ნოველები

შანსი მილიონიდან - თავი 16

შანსი მილიონიდან - თავი 16
რომანის დასაწყისი
როგორც კი თაია გაგასგან წამოვიდა, მაშინვე ნეირას მიაშურა და სთხოვა, რამდენიმე ხნით შემიკედლეო. დაქალს გაუხარდა კიდევაც, ერთად ვიქნებით და შენი ძებნა არ მომიწევსო, თან ცნობისმოყვარეობა კლავდა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ მეგობარი გაგას გამოჰქცეოდა. როცა თაიამ ყველაფერი უამბო, კინაღამ მოკლა, ეს როგორ ჩაიდინეო.
- ნუთუ არ გესმის, რომ სულ ერთი ნაბიჯი გაშორებდა სასურველ მიზანს? ცოლქმრობამ შეჩვევა იცის, შე სულელო. აბა, როგორ უყვარდებათ ერთმანეთი, როცა გარიგებით ქმნიან ოჯახებს? სიყვარული მერე მოდის. შენ შემთხვევაშიც ასე
იქნებოდა, რომ არ გეჩქარა. არც ახლაა გვიან, დაურეკე და უთხარი, გადავიფიქრე-თქო. გესმის?
მაგრამ თაია ჯიუტად იდგა თავისაზე. ანგარების საფუძველზე შექმნილი ოჯახი სულაც არ უნდოდა და არც იმის იმედი ჰქონდა, რომ ჭოხონელიძე ოდესმე შეიყვარებდა. პირველ რიგში ის უფსკრული აშინებდა, მასსა და გაგას შორის რომ დაეღო პირი. თავისი სოციალური მდგომარეობით იგი ვერასდროს გაუტოლდებოდა ჭოხონელიძეს.
ამასობაში ერთი თვე გავიდა. დღეს თაია ექიმთან უნდა მისულიყო. ავთოსგან გაიგო, რომ დათქმულ დროს გაგაც მოვიდოდა, რათა გამოკვლევებისთვის თვალი მიედევნებინა. ამან თავზარი დასცა. მთელი დილა უაზროდ დააბოტებდა ოთახიდან ოთახში, ნერვიულობისგან ხელისგულები უოფლიანდებოდა. უნდოდა, განა არ უნდოდა, თვითონაც ენახა მამაკაცი, ერთი სული ჰქონდა, ოღონდ მისი სიახლოვე ეგრძნო, მაგრამ საქმე ის იყო, რომ სწორედ ეს აშინებდა. მთელი თვე ცდილობდა არ ეფიქრა მასზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. გარდა ამისა, ნეირაც დღედაღამ მასზე ელაპარაკებოდა, ტვინი გამოულაყა გაგას ხსენებით.
გული მისდიოდა, როცა წარმოიდგენდა, როგორ შეხვდებოდა მამაკაცი. ალბათ შეძლებდა მის კუთხეში მიმწყვდევას და დაითანხმებდა, შინ გაჰყოლოდა. თაია დიდად არ იყო დარწმუნებული, რომ თავისას გაიტანდა, ამიტომ აღელვებული ადგილს ვერ პოულობდა. არც ნეირა იყო სახლში, რომ ერჩია რამე. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა - არ ეთქვა მამაკაცისთვის, თანახმა ვარო. აი, რა აშინებდა.
ამაზე ფიქრი თავიდან არ მოშორებია, სანამ კლინიკამდე მიაღწევდა. არც მას მერე, ექთანმა საპროცედუროში რომ შეიყვანა და ავთო ექიმს დაელოდეთო, უთხრა.
და აი, კარი გაიღო. თაიას ერთიანად დაეჭიმა სხეული, მაგრამ როცა მხოლოდ ავთო დაინახა, გულზე მოეშვა. ხომ შეიძლება ის არ მოვიდეს? იქნებ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ შეძლო მოსვლა?
ავთო ექიმმა თბილად მოიკითხა, სავარძელზე წამოაწვინა და მუცელი ხელით გაუსინჯა.
- სისხლის ანალიზი აგიღეს?
- დიახ.
- კარგია. ახლა ექოზე გავიდეთ და ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება. უკვე მეოთხე თვეში ხარ. მუცელიც დაგტყობია, - გაეღიმა რეპროდუქტოლოგს.
თაიას ღაწვები შეეფაკლა. სწორედ ამ დროს გაიღო კარი და… ისიც გამოჩნდა. გაგამ გაუღიმა და მხოლოდ თავის დაქნევით მიესალმა. იგი მაქსიმალურად იჩენდა სიფრთხილეს, რადგან იცოდა, გოგონა მისი ნახვით აღფრთოვანებული არ დარჩებოდა.
თაიას კვლავ ყველა კუნთი დაეძაბა. სუნთქვაც კი შეეკრა მისი დანახვისას, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. გაგას ჰქონდა უფლება, სცოდნოდა, როგორ მიმდინარეობდა ორსულობა.
თურმე როგორ მონატრებია… თითქოს ახლაც გრძნობდა მისი თითების შეხებას, მისი ტუჩების სითბოს, მისი სხეულის მხურვალებას… გაახსენდა, როგორ ზრუნავდა ეს კაცი მასზე, როცა საწოლში მოჰქონდა საუზმე და აკონტროლებდა, დროზე იღებდა თუ არა ექიმის მიერ გამოწერილ ყველა წამალს.
ახლა ეს ყველაფერი სიზმარივით ახსოვდა. რაღაც მომენტში თითქმის დაიჯერა, რომ მასთან ერთად ბედნიერი იქნებოდა, რომ მამაკაცი მას შეიყვარებდა და ერთად გაზრდიდნენ შვილს. რა სასიამოვნო იქნებოდა ჩაფლულიყო მის ცხოვრებაში… მის ცხოვრებაში… მხოლოდ თვალის დახუჭვა იყო საჭირო და ამ ყველაფრის წარმოდგენა…
მას უყვარდა ეს კაცი. მას არ შეეძლო გაგას გარეშე და ახლა ამისთვის ისჯებოდა…
გაგა კუთხეში მიჯდა და ხმას არ იღებდა. თაია ნელ-ნელა შეეგუა მის იქ ყოფნას. მერე ექოსკოპიის კაბინეტში გადაინაცვლეს. მამაკაცი იქაც შეჰყვა. არც იქ დაუძრავს კრინტი. მდუმარედ იჯდა და მონიტორს მისჩერებოდა, სადაც მისი მომავალი შვილის გაურკვეველი აჩრდილი იკვეთებოდა. ექოსკოპისტი ორივეს ალერსიანი ხმით უხსნიდა, სად იყო ჩანასახის თავი, ხელები… ისიც კი მოასმენინა, როგორ სცემდა ჩვილის გული. კაბინეტში გახმაურებულმა გულისცემამ ქალიც და მამაკაციც ერთნაირად შეძრა. ამწუთას თაიას სულაც არ აცბუნებდა, გაგა მის გვერდით რომ იმყოფებოდა. ის ხომ მიჩვეული იყო ამას, დაორსულების პირველივე დღეებიდან მამაკაცი გვერდიდან არ მოშორებია. ჰოდა, რა იყო ამაში სანერვიულო? არც არაფერი…
- ცივა, - წარმოთქვა თაიამ. წეღან ექიმმა მუცელზე ჟელე წაუსვა და რა გასაკვირია, შესცივნოდა? იქნებ გაგას იქ ყოფნის გამო შეამცივნა ასე?
- უკვე მოვრჩი, - თქვა ექოსკოპისტმა და გოგონას მუცელი გაუწმინდა, - შეგიძლიათ ჩაიცვათ. ორსულობა მშვენივრად მიდის. ერთადერთი, რაც მინდა გკითხოთ… გსურთ ბავშვის სქესის გაგება? - და ქალმა ჯერ თაიას შეხედა, მერე გაგას.
თაიას არ სურდა ამის გაგება. ყოველთვის ამბობდა, არასდროს მოვისურვებ იმის გაგებას, გოგო მეყოლება თუ ბიჭი, დაე, მშობიარობამდე ეს ამბავი სიურპრიზად დარჩესო. მაგრამ ახლა გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებდა. მან თავი მიაბრუნა და გაგას შეხედა.
- ეს შენზეა დამოკიდებული, ბავშვი ხომ შენია, - გაუბედავად წარმოთქვა.
- ბავშვი ჩვენია, - მტკიცედ წარმოთქვა მამაკაცმა, წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა და მისი ხელი მუჭში მოიმწყვდია, - მე ვამჯობინებ, სქესის ამბავი სიურპრიზად დავტოვოთ, მაგრამ თუ შენ ამის გაგება გსურს, წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, გამიხარდება.
ჩვენი ბავშვიო… გაგას ნათქვამმა თაიას სიხარული კი არ მოჰგვარა, პირიქით, გული ატკინა. მას ხომ მოუწევდა ამ ბავშვის დატოვება მშობიარობის შემდეგ. არა მხოლოდ ბავშვის, არამედ გაგასიც. იმდენად დათრგუნა ამის გაფიქრებამ, რომ კიდევ ერთხელ შეაკანკალა. რახან გაგას მისი ხელი ჩაებღუჯა, ბარემ მას დაეყრდნო და სავარძლიდან გადმოვიდა. მერე ხელი გაითავისუფლა და ტანსაცმლის გასწორებას შეუდგა, თან ექიმს ელაპარაკებოდა:
- ალბათ აჯობებს, თუ დავიცდით. მთავარი ისაა, რომ ჯანმრთელია. იმედია, ყველა თითი ადგილზე აქვს და ნაკლი არაფერი გამოჰყვება.
ავთო ექიმმა და ექოსკოპისტმა გაიცინეს.
- ჯერ სათითაოდ ყველა თითი არ ჩანს, მაგრამ ბავშვი ნამდვილად ჯანმრთელია. როცა დრო მოვა, შენ თვითონ დაგათვლევინებ მის თითებს, - სიცილით უთხრა რეპროდუქტოლოგმა და გაგას თვალი ჩაუკრა…
- ორსულობა უკვე საგრძნობლად დაგტყობია, - ხმადაბლა წარმოთქვა გაგამ, როცა დერეფანში გამოვიდნენ, - მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, როგორ გეზრდება მუცელი. იმის გააზრება კი, რომ ეს ჩემი შვილია, ბედნიერს მხდის.
თაია შეჩერდა. გაგამ ამით ისარგებლა, ზურგს უკან დაუდგა და ხელები მხრებზე დააწყო.
- წავიდეთ ჩემთან, - უჩურჩულა გოგონას და ტუჩებით მისი ყურის ბიბილოს ოდნავ შეეხო.
თაიას თვალები თავისით დაეხუჭა. მას სწორედ ეს ხდიდა ბედნიერს. ისე შეათრთოლა, ნაბიჯის წინ წადგმა გაუჭირდა.
- არა, - როგორც იქნა, ამოღერღა, - მაპატიე, მაგრამ მგონი არ ღირს…
მის ყურათსმენას მამაკაცის ამოხვნეშა მისწვდა. ამწუთას სხვა არაფერი სურდა, ოღონდ შემობრუნებულიყო და გაგას ძლიერ მკერდს მიჰკვროდა, შემდეგ კი სახლში გაჰყოლოდა და დილამდე მასთან ესიყვარულა. ან, უბრალოდ, მხოლოდ დაწოლილიყო მის გვერდით გაუნძრევლად, სიტყვის უთქმელად…
ეს იქნებოდა შესანიშნავი სურათი, რომელსაც ალბომში ჩააკრავდა და მისი თვალიერება ყოველთვის ბედნიერ წამებს მოაგონებდა.
მაგრამ არა, ის მასთან წასვლას არ აპირებდა. არ აპირებდა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მისგან წამოსვლა გაუძნელდებოდა. არ უნდოდა, ის ტკივილი ხელმეორედ განეცადა.
გაგამ მაშინვე ხელი უშვა, წინ გაუსწრო და გარეთ გამავალი კარი გამოუღო.
- თუ ჩემთან არ წამოხვალ, იმის უფლება მაინც მომეცი, რომ სახლამდე მიგიყვანო.
ის იყო, უარის სათქმელად მოემზადა, რომ მამაკაცმა დაასწრო:
- გთხოვ, ძალიან, ძალიან გთხოვ…
მის ხმაში იმხელა მუდარა გამოსჭვიოდა, რომ უარი ვერ უთხრა. უფრო სწორად, უარისთვის ვერ გაიმეტა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
როგორც კი ორივენი უკანა სალონში მოთავსდნენ, მძღოლმა მანქანა დაძრა. გაგამ მძღოლს უთხრა, სადაც უნდა მისულიყვნენ. მამაკაცს სიგიჟემდე სურდა, ხელი მოეხვია ტაისთვის და მჭიდროდ მიეკრა მისი სხეული, მაგრამ არ იცოდა, ამაზე მას რა რეაქცია ექნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, დისტანცია დაეცვა და არ მიჰკარებოდა.
- სისუსტეს აღარ გრძნობ? - შეეკითხა მამაკაცი, რათა აუტანელი სიჩუმე დაერღვია.
- ხანდახან… უფრო მაშინ, როცა გული მერევა, თუმცა ბოლო დროს იშვიათად მაწუხებს ღებინების შეგრძნებები.
- მიხარია. ავთომ თქვა, მალე გაუვლის, როგორც კი ბავშვი მოძრაობას დაიწყებსო.
- ვიცი.
- რამე ხომ არ გჭირდება? ფული, წამალი, ტანსაცმელი?
თაიას ტუჩები მოებრიცა და მამაკაცი მიხვდა, ტაისიამ რაც გაიფიქრა - თითქოს გაგას მათი ურთიერთობა მხოლოდ ფინანსებამდე დაჰყავდა. არადა, მის გრძნობები უფრო ღრმა იყო, ბევრად ღრმა, ვიდრე ოდესმე. მაგრამ როგორ დაერწმუნებინა ამაში?
- არა, არაფერი, - ყინულივით ცივი ხმით მიუგო გოგონამ, - ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.
- მაპატიე, - გულწრფელად მოუბოდიშა მამაკაცმა, - არ მინდოდა ისე გამომსვლოდა, თითქოს შენ არ შეგიძლია საკუთარ თავზე ან ბავშვზე ზრუნვა. მე, უბრალოდ… ვნერვიულობ შენზე, ტაი. მე ვფიქრობ შენზე… მენატრები.
გაგამ შეამჩნია, როგორ ააღელვა მისმა სიტყვებმა ტაისია და მისკენ გადაიხარა, მაგრამ გოგონა მაშინვე სალონის კუთხეში მიიკუნჭა.
- არ მომწონს, როცა ვერ გხედავ, - გააგრძელა გაგამ, - როცა არ ვიცი, სად ხარ, რას აკეთებ, რა გჭირდება. შეიძლება ჩემი სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს შენი გაკონტროლება მინდა, მაგრამ აჯობებდა ჩემთან გეცხოვრა. რამე რომ დაგჭირდეს, გვერდით ვიქნები.
- ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ამიტომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, - თქვა თაიამ და როგორც კი მანქანა გაჩერდა, გადავიდა.
იგი სწრაფად გაემართა სადარბაზოსკენ. გაგაც მაშინვე გადმოხტა სალონიდან და ტაისიას უკან მიჰყვა…
მეექვსე სართულზე ერთადერთი თაიას კარი იყო ჩალისფერი, დანარჩენი სამი მობინადრის კარები - თეთრად გადაღებილი. გოგონამ გასაღები გადაატრიალა და ბინაში შევიდა. გაგაც მყის ზღურბლთან აისვეტა. თაია გონს მოეგო და შეეცადა, მამაკაცისთვის გზა გადაეღობა.
- არ შემომიშვებ? - უწყინარი ტონით შეეკითხა ჭოხონელიძე. იგი კარში იდგა და პასუხს ელოდა.
გოგონამ თავდაპირველად ლაბადის ღილები შეიხსნა. მამაკაცმა ამით ისარგებლა, ზღურბლს გადააბიჯა და კარი მოიხურა. საკეტმა გაიტკაცუნა.
- დიდხანს ნუ დაყოვნდები, - თქვა თაიამ, - შეიძლება ვინმემ დაგინახოს. გარდა ამისა, კორპუსთან შენი მანქანა დგას. ეს კი უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემთან ხარ.
- ეს არ მაღელვებს, - გაგამ ქურთუკი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა.
- სულ ტყუილად. - ირონიით წარმოთქვა გოგონამ და ოთახის შუაგულისკენ დაიძრა, მაგრამ მამაკაცმა გზა გადაუღობა. ხელი არ უხლია, თუმცა უცაბედად თვალები სურვილით აენთო.
- რატომ უნდა მაღელვებდეს, თუ ერთად დაგვინახავენ? რა, ვიღაც ტიპი ადგება და ამის შესახებ გაზეთში რამეს დაწერს? დიდი ამბავი!
თაიამ ნერწყვი ძლივძლივობით გადააგორა და შეეცადა, გაგას სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონოდა.
- შენ შეიძლება მიჩვეული ხარ საკუთარი ფოტოების ხილვას ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ მე არა. თანაც, შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც შეიძლება ავი ენები მისწვდეს. არის კიდევ ბავშვი, ამიტომ შენს ადგილას მასზეც ვიფიქრებდი.
- მაგრამ მე გთხოვე ცოლად გამომყოლოდი, - მიუგო მამაკაცმა, - ეს ჭორაობის ყოველგვარ საბაბს მოსპობდა და პრესის ყურადღებასაც მოადუნებდა.
- შენ ჩემთვის ცოლობა არ გითხოვია, - შეუსწორა თაიამ, - შენ მხოლოდ ის თქვი, დავქორწინდეთო. ასე არ იყო?
- ჰო, ასე იყო. მერედა, რა?
- რა და ის, რომ არა მგონია ქორწინება საკმარისი საფუძველი იყოს პრესის ყურადღების მოსადუნებლად.
ოთახში მომაკვდინებელი დუმილი ჩამოწვა. მამაკაცის ანთებული თვალები კვლავ ჩაქრა.
თაია მოლოდინით შესცქეროდა. მიხვდა, რომ ამაოდ ელოდა მისგან სიყვარულის ახსნას. რა მოხდებოდა, საჭირო ყოფილიყო გაგასთვის? რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც ეთქვა, შენი ცოლად შერთვა ჭორების თავიდან ასარიდებლად კი არ მინდა, უბრალოდ, შენ და ჩვენს შვილს ვუფრთხილდები და იმიტომო… მაგრამ მამაკაცი დუმდა, სახის ნაკვთები კი უფრო და უფრო ეძაბებოდა და თაია მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
სწორედ ამ დროს გაგამ ხელი ასწია და ლოყაზე სათუთად ჩამოუსვა:
- პრესის ყურადღების მოდუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობს იმისთვის, რომ დავქორწინდეთ.
თაიას გული იმედიანად აუხმაურდა.
- არ გინდა აღიარო, რომ ჩვენ ერთად კარგად ვართ? მე შენ მომწონხარ, ტაისია. მე მომწონს, როცა ჩემ გვერდით ხარ, მომწონს, როცა ვგრძნობ შენ სიახლოვეს. ვფიქრობ, შენც მოგწონს ეს.
მამაკაცის ხელმა ლოყიდან შუბლზე გადაინაცვლა, მერე კი თითები თმაში შეუცურა და ჩამოუვარცხნა. მისი შეხებისგან, როგორც ყოველთვის, თაიას სხეული გაუხურდა. სურვილით იწვოდა, მიხუტებოდა მის ფართო მკერდს და ეთქვა, რა თქმა უნდა, ასეაო… ძალზე ადვილი იყო ამის გაკეთება. მერედა, როგორ შემსუბუქდებოდა…
როცა მამაკაცმა თავი დახარა და ტუჩები მის ყელში ჩამალა, გოგონამ უნებურად მილულა თვალები. ფიქრობდა, ამწუთას ყველაზე სწორი იქნება, თუკი ხელს ვკრავო, მაგრამ არანაირი ლოგიკური მსჯელობა არ მოქმედებდა - ის სრულიად უსუსური გახადა გაგას თითებმა.
როგორ მონატრებია ეს ტუჩები, როგორ მონატრებია ეს კოცნა… როგორ მონატრებია ეს კაცი…
მასთან გატარებული ერთადერთი ღამე დაუვიწყარი გამოდგა. მის მკლავებში მოქცეულს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ქაფით სავსე ცხელ აბაზანაში იწვა და ნებივრობდა.
მას მხოლოდ ის სურდა, რომ მეტი საერთო ჰქონოდა გაგასთან, მხოლოდ ბავშვი არ ყოფილიყო მათი დამაკავშირებელი… უფრო სწორად, კონტრაქტი, რომელმაც გზა გაუმრუდა…
გაგა საკმარისად მდიდარი იყო იმისთვის, რომ თაიასთვის მიეცა ყველაფერი, რასაც ის მოისურვებდა. სამწუხაროდ, რაც თაიას გულს სურდა, იმის ყიდვა ფულით არ შეიძლებოდა. მას უყვარდა ეს კაცი, უყვარდა უიმედოდ და დარწმუნებული იყო, რომ გაგა იმავეს არ განიცდიდა. ის კი არა, თავდაჯერებულად შეეძლო ეთქვა, რომ სიტყვა "სიყვარული" ჭოხონელიძის აზროვნებაში საერთოდაც არ ჭაჭანებდა.
რა თქმა უნდა, არ ნანობდა, სუროგატ დედობაზე რომ დათანხმდა. სხვა შესაძლებლობა მის გასაცნობად არასდროს არ მიეცემოდა. როცა ამ ნაბიჯს დგამდა, სჯეროდა, რომ ჩანაფიქრი გამოუვიდოდა, ახლა კი… ახლა კი მხოლოდ სასოწარკვეთას შეეპყრო, თუმცა ის მცირე დრო, რომელიც მათ ერთად გაატარეს, თაიასთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ძვირფასი და ღვთაებრივი.
ახლა კი კოცნიდა გაგა, კოცნიდა თავდავიწყებით და თაია გრძნობდა, ეს კოცნა შხამივით რომ ეღვრებოდა შიგნით. მამაკაცის ტუჩები მის ტუჩებზე დანავარდობდა და პასუხს თითქოს იქ ეძებდა.
როცა გაგამ ხელში აიყვანა და პატარა, ვიწრო დივანზე გადააწვინა, თავბრუდახვეულმა გოგონამ მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რომ ჭოხონელიძე ამწუთას მას ეკუთვნოდა… თუნდაც ერთი საათით, მაგრამ მხოლოდ მას…
ამან გაამხნევა და გადაწყვიტა, ინიციატივა თავის ხელში აეღო. სურვილით ანთებული თვითონაც ეალერსებოდა და კოცნიდა მამაკაცს ყველგან, სადაც ტუჩები მოუხვდებოდა. იგი თითქოს ინსტრუმენტი იყო, რომელზეც თაია უკრავდა. კრეშენდოს კრეშენდო მოსდევდა, როგორც იდეალურ პიესაში. როცა პირველად დაწვა მასთან, დაძაბული იყო, რცხვენოდა და ერიდებოდა. ახლა გათამამდა. სურდა არა მხოლოდ ხელებით, ტუჩებითა და სხეულით შეხებოდა, არამედ სულითაც. სურდა მამაკაცისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი სახით გაგას ლოგინში იდეალური პარტნიორი ეყოლებოდა… შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე პარტნიორი ან სუროგატი დედა. გულის სიღრმეში მაინც არ კარგავდა იმედს, რომ ამ კაცს თავს შეაყვარებდა.
მაგრამ თუ ვერ მოახერხა ეს?.. თუ ვერ მოახერხა, ის წვრილი მემბრანა, რომელიც მის გულსაა შემოვლებული, გაქვავდება, ყინულად იქცევა და თაიას სხეულს მთლიანად ქანდაკებად აქცევს, ყინულის ქანდაკებად…
და იგი ვერასდროს შეძლებს სხვა მამაკაცის შეყვარებას… თუ გაგა არ ეყოლება, არავის შეყვარება აღარ მოუნდება… არასდროს… არც ერთ დროში, არც ერთ ეპოქაში, თუნდაც დროის მანქანით გადაისროლონ წარსულში ან მომავალში…
მაგრამ ახლა ამაზე არ იფიქრებს. ახლა ის მასთან სექსით დაკავდება. ახლა იგი ყველაფრისთვის მზადაა…
თვალებდახუჭული თაიას ირგვლივ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ვარსკვლავები დალიცლიცებდნენ, თითქოს ზღვის ზედაპირზე გამწკრივებულან და ტალღები არწევენო…
ბოლოს თავის თავზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგა…

ძალაგამოცლილი და ღონემიხდილი თაია დივნიდან ადგა, სკამზე გადაჯდა და ჩაცმას შეუდგა. ორივეს ტანსაცმელი იატაკზე უწესრიგოდ იყო მიყრილი.
- მინდა ჩემთან იყო, - ჩურჩულით წარმოთქვა გაგამ, როცა ჩაიცვეს და თაიამ მას არეული სახით შეხედა.
იცოდა გაგამ, რომ ასეთი უბრალო სიტყვები მეტ შედეგს მოუტანდა, ვიდრე ის ვნებათაღელვა, რომლითაც წამების წინ იყვნენ შეპყრობილნი. სურდა მეტი ეთქვა, თავის ტაის მეტს დაჰპირებოდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ ამ პირობებს შეასრულებდა. არადა, უნდოდა ეთქვა რაღაც ისეთი, რაც მისთვის არასდროს უთქვამს…
- მე ამწუთას მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ქალთან მქონდა სექსი… - თვითონაც არ იცოდა, ეს რატომ წამოსცდა.
მართალია, სიმართლე თქვა, მაგრამ ეს იყო ის, რისი გაგონებაც ტაისიას სურდა? არადა, გრძნობდა, რომ მის მიმართ სულ სხვა გრძნობები აკავშირებდა. მსგავსი სხვა ქალებთან არასდროს გამოუცდია, სხვანაირად აქ, ამ პატარა ოთახში, ამ ვიწრო დივანზე არ აღმოჩნდებოდა. მხოლოდ "ინკუბატორად" რომ აღიქვამდეს ამ გოგოს, არ იტყოდა იმას, რაც თქვა - თავის საქმეს მორჩებოდა, ჩაიცვამდა და წავიდოდა.
თაიას გულზე თითქოს მარწუხები მოუჭირეს. გონებამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არაფრის იმედი არ გქონდესო. ის, რომ გაგა ნაზად უჩურჩულებდა ლამაზ-ლამაზ სიტყვებს, სულაც არ ნიშნავდა სიყვარულის ახსნას. ჯერ სიყვარულთან მიახლოებულიც კი არაფერი უთქვამს.
მაგრამ ოცნების უფლება ხომ ჰქონდა? ამას ხომ ვერავინ დაუშლიდა?
- თუ მე მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალი ვარ, შენ ყველაზე სასურველი მამაკაცი ხარ, ვისთვისაც კი ოდესმე თვალი შემივლია, - თამამად ამოთქვა და საჩვენებელი თითი მის მკერდზე გადაატარა.
- მე შენ წეღან სასწაული სიამოვნება მომანიჭე, - აღიარა გაგამ.
- შენ კი… შენი ხელებით და ტუჩებით მაწამე, - ღიმილით მიუგო თაიამ.
- ეს საჩივარია ჩემი მისამართით?
გოგონა შეკრთა, გაწითლდა და სწრაფად მიუგო:
- არა, უბრალოდ, ვიხუმრე.
გაგამ ხელები წინ გაიშვირა და იგი საჩვენებელი თითებით თავისთან მიიხმო. თაია კვლავ დივანზე გადაჯდა. მამაკაცმა მკლავი მოხვია, ტუჩები ყურზე მიადო და უჩურჩულა:
- არ ვიყავი მართალი… ვფიქრობდი, ყველაზე ლამაზი აღგზნებისას იყავი, ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ვნებადამცხრალი უფრო სასურველი ხარ.
თაიამ მის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, თვალები ოდნავ მოხუჭა და ეშმაკური ღიმილით უპასუხა:
- არც შენ გამოიყურები ცუდად.
- მართლა ასე გგონია? - გაგასაც აუთამაშდა ეშმაკური ღიმილი პირზე.
- მგონია. ძაან-ძაან სექსუალური ხარ. შენს ადგილას ამ ბიზნესის შესაძლებლობებზე ვიფიქრებდი. ქალები რიგში ჩადგებოდნენ შენთან თუნდაც ერთი საათის გასატარებლად.
მამაკაცს გულიანად გაეცინა.
- არ არის ცუდი იდეა, - თქვა ბოლოს, როცა სიცილით გული იჯერა, - შენ არ გინდა მოაჯადოო მამაკაცები?
- კი, როგორ არა, - ჩაიცინა გოგონამ, - ალბათ კისრისტეხით გაიქცევიან, ჩემი ორსულობის ამბავს რომ გაიგებენ.
- ჩემს ყურადღებას კი ნამდვილად მიიქცევდი. ორსული ქალები ძალზე აღმაგზნებს.
თაიამ გაოცებული თვალებით შეხედა.
- სერიოზულად ამბობ მაგას?
გაგას კვლავ სიცილი აუტყდა.
- აბა რა. მე ხომ ჩვეულებრივი კაცი არ ვარ. მინდა გვერდით ორსული ქალი მყავდეს. ჩემი შვილის მომავალ დედას უნდა ჰქონდეს ასეთი თმა, ასეთი გლუვი კანი და ასეთი პატარა ჭორფლები ცხვირზე, - მამაკაცი თითებით ყოველი "ასეთის" დემონსტრირებას ახდენდა.
- და კიდევ ალბათ ისეთი ქალები აღგაგზნებს, ორსულობისას რომ აღებინებენ, გულძმარვა აწუხებთ, ხელ-ფეხი უსივდებათ და საზამთროსავით იბერებიან.
- რაც გინდა, ის თქვი, მე კი ერთი სული მაქვს დავინახო, როგორ გაიბერები. თუ გულძმარვა გაწუხებს, რძეს დაგალევინებ. უხდება. რაც შეეხება ხელებისა და ფეხების გასიებას, მე მსოფლიოში საუკეთესო მასაჟისტი ვარ. შემიძლია პროცედურები ჩაგიტარო.
გოგონამ გაიდაიკისკისა.
- იქნებ კონტრაქტს კიდევ ერთი მუხლი დაამატო?
- მასაჟის თაობაზე?
- არა… შენ რომ მამშობიარო.
თაიას ეგონა, მის სიტყვებზე გაგა სიცილით ჩაბჟირდებოდა, მაგრამ მამაკაცმა სრულიად სერიოზულად მიუგო:
- ასეც მოვიქცეოდი, ეგ საქმე რომ მცოდნოდა.
გოგონას ბურთივით მოაწვა ყელში ღელვა და ჩურჩულით ამოთქვა:
- ვიცი.

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
თამო
ძალიან გთხოვთ დადეთ ახალი თავიიი
13:10 / 17-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ვაიმე გული გამიწვრილდა 18 ეს ლოდინში,რატო არ დებთ
09:37 / 17-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93