ბუხართან ოქროსფერთმიანი ბიჭუნა იჯდა და თავის საყვარელ სათამაშოს, პატარა დელფინს საიდუმლოდ ეჩურჩულებოდა.
- ედიტა, სადილი მალე იქნება? - სასადილო ოთახიდან მოისმა სახლის პატრონის მომთხოვნი ნოტებით დასმული კითხვა.
ბიჭუნამ ბიძის ხმის გაგონებაზე თავი მაღლა ასწია და გადიდრონებული თვალებით დაუწყო ძებნა მას. მისაღებში არავინ ჩანდა. ბავშვმა ამოიოხრა, ფანჯრისკენ გასწია და მის წინ წამოწეულ რაფაზე შემოჯდა.
მზის კაშკაშა სხივები მოფენოდნენ ეზოს, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ იქ თამაშიც კი არ შეიძლებოდა. კრისტოფი ვერც იმ ყვავილებს ხედავდა, რომლებისთვისაც არავითარ შემთხვევაში ფეხი არ უნდა დაებიჯებინა. ბიჭუნას სახლში უნდოდა. საკუთარ სახლში. მამიკოსთან და დედიკოსთან, რომელიც... აღარასოდეს მოვიდოდა მასთან, აღარასდროს დატუქსავდა და აღარასდროს ჩამოუსვამდა სახეზე თბილსა და ფაფუკ ხელს.
- კრისტოფ, არ გშია? - მზრუნველობით ჰკითხა მისაღებში შემოსულმა ახალგაზრდა, დიდთვალება ქალმა, რომელიც კრისტოფს არასდროს ენახა ამ ფართო, გულიანი ღიმილის გარეშე. - ერვინმა მითხრა, რომელი კერძიც გიყვარს და შენთვის სწორედ ის მოვამზადე.
- მაპატიე, ედიტა, მაგრამ არ მშია. - იუარა ბიჭმა.
- კრისტოფ, შიმშილით დედას ვერ დააბრუნებ. - სევდა გამოესახა სახეზე ედიტას, ბავშვი რაფიდან ჩამოსვა და შუბლიდან თმა გადაუწია. - მერწმუნე, ვიცი. ეს ხერხი მეც ნაცადი მაქვს... და არამარტო ეს.
კრისტოფს უეცრად ედიტა ძალიან, ძალიან ახლობელ ადამიანად მოეჩვენა, მის კალთაში თავის ჩადება და გულამოსკვნით ტირილი მოუნდა. იზამდა კიდეც ამას, თავზე თეოდორი რომ არ წამოსდგომოდათ.
- გლოვა გვიანია, კრისტოფ. - წერტილი დაუსვა მათ საუბარს თეოდორმა, საუბარს, რომელიც გულზე მალამოდ ედებოდა პატარა კრისტოფს. - ალბათ, დედამ გასწავლა, სადილზე უარის თქმა რომ თავხედობაა.
- ბიძია თეოდორ, მე ეს ვიცი, მაგრამ... - გულაჩუყებულმა დაიწყო ლუღლუღი ბიჭმა, მაგრამ ედიტამ მაჯაზე ხელი შეუმჩნევლად მოუჭირა და ისიც გაჩუმდა.
- მაგიდასთან დაბრუნდი, თეოდორ, ჩვენც მალე შემოგიერთდებით. - მშვიდად უთხრა მამაკაცს ცოლმა და იატაკიდან კრისტოფის სათამაშოები აკრიფა.
თეოდორმა ტუჩები ძლიერ მოკუმა და შეტრიალდა. მაგიდას ჯერ არ მისჯდომოდა, კარზე რომ დააკაკუნეს.
- ვინ უნდა იყოს? - ჰკითხა მოახლოებულმა ედიტამ თეოდორს ისე, რომ კრისტოფს არ გაეგონა.
- შესაძლოა, მორიგი სულელია, რომელიც ამ სახლში მკვლელს ეძებს. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და კარისკენ დაიძრა.
ედიტა უკან აღარ გაჰყოლია. თეფშზე კრისტოფს ცოტაოდენი საჭმელი გადმოუღო და მისაღებში მიბრუნდა. ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო, ბავშვი მსგავს საუბრებს თუ არ დაესწრებოდა, თუმცაღა სურდა, ქმრისა და მოულოდნელი სტუმრის საუბრისთვის ყური დაეგდო.
თეოდორ შილე გააოცა მისი დის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის დანახვამ. ის ფრანც კანეტი იყო. გვერდით მასზე შედარებით მაღალი, მაგრამ სუსტი აღნაგობის მქონე მამაკაცი ედგა. მას კი ნამდვილად არ იცნობდა თეოდორი. არ ესიამოვნა ეს უჩვეულო სტუმრობა. იცოდა, პრობლემებს შეუქმნიდა სამართალდამცველებისა თუ ცნობისმოყვარე უსაქმურების უთავბოლო მისვლა-მოსვლა მის სახლში.
- შუადღე მშვიდობისა, ჰერ თეოდორ, - მიესალმა ფრანცი მას. - ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ, მაგრამ ამ ბატონს თქვენთან რამდენიმე კითხვა აქვს. ის და ჰერ ფელიქსი თქვენი დის მკვლელის საპოვნელად თავს არ ზოგავენ. თქვენი დახმარება გვჭირდება.
- ჰანს აჟბე, - სახელი და გვარი გაუმხილა შუბლშეჭმუხნულ თეოდორს ჰანსმა. - მწუხარებას გამოვთქვამ თქვენი დის გარდაცვალების გამო.
- ეს აუცილებელია? - ძალდატანებით იკითხა თეოდორმა.
- მინდა გითხრათ, რომ ასეა.
თეოდორმა უკან დაიხია და გზა გაუთავისუფლა სტუმრებს.
- სადილობას ვაპირებდით. შემოგვიერთდით და მხოლოდ მას მერე ვისაუბროთ. - შესთავაზა მასპინძელმა მათ და სასადილო ოთახისკენ გაუძღვა.
ჰანსს დროის გაცდენა არ სურდა, მაგრამ თეოდორის პირქუშმა გამოხედვამ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუქრო. მამაკაცის ნებას დამორჩილებული ბოღმით გასიებულ გულს იმით იმშვიდებდა, რომ სადილობისას ფრიდა ვალცის ნახევარძმას საფუძლიანად შეისწავლიდა.
სუფრაზე პირველი, რაც თვალში მოხვდა, ცხარე სოუზში მოტივტივე გერმკნიოდელი იყო. ჰანსმა მუცელში წვა იგრძნო, მის პირში კი ჯერ მწარე, შემდეგ ტკბილმა არომატმა დაიდო ბინა. თეოდორმა სტუმრებს გერმანული ლუდიც შესთავაზა, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხის ჩანდა.
დანაყრების შემდეგ მამაკაცებმა მისაღებში გადაინაცვლეს, სადაც აღარც კრისტოფი იყო და აღარც თეოდორის ცოლი, ედიტა.
- აბა, რა გაინტერესებთ? - დაღლილი გამომეტყველებით ჰკითხა წინ მსხდომთ თეოდორმა.
- ნებისმიერი რამ, რაც დამნაშავის პოვნაში დაგვეხმარება, ჰერ თეოდორ. - აუჩქარებლად მიუგო ჰანსმა. ღია ფერის წარბების ჩრდილში მისი რუხი თვალები დაუოკებელ ინტერესს მოეცვა.
- ფელიქს ონდრას უკვე ველაპარაკე.
- ეს საკმარისი რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. - ამჯერად კი არ დანებებულა მამაკაცი. - არა მგონია, იმ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემული გქონდეთ, რომლებსაც მე დაგისვამთ.
- ეს იმისთვის უნდა გააკეთოთ, რომ თქვენმა დამ იმქვეყნად სიმშვიდე და მოსვენება ჰპოვოს. - წამოეშველა ფრანცი მას.
თეოდორს ჭოჭმანი დაეტყო. ჰანსი გონებაში გამარჯვებას ზეიმობდა. მართლაც ის მოხდა, რასაც მოელოდა.
- დაიწყეთ... - ამოთქვა კაცმა.
- ჩემ მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა... ღვთიურ სილამაზეს დაუზარებლად აფრქვევდა საბრალო. სულ ჭრელი, შრიალა კაბები ეცვა, მის წვრილ წელს უფრო მეტ შნოსა და მიმზიდველობას რომ აძლევდა. ჭორი გავრცელდა, საყვარელი ჰყავსო. ის კაცი არც კის ამბობდა და არც არას. ღიმილით დაიარებოდა ჩვენს ქუჩებში. გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. სუნთქვამოპარული იპოვეს სახლში. იმავე დღეს კაცმა, რომლის საყვარლობასაც გარდაცვლილს აბრალებდნენ, აღიარა, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, მშვენიერი გოგო იყო და სულაც არ მტკენდა გულს ის, რასაც ჩვენზე ამბობდნენო. - დაასრულა თხრობა ჰანსმა.
- ამით რის თქმას ცდილობთ? - დააბნია საუბრის ამგვარმა დასაწყისმა თეოდორი.
- არც სხვისი თვალით დანახულის მჯერა და არც სხვისი ყურით მოსმენილისა. მე მხოლოდ ჩემს ალღოს, გუმანს ვენდობი, თუმცა ისიც გასაგებია ჩემთვის, რომ მათ სანდოობას სხვებს ვერ დავუმტკიცებ. ვიდრე ხელთ ყველა მტკიცებულებას არ მოვიგდებ, არავის სიტყვას ყურს არ დავუგდებ.
მითხრეს, რომ თქვენ და თქვენს დას დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, რომ თქვენ მისი მოკვლით დიდ ქონებას შეიძენდით, რომ მისი თავიდან მოშორების იდეა თავში უკვე დიდი ხანია გქონდათ... რა პასუხს მომცემთ? რას იტყვით?
- მე ჩემი და არ მომიკლავს. ვერც ვერასდროს მოვკლავდი, - შეურყევლად, მტკიცედ უპასუხა მამაკაცმა. - ეს... შეუძლებელიც კი იყო. უხასიათო ვარ, ფიცხი, ჯიუტი, მაგრამ სისხლის დანახვაზეც კი გული მიმდის. ჩემი უსუსურობის გამო ბავშვობაში თანატოლები მრიყავდნენ, დამცინოდნენ და მასხრად მიგდებდნენ. შესაძლოა, მისი მოკვლით სარგებელს მხოლოდ მე მივიღებდი, მაგრამ ეს არ გამიკეთებია. მიფიქრია ამაზე, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ვიცოდი, ვერაფერს გავხდებოდი...
ამიტომაც ვერიდებოდი მას, ვცდილობდი აღარ შევხვედროდი, მისი დანახვაც კი არ მინდოდა... ისიც გეცოდინებათ, რატომ...
- ამბობენ, რომ მამის მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ანდერძის მიხედვით თქვენ გეკუთვნოდათ.
აზარტული თამაშები გყვარებიათ, ჰერ თეოდორ. ერთხელაც მამის სახლიდან ძვირფასეულობა მოგიპარავთ. ეს მას, გეორგს გაუგია და დაუსჯიხართ იმით, რომ ანდერძი შეუცვლია. მისი გარდაცვალების შემდეგ ფრიდა ვალცი გახდებოდა ყველაფრის მფლობელი.
- არ ვმალავ, სწორედ ასე იყო, მაგრამ მხოლოდ სიჩერჩეტე თუ გამაკეთებინებდა ამას. განა არ მეცოდინებოდა, რომ ეჭვს პირდაპირ ჩემზე მოიტანდით? თანაც, მე და მამა უკვე შევრიგდით. სწორედ იმ დღეს მივედი მასთან მოსალაპარაკებლად, როცა ფრიდა მოკლეს.
- თქვენ და მამათქვენი ერთად იყავით? - ყურები დაცქვიტა ფრანცმა.
- სწორედ ასე იყო. მე მას პატიება ვთხოვე და შევპირდი, რომ აღარასდროს ვითამაშებდი. მამა მოლბა. მასთან საუბრისას დავიჯერე, რომ ის აუცილებლად შეცვლიდა ანდერძს. წამოსვლას ვაპირებდი, რომ დაგვიკავშირდნენ და ტრაგედიის შესახებ გვაცნობეს.
- ეს ყველაფერს ცვლის. - გონებაარეულმა თქვა ჰანსმა. - თქვენ ალიბიც გაქვთ და მოტივიც ავტომატურად ბათილდება.
- შეგიძლიათ ჩემი ნათქვამი მამასთანაც გადაამოწმოთ. ის უდავოდ დაგიდასტურებთ ამას.
მამაკაცები ფეხზე წამოდგნენ. ჰანსს ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა მარტო და ამ უჩვეულო მოვლენებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. უკვე გარეთ იყვნენ, ხოლო თეოდორი კარის დაკეტვას აპირებდა, ჰანსს უცებ რაღაც რომ გაახსენდა.
- ერვინ ვალცმა თქვა, რომ ფრიდა მამათქვენს მეორე ცოლისგან ჰყავდა. სად არის ის?
თეოდორი წამიერად დაფიქრდა. არც ჰანსსა და არც ფრანცს ეს არ გამოჰპარვიათ. ერთმანეთს მალვით გადახედეს და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ თეოდორ შილეს უცნაური ქცევა არც ერთს არ მოსჩვენებია.
- ფრიდას დედა, ფლორა, რვა წლის წინ გარდაიცვალა. ბოლო დროს მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სიკვდილის წინა დღეებში ფრიდას ნახვას ითხოვდა, მაგრამ ჩემს დას ცუდი ორსულობა ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა. მამა ცოლის ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა და მას სახლიდან არ უშვებდა. ფლორა დამამშვიდებელ აბებს სვამდა. მისი სიკვდილის მიზეზი წამლის გადაჭარბებული დოზით მიღება იყო. არავინ იცის, ეს განგებ გააკეთა თუ შემთხვევით მოუვიდა. ის მკვდარია, ჰერ ჰანს!
მკვდარი! - ცერემონიულად გამოთქვა მამაკაცმა და კარი მოხურა.
- დასანანია, ფრანც, მაგრამ საქმე უფრო და უფრო რთულდება... - მხრები დანაღვლიანებულმა აიწურა ჰანსმა და გაშეშდა.
სახლის ერთ-ერთი ფანჯრიდან მას პატარა ბიჭუნა უყურებდა.
გაგრძელება იქნება კვირას