ნოველები

ცრუ სისხლი. თავი IV - ფრიდა ვალცის ოჯახი

ცრუ სისხლი. თავი IV - ფრიდა ვალცის ოჯახი
წინა თავი

პოლიციის უფროსმა ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ფრიდას ნათესავებს მისი გარდაცვალების შესახებ, როგორც შეიძლებოდა, გვიან გაეგოთ. მისი მიზანი ის იყო, რომ მათთვის ფელიქს ონდრას დაესწრო. ეს თავად გამომძიებელს მოეთხოვა.
გაფითრებული აბოლებდა სიგარას ფრიდა ვალცის მეუღლე ერვინ ვალცი, რამდენიმე ვილის, კურდღლების ფერმისა და იმ გემთაგან ერთ-ერთის მფლობელი, რომლებიც ჰალშტატის ტურისტებს ყოველწლიურად ემსახურებოდნენ. მამაკაცს მთელი სხეული დაჭიმვოდა, ხელს კი ნერვიულად შლიდა და კუმშავდა. ერვინი გარკვეულ შარმს ფლობდა. ვიდრე მის ნახვას შეძლებდა, ფელიქს ონდრამ სახლის
დათვალიერებისას კედელს მიაგნო, რომელზეც მრავალი ფოტო იყო დაკიდული. მაშინვე იფიქრა, რომ ქმარი ცოლზე ასაკით პატარა იყო. ახლა, როცა დამწუხრებული ერვინ ფალცის პირდაპირ იჯდა რბილ, განიერ სავარძელში, ამაში უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა.
ზემოდან ჯერ კიდევ ისმოდა მამაკაცის მოთქმა. ეს ხრინწიანი, სულისგამყინავი ხმა გარდაცვლილის მამას, გეორგ შილეს ეკუთვნოდა. ის იმ დრომდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს გაქვავებული, ვიდრე შვილის უსიცოცხლო სხეული არ დაინახა. მის ფეხებთან გულშეწუხებული დაეცა და უსუსური ბავშვივით ატირდა. სამართალდამცველებს ის აღარ შეუწუხებიათ. დათრგუნულებმა გამოიხურეს კარი და განადგურებული მამა თავის მუსრგამვლებ ტკივილთან ეულად დატოვეს.

- რამდენი ოჯახური ტრაგედიის შემსწრე გავმხდარვარ. ყოველი მათგანი იმას მიმტკიცებს, რომ მშობელზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს. - სასხვათაშორისოდ თქვა ფელიქსმა. - რთულია, იყო დედა და პირმშოს მკლავები კისერზე არ შემოგეხვიონ, მაგრამ გაუსაძლისია, იყო მამა და შვილი ვერ დაიცვა. 
ფიქრებში ჩაძირული ქვრივი გამოფხიზლებას არ აპირებდა. დაცდა აღარ შეიძლებოდა. რაც უფრო ცხელი იქნებოდა დამნაშავისგან დატოვებული კვალი, მით უფრო მალე წაავლებდნენ მას კბილს.
ფელიქსი ნელი, უხმაურო ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს, რომ არ შეეშინებინა. ერვინმა კითხვით ამოხედა მას.
- უნდა დავილაპარაკოთ. - თხოვნით მიმართა მოკლულის ნათესავებთან ურთიერთობაში დახელოვნებულმა ფელიქსმა. - ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს.
ერვინმა საწყლად გაასავსავა ხელები. თვალებით საკუთარ ფეხსაცმელებს უიმედოდ დასცქეროდა. ფელიქსმა დრო იხელთა და ყურები მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესასრუტად მოამზადა.

- თქვენი მეუღლე უკანასკნელად როდის ნახეთ? - ჰკითხა მან ერვინს.
- ბოლო დროს ადრიანად იღვიძებდა. დილით საძინებელში არ დამიხვდა. პირველ სართულზე იყო და ჩაის მიირთმევდა. დამხმარე ქალიც იქვე ტრიალებდა. ჩვეულებისამებრ მოვიკითხე. შუბლი საკოცნელად ცივად მომიშვირა. საგონებელში ჩავარდნილს ჰგავდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მალევე მიმავიწყდა. არ მისაუზმია, შინიდან ისე წამოვედი. ვერ ვიფიქრებდი, თუ... თუ მას...
- სად მიიჩქაროდით, ჰერ ერვინ? - დრამატული გადახვევა თავიდან ააცილა გამომძიებელს ჰანსმა.
ერვინმა აჭარხლებულმა წამოიწია, მაგრამ ფეხები მოუდუნდა და კვლავ სავარძელში ჩაეშვა.
- მე... ორანჟერეაში ვიყავი. - ჭოჭმანით წარმოთქვა მამაკაცმა.
- ორანჟერეაში?
- ფრიდას ყვავილები და მათზე ზრუნვა ძალიან უყვარდა. როცა დავქორწინდით, გადავწყვიტე, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი სწორედ ეს იქნებოდა. ყვავილებს არ ვყიდით. ფრიდას მცენარეებთან საუბარიც კი სჩვეოდა. მეც ხშირად მივდიოდი იქ. სათბურს მხოლოდ ჩვენ ვუვლიდით. ფრიდას არ სურდა, რომ მის ყვავილებს უცხო ხელი მიჰკარებოდა.
- ორანჟერეაში რა დრო დაჰყავით?
- იქიდან ახალი წამოსული ვიყავი, ეს ამბავი რომ გავიგე.
გამომძიებელმა ერვინი ერთხანს შეასვენა. ორიოდე წუთის გასვლის შემდეგ ჰანსმა ვეღარ მოითმინა და განგებ ფეხების ბაკუნით გაიარ-გამოიარა. ფელიქსი მისი ქმედების არსს ჩასწვდა და განიზრახა უკეთესად შეესწავლა გარდაცვლილის წარსული.
- შვილი გყავთ?
- დიახ, რვა წლისაა საბრალო კრისტოფი. უდედობას ვერასდროს შეეგუება. - სახე მოექუფრა ერვინს შვილის ხსენებაზე.
- ახლა სად არის?
- გასულ ღამეს მეგობართან დარჩა. შორს არ ცხოვრობენ. მათ ოჯახს ფრიდა კარგად იცნობდა. კრისტოფის ამხანაგის დედას ენდობოდა. სხვა შემთხვევაში ჩვენს ვაჟს მათთან არ გაუშვებდა. კრისტოფმა მოინდომა და ხათრმა უარი ვეღარ ათქმევინა. გულჩვილი და ემოციური იყო ფრიდა, მაგრამ თავის პრინციპებს და ღირებულებებს უდიდეს პატივს სცემდა. ახლა კრისტოფი ბიძამ, თეოდორმა თავის სახლში წაიყვანა. იქ ის თავის ცოლთან ერთად ცხოვრობს. ედიტა ყურადღებიანი, კეთილშობილი გოგონაა. კრისტოფი რამდენიმე დღით მასთან დარჩება.
- თეოდორი თქვენი ძმაა? - ჩაეკითხა ჰანსი, რომელიც აღფრთოვანებით ჩაჰკირკიტებდა მნიშვნელოვანი ფაქტების დამახსოვრების პარალელურად ხის მოჩუქურთმებულ კარადაში შეწყობილ ფაიფურის ჭურჭელს.
- მე დედისერთა ვარ. ჩემი მშობლების ერთადერთი მემკვიდრე მე ვიყავი, თუმცა არც თეოდორი ყოფილა ფრიდას ბიოლოგიური ძმა. მათ სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ჩემს სიმამრს, გეორგს ფრიდა მეორე ცოლისგან შეეძინა.
ჰანსმა ხელები საქმიანად მოიფშვნიტა და ოთახის ცენტრისკენ გადაინაცვლა. პირველადი შთაბეჭდილება, რომელიც საუცხოოდ მოვლილმა, მყუდრო და ნათელმა სახლმა შეუქმნა, ნელ-ნელა ერყეოდა და ეფანტებოდა, ეს კი კარგს უდავოდ არაფერს ნიშნავდა.

გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
Teo
Mesame tavi ar aris?
21:05 / 30-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მესამე თავი არ დევს?
10:29 / 09-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93