ნოველები

ბალანსის მცველი. XII თავი. სტუმრად გამოქვაბულში

ბალანსის მცველი. XII თავი. სტუმრად გამოქვაბულში

სალომეს ლექციის შემდეგ საკონფერენციო დარბაზიდან საძინებელი ოთახისკენ მიმავალ გზაზე კონსპექტებს ვათვალიერებდი, როცა შევნიშნე, რომ კალამი ისევ დავკარგე. ყოველ ჯერზე, როცა კალამს, თმის სამაგრს, სათლელს, საყურის პლომბს ან სხვა ყოველდღიურად გამოსაყენებელ წვრილმან ნივთს ვკარგავ, მოძებნით არ ვიწუხებ ხოლმე თავს - ხანდახან თავიდან ვყიდულობ, უფრო ხშირად კი მათ საჭიროებას ალტერნატიული გზებით ვიკმაყოფილებ… დიახ, 90-იანების თაობისთვის უცხო სულაც არაა, მაგალითად, დანით დათლილი ფანქრები, დანაწევრებული საშლელით დამაგრებული საყურეები, თმაში გაჩრილი კალამი და სხვა ძველმოდური, თუმცა პრაქტიკული ხრიკები. მაგრამ საქმე
იმაშია, რომ ჩემი უყურადღებოდ დატოვებული პატარა პრობლემები მოგვიანებით ბუმერანგივით უკან მიბრუნდება, ოღონდ უფრო გაზრდილი და დამძიმებული. თანაც, ჩემი ინდიფერენტულობის შედეგებს იმდენად არახელსაყრელ დროს ვიმკი ხოლმე, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ “უმნიშვნელო წვრილმანზე” ხშირად იმაზე ბევრია დამოკიდებული, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. იამოკოს და გვანცას ჩამოვშორდი და ზანტად მოვბრუნდი უკან. ჯგუფელების საპირისპირო მიმართულებით წავედი. რამდენიმე წამში დერეფანი დაცარიელდა, მაგრამ საიდანღაც ნაცნობი ხმები გაისმა. კარს ვუახლოვდებოდი და ნელ-ნელა უფრო და უფრო გარკვევით ვიგებდი სიტყვებს.

- კმარა! ცხოვრება არაა ია-ვარდებით მოფენილი მდელო! ყოველი მიღებული ლუკმისთვის უნდა გაიღო საზღაური, - სალომე ჯერ კიდევ იქ იყო. მაგრამ ვერ მივხვდი, ვის უყვიროდა, თან ქართულად? - ვალდებული ხარ! სამყაროს კანონზომიერებას ვერავინ აღუდგება წინ!
- მომბეზრდა შენი კანონები და წესები. - ხავერდოვანი ხმა ასეთი ბრაზიანი და ცივი არასდროს ყოფილა…
- მთელი ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირე, შენ გარდა არავინ მყავს! ყველაფერს შენთვის ვაკეთებ, გესმის? ჩემთვის შენით თენდება და ღამდება…
- კარგი რა, კარგი რა! - კართან შევდექი და ხელი დასაკაკუნებლად მოვიმარჯვე, მაგრამ არ ვიჩქარე.
- მინდა შენგან დაფასებას ვხედავდე, უბრალოდ ცოტაოდენ მადლიერებას მაინც. ყვე-ლა-ფერს, ყველაფერს შენთვის ვაკეთებ და რას ვითხოვ სანაცვლოდ? მხოლოდ დაფასებასა და პატივისცემას!

- მინდა ეს თუ არა, შენთან მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები - კბილებში გამოსცრა ამენადიელმა. - შენთან ვალში ვარ, მაგრამ ამ ვალს ვერასდროს აგინაზღაურებ! - ხმა უთამაშებდა, თითქოს სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა - ამის შეხსენებით, მონად ნუ მაქცევ, ნუ დამაყვედრი სიცოცხლეს! რადგან “სანაცვლო დაფასებასა და პატივისცემას” ნებისმიერი დატვირთვა შეიძლება მისცე! მე კი არასდროს ვყოფილვარ ვინმეს მარიონეტი და ვერც შენ მატრიალებ შენს ჭკუაზე!
- სარკეში ჩაიხედე, გაიხსენე, ვინ იყავი და შეადარე, რად გაქციე! ეს ჩემი დამსახურებაა, მე აღგზარდე და…
- ჯანდაბაშიც წასულხარ! - დაიღრიალა მოთმინებადაკარგულმა. - როცა წამომიყვანე, მე სანაცვლოდ არაფერს დაგპირებივარ. და საერთოდ, ეს არ გაგიკეთებია ჩემთვის! ყველაფერი საკუთარი თავისთვის გააკეთე. მე წარსულისგან დატოვებული სიცარიელის შესავსებად მიყენებდი! ჩემს სამართლიანობას ჩემსავე წინააღმდეგ ნუ გამოიყენებ და იცი, რას გეტყვი? - ბოლთას სცემდა, - შენ თვითონ გაიხსენე, ვინ იყავი უჩემოდ! - პირდაღებული ვისმენდი, ვერ გამეგო - რა ვალდებულებებზე, საიდან წამოყვანაზე და რომელ სიცარიელეზე ლაპარაკობდნენ?! სახელური გამოძრავდა, მაგრამ კარი არავის გაუღია.

- ამენადიელ, - ამოილაპარაკა სალომემ გაბზარული ხმით. - მე შენზე ვღელავ. თავს ნუ გაუტოლებ იმას, ვინც არ გიმსახურებს… ახლა ისეთი ფრთხილები და მოზომილები უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს.
მივხვდი, დიალოგი დასასრულს მიუახლოვდა. ამიტომ დრო ვიხელთე, სანამ მოსმენისას წამასწრებდნენ, დავაკაკუნე და თვითონ შევაღე კარი. ამენადიელი შემომეფეთა, აშლილი სახით, აღელვებული გამომეტყველებით, ამღვრეული თვალებით… სალომე კი, მაგიდასთან იდგა ოთახის ბოლოში, ჩემგან ზურგით შებრუნდა და სახე დამალა, ვითომ რაღაცას კითხულობდა, ქაღალდებში დაიწყო ქექვა.
- შეიძლება? ისა… კალამი ვერ ვნახე, დამეკარგა და ვიფიქრე, აქ დამრჩებოდა. - ამენადიელი ისე იდგა, არც შეტოკებულა, გზას არ მითმობდა.
- ჰო, შემოდი. - მითხრა სალომემ, არ შემოუხედავს.
ოდნავ მარჯვნივ წავიწიე, მაგრამ ისიც იმავე მიმართულებით წამოვიდა, თან ცოტათი მომიახლოვდა. გაკვირვებულმა ავხედე. დაჟინებით მიმზერდა, აშკარად შეგნებულად მეღობებოდა წინ. ბოლოს, როგორც იქნა, ტუჩის მარცხენა ბოლო ძლივს შესამჩნევად აეპრიხა - გამიღიმა? არა, ჩაიცინა… და ის იყო, ჩავთვალე, რომ დაძაბულობა გაიფანტა, ხელი ჩემკენ წამოიღო. მომეჩვენა, თითქოს, მარცხენა ლოყაზე მოფერებას აპირებდა. მაგრამ არა - მისმა მტევანმა ნაზად ჩამილივლივა მარცხენა ყურთან იმდენად ახლოს, რომ ვიგრძენი ჰაერის ნაკადის მსუბუქი რხევა და მისი ხელისგულების სიმხურვალე კანზე… თითები თმაში შემიცურა. გული გამალებით ამიძგერდა. სახე ახლოს მომიტანა, გამომშრალი, სიცივისგან დამსკდარი სქელი ტუჩები ნელა გახსნა, წინ წამოსწია. ცივმა ოფლმა დამასხა… ბაგეები ამოებურცა…
…და ხრინწიანი ხმით თქვა:
- ეს დაკარგე? - თითებით რაღაც ამომაცალა და თმა ჩამომეშალა.
- რაა?
- ამ კალამს ეძებდი? - ცხვირწინ ვერცხლისფრად გამიელვა რაღაცამ. ამენადიელმა ქვემოდან ამომხედა.
“ვაიმე!” ღაწვები წამომენთო, “რა სულელი ვარ!” იდიოტივით გავუცინე, ხელიდან სხარტად გამოვტაცე კალამი და პირი გავაღე, მაგრამ ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. სალომეს გავხედე, კვლავ თვალს მარიდებდა. შერცხვენილი გამოვბრუნდი და კვლავ ჩემი ოთახისკენ წავედი.
- დღეს საშობაო საჩუქრების საყიდლად უნდა გავიდე… - გვანცა საწოლზე წამომჯდარი ვიღაცას ქართულად ელაპარაკობდა ტელეფონზე. - არ ვიცი, ვინმეს, ჯერ არ მომიფიქრებია. ნუ ღელავ, არ დავიკარგები. ყველას დაგვირიგეს ბარათები, ჩვენი მისამართით და Map-ის განახლებული აპლიკაციაც ჩამოვტვირთე… - ჩემს საწოლზე წამოვწექი და თვალები ჭერს მივაპყარი. - ყოველი შემთხვევისთვის, ნომრებიცაა მითითებული, თუ დავიკარგებით, სადაც უნდა დავრეკოთ. არ იდარდო, არა. კი, ვჭამ, ძალიან გემრიელი საჭმელებია. კარგი, დუუ, წავედი, უნდა ჩავიცვა. - მისი ძალიან მშურდა. - კარგი. კი. არა. კი. კი. მეც. - ტელეფონი გათიშა, დამტენზე შეაერთა, ფანჯრის რაფაზე შემოდო და კარადა გამოაღო.
- დედას ელაპარაკებოდი? - ვკითხე ინგლისურად.
- არა… მამიდას. - მიპასუხა ცოტათი სევდიანად. პირი გავაღე, მინდოდა კიდევ მეკითხა რამე, მაგრამ საჭირო სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და გავჩუმდი. რამდენიმე წამში თვითონ მითხრა.
- დედა არ მყავს, მამიდამ გამზარდა.
გული მეტკინა, მის მიმართ თანაგრძნობით განვიმსჭვალე.
- რა დაემართა დედას? - ჰკითხა იამოკომ მორიდებით.
- ვირუსი. - კარადიდან ჯინსი და ლურჯი ჯემპრი გამოიღო. - H1N1 დაემართა. მე მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი., ჩვეულებრივი ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ მალევე დამძიმდა და… - მხრები აიჩეჩა. სევდა აღარ ეტყობოდა, ცივად ლაპარაკობდა, გაყინული ემოციებით. - მამა მოგვიანებით დავკარგე, ის 2008 წლის ომში იბრძოდა. მას შემდეგ მამიდა მზრდის. დაქორწინდა, შვილიც შეეძინა, მაგრამ მე მისთვის პირველი შვილივით ვარ.
- ძალიან ვწუხვარ. იცი? მე მესმის შენი. კარგად ვიცი, სამწუხაროდ, კარგად ვიცი, რას გრძნობ… - ეს სიტყვები მე უნდა მეთქვა, ხომ ასეა? მაგრამ იამოკომ დამასწრო.
- რაა? - ვკითხე გაკვირვებულმა. - ახლა არ მითხრა, რომ შენც ობოლი ხარ.
ორივე შეკრთა ჩემი სიტყვების გაგონებაზე. უხეშად გამომივიდა.
- ჩემი მშობლები 2011 წელს ცუნამმა იმსხვერპლა…- იამოკოს თვალები აემღვრა. - არც კი ვიცი, რეალურად რა მოხდა, უბრალოდ გაუჩინარდნენ. მე გადავრჩი, რადგან ბიძაშვილებთან ერთად ჩინეთში სამოგზაუროდ ვიყავი ერთი კვირით წასული… მიჭირს ამაზე საუბარი.
- რას ამბობ?
- რაღაც ძალიან საეჭვოა. - “…სამი ობოლი სტუდენტი, რომლებსაც არც დედა ჰყავთ და არც მამა? ბეგლარის სიტყვები გამახსენდა. ნეტავ დანარჩენებს თუ ჰყავთ მშობლები?!…” , - გავიფიქრე.
- რას გულისხმობ? - მკითხა გვანცამ.
- რას და, ოჯახი არც მე მყავს… მეეჭვება, ეს დამთხვევა იყოს.
- მე მყავს ოჯახი! - შემომიბღვირა გვანცამ. - დედ-მამა დამეღუპა, მაგრამ მყავს მამიდა, მამიდაშვილი და ბიძა… არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა, ცხადია, დამთხვევაა, აბა, სხვა რა უნდა იყოს?
- არ ვიცი…
- ჟამიტა, შენს მშობლებს რა შეემთხვათ? - მკითხა იამოკომ მოჭუტული თვალებით.
- მთელი ოჯახი ომში დავკარგე, დედ-მამა, და-ძმა, ბებია… ბაბუა კი ცოტა ხნის წინ დამეღუპა, სანამ აქ წამოვიდოდი, ერთი თვით ადრე.
- რომელ ომში? - მკითხა გვანცამ.
- აფხაზეთში. მე სოხუმში ვცხოვრობდი ბავშვობაში.
- რა საშინელებაა… ძალიან ვწუხვარ. - იამოკომ სწრაფად შეიმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.
- იმაზე მეტი საერთო გვქონია, ვიდრე მეგონა. - წარბები მაღლა აზიდა გვანცამ.
ვერ გამეგო, ეს ყველაფერი უფრო მეტად ტრაგიკული თუ უცნაური იყო.
- რა ქენი, იპოვე კალამი? - სასაუბრო თემა შეცვალა გვანცამ.
- რა დამემართა, ვერ წარმოიდგენთ. საკონფერენციო დარბაზში სალომე და ამენადიელი იყვნენ. როცა შევედი, რაღაცაზე კამათობდნენ. ვუთხარი, კალამს ვეძებ-მეთქი და თურმე, თმაში მქონია გაჩრილი. ამენადიელმა ამომაცალა თმიდან.


- აუ, ტეხავს. - გადაიხარხარა გვანცამ. - არ იდარდო, მეც მემართება ხოლმე მსგავსი სისულელეები. ერთხელ მთელი საათი ფარნით ვეძებდი მობილურს, ნერვები დამაწყდა და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემივე ტელეფონის ფანარს ვანათებდი მის მოსაძებნად.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით პლაზა ნუევეამდე იამოკოსთან და გვანცასთან ერთად წავედი. შევთანხმდით, რომ საღამოს 6 საათზე იქ შევიკრიბებოდით, სადაც დავიშალეთ. საცხოვრებელში კი 8-ის ნახევრამდე უნდა დავბრუნებულიყავით. გავუყევი სუვენირების მაღაზიებით დატვირთულ ქუჩებს. ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული, ვისთვის მეჩუქებინა საჩუქარი. განა იმიტომ, რომ არ მიფიქრია?! არა, უბრალოდ ვერ გადავწყვიტე. ნეტა, მე რას მაჩუქებენ? რატომ წამოიწყო ამენადიელმა ჩემთან საჩუქრის ჩუქებაზე საუბარი? იქნებ ჩემთვის აპირებს რამის ჩუქებას? არა, არ არსებობს! დარწმუნებული ვარ, როცა ვერ მხედავს, ჩემი არსებობაც კი არ ახსოვს. ჩუროსი და ცხელი შოკოლადი ვიყიდე და გზა განვაგრძე.
ვერაფრით ამოვხსენი, დღეს რაც გავიგონე. გასაგებია, რომ უფროსი და ზრუნავს “პატარა ძამიკოზე”, ეშინია, უღირს ადამიანებთან თავი ახლოს არ დაიჭიროს. ვალში ალბათ, აღმზრდელ-აღსაზრდელის ვალდებულებებს გულისხმობდნენ… მაგრამ რატომ მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე ახლა, მათი სიფრთხილის მიზეზი ჩვენთანაა დაკავშირებული თუ რამე პირადულია? და კიდევ, საიდან წამოიყვანა ამენადიელი სალომემ? შესაძლოა, ცუდ წრეში ტრიალებდა, გამორიცხული არაა გარდატეხის ასაკში ყოფილიყო ეს, ვინ იცის? იქნებ ნარკოტიკებსაც იღებდა?! თუ ასეა, ნამდვილად დიდი გარდასახვა გაუკეთებია.
ერთ-ერთი სუვენირების მაღაზიის ვიტრინის მიღმა ბეგლარი დავინახე, გამყიდველს ელაპარაკებოდა ხელებით. მაშინვე შიგ შევედი.
- ბეგლარ?!
- უი, შენც აქ ხარ? - წინ წამოიწია და ორჯერ გადამკოცნა. - აარჩიე რამე?
- ვერა. შენ?
- მქონდა რაღაც იდეები… - გვერდით ამომიდგა და გასასვლელისკენ წავედით. - მაგრამ, მგონი, მომიწევს “პლან ბი-ს” მივმართო. - გაიცინა.
- რაში მდგომარეობს?
- ერთი “ბოშების ბაზრობა” ვიცი.
- ბოშები ხომ აქაც არიან? - მაღაზია უკან მოვიტოვეთ, ქვაფენილით მოკირწყლულ გზებზე მივაბიჯებდით.
- იქ ზოგი მოპარულ ნივთებსაც ყიდის, თურმე. როგორც მითხრეს, საინტერესო რამეები იყიდება.
- და საიდან იცი? ვინ გითხრა?
- მეგობარმა გამომიგზავნა კოორდინატები, ადრე აქ ცხოვრობდა და კარგად იცნობს გრანადას. - მობილურს ჩახედა, - წამომყვები?
- კი, საინტერესოდ ჟღერს.
- რას ეძებ? რისი ყიდვა გინდა?
- რამე ისეთს, რაც დახლიდან თვითონ დამიძახებს, შენთან წამიყვანეო. - გაგვეცინა. -ბეგლარ…
- გისმენ.
- რაღაც მინდა გკითხო.
- მიდი.
- შენი მშობლები რას საქმიანობენ?
ბეგლარი გაჩუმდა. მობილური ჯიბეში ჩაიდო და ირგვლივ მიმოიხედა. პასუხის მოლოდინში გული გამალებით მიძგერდა.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, უბრალოდ უფრო ტაქტიანად არ ვიცი, როგორ გკითხო… ცოცხლები არიან თუ არა?
წარბები შეყარა.
- მაპატიე…
- არა უშავს. ეს დოროთეამ გითხრა, არა?
- არა, რას ამბობ? რა უნდა ეთქვა?
- აბა, ვინ გითხრა?
- ბეგლარ, რაზე ლაპარაკობ?
- რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა, თუ არავის არაფერი უთქვამს?
- ახლავე აგიხსნი… მოკლედ, არ ვიცი, შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ დღეს გავიგე, რომ იამოკოსა და გვანცას მშობლები დაღუპულან ადრე, სხვადასხვა დროს. მეც უდედმამოდ გავიზარდე და ეს დამთხვევა უცნაურად მომეჩვენა. შენი სიტყვები გამახსენდა და დავინტერესდი, ჯგუფის დანარჩენი წევრების მშობლები… თუ არიან ცოცხლები.
- ხუმრობ? - თვალები გაუფართოვდა, ხელის მტევანი პირზე აიფარა.
- შეიძლება ვცდები, მაგრამ… ეს ჩემთვის ნამდვილად არაა სახუმარო თემა, ბეგლარ.
- არა, არა… შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. - მარჯვნივ გადაუხვია და ხელით მეც მისკენ მიმწია, მიმართულება შემიცვალა. - მე ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე.
- რაა? - გაოცებისგან პირი დავაღე.
- დოროთეაზე კი იმიტომ გკითხე, რომ მხოლოდ მან იცის ჩემზე.
- …და დოროთეას მშობლებზე იცი რამე?
შეჩერდა, თვალები დაბლა დახარა და ჩაისუნთქა.
- დოროთეა 11 წლამდე თავშესაფარში იზრდებოდა, მერე მოხუც წყვილს აუყვანია. თურმე სასტიკად სცემდნენ, ამცირებდნენ, სახლს ალაგებინებდნენ, საჭმელს ამზადებინებდნენ… მოკლედ, უფასო მომვლელად წამოუყვანიათ. 15 წლის ასაკში მოხუცი მამობილი დაღუპვია, 17 წლისას კი დედობილი და კვლავ თავშესაფარში რომ არ დაებრუნებინათ, მშობლების სახლიდან გაქცეულა და 18 წლის შესრულებამდე დარჩენილი დრო გაქცევასა და დამალვაში გაუტარებია. - მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო. - მოკლედ, რთული ბავშვობა ჰქონია… მაგრამ ნურავის ეტყვი, რომ მოგიყევი. ეს მხოლოდ მე ვიცი.
- რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვინ არის ჩვენი სპონსორი? - ავტობუსების გაჩერებაზე მივედით. - რატომ მაინცადამაინც ობლები? იქნებ ქველმოქმედებაა ასეთი, რომლის მიზანიც ობოლთა ერუდირება და დახმარებაა? ან იქნებ მართლაც ყველაფერი დამთხვევაა და ეს ეჭვები სრულიად უსაფუძვლოა…

- არ ვიცი… წარმოდგენა არ მაქვს. თავად მსგავსი არაფერი უთქვამთ. საინტერესოა, დანარჩენებთან რა ხდება… - ჩვენ წინ ავტობუსი გაჩერდა. - წავედით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სეირნობა მიყვარს. ფანჯრიდან ცქერა რომ მომწყინდება, მერე ადამიანებს ვათვალიერებ. ვცდილობ, გამოვიცნო ხოლმე, სად მიდიან, საიდან მოდიან, ვინ არიან, რა უყვართ და რა აბრაზებთ. ბევრი ამბობს, რომ საქართველოში ყველა დაღონებული, შეწუხებული სახით დადის. ამას მეც ვამჩნევდი, მაგრამ როცა თავად მომეცა შედარების გაკეთების საშუალება, უკეთ აღვიქვი. ნეტავ მე როგორ გამოვიყურები სხვისი თვალით? ხალისსა და სილაღეს თვალებიდან ნამდვილად არ ვაფრქვევ. გარემო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბედნიერება თუ არა, ღიმილი აშკარად გადამდებია. ცისფერთმიან გოგონას ვუყურებდი, როცა შევნიშნე, რომ მეც ვიღიმოდი, ზუსტად ისე, შეუმჩნევლად, მაგრამ სასიამოვნოდ, როგორც - ის. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე, რა იქნებოდა, ადამსა და ევას, ვაშლის გამო სამოთხიდან როცა გამოაძევეს, სირცხვილის გრძნობა რომ არ გასჩენოდათ და სხეულის ნაწილები ფოთლებით არ დაემალათ. არც მათი შთამომავლები შეეცდებოდნენ მცენარეების ცივილური ალტერნატივით - ქსოვილით ჩანაცვლებას. სიშიშვლე ჩვენს სამყაროში სექსუალურობასთან, ინტიმთან ასოცირდება. ამ სიტყვის გაგონებაზე პირველი რა გახსენდებათ? ალბათ, რომელიმე ფოტომოდელი ჟურნალის გარეკანიდან, ცნობილი მსახიობი ან სულაც საყვარელი ადამიანი. მაგრამ არა - ცელულიტებით გატენილი სხეული და დანაოჭებული, ჩამოწელილი მკერდი. აი, ყველანი რომ დედიშობილა დავიარებოდეთ კი, არც მკვრივი კუნთები გაგვაკვირვებდა და არც დამჭკნარი დუნდულები.

- შენ ვისთვის აპირებ საჩუქრის ყიდვას? - ვკითხე ბეგლარს, როცა ავტობუსიდან ჩამოვედით.
- ჯერ საჩუქარს ავარჩევ და მერე გადავწყვეტ, ვის უფრო გაუხარდება.
- ჭკვიანური სტრატეგიაა. - ვიწრო ჩიხში შევუხვიეთ. სუვენირებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული დახლები გამოჩნდა.
- მოდი, აქ გავიყოთ. მეპი ხომ გაქვს?
- კი, მაგრამ…
- მაშინ არ გაგიჭირდება გზის გაკვლევა.
- უკან ცალ-ცალკე წავიდეთ?
- ახლა საკრამონტეზე ვართ. არ ვიცი, რა დრო დამჭირდება. ამიტომ ნუ დამელოდები. როცა ნახავ, რაც გჭირდება, აქ დაბრუნდი და გზის მეორე მხრიდან გაყევი იმავე ავტობუსს.
- კარგი. - მხრები ავიჩეჩე. ბეგლარი სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ, მე კი პირველივე დახლს მივუახლოვდი და ალჰამბრას სასახლის გამოსახულებიან მაცივარზე მისამაგრებელ მაგნიტებს გადავავლე თვალი. იყო ფერადი ფაიფურის თაიგულებიც. ბოშები ჩემთვის გაუგებარ ენაზე მელაპარაკებოდნენ. მომდევნო დახლზე ქამრები, ცხვირსახოცები და საფულეები გამოეწყოთ. თვალი ქალის მაქმანებიანმა თეთრეულმა მომჭრა, მაგრამ საშობაო საჩუქრად არ გამოდგებოდა.
- გოგო, გოგო! - წითელკაბიანი ბოშა ქალი ინგლისურად მეძახდა, მხარზე სუნამოებით დატვირთული ჩანთა გადაეკიდებინა. - სევდიანი წარსული გაქ. - წინ დამიდგა და თვალებში ჩამაჩერდა. გარუჯული, დანაოჭებული კანი, ღრმად ჩამჯდარი შავი თვალები და უხეში, გაჭაღარავებული თმა ჰქონდა. - შენი მფარველი ანგელოზი განსაცდელშია.
- რაა?
- თვალები დიდზე გაახილე, შენ გაქვს გასაღები, რომელიც დიდ საიდუმლოს გააღებს.
- რას გულისხმობთ?
- ფული მომეცი. - გაშლილი ხელისგული გამომიწოდა. - და მე ჭვრეტა, მომავლის ჭვრეტა.
- აჰ, არა, მადლობა.
თავი გავუქნიე და სწრაფად გავეცალე. ზურგჩანთა მოვიხსენი და წინ, გულ-მკერდზე დავიკიდე. ცოტა ხანს ვიარე, ვიწრო ჩიხებში რამდენჯერმე გადავუხვიე, რამდენიმე პატარა მაღაზიაშიც შევედი. შორიდან ვათვალიერებდი გასაყიდ ნივთებს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ძვირფას აქსესუარებს. ბოლოს იამოკოსთვის - ცისფერი, ხოლო გვანცასთვის ვარდისფერი, ნაზი და კომფორტული ბამბის საღამურები ვიყიდე და უკან მოვბრუნდი. მაგრამ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ გზა ამებნა. ავტობუსების გაჩერება ვეღარ ვიპოვე. თავი უკაცრიელ მდელოზე ამოვყავი. დავუბრუნდი ბოშების ბაზრობას და თავიდან ვცადე გასასვლელის მოძებნა, მაგრამ კვლავ უცნობ ადგილას აღმოვჩნდი. მობილურს დავხედე, ბატარეა გაწითლებულა, რაც, იმას ნიშნავდა, რომ თუ დროულად არ გავიკვლევდი გზას, ტელეფონიც დამიჯდებოდა. შეგნებულად არავის ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა შეემჩნიათ, რომ დავიკარგე. ირგვლივ არავინ იყო. აღმა მიმავალ ბილიკს გავუყევი იმ იმედით, რომ ნაცნობს თუ არა, ვინმე სანდო გამომეტყველების მქონე პირს მაინც გადავეყრებოდი. საათს დავხედე, ექვსის თვრამეტი წუთი იყო. რა მალე გასულა დრო. წინ მივდიოდი, მაგრამ არავინ ჩანდა. საჩუქრები ზურგჩანთაში ჩავდე და რუკას დავხედე. თურმე აპლიკაციამ ჯერ კიდევ ბაზარში შესვლამდე, ავტობუსების გაჩერებასთან გაჭედა. აშკარად არ ვიყავი იქ, სადაც მობილური მიჩვენებდა. სხვა გზა არ იყო, სადმე უნდა წავსულიყავი და მეც სვლა განვაგრძე. ჩემგან რამდენიმე მეტრში რაღაც დასახლება გამოჩნდა. გორებზე პატარ-პატარა სახლები იყო შეფენილი, რამდენიმე ადგილზე სარეცხიც გაეფინათ. უკვე ბინდდებოდა. ინტერნეტი არ იჭერდა.
დასახლებულ ადგილს როცა მივუახლოვდი, აღმოვაჩინე, რომ ეს სახლები კი არა, გამოქვაბულები იყო. ბოშა ქალი დავინახე, ჩემგან ზურგით იდგა, სარეცხს ხსნიდა.
- უკაცრავად! სენიორიტა! - დავუძახე და მისკენ გავემართე. - სენიორა, სენიორიტა! - გაიგონა და გაკვირვებული სახით შემობრუნდა. - ინგლისურად საუბრობთ?
თავი გამიქნია.
-Estaba perdido! Quiero ayuda! - წარმოდგენა არ მქონდა, სწორად ვამბობდი თუ არა, მაგრამ რამით უნდა მიმეხვედრებინა, რომ დახმარება მჭირდებოდა. - შეგიძლიათ დამეხმაროთ? საკრამონტეზე უნდა მოვხვდე, საკრამონტე! პლაზა ნუევა! ან თუნდაც, Calle aljarafe?!
ხელით მანიშნა, დამელოდეო და ერთ-ერთ გამოქვაბულში შევიდა. იმედი მქონდა, რომ არაფერს დამიშავებდნენ. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ როცა დათქმულ დროს შინ არ დავბრუნდებოდი, ვინმე ჩემ მოსაძებნად წამოვიდოდა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ბოშას ხორბლისფერდრედებიანი ჰიპივით ჩაცმული ახალგაზრდა, სუსტი მამაკაცი გამოჰყვა.
- ინგლისურად საუბრობთ? - შვებით ამოვისუნთქე.
- როგორც ხედავთ. - გამიღიმა უცნობმა და წინ დამიდგა.
- გზა ამებნა. შინ თუ დროულად არ დავბრუნდები, ინერვიულებენ და ჩემ მოსაძებნად წამოვლენ.
- სად გნებავთ წასვლა?
- ალჯარაფის ქუჩაზე ვცხოვრობ, პლაზა ნუევაზე ან თუნდაც, საკრამონტეზე რომ მოვხვდე, იქიდან თავადაც გავიკვლევ გზას. შეგიძლიათ დამეხმაროთ?
კაცმა ბოშას გადაუთარგმნა, რასაც ვამბობდი.
- საიდან ხართ?
- მე საქართველოდან ვარ.
- ამერიკის შეერთებული შტატები?
- არა, არა! საქართველო შავიზღვისპირა ქვეყანაა.
ბოშამ რაღაც უთხრა.
- ჩვენ დაგეხმარებით უკან დაბრუნებაში, მაგრამ აქ მოსულ სტუმარს ასე გულგრილად ვერ გაგიშვებთ.
- რას გულისხმობთ?
- თქვენი სახელი?
- ჟამიტა.
- სასიამოვნოა, მე ჟაკი მქვია. ჟამიტა, წამომყევით. - მითხრა და ირენთან ერთად სადღაც გაემართა.
- სად მივდივართ?
- ირენს სურს, რომ ვახშამზე დაეწვიოთ. ბოშები მიწვევაზე უარს შეურცხყოფად იღებენ. არ გირჩევთ მათ წყენინებას.
- ირენს მადლობა გადაეცით, მაგრამ ჩემი მეგობრები ძალიან ინერვიულებენ, თუ დავიგვიანებ.
- თქვენს მეგობრებს მარტო არ უნდა გამოეშვით. კარგი იქნება, თუ ინერვიულებენ. რამდენიმე წუთის გამო გულს ნუ დასწყვეტთ ჩემს მეზობელს.
ირენს შევხედე, მართლაც მეგობრულად მიღიმოდა. ირგვლივ მიმოვიხედე. ასეთ ადგილას, ვინ იცის, მეორედ თუ მოვხვდებოდი ოდესმე. მაინტერესებდა, იქ როგორ ცხოვრობდნენ და არახელსაყრელი დროის მიუხედავად, მიწვევა მივიღე, თავგადასავლებს ხომ წინასწარ არასდროს გეგმავენ. გახარებული ახალგაზრდა ბოშა ქალი მაქმანებიანი კაბის ფრიალით გაგვიძღვა წინ. ჟაკს დიდი კბილები, გარუჯული კანი, ნაცრისფერი თვალები და სქელი შავი წარბები ჰქონდა. ირენი თავის სახლში შევიდა, კლდეში გამოჭრილი ხის კარის გავლით, რომლის ზემოთ მზის ბატარეა იყო დამონტაჟებული. ჩვენც შევაბიჯეთ. ქვის კედლები თეთრად გაენათებინათ. ღარიბულ ძველ ავეჯზე ჭურჭელი ეწყო. შესასვლელთან, ოთახის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში, ფარდის მიღმა ორი პატარა ლეიბი იდო. ცენტრში კი მომცრო მაგიდაზე სუფრას ასაკოვანი კაცი შემოსჯდომოდა. ირენმა გამშრალი სარეცხი ლეიბის გვერდით, პატარა ტუმბოზე დაახვავა და მოხუცს ჩემი თავი წარუდგინა.
- ეს ირენის მამამთილია. - ჩამჩურჩულა ჟაკმა და მეზობელს ესპანურად მიესალმა. ირენს მამამთილმა რაღაც ჰკითხა, გვერდით ოთახიდან კი ირენის დედამთილი გამოვიდა და ის წითელკაბიანი ნათელმხილველი ვიცანი, ბაზარში რომ ფულის გამოძალვას ცდილობდა.
- კამილას იცნობ? - მომიბრუნდა ჟაკი.
- რაო, რა თქვა ჩემზე?
- გკითხა, როგორ მიპოვეო, ირენმა კი აუხსნა, რომ აქ შემთხვევით მოხვდი და დღეს მათი სტუმარი ხარ.
კამილამ ქვაბიდან დიდ თეფშზე გადმოიღო წვნიანი საჭმელი და მაგიდაზე დადგა. ირენმა რაღაც დაიძახა და საიდანღაც ოთხი, თითქმის ერთი სიმაღლის პატარა გოგონა გამოცუნცულდა. ბავშვებმა ეჭვის თვალით შემათვალიერეს, ერთ-ერთი წინ დამიდგა და როგორც მივხვდი, მომესალმა.
- დასხედით. - გვითხრა კამილამ ინგლისურად და ორი სკამი გამოსწია. ნაბიჯი გაუბედავად გადავდგი წინ.
- დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მე ჟამიტა მქვია. - დავჯექი. კამილამ გაიგო, ჟაკმა დანარჩენებს გადაუთარგმნა. - მოულოდნელი სტუმრობის გამო თან არაფერი მაქვს, რითაც ბავშვებს გავახარებდი… - ვთქვი ხმამაღლა და ჟაკმა კვლავ გადათარგმნა. - თუმცა, მთლად ხელცარიელიც არ უნდა ვიყო. - გამახსენდა, რომ ჩანთაში ცოტა ჩუროსი კიდევ მქონდა. - გიყვართ ჩუროსი? - ვკითხე ბავშვებს და გავუწოდე ესპანური ფუნთუშები. გახარებულებმა მოურიდებლად გამომტაცეს ხელიდან და მადლიერების ნიშნად გამიღიმეს. მობილურმა დაიწკიპინა, ინტერნეტმა დაიჭირა, მაგრამ ბატარეა 7%-ზე იყო. კოორდინატები ამენადიელსა და გვანცას გადავუგზავნე და ორივეს მოკლედ მივწერე: “გზა ამებნა, ბოშების დასახლებაში ვარ.” და ტელეფონი ისე გაითიშა, ვერც კი გავიგე, მივიდა თუ არა შეტყობინებები.
- მიირთვი. - მითხრა კამილამ, ირენმა კი დაუკითხავად დამისხა თეფშზე პომიდვრის წვნიანი.
- მადლობა.
- საიდან ხარ? - მკითხა კამილამ. ირენი დედამთილს დაუჯდა გვერდით.
პასუხის გაცემა ჟაკმა დამასწრო, ესპანურად. მერე ოჯახის უფროსის სიტყვები გადმომითარგმნა.
- ჩვენ მოკრძალებულად ვცხოვრობთ, მაგრამ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. მე 7 ვაჟი მყავს. ირენის ჩემი უმცროსი ვაჟის ცოლია, მალე ისიც დაბრუნდება სახლში.
- კამილა, როცა პირველად შეგხვდით, რაღაც საფრთხეზე მელაპარაკებოდით. ეს როგორ დაინახეთ?
- შენ უარი თქვი, ახლა ჩემი სტუმარი ხარ და ფულს ვერ გამოგართმევ. უფასოდ არ ვლაპარაკობ.
- უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ დაინახეთ. ეს ნიჭია თუ შესწავლაც შეიძლება?
ესპანურად მიპასუხა და ჟაკმა გადმომითარგმნა:
- ამბობს, რომ ნიჭიერება სწავლას არ გამორიცხავს.
- და შენ რას საქმიანობ, ჟაკ? აქ რატომ ცხოვრობ?
- 500 წლის წინ აქ ბოშები ოჯახებად ცხოვრობდნენ, ახლა კი ყველას შეუძლია აქ ცხოვრება, ვისაც სურს. რატომ არ უნდა ვცხოვრობდე აქ? შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველა ისე ვართ, როგორც ერთი ოჯახი. ზოგი მოგზაური დროებით მოდის, რამდენიმე თვით ჩერდება და კვლავ მიდის. მე მიყვარს აქაურობა. ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ვაპირებ.
- მაგრამ რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობ? სად არიან შენი ოჯახის წევრები? ან საერთოდ, საიდან ხარ?
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ირენმა გააღო. შავკანიანი ბიჭი იყო. ვერ გავიგე, რა ილაპარაკეს, თუმცა ჩემი სახელი მომესმა.
- შენ გეძებენ. - მითხრა ჟაკმა და ბოშების ოჯახში ამენადიელმა შემოაბიჯა…

წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
მია
ამდენი ადამიანი კითხულობს მოდევნო თავი როდის დაიდება და იქნებ პასუხის ღირსებად მაინც ჩათვალოთ ?
15:00 / 25-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ნია
ერთი თვეა მგონი რაც შემდეგ თავს ველოდებით, გთხოვთ გაგვირკვიეთ
00:06 / 08-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93