედი, თუმცა უმაგისოდაც ძალიან კარგად გეტყობა ცოლიანობის კვალი.
***
„რაც მოხდა, მარაქეშში დარჩება“, - განაჩენს ჰგავდა მისი სიტყვები. თითქოს, მხოლოდ თავად იყო სცენარის ავტორი და მე როლზე დამტკიცებული რიგითი მსახიობი. მე უკვე ვეღარ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ანალიზას გარეშე. მისი გულგრილობა იმაზე მტკივნეული იყო, ვიდრე... ვეღარ მოვძებნე ვიდრე-ს შედარება. პირველად აღარ ვიფიქრე ცხოვრებაში ხვალ - ზეგ რა იქნება, რა მოჰყვება ამ ყველაფერს. მე, რიგითმა პრაგმატულმა ფრანგმა ხვლინდელი დღის შიში განვაგდე, დღევანდელი დღით ცხოვრების გემო ვიგრძენი და უცებ, ეს მოულოდნელი გულგრილობა...
***
ჩემი რწმენით, ურთიერთობა რომ შედგეს, ორივე ადამიანმა უნდა ჩადოს რესურსი, ერთი აგური მე უნდა დავდო, მეორე - შენ და მაშინ იქნება ის საინტერესო. თუ მხოლოდ ერთმა დადო აგური, ადრე თუ გვიან რესურსი ამოიწურება და ეს მისი სახლი მხოლოდ მისი ურთიერთობა იქნება და არა ორივესი.
- ანალიზა, ცოლად გამომყვები? - საიდან და რატომ აღმომხდა ეს სიტყვები, არ ვიცი.
- შორს? - ღიმილით დამიბრუნა კითხვა. თითქოს, სადმე აქვე, მაღაზიაში გაყოლას ვთხოვდი.
***
- ჩვენი ცხოვრება და საერთოდ, ადამიანი რეალურად რაფლეზიას ყვავილს ჰგავს. - სიჩუმე დაარღვია ანალიზამ.
- ინდონეზიაში ამ ყვავილს ,,გახრწნილ ყვავილს“ უწოდებენ, იმიტომ, რომ სხვა ლამაზი ყვავილების მსგავსად მას არა აქვს კარგი სუნი. პირიქით, საშინლად ყარს. ისე, როგორც ცხოველის გახრწნილი ხორცი. დიდხანს ვერ გაჩერდები მის სიახლოვეს. ალეგორიულად თუ შევხედავთ, ადამიანიც ასეა, შორიდან, სხვისი თვალით, ძალიან ლამაზად ჩანს მისი ცხოვრება. გგონია, რომ ბედნიერია, წარმატებულია, ცხოვრებით დამტკბარია, რეალურად კი, საკმარისია მიუახლოვდე, გაიცნო და მერე დაინახავ, რომ ეს ბრწყინვალე ცხოვრება მოჩვენებითია. რეალურად კი ლპება, კვდება საკუთარ დარდში, პირად პრობლემებში, წარსულის ტკივილებსა და შეცდომებში. აი, შენი და მაღიჟენის თანაცხოვრებაც ამ ყვავილს ჰგავს. რამდენი ადამიანისთვის არის სანატრელი თქვენი მდგომარეობა, ურთიერთობა, ის, რაც ერთად ააშენეთ, რასაც სხვებისთვის გარეგნულად თვალსაჩინოა... არა? ხომ არის შთამბეჭდავი? რეალურად კიდევ რას განიცდი, როგორი ხარ, არვინ იცის, თუ ახლოს არ მოვა თქვენთან.
***
აღფრთოვანებულები ყველაფერს ფოტოებს უღებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამ სილამაზეს ლინზის ან მობილური ეკრანის მეორე მხრიდან ათვალიერებდნენ. სანამ მწვანე ბუჩქნარში ჩაფლული ყავახანის წინ თურქულ ყავას ვსვამდი, დაკვირვებითა და ინტერესით ვადევნებდი თვალს, არცერთ ტურისტს არ მოუშორებია თვალიდან ფოტოაპარტი, სმარტფონი. ყველა ისტერიულად იღებდა ფოტოებს, ეძებდნენ ახალ კუთხეებს, საინტერესო კადრებს. აჩხაკუნებდნენ გაუთავებლად. აქამდე უთვალავჯერ გადაღებული ადგილების საკუთარ აპარატებში „დამწყვდევას“. თითქოს, მთავარი იყო ფოტოები, ბევრი და რაც შეიძლება ბევრი. ამასობაში კი სადღაც მიღმა რჩებოდათ მთავარი, - შეეგრძნოთ ქალაქის სურნელი, დაენახათ ნამდვილი ფერები, დაენახათ იმაზე მეტი, ვიდრე ლინზა ან კამერა სთავაზობდათ. მეხსიერებაშიც, ალბათ, ბრტყელ, უპერსპექტივო ფოტო-კადრებად დარჩებოდათ ეს მშვენიერი ქალაქი.