_ ნორა, შენი დახმარება მჭირდება. საღამოზე ტაისიაც უნდა წავიყვანო, მაგრამ კაბა არა აქვს. ალბათ ჩანთა და ფეხსაცმელიც დაგვჭირდება, _ მერე თაიას მიუბრუნდა, _ ხომ ასეა?
გოგონას ფერი ეცვალა უხერხულობისგან, მაგრამ ბოლოს თანხმობის ნიშნად მაინც დაუქნია თავი.
_ ფეხი?.. რა ზომის ფეხსაცმელს ატარებ?
_ 36-ს. ტანსაცმელი კი ალბათ 40 დამჭირდება, _ მერე მუცელზე დაიხედა და გააგრძელა, _ ადრე 38 მჭირდებოდა.
_ გაიგონე, ნორა?.. ჰოდა, ძალიან კარგი. ერთ საათში თბილისში ვიქნებით… მაგარია, დიდი მადლობა, _ თქვა და როგორც კი მობილური გათიშა, თაიას მიუბრუნდა:
_ რამდენიმე კაბას და ფეხსაცმელს მოგიტანს, ზომებშიც განსხვავებულს, რომელიც მოგერგება, ის დაიტოვე.
_ თუ რომელიც მომიხდება? _ კეკლუცად შეეკითხა გოგონა.
_ შენ ყველაფერი გიხდება, მთავარია, მოგერგოს, _ მიუგო გაგამ და სიჩქარეს მოუმატა.
თაიამ ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუშტა, რითიც აგრძნობინა, რომ არ დარჩენილა აღტაცებული მისი გადაწყვეტილებით. მით უფრო, რომ იმ საღამოზე ფოტოგრაფებიც იქნებოდნენ და ჟურნალისტებიც. რას დაწერდნენ ისინი ამ უცნაურ წყვილზე?
მოულოდნელად მამაკაცმა დაამუხრუჭა და ძრავა გამორთო.
_ მოდი, შევთანხმდეთ: ახლა შენ დაჯდები საჭესთან და სახლამდე ატარებ, სამაგიეროდ, საღამოს გვერდს დამიმშვენებ. მოსულა?
გოგონამ გაოცებისგან წარბები მოშვილდა.
_ მე უნდა ვატარო შენი `მერსედესი~?
_ ჰო რა, _ ღიმილით მიუგო გაგამ, თან აკვირდებოდა მის სახეზე გამოხატულ ჩუმ აღფრთოვანებას.
მეტის თქმა არ დასჭირვებია. თაიამ მყისვე მოიძრო უსაფრთხოების ქამარი, მანქანიდან გადახტა და წინიდან შემოუარა.
`როგორც ჩანს, შევთანხმდით~, _ გაიფიქრა კმაყოფილმა გაგამ.
აუ, რა მანქანა იყო! `მერსედესის~ ტარებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობსო, ფიქრობდა თაია, საჭეს ოსტატურად ატრიალებდა და გზას ფრთხილად აკონტროლებდა. მართალია, `მერსედესის~ ფანატების რიცხვს არ განეკუთვნებოდა, მაგრამ ამწუთას თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც არასდროს. ნეტავ ოდესმე ეღირსება ასეთი ავტომობილი? ალბათ, არა.
თაია ჩვეულებრივ, ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება მანქანის ტარებას, გამოცდილება დიდი არ ჰქონდა, ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა ეს დიდებული მანქანა დაემტვრია. მაგრამ გაგამ ეს არ იცოდა. მიუხედავად ამისა, გოგონა თავდაჯერებულად უჯდა საჭეს და მშვიდად მიუყვებოდა გზას, თან კმაყოფილად იღიმოდა.
როცა გაგას ბინამდე მიაღწიეს, ნორა უკვე ელოდა მათ. სასტუმრო ოთახის მთელი სივრცე მუყაოს ყუთებს დაეკავებინა, ხოლო სკამზე რამდენიმე სამოსი იყო გადაკიდებული თავისი საკიდრებით.
_ ნორა, შენ ნამდვილი საოცრება ხარ, _ გაიღიმა გაგამ და ქალს ლოყაზე აკოცა, _ მე ჩემს ოთახში გავალ, თქვენ კი საქმეს მიხედეთ. სასურველ კაბას რომ შეარჩევთ, დამიძახეთ.
და როცა თაიას გვერდით ჩაუარა, ხელზე ხელი მოუჭირა.
_ ნორამ იცის თავისი საქმე, დაუჯერე, _ ხმადაბლა გადაულაპარაკა გოგონას და გაშორდა.
თაია გაშეშებული იდგა და გაოცებისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა სკამზე გადაკიდებულ ნაირ-ნაირ სამოსსა და მუყაოს ყუთებს.
_ ასე უცებ სად მოასწარით ამდენი რამის ყიდვა? _ მორიდებით ჰკითხა ნორას.
_ როცა გაგა ჭოხონელიძესთან მუშაობ, ყველაფრის შოვნა შეგიძლია, თანაც დღეღამის ნებისმიერ დროს. რაც არ მოგიხდება და საჭირო არ იქნება, უკან დავაბრუნებ, პრობლემა არაა.
_ ამ პატარა ყუთებში რა არის? _ თაიამ მზერა მაგიდაზე ერთმანეთზე დაწყობილ ფერად ხავერდის ყუთებზე გადაიტანა.
_ ეს სამკაულებია _ ბეჭდები, ყელსაბამი, სამაჯური და ასე შემდეგ.
_ აჰა… და ამათი დაბრუნებაც შეგიძლიათ?
_ რა თქმა უნდა. ეს სამკაულები ძვირად ღირებულია, ამიტომ არ მიყიდია, უბრალოდ, ვითხოვე. უფრო სწორად, ვიქირავე. ხვალ უკან წავიღებ. თუმცა შეიძლება გაგამ რომელიმეს დატოვება გადაწყვიტოს.
_ დატოვება? რისთვის?
_ რისთვის კი არა, ვისთვის. ვიმედოვნებ, აქედან რომელიღაცას გაჩუქებს.
თაია შეცბა.
_ არ არის საჭირო. მე საჩუქრები არ მჭირდება. ისიც საკმარისია, რომ ფულს მიხდიან.
ნორამ არ უპასუხა, მაგიდას შემოუარა, სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი სათითაოდ აიღო და მაგიდაზე გადაფინა.
_ მოდი, დავიწყოთ. ჯერ ეს ჩაიცვი. ვნახოთ, თუ მოგეწონება, თუ არადა, სხვა მოვიზომოთ.
თაიამ კაბა გამოართვა, სათუთად ჩამოუსვა ხელი ატლასის რბილ ნაჭერს და თავის ოთახს მიაშურა. თავს კონკიასავით გრძნობდა, რომელიც ფერიას ნაჩუქარი კაბით მეჯლისზე მიემართებოდა.
ამ დროს კარი გაიღო და საძინებელში ნორა შემოვიდა დანარჩენი ტანსაცმლითა და სამკაულების ყუთებით.
გოგონა ქანდაკებასავით გაქვავებული იდგა და არ იცოდა, რომლით დაეწყო. ყველა კაბა ერთმანეთზე უკეთესი იყო, სამკაულები კი თვალებს უბრმავებდა, მაგრამ ეს ყველაფერი მისი იყო, რაც საშინლად ეუცხოებოდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მის გარდერობში მსგავსი ნივთები არასდროს ყოფილა. ერთადერთი ძვირფასი კაბა ჰქონდა, რომელიც თავისი მეგობრის, დალის ქორწილში ეცვა. ახლაც აქვს ის კაბა, ლურჯი შიფონის, რომელიც ძალზე ძვირი დაუჯდა, მაგრამ მეჯვარე იყო და სხვა გზა არ ჰქონდა, გამორჩეულად უნდა სცმოდა.
მორჩა, ეგ იყო და ეგ. იმ ლურჯი გამოსასვლელი კაბის მეტი თაიას ძვირფასი ტანსაცმელი არ ღირსებია. ისიც ნეირამ აყიდვინა, თან აღნიშნა, ლურჯი შიფონი იმდენად იშვიათი და უცხოა, ქორწილში პატარძალზე უფრო იბრწყინებო. მართლაც ასე მოხდა. ყველა აღნიშნავდა მის სილამაზეს.
გოგონამ შარვალი და მაისური გაიხადა და ცისფერი კაბის ჩასაცმელად მოემზადა. ნორამ შემფასებლური მზერით შეათვალიერა ნახევრად შიშველი გოგო და შეუმჩნევლად ჩაიღიმა. დახვეწილი სხეული ჰქონდა _ მკერდი, ტანი, ფეხები…
როგორც კი კაბა ჩაიცვა, თაიამ მაშინვე უხერხულად იგრძნო თავი _ სამოსი ტანზე მეტისმეტად შემოეტმასნა. არა, გაგა ასე გამომწვევად ჩაცმულს ნამდვილად არ წაიყვანდა.
_ ვიწროა გაქვს, _ შენიშნა ნორამაც, _ ალბათ ორსულობის ბრალია. ცოტა მომატებული ხარ წონაში, თუმცა მუცელი ჯერ არ გეტყობა. ფერი კი მოგიხდა, რომ იცოდე. _ ამ სიტყვებით სხვა კაბას დაავლო ხელი და გოგონას მიაწოდა, _ ეს ნახე, აბა.
ასე რიგრიგობით თაიამ ექვსი კაბა მოიზომა, სანამ ნორასთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო.
_ უი, ფეხსაცმელი სულ დამავიწყდა, _ შუბლზე შემოირტყა ნორამ ხელი და სასტუმრო ოთახში გავიდა, საიდანაც რამდენიმე წუთში მუყაოს თეთრი ყუთებით დახუნძლული შემოვიდა.
ფეხსაცმელიც შეარჩიეს, რის შემდეგაც ჩანთისა და სამკაულების ჯერი დადგა.
როცა საბოლოოდ შეარჩიეს ყველაფერი და ფერებიც სათანადოდ შეუხამეს, ნორამ თაიას მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთა. მერე ვარცხნილობაც ისე ლამაზად დაუყენა, რომ, როცა თაიამ სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავი ეუცხოვა. სარკიდან სულ სხვა ქალი შემოსცქეროდა. ელეგანტური და ლამაზი, მაგრამ შეშინებული. ამან დააფრთხო. ნეტავ რა აშინებს? რატომ უნდა აფიქრებინოს ნორას, რომ მისთვის ასე შემოსვა უცხო ხილია? პროვიციელი ხომ არ არის! ბოლოს და ბოლოს, თბილისში დაბადებული და გაზრდილია. მერე რა, რომ არასდროს ჰქონია ასე ძვირად ღირებული ნივთების ყიდვის შესაძლებლობა?
ამის გაფიქრებაზე მაშინვე გამართა მხრები, თავი ასწია, ყელი მოიღერა და ნორას სარკიდან შეღიმა.
ნორამ აღფრთოვანების ნიშნად ცერი შემართა.
_ აი, ახლა ნამდვილ ლედის დაემსგავსე. იმედია, გაგასგან შენიშვნას არ დავიმსახურებთ, _ თქვა მან და დარჩენილი სამოსისა და სხვა ნივთების ყუთებში ჩალაგებას შეუდგა.
ოთახიდან გამოვიდნენ თუ არა, ნორამ სამზარეულოს მიაშურა ყავის მოსადუღებლად.
თაიას ლამის გული გაუჩერდა, როცა მამაკაცის ოთახის კარი გაიღო. გაგა საძინებლიდან ჰალსტუხის სწორებით გამოვიდა. კრემისფერი პიჯაკი და ყავისფერი შარვალი საოცრად უხდებოდა, მაგრამ გოგონამ პირველად ნახა მისი ასე გაოცებული სახე. გაშტერებული გაგა თაიას თვალს ვერ აშორებდა.
`გასაოცრად ლამაზია, ნუთუ აქამდე ვერ ვამჩნევდი? მაღალი, წვრილი, მსუბუქი… არ მეგონა, შავი კაბა ასე თუ მოუხდებოდა~. _ გაიფიქრა და გოგონასკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
_ როგორია? _ მორცხვად შეეკითხა თაია.
_ მოჯადოებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის. მე შენ გონს მაკარგვინებ.
გოგონას შექებისგან ღაწვები შეეფაკლა. მასზე განსაკუთრებით ბოლო წინადადებამ იმოქმედა _ მე შენ გონს მაკარგვინებო.
`თუ ასეა, შემიყვარე~, _ გულში წარმოთქვა თაიამ და გაიღიმა.
ამ დროს სამზარეულოდან ნორაც გამოვიდა.
_ ხომ მაგარი გოგო გვყავს? სასწაულად გამოიყურება, არა, გაგა?
მამაკაცს ლაპარაკის უნარი წართმეოდა. ნორა მიხვდა, რომ მისი აქ ყოფნა უკვე ზედმეტი იყო და თავის ჩანთას დაავლო ხელი.
_ მე მეჩქარება, უნდა გავიქცე. ყავისთვის წყალი ადუღებულია, შეგიძლიათ დალიოთ. ამ ყველაფერს კი ხვალ წავიღებ. სხვებიც ნახე, გაგა, იქნებ შენი გემოვნება არ ემთხვევა ჩვენსას. _ და პასუხს არ დალოდებია, ისე გაემართა კარისკენ.
ის არავის გაუცილებია. გაგა მხოლოდ კარის მიხურვის ხმამ გამოაფხიზლა. მან კოპები შეკრა:
_ რა ქნა, წავიდა?
_ წავიდა, _ უპასუხა გოგონამ და უარესად გაწითლდა.
_ ნორა მართალია. თავბრუდამხვევად გამოიყურები. სიმართლე გითხრა, არ ველოდი. არა, არა, იმიტომ კი არა, რომ ლამაზი არ ხარ. უჩემოდაც იცი, რომ ულამაზესი ხარ, მაგრამ ამ საღამოს… პირდაპირ არ ვიცი… ნამდვილი საოცრება ხარ. მინდა ის კაცი ვიყო, ვისგანაც ასეთი კომპლიმენტი ყველაზე მეტად გესიამოვნებოდა.
`შენ ხარ ის კაცი~, _ გულში გაეპასუხა თაია, გაგას კი მხოლოდ გაუღიმა.
მამაკაცი მიუახლოვდა და ოდნავ შეეხო ბრილიანტის ყელსაბამს, რომელიც ტაისიას ლამაზ ყელს უსურვაზივით შემოხვეოდა. გაგამ თავი ვერ შეიკავა და ხელისგული გოგონას ლოყაზე ჩამოუსვა.
რას იზამს, თუკი ახლა ხელში აიყვანს და საწოლისკენ გააქანებს? ჯანდაბამდის გზა ჰქონია საქველმოქმედო საღამოს. ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველაფერს, ამ გოგოს გარდა! ალბათ, ბოლოს და ბოლოს, მის ტანჯვას ბოლო მოეღება, თუკი თავს გამოუტყდება იმაში, რომ ტაისიაზე შეყვარებულია. ტყუილად არ აწვალებდა მასზე ფიქრები იმ დღიდან, როცა მან პირველად შეაღო გაგას ოფისის კარი. ეს მოხდა სულ რაღაც სამი თვის წინ… არც კი…
ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, მამაკაცს გოგონას სუნთქვის ხმა ესმოდა, თაია კი მისი სხეულის სიმხურვალეს გრძნობდა. გაგამ ოდნავ დახარა თავი, რათა მის ტუჩებს დასწაფებოდა, მაგრამ თაიამ ელვის უსწრაფესად დაიხია უკან და ყელსაბამს ნერვიულად დაუწყო წვალება.
_ იქნებ არ ღირს ჩემი გაყოლა მაგ საღამოზე?
გაგამ წარბები შეჭმუხნა, აშკარად განიხიბლა.
_ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა. ამასთან, ჩვენ შევთანხმდით. ამიტომ ვალდებულიც კი ხარ. _ ეს ისე უკმეხად გამოუვიდა, რომ გოგონამ ფერი დაკარგა…
და სანამ კიბეზე ჩადიოდნენ, გაგას მხოლოდ იმაზე ფიქრი აწვალებდა, რომ ის და ტაისია ჯერ კიდევ უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის.
თაიას საღამო ძალიან მოეწონა. ჯერ იყო და, მანქანიდან გადმოვიდნენ თუ არა, პაპარაცების ფოტოაპარატების ნათება ვარსკვლავთცვენასავით დაატყდათ თავს. თაიას ისე დაეჭიმა სხეული, გაიფიქრა, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც ცხოვრებაში დავუშვიო, მაგრამ როგორც კი ვეებერთელა დარბაზში შევიდნენ და გაგამ იგი თავის ნაცნობებს წარუდგინა, მოეშვა. მამაკაცმა იმდენი ვიღაც გააცნო, თაია სახელების დამახსოვრებას ვერ ასწრებდა, თუმცა ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა.
გაგა შეძლებისდაგვარად ირიდებდა თავიდან უხერხულ შეკითხვებს: როგორ და სად გაიცნო ტაისია, რამდენად სერიოზული იყო მათი ურთიერთობა, რამდენი ხანია ერთმანეთს ხვდებოდნენ და ა. შ.
მხოლოდ ერთ კითხვაზე გასცა დამაჯერებელი პასუხი: ტაისია ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარიაო…
არადა, მან მხოლოდ დაიქირავა იგი. ის იყო ქალი, რომელსაც ფული გადაუხადა, რათა მისთვის შვილი გაეჩინა, მაგრამ ამას ხომ ვერ იტყოდა? მოწვეულთაგან ვინმეს რომ გაეგო ეს ამბავი, ჭორები წალეკავდა. კიდევ კარგი, მუცელი ჯერ ისე არ წამოზრდოდა, რომ დასტყობოდა. ამაში კაბაც უწყობდა ხელს. მადლობა ნორას, ასეთი შესანიშნავი კაბა რომ შეურჩია ტაის.
გოგონას არ გამოჰპარვია, რომ უცხო ადამიანები მას ინტერესით ათვალიერებდნენ. ის კი არა, რამდენიმე შურიანი მზერაც შენიშნა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მანდილოსნებისგან. ერთმა მეორეს რაღაც გადაუჩურჩულა კიდევაც, რასაც მზაკვრული ორი ღიმილი მოჰყვა…
როცა საქველმოქმედო საღამო დამთავრდა, ბანკეტი გაიმართა. სუფრა არაჩვეულებრივი იყო და თაია ამაყობდა, რომ დანა-ჩანგლის ხმარებაში არაფერი შეშლია. ბოლოს დესერტიც შემოიტანეს, მაგრამ მას ნამცხვრებისთვის ხელი არ უხლია. გაგამ მაინც გადაუღო ერთი ნაჭერი, თუმცა თაიამ პირი არ დააკარა. იგი მის წინ მჯდომ ხანდაზმულ ქალს ყურადღებით უსმენდა, რომელიც გატაცებით ჰყვებოდა იმის შესახებ, როგორ დაისვენა ტოსკანაში.
`ტოსკანა~, _ გაიმეორა გულში. მას არასდროს ეღირსება ტოსკანაში მოგზაურობა.
_ იტალია ულამაზესი ქვეყანაა, _ დაეთანხმა გაგა ქალს, _ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მათ შორის ტოსკანაშიც. კარგი კურორტია.
`ამას რა ენაღვლება, _ გულდაწყვეტით გაიფიქრა თაიამ, _ მისი შეძლების პატრონს ნებისმიერი ეგზოტიკური მხარის მონახულება ხელეწიფება~. თვითონ კი ვინ არის? ერთი ღარიბი სტუდენტი, რომელიც ძლივს ახერხებს ავადმყოფი დედის მოვლას და მისი მკურნალობის ხარჯების მოძიებას. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, კარგია იტალია თუ ცუდი? მილიონიდან ერთი შანსიც არ არსებობს, იქ მოხვდეს. ეს ისეთივე რთულია, როგორც ის, რომ ჭოხონელიძემ შეიყვაროს და ცოლობა სთხოვოს.
რა ელის მომავალში? დიპლომი, მერე მუშაობა. დიდი-დიდი, მენეჯერობას მიაღწიოს, ისიც, თუ ვინმე დაეხმარება. ნეირა რომ არა, განა მას რესტორნის მენეჯერად ვინმე დანიშნავდა? არასოდეს! ეჰ… სულ რომ ფეხები გაფშიკოს, იმდენ ფულს მაინც ვერ დააგროვებს, რომ ცოტა დიდი ბინა იყიდოს და დედასთან ერთად მშვიდად იცხოვროს. თუმცა მისი ოცნება ლამაზი კერძო სახლია, სადმე გარეუბანში, ვარდების ბაღით და ხეხილით დახუნძლული. არავინ იცის, ვისი მდგომარეობაა უფრო ცუდი _ მისი თუ იმ ბავშვების, ვის დასახმარებლადაც ეს ბობოლა ბიზნესმენები ამ საღამოს შეიკრიბნენ.
გაგამ ქათქათა თეთრი ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა, მერე მას მიუბრუნდა და მომნუსხველად გაუღიმა:
_ იცეკვებ ჩემთან?
გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა, მაგრამ ვერ გაიგონა, რა უთხრა მამაკაცმა.
_ უკაცრავად, რა მითხარი?
გაგამ ხელზე ხელი წაავლო და ზეზე წამოაყენა.
_ ვიცეკვოთ.
მორჩილად მიჰყვა. სხვა თუ არაფერი, ცეკვა მაინც ეხერხებოდა. ეხერხებოდა კი არა, პროფესიონალ მოცეკვავეს არ ჩამორჩებოდა. სკოლის პერიოდში სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში დადიოდა და წარმატებითაც დაამთავრა. ერთხელ კონკურსზეც კი გავიდა და თავის მეწყვილესთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.
მამაკაცმა ხელი წელზე მოხვია და ისე უცებ დაატრიალა, თაია დაიბნა. უცებ ვერ აუწყო ტაქტს ფეხი, წაიბორძიკა კიდევაც, მაგრამ რამდენიმე წამში ყველაფერი გამოასწორა… ცოტაც და ორივენი ისე დაქროდნენ პრიალა ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე, თითქოს იმხელა დარბაზში მხოლოდ ეს ერთი წყვილი ცეკვავდა.
_ ალბათ ბევრს უთქვამს შენთვის, რომ გასაგიჟებლად ლამაზი ხარ, მაგრამ მეც უნდა გითხრა. თვალს ვერ გწყვეტ, ისე მომაჯადოებლად გამოიყურები.
გაგას მკლავებში გამომწყვდეული თაია ერთხელაც დატრიალდა და მუსიკის გრიალში ხმამაღლა შესძახა:
_ ყველაფერი კაბის ბრალია.
მამაკაცმა გაიცინა:
_ კაბა არაფერ შუაშია. თუმცა ისიც ლამაზია, მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილებას ის ქალი უფრო ახდენს, ვისაც ეს კაბა აცვია.
ერთი მელოდია მეორეს ცვლიდა, მამაკაცი კი გაჩერებას არ აპირებდა. წელზე მოხვეული ხელი ნელ-ნელა თაიას შიშველი ზურგისკენ ააცურა და თითებით მიეფერა. გოგონას ელვასავით დაუარა ჟრჟოლამ. რაღაც მომენტში გაგამ ლოყა ლოყაზე მიადო და თაიას თითქოს სხეული წაერთვა, ისე დარია ხელი სურვილმა, თავი მის ყელში ჩაერგო. გაგას ლოყა პრიალა იყო, რადგან წამოსვლის წინ წვერი გაეპარსა. მიუხედავად ამისა, მაინც იგრძნო ოდნავი ჩხვლეტა… ან იქნებ არც იგრძნო და მოეჩვენა? ერთი ლოყა _ გლუვი და რბილი, მეორე _ პრიალა და ცოტათი უხეში… ქალი და მამაკაცი… ასეც უნდა ყოფილიყო, სამყაროს შემოქმედმა ასე მოისურვა…
თაიას სურდა, ეს წამები უსასრულოდ გაგრძელებულიყო და არასდროს დამთავრებულიყო, რათა სამუდამოდ დამახსოვრებოდა.
_ ახლა ყველაზე მეტად მინდა შინ ვიყოთ, _ ტუჩები ყურთან მიუტანა მამაკაცმა და ისე უთხრა.
გოგონა წამოენთო. მასაც ეს სურდა. აქ გაჩერება აღარ უნდოდა. მუსიკა, საზეიმო ატმოსფერო, გაგას სიახლოვე _ ეს ყველაფერი მის თავდაცვით უნარს ნიადაგს აცლიდა. ის უკვე აღარ ფიქრობდა მორალზე, იმაზე, რომ გაგასთან მხოლოდ საქმიანი კავშირი შეენარჩუნებინა. სულაც არ იყო ამწუთას მნიშვნელოვანი, რა იქნებოდა ხვალ, როცა საწოლში მის გვერდით გაიღვიძებდა. არც ის ადარდებდა, ინანებდა თუ არა ამას.
ვნებამ ერთიანად მოიცვა. კიდევ ერთხელ სურდა მიჰყოლოდა გულის ხმას. უნდოდა ამ კაცთანაც გამოეცადა თავგადასავალი, თუნდაც ტანჯვად გადაჰქცეოდა ეს ღამე.
_ წავიდეთ? _ შეეკითხა გაგა, რასაც თაია მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობით მიხვდა, რადგან მუსიკის გუგუნში აღარაფერი ესმოდა.
გოგონამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
_ მადლობა ღმერთს, _ ამოთქვა მამაკაცმა და სწორედ ამ დროს მუსიკაც მიწყდა. მან ხელი ჩაავლო ტაისიას და დარბაზი გადაკვეთა.
რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენმა ადამიანმა გააყოლა მათ მზერა, რამდენი დაჟინებით აკვირდებოდა. იგი თავაზიანად ემშვიდობებოდა თითოეულს და თავის სასიამოვნო თანამგზავრთან ერთად გასასვლელისკენ მიიჩქაროდა.
წყვლის დანახვაზე მძღოლმა მანქანა მაშინვე დაქოქა. ქალი და მამაკაცი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ. მთელი გზა გაგას ტაის ხელი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და ოდნავ უჭერდა. ამწუთას მათი თითები საუბრობდნენ ერთმანეთში და ეს საუბარი სიყვარულის ახსნას ჰგავდა.
_ ტაისია… ჭკუაზე მშლი, _ წაიჩურჩულა გაგამ.
`იმაზე მეტად არა, როგორც მე~, _ ფიქრში გაეპასუხა გოგონა, მაგრამ ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა. არ უნდოდა მამაკაცს გაეგო, რამდენად ღრმა იყო მისი გრძნობები.
არც გაუგიათ, კორპუსამდე როგორ მივიდნენ. როცა მანქანა დამუხრუჭდა, მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ. თაიას შეაცახცახა.
_ ყველაფერი რიგზეა? _ შეეკითხა მამაკაცი.
გაგრძელება იქნება