სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 4 (ნაწილი II) - Marao

სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 4 (ნაწილი II)

2020-12-17 22:44:53+04:00


გაღვიძებისთანავე მახსენდება, ტელეფონს ვიღებ და ჯერ კითხვის შემცველ ტექსტს ვამზადებ, მერე აზრს ვიცვლი და წარმატებულ დღეს ვუსურვებ.

მთელი დღე იმდენი საქმე მაქვს, თავს ვერ ვწევ. დისტრიბუციას ყველაზე მეტს დღეს ვიღებთ და საქმეში თუ არ ვიყავი, ხვალ დახლებზე შემოტენილი ხარახურა დახვავდება. ამიტომ ვცდილობ, არაფერი გამეპაროს.

დროდადრო ჩემს თავს ვიჭერ, რომ მახსენდება და რის გამო ჯერაც ვერ ვხვდები. მგონი, უფრო იმის - რომ მაიგნორებს. კიდევ იმიტომ, რომ ბოლო ურთიერთობის დასრულებიდან ორი თვეა გასული და იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სოცქსელებში ჩათი სავსე მაქვს ათამდე გოგოს სასიყვარულო ტექსტებით, არსებითად სხვა არაფერი ხდება.

მთელი დღე არ ჩანს. ოდნავ მენერვიულება, თუ ამ ჩემი მიწერის გამო საერთოდ აღარ მოვიდა...

6 საათისკენ დათა მირეკავს. დაბადების დღე აქვს და იცის, თარიღების დამახსოვრება ჩემი ძლიერი მხარე რომ არ არის. ამიტომ მახსენებს, რომ ,,ძაან საძმო" ვიკრიბებით და არ უნდა დავაგვიანო. კაბინეტიდან ტელეფონი გამომაქვს და კიდევ ერთხელ ვამოწმებ, ხომ არ მომწერა. თავს ვწევ თუ არა, პირდაპირ წინ მეჩეხება. შავი წვრილი თვალები შესამჩნევად უფართოვდება და მერე თავს მარიდებს. გასასვლელისკენ მივდივარ და ფანჯრებთან ვჩერდები. სად წავა, აქ გაივლის. გარეთ ვიხედები. წვიმის ისეთი მსხვილი წვეთები ეხეთქება გასასვლელს, რომ ცოტა ხანში ნამდვილი თავსხმა გარანტირებულია. დიდხანს არ მიწევს ლოდინი, მალევე გადის. ჩემკენ აღარ იხედება, ვითომ ვერ მამჩნევს, მაგრამ მე თავაწეული და თავდაჯერებული ვათვალიერებ, საქმის სულ ცოტა 50% მაინც შესრულებულია. ლამაზი სიარულის მანერა აქვს და სხეულიც მშვენიერ ფორმაში. ის ორი ბავშვი თუ ნამდვილად ამის არის, ქებას იმსახურებს.

წვიმის გამო ფეხს უჩქარებს და იმ რამდენიმე ნაბიჯს თითქმს სირბილით გადის მანქანამდე. თვალს არ ვაცილებ და ინტუიცია თუ არ მღალატობს, თვითონაც ჩემკენ იყურება. სანამ მანქანას დაძრავს, ტექსტს ვკრეფ:

,,როგორც იცი, მაინცდამაინც ისე ნუ ივლი დღეს. სახლში რომ მიხვალ, მომწერე, ვინერვიულებ."

ეკრანის შუქი სახეს უნათებს. სავარაუდოდ, ჩემს მიწერილს კითხულობს, მაგრამ გამომეტყველებას ვერ ვარჩევ. ზუსტად ათ წუთში ჩემს ტელეფონზე მისი ნომერი ეწერება, პასუხი დამიბრუნა:

,,მოვედი :)"

დაკერვის პროცენტული ზრდა თუ ასეთი წარმატებით გაგრძელდა, სამ დღეში 100%-ს მიაღწევს მგონი.

გაჩერება არ ღირს. ამიტომ ვცდილობ, დიალოგში შემოვიტყუო.

,,ექიმი ხარ?" - ვაგზავნი და მალევე ვნანობ, რაღაცნაირად ცნობისმოყვარეობამ მძლია, ეს შეკითხვა ჯერ ადრე იყო...

,,არა, რატომ მკითხე?"

არადა, გულის სიღრმეში მინდოდა, რომ ყოფილიყო. რატომ? მგონი ისევ თინანოს ამბავია, ექიმია...

,,იმ დღეს ისე ცდილობდი იმ კაცის დახმარებას, რა ვიცი, ეგრე ვიფიქრე" - ვცრუობ.

,,არა, ექიმი ნამდვილად არ ვარ"

ოდნავ იმედგაცრუებული ვარ. შინაგანი კომპლექსი მაქვს, რომ მაინცდამაინც ექიმი ქალის შებმა მინდა თუ სხვა ამბავია, არ ვიცი. ჩემდა გასაოცრად, აღარაფერი მომდის თავში, რომ მივწერო. რამ მაფიქრებინა, რომ ეგეთი დაბნეული და ემოციური ქალი შეიძლება ექიმი ყოფილიყო.

დათას დაბადების დღიდან ოდნავ ნასვამი და ზედმეტად დაღლილი მოვდივარ, მაგრამ დედაჩემს ჟოლოს ჩაიზე უარს მაინც ვერ ვეუბნები. ვიცი, რომ უბრალოდ ჩემთან ერთად ჯდომა უნდა ცოტა ხანს. არადა, სამსახურში სითხის დღიურ ნორმას გადავაჭარბე და დიეტოლოგი მეუბნება, რომ სითხეები თუ არ დავარეგულირე საჭმელთან ერთად, ჩემს ოდნავ ჭარბ წონას არაფერი ეშველება, მაგრამ ამის გამო ნანას წყენინებას არ ვაპირებ.

საწოლში ვწვები და სანამ დავიძინებ, დასარწმუნებლად, რომ კვლავაც მიპასუხებს, ისევ ვწერ: ,,არ იძინებ"?

რამდენიმე წამში მპასუხობს: ,,ჯერ არა."

მეცინება, მგონი, რეკორდულ დროში მოვიმწყვდიე.

გაგრძელება იქნება

იხილეთ წინა თავი

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>