-აღარ მეგონა, ოდესმე ისევ თუ შევხვდებოდით…
ხის, მრგვალ მაგიდასთან ვისხედით, გარეთ ციოდა, ფანჯრიდან წვიმით დანამულ ნაცრისფერ ქალაქს გავყურებდი.
-ქალაქში არ ვიყავი… - მიმტანი მოგვიახლოვდა.- რას დალევ? -მკითხა ზაზამ.
-ერთი ლატე - ვუთხარი მიმტანს.
-და ერთი ამერიკანო, თუ შეიძლება. - დაამატა თავაზიანად.
მარტო დავრჩით თუ არა ვკითხე:
-ნუთუ, ერთი თვის განმავლობაში ერთი ზარისთვის ვერ გამონახე დრო?
-ააამ.. მაპატიე, არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა.
მივხვდი, არასწორად გაიგო, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი:
-ზაზა, რა მოხდა იმ ღამეს?
თვალები გაუფართოვდა, თავი უკან გადაწია და შეშინებულმა შემომხედა.
-რას გულისხმობ?
ვერ გამეგო, თავს ისულელებდა თუ მართლა არაფერი ესმოდა.
-კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. - ვთქვი მკაცრად და მის რეაქციას დავუკვირდი.
-არ მიყვარს გამოცანებით ლაპარაკი - მომიგო მტკიცედ და წინ გადმოიხარა. - ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, სასიამოვნო დრო გავატარეთ, ცოტა დავლიეთ და ვილაპარაკეთ, სულ ეს იყო… - მხრები გაშალა, სახეზე წამიერად ღიმილი გაუკრთა და კვლავ დასერიოზულდა.
-ხუმრობ?
-მისმინე, მეორე საღამოს უკრაინაში წავედი, 10 დღის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში ჩამოვფრინდი, იმ ღამეს სახლში დავრჩი, მომდევნო დღეს თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ დედაჩემს ნაღვლის შეტევა დაემართა, სასწრაფოდ საოპერაციო აღმოჩნდა და ოპერაციის შემდეგ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მკაცრი დიეტა დაუნიშნა ექიმმა, სუსტად იყო…
ადამიანმა ასე დამაჯერებლად რომ გაისულელოს თავი, ვფიქრობ შეუძლებელია. ჩანდა, მან მართლაც არაფერი იცოდა და ამ ფაქტმა შემაშინა, რადგან ის იყო ერთადერთი ვისგანაც შეიძლებოდა პასუხი გამეგო.
-მაპატიე… უბრალოდ, მოხდა რაღაც და მეგონა... იმედი მქონდა შენ დამეხმარებოდი…
-რა მოხდა?
-ბარიდან რომ გამოვედი, ვიღაც დამედევნა… - ტუჩზე ვიკბინე, მაშინვე ვინანე რაც ვთქვი.
-რაა? - თვალები გაუფართოვდა.
-ვინ იყო არ იცი?
-არა…
-რა გითხრა, რა გააკეთა?
წამით ვიფიქრე, რახან დავიწყე, სიმართლეს ბოლომდე მოვუყვები, რამის გარკვევაში თუ ვერ დამეხმარება, გულზე მაინც მომეშვებათქო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ არ ღირდა. დიდი ალბათობით, არ დამიჯერებდა… ან, თუ ოსტატურად მატყუებდა, მე კი გულუბრყვილოდ ვუამბობდი, იმას რაც ისედაც იცოდა, უთუოდ დამცინებდა.
სანამ ვყოყმანობდი, ზაზა წარბებ შეეყრილი, თვალებგაფართოვებული ელოდებოდა პასუხს.
-დაივიწყე.
ყავა მოიტანეს.
-ჟამიტა, სახეზე შეძლებ იცნო? - მითხრა დაძაბულმა.
“ნეტა, მართლა ჩემი დახმარება უნდა, თუ საფრთხის განსაზღვრას ცდილობს?!”…
-კი - ვიცრუე და ყავაში შაქარი ჩავყარე.
სიგარეტს მოუკიდა, მობილური ამოიღო, რაღაც აკრიბა, ეკრანი ჩემსკენ შემოაბრუნა და ათლეტური, მელოტი კაცის ფოტო მანახა. იქნებოდა 37-38 წლის, თვითკმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, მთების ფონზე იდგა ამაყად, სპორტული შარვალი და “რემბო” მაისური ეცვა, შუბლს შავი მზის სათვალე უმშვენებდა.
-ეს ხომ არ იყო?
-ეს ვინ არის?
-“არტერიის” დაცვის თანამშრომელია, ცოტა მექალთანეა, ეარშიყება ხოლმე გოგოებს… ამიტომ ვიფიქრე... გაგონდება?
-არა!
რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მერე თითქოს გონება გაუნათდა - ვიღაცის ნომერი აკრიბა და ხელით მანიშნა, დამელოდეო.
-არ პასუხობს. - ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და შეწუხებულმა სიგარეტი საფერფლის ფსკერზე ჩააქრო. კიდევ მოუკიდა.
-მოწევ?
-კი. - მეც მომიკიდა. - სამსახურიდან რატომ წამოხვედი?
-ყველგან ერთი, ორი ან მაქსიმუმ სამი თვით ვმუშაობ ხოლმე, შვებულებისთვის საჭიროა ერთი წელი იმუშავო, მე კი ამდენი ხანი ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია, ხშირად ვმოგზაურობ. ამიტომ, ვმუშაობ ერთი მოგზაურობიდან მეორე მოგზაურობამდე, მერე ზოგჯერ გათავისუფლებას ვითხოვ, ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ასიდან 95 შემთხვევაში უარს ვიღებ და მოვდივარ სამსახურიდან.
-როგორ ახერხებ ამდენი სამუშაო ადგილის ნახვას, როცა ქვეყანაში ხალხი უმუშევრობის გამო სიღატაკის ზღვარზეა?
-შეუპოვრობით, - გაეცინა. - ვინც ეძებს, ის პოულობს. ხშირად მეც უმუშევარი ვარ, თუმცა ყველა შესაძლო გზას მივმართავ, რომ დამსაქმებლები დავითანხმო, როცა ამიყვანენ და მალევე თავს ვანებებ მუშაობას, ყოველთვის გაოგნებულები რჩებიან.
ორივეს გაგვეცინა.
-გავარკვევ ვინ იყო.
მოსვენება დაკარგა, ხან ერთ ფეხს შემოიდებდა მეორე მუხლზე, ხან- პირიქით.
- უბრალოდ, იქნებ ცოტა უფრო კონკრეტულად მითხრა, რა მოხდა? რამე გითხრა, თუ…
-როგორ გაარკვევ? - გავაბოლე.
-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს მოვაძებნინებ დაცვის თანამშრომელს, თუ არის შენახული. გახსოვს ზუსტად, რა რიცხვი იყო?
-19 ნოემბერი იყო… - მივუგე მშვიდად.
-გაჩვენებ. თუ ვინმე ბარიდან იყო, იქნებ ამოიცნო, რამეს მოვახერხებ.
-მადლობა, რომ მეხმარები… - ყავა მოვსვი. - დედა როგორაა?
-უკეთაა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-ანუ, ახლა სამსახურს ეძებ? - სასაუბრო თემის შეცვლას ვცდილობდი.
-კი. - ვგრძნობდი, მისი ფიქრები სხვაგან იყო.
-ესპანეთში მივემგზავრები.
-რაა?
-ესპანეთში მივდივარ. - გავიმეორე, ისე, თავადაც არ მჯეროდა ჩემი სიტყვების. ბინდდებოდა, წვიმის წვეთებს ნათლად ვხედავდი მანქანების ფარების შუქზე. ფეხით მოსიარულე არავინ ჩანდა. როცა წვიმს, ყველას სახლისკენ მიეჩქარება.
-როდის? რატომ?
-დეკემბერში. ამენადიელ ბაგრატიონზე გსმენია რამე? - წარბები შეყარა და თვალები მოჭუტა, - ესპანეთის არქეოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელია, ქართველი სტუდენტების დასასაქმებლად ჩამოვიდა ცოტა ხნის წინ.
-აჰა, როდის დაბრუნდები?
-ერთი წლით მივდივარ, თუმცა, სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი დავბრუნდები თუ არა. დიდი ხანია, ვოცნებობ აქედან წასვლაზე.
-მოგზაურობა ჩემი ცხოვრების რითმია, თავგადასავლები, ახალი შთაბეჭდილებები, გამოცდილება… მაგრამ მაინც… ყოველთვის უკან ვბრუნდები, სამშობლოში. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.
-სამშობლო იქაა, სადაც მშობლებია. ბრუნდები იქ, სადაც - გელიან…
პირი გააღო, თითქოს რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. რამდენიმე წამის შემდეგ მკითხა:
-ოდესმე ყოფილხარ საზღვრებს გარეთ?
-არასდროს.
-წინ დიდი შთაბეჭდილებები გელის. - მომეჩვენა, თითქოს ღიმილში სევდა შეერია.
-როგორი გრძნობაა?
-დიდებული გრძნობაა! - ყავა მოსვა და სავარძელში ჩაესვენა. - თავგადასავალი მაშინვე იწყება, როგორც კი ზურგჩანთას მოიკიდებ მხარზე. სხვა განზომილებაში გადადიხარ, მთელი სხეულით გრძნობ, რომ მზად ხარ გარდაიქმნა.
-გარდაიქმნა?
-კი, ყოველი მოგზაურობის შემდეგ ახალი ადამიანი ხარ, იცვლები.
-ამბობ, რომ სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა მოირგო? ამ აზრს არ ვიზიარებ.
-არა, არა! ეს სულ სხვა რამეა… - მარჯვენა იდაყვით მუხლს დაეყრდნო და მზერა ჭერისკენ მიმართა. - წარმოიდგინე, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მუდმივად ახალი წევრები ემატება. ჯგუფის შემადგენლობა, თითოეული წევრის შემატების შემდეგ ახალია. ასეა მოგზაურიც - ყოველი ვოიაჟი ახალ პერსონას გძენს. სამყაროს ახალი რაკურსით ხედავ.
-უკრაინაში რატომ იყავი?
-ჩერნობილში დავბრუნდი...
თვალები გამიფართოვდა.
-ჩერნობილში და-ბრუ-ნდი?
-ჩერნობილის ზონა ერთი ნახვით შემიყვარდა. პირველი ვიზიტის შემდეგ, საქართველოში დავბრუნების დღიდან ნოსტალგია მტანჯავდა. ყოველთვის, როცა თვალს მოვხუჭავდი, სიზმრებში გაფუჭებული ფირივით ტრიალებდა იქ გადამხდარი ისტორიები. ჩემი პირველი ვიზიტი ამ მიტოვებულ უსიცოცხლო ქალაქში, ბავშვობის ოცნების ასრულება იყო ახლა, მესამედ ვიყავი, უკვე ჩერნობილის ზონაში მოგზაურობა ჩემთვის განტვირთვად იქცა…
არაფერი მითქვამს, უბრალოდ ცნობისმოყვარეობით წამონთებული თვალები მივანათე და გავირინდე. მინიშნებას მიმიხვდა და თხრობა დაიწყო:
-მე ჩერნობილს დავარქვი ჯოჯოხეთური სამოთხე. უკაცრიელი, სევდიანი ადგილია… როცა ჩერნობილის ქუჩებში დააბიჯებ, წარსული გესახება, იქაურობის წარსული. ერთ დროს, ხომ იქაც ისე ჩქეფდა სიცოცხლე, როგორც მთელს მსოფლიოში - ახლა. - ორივემ ფანჯარას შევხედეთ, ცის ნათებას ძლიერი, გრუხუნის ხმა მოჰყვა. კოკისპირულად წვიმდა.
- 1986 წელი, 26 აპრილი.
მზის ამოსვლა, ქალაქის გაღვიძება.
ბავშვები ბაგა-ბაღებში…
მოზარდები სკოლებში…
დიასახლისები სახლებში…
ყველაფერი ჩვეულებვრივად, ისე როგორც ყოველთვის ხდება…
…და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა!
“– Алло. Это ВПЧ-2?
– Да.
- Что у вас там горит?
– Взрыв… на главком корпусе… между третим и четвертым блоком.
– А там люди есть?
– Да…”
მეოთხე ატომური ელექტროსადგურის აფეთქებიდან, 36 საათის შემდეგ დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. მთელი ეს დრო, საბჭოთა ხელისუფლება სიმართლეს თვალს არ უსწორებდა, მათი სიმხდალის გამო ათასობით ადამიანმა მიიღო დასხივება და უმრავლესობამ სიცოცხლე ტანჯვით დაასრულა. პრიპიატის ბინადრებს სჯეროდათ, რომ სახლებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდნენ და ყველაფერი ხელშეუხებლად დატოვეს - მხოლოდ 3-4 დღის საგზური წაიღეს მშობლიური ქალაქიდან. იქ 1986 წლის პანიკა დღემდე სუფევს.
ჩერნობილი ტრაგიკული ისტორიების სკივრია… თუმცა, რეალურად, გარემო, რომელიც ადამიანებმა მიატოვეს ყველაზე სუფთა და მშვიდია. იცი რა მიზიდავს ყველაზე მეტად იქ? სიმშვიდისა და ადრენალინის ჰარმონია! თუ გინდა ამ სამი სიტყვის კავშირი დაინახო და გაიაზრო, იქ უნდა წახვიდე.
-როგორ შეიძლება ჩერნობილში მოხვედრა?
-იქ შესაღწევად ორი გზა არსებობს, პირველი - მარტივი და არცისე საინტერესო: ტურისტული ექსკურსია; მეორე - სახიფათო, თუმცა ემოციური და დაუვიწყარი…
როგორც უკვე გითხარი, პრიპიატში წასვლაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ჯერ კიდევ სოლაში ვსწავლობდი, როცა სტალკერების ვიდეოების ყურება და ბლოგების კითხვა დავიწყე ინტერნეტში. პირველი მოგზაურობისთვის ნახევარი წელი ვემზადებოდი.
ვიყიდე 75 ლიტრიანი სალაშქრო ზურგჩანთა, დამატებითი და ერთი თავზე დასამაგრებელი ფანარი, ორი 12000 მილიამპერიანი Power bank-ი, იაფასიანი , მსუბუქი საძილე ტომარა, დასაკეცი დანა, ჩანგალი-კოვზი, თერმო ჭიქა, ფანრები, ელემენტები, ფოტო-ვიდეო მასალისთვის საჭირო ინვენტარი, სამხედრო ჩექმა და ფორმა, პორტატული დინამიკი და საქართველოს დროშა. თბილისიდან ბავშვობის მეგობართან, კესოსთან ერთად წავედი, კიევში მეგობართან ალექსეისთან დავრჩით, იქ ვიყიდე რადიომეტრი «Припять» РКС-20.03 და წყლის ფილტრი. გამყიდველი 67 წლის ჭაღარა თმიანი ქალი იყო, ტანია. გრძელი, ვერცხლისფერი თმა უკან გადაეწია და ბავშვივით, ცხენის კუდად შეეკრა. ხელებზე სვირინგები ჰქონდა, რაღაც რიცხვები და თარიღები ეწერა. ვნებიანი თვალებიდან, მგზნებარე წარსულს ასხივებდა. ბავშვივით გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ქართველები ვიყავით, ქართველ საყვარელზე გვიამბო. უამრავმა წელმა განვლო მას შემდეგ, მაგრამ სიკვდილამდე მემახსოვრებაო, ამბობდა.
-უკრაინელი იყო?
-ნახევრად რუსი. უკრაინელი დედა ჰყოლია. ქართველი კაცები, შეუდარებლები არიანო გვაქებდა. - გაეცინა.
-მაინც ვერ ვხვდები, რატომ იზიდავენ ასე ერთმანეთს ქართველი კაცები და რუსი, ან უკრაინელი ქალები.
- არვიცი… არის რაღაც მუხტი. - გაიცინა. - მოკლედ, ვიყიდე პირადი ჰიგიენის ნივთები, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ბრილიანტის მწვანე, იოდი, სპირტი, ბამბა, ბინტი, მოწამლის და ფაღარათის საწინააღმდეგო, კუჭის წვის, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი აბები. ეს არის მინიმალური ნაკრები რაც აუცილებლად უნდა წაიღო ჩერნობილში, რადგან, ქალაქი ცარიელია და მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული. ჩერნობილში გარეული ცხოველების გარდა, ადამიანებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
-ჩერნობილი ხომ მიტოვებული ზონაა?
-კი, თუმცა ტერიტორიას ხშირად სტუმრობენ მეტალისტები და არალეგალური ხის მჭრელები, ხალხი ჩერნობილში იპარავს რკინას და ჯართში აბარებენ, ხშირად ძარცვავენ ბინებს, საყოფაცხოვრებო და ძვირადღირებულ ნივთებს შავ ბაზარზე ყიდიან, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგან რეგიონი დღემდე რადიოაქტიურად დაბინძურებულია. ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უგულებელყოფით ჯიბის გასქელება, სისასტიკეა და კანონით ისჯება. ცხადია, ზედმეტი მოწმეები არავის სჭირდება და მსგავსი შემთხვევები, არაერთხელ დასრულებულა ფატალურად.
მოკლედ სუპერმარკეტთან შევიკრიბეთ 8 სტალკერი, ვიყიდეთ კონსერვები, წყალი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ყავა, სხვა მარტივად მოსამზადებელი პროდუქტები და ავტოსადგურისკენ გავეშურეთ.
-იმედია ყველას გახსოვთ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა გვეკრძალება... - მოგვმართა ალექსეიმ ხმადაბლა და როცა ყველანი მივუახლოვდით ჩურჩულით გააგრძელა - ვიყოფით ოთხ-ოთხად, მინიშნებითაც კი არავინ ლაპარაკობს ჩერნობილზე, ვიქცევით როგორც ჩვეულებვრივი ახალგაზრდები! ყველანაირად მოერიდეთ ყურადღების მიქცევას! “სტალკერ” ტაქსით ჯერ მე, ზაზა, კესო და ივანე შევალთ, შემდეგ წამოხვალთ თქვენ. სანამ ერთმანეთს შევხვდებით, გახსოვდეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ფანრების გამოყენებას.
-თუ დაგვიჭერენ, არ ჩავბარდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს! - დაამატა პეტრემ...
ავტოსადგურზე კესომ ფორმიან, ნაციონალური გვარდიის წარმომადგენელზე მიმანიშნა, ჩვენ ვიცოდით, რომ ის მგზავრებს უკვირდებოდა და ტურისტულად ჩაცმულ ახალგაზრდებზე ინფორმაციას გადასცემდა.
-შეხედე, იულიას უთვალთვალებს. - დაიჩურჩულა ქართულად.
-დაიკიდე, ყურადღებას ნუ მიაქცევ... - ვუთხარი ღიმილით, ბუნებრივად და თვალი ჩავუკარი.
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ყველა ჩვენ გვაკვირდებოდა, ყველა ჯაშუშად და პოტენციურ ჩამშვებად მეჩვენებოდა. ფანჯრიდან ვუცქერდი სოფელი “ივანოვკასკენ” მიმავალ ბილიკებს და ემოციებისგან ვთრთოდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ოცნებები რეალობად იქცა, თავი სიზმარში მეგონა.
ტაქსი დანიშნულების ადგილზე დაგვხვდა და სოფლის ბოლოში დაგვტოვა. მანქანიდან ფეხაკრეფით ჩამოვედით და გზას გავუყევით.
-ჯანდაბა, სადაა პორტატული გადამცემი? - წამოიძახა ივანემ.
-რა გაყვირებს, ჩუმად იყავი! - უსაყვედურა შეშინებულმა კესომ.
-პორტატული გადამცემი შენ არ გაქვს? - ალექსეის წყრომა ჩურჩულშიც შესამჩნევი იყო.
-ამის დედაც, ნიკოლთან დამრჩა.
-კარგი, - ვთქვი მოჩვენებითი სიმშვიდით. - მეორე შენ ხომ არ გაქვს, კესო? ვის აქვს მეორე გადამცემი?
-მეორე იულიასთანაა. - კბილებში გამოსცრა ალექსეიმ.
კესომ ტელეფნი ამოიღო, ზურგჩანთა ასფალტზე დადო, ჯერ ეკრანს დახედა, მერე ხელი მაღლა ასწია და წინ წავიდა.
-გაჩერდი, აზრი არ აქვს. აქ არ იჭერს ტელეფონი. ცოტახანი დაველოდოთ, თუ არ გამოჩნდებიან, მერე წავიდეთ და სადმე აუცილებლად გადავაწყდებით. - გადაწყვიტა ალექსეიმ.
-ტყეში გადავიდეთ და გზას გავუყვეთ, აქ ნუ შევყოვნდებით, შესაძლოა ვინმემ შეგვამჩნიოს. - ივანე ცოტათი იმპულსური, მაგრამ გამოცდილი სტალკერი იყო. უსიტყვოდ გავყევით, სამანქანო გზიდან ისეთი დისტანციით ვმოძრაობდით, რომ გუნდის წევრები დაგვენახა, ფეხაკრეფით მივიკვლევდით გზას ალისფერი ფოთლებით წამონთებულ ტყეში, თან რადიაციას ვაკონტროლებდით.
ბინდდებოდა, როცა მანქანის ფარების შუქი შევნიშნეთ. მაშინვე დავიმალეთ, მე და კესო ერთად აღმოვჩნდით, ალექსეი და ივანე ერთად, მოშორებით. მანქანიდან ფორმიანები გადმოვიდნენ.
-ვიცით რომ აქ ხართ! - დაიყვირა ერთმა და იარაღი მოიმარჯვა.
ელდა მეცა, მეგონა გული მუშაობას შეწყვეტდა და ვიცოდი, ზუსტად იგივეს გრძნობდნენ ჩემი მეგობრებიც.
-გამოდით, თორემ გესვრით!- გარინდულები ვიყავით, ერთმანეთის სუნთქვის ხმაც კი გვესმოდა. .
-გირჩევთ ბრძანებას დაემორჩილოთ, გამოდით!
სროლას არ აპირებდნენ, უბრალოდ ჩვენს შეშინებას ცდილობდნენ მაგრამ წამებში უამრავმა აზრმა გამიელვა… სუნთქვის შეკავებას ვცდილობდი, თუმცა განერვიულებულს სუნთქვა უფრო და უფრო მიხშირდებოდა. ბოლოს სახეზე ხელები ავიფარე ქოშინის ჩასახშობად...
ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ, ამოწმებდნენ ბუჩქებს და გარშემო უვლიდნენ ხეებს.
-გიბრძანებთ ჩაგვბარდეთ! - დაიყვირა ერთ-ერთმა და შედგა. რამდენიმე წამის განმავლობაში, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ბუნების ხმები არღვევდა. მერე მეორემ რაღაც თქვა, ვერ გავარჩიე სიტყვები, თუმცა შეწყვიტეს მუქარა, ორივე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
მათი წასვლის შემდეგ, ალბათ რამდენიმე წუთი ვიწექით გაუნძრევლად, თუმცა ლოდინის დროს, წამი საუკუნედ გეჩვენება ადამიანს. ბოლოს, როგორც იქნა ჩვენს შორის ყველაზე გამოცდილი და გაბედული, ალექსეი წამოდგა.
-მივდივართ , - წამოიძახა და ტყისკენ უსიტყვოდ გავყევით.
საბედნიეროდ გზას მთვარის შუქი გვინათებდა. აქა-იქ, შორიდან ძაღლების ყეფა ისმოდა.
დროის შეგრძნება დავკარგე, არვიცი რამდენ ხანს ვიარეთ, სანამ პატარა ხის ქოხი მოხვდა ჩვენი მხედველობის არეალში.
-შეხედეთ! - გაბედნიერდა კესო.
-ფრთხილად... სახლს უნდა შემოვუაროთ და შევამოწმოთ, სანამ დავრწმუნდებით, რომ ცარიელია, შესვლა ...
-სახლი ცარიელია.- ივანემ ალექსეის სიტყვა შეაწყვეტინა.
-როგორ ხვდები? - თვალები დავაწვრილე და ქოხს დავუკვირდი, განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე.
-დიდი ხანია არავინ ყოფილა... - ალექსეის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ივანეს თავდაჯერებული ტონი აღიზიანებდა.
-ამას როგორ მიხვდი? გგონია მეტალისტები, ან სტალკერები სადაც ბინავდებიან გაზონს კრეჭენ და ეზოში ბაღს აშენებენ?
-გამომყევით. - ივანე პირდაპირ ქოხისკენ გაეშურა.
-მოიცა, მოიცა! - გზაზე კესო გადაეღობა. -ივა, მესმის, რომ ქოხი შეიძლება უკაცრიელი იყოს, მაგრამ რატომ იგდებ თავს საფრთხეში, როცა შეგვიძლია უსაფრთხოების ზომების დაცვით ვიმოქმედოთ?
-ივანე, არ შეიძლება ასეთი ინდეფერენტული დამოკიდებულება საკუთარი და თანაგუნდელების უსაფრთხოებისადმი, სტალკერული გაერთიანებაა თუ ნინიას ბაღი?! - მეც ჩავერიე, თუმცა ივანემ ყური არავის დაგვიგდო და ქოხისკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა.
-ეი, ეი! -დავედევნე, მისმა ბავშვურმა გამოხტომამ ისე გამაღიზიანა, მზად ვიყავი ერთი ლაზათიანად მომედო ყბაში, ალექსეის რომ არ შევეჩერებიე.
-შეეშვი.
-შევეშვა?! მეგონა ყველა ჩვენგანს გაცნობიერებული ჰქონდა სად მოვდიოდით, რომელი გამოცდილი სტალკერი იკიდებს ფეხზე უსაფრთხოების წესებს? თავი სად ჰგონია მაგ ქათამს? მოდი და პასუხი გამეცი, თაგვივით რომ გამეპარე! მოდი თუ კაცი ხარ! - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემში დალექილი ემოციები ლავასავით მოედო მთელს სხეულს და ვულკანმა ამოხეთქა. ვერ მივხვდი ყვირილი როდის დავიწყე, როცა გონს მოვედი, აღარაფერი მესმოდა საკუთარი ხმის გარდა, კესო და ალექსეი კი ჩემს გაკავებას ცდილობდნენ. -შემეშვით!
ივანეს უკვე ქოხამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა ყვირილი შევწყვიტე და მეგობრების მოგერიება ვცადე, თუმცა ისინი ხელს არ მიშვებდნენ. -ჰეი შემეშვით! - კესომ ხელები ძირს ჩამოუშვა და ადგილზე გაქვავდა. - გამიშვით-მეთქი ბიჭო! - დავუყვირე ალექსეის.
-მოკეტე! - კბილებში გამოსცრა კესომ ისე, რომ ზედ არ შემოუხედავს. ვერ მივხვდი რა ეცა, ალექსეიც მომეშვა, როგორც იქნა და კესოს მივუბრუნდი ვაპირებდი მეთქვა, რამ გაგაქვავა-მეთქი, მოულოდნელად უცნაური, ღრიალის მსგავსი ხმა მომესმა.
-დათვი! დათვი! - დაიყვირა ივანემ, რომელსაც უკვე როგორღაც ქოხი შეემოწმებინა და აივანზე ჩვენს მოსაპატიჟებლად გამოსულს მტაცებლის სილუეტი შეენიშნა.
-გაიქეცით! - აღმოხდა ალექსეის და ისე მოვწყდით ადგილიდან, უკან არ მიმიხედავს. ივანესკენ მივრბოდით, ეს არ იყო უსაფრთხო თავშესაფარი თუმცა ალტერნატივა არ არსებობდა. მივრბოდით და გაშმაგებული მხეცი მოგვსდევდა...
მანამდე არასდროს მენახა მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ. სულ დამავიწყდა დაღლილობა, ფეხებზე გამოსული წყლულები, ბრაზი რუსი თანამეგზურისადმი, ტვირთი რომელიც მხრებზე მეკიდა... და საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. თვითგადარჩენის ინსტიქტმა გარდამქმნა, იმ მომენტში, მეც იმ მხეცს დავემსგავსე. ადრენალინმა გონება დამიბინდა, მახსოვს როცა გამოვფხიზლდი ოთხივე ხის ქოხის სარდაფში ვიყავით გამოკეტილები, ზემოდან კი დათვის ღრიალი და ტორების ხმაური ისმოდა.
ის ღამე სარდაფში გავატარეთ. შუაღამე იქნებოდა, როცა დათვის ღრიალი შეწყდა და ჩვენც ემოციებისგან, ფიზიკური გადაღლილობისგან გამოფიტულებს ჩაგვეძინა. სარდაფში ძალიან სივიწროვე იყო, ერთმანეთს ვეკროდით, თუმცა სიკვდილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყველაზე დიდი დისკომფორტი და უსიამოვნებაც კი ვერ დაგაბრკოლებს, შეიგრძნო სიცოცხლის მშვენიერება...
-რისი სურნელი აქვს მიტოვებულ ქალაქს?
-ფოთლების, ტყის სურნელი...
ჯიბიდან მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა.
-ანგარიში, თუ შეიძლება - მოულოდნელად მიმტანს დაუძახა.
-მივდივართ?
-ჰო, სახლამდე მიგაცილებ.
-არაა საჭირო, მარტო წავალ.
პატარა, ხის სკივრი მოიტანეს. ზაზამ ქვითარი ამოიღო და ფულით ჩაანაცვლა. არაფერი მიკითხავს, უბრალოდ წამოვედით.
გაგრძელება იქნება სამშაბათს