ნოველები

შანსი მილიონიდან - თავი 12

შანსი მილიონიდან - თავი 12
რომანის დასაწყისი
კაბინეტში შესულმა კიდევ რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა და ფანჯარაში გაიხედა. ღამის თბილისი ლამაზი სანახავი იყო. არა უშავს, მას კიდევ შვიდი თვე აქვს წინ და ექნება დრო, უფრო დინჯად დაფიქრდეს. იმედია, კიდევ შეეცვლება აზრი ტაისიაზე. თუ ის თამაშობს, რაღაც ეტაპზე მაინც გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს, რაც გაგას არაფრით არ გამოეპარება.

გათენდა. თაიას გამოეღვიძა. გოგონამ თავი გაცილებით უკეთ იგრძნო. ყელი ჯერ კიდევ სტკიოდა, მაგრამ ისე აღარ ახველებდა, არც საშინელი თავის ტკივილი აწუხებდა და აღარც მაღალი
სიცხე. ალბათ, წამლებმა უშველა და იმ საოცარმა ჟასმინის ჩაიმ, გაგამ რომ მოუმზადა.
საბანი გადაიძრო, რომელიც მამაკაცმა წუხელ მზრუნველად შემოუკეცა, ლოგინზე წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა.
ისევ თავისი ფლანელის პიჟამა ეცვა. იქნებ გაგა უკვე წავიდა და წყლის გადავლება შეუძლია?
საწოლიდან ჩავიდა და ფეხაკრეფით მივიდა კართან, მიაყურადა. სასტუმრო ოთახიდან ხმები ისმოდა. ვიღაც განკარგულებებს იძლეოდა.
- აი, ამ კუთხეში დაალაგეთ… ფრთხილად ცოტა! - ხმამაღლა ისმოდა გაგას ხმა.
თაიამ კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახისკენ გაიხედა. გაგა შუა ოთახში იჯდა, ორ მამაკაცს კი გარედან მუყაოს ყუთები შემოჰქონდა.
ჭოხონელიძეს სპორტულები ეცვა. ისე უხდებოდა, გოგონას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა - მისი ოცნების მამაკაცი ასე ბევრად სიმპათიურად გამოიყურებოდა, ვიდრე საქმიან კოსტიუმში. ღმერთო ჩემო, რით ვერ შეიგნო, რომ მასზე არ უნდა იფიქროს? მაგრამ ეს არ იყო ადვილი საქმე, მით უფრო, რომ დღეიდან ყოველდღე მოუწევდა მისი ნახვა.
იქნებ ყველაფერი ორსულობის ბრალია? ხომ შეიძლება ამიტომაც ვერ აკონტროლებდეს თავის გრძნობებს? რამდენჯერაც მას შეხედავს, სიამოვნების ჟრუანტელი უვლის. მას შემდეგ, რაც დაორსულდა, შეატყო, რომ გემოვნება შეეცვალა. მაგალითად, ისეთი რამეების გასინჯვა სურს, რასაც ადრე ვერ იტანდა, ხოლო რაც უყვარდა, იმის დანახვაც კი აღიზიანებს. იქნებ ბავშვის მამის შემთხვევაშიც იგივე სჭირს? ალბათ, იმიტომ მოსწონს გაგა ასე ძალიან, რომ მის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მოხდა.
- დილა მშვიდობისა, - გაგამაც შეამჩნია კართან მდგარი ტაისია, - იმედია, ჩვენ არ გაგაღვიძეთ.
- არა… მეგონა, უკვე სამსახურში იყავით, - მიუგო თაიამ და თვალი მუშებს გააყოლა.
- მე მგონი, გუშინ მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს შენობით მივმართავდით.
- ჰო, მაგრამ… ვიფიქრე, უცხოები არიან და უხერხულია-მეთქი.
- საუხერხულო არაფერია, არც უცხოებთან და არც შინაურებთან. შევთანხმდით?
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- შენი ნივთები მოიტანეს. ახლა შეგიძლია თავად გადაარჩიო, რა გჭირდება და რა არა. რაც არ დაგჭირდება, ცალკე დავალაგოთ და სათავსოში გავიტან.
- რა ნივთები?
- შენი ბინიდან წამოღებული.
- რა საჭირო იყო? ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი და კბილის ჯაგრისიც მეყოფოდა. აქ სამუდამოდ ხომ არ ვაპირებ დარჩენას. - შეიცხადა თაიამ.
- ჯერ მეც არ ვიცი, რამდენ ხანს მოგიწევს აქ ყოფნა. ამიტომაც, იქით-აქეთ რომ არ ირბინო, ყველაფერი აქაა. წიგნები, კონსპექტები… ეს, რასაც თვალი მოვკარი. დანარჩენი შენ ნახე, ოღონდ პანიკის გარეშე. ასეთი რამეებისთვის ნუ ვინერვიულებთ, კარგი? ბოლოს და ბოლოს, ადვილად მოსაგვარებელი საკითხია.
თაიამ აღარ იცოდა, რა ეპასუხა. იცოდა, რომ ამ კაცთან კამათი არაფერს მოუტანდა, თავისას მაინც ვერ გაიტანდა.
- არ მოგშივდა? - შეეკითხა მამაკაცი, - დილით ნორამ ყველაფერი მომიტანა, რაც დაგვჭირდებოდა, მაგრამ იქნებ შენ რამე განსაკუთრებული გინდა? შემიძლია მოვატანინო.
თაია მამაკაცს სამზარეულოში შეჰყვა. გაგამ მაცივრის კარი გამოაღო და განზე გადგა, რომ მას პროდუქტებით გამოტენილი მაცივარი შეეთვალიერებინა.
გოგონა სკამზე დაჯდა, მამაკაცმა კი წინ ორი სავსე ჭიქა დაუდგა. ერთში წვენი ესხა, მეორეში - რძე.
- აირჩიე. მე ნუ მელოდები, უკვე ვისაუზმე, - ამ სიტყვებით ხილით სავსე ვაზაც გოგონასკენ მიაჩოჩა, - ანანასიც შეგიძლია მიირთვა, ვაშლიც და ბანანიც. ეს ყველაფერი ნებადართულია. მანამ კი ვეცდები, საუზმედ რამე მოგიმზადო. მაგალითად, შვრიის ფაფა.
თაიამ ღიმილი ვერ შეიკავა, როცა დაინახა, რა გულმოდგინედ და სერიოზული სახით კითხულობდა გაგა ტელეფონში შვრიის ფაფის მომზადების რეცეპტს. ალბათ, ასეთი სახით კითხულობს სამსახურის დოკუმენტებსაცო, - გაიფიქრა თაიამ. ფაფები დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ამჯერად უარს როგორ იტყოდა. ის კი არა, ერთი სული ჰქონდა, გაგა ჭოხონელიძის მომზადებული შვრიის ფაფა დაეგემოვნებინა.
თაიამ ვაშლი გათალა და ჩაკბიჩა. თან ღიმილით ადევნებდა თვალს გაზქურასთან მოფუსფუსე მამაკაცს.
- იმედია, მოგეწონება ნაღებით მომზადებული ფაფა.
- მერედა, როგორ მიყვარს შვრიის ფაფა, - იცრუა თაიამ, - ყველა ფაფას მირჩევნია.
თუმცა ეს არ იყო ტყუილი. თუ საქმე ფაფაზე მიდგებოდა, ყველაზე მეტი სიამოვნებით მაინც შვრიისას მიირთმევდა. თანაც, არ უნდოდა მისთვის ეწყენინებინა. იცოდა, რომ მამაკაცი ამ ყველაფერს საკუთარი შვილის გამო ცდილობდა. რძე კალციუმით იყო მდიდარი, ხილი -ვიტანიმებით და ა. შ. ამიტომაც ყველაფერზე თავს უქნევდა. მით უფრო, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდა.
- დღეს რა გეგმები გაქვს? - ისე უბრალოდ შეეკითხა გაგას, თითქოს ნეირას ესაუბრებოდა.
- ნახე, რა ფაფა გამომივიდა! - მოზეიმე ტონით წამოიძახა მამაკაცმა, - ოქროს ხელი მაქვს, ხედავ? აბა, რომელი მზარეული შემედრება ახლა მე? - და გაბრწყინებული სახით შეხედა გოგონას, მერე კი სერიოზული გამომეტყველება მიიღო და გააგრძელა, - დღეს სახლში ვრჩები. შენ ჯერაც სუსტად ხარ, მოვლა გჭირდება. ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს შენზე? გარდა ამისა, შენი ნივთები უნდა ამოვალაგოთ. შენ შეგიძლია დამეხმარო ან წამოწექი საწოლზე და იქიდან მიკარნახე, რა გჭირდება და რა არა, - და როცა გოგონას გაოცებული მზერა შენიშნა, დაამატა, - იქნებ ისე მოგეწონოს ჩემთან ყოფნა, რომ აქედან წასვლა აღარც მოგინდეს.
თაიას არც ამჯერად გაუპროტესტებია. ნუთუ გაგას მართლა უნდა, რომ ბავშვის გაჩენამდე აქ დარჩეს? არა, ეს შეუძლებელია. ახლა ასე იმიტომ იქცევა, რომ თაიამ არ ინერვიულოს და თავი კომფორტულად იგრძნოს. თვითონაც არ დარჩება დიდხანს, გაგამ სულაც თავი რომ გაიგიჟოს. ერთ დღესაც იქნება და თავს გასცემს. ჰოდა, გაგა მიხვდება, როგორ ესიმპათიურება თაიას იგი. მაგრამ ცუდი ისაა, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი გრძნობა უჩნდება მის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მეტხანს დარჩება, მით მეტი შანსია თავის გაცემის. უნდა ახლა ეს? განა ადვილია, მოგწონდეს კაცი, რომელზეც მთელი საქალეთი ოცნებობს, რომელიც სასურველი სასიძოა ყველა ოჯახისთვის, რომელიც პრიალა ჟურნალების გარეკანებს ამშვენებს და ვისზეც ჩასაფრებულები არიან ჟურნალისტები? მის გვერდით ვერ წარმოუდგენია თავი. რას იტყვიან, ისინი წყვილად რომ მოიაზრონ? ალბათ დასცინებენ თაიას, მთელი თბილისი დასცინებს, ნეტავ ამ გოგოს რისი იმედი აქვსო. უცნაური წყვილი კი იქნება - ღარიბი სტუდენტი და მილიონერი ბიზნესმენი. ამას ჰქვია, მადა ჭამაში მოდისო.
- შენ ჭამე, მე კი ამ ყუთებს შენთან შევიტან და მერე ერთად ამოვალაგოთ.
თაიამ ფაფა შეჭამა და რძეც დააყოლა, თან სიამოვნებით აყოლებდა მზერას, როგორ გაჰქონდა გაგას ყუთები მის ოთახში. ნანობდა, რომ სხვა სიტუაციაში არ მოუწია მისმა გაცნობამ. ახლა სხვა იყო - სუროგატი დედის როლში თავს ისე გრძნობდა, როგორც დაქირავებული მუშახელი.
ღრმად ამოიოხრა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. დასვრილი თეფში და ჭიქა ნიჟარაში ჩადო, მერე ცხელი წყალი მოუშვა და რაც ნიჟარაში ეყარა, ყველაფერი გარეცხა.
როცა საქმეს მორჩა, თავის საძინებელს მიაშურა, სადაც გაგამ უკანასკნელი ყუთები შეიტანა. გადაწყვიტა, თვითონაც მიხმარებოდა მათ ამოლაგებაში, თუმცა უფრო ლოგიკური იქნებოდა, ყველაფერი ყუთებში დაეტოვებინა და უკან გაეგზავნა, თავის ბინაში. აქ ამდენი რამე განა რაში უნდა დასჭირვებოდა?
- საიდან დავიწყოთ? - ამოხედა ჩაცუცქულმა მამაკაცმა.
თაია უპასუხოდ შეუდგა ყუთების გახსნას და გაკვირვებულმა ხელები გაასავსავა - იქ ყველაფერი უწესრიგოდ ეყარა - ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ვიღაცას ყუთებში ერთად ჩაეყარა. აშკარა იყო, ნივთები მამაკაცმა ჩაალაგა, ქალი ასეთ რამეს არასდროს იზამდა.
- მე მგონი, ჯერ ერთმანეთისგან უნდა გავაცალკევოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბევრ რამეს, როგორც ვატყობ, გარეცხვა მოუწევს, - თქვა თაიამ, თან სიფრთხილით არჩევდა სიტყვებს, რომ საყვედური არ გამოსვლოდა.
- მაპატიე, ჩემი ბრალია. მძღოლები კი არ უნდა გამეგზავნა ამ საქმეზე, ქალი უნდა გამეყოლებინა თან, - მოუბოდიშა გაგამ.
- ყველაფერი რიგზეა. გამოუსწორებელი არაფერია. თუ თქვენ… თუ შენ უთო გაქვს, ამ პრობლემას მალევე მოვაგვარებ.
გაგამ მოჭუტული თვალებით გახედა.
- მხოლოდ გუშინ გამოგწერეს საავადმყოფოდან და გინდა რეცხო და აუთოო? არ გამოვა მაგ საქმე! ამას ვერ დავუშვებ. მოაგროვე, რაც გასარეცხია და მე თვითონ მოვუვლი.
თაიამ გაოცებულმა დააღო პირი, მაგრამ გაგამ სიტყვა არ ათქმევინა:
- ნუ გეშინია, მე არ ვაპირებ რეცხვას. ეგ კაცის საქმე არ არის. სამრეცხაოში გავატან ბიჭებს და იქ მოუვლიან.
- რატომ, სარეცხი მანქანა არ გაქვს?
გაგას ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
- როგორ არ მაქვს, მაგრამ შენ არ მინდა იწვალო. დღეს გეგულება ოჯახი, სადაც სარეცხი მანქანა არ დგას?
კინაღამ უპასუხა, კიო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. მაგალითად, თვითონ არ ჰქონდა და ყველაფრის გარეცხვა ხელით უწევდა. ამიტომ სიტყვის უთქმელად შეუდგა ტანსაცმლის გადალაგებას - სუფთებს ცალკე აწყობდა საწოლზე, გასარეცხებს - ცალკე, ცარიელ ყუთში.
ახლაღა გაახსენდა, რომ სამსახურში უნდა დაერეკა და გაეფრთხილებინა, რატომ აცდენდა სამუშაოს. ვინ აპატიებდა გაცდენას? თუმცა შეეძლო ავთოსთვის ეთხოვა და ბიულეტენი გაეხსნა. ნეტავ როდის შეძლებს სამსახურში გასვლას? ძალიან სჭირდებოდა ფული, მაგრამ გაგას ამის თაობაზე ვერ ეუბნებოდა, რადგან ერიდებოდა.
არა, სამსახურს ვერ დაკარგავდა. ეს ერთიღა დარჩა და ამაზეც რომ უარი ეთქვა, საერთოდ უსამსახუროდ დარჩებოდა. როდის შეძლებს სამუშაოზე გასვლას? ალბათ, უფრო ადრე, ვიდრე ექიმმა უთხრა. ახლა ხომ მომჯობინებულია. აჯობებს, დღესვე გავიდეს.
როგორც კი ეს გაიფიქრა, მაშინვე ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა. მოულოდნელად გაგას გაოცებულ მზერას წააწყდა და იძულებული გახდა ეთქვა, რასაც აპირებდა:
- სამსახურში უნდა წავიდე. სამუშაოს ვერ დავკარგავ. არც იფიქრო, გადამათქმევინო. მე იქ მელოდებიან. არ იციან, ცუდად რომ ვიყავი, არავინ გამიფრთხილებია.
მამაკაცმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისე მიაჩერდა.
- იცი რა? - გაწელვით წარმოთქვა გაგამ, - დღეს დილით დავრეკე იმ რესტორანში, სადაც შენ მუშაობ.
- რა? - თაია ადგილზე გაშეშდა, - მერედა, რა უთხარი? - ხმა აუკანკალდა, რადგან უკვე იცოდა, რასაც უპასუხებდნენ.
- არ გამიბრაზდე, ძალიან გთხოვ. ვიცი, შენთვის რამდენს ნიშნავს სამსახური. ისიც ვიცი, სწავლის ფულს შენით რომ გამოიმუშავებ, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ გიდგას, ხომ მართალი ვარ? შენს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ზედმეტად არ უნდა დაიტვირთოს თავი. მით უფრო, რომ ახლა ავად ხარ და საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო. პირველ რიგში, შენ უნდა მიხედო შენს თავს, მანამ მაინც, სანამ ორსულად ხარ. - მამაკაცი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს ბოდიშს იხდისო, მაგრამ მთავარი მაინც უთქმელი დარჩა - რა უთხრა რესტორნის მეპატრონეს თაიაზე.
- მითხარი, არ გავბრაზდები. ან კი რა აზრი აქვს? - ამოიოხრა გოგონამ და საყვედურით სავსე თვალებით შეხედა.
გაგამ დაბნეული მზერა მიაპყრო, შემდეგ წამწამები დამნაშავე ბავშვივით დახარა და წარმოთქვა:
- შენს უფროსს ვუთხარი, რომ დღეს სამსახურში ვერ გახვალ. ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც უახლოეს ხანებში.
აღშფოთებისგან თაიამ წარბები შეჭმუხნა:
- შენ გამო სამსახური დავკარგე. გესმის ეს?
- მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ მისაუბრია, მაგრამ იმ კაცს ავუხსენი, რომ შენი ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვე მუშაობას ვერ შეძლებ, თან დავარწმუნე, ადგილი შეგინარჩუნონ. ბავშვს გააჩენ და დაბრუნდები. არ მითქვამს, რომ სამუშაოს მიტოვებას აპირებ.
- და რა გგონია, ადგილს შემინარჩუნებენ? მეტი საქმე არა აქვთ. ჩემი უფროსი ამაზე არასდროს დათანხმდება. ასე არ არის? ხომ გითხრა უარი? თუ კეთილი ნება გამოიჩინა და გამოგიცხადა, თავს მიხედოს, როცა გამოჯანმრთელდება, მაშინ დაბრუნდეს, ადგილი შეუნარჩუნდებაო?
- არა, მთლად ამხელა ენთუზიაზმი არ გამოუჩენია, მაგრამ უკმაყოფილებაც არ გამოუხატავს. მე შევძელი მისი დარწმუნება. - მერე კი თავდაჯერებული ტონით დაამატა, - თუ მოვინდომებ, შემიძლია ადამიანი ადვილად დავარწმუნო და მისი ნდობაც მოვიპოვო.
- ო, მაგაში ეჭვი არ მეპარება, ეგ კი ნამდვილად გეხერხება, მანიპულირების დიდოსტატი ხარ.
თაია სიბრაზეს ძლივს იკავებდა. არაერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ გაგას მართლა შეეძლო გარშემო მყოფები თავის ჭკუაზე ეტარებინა. თვითონაც რამდენჯერ მოუწია გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არ სურდა. ჯერ იყო და, პირადი მძღოლი დაუნიშნა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ახლა კი მთლად თავის ბინაში გადმოიყვანა და ვერც ამაზე უთხრა უარი.
- მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ რამდენიმე დღე უნდა დაისვენო. თუ ყველაფერი კარგად იქნება, გახვალ სამსახურში, ოღონდ იმ პირობით, რომ ნახევარ განაკვეთზე გადახვალ. ჩემზე უკეთ იცი, რომ შენი გადაღლა არ შეიძლება.
თაია უძლური იყო, პროტესტი გამოეთქვა. ამიტომ გაცოფებული კბილს კბილზე აჭერდა და ხელებს მუშტავდა, სხვა არაფერი შეეძლო.
მიხვდა, რომ გაება. რადგან მისი ჯანმრთელობა ჩვილის ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული, გაგას შეეძლო ეიძულებინა, რასაც მოისურვებდა, ის გაეკეთებინა თაიას, რახან ორსულად იყო. რა თქმა უნდა, დავალებული იყო მისგან. რომ არა გაგა, ვინ იცის, იქნებ ახლაც თავის ბინაში წოლილიყო სიცხით გათანგული, უპატრონოდ, დამხმარის გარეშე. ნეირას იქნებ ვერც მოეფიქრებინა მისი ბინის კარის გატეხვა. მაგრამ გოგონას სულაც არ მოსწონდა, რომ მამაკაცი მის ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს.
- ხომ არ გირჩევნია მარტო დაგტოვო და შენ თვითონ ამოალაგო შენი ნივთები? - შეეკითხა მამაკაცი, მაგრამ ეს ისეთი ტონით წარმოთქვა, რომ თაია მიხვდა, მას წასვლა არ უნდოდა. თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ ეს კაცი ზედმეტად იჭრებოდა მის პირად ცხოვრებაში. მან არ იცოდა, რა საკითხები უნდა გადაეწყვიტა თაიას თავად ან თვითონ რაში ჩარევის უფლება ჰქონდა.
ეს კი პრობლემა იყო. ის არ იცნობდა თაიას, თაია კი - მას. დღე და ღამესავით იყვნენ: ერთმანეთს არ ჰგავდნენ, მაგრამ ცდილობდნენ, რაღაც საერთო გამოენახათ, რაც გააერთიანებდათ. მაგალითად, ბავშვი. განა ბავშვი არ აკავშირებდათ ერთმანეთთან? მეტი არც არაფერი.
თაია კვლავ ისე იდგა, ერთ ადგილას გაშეშებული.
- თუ შეიძლება დამტოვე. ახლა ასე აჯობებს, - თქვა მცირე პაუზის შემდეგ.
იმწუთას გაგა მზად იყო, თავი მოეკლა. ოთახიდან გავიდა და კაბინეტს მიაშურა. სავარძელში ჩაესვენა, მერე კი გონების მოსაკრებად შუბლი მოისრისა. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა რამე აბნევდა.
გამოდის, რომ საჭიროზე მეტად ჩქარობს. ყოველთვის, როცა რაღაცას მოიმოქმედებს, ტაისია მისგან განდგომას ცდილობს. არადა, მას პირიქით უნდა - რაც შეიძლება დაუახლოვდეს.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველაფერს არასწორად აკეთებდა. კი ბატონო, აიძულა აქ გადმოსვლა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ავადაა. მისი ბინა კი არაკომფორტულია ორსული ქალისთვის, მით უმეტეს, ავადმყოფისთვის. თუმცა საკუთარ გულში თუ ჩაიხედავდა, აშკარა ხდებოდა, რომ სულ სხვა მიზეზით სურდა მისი აქ გადმოყვანა - ეს იყო სურვილი, რაც შეიძლება ხშირად ენახა ტაისია.
შეცდომა დაუშვა. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მარტოს არ უნდა მიეღო. რატომ არ დაეკითხა? წინასწარ უნდა მოლაპარაკებოდა ამაზე და დაეთანხმებინა. მართალია, ბიზნესშიც უშვებდა შეცდომებს ათასში ერთხელ, მაგრამ იქ საბოდიშო არავისთან ჰქონდა.
ტაი კი მისთვის ძალზე ძვირფასია. ღმერთმა ნუ ქნას, დაკარგოს იგი! შეაშინა იმ აზრმა, რომ ტაისია შეიძლება წასულიყო მისგან. არა, ოღონდ არა ახლა, როცა, როგორც იქნა, სულიერი სიმშვიდე მოიპოვა. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ეძვირფასება. აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის მის გვერდით დარჩეს. უეცრად ახალი აღმოჩენა გააკეთა: შეიგრძნო, რომ ტაისია იყო ერთადერთი ქალი, ვისთან ერთადაც შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო. ჰო, მართლა ასეა და რადგან ასეა, მას არსად გაუშვებს. რადაც უნდა დაუჯდეს, ტაი უნდა შეინარჩუნოს.

თაია მამაკაცს მთელი დღის განმავლობაში გაურბოდა. იჯდა თავის ოთახში და საკუთარი ნივთების ამოლაგება-ჩალაგებით ირთობდა თავს. დღის მეორე ნახევარში ცოტა წაუძინა და საძინებლიდან ერთხელაც არ გამოსულა. მხოლოდ მაშინ ინება გამოსვლა, როცა ძალიან მოშივდა და კუჭი აუწრიალდა. ფრთხილი ნაბიჯებით შეიძურწა სამზარეულოში, ბულიონი გაიცხელა და დახვრიპა. შემდეგ კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა, წამოწვა და ფიქრებს მიეცა. საბოლოოდ გააანალიზა, რა ხდებოდა მათ შორის. გაგას ნაბიჯები კეთილი ნებით იყო ნაკარნახევი და ამაში ვერავინ გაამტყუნებდა, მაგრამ ზღვარი ხომ უნდა დაეცვა? ხომ უნდა გაეკონტროლებინა, რა დროს ჰქონდა მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება და რა დროს არა? დღეს მის გამო სამსახური დაკარგა.
ასე არ უნდა ექცეოდეს. ისე გადაჰყავს და გადმოჰყავს, თითქოს ცოცხალი არსება კი არა, ნივთი იყოს, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ. ის არ უნდა წყვეტდეს თაიას მაგივრად, იმუშავებს თუ არ იმუშავებს. რაღაც დათმობებზე კი თაია უპრობლემოდ წავა. ვალდებულიცაა ასე მოიქცეს. მას ხომ ფულს უხდიან იმაში, რომ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. ამიტომ ბევრ რამეში მამაკაცის აზრი და შეხედულება უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ არა ყველაფერში.
ნაფიქრმა ცოტათი დაამშვიდა და სააბაზანოს მიაშურა. დაიბანა თუ არა, თავისი საყვარელი საშინაო ფორმა ჩაიცვა - წითელი მაისური და ლურჯი შორტი. თმა უკან შეიკრა, რათა სახეზე არ ჩამოშლოდა.
დროდადრო აყურადებდა, რა ხდებოდა საძინებლის გარეთ, საიდან სად გადააადგილდებოდა გაგა. აი, იგი კაბინეტიდან გამოვიდა. შემდეგ მისი ნაბიჯების ხმა ჯერ სამზარეულოში მოისმა, მერე სასტუმრო ოთახში. ამასობაში კარზე ზარი დაირეკა და მამაკაცი ჰოლისკენ გაემართა.
თაიამ, როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა და "ლომის გალიაში" შესვლა გადაწყვიტა. "ლომი", მართალია, მთლად შეშინებული არ იყო ამჯერად, მაგრამ სინდისის ქენჯნას რომ განიცდიდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა.
გაგა შემოსასვლელ კართან იგა, ხელში მუყაოს ორი ყუთი ეჭირა. სასტუმრო ოთახში სუფრა ორი კაცისთვის იყო გაშლილი. მამაკაცი მაგიდას მიუახლოვდა და ყუთები ზედ დადო. სწორედ ამ დროს დაინახა თაია და გაუღიმა.
- იმედია, ჩინური კერძები მოგწონს…
კი, მოსწონდა. უყვარდა ბრინჯი და ზღვის პროდუქტები. თანაც, ჩინელებმა გემოვნებით იციან კერძებში სანელებლების გამოყენება. მთავარია, ძალზე ცხარე არ იყოს.
- ცხარე შეგნებულად არ შევუკვეთე, ორსულობისას არ არის რეკომენდებული.
თაიამ ღიმილი ვერ შეიკავა. ყველაფერი ესმის ამ კაცს და რა გინდა უთხრა.
გაგამ სუფრასთან მიიწვია და ვახშმობას შეუდგნენ. მამაკაცმა თავისთვის ღვინო ჩამოისხა, ტაის კი წვენი შესთავაზა. ორივე ისე იქცეოდა, თითქოს დილით მათ შორის არაფერი მომხდარიყოს.
- შენ ორსულ ქალს სულაც არ ჰგავხარ. იქნებ ერთი ჭიქა ღვინო დაგელია?
- არა, წვენი მირჩევნია, ღვინო არ მიყვარს. თანაც, შეიძლება ბავშვს ვავნო.
- ვფიქრობ, რამდენიმე ყლუპი არაფერს გიზამს. წითელი ღვინო სასარგებლოც კია, ჰემოგლობინს მოგიმატებს.
მათ ერთმანეთს შეხედეს და თაიას ჟრუანტელმა დაუარა. ოღონდ არ გააგიჟებდეს ეს კაცი. მის სიახლოვეს საშინელებები ემართება, სასიამოვნო საშინელებები.
სასტუმრო ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ორივე უხერხულად გრძნობდა თავს, სალაპარაკო თემასაც ვერ პოულობდნენ. იმისთვის, რომ დაძაბულობა ცოტათი მაინც მოხსნოდა, გაგამ გოგონას თეფში ჩინური სოუსითა და ორთქლზე შემწვარი კარტოფილით გაუვსო.
- რა ამბავია! ამდენს ვერ შევჭამ.
- შენ ახლა ორი კაცის ულუფა უნდა ჭამო. ერთი უკვე აღარ ხარ. - სითბო გაურია ხმაში გაგამ, მერე ჩანგალი დადო, გოგონას დაჟინებული მზერა მიაპყრო და გააგრძელა, - ბოდიში უნდა მოგიხადო. დეგენერატივით მოვიქეცი. არ უნდა ჩავრეულიყავი შენს საქმეებში.
- სიმართლე გითხრა, მეც მინდოდა შენთვის პატიება მეთხოვა. მეც უხეშად მოგექეცი. ამას უმადურობა ჰქვია. არადა, უმადური არ ვარ. ვიცი, რომ ჩემთვის კარგი გინდოდა და ასე იმიტომ გააკეთე. მადლობელი ვარ ამისთვის.
მამაკაცის მზერა დააკვდა გოგონას ტუჩებს, გასაშლელად გამზადებულ ვარდს რომ წააგავდა. ასეთ წუთებში გაგა მზად იყო, მისთვის ყველაფერი ეპატიებინა, თუმცა ტაისიას ცუდი არაფერი ჩაუდენია.
ორმხრივმა ბოდიშმა დაძაბული ატმოსფერო განმუხტა. თაიამ მოულოდნელად ხელი მუცელზე დაიდო, თითქოს ბავშვის მოძრაობას აყურადებსო. ორივემ იცოდა, რომ ჯერ ადრე იყო, ჩვილი სამ თვემდე არ გაინძრეოდა, მაგრამ მამაკაცს ამ ჟესტმა მაინც სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა. მასაც მოუნდა ტაის მუცელზე ხელის დადება. თაია მიუხვდა.
- შეიძლება მეც?.. - აღარ დაასრულა წინადადება, რადგან ხმა ზედმეტად აუკანკალდა.
აღელვებისგან თაიამ ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია, თანხმობის ნიშნად კი თავი დაუქნია. გაგამ მუცელზე გაშლილი ხელისგული დაადო და გოგონამ მისი თითების სითბო შეიგრძნო.
- ჯერ ძალიან ადრეა, - ჩურჩულით წარმოთქვა.
- ვიცი, რომ ადრეა, მაგრამ მაინც მსიამოვნებს. იმედია, როცა იგი ფართხალს დაიწყებს, არც მაშინ დამიშლი.
- რა თქმა უნდა.
გაგამ მოიწყინა. რატომ ადრე არ შეხვდა ტაისიას, სანამ ცოლებს გამოიცვლიდა. მაშინ ხომ სულ სხვანაირად წარიმართებოდა მისი ცხოვრება. ამაში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ ბედნიერი იქნებოდა. ახლა კი იძულებულია თავი შეიკავოს, გრძნობებს გასაქანი არ მისცეს. არადა…
იქნებ ჯანდაბის გზას გაუყენოს ეს შიშები? ამდენი ყოყმანი? მისთვის სულერთი არ არის, რას იტყვიან? სამჯერ კი არა, ექვსჯერაც ქორწინდებიან. რატომ მაინცდამაინც მისი ნაბიჯი გახდება საჭორაო? არა, ასე აღარ შეუძლია. ისედაც დიდი ხანია თავდაჭერილად ცხოვრობს. ამწუთას ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ ტაის გამოჩენას ელოდებოდა.
ნელა გაასრიალა ხელისგული გლუვ მუცელზე, მერე მის წინ დადებული თეფში განზე გასწია და სანამ თაია გონს მოეგებოდა, ქალის გვერდით აღმოჩნდა. მამაკაცმა დრო არ დაუტოვა წინააღმდეგობის გასაწევად, მკლავები მოხვია და თვალებდახუჭულმა მის ტუჩებს ხარბად დაუწყო ძებნა. როგორც კი იპოვა, ისე დაუკოცნა, როგორც ამაზე მთელი ამ კვირების განმავლობაში ოცნებობდა.

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93