გიგიმ ავტოსადგომის თანამშრომელს დამშვიდობების ნიშნად ხელი აუქნია და თავის "აუდიში" ჩაჯდა.
რომანის დასაწყისი
უხაროდა, შინ რომ მიდიოდა. საღამომ უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა. დევიძის კაზინოდან დათხოვნა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ მაინც ნანობდა მომხდარს, თუმცა რატომ, ვერაფრით ხვდებოდა. არადა, დროზე რომ არ გაეჩერებინა თაღლითი, კაზინოს მთელ შემოსავალს შეისრუტავდა. სანამ მანქანას დაძრავდა, გიგიმ კიდევ ერთხელ გახედა შენობის ფასადს. რაც მართალია, მართალია, თვალისმომჭრელად გამოიყურება! ცუდი ის არის, რომ ქალაქგარეთაა. სხვა მხრივ, არაფერს უჩივის. მთავარი ის არის, რომ არ დაუხურეს ბიზნესი, როგორც სხვებს. მისი "მირაჟი" ყოველთვის მომგებიანი სამორინე იყო თბილისში. ამიტომაც გადარჩა. კიდევ იმიტომ, რომ რამდენიმე ცნობილი მაღალჩინოსანი მფარველობდა. მართალია, შუა ქალაქში გაცილებით მეტი კლიენტი ჰყავდა კაზინოს, ცხოვრება მეტად დუღდა, მაგრამ არც ახლა ემდურის ბედს. ვისაც ხელისგულები "ექავება" და ჯიბეში ფულის დასტები უდევს, მისთვის ქალაქგარეთ სათამაშოდ გასვლა სიძნელეს არ წარმოადგენს. თაფლი იყოს და, ბუზი ბაღდადიდან მოფრინდება...
კაზინოს გარდა, გიგი ტურიზმითაც არის დაკავებული. ორი ტურისტული სააგენტო გახსნა და ორივე წარმატებით მუშაობს. ბევრი ფულიც იშოვა და საქმიანი პარტნიორებიც საკმარისად შეიძინა არამარტო საქართველოში, საზღვრებს გარეთაც. ამის გამო ხშირად უწევს ქალაქიდან გამგზავრება.
ახლა თავისი სასტუმროსკენ მიიჩქარის. იგი ევროსტანდარტების გათვალისწინებით არის აშენებული. საოცრად მყუდრო და, ამასთან, ფეშენებელურია - ბარ-რესტორანი, ღია და დახურული აუზი, ბილიარდის სათამაშო ოთახი, ზამთრის და ზაფხულის ბაღი და ვინ მოთვლის, ყველაფერია იმისთვის, კლიენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. გიგი ამწუთას იმაზე ფიქრობს, სად გახსნას კიდევ ერთი კაზინო ან პოკერ-კლუბი, ან სლოტ-კლუბი, რომ თავისი ფინანსები სარგებლიანად დააბანდოს. იქნებ კიდევ ერთი სასტუმროს გახსნა ჯობია? უნდა მოიფიქროს, კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი და ისე გადაწყვიტოს. მთავარია, არ გაჩერდეს. მას არ უყვარს მიღწეულით დაკმაყოფილება. მერე რა, რომ მისი შემოსავალი ლამის მილიონს ითვლის? ზედმეტი არ აწყენდა.
ჰმ, რა უცნაურია ცხოვრება. ვინ იფიქრებდა, გიგი ახვლედიანი ბიზნესმენი თუ გახდებოდა. ბავშვობაში ისტორიკოსობაზე ოცნებობდა. მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდში გამუდმებით დადიოდა ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე, საქართველოს ყველა კუთხე თითქმის ფეხით აქვს შემოვლილი. მერე კი აზრი შეიცვალა. მიხვდა, რომ ისტორიკოსობით თავს ვერ გაიტანდა. ამიტომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა და ბოლოს ბიზნესმენობას მიჰყო ხელი. ჯერ მცირედით დაიწყო, მერე კი...
წარმატება რამდენიმე წელიწადში მოვიდა. თანდათან ისე აუღო ალღო საქმეს, რომ დღეს ბიზნესი ცხოვრების აზრად ექცა...
ისევე, როგორც ქალები... ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
ამასობაში გზატკეცილზე გადაუხვია და სიჩქარეს მოუმატა. ქალებთან პრობლემა არასდროს ჰქონია. არც ადრე, სანამ მდიდარი გახდებობა. მაშინ დარწმუნებული იყო ერთ რამეში - მთავარი, რაც ქალებს მასში იზიდავდა, თვითონ გიგი იყო და არა ის, თუ რამდენ ფულს დახარჯავდა მათი გულისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამდიდრდა, ყველაფერი შეიცვალა. ერთგვარად განიხიბლა, როცა მიხვდა, რომ ამხელა სიმდიდრის პატრონს შეეძლო დაუფლებოდა ნებისმიერ ქალს, რომელსაც კი ხელს დაადებდა. ჯერ არ ახსოვს, ვინმეს უარი ეთქვას მისთვის, არც ხვეწნა დასჭირვებია რომელიმესთან და არც კუდში დევნა. პირველივე შეხვედრა საკმარისი იყო, რომ ქალი მისი იმ ღამესვე გამხდარიყო.
ერთ მშვენიერ დღესაც, ამ აღმოჩენამ თვალი აუხილა და მეცხრე ციდან მიწაზე დაეშვა. მიხვდა, რომ ქალებს მისი ფული უფრო სექსუალურად ეჩვენებოდათ, ვიდრე თავად იგი. ამიტომაც დროზე მოეგო გონს და რომანტიკაზე ფიქრს თავი დაანება. ახლა გიგი ქალებს ირიბად უყურებს. ცხვირსახოცებივით იცვლის მათ და როგორც კი ერთი მობეზრდება, ეგრევე სხვაზე გადაერთვება. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? ნუთუ აღარ უნდა დამთავრდეს უსასრულო ქალების რიგი, რომლებიც დიდხანს არ ჩერდებიან მის ცხოვრებაში? თუმცა, რა აქვს საწუწუნო? მამაკაცთა უმრავლესობას შურს კიდეც მისი. ყველა ხომ მისნაირი მომნუსხველი არ არის!
მიუხედავად ამისა, გიგი დარწმუნებულია, რომ მოვა დრო და გაჩერდება. უბრალოდ, არ იცის, ეს როდის მოხდება. სულის სიღრმეში ესმის, რომ სიმდიდრის მაცდუნებელი სამყარო, რომელშიც იგი ასე მიზანმიმართულად შეიჭრა, ვერასდროს მიანიჭებს ნორმალურ ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას. ცხოვრების ასეთი წესით სიყვარულს ვერ იპოვის. მის ირგვლივ ძალიან ცოტა წყვილს თუ იცნობს ისეთს, რომელთა თანაცხოვრებამ წლები გასტანა.
გიგი არასდროს აძლევს არც ერთ ქალს იმის უფლებას, იმაზე მეტი ადგილი დაიკავოს მის ცხოვრებაში, რამდენიც მის საქმეს უკავია. თუმცა, შიგადაშიგ ყოველთვის პოულობს დროს, განიტვირთოს მათ გარემოცვაში.
მისი ბოლო გატაცება მოდელი იყო - ლამაზი და ეშხიანი გოგონა. საწოლში შეუდარებელი გახლდათ, მაგრამ... ინტელექტის ნასახი არ გააჩნდა. მასთან სალაპარაკო თემას ვერ გამონახავდი. ერთადერთი, რაზეც თიკას გაუთავებლად შეეძლო ესაუბრა, გათხოვება იყო. როცა გიგი მიუხვდა, საითაც უმიზნებდა გოგონა, იმწუთასვე დაუსვა წერტილი ურთიერთობას. თიკო ლამის გადაჰყვა ამ ამბავს, მაგრამ გიგისთვის სულერთი იყო, რას განიცდიდა გრძელფეხება მოდელი. განშორების მერე იგი არასდროს ფიქრობდა მისგან წასულ ქალზე. ახლა ის ცისფერკაბიანი ჩარჩა გულში. რა კარგი ვინმე იყო. დასანანია, რომ ასეთ ცხოვრებას ეწევა. მასში რაღაც განსაკუთრებული და ამოუცნობი იგრძნობოდა. გიგი სიამოვნებით ამოხსნიდა მის იდუმალებას, ასეთი რომ არ ყოფილიყო. მამაკაცმა კბილები გააკრაჭუნა. რა ეშმაკი შეუჩნდა, რას აიკვიატა ის გოგო! ამწუთას იგი ალბათ დევიძეს და მის ძმაკაცს სტრიპტიზს უტარებს, ან კიდევ...
გზაჯვარედინზე გიგიმ სიჩქარეს მოუკლო. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ღამე იყო, ტრასაზე მანქანები ბლომად მოძრაობდა. "მირაჟი" თვრამეტი კილომეტრითაა დაშორებული ქალაქიდან, ამიტომ კარგა გვარიანი მანძილის გამოვლა უწევს, სანამ სახლამდე მიაღწევს. თან ნაწვიმარია, ამიტომ უმჯობესია, ნელა იაროს.
***
ის იყო, ქალაქისკენ გადაუხვია, რომ გზის პირას რაღაცამ მიიპყრო მისი ყურადღება, უფრო სწორად, ვიღაცამ. მექანიკურად დააჭირა მუხრუჭის სატერფულს ფეხი, თან გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. აი, სიურპრიზი!
განათებულ გაზონზე ფეხშიშველი ცისფერკაბიანი გოგონა იდგა. უცებ მანქანა წყლის გუბეში ჩახტა და ტალახიანი შხეფები ირგვლივ მიმოიფანტა.
გაისმა ცივი შეკივლების ხმა. ერთიანად გაწუწული ნია აღშფოთებული აკვესებდა ბრიალა თვალებს...
ნიას მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ისე მოუჭირა, ლამის კანი გადაეყვლიფა. იძულებული გახდა, გაეხადა და ფეხშიშველს ევლო. თვალცრემლიანი ფრთხილად მიაბიჯებდა ნაწვიმარზე, რომ კენჭები ტერფში არ შესობოდა. ტირილისგან დახატული თვალები მთლად ჩაუშავდა, იაფფასიანი ტუში ზოლებად დაეფინა ღაწვებზე. კიდევ კარგი, გრძელი კაბა წინიდან ჩახსნილი იყო, ეს შედარებით უადვილებდა სიარულს. ფარებანთებული მანქანები შიგადაშიგ სვლას ანელებდნენ და გაკვირვებით აყოლებდნენ თვალს შუაღამით ტრასაზე ნაგიჟარივით მიმავალ ქალს, მაგრამ გაჩერება თავში აზრად არავის მოსვლია. "ყველას ქუჩის ქალი ვგონივარ, ამიტომაც არავინ მიჩერებს. ჩემი ცოდვა დაედოს მაკას, ამ დღეში რომ ჩამაგდო". თანდათან უფრო იპყრობდა სიბრაზე. არა, არც კახაზე იყო აღრენილი და არც მის ძმაკაცებზე. თავის თავზე მოსდიოდა ბრაზი. როგორი იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, მათთან ერთად საქეიფოდ წავიდეს! მოუნდომეს ორგიის გამართვა! ვინ ჰგონიათ მათ ნია! ან მაკა რას ფიქრობდა, როცა დახმარება სთხოვა? არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ წვეულებას? დარწმუნებულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მაკას ხშირად მოუყოლია მისთვის სასტუმროში გატარებული ღამეების შესახებ. მართალია, ორგიები არასდროს უხსენებია, მაგრამ ფაქტი ფაქტია, გოდერძიმ პირდაპირ შესთავაზა, საუნაში ვინებივროთო. რა ძნელი მისახვედრია, რითაც დამთავრდებოდა საუნაში "დაორთქლება"? მართალია, დავალებულია დაქალისგან, მაგრამ არც იმდენად, რომ მისი გულისთვის ასეთი მსხვერპლი გაიღოს. ერთი წამით წარმოიდგინა კიდეც, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გოდერძის წინადადებას, მანქანაში რომ ჩამჯდარიყო. ამის გაფიქრებაზე ლამის გული აერია.
მამაკაცი არ აღფრთოვანებულა, როცა ქალმა კატეგორიული უარი განუცხადა სასტუმროში წასვლაზე, მაგრამ ვერც დააძალა, რადგან ნია ჯიუტად იდგა თავისაზე. მანაც ხელი ჩაიქნია და სულაც არ გასჭირვებია, მანქანაში სხვა ლამაზმანი ჩაესვა მის მაგივრად. როცა ყველანი გაემგზავრნენ, ნია მარტოდმარტო დარჩა ქუჩაში. ისღა დარჩენოდა, ფეხით წასულიყო. იფიქრა, გზად ვინმე გამიჩერებს და წამიყვანსო. ტაქსის გამოძახებას ვერ შეძლებდა, რადგან მობილური არ წამოუღია და რომც ჰქონოდა, ვერ დარეკავდა, რადგან ნომერი არ იცოდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ერთი თეთრიც არ ეგდო ჩანთაში - საფულეც და მობილურიც სიჩქარეში სამზარეულოს მაგიდაზე დარჩა.
აი, კიდევ ჩაუქროლა ერთმა მანქანამ, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, სვლა არ შეუნელებია. ალბათ ამას ქალები საერთოდ არ აინტერესებს, - სიმწრით ჩაიცინა ნიამ. ფეხსაცმელები მთელი ძალით ჰქონდა ჩაბღუჯული და მკერდზე მიხუტებული, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ წაერთმია. უცებ კვლავ ჩაუქროლა მანქანამ, რომელიც მოულოდნელად გუბეში ჩახტა და თავით ფეხებამდე გაწუწა. ო-ო-ჰ! რას უზამს ახლა ამ თავხედს, ნეტავ იცოდეს! ამ ფრანგულ ქუსლებს რა სიამოვნებით უთავაზებს თავში! როგორ ატარებს მანქანას, წინ არ უნდა გაიხედოს? მანქანამ ცოტა გაიარა და მოწყვეტით გაჩერდა ტრასაზე. ნიაც შედგა.
ლაპლაპა "აუდიდან" მაღალი მამაკაცი გადმოვიდა. ძვირფასი ავტომობილები თბილისში უცხო არ იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან მდიდრულად გამოიყურებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ერთ-ერთი ბოლო მოდელი იყო. ზვიგენს ჰგავდა. გოგონა უცნობის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი იქნებოდა ავტომობილის პატრონი - ახალგაზრდა, ბებერი, ლამაზი თუ მახინჯი...
რაც უფრო უახლოვდებოდა მამაკაცი, მით უფრო ერეოდა ბრაზი ნიას.
- ძალიან ვწუხვარ... თქვენ გიყურებდით, ამიტომ ტბორი ვერ შევამჩნიე... - მამაკაცს ხავერდოვანი ბარიტონი ჰქონდა, თანაც ძალიან ნაცნობი.
ნია დააკვირდა მოახლოებულს და კინაღამ გული წაუვიდა. ეს სწორედ ის კაცი იყო კაზინოდან, კახა და მისი მეგობრები რომ გამოაპანღურა. სწორედ ის სიმპათიური შავგვრემანი, მთელი საღამოს განმავლობაში თვალს რომ არ აშორებდა ნიას და მისმა აღნაგობამ ასე რომ აღაფრთოვანა. ჰო, ამანაც მეძავად ჩათვალა, იმიტომაც გაწუწა... მაგრამ რატომღა გააჩერა მანქანა? ასე ძალიან რატომ "შეწუხდა"? ახლა ამას მოუნდა ნიასთან საუნაში ნებივრობა თუ როგორაა საქმე?
გოგონამ შუბლი შეიჭმუხნა და თავდასხმისთვის მოემზადა.
- მართლა? მერედა, არ იცით, რომ ნაწვიმარზე ნელა უნდა იაროთ? მეც მეჩქარება, მაგრამ ამის გამო სხვებს არ ვუქმნი პრობლემებს!
- მესმის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თქვენი ბრალია, რაც მოხდა, - გაიღიმა მამაკაცმა.
მისმა პასუხმა საბოლოოდ გამოიყვანა ნია წყობილებიდან.
- როგორ არ გრცხვენიათ! ტალახიანი წყალი შემომასხით და კიდევ მე მაბრალებთ? ისედაც ჩემი გამჭირვებია, ფეხშიშველა მოვაბიჯებ ამხელა გზაზე!
- რატომ მეჩხუბებით? რა ჩემი ბრალია, თუ თქვენ მოუხერხებელი ფეხსაცმელი გაცვიათ? ისე, მაინცდამაინც გემოვნებით შერჩეული არ არის, თქვენს ადგილას ასეთს არ შევიძენდი, - ისევ გაიღიმა უცნობმა.
- იმისთვის გააჩერეთ მანქანა, რომ დამცინოთ? - ნია ცოფებს ყრიდა, - როგორ მიბედავთ! თქვენი საქმე არ არის, რას ჩავიცვამ და რას ვიყიდი! თავხედობასაც აქვს საზღვარი.
- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, - დაზავების ნიშნად ხელები ასწია გიგიმ, - თქვენი ბრალი იმიტომ არის, რომ ძალიან ლამაზი ხართ და გულგრილად ვვერ აგიარეთ გვერდი. ამიტომაც ვერ შევამჩნიე გუბე.
ამის გაგონებაზე გოგონას ენა დაება, ხმა ვერ ამოიღო.
- დამემგზავრებით? სადაც მიბრძანებთ, იქ წაგიყვანთ.
მამაკაცის ხმაში ირონია იგრძნობოდა, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა ნიას. ნუთუ ამხელა კაცი იმას ვერ ხვდება, რომ ქალი საღამოს კაბაში, გზაზე ფეხშიშველა მიმავალი, საკუთარი სიამოვნებისთვის არ იქცევა ასე?
მიუხედავად ამისა, მას მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა მომზადებული.
- არა, გმადლობთ, ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით, - ცივად თქვა და გზა გააგრძელა.
გიგის ერთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა, რომ მის გვერდით აღმოჩენილიყო.
- დაფიქრდით, თბილისამდე საკმაოდ შორია, გაგიჭირდებათ ასეთ ყოფაში გზის ფეხით გაგრძელება, - უთხრა და ქალს იდაყვზე წაავლო ხელი.
- არ მომეკაროთ, თორემ ამ ქუსლს ჩაგარტყამთ თავში! - კბილებში გამოსცრა ნიამ და ცალი ფეხსაცმელი მარჯვენა ხელში მოიმარჯვა.
გიგი დაემორჩილა გოგონას და ხელი შეუშვა.
- ნუ ნერვიულობთ, არაფერს დაგიშავებთ. ამ შუაღამისას ვინმე არ დაგესხათ თავს, ათასი შარიანი დადის. არ გეშინიათ ასეთ უკაცრიელ ადგილას? ვინ გიშველით? უსაფრთხოდ მიგიყვანთ ადგილზე, - მამაკაცი მშვიდად განაგრძობდა ლაპარაკს.
- არ ხართ ვალდებული, - ნიამ თავი მოაბრუნა, ოდნავ შეარბილა ტონი და თვალებში შეაცქერდა უცნობს.
ასე ახლოდან რომ შეხედა, ჟრჟოლამ აიტანა. ღმერთო, რა არაჩვეულებრივი ვინმეა! ნუთუ შეიძლება მამაკაცი ასეთი მომხიბვლელი იყოს? არა, მომხიბვლელი ის სიტყვა არ არის... მომნუსხველი..! ასეთი შთაბეჭდილება მასზე არასდროს არც ერთ კაცს არ მოუხდენია!
გიგის მგრძნობიარე ტუჩები ღიმილმა შეარხია. რასაც არ უნდა ფიქრობდეს ამ გოგოზე, შუა გზაზე მაინც ვერ დატოვებს, ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს, ამასთან - უმწეო.
- სწორედაც რომ ვალდებული ვარ, - დაიქოქა გიგი, - აბა, წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდება კაზინოს რეპუტაცია, ხვალ დილით ყველა გაზეთი და ტელევიზია რომ ალაპარაკდეს ქალზე, რომელიც კაზინოს შორიახლოს იპოვეს გაუპატიურებული და მოკლული. მაშინვე მოგვადგებიან და დაკითხვას მოგვიწყობენ. მსგავსი უსიამოვნებები არ გვჭირდება! - ეშმაკურად იღიმოდა მამაკაცი.
- საიდან იცით, რომ კაზინოში ვიყავი? - ჩამჭრელი კითხვა დასვა.
უცნობმა მსუბუქად აიჩეჩა ფართო მხრები.
- აბა, საიდან უნდა მოდიოდეთ? აქ ახლომახლო მეტი არ არის ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი გართობას შეძლებს, თანაც თქვენნაირი მანდილოსანი, - ოდნავ ხმა ჩაეხრინწა მამაკაცს, - გარდა ამისა, გიცანით, სამორინეში შეგამჩნიეთ. რატომ არ გაყევით იმ ტიპებს? ერთად არ ატარებდით დროს? არ მითხრათ, მანქანაში ადგილი არ ჰქონდათო, თუ აღარ მოისურვეს თქვენთან ყოფნა?
ნია შეცბა, როცა მამაკაცის სიტყვების შინაარსს ჩაწვდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და თამამად წარმოთქვა.
- ეს მე არ მოვისურვე მათთან ყოფნა!
გიგიმ წარბები ირონიულად აზიდა და საჩვენებელი თითი ფრთხილად ჩამოაყოლა ნიას შიშველ მხარს. გოგონას წამით სიამოვნების ტალღამ დაუარა, მაგრამ თავდაცვის ინსტინქტმა მსწრაფლ გამოაფხიზლა.
- გაწიეთ ხელები! - მთელი ხმით იყვირა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და მრისხანე მზერა ესროლა უდიერ უცნობს. ამასთან, ცალი ფეხსაცმელი უფრო მოხერხებულად დაიჭირა ხელში, რომ საჭირო მომენტში "წარმატებით" გამოეყენებინა.
- მომისმინეთ, ბატონო კაზინოს დაცვავ, თუ ვინც ხართ! თავი დამანებეთ! ძალიან დავიღალე და ტვინს ნუ მიბურღავთ. ისედაც გრძელი გზა მაქვს გასავლელი, შემეშვით და თქვენს მანქანას მიხედეთ, ვინმემ არ აგწაპნოთ! - ცივად თქვა და ის იყო, ნაბიჯი გადადგა, რომ კაბის კიდეს დაადგა ფეხი და მიწაზე პირქვე გაიშოტა.
ტკივილმა სახე დაუმანჭა, რადგან მუხლი ქვას დაარტყა და სისხლი წამოუვიდა. მამაკაცმა ხელი მკლავზე წაავლო და წამოაყენა.
- შეხედეთ, რა დამართეთ საკუთარ თავს! სისხლი მოგდით, კაბაც დაგესვარათ. რატომ იტანჯავთ თავს? თუ ოდნავ მაინც საღად აზროვნებთ, მიიღეთ ჩემი წინადადება და დამრთეთ ნება, წაგიყვანოთ, - გაბრაზდა გიგი, - დამიჯერეთ, უვნებლად მიგიყვანთ სახლამდე. ნუ გეშინიათ, მგელი არ ვარ, არ შეგჭამთ. მე თუ არა, სხვა მაინც გაგიჩერებთ მანქანას და ვინ აღმოჩნდება შემდეგი, არავინ იცის. მე ნანახი მაინც გყავართ და ის მაინც იცით, სად ვმუშაობ. ამიტომ, თუ ცუდად მოვიქცევი, ადვილად მომაგნებთ პოლიციასთან ერთად, - მამაკაცს მომნუსხველი ღიმილი აუთამაშდა სახეზე, - თანაც... ყველას კი არ აქვს ჩემნაირი მანქანა, წინ დიდი სიამოვნება გელით.
ნიამ ირიბად გახედა ტრასაზე მდგარ "აუდის".
- აჰა. ესე იგი, თქვენ ბოსისგან მანქანა ითხოვეთ და გინდათ, მე მომემსახუროთ, არა? კარგი, თანახმა ვარ!
"მგონი, მართალია ეს კაცი. ასეთი პრესტიჟული კაზინოს თანამშრომელი არ იკადრებს ჩემნაირი საწყალი გოგონას გაუპატიურებას და მოკვლას. რატომ უნდა გარისკოს ასე, როცა კარგი სამსახური აქვს და სოლიდურ ხელფასს უხდიან? ამისთანა "კრასავჩიკს" ქალების მეტი რა ეყოლება? ვინ ეტყვის უარს", - გაიფიქრა ნიამ და ამაყად თავაწეული გაეშურა მანქანისკენ, წინა სალონის კარი გამოაღო და ტყავის რბილ სავარძელზე თამამად მოკალათდა.
- მეტრო "მარჯანიშვილთან" ჩამომსვით! - მედიდურად განაცხადა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
გიგი საჭეს მიუჯდა. ნიამ ფარულად გახედა უცნობს, რომელსაც უკმაყოფილება აღბეჭდოდა სახეზე. როგორც ჩანს, გოგონას ტონი არ ესიამოვნა. მერე რა, ნიასთვის სულერთია, რას განიცდის მისი "მძღოლი", ვინ სთხოვა, გამიჩერეო? გარდა ამისა, საშინელ ხასიათზე იყო დღევანდელი საღამოს გამო. როცა მამაკაცმა ძრავა დაქოქა და გზას გაუდგა, ნიას შეაკანკალა. წარმოიდგინა, ახლა მის გვერდით გოდერძი რომ მჯდარიყო...
- რამე ისე ვერ არის? - გიგიმ შეამჩნია მისი რეაქცია.
- არა, არაფერი, - ამოიოხრა ქალმა, ოდნავ მოეშვა და საზურგეს მოხერხებულად მიეყუდა.
ნია გზას გაჰყურებდა, მაგრამ უხილავი მზერით გრძნობდა, თავისი გრძელი თითებით როგორ ჩასჭიდებოდა უცნობი საჭეს. უნდოდა, უკეთ შეეთვალიერებინა მამაკაცი, მაგრამ თავი შეიკავა, იმის შიშით, რომ მის მზერას ვერ გაუძლებდა. მან მხოლოდ ადგილზე მიყვანა შესთავაზა, ეგ არის და ეგ. იგი კაზინოს დაცვის თანამშრომელია და ამიტომაც მიიჩნევს თავს ვალდებულად, სამორინედან გამოსული კლიენტები ფათერაკს არ გადაეყარონ. ვის რაში სჭირდება სკანდალი.
- თუ არ გაბრაზდებით, ერთ რჩევას მოგცემთ, ქალბატონო, - დაიწყო გიგიმ, - ისეთი მამაკაცები, როგორიც დევიძეა, საშიშნი არიან. შესაძლებელია, თქვენ ფიქრობთ, რომ მას, როგორც გაგიხარდებათ, ისე აცეკვებთ, მაგრამ ასე არ არის. ფრთხილად იყავით. თქვენი სიცოცხლე მისთვის არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც, თუკი შემთხვევით მისი რომელიმე საიდუმლო გარიგების თანამონაწილე გახდებით, თვალსაც არ დაახამხამებს, ისე გაგასაღებთ.
გაოგნებული ნია ყურებს არ უჯერებდა.
- რა-ა?
- რაც გაიგონეთ! მისნაირი ბანდიტისთვის თქვენ არაფერს წარმოადგენთ. მხოლოდ გასართობი თოჯინის როლი გაკისრიათ, მეტი არაფერი.
- ბანდიტი?!
გიგიმ უნდობლად გახედა გოგონას და სვლა შეანელა.
- არ მოგეწონათ ეს სიტყვა? თქვენი აზრით, ზედმეტად უხეში ეპითეტი გამოვიყენე?
- კახა დევიძე ბანდიტი არ არის! ის ბიზნესმენია, მოსკოვში მუშაობს, კარგი ადამიანია!
ახვლედიანმა თავი გადააქნია.
- ნარკოტიკებით ვაჭრობა და რეკეტით გამდიდრება, თქვენი აზრით, კარგი ადამიანობაზე მეტყველებს?
ნია ისეთი თვალებით შეაცქერდა მამაკაცს, თითქოს ეს უკანასკნელი ჭკუიდან შეიშალაო.
- ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ხარ, გოგონი? - შინაურულად მიმართა გიგიმ.
- არ ვიცოდი, ბანდიტი თუ იყო... - თვალებგაფართოებულმა თავი ჩაღუნა.
ნუთუ გულწრფელია მისი გაოცება? - გიგი უნდობლად შესცქეროდა გოგონას.
ახლოდან იგი გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე კაზინოში, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ქალივით ეცვა.
- საიდან გაიგეთ, რომ ბანდიტია? - დაინტერესდა ნია.
- მე ყველაფერი ვიცი მათ შესახებ, ვინც კაზინოს ზღურბლს გადმოაბიჯებს.
- ჰო, რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ნია, - ეს ხომ თქვენი სამუშაოა. დაცვაში მუშაობთ, არა? სწორად მივხვდი?
გიგიმ ხელი გულის ჯიბეში ჩაიყო, სავიზიტო ბარათი ამოიღო და ნიას უსიტყვოდ მიაწოდა.
- გიგი ახვლედიანი, - ხმამაღლა წაიკითხა გოგონამ.
- ჩემთვის პრინციპის საქმეა, ვიცნობდე ყველას, ვინც კაზინოში შემოდის, - მსუბუქად თქვა მამაკაცმა, - ჩვენი ცხოვრება სავსეა ცუდი ადამიანებით, ამიტომაც აუცილებელია, კლიენტების მონაცემთა საიმედო ბაზა გაგვაჩნდეს. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთათვისაც თამაში აზარტია, მაგრამ წაგებულის გადახდა არ ძალუძთ. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდე. ისეთები კი, როგორიც ჩვენი საერთო ნაცნობი დევიძეა, ფულს უმისამართოდ ფლანგავენ. მათი შემოსავლებით კი დიდად არის პოლიცია დაინტერესებული. ბუნებრივია, რომ ჩემი კაზინო ოვაციებით არ შეხვდება ასეთ კლიენტებს.
ნია მოიქუფრა.
- თქვენი კაზინო? - დაურწმუნებლად წარმოთქვა.
- ჰო, ჩემი, - მშვიდად დაუდასტურა გიგიმ.
გოგონამ გაოცებით შეხედა მამაკაცს, მერე მზერა მანქანის მდიდრულ სალონზე გადაიტანა.
- და არამხოლოდ კაზინო, სასტუმროსაც ვფლობ და ბევრ სხვა რამესაც, - ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა, როცა ნიას ბავშვურად გაოცებულ თვალებს შეხედა.
გიგის ეგონა, გოგონას თვალები გაუბრწინდებოდა, როცა გაიგებდა, რომ მდიდარი მამაკაცის გვერდით იჯდა, მაგრამ მან მხოლოდ ღრმად ამოიოხრა.
- მე, რატომღაც, დაცვის თანამშრომელი მეგონეთ. მანქანაზე კი ვიფიქრე, ალბათ ბოსისგან ითხოვა-მეთქი.
- არა, ახლახან შევიძინე, - რამდენიმე წამით პაუზა გაწელა, - მოგწონთ?
- ძალიან საყვარელია, - თავაზიანად უპასუხა გოგონამ, რადგან იცოდა, რამხელა მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ მამაკაცები საკუთარ ავტომობილებს.
გიგიმ თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა. გასაოცარი იყო, რომ გოგონას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია მისი მანქანისთვის, არადა, იგი რამდენიმე ათასი ევრო ღირდა.
საინტერესოა! ხელოვნურად იქცევა ასე, თუ მართლა ასეთი მიამიტია? მაშინ რატომ მიატოვა ვიპ-პერსონები? რატომ არ გააგრძელა მათთან ერთად გართობა?
- რატომ არ წაჰყევით კახას? - ვეღარ მოითმინა და მაინც ჰკითხა გოგონას.
ნია დაიძაბა.
- იმიტომ, რომ ჯერ მთლად არ დავშტერებულვარ. მართალია, მისი მილიონების ისტორია არ ვიცოდი, მაგრამ არც ისეთი სულელი ვარ, მათთან ერთად სასტუმროს მყუდრო ნომერში გამოვმწყვდეულიყავი სექსუალური ორგიების გასამართავად!
გიგიმ წარბები აზიდა.
- უკაცრავად, მე მეგონა, სულ პირიქით იყო.
"ხომ ვამბობდი, ქუჩის ქალი ვგონივარ-მეთქი!" - შეძრწუნებულმა ნიამ განზე გაიწია და თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- არა, ისე არ იყო, როგორც თქვენ ფიქრობთ... ძალაუნებურად მომიწია მათთან წასვლა, იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ჩემს დაქალს დახმარება სჭირდებოდა. იგი კახას საყვარელია, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა და მთხოვა, მისი მაგივრობა გამეწია. არ უნდოდა, იგი მარტო დაეტოვებინა სხვა ქალების გარემოცვაში. ამიტომ დამავალა, თვალყური მედევნებინა მისთვის.
- ანუ დარაჯად გაგამწესა? - გიგი სიცილს ვერ იკავებდა.
- ჰო, დაახლოებით ასე იყო, თუმცა დავალება ხუთიანზე მაინც ვერ შევასრულე. მერე, როცა გავიგე, რომ სასტუმროში აპირებდნენ წასვლას და იქ... იქ საუნაში გართობას, სასტიკი უარი განვუცხადე, რის გამოც ფეხით მომიწია სიარული.
- შეგეძლოთ ტაქსის გამოძახება გეთხოვათ.
- ტაქსი ფული ღირს, სამწუხაროდ.
- ჰო, მაგაში მართალი ხარ... სულ დამავიწყდა, რომ შენ სხვისი ფულის ხარჯვას ამჯობინებ... ასე ხარ მიჩვეული... - გიგის ხმაში აშკარა ირონია იგრძნობოდა.
- არ გაქვთ უფლება, ასე მელაპარაკოთ! - გააპროტესტა ნიამ.
მამაკაცმა მხრები აიჩეჩა.
- მერე რა, თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც ფულიანი მამაკაცების ხარჯზე ცხოვრობს.
- მაგრამ მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს! - თავს იცავდა გოგონა.
გიგის ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
- თუკი არ გსურთ, ხალხმა თქვენზე ასე ილაპარაკოს, მაშინ არ უნდა გამოჩნდეთ კახას მსგავსი მამაკაცების გვერდით, თუნდაც იგი წესიერი ბიზნესმენი იყოს.
- ხომ გითხარით, დაქალს ვეხმარებოდი-მეთქი! მეტი როგორ აგიხსნათ! - ხმა წაერთვა ნიას, ნიკაპი აუკანკალდა, ცოტაც და ტირილი წასკდებოდა.
გიგიმ ზემოდან დახედა გოგონას. დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- ჰო, რა თქმა უნდა! - ირონიულად თქვა და თავი მარცხნივ მიაბრუნა.
მისი უნდობლობა და ცინიკური გამოხედვა გულს უკლავდა გოგონას. ნუთუ არასდროს შეიცვლის გამომეტყველებას? ჯანდაბას! ჯანდაბას! რატომ ჩაუჯდა მანქანაში, ვერ წაეთრია ფეხით?
- მომისმინეთ, პატივცემულო, - დაიწყო ბოლოს, - შეიძლება მე მართლა გულუბრყვილო და სულელი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ ვეკუთვნი იმ ქალთა რიცხვს, კახას რომ ახლდა დღეს საღამოს. არ მაინტერესებს, რა წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ვინ გგონივართ!
- მაშინ, ვიმედოვნებ, რომ სხვა დროს არ აღმოჩნდებით მისნაირი ადამიანების გვერდით, თუნდაც დახმარება თქვენს საუკეთესო მეგობარს სჭირდებოდეს, - გაღიზიანებული ტონით უპასუხა გიგიმ.
- დღეს რომ მომიწია ამის გაკეთება, არ ნიშნავს იმას, რომ ბოზი ვარ. ამიტომ, გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა და ისე ნუ მიყურებთ, თითქოს არარაობა ვიყო! მე არ მითხოვია თქვენთვის მანქანის გაჩერება და არც მორალის წაკითხვა. ზუსტად ვიცი - ცხოვრებაში არ დავადგამ ფეხს თქვენს ძვირფას კაზინოში, არც კახასთან ერთად და არც მის გარეშე! ამიტომ ზედმეტ სიტყვებს ნუ დახარჯავთ ნოტაციების კითხვაში!
- ძალიან სამწუხაროა, რომ ასე გადაწყვიტეთ, - ტუჩი აიბზუა მამაკაცმა.
- როგორ, ასე?
- მე არ მითქვამს, კაზინოში არ მოხვიდეთო. იქ წესიერი ქალებიც დადიან...
გიგი შეფიქრიანდა. იმდენად გულწრფელად განაწყენდა გოგონა, როცა იგი ქუჩის ქალად აღიქვეს, რომ იგი იძულებული გახდა, ეჭვი არ შეეტანა მის ნათქვამში.
თუკი მართლა არ იცოდა კახას შავბნელი საქმეების შესახებ და არც მის საწოლში აპირებდა ჩაწოლას, ეს რადიკალურად ცვლიდა საქმის ვითარებას. ესე იგი, არც არავინ შეუშლის ხელს, ეს სილამაზე თავისთვის დაიტოვოს... ამის გაფიქრებაზე ვნებიანად აენთო თვალები.
ამასობაში ქალაქში შევიდნენ. ლამპიონების შუქმა მანქანაშიც შემოაღწია. ნია ახლა კარგად ხედავდა მის სახეს. მამაკაცმა მოხედა. ტუჩებზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა. ნიამ იგრძნო, როგორ აეწვა გულ-მუცელი. მის ღიმილში იყო რაღაც განსაკუთრებული, მის თვალებშიც იყო რაღაც განსაკუთრებული... მის გარუჯულ სახეზეც... სადღაც გაქრა ირონიაც და ცინიზმიც. გოგონა სუნთქვაშეკრული, ფართოდ გაღებული თვალებით მისჩერებოდა გიგის და ეჩვენებოდა, რომ გული სადაცაა, ამოუხტებოდა საგულიდან.
მამაკაცმა თითქოს იგრძნო ეს, ამიტომ უფრო თბილი გაუხდა ღიმილი.
- სურვილი გამიჩნდა, კიდევ ერთხელ მოხვიდეთ ჩემს კაზინოში, მაგრამ ამჯერად - ჩემი სტუმრის სტატუსით. თანახმა ხართ? - რბილად იკითხა გიგიმ და პასუხს მოუთმენლად დაელოდა.
ნია ორჭოფობდა, ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა.
- ჰო, მართლა, რა გქვიათ?
- ნია... ნია ურუშაძე...
- ნია... პატარა ქალბატონი ნია... - დაიჩურჩულა ახვლედიანმა.
მისი სასიამოვნო და რბილი ხმის გაგონებაზე ქალს ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში.
ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს რამდენიმე ბოკალი შამპანური ჰქონოდა დალეული. და ეს ყველაფერი იმ მამაკაცის გამო დაემართა, რომელიც გვერდით ეჯდა. ეჭვგარეშეა, რომ ეს ახვლედიანი ყველაზე თავბრუდამხვევი კაცია მთელ თბილისში, ქალები მასზე ალბათ ჭკუას კარგავენ.
და სწორედ ამ მამაკაცმა თქვა ახლახან, კვლავ მინდა შენი ნახვაო... ხომ თქვა? ხომ არ მოესმა? არა, გამორიცხულია. იგი ერთ-ერთი მისი ქალთაგანი ვერასდროს გახდება, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია. მართლა ქუჩის ქალი კი არ არის.
ნიამ ჩაახველა, თავს ძალა დაატანა და გაუბედავად წარმოთქვა.
- ვშიშობ, რომ ეს შეუძლებელია.
მის ხმაში დაურწმუნებლობა იგრძნობოდა. გიგის სახე შეეცვალა, გაოცებულმა თვალები მოჭუტა და გამჭოლი მზერა ესროლა გოგონას. სუსტი სქესისგან წინააღმდეგობას არ იყო მიჩვეული. რიტუალური ფლირტის დროსაც კი ცუდად გამოსდიოდათ ქალებს უარის თქმა, რადგან მის მომნუსხველ ღიმილს ვერავინ უმკლავდებოდა... ლამაზმანები პირველსავე შეთავაზებაზე ნებდებოდნენ. არც ეს გოგონა იქნება გამონაკლისი. მას არა აქვს უარის თქმის მიზეზი. მის ზურმუხტისფერ თვალებში ნათლად იკითხება, რომ იგი უკვე დაინტერესებულია გიგითი. ეს ქალური რეაქცია მისთვის ძალიან ნაცნობია, თუმცა რატომღაც ჰგონია, რომ მისმა ეკონომიურმა მდგომარეობამ მაინცდამაინც ვერ აღაფრთოვანა გოგონა. ამასთან, ვერც იმას გაექცევა, რომ თავადაც განსხვავებულ რამეს განიცდის მის მიმართ. ეს არ არის ჩვეულებრივი სექსუალური აღტყინება, მორიგი ლამაზმანის დანახვისას რომ წამოუვლის ხოლმე. ამიტომაც სურს, უფრო ახლოს გაიცნოს.
გიგიმ კარგად უწყოდა, რომ მამაკაცების უმრავლესობას დიდი დრო არ ეკარგებოდა ქალის ლოგინში შესატყუებლად. იგივე შეიძლება ითქვას ქალების უმრავლესობაზეც. ზოგიერთისთვის რამდენიმე ჭიქა სასმელიც საკმარისია, მორჩილად დაჰყვეს მამაკაცის ნებას. მაგრამ გიგი თავად არ აჩქარებდა ხოლმე ამ პროცესს. მას მოსწონდა, როცა ქალში ნელ-ნელა აღვივებდა მისადმი ლტოლვას. სწორედ ცდუნების პროცესი ანიჭებდა სიამოვნებას. კარგად უწყოდა, რითაც დამთავრდებოდა შეხვედრა, მაგრამ დაახლოების შენელებული პროცესი უფრო მეტ სიამოვნებას გვრიდა, ვიდრე ხუთ წუთში დანებებული მანდილოსანი.
ეს ლამაზმანი კი ნამდვილი მაცდუნებელი არსება იყო. ასეთი კარგი "ნაჭერი" ჯერ არ შეხვედრია! კიდევ კარგი, დროზე მიუსწრო და ისიც არ აღმოჩნდა "გაფუჭებული საქონლის" სიაში. ოღონდ ეს საშინელი კაბა უნდა გადააგდებინოს!.. და ეს ფეხსაცმელიც, რომელიც დისკომფორტს უქმნის. და რაც უფრო ჩქარა იზამს ამას, მით უკეთესი...
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>