თანდათან კვლავ გადაუარა სიბრაზემ, მშვიდად ივახშმა და ადგა. რაღაც მომენტში გაეღიმა კიდევაც, როცა გაახსენდა ცოლის მიამიტური სიტყვები მათი მეტაფიზიკური ურთიერთობის შესახებ. ნუთუ ყველა მწერალი ასე დაფრინავს? მეცხრე ცაზე? არა, არა, ცუდად მოექცა იას. რა საცოდავად იდგა ფანჯარასთან და ცრემლებს ჩუმად ყლაპავდა, ის კი სავარძლიდანაც არ წამომდგარა, რომ დაეყვავებინა და მოფერებოდა.
კვნესით ამოიხვნეშა, ლოყები გამობერა და მუშტებით მსუბუქად ჩაფუშა. ისევ ახედა კედლის საათს, მერე კი სოსოს გასძახა.
სოსო იმწამსვე მასთან გაჩნდა. იგი რატომღაც, უფრო პირქუში ეჩვენა, ვიდრე ადრე.
_ ჩვენი მზარეული წავიდა?
_ ლიდა? არა, ჯერ აქ არის, ხომ უნდა აალაგოს მაგიდა და დარეცხოს ჭურჭელი. მორჩით ვახშამს?
_ კი, მოვრჩი. შეუძლია აალაგოს და ჰკითხე ერთი, ხომ არ იცის, ია ვახშამზე რატომ არ მოდის? ჭამა არ უნდა?
_ ახლავე, _ სოსო გავიდა და კარი გაიხურა.
გუჯიმ კონიაკი ჩამოისხა და მოწრუპა. `ნუთუ იას უნდა, რომ ჭირვეულ ცოლს დაემსგავსოს? რას ფიქრობს, ვითომ ცრემლებით მომილბობს გულს? თუ ასეა, ცდება. ძალიან მალე მიხვდება, რომ მე მის ემოციურ გამოხტომებს არ ავყვები~.
ამ დროს კარი გაიღო და შეწუხებული სოსო შემოვიდა.
_ რა მოხდა, სოსო? _ შუბლი შეიჭმუხნა გუჯიმ.
_ ბატონო გუჯი, ლიდამ არ იცის, ქალბატონი სადაა. არსად არ ჩანს, სახლში არ არის.
_ როგორ თუ არ არის? იქნებ ბაღშია გასული?
_ არა, ბატონო, _ სოსომ ჩაახველა და მომუჭული ხელი პირზე მიიფარა, _ ლიდამ მითხრა, ქალბატონმა ტაქსი გამოიძახა და წავიდაო.
_ არ დაუბარებია, როდის დაბრუნდებოდა? _ არ ესიამოვნა ახალი ამბავი გუჯის.
_ არა, არაფერი დაუბარებია.
_ კარგი, თავისუფალი ხარ.
მიუხედავად მისი ნებართვისა, სოსოს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
გუჯიმ თავი ასწია და შეხედა.
_ გინდოდა რამე?
_ დიახ… ისა… ლიდამ თქვა, ქალბატონმა ტაქსიში ორი დიდი ჩანთა ჩადო და ისე წავიდაო.
მამაკაცს სხეულში სუსხმა დაუარა.
_ ვერ გავიგე, რა ჩანთა?
_ ხომ არ აჯობებს, ლიდას ჰკითხოთ? ის უკეთ გაგაცემთ პასუხს.
_ ლიდამ ახალი რა უნდა მითხრას.
_ არ ვიცი, მაგრამ ზის სამზარეულოში და ტირის. ალბათ აქვს რაღაც სათქმელი.
გუჯიმ იგრძნო, რა სასაცილო სიტუაციაშიც აღმოჩნდა. მას, გუჯი მაღლაფერიძეს, ვისიც ყველას ეშინოდა, ქორწინების მესამე დღეს ცოლი გაექცა.
_ კარგი, დაუძახე ლიდას, შენ კი მანქანა გამოიყვანე გარაჟიდან, თხუთმეტ წუთში გავალ.
_ ახლავე, ბატონო.
ლიდამ სლუკუნით აუწყა, ქალბატონმა თავისი გარდერობი დააცარიელა და ყველა ტანსაცმელი წაიღო, თქვენთვის კი წერილი დატოვაო.
როგორც კი ქალი ოთახიდან გავიდა, გაცეცხლებული მაღლაფერიძე ფეხზე წამოხტა, ერთი მოსმით დაცალა კონიაკით სავსე სირჩა და გარეთ გავარდა…
ია სასტუმროს ნომერში შევიდა, ჩანთები კედელთან მიაწყო და საწოლზე ჩამოჯდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა. საშინლად იყო დაღლილი, თანაც შიოდა. ასე მარტოსულად კარგა ხანია, თავი არ უგრძნია. თბილისში შეგნებულად არ გაემგზავრა, იფიქრა, გუჯი აქ უფრო ადვილად მომაგნებსო და მცხეთის ერთ პატარა, კოხტა სასტუმროს შეაფარა თავი.
ცოტა ხანს შეისვენა, მერე ჩანთები საწოლზე დადო და ტანსაცმლის ამოლაგებას შეუდგა. თან თავისიანებზე ფიქრობდა. მამა და ძმები, რა თქმა უნდა, სიხარულით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ აუცილებლად დააყვედრიდნენ, რომ მან ცხოვრებაში კიდევ ერთი სულელური ნაბიჯი გადადგა და წარსულის გაკვეთილიდან სასიკეთო ვერაფერი ისწავლა.
ტანსაცმელი გამოიცვალა, მხრებზე შალი მოიხურა და ვესტიბიულში ჩავიდა. მაშინვე კაფეს მიაშურა, რათა შიმშილი მოეკლა. იქაურობა სრულიად ცარიელი აღმოჩნდა. მხოლოდ კუთხის მაგიდასთან მიყუჟულიყო ვიღაც გოგონა და შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
იას გაუხარდა, ვიღაც მაინც რომ დაინახა, ამიტომ მიუახლოვდა, მიესალმა უცნობს და მის მაგიდასთან დაჯდომის ნებართვა ითხოვა.
ქერა, სანდომიანი გოგონა 18-19 წლის თუ იქნებოდა. მან იმედიანად შეხედა მოსულს და სკამი გამოუწია.
_ დაბრძანდით. გამიხარდა, რომ მოხვედით. მე სოფო მქვია, გოგლიძე ვარ.
_ სასიმოვნოა. მე ია ვარ. თბილისში მიემგზავრებით?
_ ნეტავ ეგრე იყოს… პირიქით, იქიდან მოვდივარ, _ გოგონამ ამოიკვნესა, თვალები ცრემლით აევსო და ხელჩანთიდან ერთჯერადი ცხვირსახოცი ამოიღო.
_ რატომ ტირით? _ ია მხარზე შეეხო.
_ იმიტომ, რომ არ ვიცი, რა ვქნა.
_ მაპატიეთ, ცნობისმოყვარე არ ვარ, მაგრამ თუ გინდათ, მომიყევით, რა შეგემთხვათ. იქნებ შევძლო თქვენი დახმარება.
_ არ ვიცი, არ ვიცი ღირს თუ არა ამის მოყოლა… _ გოგონამ თვალები ამოიწმინდა, წაისლუკუნა და გააგრძელა, _ მოტყუებით მომიტაცეს. უნივერსიტეტიდან გამოვედით მე და ჩემი დაქალი, ვიფიქრეთ, ცოტა ფეხით გავიაროთო. ამ დროს მანქანამ დაამუხრუჭა. ნანას ბიძაშვილი იყო, მიშო. ნანა ჩემი დაქალია, ვისზეც გიყვებით. მიშოს გვერდით ვიღაც ბიჭი ეჯდა. კარი გაგვიღო, დასხედითო. არ მინდოდა ჩავმჯდარიყავი. ვიცოდი, მიშოს რომ მოვწონდი, ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდი მის სიახლოვეს ყოფნას. ნარკომანებს ვერ ვიტან. თანაც ვითომ ძველბიჭობს, მაგრამ ნანასი შემრცხვა და ჩავჯექი. გზაში თითქოს არაფერი. ისინი საუბრობდნენ, მე ჩუმად ვიყავი. უცებ მიშომ თქვა, მე ახლა ნანას დიღომში ჩამოვსვამ, მერე კი შენ გაგიყვან სახლშიო. არ მესიამოვნა ეს რომ თქვა და კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან მე უფრო ახლოს ვიყავი სახლთან, ვიდრე ნანა. იმან კიდევ ჩემს პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და მანქანა მთელი სისწრაფით გააქანა. მერე ნანა სახლთან ჩამოსვა, თავისი მეგობარი ბიჭიც ლამის ძალით გააგდო მანქანიდან, მე კი კარი ჩამიკეტა. ისე შევშინდი, ლამის სული გამძვრა. ახლა კი ვეღარ დამიძვრებიო, მითხრა, ჩემი უნდა გახდეო.
_ და აქ საიდან გაჩნდი? _ დააყარა შეკითხვები იამ.
_ იარაღით დამემუქრა, ხმას თუ ამოიღებ, შუბლს გაგიხვრეტო. შენ გარეშე სიცოცხლე აღარ მინდა, ამიტომ თუ ჩემი არ გახდები, სულერთია რა მომივაო. მცხეთაში წავალთ, ჯვარს დავიწერთ და საქმეს ასე მოვაგვარებთო. ჰოდა, აქ მომიყვანა.
_ თვითონ სადაა?
_ გარეთ, მანქანა გაუფუჭდა და იმას დასტრიალებს. მირჩიეთ, რა ვქნა? აქედან სად წავიდე და როგორ, ისიც არ ვიცი. საერთოდ არ ვიცნობ აქაურობას. რომ დამიჭიროს, არ მაცოცხლებს, მომკლავს.
_ ნუ გეშინია, სოფო. შენ ახლა მარტო არ ხარ. მე ვარ შენთან ერთად და შენზე თითის დაკარებას ვერავინ გაბედავს. ადექი და ახლავე წავიდეთ აქედან.
_ სად, თქვენთან?
_ ჩემთან, ნომერში. ის იქ შემოსვლას ვერ გაბედავს. მანამ დავრეკოთ და შენები მოგაკითხავენ. თუ ვერ მოგვისწრებენ, შენს მიშოს საქმე ჩემს ქმართან ექნება.
იას ჭამა სულ გადაავიწყდა, გოგონას მაჯაში ჩაავლო ხელი და წამოახტუნა. ორივენი სირბილით ავიდნენ მეორე სართულზე იას ნომერში, კარი ჩაკეტეს და საწოლზე ჩამოსხდნენ. მერე სოფოს მამასთან დარეკეს და ყველაფერი უთხრეს. ამის შემდეგ საუბარი ჩურჩულით გააგრძელეს.
_ თქვენი ქმარი ვინ არის?
_ გუჯი მალაფერიძე.
_ როგორ, ის გუჯი მაღლაფერიძე? კი მაგრამ, ცოლი როდის შეირთო?
_ სამი დღის წინ. ვერ მივხვდი, `ის გუჯი~ რას ნიშნავს? რისი თქმა გინდა? _ აილეწა ია.
სოფო თითქოს შეკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია და თამამად წარმოთქვა:
_ მაგ კაცზე ბევრი რამ გამიგია. ამბობენ, ძალზე საშიში ვინმეაო. კაცის მოკვლაზეც არ დაიხევს უკანო. ერთხელ თურმე ვიღაც გოგოს მასთან ცეკვისას გული წასვლია.
_ რა სისულელეა, ვის რაში დასჭირდა ამ ამბის გამოგონება? _ გაეცინა იას.
_ რა ვიცი, გოგოები ჰყვებოდნენ და… _ მერე უეცრად იასკენ მიიხედა და გაკვირვებული მზერით შეეკითხა, _ კი მაგრამ, თუკი სამი დღის წინ გათხოვდით, აქ რატომ ხართ? თაფლობის თვე არ გაქვთ?
_ ეჰ, ჩემო სოფო… ჩემი თაფლობის თვე უკვე დამთავრდა. ის ერთი ჯადოსნური ღამე ალიონთან ერთად გაქრა.
_ რატომ მხოლოდ ერთი ღამე?
იამ არ იცოდა, რა ეპასუხა. ღირდა კი სრულიად უცნობი ადამიანისთვის თავისი სევდიანი ამბავი მოეყოლა? არა, არ ღირდა.
_ ტრაგიკულმა ბედისწერამ ერთმანეთს დაგვაშორა. თუმცა შენთან სწორედ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ შემახვედრა. ჩემს თავს, მართალია, ვერ ვშველი, მაგრამ შენ მაინც გიშველი. ნუ გეშინია, თითს ვერავინ დაგაკარებს.
სოფომ თავი ჩაქინდრა და შეშინებულმა ჩაიჩურჩულა:
_ თქვენ არ იცნობთ მიშოს. იგი არავის დაინდობს. ძალიან მეშინია. იცით რამდენი გოგო ჰყავს ნაცემი?
_ კარგი რა… განა რომელი საუკუნეა, რომ ვიღაც მიშომ შეგვაშინოს? რას ჰქვია ნაცემი ჰყავს! აბა, ერთი გაბედოს! მოდი, აღარ ვილაპარაკოთ მაგ პიროვნებაზე. აჯობებს, რამე შევუკვეთოთ, თორემ შიმშილით სული გამძვრება.
ია სოფოს პასუხს არ დაელოდა, ყურმილი აიღო და ნომერში ვახშამი შეუკვეთა.
სოფოც არანაკლებ დამშეული აღმოჩნდა. ორივენი მადიანად შეექცნენ საჭმელს და ხასიათზეც მოვიდნენ, მაგრამ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა:
_ სოფო, ვიცი, რომ მანდ ხარ! ახლავე გამოდი, თორემ მწარედ განანებ. _ აყვირდა მიშო და კარს მუშტები დაუშინა.
_ მე უკვე დავურეკე მამაჩემს და საცაა მოვა! _ გასძახა სოფომ, _ ნახავ, რა დღეს დაგაყრის!
_ მამაშენის დედაც… _ უწმაწურად შეიგინა მიშომ და კარის სახელურს დაეჯაჯგურა.
_ ვაიმე, ეგ ისეთი ველურია, კარს ჩამოიღებს, _ გაფითრდა სოფო და დამფრთხალი იას მიეკრო.
იაც მიხვდა, რომ კარი ამდენ ჯაჯგურს ვერ გაუძლებდა და აქტიური მოქმედება იყო საჭირო.
_ სოფო, მომეხმარე! _ უჩურჩულა გოგონას და საწოლი ორივემ კარს მიადგა, შემდეგ სავარძლებს ეცნენ და ისინიც საწოლზე შემოდეს.
მიშო არ ცხრებოდა, ხელებს და ფეხებს უშენდა კარს და იგინებოდა. მერე კი რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა.
_ გამოეთრიე შე წაკლა! გგონია, მამაშენის მეშინია? გააღე-მეთქი კარი!
კარმა უკვე ჭრიალი დაიწყო. იაც დაფრთხა და მაგიდაზე შემოდებულ საფერფლეს დასტაცა ხელი, მაგრამ ამ დროს გუჯის მშვიდი ხმა გაისმა:
_ რა ხდება აქ, რატომ ყვირით?
_ გუჯი მოვიდა! _ შეჰყვირა გახარებულმა იამ, როცა ქმრის ხმა გაიგონა.
დერეფანში გუჯიმ ხმას აუმაღლა:
_ რას ხულიგნობ, ძმაო, საქმე არაფერი გაქვს? ქალებს ატერორებ? მოსცილდი მაგ კარს!
_ ამ ნომერში ჩემი საცოლეა დამალული. იქ ვიღაც ქალთან ერთად ჩაიკეტა, ძმაო. ბოდიში, თუ შეგაწუხეთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
_ ის ვიღაც ქალი ჩემი მეუღლეა, ამიტომ დაახვიე ახლავე აქედან!
_ შენ ვინ გეკითხება, შენი დედაც! _ შეაგინა მიშომ, მაგრამ იმავე წამს განწირულივით დაიღრიალა და იატაკზე რაღაცამ ზღართანი გაადინა.
იამ და სოფომ საავარძლები და საწოლი რის ვაი-ვაგლახით კვლავ თავიანთ ადგილებზე დააბრუნეს და კარი გააღეს.
_ კარგად ხართ? _ გუჯიმ ქალები შეათვალიერა.
_ კი, კარგად ვართ. ცოტა კი შეგვეშინდა. გაიცანი, ეს სოფო გოგლიძეა.
_ სოფო გოგლიძე? თორნიკეს გოგო ხარ შენ? _ ცოტა უცნაურად ჩაიღიმა გუჯიმ.
_ დიახ, თორნიკეს შვილი ვარ. იცნობთ მამაჩემს? _ სხივიანი თვალები შეანათა სოფომ თავის მხსნელს.
_ ვიცნობ. თორნიკეს ვინ არ იცნობს. წავვედით, რას ველოდებით? მერე მომიყევით მანქანაში, რა მოხდა აქ. _ ცივად წარმოთქვა გუჯიმ, გატრიალდა და კიბეზე დაეშვა.
ია უკან გაეკიდა.
_ გუჯი, წაიკითხე, წერილი რომ დაგიტოვე?
_ ჰო, წავიკითხე. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ჩქარა ჩამოდით, გელოდებით.
როცა ია და სოფო დაბლა ჩავიდნენ, სასტუმროსთან `მერსედესი~ გაჩერდა, საიდანაც აღელვებული ქალი და კაცი გადმოვიდნენ.
_ დეე, მოხვედით? კარგად ვარ, არ შეშინდეთ! _ სოფო კისერზე ჩამოეკიდა დედას.
_ სად არის ის ვირიშვილი? _ ხვნეშა-ხვნეშით დაიყვირა სოფოს მამამ.
_ არ ვიცი, ალბათ გაიქცა, მამა. გუჯი მაღლაფერიძემ მიშველა.
_ ვინ გიშველა? _ თორნიკე გუჯის ხსენებაზე გაშრა. ამ დროს გუჯიც გადმოვიდა მანქანიდან და მოსაუბრეებს მიუახლოვდა.
_ ოხ, გუჯი… მადლობელი ვარ… სიკეთით გადამეხადოს, _ თორნიკე გუჯის მიეჭრა და ხელი მძლავრად ჩამოართვა, _ რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს.
_ ჰო.
_ უცნაურია, არა?
_ არც ისე, _ მოკლედ პასუხობდა გუჯი.
_ შენ მე შვილი გადამირჩინე, ამისთვის დიდი მადლობა, _ მერე ჩაიცინა და დაამატა, _ როგორც ჩაიფიქრე, ისე მოხდა, არა? სათითაოდ გამოგვიჭირე…
შინ დაბრუნებული ია ეგრევე სავარძელში ჩაეშვა და ქმარს ისე მიაჩერდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
_ იცი, გუჯი, ძალიან მიხარია, რომ სოფოს დროზე მოუსწარი, თორემ ის გადარეული კარს ჩამოიღებდა და ერთი ამბავი ატყდებოდა.
_ კარგია, რომ ამით მაინც მოგაწონე თავი, _ გაკენწლა ქმარმა, ბართან მივიდა და კონიაკი დაისხა.
იამ არ შეიმჩნია მისი ირონია და სწრაფად განაგრძო:
_ ნეტავ სოფოს მამა რას იზამს, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ლაწირაკს?
_ რა საჭიროა ამ ამბის გახმაურება? ვინ იცის, როგორი ჭორი აგორდება. ცოდვაა ის გოგო, _ მიუგო გუჯიმ, _ ის ბიჭი ხმის ამომღები არაა. უკვე ჭამა სირცხვილი და მისთვის ეს საკმარისია, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს დაივიწყებს და სოფოს აღარ გაეკარება. ისე, სანამ უნდა ვილაპარაკოთ უცხოებზე? დავიჯერო, ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? საკუთარ საქციელზე რას იტყვი? ამართლებ შენს თავს? რატომ გაიქეცი? ამით რისი დამტკიცება გინდა? სპეციალურად მოსამსახურეები გამოვიძახე თბილისიდან, რომ ზედმეტად არ შეწუხებულიყავი, შენ კი დაადე თავი და ღმერთმა უწყის, სად წახვედი. გინდა სოფელში მასხრად ამიგდონ? ყველას სალაპარაკო გავხდე?
შემცბარმა იამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გუჯიმ ამის საშუალება არ მისცა:
_ გაფრთხილებ, ამას არასდროს დავუშვებ! გუშინ მთელი ლექცია ჩაგიტარე იმაზე, რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ და ისე უნდა მოიქცე, როგორც ცოლს შეეფერება. შენ კი რა გააკეთე? ან რატომ? ლიდა ცრემლებად იღვრებოდა, ცოცხალი აღარ ეგონე.
იამ საყვედურით სავსე მზერა მიანათა.
_ სიკვდილი იმასთან არაფერია, რაც მე წუხელ გადავიტანე.
_ რაღაც ვერ გავიგე, _ ნაკვთები გაუმკაცრდა გუჯის, _ რა გადაიტანე? ასე ცუდად გრძნობ ჩემთან თავს?
იამ ამოიოხრა.
_ არც ისე. სოფოს ვუთხარი კიდევაც, რომ შენთან გატარებული ღამე მართლა ჯადოსნური იყო.
_ ვახ… ეს ვის გადავეყარე! _ თავმობეზრებული კაცის ტონით ჩაილაპარაკა გუჯიმ.
_ მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ იმ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, მაგრამ ეს მხოლოდ შენი ბრალი როდია.
_ რომელმა ექსპერიმენტმა?
_ აი, ჩვენს ტრანსცენდენტალურ კავშირს ვგულისხმობ.
_ გოგო, რას გადაეკიდე ამ მეტაფიზიკას? გეყოფა უკვე, პატარა აღარ ხარ. რა ექსპერიმენტი, რის კავშირი. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ და ღამეები ერთად უნდა გავატაროთ, იმიტომ, რომ გვიყვარს ერთმანეთი. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.
_ ეს იყო სიყვარული? _ აენთო ია, _ არ მესმის, როგორ შეიძლება ის საშინელება, რაც მოხდა, სიყვარული იყოს? მით უფრო, რომ დილით მითხარი, ის ღამე ჩემთვის არაფერს ნიშნავდაო.
_ შენ გამაგიჟებ, ია. რას ეძახი საშინელებას, სექსს? აბა, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენია ცოლქმრული ცხოვრება? შემთხვევით, პლატონურ გრნობებს ხომ არ მთხოვ? ან კი როდის გითხარი, არაფერს ნიშნავდა-მეთქი, საიდან მოიტანე?
_ როგორ არ მითხარი. შენი სიტყვები არ არის, ადამიანურ ვნებას საერთო არაფერი აქვს მეტაფიზიკურ სამყაროსთანო?
_ ისევ მეტაფიზიკა! _ მოთმინება დაკარგა გუჯიმ და სირჩა ისე დადგა მაგიდაზე, ლამის დაახეთქა, _ არა, შენთან ლაპარაკი შეუძლებელია.
_ თანაც, _ ისე გააგრძელა გოგონამ, რომ ქმრის რეპლიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, _ მამაჩემს აუკრძალე ჩემი ნახვა. გეთანხმები იმაში, რომ მამაჩემი სულაც არ არის სრულყოფილი პიროვნება, მაგრამ მე ის მიყვარს და მასთან ურთიერთობის აკრძალვის უფლება არ გაქვს.
_ რას ნიშნავს არ მაქვს? _ გაბრაზდა გუჯი, _ ჯერ ერთი, მე გითხარი, მამაშენსა და შენს ძმებს მხოლოდ ჩემი თანდასწრებით შეხვედროდი და მეორეც, შენ ჩემი ცოლი ხარ და ისე უნდა მოიქცე, როგორც მე მსურს. მამაშენი ისედაც გატერორებდა წლების განმავლობაში და ეყოფა. ახლა ამის უფლებას მე არ მივცემ. ახლა შენ ჩემი საკუთრება ხარ და მე ჩემს საკუთრებას არასდროს არავის გავუყოფ.
_ რას ნიშნავს საკუთრება? მე რა, უსულო ნივთი ვარ თუ რაღაც ცოცხალი არსება? ან შენი თანდასწრებით შეხვედრა ვითომ რატომაა უპირატესი? გეშინია შენ წინააღმდეგ არ ამამხედრონ? თუ ასეა, მწარედ ცდები. ჩემები ასეთები არ არიან.
_ შენ შენი დღევანდელი საქციელით დაამტკიცე, რომ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ. ამიტომ კეთილინებებ და მოიქცევი ისე, როგორც მე მსურს. რომ მიგიშვა, კიდევ ცხრაას სისულელეს ჩაიდენ და თავს მოიჭრი, მე კი ეს არ მინდა, გესმის?
გუჯის ისეთი მკაცრი და შეუვალი ტონი ჰქონდა, რომ ია უხმოდ უსმენდა.
_ მესმის, რომ განსხვავებული ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების წინაშე თავი გაგამახსარავებინო. ახლა კი საკმარისია ეს უსაგნო ლაპარაკი. ადექი, დასაძინებლად წავიდეთ, უკვე გვიანაა და დავიღალე, თანაც დილით ადრე უნდა ავდგეთ, თბილისში მივდივართ.
გუჯი წამოდგა და იას ხელი გაუწოდა, მაგრამ იგი სავარძლიდან ადგომას არ აპირებდა.
_ არსადაც არ წამოვალ!
_ ეს რას ნიშნავს, ღამის გათენებას აქ აპირებ?
_ დიახაც. აქ დავრჩები, არ მინდა წუხანდელი განმეორდეს.
გუჯი ისე დააბნია ამ სიტყვებმა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, დაიხარა და ბუხარში შეშა შეუკეთა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>