თაია თავდაპირველად დაიძაბა, ერთი კი აფართხალდა მამაკაცის მკლავებში თავის დასაღწევად, მაგრამ მალევე მოეშვა და მთლიანად მიენდო მის მხურვალე ვნებას. გაგამ თავისკენ მიიზიდა, უფრო მძლავრად მიიხუტა მკერდზე და ხელებით თავი დაუჭირა, რომ უფრო მოხერხებულად მიალერსებოდა. ვერა და ვერ შეძლო მოსწყვეტოდა ამ სიტკბოებას, მით უფრო, რომ თაიამ თავი უკან გადააგდო და თავისი ლამაზი ყელი საკოცნელად ნეტარებით მიუშვირა.
პირველი გონს ტაისია მოეგო. გაგამ ზუსტად ვერ გაიხსენა, რამდენჯერ წარმოთქვა გოგონამ `გეყოფა~, სანამ საბოლოოდ გაიგონებდა. თითქოს შეშინებული მოშორდა ტაის და დანისლული თვალებით მიაჩერდა.
_ მაპატიე. თავი ვეღარ შევიკავე.
_ არა უშავს… მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება.
_ ვიცი. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, _ ჩურჩულით გაიმეორა მამაკაცმა.
_ იქნე ჩემი წასვლა ჯობია?
ორივე მოკლე-მოკლე ფრაზებს წარმოთქვამდა, რადგან სურვილით გაჯერებული გახშირებული სუნთქვა უშლიდათ ხელს. ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყვნენ ვნებისგან. თაია მძიმედ სუნთქავდა. როგორ უნდოდა ეს წუთები გაგრძელებულიყო და არ დამთავრებულიყო, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლებოდა. არ უნდოდა გასართობ გოგონად გადაქცეულიყო, ვისთან დროს ტარებაც სირთულეს არ წარმოადგენდა. იცოდა, გაგა მას ცოლად არასდროს შეირთავდა. მათ ერთად ყოფნა არ ეწერათ, ამიტომ ერთი და ორი ღამის გულისთვის თავის გაუფასურება არ ღირდა. ამით ხომ ყველაფერი დამთავრდებოდა. ფაქტია, რომ ერთმანეთს არ ეკუთვნოდნენ. ისინი სრულიად სხვადასხვა სამყაროდან იყვნენ და მხოლოდ ბავშვი აერთიანებდათ.
თაიასა და გაგას თავ-თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ, ღირებულებებითაც კი განსხვავებული. პირველი უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს აფასებდა, მეორისთვის კი ფული და კარიერა იყო მთავარი.
_ არსადაც არ წახვალ, შენ აქ უნდა იცხოვრო, _ დაუმცხრალი გზნებით წარმოთქვა გაგამ.
_ ჩემს ოთახში გავალ. უკვე ძილის დროა. მაპატიე, მაგიდას ვერ ავალაგებ, _ ჩქარ-ჩქარა წაიჩურჩულა გოგონამ, თან ცდილობდა, გაგასთვის თვალებში არ შეეხედა.
ერთი წუთის შემდეგ ის უკვე თავის საძინებელში იყო, მაგრამ კარის ჩაკეტვაც ვერ მოასწრო, რომ გაგამ მოუკაკუნა.
_ ჭამა არ დაგამთავრებინე. მშიერი ხომ არ დაწვები? _ და ყვითელი ბრინჯით სავსე თეფში მიაწოდა.
_ მადლობა, _ მსუბუქი ღიმილით გამოართვა თაიამ თეფში და მამაკაცს მორცხვად შეხედა.
_ ერთი იდეა მომივიდა. ვფიქრობ, შენც მოგეწონება… ხვალ დედაშენის სანახავად ხომ არ წავსულიყავით?
_ მართლა? _ გოგონა ამას არ ელოდა. გარდა ამისა, შეეშინდა, რადგან არ იცოდა, დედას რა რეაქცია ექნებოდა მის დანახვაზე. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა? ადრე თუ გვიან მაინც ხომ გაიგებდა დედა ამ ყველაფერს?
_ კარგი აზრია, სიამოვნებით წავიდოდი, თუკი შენ მოიცლი.
_ ხვალ მთელი დღე თავისუფალი ვარ.
_ მე _ მით უმეტეს, _ გაიცინა გოგონამ.
_ მაშინ წავსულვართ და ეგაა. მარტო მე და შენ წავიდეთ, მძღოლის გარეშე. ჰოდა, ბარემ იმასაც ნახავ, როგორი მძღოლი ვარ, _ გაგამაც გაიცინა.
თაიამ კარი მიხურა და მიხვდა, რომ გაგას წინადადებამ ჩინებულ ხასიათზე დააყენა, უფრო სწორად, კიდევ უფრო აუმაღლა განწყობა. ამაღამ გადასარევად დაეძინებოდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ვინ დააძინა! ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ნეირამ დაურეკა მობილურზე.
დაქალმა მოიკითხა, როგორ შეეგუე ახალ გარემოსო.
_ ჯერ ვერ ვეგუები, _ გული გადაუშალა მეგობარს, _ სულ დაძაბული ვარ.
_ არა უშავს, მიეჩვევი. შენ ახლა ისეთი კაცის გვერდით ხარ, რომ არ მოიწყენ და შენი ოცნების ახდენამდე რამდენიმე ნაბიჯიღა დაგრჩა.
_ ნუ ამბობ მაგას, ნეირა. რომ მახსენდება, რისთვის გავრისკე ასე, შიშისგან გული მელევა. რამ მაფიქრებინა, რომ რამე გამომივიდოდა? _ თაია ხმადაბლა ლაპარაკობდა, ეშინოდა, გაგას არ მისწვდენოდა მისი ხმა.
_ ახლა გაჩუმდი! ეგრე თუ მიუდგები საქმეს, მართლა არაფერი გამოგივა. შენ რა გგონია, თავისთან რატომ წაგიყვანა? მასე კი არ დაჰყავს თავის ბინაში ქალები. დარწმუნებული ვარ, მოხიბლულია შენით და ეგრეც იქნება. გამოიყენე ეს შანსი, გამიგე? თორემ იცოდე, კარგი არაფერი გელოდება.
_ რას მაშინებ, გოგო, მე კიდევ დაშინება მინდა? ცუდი რატომ მელოდება? _ დაფრთხა თაია.
_ იმიტომ, რომ დღეს შენი ყოფილი ვაჟბატონი შემხვდა და ჩემთვის კი არ უკითხავს, როგორ ხარო, თაია როგორ არისო, გამომკითხა.
ამის გაგონებაზე თაიას ელდა ეცა. ნოდიკოს გახსენებაზე ბოლო დროს ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. ახლაც გაშრა. ამას ნამდვილად არ ელოდა.
_ ნეტავ რაში გავახსენდი?
_ მე რა ვიცი. დამნაშავე ვარო. მინდა ვნახო და ბოდიში მოვუხადოო. ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ ვურეკავო. არ მითქვამს, ნომერი რომ გამოცვალე. ვუთხარი, თან სწავლობს, თან მუშაობს და ისეა დაკავებული, ვერაფრისთვის ვერ იცლის-მეთქი.
_ არ მისცე ჩემი ნომერი, გთხოვ.
_ არა, რას მივცემ. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან. შენ მაგაზე არ ინერვიულო, ეგ ვერ მოგაგნებს, თუ შენ არ დაუწყებ ძებნას. იმედია, ასეთ სისულელეს არ ჩაიდენ.
_ რა თქმა უნდა, რა დროს ეგ არის, სად მცალია ახლა ნოდიკოსთვის.
კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს. როცა თაიამ ტელეფონი გათიშა, უკვე თორმეტი საათი იყო. მაშინვე ჩაწვა ლოგინში დასაძინებლად, მაგრამ თვალზე რული აღარ მიეკარა…
სარეაბილიტაციო ცენტრამდე მთელი გზა გაგა ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. თაიამ იცოდა, როგორი შრომისმოყვარეც იყო იგი. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში არ გამოდიოდა ოფისიდან და საქმეებს აგვარებდა. გოგონა პირველად ხედავდა მამაკაცს საჭესთან და ისე სიამოვნებდა მისი ყურება, ღიმილს ვერ იკავებდა. ამასთან, თავის მდგომარეობაზეც ფიქრობდა, აანალიზებდა. კონტრაქტის თანახმად, მათ პარტნიორულის გარდა სხვა ურთიერთობის უფლება არ ჰქონდათ. ასედაც აპირებდა _ საკუთარი გრნობები უნდა დაევიწყებინა. სიგიჟე იყო მოლოდინი, რომ გაგა მას შეიყვარებდა და ცოლად შეირთავდა. ამაზე თავის დროზე უნდა დაფიქრებულიყო. ახლა უკვირდა, ნეტავ რისი იმედი მქონდა, ამხელა რისკზე რომ მივდიოდიო. არა უშავს, რაც იყო, იყო. ის შეძლებს ემოციებთან გამკლავებას. მაგრამ საქმე ისაა, რომ არც გაგაა მის მიმართ გულგრილი. ამას აშკარად ატყობს. სწორედ ესაა მიზეზი, თაია თავს რომ ვერ ერევა. ძნელია გაუძლო ცდუნებას, მით უფრო, როცა მამაკაციც ცდილობს შენს მოხიბვლას, მაგალითად, როგორც გუშინ. მსგავსი რამ მეორედაც რომ განმეორდეს, თაია თავს ვეღარ შეიკავებს.
ღმერთო, ნუთუ მეორეჯერაც შეიძლება იგივე განმეორდეს? მას ახლაც ახსოვს ამ კაცის ტუჩების სიტკბოება, ძლიერი მკლავების მოხვევა, მისი სხეულის სიმხურვალე.
არა, ის კოცნა შეცდომა იყო და აღარ უნდა განმეორდეს. ამიტომაც ამ დილით, როცა საძინებლიდან გამოდიოდა, ცდილობდა არ აღელვებულიყო.
_ სპორტულად გამოწყობილხარ, თითქოს სალაშქროდ მივდიოდეთ, _ გამოხედა გაგამ, როგორც კი ტელეფონზე საუბარი დაასრულა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გოგონა, _ თვალისმომჭრელად გამოიყურები. შენ ყველაფერი გიხდება, როგორც ვხედავ.
_ მადლობა, _ ძლივს წარმოთქვა თაიამ, რათა აღელვება დაეფარა.
არადა, პანიკაში ჩავარდა. თუ მასზე ასე მოქმედებს ერთი უბრალო, ბანალური კომპლიმენტი, რაღა დაემართება, გაგამ ისევ კოცნა რომ დაუპიროს?
მამაკაცმა კვლავ გამოხედა, ახლა უფრო მომნუსხველი ღიმილით.
_ ხომ არ ნერვიულობ? _ შეეკითხა და ხელი გამოუწოდა.
_ ცოტას. _ მიუგო აკანკალებული ხმით და მის ხელს ხელი შეაგება.
სულ რაღაც ერთი საათი დასჭირდა სარეაბილიტაციო ცენტრამდე მისვლას. მწვანეში ჩაფლული შენობა სიმშვიდეს აფრქვევდა. კლინიკას უზარმაზარი ფართობი ეკავა. თაიას შეაჟრჟოლა. როცა აქ მოდიოდა, ყოველთვის ასე ემართებოდა _ გაურკვეველი შიში იპყრობდა.
გაგამაც შეამჩნია, როგორ დაიძაბა ტაისია. იქნებ ამხელა სივრცე აშინებდა? უკაცრიელი ჩანდა აქაურობა. არა, ეს ყველაფერი წუხანდელი კოცნის ბრალია. სანამ მისკენ საკოცნელად დაიხრებოდა, უკვე მიხვდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. არა იმიტომ, რომ მისი კოცნა არ უნდოდა _ გონის დაკარგვამდე სურდა ეს იმ წუთიდან, როცა პირველად დაინახა _ არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერს შეცვლიდა მათ ურთიერთობაში.
ტაი ბავშვივით იყო მის მკლავებში გამომწყვდეული. თრთოდა, როცა მკერდზე იხუტებდა. ახლაც სიამოვნებით აკოცებდა. აქვე, რომელიმე ხის ძირში ჩამოჯდებოდა, ტაისიას მუხლებზე დაისვამდა და კიდევ ერთხელ დააგემოვნებდა მის თბილ-ტკბილ ტუჩებს.
მაგრამ რომ გაექცეს? კბილი კბილს დააჭირა, ისე ძლიერ მოერია სურვილი.
მანქანა ალაყაფს მიაყენა, მაგრამ გადმოსვლას არ ჩქარობდა.
_ დღეს კარგი ფერი გადევს და მგონი, არც ახველებ. უკეთ გრძნობ თავს, არა?
მის შეკითხვაზე თაია შეკრთა, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელში და გაიღიმა:
_ კი, კარგად ვარ. მადლობა შენ.
_ მე ნუ მემადლიერები, მადლობა ავთოს უთხარი, მე მანდ არაფერ შუაში ვარ, _ თავმდაბლობა გამოიჩინა მამაკაცმა.
თაიამ პასუხი არ გასცა. გაგას არ ესიამოვნა. უძნელდებოდა საუბრის წარმართვა, როცა ტაი ამაზე არ მოდიოდა. მათი ურთიერთობა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გზაში შეეძლო მაგნიტოფონის ჩართვა, მაგრამ არ უნდოდა გოგონა ჩუმად ყოფილიყო, თუმცა მაინც ვერ აალაპარაკა.
სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც თაიას დედა იწვა, ცნობილი იყო, თანაც ძვირი სიამოვნება. გაგამ ეს იცოდა. იყო კიდევ ორიოდე სხვა, გაცილებით იაფი ცენტრი, მაგრამ გოგონამ აქ არჩია და მამაკაცმა იცოდა, რატომაც _ აქ დედამისს გაცილებით უკეთესი პირობები ექნებოდა. სიძვირეს არ შეუშინდა, ამიტომაც მუშაობდა ორ ადგილას, ამიტომაც აიღო აკადემიური უნივერსიტეტში, ამიტომაც დათანხმდა სუროგატ დედობაზე. სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ დედამისზე საუკეთესო სპეციალისტები ზრუნავდნენ.
ამის გამო გაგა უფრო მეტად აფასებდა მას. ასეთი ქალი ნამდვილად იყო პატივისცემის ღირსი. ის ამას იმსახურებდა.
თაია პირველი გადავიდა მანქანიდან, აღარ დაელოდა, გაგა როდის ინებებდა გადმოსვლას და მისთვის კარის გაღებას. უკან არც მოუხედავს, მაშინვე ჭიშკარში შევიდა და შენობისკენ გაემართა, მაგრამ გაგა მალევე დაეწია და ხელკავი გაუყარა.
მისაღებში შესვლისთანავე თაია თეთრხალათიან გოგონებს ღიმილით მიესალმა და ყველა მოიკითხა. როცა მნახველთა ჟურნალში მათი გვარები ჩაწერეს, ერთ-ერთმა ისინი თაიას დედის პალატამდე მიაცილა.
კართან გოგონა წამით შეყოვნდა, მერე გაგას მიუბრუნდა. სახეზე აფორიაქება ეხატა:
_ სანამ შევალთ, უნდა იცოდე, რომ… _ უხერხული ტონით დაიწყო, მერე თვალები დახუჭა, ღრმად ამოიოხრა და თავიდან დაიწყო:
_ უნდა იცოდე, რომ… დედაჩემი ხანდახან ურევს. მე ჯერ კიდევ მცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ ისევ პატარა გოგო ვარ. ზოგჯერ კი ისე მელაპარაკება, თითქოს მე მამაჩემი ვიყო. ამიტომ არ ვიცი, შენ ვინ ეგონები…
_ ტაი, _ რბილად წარმოთქვა გაგამ და ხელი მხარზე დაადო, _ ყველაფერი კარგადაა. ჩემთან ნუ გიტყდება. უბრალოდ, ძალიან მინდა მისი გაცნობა. შენ მხოლოდ სახელი მითხარი.
_ ლამარა, _ ჩურჩულით მიუგო გოგონამ.
მამაკაცის სიტყვებმა იგი ოდნავ დაამშვიდა და კარი შეაღო, რათა ოთახში პირველი შესულიყო. დედა ფანჯარასთან მიდგმულ დივანზე იჯდა, მუხლებზე წიგნი ედო, მხრებზე კი თბილი შალი მოეხურა.
_ სალამი, დე, _ თაია დედას მიუახლოვდა, დაიხარა და აკოცა, _ როგორ ხარ?
შვილის დანახვაზე ქალს თვალები გაუბრწყინდა.
_ თაია, შენ აქ რა გინდა? დღეს არ გელოდებოდი.
გაგამ შეამჩნია, რომ ტაის დედას სახის მარჯვენა მხარე გაშეშებული ჰქონდა. დამბლას მისთვის სახე დაეზიანებინა. სხვა დაზიანებებს ჯერჯერობით ვერ ამჩნევდა. ქალი მხრებგამართული იჯდა და აზრიანად იყურებოდა. უცხო ვერც იფიქრებდა, რომ იგი დამბლადაცემული პაციენტი იყო.
_ მოულოდნელი ვიზიტი, _ ღიმილით მიუგო თაიამ და დედას გვერდით მიუჯდა.
გაგას მოეჩვენა, რომ გოგონა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ასეთი გახარებული ჯერ არ ენახა იგი.
_ დედა, მინდა ვიღაც გაგაცნო. _ თაია წამოდგა, ცალი ხელი გაგას ხელზე მოჰკიდა, მეორე კი მხარზე დაადო.
მამაკაცს სიამოვნების ტალღამ დაუარა ამ შეხებაზე და უფრო მეტად მოუნდა ჩახუტებოდა მას და ალერსით გაეთანგა. ისევ კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე.
_ ეს ადამიანი გაგა ჭოხონელიძეა. რამდენიმე თვეა, რაც მასთან დავიწყე მუშაობა, ის ჩემი უფროსია და სიამოვნებით დამთანხმდა, დღეს შენს სანახავად წამოვეყვანე. _ მერე მამაკაცს მიუბრუნდა, _ გაგა, ეს დედაჩემია, ქალბატონი ლამარა.
გაგა დაიხარა და ქალს ხელზე აკოცა.
_ მიხარია თქვენი გაცნობა, ქალბატონო ლამარა, თაიასგან თქვენზე ბევრი რამ მსმენია.
ლამარა წინ გადაიხარა და მამაკაცი გამომცდელი მზერით შეათვალიერა.
_ მეც მოხარული ვარ, ახალგაზრდავ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქალიშვილს არასდროს უხსენებიხართ ჩემთან! აგერ დაბრძანდით!
გაგას გულში გაეცინა ქალის სითამამისა და პირდაპირობის გამო. მართალია, ტაისია ბევრად თავდაჭერილი იყო, მაგრამ რაღაცით დედას მაინც ჰგავდა. ალბათ გავა წლები და აზროვნებით ისიც დედამისივით თამამი, პირდაპირი და დამოუკიდებელი გახდება.
_ თქვენს ქალიშვილს მოერიდა ეთქვა, რომ ახლა მხოლოდ ჩემთან მუშაობს. მე ვურჩიე, დანარჩენი ორი სამსახური მიეტოვებინა და მხოლოდ ჩემთან ემუშავა.
_ თაი! _ წამოიძახა ქალმა, _ შენ არ გითქვამს ჩემთვის, რომ იურიდიულ ფირმაში არ მუშაობ და არც რესტორანში? რატომ დამიმალე?
_ ვერ მოვასწარი, დედა. კარგა ხანია შენთან არ მოვსულვარ. სულ ორი თვეა, რაც გაგასთან ვმუშაობ. სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას. _ იცრუა თაიამ.
_ და რა სამუშაო შემოგთავაზა ამ ახალგაზრდა კაცმა ისეთი, რომ წინა ორი სამსახური დაკარგე? _ დაინტერესდა ლამარა.
თაიამ ისე ძლიერ მოუჭირა მამაკაცს ხელზე ხელი, რომ ეს უკანასკნელი მიხვდა, გოგონას არ სურდა დედამისს სიმართლე გაეგო. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოეფიქრებინა.
_ პირადი დამხმარე, _ წამოისროლა უცებ, _ იურიდიულ ფირმასა და სარესტორნო ბიზნესში მიღებული გამოცდილება ჩემთვის საკმარისი იყო თაიას სამსახურში ასაყვანად. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, _ თქვა და გაიღიმა.
_ რა კარგია, _ თქვა ლამარამ, მერე ქალიშვილს შეხედა და გააგრძელა, _ ახლა აღარ მოგიწევს დაღამებამდე სამსახურში ყოფნა და გადარბენა ერთი სამუშაოდან მეორეზე. სწავლასაც მეტ დროს დაუთმობ, არა?
_ რასაკვირველია, _ რბილად დაეთანხმა გოგონა.
კარგა ხანს ილაპარაკეს თაიას სამსახურზე, იმ წიგნზე, რომელსაც ლამარა კითხულობდა, ნეირაზეც და რამდენიმე ახლო ნათესავზეც, რომლებიც ერთხელაც არ მოსულან ლამარას სანახავად. დედამ ქოთნის ყვავილებიც მოიკითხა, მინიატიურული სტატუებიც, რომლებიც ქალიშვილობის დროიდან შემორჩა, ძველი წიგნებიც _ მტვრიანი არ იყოს, ხშირად გაწმინდეო, ქალიშვილს ურჩია. გაგას თვალწინ წარმოუდგა მათ ბინაში ნანახი ეს ყველაფერი და გაეღიმა. რამდენად ძვირფასი უნდა ყოფილიყო ავადმყოფი ქალისთვის ის ყვავილებიც, წიგნებიც და სტატუებიც, ასე სათუთად რომ იხსენებდა. ალბათ თავისი ახალგაზრდობის ბედნიერ წლებს ახსენებდა. თვითონ კი რა ჰქონდა მსგავსი სახლში? არც არაფერი. მისი აპარტამენტები და ბინაც ყოველგვარი ზედმეტისგან თავისუფალი იყო, თუ ხელოვნურ დეკორირებას არ ჩავთვლით, რისთვისაც პროფესიონალი დიზაინერი მოიწვია და უამრავი ფული გადაყარა. ამის გაფიქრებაზე მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ინტერიერი ძვირად ღირებული, მაგრამ არაფრის მაქნისი ნივთებით ჰქონდა გალამაზებული. ამწუთას თავს ისე გრძნობდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩა ცხოვრებაში, სამუდამოდ გამორჩა. მას ხომ არც ერთი საკუთარი ნივთი წარსულ წლებს არ მოაგონებდა, მით უფრო, ბედნიერ წლებს, რადგან ისინი არასდროს ჰქონია. ამის გასაგებად ტაისიას დედის მონახულება გახდა საჭირო. რომ არა ეს ვიზიტი, გაგა ამაზე არასდროს დაფიქრდებოდა.
ცდილობდა, ყური არ მიეგდო დედა-შვილი საუბრისთვის, მაგრამ მაინც ესმოდა, როგორ უქებდა ლამარა ქალიშვილს ახალ ვარცხნილობას, წონაში მომატებას და მოფერიანებას. თუმცა არც ის გამორჩენია ქალს, რომ თაიას გაბზარული ხმა ჰქონდა და ივარაუდა, რომ მის შვილს სურდო გადაუტანია. ტაი კი უმტკიცებდა, არ გავცივებულვარ და ტყუილად ნუ ნერვიულობო.
გაგას ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა ტაისია, როცა მუცელი დაეტყობოდა და ორსულობის დამალვა შეუძლებელი გახდებოდა. ეყოფოდა სიმამაცე, მოსულიყო დედასთან და სიმართლე ეთქვა? თუ ეცდება ბოლო თვეებში არ მოინახულოს დედა? ამის გაფიქრებაზე სინანულმა დარია ხელი. მწვავე ჩხვლეტა იგრძნო გულში. თავიდანვე ეგოისტურად დაიჟინა ანონიმურობის შენარჩუნება. არ სურდა ვინმეს გაეგო, შვილს სუროგატი დედა რომ უჩენდა. ახლა კი რატომღაც, ძლიერმა სურვილმა წამოუარა, ტაის დედამისისთვის თავისი ორსულობის ამბავი მოეყოლა. ესეც ეგოისტური იყო _ ტაისია ხომ მუცლით მის შვილს დაატარებდა.
მოულოდნელად თვალწინ ტაის ბინაში ნანახი მისი ბავშვობის ფოტო გაახსენდა, დედასთან ერთად გადაღებული და გაეღიმა. მათი შვილიც ალბათ დედას დაემსგავსება _ მასსავით ლამაზთვალება ბიჭი იქნება, ხუჭუჭა ჟღალი თმით. ახალგაზრდობის ასაკიდან გამორჩეულად მოსწონდა წითურთმიანი გოგონები, ასეთებზე ჭკუას კარგავდა, თუმცა მის არც ერთ ცოლს ჟღალი თმა არ ჰქონია. უეცრად, რატომღაც, ტაისია წარმოიდგინა, როგორ ჰბანს ჩვილს, როგორ უსვამს ზურგის ნაზ კანზე საპონს. წარმოიდგინა თავად გოგონაც _ გაღიმებული და ბედნიერებისგან გაცისკროვნებული. სიამოვნებამოგვრილმა ლამის ამოიგმინა. ტაი ხომ მისი შვილის დედაა. მისი შვილის. წამით ისე შეეხუთა სული, რომ ამოსუნთქვა გაუჭირდა. ელვის უსწრაფესად მთელმა თავისმა ცხოვრებამ გაურბინა თვალწინ და კიდევ ერთხელ შეიგრძნო, რამდენად მარტოსული და უსიხარულო იყო იგი.
სამაგიეროდ, რა კარგი მომავალი შეიძლება ექნეს, თუკი ტაი და მისი ვაჟი მასთან იქნებიან. თბილმა ტალღამ სხეულში ელექტროდენივით დაუარა. ხელებს მუშტავდა, რომ გახშირებული გულისცემა და სუნთქვა დაეოკებინა.
ეს იყო სრულიად უცხო გრძნობა მისთვის, საოცრად სასიამოვნო, მაგრამ ამავდროულად საშინლად შემაშინებელი და უკვე აღარ იცოდა, რა მოეხერხებინა ამ შიშისთვის. ნებისმიერი აზრი ტაისიაზე ფეხქვეშ ნიადაგს აცლიდა, რეალურობის შეგრძნებას უკარგავდა და აიძულებდა, ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა.
_ გაგა!
ახლაღა მოეგო გონს და მიხვდა, ტაისიას ატკინა ხელი, თავის ხელისგულში რომ მოემწყვდია. მოულოდნელობისგან შეცბა.
_ შენი შეშინება არ მინდოდა. ხომ კარგად ხარ? _ შეეკითხა გოგონა.
_ მაპატიე, რაღაცაზე ჩავფიქრდი და რეალობას მოვწყდი. რიგზეა ყველაფერი, რიგზე. რას ვაპირებთ?
გოგონას ბედნიერების ღიმილი გამოესახა ბაგეებზე.
_ დრო ტყუილად არ დაგვიკარგავს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ახლა დედას სადილობის დრო აქვს. ვიფიქრე, ჩვენც ხომ არ შევუერთდეთ-მეთქი… წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
_ რა თქმა უნდა, არა, _ მაშინვე მიუგო გაგამ, ლამარას მიუახლოვდა, მაჯაში ხელი ჩაჰკიდა და წამოაყენა, _ არც ისე ხშირად მეძლევა შესაძლებლობა, ორი ულამაზესი მანდილოსნის თანხლებით ვისადილო.
_ მომწონს ეს ბიჭი, თაი, _ შენიშნა ლამარამ თეატრალური ტონით, თან ნელა და ჩოჩიალით ადგამდა ნაბიჯებს.
_ მაპატიე, რომ ასე გამოვიდა, _ მოუბოდიშა გოგონამ გაგას, როცა ცენტრიდან გამოვიდნენ და მანქანაში სხდებოდნენ, _ მას ჰგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და საპირისპიროში ვერავინ დააჯერებს.
გაგამ ჩაიღიმა. ნეტავ იცოდეს ტაიმ, როგორ ემთხვევა მისი და დედამისის აზრები ერთმანეთს.
_ ნუ ნერვიულობ. თუ სიმართლე გინდა, მიხარია კიდევაც, დედაშენი ღირსეულ კანდიდატად რომ მთვლის, ვისაც შეუძლია თავისი ერთადერთი ქალიშვილი მიათხოვოს. რატომღაც მეგონა, რომ ცუდი თვალით შემომხედავდა და ამითვალწუნებდა.
_ პირიქით, მიაჩნია, რომ შენ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა ხარ. სიმპათიური, თავაზიანი, მდიდარი, _ თაიამ თვალი გაუსწორა მამაკაცს, _ მხოლოდ იმის მეშინია, რომ შენი სახელი და ფოტო რომელიმე გაზეთში შემთხვევით არ ნახოს.
_ კიდევ კარგი, არავინ გვიცნო, თორემ ალბათ ერთი აჟიოტაჟი ატყდებოდა.
_ საშინელებაა ცნობილი იყო? _ დაინტერესდა თაია.
გაგამ ჩაიცინა:
_ ხანდახან კი. მაგრამ ცნობილობას თავისი უპირატესობებიც აქვს, _ და ჩამოთვლას აპირებდა, რომ ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს, _ აუ, რა მითხარი, სულ გადამავიწყდა, ნორა. უკვე მოვდივართ… მაგრამ… მოიცა, ცოტა ხანში დაგირეკავ.
მან მობილური გათიშა, ტაის თვალი შეავლო და მანქანა დაძრა.
_ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თხოვნა მექნება შენთან, _ დაიწყო მან, _ ნორა მელაპარაკა. ამ საღამოს რაღაც საქველმოქმედო საღამო იმართება და შემახსენა. რომ არ მივიდე, არ შეიძლება. პრობლემა ისაა, რომ მარტო მისვლა ცუდი ტონია. ამასთან, მარტო რომ ვიქნები, იქ დიდხანს მომიწევს დარჩენა. ერთი შანსი მაინც მაქვს, შენ რომ დაგითანხმო? წამოხვალ ჩემთან ერთად?
_ ო, არა! _ თაიამ მაშინვე თავი გააქნია.
_ ძალიან, ძალიან რომ გთხოვო? სხვა გამოსავალი რომ მქონდეს, არ შეგაწუხებდი. გარდა ამისა, ამ საღამოზე კეთილი საქმე კეთდება, უპატრონო ბავშვებს ვეხმარებით. შენ ხომ გიყვარს ბავშვები. ასე არ არის? _ დაამატა ბოლოს, რადგან იცოდა, რომ ამის მერე ტაისიას უარის თქმა გაუჭირდებოდა.
_ არც კი ვიცი, _ გოგონამ შეწინააღმდეგება სცადა, _ ნორმალური ჩასაცმელიც არ მაქვს.
თაიამ მამაკაცს მზერა აარიდა და ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი. როგორ დელიკატურად მიუდგა _ ერთი შანსი მაინც მაქვს, რომ გთხოვოო? ნეტავ მის ადგილას იყოს, ერთიც აქვს და ოთხმოცდაცხრამეტიც. თაიასავით მილიონიდან ერთი კი არა.
_ ეს სულაც არაა პრობლემა, _ ხმაში სიხარული დაეტყო გაგას. იმწუთასვე მოიმარჯვა მობილური და ნორას დაურეკა:
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>