ფული ბინძური ნაგავია - თუ არ გაქვს, მაგრამ დიდი ფუფუნებაა - როცა ფლობ. ძველად ხალხი ფრენასა და დისტანციურ კომუნიკაციაზე ოცნებით უბრალოდ მოსაწყენი რეალობისგან ისვენებდა, ჩვენს დროში კი, თეორიულად, შეუძლებელი აბსოლუტურად აღარაფერია! მაგრამ თეორიასა და რეალობას შორის, დიდი უფსრკულის ამოვსებაა უმთავრესი სირთულე...
უნივერსიტეტში მობილურს ისტერიულად ვამოწმებდი, მაგრამ არავინ რეკავდა, არც შეტყობინება მომსვლია. სემინარზე ვიყავი, როცა როგორც იქნა ტელეფონმა ვიბრაცია გამოსცა. ის ერთი წამი, სანამ ეკრანს დავხედე, თითქოს უსასრულოდ გაგრძელდა. სოლომონის ნომერი ვიცანი, ბაბუა ხშირად არ მირეკავდა, აღელვებულმა ავიღე ტელეფონი და აუდიტორია ფეხაკრეფით დავტოვე.
-ჟამიტა, საყვარელო. - ანას ხმა ვიცანი.
-გისმენ, ანა. - ანა 35-36 წლის სუსტი, საშუალო სიმაღლის შავთმიანი ქალი იყო, მესამე სართულზე მარტო ცხოვრობდა. როცა სახლში არ ვიყავი, ბაბუას სტუმრობდა და ყურადღებას აქცევდა ხოლმე.
- ბაბუა სუსტადაა, ტემპერატურა გავუზომე 38.7 აქვს… ჯანჯაფილის ნახარში დავალევინე, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგს ვერ ვამჩნევ. სამსახურში აუცილებლად უნდა წავიდე, - ჯიხურში მუშაობდა, ჟურნალ-გაზეთებს, საღეჭ რეზინებს, სიგარეტს და სხვა წვრილმანებს ყიდდა. -თუ შეძლებ უნივერსიტეტიდან ადრე გამოდი, ვფიქრობ არ ღირს ასეთ მდგომარეობაში მისი მარტო დატოვება.
-ანა, ძალიან დიდი მადლობა! სამსახურში წადი, არ დაგაგვიანდეს, მე ახლავე წამოვალ.
-არაფრის ჩემო კარგო. - ქურთუკი და ჩანთა ავიღე და უმალ სახლისკენ წავედი. ჩემი ვიზიტი “არტერიაში” გადაიდო, ისღა დამრჩენოდა ზაზას ზარს დავლოდებოდი. წინა ღამის ინციდენტი გულს მიღრღნიდა.
ტელეფონი მთელი დღე დუმდა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მიღრმავებდა. ბაბუა ახველებდა, დღისით ჯანჯაფილის ნახარშმა იმოქმედა, თუმცა ღამით კვლავ შეაწუხა ცხელებამ. პარაცეტამოლითა და ნუროფენით ვერაფერს გავხდი, ბოლოს სველი საფენებით გავანეიტრალე სხეულის ტემპერატურა და მოხუცს, როგორც იქნა დაეძინა.
მე ვერაფრით დავიძინე, ვცდილობდი ლოგიკური ახსნა მომეძებნა მომხდარისთვის. მეზობლის სახლიდან ბავშვის ტირილი თერთმეტი საათიდან ღამის ორ საათამდე შეუწყვეტლივ ისმოდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე გამეგო რა სჭირდა პატარას. სახლიდან გამოვედი, კარი ფრთხილად დავხურე და მეზობელს დავუკაკუნე. არავინ გამომეხმაურა. კიდევ ერთხელ ვცადე, ისევ და ისევ, მაგრამ არავინ ჩანდა...
ბრახუნი შევწყვიტე და ყური დავუგდე, ნესტიანი კედლის მიღმა მხოლოდ ბავშვის ტირილი ისმოდა, თუ შინ პატარა მარტო არ იყო, სხვისი ხმაც აუცილებლად უნდა გამეგონა სამარისებურ სიჩუმეში.
ამ სახლში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ავთო მეეზოვე იყო, ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი, ათი წლის დათა მოწყალების სათხოვნელად დაეხეტებოდა დილიდან დაღამებამდე, ზოგჯერ პატარა დედმამიშვილებიც დაჰყავდა თან. ლიანაზე ამბობდნენ, სხეულით ვაჭრობს, მაგრამ ქმარმა ამაზე არაფერი იცისო. მეუღლე სახლიდან გამთენიისას გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა, უმეტესად ალკოჰოლით გაჟღენთილი და, თუ საკმარისად დაღლილი არ იყო, რომ იქვე დაეძინა, ცოლს ეალერსებოდა, ან უყვიროდა, აგინებდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც. მახსოვს, ერთხელ ლიანას განწირულმა ყვირილმა მდგომარეეობიდან გამოიყვანა მესამე სართულზე მცხოვრები მეზობელი ანა. ქალს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვა სურდა, მაგრამ განრისხებული ავთო გამშველებელს თავს დაესხა, სილა გააწნა და კედელსაც მიანარცხა...
ჩვეულებრივ, როცა პატარები ჭირვეულობდნენ, მათ ტირილთან ერთად, გვიან ღამით როცა ყველას ეძინა, ლიანას ფრაზებიც გარკვევით ისმოდა: „ჩუ, ჩუ! დაწყნარდი, ჩშშ..", „კაი, რამ გადაგრია, დაიძინე, შვილო!" ან ავთოს გინება ისმოდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სამარისებურ მდუმარებას მხოლოდ ჩვილის გულამოსკვნილი ტირილი არღვევდა. კარგად რომ დავუკვირდი, მომეჩვენა, რომ შინ რაღაც შიშინებდა კიდეც... რა უნდა ყოფილიყო? წყალი თუ გაზი? წამის მეასედში უამრავმა საშინელმა ფიქრმა გამიელვა თავში. ,,იქნებ,უბრალოდ არ უნდათ კარის გაღება და თავს იკატუნებენ, რომ არ ესმით, ან შინ არ არიან? უთუოდ ასე იქნება, ვიცნობ ამ ხალხს...“ - გავიფიქრე და ცივად მივბრუნდი. ის იყო კარს მოვშორდი, ბავშვმა ტირილს უმატა, თითქოს მევედრებოდა არ წახვიდეო. ჯანდაბა!
მთავარი კიბით ძირს დავეშვი. სიბნელეში გზას ხეელებგაშვერილი მივიკვლევდი. ანას კარს მივუახლოვდი, დავაკაკუნე და კარი უმალ გაიღო. მუქ, თბილ ხალათში გახვეული ქალი შეშფოთებული სახით მიმზერდა.
-არ ველოდი, ასე მალე თუ გააღებდი… - დავიბენი.
-ჰო, არ მეძინა…
-ბოდიში, რომ ასე გვიან გაწუხებ… მაგრამ მეც ვერაფრით დავიძინე…
-ბავშვი, არა? - შემაწყვეტინა ანამ.
-ჰო… ბევრი ვაბრახუნე კარზე, მაგრამ არავინ გამიღო. ვფიქრობ, მარტოა.
-შემოდი, შემოდი! აქ ნუ დგახარ… - მითხრა და გზა გამითავისუფლა.
შევაბიჯე, სახლში ბნელოდა. ანამ კარი ჩაკეტა და სამზარეულოში შემიძღვა. შუქი აანთო, უჯრა გამოაღო და გულმოდგინედ შეუდგა რაღაცის ძებნას.
-ბაბუა უკეთაა? - ისე მკითხა, არ შემოუხედავს.
-კი, კარგადაა, დაეძინა.
სამზარეულოში იატაკს აქა-იქ ამოხეული ლინონიუმი ფარავდა, კედლებს თითქმის სულ ჩამოშორებოდა მწვანე საღებავი. სამზარეულოდან ერთი კარი დერეფანში გადიოდა, მეორე კი აივანზე, ამ უკანასკნელს დავუკვირდი, მაგრამ შიგნიდან არაფერი ჩანდა.
-უკაცრავად, რას ეძებ?
-ჩაქუჩს, კარი რომ გავტეხოთ.
ბავშვის ტირილი არ წყდებოდა.
-კარის შეტეხვა ცუდი აზრი არ არის, მაგრამ მეეჭვება ეს დამოუკიდებლად შევძლოთ. - ვუთხარი შემპარავად, მან კი დაბნეულმა გამომხედა.
-საბრალო ბავშვი მთელი ღამე არ გაჩერებულა... ხომ თქვი, კარი არავინ გამიღოო? სახლში სხვანაირად როგორ შევაღწიოთ?
-იცი, ვიფიქრე… აივნიდან ავძვრებოდი… სამაშველო კიბე ხომ ჯერ კიდევ აქვს კორპუსს.
ანას წამით სახე გაუნთდა, მაგრამ შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო, შეცბა და შეშინებულმა შემომხედა.
-შენ აპირებ ამ დაჟანგული კიბით აძვრე მეოთხე სართულზე? გაგიჟდი?! რამე რომ დაგემართოს?!
ჩვილის წყვეტილი ტირილი კვლავ ისმოდა, ჩანდა, საბრალო დაიღალა.
-დროს ვკარგავთ! - მოკლედ მოვუჭერი მასპინძელს და გარეთ გავიჭერი. აივანს დაბალი მოაჯირი იცავდა, კაფელები ამოყრილი და დამტვრეული იყო. მარცხენა მხარეს, მოაჯირთან ახლოს სამაშველო კიბე იყო, წამით მართლაც შევყოყმანდი... მაგრამ გამბედაობა მალევე მოვიკრიბე და მოაჯირს ჩავებღაუჭე.
-ჟამიტა!
ანას მოჩვენებითი სიმშვიდით გავხედე.
-დარწმუნებული ხარ?
-არაფერია სანერვიულო, კიბე ახლოსაა...
მოაჯირს სანახევროდ გადავაბიჯე და ფრთხილად მოვბრუნდი, მომეჩვენა, თითქოს ბინამ რყევა დაიწყო. „დამშვიდდი, დამშვიდდი! ყველაფერი კარგადაა!“- უხმოდ ვუმეორებდი საკუთარ თავს. მზერა ანასკენ გავაპარე. ის დაძაბული იდგა, სახე დამანჭვოდა, წარბები მაღლა აეზიდა და თითებით ქვედა ტუჩს ისრესდა. ღრმად ჩავისუნთქე, მეორე ფეხიც გადავდგი და მოაჯირსმიღმა აღმოვჩნდი. სივიწროვე იყო და თავს ძლივს ვიმაგრებდი. ცივმა ოფლმა დამასხა. კიბეს გავხედე და გული შემიქანდა, როგორც სიზმარში სიმაღლიდან ვარდნისას. თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა: „მოაჯირი რომ მოირღვეს და გადამიყოლოს? კიბისკენ მიახლოვებისას თავბრუ რომ დამეხვას და ძირს გადავეშვა? ვაი, თუ კიბემდე მივაღწიე, ჩემს სიმძიმეს ვერ გაუძლო და მასთან ერთად გადავეშვი... მერე ვინ მიხედავს ბაბუას? ალბათ, არავინ დაიჯერებს რეალურად რაც მოხდა და მკვლელობაში ანას დაადანაშაულებენ...“ თვალი მეზობლისკენ გავაპარე. მომეჩვენა, რომ მასაც იგივე აზრი უტრიალებდა თავში... ვინანე სპონტანური გადაწყვეტილება.
„რა სულელი ხარ, ჟამიტა, თავი გმირი ხომ არ გგონია?!“ - არ მეშვებოდა შინაგანი ხმა, რომლის ინტონაცია, გარდაცვლილ ბებიას მახსენებდა. მომაგონდა ჩვილის სასოწარკვეთილი ქვითინი და შემრცხვა ჩემი სიმხდალის. „დიდი ამბავი, რამდენიმე საფეხურს ავივლი და აივნიდან სახლში შევძვრები, რად უნდა ამას ამდენი დრამა?! ვინ იცის, რა სჭირს პატარას?!“ - თავს ვძლიე, ცალი ხელით კიბეს მივწვდიდა ელვის სისწრაფით მოვწყდი აივანს. გავიგონე, როგორ შეიკივლა ანამ. ვერც კი გავხედე, კიბეს აკანკალებული ვეკროდი.
-ყველაფერი კარგადაა, ნუ ღელავ! მთავარი სირთულე უკვე გადალახე! ძირს არ დაიხედო, წინ იყურე და ძალიანაც ნუ დაიძაბები! არ ინერვიულო, ეს უარესია! - ანა ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ის შეგრძნება გამახსენდა, როცა ექიმი ვენაში ან კუნთში გამიყრიდა ნემსს და მაფრთხილებდა, არ გაინძრე, თორემ ნემსი კანქვეშ ჩატყდება და უარესად გეტკინებაო. ძალა მოვიკრიბე და ტანი ავიზიდე, მაგრამ კიბე აჭრიალდა და შევშინდი.
-ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა! - მამხნევევდა ანა.
თუ ვიჩქარებ, გადარჩენის მეტი შანსი მაქვს-თქო, ჩავთვალე და მეზობლის აივნისკენ დავიძარი. აღარც კი მახსოვს მის მოაჯირთან როგორ მივაღწიე.
-კარგად ვარ, შინ შევალ და შეგატყობინებ რა მდგომარეობაა, აქ იყავი, გთხოვ! - გადავძახე მეზობელს.
-მადლობა ღმერთს! - მოეშვა ანას.
კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბავშვის ტირილი ისევ ისმოდა. ფანჯრის შემტვრევა მომიწია, რომ ხელი შემეყო და კარი გამეღო. შინ შევედი, როგორც ანასთან, აივანს აქაც საამზარეულო ესაზღვრებოდა, გაზის ,,ბალონი“ ანთებული იყო, ალბათ სახლის გასათბობად. დერეფანში შუქი ენთო, იქით წავედი. სააბაზანოს კარი შეღებული დამხვდა, წყლის ჭავლის ხმა და ბავშვის კივილი მომესმა.
-არის აქ ვინმე?! - დავიყვირე და შევვარდი. პასუხი არავის გაუცია. ჩვილი აბაზანაში იდგა, ჭუჭყიანი ბოდე და თათებიანი შარვალი ეცვა, ხმამაღლა ტიროდა და თან ონკანს აწვალებდა. სანამ შინ შემოვაღწევდი წყალი უხვად დაგროვილიყო და მუხლამდე სწვდებოდა. პატარას სახე სულ გაწითლებოდა, გაბრაზებული ჭიმავდა ფეხებს, თითქოს საკუთარი უსუსურობა აბრაზებდა. ჩემმა დანახვამ ერთდროულად გაახარა და დააფრთხო, ტირილი შეწყვიტა. ეჭვის თვალით მიყურებდა, თუმცა წამით ჩასახული იმედის ნაპერწკალი მაინც შევამჩნიე.
-რა ჯანდაბაა?! - აღმომხდა განცვიფრებულს. ბავშვი ხელში ავიყვანე, წყალი მოვკეტე და აბაზანიდან გამოვიყვანე.
საძინებელში სამი საწოლი იდგა, ერთი ორ კაციანი და ორი - თითო ადამიანისთვის გათვლილი. დიდი საწოლი გაშლილი იყო, ბავშვის საბანი ძირს ეგდო. ვივარაუდე, რომ მძინარე ჩვილი სახლში მარტო დატოვეს, მას კი გაეღვიძა, საწოლიდან ატირებული ჩამოძვრა და როგორღაც აბაზანაში შებობღდა.
-დამშვიდდი, პატარავ, დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა! ჩშშ! - ჩემს შეხებაზე გული აუჩვილდა და ტირილს უმატა. მეხვეოდა და პაწაწინა ხელებს ძლიერად მიჭერდა. კარადა გამოვაღე თუ არა, ტანსაცმლის გროვა ძირს გადმოგორდა. ბავშვისთვის სწრაფად მოვძებნე თბილი სამოსი და საფენები, რომელიც იქვე, იატაკზე დაუდევრად ეყარა. სველი სამოსი გამოვუცვალე და სკამზე გადაფენილი ჯემპრით გავამშრალე. თბილად ჩაცმულს საბანი შემოვხვიე. ნელ-ნელა მიწყნარდა. კარი შევამოწმე, გარედან იყო დაკეტილი, ამიტომ დავრწმუნდი ჩემს თეორიაში. პატარა მივიხუტე და აივანზე გავედი.
-ანა, აქ ხარ?
-რა ხდება? მშვიდობაა? - მკითხა მოუთმენლად.
-ბავშვი კარგადაა, როგორც ვივარაუდეთ, შინ მარტო იყო. მე აქ დავიცდი, სანამ ვინმე მოვა და კარს გააღებენ. გარედანაა დაკეტილი.
-ხომ არაფერი სჭირს?
-არა, არა. ანა, ბაბუა ავადაა და მძინარე მარტო დავტოვე, კარი არ ჩამიკეტია, უბრალოდ დავხურე. სანამ აქედან გამოვალ მასთან გაჩერდი, ძალიან გთხოვ.
-არ ინერვიულო, ახლავე სოლომონთან წავალ!
შინ შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. ჩვილს სახეზე სიმშვიდე გადაეფინა, თავი მკერდზე მომადო და თვალები მილულა... პირველადმაშინ ვიგრძენი წვა მარჯვენა ხელის მტევანზე, ფანჯრის გატეხვის დროს გამეჭრა. სიბნელეში კარგად არ ჩანდა, რამდენად ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ სისხლი ჯერ კიდევ მდიოდა.
დიდხანს ვუცქერდი პატარა, უსუსურ არსებას, რომელიც დაბადებიდან ტანჯვისთვის და გაჭირვებისთვის იყო განწირული; მეზიზღებოდნენ მშობლები, რომლებიც დაუდევრად ეპყრობოდნენ შვილს და არ უფრთხილდებოდნენ მის მყიფე ფსიქიკას, არც სათანადოდ კვებავდნენ, აკლებდნენ სითბოს! მეზიზღებოდნენ მეზობლები, რომლებიც თავს ვალდებულად არ თვლიდნენ დაეცვათ ჩვილი და მისი ტირილით შეწუხებულები, საწოლში მხარს იცვლიდნენ, ან თავზე ბალიშს იფარებდნენ… ვუყურებდი პაწაწინა თითებით როგორ მეფერებოდა მძინარე, როგგორ მეკვროდა და ვცდილობდი წარმომედგინა, ვინ იქნებოდა ის წლების შემდეგ. ალბათ, მამამისს დაემსგავსებოდა, ავთოსავით ხორციელი საზრდოს მოსაპოვებლად მუხლჩაუხრელ შრომაში გართული ვერასდროს იგრძნობდა სულიერ შიმშილს, ან უარესი, მთელ ცხოვრებას პარაზიტივით სხვის ჯიბეს შეჩერებული გაატარებდა... წამით გული სიბრალულით გამევსო, ერთ დროს ხომ ლიანაცა და ავთოც ასეთივე უსუსურები იყვნენ, თეთრი ქაღალდივით სუფთები, უბოროტოები... რამ აქცია ისინი იმად, რანიც დღეს არიან? რა აქცევს მათ შვილებს მათნაირ ბინძურ, ამაზრზენ სულებად წლების შემდეგ?! მომინდა პატარა, საყვარელი ბიჭუნა ჩემთან წამეყვანა და არასდროს მეჩვენებინა მისი ფსიქოპატი მშობლებისთვის, დამენახვებინა მისთვის ცხოვრება იმაზე მეტად, ვიდრე სიკვდილთან ბრძოლაა...
და მაინც, ვინ გახდებოდა ის, წლების შემდეგ? იქნებ, ის, ვინც შეცვლიდა სამყაროს?
კარის ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია. მასპინძელი შინ გარიჟრაჟზე დაბრუნდა, თავის გასამართლებლად მოიმიზეზა, აფთიაქში გავედი 2 წუთითო. ვუთხარი, რომ იმ დღის შემდეგ გავაკონტროლებდი და საჭიროების შემთხვევაში ვუჩივლებდი კიდეც, აქვითინებული მუხლებში ჩამივარდა, ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს, მომკლავს უეჭველადო.
ანამ დანაპირები შეასრულა, ჩემს დაბრუნებამდე ბაბუას გვერდიდან არ მოშორებია, მოკლედ ვუამბე მომხდარზე და კარამდე მივაცილე.
-ჟამიტა, - ზღუბრლზე შედგა და ჩემსკენ მობრუნდა - მამაცი გოგო ხარ! შენნაირი ადამიანები ბევრი არ არიან. მჯერა, რომ სამყაროს შეცვლი. - მითხრა და წავიდა.
უჩვეულო, მომნუსხველი ღამე იყო. მეჩვენებოდა, თითქოს მზის სხივებმაც ვერ გაფანტეს სიბნელე. როცა კარი დავკეტე და მოვბრუნდი, ჩემს წინ აღმართული სილუეტი დავინახე. ელდა მეცა, მეგონა სოლომონს ეძინა. ინსტინქტურად, ხელის ერთი მოძრაობით ავანთე შუქი და ბაბუას მივაშტერდი. ზღვისფერი თვალებიდან ისეთ სითბოს ასხივებდა, ისე ხარბად მიყურებდა, თითქოს დიდი ხნის მონატრებულს უკანასკნელად მხედავდა. ბაბუა ფეხშიშველი იდგა, ხელები ნიკაპთან ახლოს მიეტანა, მხრები აებუზა.
-ბაბუა?! მეგონა გეძინა.
-ანამ მომიყვა რაც გააკეთე... - სახეზე სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა. - შენთვის უკვე დიდი ხანია ტვირთად ვიქეცი... - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-არა, ამას ნუ ამბობ..
-მოდი ჩემთან, - ჩაახველა და ხელები გაშალა. აშკარა იყო, რომ გონზე იყო. გაუბედავად მივუახლოვდი, მეშინოდა, რომ კვლავ ყველაფერი დაავიწყდებოდა. გულში ჩამიკრა და ხმადაბლა, ჩურჩულით მითხრა - მალე წავალ, ძალიან მალე...
ცრემლები ვერ შევიკავე, პატარა ბავშვივით ავქვითინდი. მოხუცი მშვიდად იდგა და იქამდე მეხვეოდა, სანამ მეც დავწყნარდი, მერე კი შუბლზე მაკოცა, ქვეშაგები დამოუკიდებლად გაასწორა, გულაღმა დაწვა, თვალები დახუჭა და დაიძინა.
კედლის საათს შევხედე, რვის ნახევარი იყო, სიამოვნებით მივუწვებოდი გვერდით მონატრებულ ბაბუასს და მასთან ერთად დავიძინებდი, მაგრამ სასწავლებელში დამაგვიანდებოდა.
გამხმარი სისხლი ცივი წყლით ჩამოვიბანე, სპირტიანი ბამბით დამუშავების დროს ჭრილობა კვლავ ამეწვა, ტკივილის შეჩერება ჰაერის ნაკადით ვცადე - სული შევუბერე, მერე მშრალი, სტერილური საფენით შევიხვიე, ჩავიცვი, ყავა დავლიე, საუზმე გავუმზადე სოლომონს, პატარა, მწვანე ფურცელზე დავწერე ჩემი დღის განრიგი, მივუთითე შინ დაბრუნების დრო და შეტყობინებების დაფაზე გავაკარი სხვადასხვა ფერის ფურცლებთან ერთად. “შეტყობინებების დაფის” არსებობა, ბაბუას ეხმარებოდა მძიმე დაავადების, ალცჰაიმერის მიუხედავად ცხოვრების გაგრძელებაში.
ლექციებიდან გამოსული, სამსახურში წასვლამდე, სახლისაკენ გავეშურე. ქარიანი ამინდი იყო, შემოდგომის სუსხნარევ ნიავს ხეებზე ფოთლები სულ მთლად შემოეძარცვა. სახლში მივდიოდი, თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ მქონია ის იმედისმომგვრელი განცდა, როცა იცი, რომ სადღაც სახლია, სადღაც გელიან... ავიარე ბეტონის კიდურებ ჩამომტვრეული კიბე, ბნელ, ჭუჭყიან დერეფანში მეზობლებს ძონძები გამოეფინათ გასაშრობად, ზოგან ხის კარადებში ქვაბები და თასები მოეთავსებინათ.
-გამარჯობა, ჟამიტა! - მეგობრულად მომესალმა მოსაზღვრე მეზობელი, ლიანა. კართან გაბმულ თოკზე დარეცხილ ტანსაცმელს სამაგრებით ჰკიდებდა. ლიანას ალერსიანი საალამი სიყალბით იყო გაჟღენთილი, ისე მიყურებდა, როგორც მაგიდის კუთხეში დადგმულ მსხვრევად ჭურჭელს. მისი უბადრუკი ცხოვრება, ჩემს ხელში იყო, მართლაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შემეძლო გამენადგურებია და მან ეს იცოდა. ლიანა ჩემი პასუხის მოლოდინში ისე დაიძაბა, სულ დაავიწყდა რას აკეთებდა და უხერხულობის დასაფარავად უკვე გაფენილი ძონძების შესწორება დაიწყო.
-გაგიმარჯოს, ლიანა! - მივუგე ცივად და გასაღები გადავაბრუნე.
შინ შესულს საწოლთან დადგმული საჭმელი ხელშეუხებელი დამხვდა. სოლომონი ზუსტად ისე იწვა, როგორც დავტოვე.
-ბაბუა! ხომ კარგად ხარ?! - დავუძახე და კარი შიგნიდან ჩავკეტე. - ბაბუა! - ფეხზე გავიხადე, ჩანთა კართან დავაგდე და ოთახში შევედი. მივუახლოვდი, მოხუცი გაუნძრევლად იწვა, სიკვდილის ფერი გადაკვროდა სახეზე, თავზარი დამეცა...
სოლომონი, თითქოს დიდი ხნის წინ დავკარგე, მაგრამ მთელი ეს დრო ჯიუტად ვებრძოდი რეალობას... იმ მომენტში, როცა საბოლოოდ გავაანალიზე, რომ ის წარსულის ნაწილი გახდა, ტკივილი ბევრად უფრო ძლიერი, მომნუსხველი და გაუსაძლისი გახდა, ვიდრე თავდაპირველად. ის იყო ჩემი ოჯახი, სახლი, ბავშვობასთან დამაკავშირებელი ძაფი, იმედი და მოგონება. მარტოობის განცდა ლოდივით დამაწვა სინანულითა და ტკივილით გაღრღნილ გულზე. შემზარავი ხმა აღმომხდა და მუხლებზე დავეცი...
სამყარო, ერთი დიდი ორგანიზმი, რომელსაც სრულიად უცვლის სახეს თითოეული უჯრედის ყოფნა-არ ყოფნა, შეიცვალა, სულ სხვანაირი გახდა იმ წამსვე. ვერც ერთი სიცოცხლე ვერ შეცვლის მეორეს. კაცობრიობა ჯაჭვივითაა, რომლის თითოეული რგოლი უნიკალურია, შეიძლება გავდეს მეორეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება იდენტური.
გგონიათ დიდ ძალისხმევას მოითხოვს სამყაროს შეცვლა? ცდებით, სინამდვილეში ეს იმდენად ყოფითი ჩვეულებაა, აღსაღნიშნავიც არაფერია. ყოველი ახალშობილი უცვლის იერსახეს გალაქტიკას ისევე, როგორც ყოველი გარდაცვლილი და ასე გრძელდება უსასრულოდ, ანუ ჩვენი ცნობიერების საზღვრებამდე...
...და მაინც, რისთვის ვიბადებით ადამიანები? რა მისია გვაქვს, ან რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას, თუ ბოლოს მაინც ყველას მიწა გვშთანთქავს?
იმ ღამით სიკვდილის ანგელოზი მესიზმრა, დაეხეტებოდა ბნელ დერეფნებში... სიზმარში ციოდა, ძლიერი ქარი ქროდა. დავინახე, ლიანასა და ავთოს სახლის კარი როგორ შეაღო და მეც შევყევი. ცოლ-ქმარი ჩხუბში ისე გართულიყო არც შემოუხედავთ. მათთან ერთად იყვნენ შვილებიც. ვერავინ გვხედავდა, მხოლოდ უმცროსმა შეგვამჩნია და გულუბრყვილოდ გაგვიღიმა. სიკვდილის ანგელოზი მიუახლოვდა მას, ხელში აიყვანა და აივნისკენ გაეშურა, მინდოდა დამეყვირა და ვერაფერს ვამბობდი, მინდოდა გავქცეულიყავი, თუმცა ადგილიდან ვერ დავიძარი, სანამ ჩვილი აივანზე არ გაიყვანა. როგორც კი ძალა დამიბრუნდა, დავედევნე, ატირებული ჩვილი გამოვგლიჯე და გულში ჩავიკარი. სიკვდილის ანგელოზი წამში გაქრა, ჩემს აივანზე გამოჩნდა, ამჯერად სოლომონი დაეტყვევებინა და მასთან ერთად ელვის სისწრაფით სიბნელეში გაუჩინარდა.