რიგზეო? ამ სიტუაციას ყველაფერი შეიძლებოდა დარქმეოდა, რიგზეა"-ას გარდა. სხეული სიმივით ჰქონდა დაჭიმული და თითქოს გუგუნებდა, გონება კი აღარ უმუშავებდა. მაგრამ თავი მაინც დაუქნია, რადგან ეს იყო პასუხი, რომელსაც მამაკაცი ელოდა. ისიც დაძაბული ჩანდა, დაძაბული და ცოტათი დაბნეული. ძლივს მოახერხა კარის გაღება…
ბინაში შესულები არ იყვნენ, რომ გაგამ გოგონა კედელს ააკრა. მისი სულმოუთქმელი კოცნა კარგა ხანს გაგრძელდა, რასაც თაიას სხეულის ყველა უჯრედი ვნებიანად ისრუტავდა. ნეტარებისგან მუხლები მოეკვეთა. მაშინვე მამაკაცის მხრებს ჩააფრინდა, რათა არ დაცემულიყო.
მერე… მერე იყო ხელში აყვანა და საძინებლის კარის ფეხით შეღება. შემდეგ გაგამ ბავშვივით ნაზად მიაწვინა საწოლზე და პიჯაკი გაიხადა. პიჯაკს ჰალსტუხი მოჰყვა, ჰალსტუხს -პერანგი…
თაიას სუნთქვა შეეკრა, როცა მამაკაცი მხოლოდ ტრუსის ამარა დარჩა. მიხვდა, რომ თვითონაც უნდა გაეხადა, მაგრამ განძრევის თავი არ ჰქონდა, თითქოს პარალიზებული ყოფილიყოს. მეორედ ხედავდა შიშველ მამაკაცს… მამაკაცს, რომელსაც მასთან ყოფნა სურდა - უბრალო, ღარიბ, არაფრით გამორჩეულ სტუდენტ გოგონასთან…
გაგამ ფეხსაცმელი გაიხადა და თაიას გვერდით მიუწვა, თან იდაყვს დაეყრდნო, რომ ასე უფრო მოხერხებულად ეყურებინა მისთვის.
გოგონამ ნერვიულად გადააგორა ნერწყვი, არ იცოდა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. იქნებ მას ჰგონია, რომ თაიას დიდი სექსუალური გამოცდილება აქვს?
მამაკაცი ხმას არ იღებდა, თავისუფალი ხელით ერთიმეორის მიყოლებით აძრობდა გოგონას თმიდან წვრილ სარჭებს, თან თვალს არ აშორებდა.
- ხომ არ გავჩერდე? - მსუბუქი ტონით შეეკითხა. - თუ კი-ს მეტყვი, მთელი კვირა მომიწევს ცივი შხაპის ქვეშ დგომა. მიუხედავად ამისა, სულაც არ მინდა გაიძულო იმის გაკეთება, რისთვისაც მზად არ ხარ. ეს არ არის აუცილებელი.
მამაკაცის ნათქვამმა გოგონას უფრო გაუმძაფრა სურვილი. მან თავი გააქნია უარის ნიშნად, თან ვნებიან ამოსუნთქვას აყოლებდა მის თმაში მოთამაშე მამაკაცის თითების ყოველ შეხებას.
- არა, მინდა… მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი… გამოცდილება თითქმის არ მაქვს… თითქმის კი არა… - და გაჩერდა. იფიქრა, რაც უნდა ვთქვა, მაინც არ დამიჯერებს. ალბათ ყველა ქალი ასე იმართლებს თავს კაცის წინაშე, რათა თავისი წესიერება დაამტკიცოსო.
- ყველაფერი რიგზეა, ნუ ნერვიულობ. გგონია, მე ხშირად დავდივარ ქალებში? იშვიათად. ამიტომ ეს დღე განსაკუთრებული იქნება.
გაგა დაიხარა და გოგონას ჯერ ტუჩის კუთხეში აკოცა, მერე ლოყაზე, ბოლოს კი ცხვირზე. თაია მის მკერდს ხარბად მიეკრა. გრძნობდა, როგორ რბილად დასრიალებდა გაგას ხელისგული მის ზურგზე, თითქოს ბუმბულით ეხებიანო.
როცა მამაკაცმა ტანსაცმელი გახადა, თაიამ მექანიკურად აიფარა ხელები მკერდზე. გაგამ გულაღმა გადააწვინა და სახე კოცნით დაუფარა. ის ვეებერთელა და დაკუნთული იყო, თაია - პატარა და გამხდარი, თუმცა ეს სულაც არ აკომპლექსებდა. გაგა მამაკაცი იყო, თვითონ -ქალი… და მას ეს მოსწონდა.
- ნუ მიმალავ, - ჩურჩულით ამოთქვა გაგამ და ფრთხილად ააღებინა ორივე ხელი გოგონას მკერდიდან, - ძალიან ლამაზი ხარ, მინდა შიშველს გიყურო.
გოგონა დანებდა, ხელები დაუშვა და მიბნედილი მზერით ახედა.
- შენი მკერდი ხელოვნების ნიმუშია, - გააგრძელა მამაკაცმა, - ასე არ არის? - შეეკითხა და ტუჩებით ნაზად შეეხო ჯერ ერთ კერტს, მერე - მეორეს.
თაიამ დაიკვნესა. არ იცოდა, რა უფრო აგრძნობინებდა თავს ასე კარგად - მისი შეხება თუ ხმის ტემბრი.
- ისე, გაგზრდია მკერდი, - გაუღიმა გაგამ, - როცა გაგიცანი, უფრო პატარა გქონდა. მე ყურადღებიანი კაცი ვარ, ასეთ რამეებს ეგრევე ვამჩნევ. წარმომიდგენია, დარჩენილ შვიდ თვეში როგორ გადასხვაფერდება შენი სხეული. - ამ სიტყვებით ხელისგული გოგონას მუცელს დაადო და ასე ეჭირა მანამ, სანამ კოცნიდა. თაიას გონს აკარგვინებდა ეს მტანჯველად სასიამოვნო ალერსი, სხეულის ყველა უჯრედი სიმივით დაეჭიმა. ეგონა, ასე თუ გაგრძელდებოდა, ვეღარ გაუძლებდა და ნეტარებისგან გული გაუსკდებოდა…
მაგრამ არ გაუსკდა. თვალებდახუჭული მხოლოდ იმას გრძნობდა, როგორ აიწია ჰაერში. ამწუთას უწონობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ღვთაებრივ ნეტარებას ანიჭებდა…
ეს განსაკუთრებული მდგომარეობა იყო და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას თაიას განსაკუთრებული მამაკაცი ანიჭებდა…
მისი სხეულის თითოეული უჯრედი თითქოს იმუხტებოდა ათასობით ელექტრული მუხტისგან. გულიც კი ბუდიდან ამოხტომას და ჰაერში აჭრას ლამობდა.
გაგას სისხლი საფეთქლებში მოაწვა. ამდენი თვის ნატვრა აუხდა - ეს გოგო ახლა მის მკლავებში იყო, მის საწოლში და მასთან განსხეულებული. სურდა, გაეჩერებინა ეს წამი, მაგრამ გახურებული სხეული გაჩერების უფლებას არ აძლევდა…
- კარგად ხარ? - შეეკითხა, - ხომ არ გატკინე?
თაიამ დაბნეულად გააქნია თავი და რაც შეეძლო, ძლიერად ჩაეხუტა.
- ასე კარგად ალბათ არასდროს ვყოფილვარ, თითქოს ახლა იწყება ყველაფერი.
- მართალი ხარ, ახლა იწყება, - გაუღიმა გაგამ და მის ყელში ჩარგო ცხვირ-პირი.
- გაგა…
გოგონამ პირველად მიმართა სახელით და ეს იმდენად ვნებიანად იყო ნათქვამი, რომ მამაკაცს სურვილის ახალი ტალღა მოასკდა. იგი ნათლად გრძნობდა ტაისიას ყოველ შეკრთომას, ყოველ შეკანკალებას. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მისი ტაი სიამოვნებისგან გრძნობას კარგავდა. მისი მიზანიც ეს იყო - ექსტაზის უმაღლესი მწვერვალის მიღწევა…
მერე დიდხანს იწვნენ გვერდიგვერდ. არ იცოდა გაგამ, რამდენი ხანი. შეიძლება რამდენიმე წუთი, შეიძლება რამდენიმე საათიც. დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა. ბოლოს თაიამ თავი მკერდზე დაადო და მორცხვად ახედა.
- ახლა როგორ ხარ? კარგად გრძნობ თავს? - გაგამ ხელი ზურგს ქვემოთ შეუცურა და მხარზე მიიკრა.
- ეს უფრო მეტია, ვიდრე კარგად ყოფნა. სახელად რა ჰქვია, წარმოდგენა არა მაქვს.
ორივეს გაეცინა.
- შენ? შენ როგორ ხარ? - შეაპარა თაიამ. სიგიჟემდე სურდა მოესმინა, რას უპასუხებდა მამაკაცი.
- მე? აბა, რა გითხრა. ამწუთას რომ მოვკვდე და თავი ზეცაში ამოვყო, არ ვინანებ. თუნდაც ჯოჯოხეთში მოვხვდე.
თაიას მწარედ გაეღიმა. დღეს კარგი, მაგრამ რა იქნება ხვალ? ზეგ? ბავშვი რომ გაჩნდება, მერე? რა ეშველება კონტრაქტს, სადაც სულ სხვა რამე წერია? ეს ყველაფერი ხომ ძალიან მალე დასრულდება? მაგრამ მაინც არ ნანობს. მას უნდოდა ამის გაკეთება და გააკეთა. სხვა თუ არაფერი, სასიამოვნო მოსაგონრად ეს წუთები მაინც დარჩება. ამიტომ ახლა ხასიათს არ გაიფუჭებს გაურკვეველ მომავალზე ფიქრით. როცა დრო მოვა, ის დატოვებს აქაურობას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, შეეცდება, ყოველი წამით დატკბეს, დაიმახსოვროს გაგას სახის თითოეული ნაკვთი, მისი სხეულის თითოეული უჯრედი… და ეს ყველაფერი დარჩება მასთან, როცა არ იქნება არც გაგა, არც ბავშვი…
თვალებზე ცრემლი მოაწვა, მაგრამ უსიამოვნო ფიქრები წამსვე უკუაგდო. ახლა ამის დრო არ იყო.
ამწუთას ყველა ქალზე ეჭვიანობდა, ვისთანაც გაგას ურთიერთობა ჰქონია, თუნდაც დროებითი. მას სურდა, ამ კაცს მხოლოდ თაია ჰყვარებოდა. ყოველ დილით მის გვერდით გაეღვიძა, მისგან შვილები ჰყოლოდა, მასთან ერთად ცხოვრება აეწყო. აი, რა უნდოდა სიცოცხლეზე მეტად. ვერასდროს წარმოიდგენდა, ოდესმე გაგასნაირ მამაკაცს თუ შეხვდებოდა, მაგრამ ეს მოხდა.
გულზე მარწუხები უჭერდა, რადგან იცოდა, რომ ეს ურთიერთობა დროებითი იყო. მასთან დაწოლა საშინელი შეცდომა იყო, თუმცა ჯანდაბამდის გზა ჰქონია მორალს. ის არაფერს ნანობდა.
ამ ფიქრებში ჩაეძინა… ვინ იცის, ბოლოს როდის ეძინა ასე ღრმა ძილით და ასე ნასიამოვნებს…
გამოღვიძებისთანავე მიხვდა, რომ უკვე გათენებულიყო. თვალი ძლივს გაახილა და მიმოიხედა. გაგას საძინებელში იყო, მის საწოლში, თავი მის ბალიშზე ედო. რამდენჯერაც ადგომა დააპირა, იმდენჯერ ისევ მიწვა. სხეული ადგომის უფლებას არ აძლევდა, იმდენად სასიამოვნოდ იყო მოთენთილი. კვლავ ჩათვლიმა…
როცა კიდევ ერთხელ გამოეღვიძა, ყავის მძაფრი სურნელი შეიგრძნო. თვალები გაახილა და ლოგინში წამოჯდა. ახლაღა გააცნობიერა, რომ მთლიანად შიშველი იწვა. წამში გაურბინა გონებაში წინა ღამის მოგონებებმა. ეს იყო პირველი ჯადოსნური ღამე მის სიცოცხლეში.
ხომ არ აჯობებს, ამ ურთიერთობას წერტილი დაუსვას? მერე ხომ უფრო გაუძნელდება, როცა მეტად შეეჩვევა და მის გარეშე სიცოცხლე გაუჭირდება?
ამ დროს კარი გაიღო და გაგა ბამბუკის სინით ხელში გამოჩნდა. მას ჯინსის შარვალი და უსახელო მაისური ეცვა, თან ფეხშიშველი იყო.
სინზე ფინჯანი ყავა და გახუხული პურის ნაჭრები იდო, ზემოდან ყველითა და ბეკონით.
- დილა მშვიდობისა, - მიესალმა მამაკაცი, - როგორ გეძინა?
გაგას ეშმაკურმა ღიმილმა თაიას გული შეუტოკა. იგრძნო, მისი სხეული ისევ როგორ მიილტვოდა მამაკაცისკენ. მკერდზე პლედი მიიფარა და იღლიებში ამოიჩარა, რათა არ ჩამოცურებულიყო.
- კარგად. შენ?
მამაკაცმა შეამჩნია, როგორ უკანკალებდა გოგონას ხმა, მაგრამ არ შეიმჩნია. სინი ტუმბაზე შემოდო, თვითონ კა ტაის საწოლზე ჩამოუჯდა.
- მინდა გითხრა, რომ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ღამე, ანუ უშესანიშნავესი. დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ. - გაგა მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა, - და ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ როგორ მეძინა. - მერე სინიდან ცხელი ყავით პირთამდე ავსებული ფინჯანი აიღო და მიაწოდა. თაიამ სასმლის არომატი შეისრუტა, მერე კი ყავას სული შეუბერა.
- ვიფიქრე, მსუბუქად ისაუზმებს-მეთქი, ამიტომ ეს მოგიტანე, თორემ ბევრი სხვა რამეც მოიძევება მაცივარში. თუ გინდა, მოგიტან.
- არა, მადლობა. სრულიად საკმარისია. დილით ბევრს არ ვჭამ.
თაიამ ერთი ნაჭერი გახუხული პური აიღო, რომელზეც მხოლოდ ბეკონი იდო და ჩაკბიჩა.
- ოოო, ძალიან გემრიელია.
- მართლა? მერე? მადლობა ვის?
- მადლობა პატრულს, - სიცილით წარმოთქვა თაიამ და თავი უკან გადააგდო.
გაგასაც გაეცინა. ამწუთას ისეთი საყვარელი იყო მისი ტაისია, რომ თავი ვერ შეიკავა და გოგონას ყელში ეძგერა. მოულოდნელობისგან თაიას ფინჯანი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. გაგას ეს არ შეუმჩნევია, თავი მის ყელში ჰქონდა ჩარგული და კატასავით კრუტუნებდა:
- მეგონა, ყველაზე მაგრად წუხანდელ წვეულებაზე გამოიყურებოდი, მაგრამ შევცდი. ამ დილით ბევრად ლამაზი ხარ, მე ვიტყოდი, ნამდვილი სრულყოფილება. - ბოლო სიტყვები მამაკაცმა მის ყურთან დაასრულა.
თაიამ ძლივძლივობით მოახერხა ფინჯნის სინზე დადება და გაირინდა. როგორ შეიძლება გაექცე კაცს, რომელმაც საუზმე საწოლში მოუტანა და სრულყოფილება უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაღვიძებულზე ყოველთვის საშინლად გამოიყურება გაბურძგნილი თმითა და დასიებული თვალებით?
გაგა წელში გაიმართა და თაიას ღიმილიანი სახით შეხედა.
- დღეს მაღაზიები ხომ არ დაგველაშქრა? - შეეკითხა და თავისი თითები მისაში ჩახლართა, თან ოდნავ უჭერდა, თან ეფერებოდა. მამაკაცის თითები მოძრაობდნენ მარცხნიდან მარჯვნივ, ზევით და ქვევით… მონაცვლეობით. თაიას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. აღელვებულს ძლივს ესმოდა, რას ეუბნებოდნენ.
- მალე ბავშვის ოთახი დაგვჭირდება. - გააგრძელა გაგამ, - ამიტომ მინდა დამეხმარო მის გაწყობაში. სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არა მაქვს, საიდან და რით დავიწყო.
ბავშვის ოთახის მოწყობა… წავიდეს მაღაზიაში თავისი შვილისთვის საჭირო ნივთების შესაძენად… ღმერთო, როგორ უნდა ამის გაკეთება! ეს ხომ მეორე ნაბიჯი იყო მის ოცნებებში გაგასთან იდეალური ოჯახის შექმნის შემდეგ. მაგრამ როგორი საშიშია ამ ნაბიჯის გადადგმა! რაც უფრო ღრმად იდგამს ფესვებს მათი ურთიერთობა, მით უფრო გაუძნელდება მერე, როცა განშორების საათი ჩამოჰკრავს.
თუმცა დღეს შეუძლია ამაზე არ იფიქროს. დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია მასთან ერთად მაღაზიების ჩამოვლა და ვაჭრობა. ბოლოს და ბოლოს, ახლა მაინც ხომ შეძლებს დაეხმაროს ბავშვის ეტლის, საწოლის, სათამაშოების, ტანსაცმლის თუ თეთრეულის შეძენაში? მერე კი, თუ საჭირო გახდება, არა აქვს მნიშვნელობა, ხვალ იქნება თუ ზეგ, გაქრება მისი ცხოვრებიდან.
თაიამ ბოლო ლუკმა გადაყლაპა და სწრაფად წარმოთქვა:
- ახლავე ჩავიცვამ და წავიდეთ.
- არ იჩქარო, დრო თავზე საყრელად გვაქვს. მეც ხომ უნდა ჩავიცვა, - თქვა მამაკაცმა, კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას და ოთახიდან გავიდა.
თაიამ პლედი შემოიხვია და თავის საძინებელში გატანტალდა. სწრაფად გადაივლო შხაპი და ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა.
როცა ჩაცმას მორჩა, სამზარეულოში გავიდა. გაგას მაგიდაზე წვენით სავსე ჭიქა დაედო. თაიას მისმა მზრუნველობამ ღიმილი მოჰგვარა. ჭიქა პირთან მიიტანა და წვენი მოსვა. უეცრად თვალში მოხვდა შუაზე გაკეცილი გაზეთი, რომელიც მაგიდაზე თითქოს საგანგებოდ მისთვის დაედოთ. თაიამ აიღო და გაშალა. პირველსავე გვერდზე, მსხვილად გამოყვანილი სათაურის - "საქველმოქმედო საღამო უდედმამო ბავშვებისთვის" - ქვემოთ ნახევარი გვერდი შავ-თეთრ ფოტოს დაეკავებინა. ფოტოზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, თაია და გაგა იყვნენ გამოსახულნი.
გოგონა გაქვავდა. სურათი იმ მომენტში იყო გადაღებული, როცა ის და გაგა ცეკვავდნენ. სწრაფად ჩაავლო თვალი ტექსტს. როგორც კი ჭოხონელიძის გვარი შეხვდა, მაშინვე შეანელა კითხვა და გაფაციცებით ჩააყოლა სტრიქონებს თვალი. "ბიზნესმენ გაგა ჭოხონელიძეს თან იდუმალი ქალი ახლდა. ქალი, რომელსაც მილიონერის გულის დაპყრობით ყველა თბილისელი ლამაზი ქალის გულის გახეთქვა დაუსახავს მიზნად", - წერდა სტატიის ავტორი.
შიშმა წამში შებორკა. საერთოდ არ შეუმჩნევია, თუ ვინმე მათ სურათს უღებდა. როგორ გამოეპარა ეს? ნუთუ იმდენად უყურადღებოდ იყო, რომ ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა და გაელვება ვერ შეამჩნია? თუმცა ახლა უკვე აღარ ჰქონდა ამას არანაირი მნიშვნელობა. მთავარი ის იყო, რომ მისი სურათი გაზეთის პირველსავე გვერდს ამშვენებდა.
რა უსამართლობაა. მაგ საღამოზე მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ სთხოვეს და არა იმიტომ, რომ გაგას გვერდით თავი მოეწონებინა. ეს იყო მხოლოდ ერთი შეხვედრა, ერთი ვახშამი, ერთი ცეკვა. ვისთვის უნდა აეხსნა, რომ ჭოხონელიძესთან მისი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი გარიგება იყო? ან კი ახლა რა აზრი ექნებოდა ამის მტკიცებას, როცა წუხელვე მასთან სექსი ჰქონდა გაჩაღებული? მიუხედავად ამისა, სულაც არ სურდა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ენახა ვინმეს ერთად და ამ ერთად ყოფნას სახელად "რომანტიკული ურთიერთობა" დარქმეოდა. ეს არ იქნებოდა სიმართლე. არ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაგასგან შვილს ელოდებოდა. ბავშვი ხომ ხელოვნური გზით ჩაისახა და არა ბუნებრივად.
პრესის მიერ ატეხილი "განგაში" კარგს არაფერს მოუტანდა. მასზე მთელი მასმედია გააჩაღებდა ნადირობას. ვინ იცის, სად ჩაუსაფრდებოდნენ. მერე დააყრიდნენ შეკითხვებს: სად გაიცნეს ერთმანეთი, რამდენად სერიოზული იყო მათი ურთიერთობა… რომ ეთქვა, მხოლოდ დაქირავებული ვარ, რადგან მას შვილი უნდა გავუჩინოო, მთლად უარესი - რატომ დათანხმდით სუროგატ დედობაზე, ამ ნაბიჯის გადადგმა რამ გაიძულათო, ხომ შეეკითხებოდნენ? არც იმაზე დაიხევდნენ ჟურნალისტები უკან, ეკითხათ, რამდენს გიხდიან ბავშვის გაჩენაშიო. თვითონ სულაც რომ არ გავიდეს გარეთ, გაგას ჩაუსაფრდებიან და იმასაც არ მოასვენებენ მსგავსი შეკითხვებით.
არ არის გამორიცხული, ამ ამბავმა დედამისის ყურამდეც მიაღწიოს. პრესა ხომ სარეაბილიტაციო ცენტრშიც მიაქვთ. ამ ამბავს ასევე გაიგებენ მისი ჯგუფელები, კურსელები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები…
აი, როგორ წამში შეიცვალა მისი ცხოვრება. რომც მოიტყუოს, მე და გაგას სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და დაქორწინებას ვაპირებთო, მერე რას შვრება, როცა ეს არ მოხდება? როცა ბავშვის დატოვება მოუწევს და კვლავ მარტო დარჩება?
ღმერთო, რამდენი სალაპარაკო მიეცემა ყველას! ეს რა ჩაიდინა! როგორ დაუჯერა ნეირას, როგორ შეცდა!
შეეეცადა, თავი ხელში აეყვანა და დაფიქრებულიყო. სურათზე სულაც არ ეტყობოდა, რომ ორსულად იყო. ამას ვერავინ შეამჩნევდა. მადლობა ღმერთს, რომ ამაში მაინც გაუმართლა. აჯობებს, უახლოეს ხანებში იშვიათად გავიდეს გარეთ, მერე კი ალბათ ისედაც ყველას მიავიწყდება. ამან ცოტათი დაამშვიდა. კარგი იქნება, თუ შინ დაბრუნდება, თავის პატარა ბინაში. იქ ვერავინ მიაგნებს. მათ ხომ არ იციან, ვინ არის გაგას "იდუმალი ქალი"? აქ დარჩენა კი საშიშია. შეიძლება სულაც სადარბაზოსთან ჩაუსაფრდეს რომელიმე თავხედი რეპორტიორი და გარეთ გასვლისთანავე ფოტო გადაუღოს.
თუ ვინმე დაინტერესდება ამ ფოტოთი, რომელიმე მისი ნაცნობი, თავს გაიმართლებს. საღამოზე მიწვეული ვიყავი და სრულიად შემთხვევით მომიწია ჭოხონელიძესთან ცეკვამ, სხვა საერთო მასთან არაფერი მაქვსო. არადა, ერთად მივიდნენ რესტორანში და მაშინვე დაესია ორივეს ფოტოგრაფთა მთელი ჯგუფი, თუმცა მაშინ ამაზე არც უფიქრია.
ასე რომ, აჯობებს გაგასგან შორს დაიჭიროს თავი. მათი ერთად ყოფნა საშიშია.
მოულოდნელად უფრო საშიში გადაწყვეტილება მომწიფდა მის გონებაში. ჯერაც არ არის გვიან, ხომ არ მოიშოროს ეს ბავშვი, აბორტი გაიკეთოს და ყველაფერი დაამთავროს. მართალია, საზიზღრობაა ამის ჩადენა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოიყვანს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, სანამ კიდევ აქვს არჩევანის საშუალება…
ამ დროს სამზარეულოში გაგა შემოვიდა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა, როგორც კი ტაისიას შეხედა. გოგონა გაფითრებულიყო. მას საკუთარ მუცელზე შემოეხვია ორივე ხელი და მძიმედ სუნთქვამდა.
- ტაი! - შეჰყვირა მამაკაცმა და მივარდა.
მისმა შეყვირებამ თაია გონს მოიყვანა. იგი უაზროდ მიაჩერდა მამაკაცს.
- რა მოხდა? ცუდად ხარ? - მხრებში ჩაააფრინდა გაგა და გოგონა შეაჯანჯღარა.
თაიამ აკანკალებული ხმით მიუგო:
- დღევანდელი გაზეთი ვნახე…
გაგა ლამის გაგიჟდა. ცუდადაა, შეიძლება მუცელი მოეშალოს, ეს კი რაღაც გაზეთზე მელაპარაკება?
წამები დასჭირდა იმის გასააზრებლად, სინამდვილეში რა ხდებოდა. გაზეთს ხელი წამოავლო და ტაის ცხვირწინ აუფრიალა:
- ამან შეგაშინა? მხოლოდ ამის გამო ხარ ასე? - სიხარულისგან გაგას სიცილი აუტყდა, ნერვიული სიცილი, - არ იცოდი, რომ იქ ფოტოგრაფებიც იქნებოდნენ? რატომ გიკვირს? ეს ჩვეულებრივი ამბავია, ტაი, ამაზე ნერვიულობა არ ღირს, დამიჯერე. ბულვარულ პრესას სხვა საქმე კი არაფერი აქვს.
- მერე? ხომ იცი, რომ ამის შემდეგ მთელი თბილისი ჩვენს ურთიერთობაზე ალაპარაკდება? იფიქრებენ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. - ასლუკუნდა თაია.
- წუხანდელი ღამის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად ასეა. განა არა?
- არ ვიცი, არ ვიცი… - გოგონამ სახეზე ხელები აიფარა, - არ მინდა, რომ წყვილად მოგვიაზრონ, ჩვენზე იჭორაონ. ვაიდა, ბავშვის ამბავიც გაიგონ, მერე? - და ორივე ხელი მუცელზე დაიდო, - შენ ხომ არ გინდა, ყველამ გაიგოს, რომ სუროგატი დედა დაიქირავე?
თაიას ბოლო სიტყვები გაგას გუგუნივით ჩაესმა ყურში, თითქოს თავზე ზღვის უზარმაზარმა ტალღამ შხუილით გადაუარა.
რა თქმა უნდა, უნდოდა, რომ ყველას გაეგო - მას მალე შვილი შეეძინებოდა, მაგრამ ამისთვის ტაის ფული რომ გადაუხადა, ეს სულაც არ სურდა. არ სურდა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა სხვა რამ უნდოდა - ტაისია უბრალოდ, სუროგატი დედა კი არა, მისი შვილის დედაც ყოფილიყო. ბავშვის გაჩენის შემდეგ მასთან დარჩენილიყო და შვილის გაზრდაში დახმარებოდა. თუმცა მთლად ნათლად ვერ ჩამოეყალიბებინა, ეს როგორ წარმოედგინა…
რაც უფრო მეტს ფიქრობდა თაიასთან მის მომავალ ურთიერთობაზე, მით უფრო იბნეოდა და ჩიხში შედიოდა. რა თქმა უნდა, სურდა მისით დატკბობა მშობიარობის შემდეგაც, მაგრამ ტაის ცოლად შერთვაზე არ უფიქრია. იგი იმდენად იყო მიჩვეული საკუთარი ცხოვრების წესს, რომ ქალის გამო მისი დარღვევა არ გამოდიოდა.
არადა, ინსტინქტურად გრძნობდა, რომ არც ისე მარტივად იყო საქმე. იგი არად აგდებდა გრძნობებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ გონებას ანდობდა. სწორედ ამ ტაქტიკით მართავდა საკუთარ კომპანიას. მიაჩნდა, რომ გრძნობებისთვის "ზემოთ" ამოსვლის საშუალება არ უნდა მიეცა, მათ გონებამდე არამც და არამც არ უნდა მიეღწიათ. იგი წლების განმავლობაში ებრძოდა კონკურენტებს და მიჩვეული იყო, მხოლოდ გონებას და ფხიზელ გათვლებს დაჰყრდნობოდა. ვერ იტანდა, როცა რაღაც მისი გეგმით არ სრულდებოდა… მაგრამ ტაისია არ იყო მილიონების მომტანი კომპანია და მასთან ურთიერთობა კონკურენტებთან ბრძოლასთან არ უნდა გაეიგივებინა.
- შენ მართალი ხარ, - უთხრა გოგონას, - არ არის საჭირო, ხალხმა გაიგოს, რა გზით უნდა გაჩნდეს ჩემი შვილი. სულაც არ მინდა, ვინმე ჩაგისაფრდეს, სიცოცხლე მოგიწამლოს და ბავშვსაც ცხოვრება გაურთულოს.
- მუცელი ჯერ არ მეტყობა, ამიტომ ამას ჯერ ვერავინ მიხვდება. - თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თაიამ, - მაგრამ დღეიდან ერთად არ უნდა გვნახონ, განსაკუთრებით, როცა ორსულობა შესამჩნევი გახდება.
- იცი, რას ვფიქრობ? ალბათ აჯობებს, ცოლად შეგირთო.
წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავბრუდახვეული თაია უკან გადაქანდა. გაგამ დროზე მოასწრო ხელის ტაცება, თორემ გოგონა ძირს გაიშხლართებოდა.
- რა თქვი? - ჩურჩულით ამოთქვა და მამაკაცს შეხედა. თვალები ხურდა ფულივით დამრგვალებოდა.
- აჯობებს, დავქორწინდეთ-მეთქი, - სრულიად მშვიდად გაიმეორა გაგამ, - ეს ყოველგვარ ჭორს ბოლოს მოუღებს. ამის მერე თუნდაც გაიგონ, რომ ორსულად ხარ, ცუდს მაინც არავინ იფიქრებს. დღეს მსგავსი რამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება.
თაიას პირი გაუშრა.
- მაგრამ კონტრაქტს რა ეშველება?
- ვეტყვი იურისტს, გააუქმოს იგი. ჩვენი ნება არაა? ჩვენ შევადგინეთ, ჩვენვე გავაუქმოთ. მგონი, არ იქნება ურიგო. ვერავინ ვერასდროს გაიგებს, როგორ ჩაისახა ბავშვი. ვერც იმას გაიგებენ, რომ ურთიერთობის დასაწყისში ჩვენ საქმიანი პარტნიორები ვიყავით და არა საყვარლები.
რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. გაგას სახეზე ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობების უცნაური აღრევა იკითხებოდა.
"სინამდვილეში ჩემი ცოლად მოყვანა სულაც არ სურს, - გაიფიქრა თაიამ, - მას მხოლოდ ბავშვი უნდა და კიდევ ის, რომ პრესის კლანჭებში არ აღმოჩნდეს, რადგან ამით დაზარალდება, თორემ ჩემი ცოლობა არაფერში სჭირდება".
ამის გაფიქრებამ იმდენად ააფორიაქა, რომ ძლივს შეძლო თავის ხელში აყვანა, რათა კვლავ გული არ წასვლოდა.
ჭორების თავიდან ასაცილებლად სჩადის ამას? მხოლოდ ამიტომ? ქორწინება მითქმა-მოთქმის სანაცვლოდ? არა, ასე არ გამოვა. ეს მისთვის საკმარისი არ არის. მას ან ყველაფერი სურს, ან არაფერი.
ქორწინება, სიყვარული, ბავშვი, მარადისობა… ეს ის ცნებებია, რომლის გაგებასაც გაგა ვერასდროს შეძლებს. იგი შეირთავს მას ცოლად, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს და ბავშვი მომავალი ჭორებისგან დაიცვას, მაგრამ მას არ უყვარს თაია და არც არასდროს ჰყვარებია.
იგი ამ წინადადებას არასდროს დათანხმდება. იმის გაფიქრებაც კი, რომ უნდა ელოდოს, როდის გაუჩნდება გაგას მის მიმართ ოდნავი გრძნობა მაინც, თუნდაც იმ სიყვარულის მეექვსედი, რომლითაც თაიას უყვარს, კლავს მას. და ასე იქნებ სულ, სანამ მის გვერდით იცხოვრებს. მთელი სიცოცხლე უნდა იტანჯოს.
არა, ახლავე უნდა გაეცალოს აქაურობას. მისი ნახვა კიდევ მოუწევს - სამედიცინო გამოკვლევების პერიოდში, მშობიარობის დროს და შეიძლება მერეც, ერთხელ ან ორჯერ, როცა ბავშვი გაჩნდება. მაგრამ აჯობებს, ასეთ შემთხვევებში ემოციები მოთოკოს და თავი არ გასცეს. ან, სულაც, თავიდან აირიდოს ეს შეხვედრები. რაც შეიძლება უნდა გაერიდოს მის სიახლოვეს და ჩაკლას საკუთარ გულში მისი სიყვარული. ჯობს ახლავე დაიწყოს ეს, ვიდრე მერე, როცა მისი ცოლი გახდება.
- მაპატიე, - რბილად წარმოთქვა თაიამ და მოწოლილი ცრემლებისგან ხმა აუკანკალდა, - ამის გაკეთება არ შემიძლია.
მამაკაცმა თვალები დაახამხამა.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ? რას ნიშნავს, არ შეგიძლია? პირიქით, უნდა გამომყვე ცოლად. ეს ერთადერთი საშუალებაა ჭორების თავიდან ასაცილებლად. რატომ ყოყმანობ? რა გაწუხებს?
- არა… - გაიმეორა, - ჩვენ უნდა დავშორდეთ და ყველაფერი დალაგდება. ჩემი ბრალია, არ უნდა დამეშვა ეს ყველაფერი. თუკი ჩვენს საქმიან ურთიერთობას მივუბრუნდებით და ერთმანეთს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შევხვდებით, არავის მოუვა თავში აზრად, ერთმანეთს დაგვაკავშიროს. - გოგონამ გაზეთი მაგიდაზე დადო, - როცა ჩვენ ერთად ვერ დაგვინახავენ, ყველას ყოველგვარი ინტერესი გაუქრება და ამ ფოტოსაც უცებ მიივიწყებენ.
მამაკაცის თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები გაკრთა.
- ჩემი გეგმა უკეთესია და შენ უნდა გესმოდეს ეს. რა ვიცი, ჭკვიანი გოგო მგონიხარ და იმედია, არ ვცდები.
მისი სიტყვები იმდენად უბრალო იყო, თაიას შეეძლო ფარ-ხმალი დაეყარა და დათანხმებოდა. ალბათ ასეთი სიმკაცრით ელაპარაკება იგი თავის თანამშრომლებს, როცა საქმეებს ანაწილებს, მაგრამ თაიას მისი სიმკაცრე სულაც არ აშინებს.
- ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვსხედვართ, გაგა, ეს სულ სხვა შემთხვევააა, - თვითონაც ხმაგამკაცრებულმა მიუგო, - მაპატიე, მაგრამ მე მივდივარ. უკეთესი გეგმა ესაა. -ამ სიტყვებით შეტრიალდა და საძინებელს მიაშურა.
ოთახში შესვლისთანავე თავისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა, თან ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლებისთვის…
მომდევნო რამდენიმე კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოდგა გაგასთვის. გაუჭირდა ტაისიას გარეშე. სამსახურში ვერ ცნობდნენ, სულ მცირე რაღაცის გამო უცებ ისე აყვირდებოდა, შიშისგან ყველას გული უსკდებოდა. ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეეძლო ეყვირა ნებისმიერისთვის, ოღონდ კი მოწოლილი ბოღმისგან დაცლილიყო. ერთადერთი ადამიანი, ვისაც გაგას რისხვა თავს არ დასტყდომია, ნორა იყო. მასთან სხვა ურთიერთობა აკავშირებდა, დედასავით ედგა გვერდით. მის გარეშე კომპანიის მართვაც კი გაუჭირებოდა. გარდა ამისა, მან ყველაფერი იცოდა მისი და ტაისიას ურთიერთობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ხვდებოდა მაინც.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური კონცენტრირებით ცდილობდა საქმეების გაძღოლას, ტაიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. ვერ მიმხვდარიყო, რა უთხრა ისეთი გოგონას, რომ გაექცა? ან იქნებ ისე ვერ უთხრა?… თუ საერთოდ ვერ უთხრა? რა ეღონა, რომ ტაისია უკან დაებრუნებინა?
გამუდმებით ურეკავდა, მესიჯს უგზავნიდა, სამსახურშიც, უნივერსიტეტშიც გაუარა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთხელ ყვავილებიც გაუგზავნა და ისიც უკან დაუბრუნეს, შინ არავინ დაგვხვდაო.
ტაის გაუჩინარების შემდეგ ალბათ პანიკაში ჩავარდებოდა, ავთო რომ არ მოვლენოდა მსხნელად. რეპროდუქტოლოგმა დაამშვიდა, მას არაფერი სჭირს, ყველაფერი რიგზე აქვს, ერთმანეთთან ვკონტაქტობთ და ერთ კვირაში უნდა მოვიდეს კლინიკაშიო. ისიც უთხრა, რომელ რიცხვში ელოდებოდა ავთო თაიას. გაგამ ეს ციფრი წითელი მარკერით მოხატა თავის სამაგიდო კალენდარში და ნორაც გააფრთხილა, ამა და ამ რიცხვში არ დამავიწყო, რომ კლინიკაში უნდა შევიაროო. ან კი რა დაავიწყებდა, თუმცა თავი მაინც დაიზღვია.
შეიძლება ტაისიას არ უნდოდა მისი ნახვა, მას კი სიგიჟემდე სურდა ეს. და თუ გოგონას მასთან საუბარი არ სურს, დაე, ათი წუთი გაჩუმდეს და მას მოუსმინოს…
გაგრძელება იქნება