_ მე მანამდე არ დავწვები შენთან, სანამ ჩვენ შორის ამაღლებული ურთიერთობა არ დამყარდება, ისეთი, როგორიც ნამდვილი სიყვარული უნდა იყოს. ეშმაკობით ვეღარ მაიძულებ შენთან დაწოლას.
_ ეშმაკობა რა შუაშია? ნუთუ ვერ მიხვდი, ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ პირველი ღამის შიში არ გქონოდა, ამის შესახებ ხომ უკვე გითხარი?
_ რისი უნდა შემშინებოდა? რა იყო საშიში? შენ მხოლოდ მომატყუე, ჩემი შეცდენა გინდოდა და ეს მეტად აღარ განმეორდება. მე შენგან სიყვარული არ მიგრძნია, სიმართლე გითხრა.
გუჯის ცეცხლის ალივით აენთო თვალები. არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. როდემდე უნდა ესმინა ამ სულელი გოგოს ბჟუტურისთვის? ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეყვირა და რაც შეიძლება მშვიდი ხმით უპასუხა:
_ როგორც გინდა. თანახმა ვარ.
ია არ მოელოდა ქმარი ასე სწრაფად თუ დანებდებოდა და ეჭვიანი მზერით შეხედა.
_ მპირდები, რომ ძალას არ იხმარ?
_ რა თქმა უნდა. რაში მჭირდება ცოლი, რომელიც ძალით უნდა დავიმორჩილო და რომელსაც ჩემი მიკარება აღიზიანებს?
იას ნირი წაუხდა და თავი ჩაკიდა.
გუჯი სავარძელში ჩაჯდა და თავისთვის რაღაც მელოდია დაუსტვინა. სიჩუმე გაგრძელდა. მალე გუჯიმაც შეწყვიტა სტვენა და ტუჩებზე ისეთმა ღიმილმა გადაუარა, რომ იას შეაჟრჟოლა.
_ რა გაცინებს? _ ვერ მოითმინა და შეეკითხა.
_ უბრალოდ, ვიფიქრე, აჯობებს დაგელოდო, სანამ შენ თვითონ არ მოხვალ ჩემთან. ასე აჯობებს, _ თქვა და თავი დააქნია, თითქოს თავის დასკვნებს კვერი დაუკრაო, მერე ისევ გაიმეორა, _ ასე ბევრად უკეთესი იქნება.
გოგონა შეყოყმანდა, ვაითუ ზედმეტი მომივიდაო, გაიფიქრა, მაგრამ მაინც გაბედა შეპასუხება:
_ რომ არ მოვიდე, მაშინ?
_ მოხვალ, მოხვალ და ძალიან მალეც. თუ არადა, გაგშორდები. _ გუჯი წამოდგა და კონიაკი კვლავ დაისხა, _ არა მგონია შენნაირმა იმპულსურმა გოგომ დიდი ხანი ითმინოს, თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ ქმარი ვარ და შენზე რაღაც უფლებები მაქვს.
იამ თავი დახარა და ამოილუღლუღა:
_ არ დამავიწყდება.
_ მით უკეთესი. ახლა კი ადექი და წავიდეთ. მეძინება.
გოგონა ადგილიდან არ იძვროდა.
_ მოდიხარ თუ კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? რა გაეწყობა, აქ ჯდომა თუ გირჩევნია, ნება შენია, არც მაგას დაგაძალებ. მე კი ღამის თევას არ ვაპირებ, ხვალ საქმეები მელოდება. შეგიძლია საიძინებელში მარტო დაწვე, მე სხვა ოთახში გავალ.
ია თავზარდაცემული იჯდა. არ ეგონა, ქმარი ასე გულგრილად თუ აქცევდა ზურგს. მას ასე სულაც არ უნდოდა. იფიქრა, ცოტა ხნით ვაწუწუნებ და ჩემს ძალას დავანახვებო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა…
გუჯიმ საქაღალდე გვერდით გადადო, რადგან კორიდორიდან ხმაური შემოესმა. ორი დღეა, თბილისში არიან და უამრავი საქმე დახვდა გასაკეთებელი. იას მარტოსულად რომ არ ეგრძნო თავი, გუჯიმ დეიდამისი ლილი გამოიძახა, რამდენიმე დღით ჩვენთან დარჩიო. ალბათ სწორედ ის და ია იყვნენ, ასე რომ ხმაურობდნენ. დილიდან მაღაზიების დასალაშქრად წაიყვანა მძღოლმა. დაინტერესდა, ნეტავ რა იყიდეს, რით იჯერეს გულიო და ოთახიდან გავიდა.
მძღოლი და მოსამსახურე გოგონა უამრავი პაკეტით დახუნძლულები ძლივს მოაბიჯებდნენ. ია ფორიაქობდა, განკარგულებებს იძლეოდა და თავისი წრიალით მათ ხელს უშლიდა. ლილი კუთხეში იდგა და ღიმილით ადევნებდა თვალს რძლის ფაციფუცს.
_ ფრთხილად, ნიკა, ფრთხილად! _ მივარდა ია მძღოლს, _ არ დაგივარდეს. იცი, რა ლამაზი ლარნაკია? არ გატეხო.
_ გუჯი! _ ახლა ქმარს მიუბრუნდა, _ ვერ წარმოიდგენ, ისეთი ლამაზი კაბა ვიყიდე. ეს კი შენთვის სურპრიზი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მოგეწონება.
_ რა სიუპრიზია, იქნებ ახლავე მითხრა? _ დაინტერესდა გუჯი.
_ არა, არა, თუ გითხარი, რაღა სიუპრიზი გამოვა?
_ როგორც გინდა, _ ზანტად მიუგო ქმარმა და ცოლს წინ გაუარა.
თავისი კაბინეტის კართან დეიდა წამოეწია.
_ მშვენიერი გოგოა, შვილო, ძალიან მომხიბლა. რაც მთავარია, უშუალოა. შენ ამბობდი, ლამაზი არ არისო, არადა, ნორმალური სილამაზისაა. ცოტა მაკიაჟი და კარგი ჩაცმა. მეტი არაფერი უნდა.
_ შენს გემოვნებას ვენდობი, დეიდა, _ გაუღიმა დისშვილმა, _ იმედია, ჩაცმისას ურჩევ, რა მოირგოს, თორემ რაწამს რა მოუფრენს თავში, არავინ იცის.
_ მაგაზე არ იდარდო, ყველაფერს მოვუვლი. აგერ ნახავ, შენმა ცოლმა ყველა თუ არ დაჩრდილოს. თუმცა… რაღაც მინდა გკითხო და არ მომატყუო, იცოდე… _ ქალი წამით შეყოყმანდა, მერე კი ისევ ალაპარაკდა, _ ერთად არ წევხართ? თუ ღმერთი გწამს, სიმართლე მითხარი.
_ ეს იამ გითხრა?
_ არა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ უცნაურ რამეს ამბობს, ვიფიქრე, ნეტავ ყველაფერი წესრიგში თუ აქვთ-მეთქი. არადა, ძალზე თბილი ვინმეა, რაც აქ ჩამოვიდა, ყველას უცებ შეაყვარა თავი, მათ შორის მეც.
_ მიხარია ამის მოსმენა. ლილიკო, შენი იმედი მაქვს, პარასკევს როგორ გამოპრანჭავ ჩემს ცოლს. ხომ იცი, სადაც მიმყავს. იქ ისეთი სნობები იკრიბებიან, არ მინდა საჭორაო მივცე. ბოლოს და ბოლოს, ცოლია ჩემი.
_ ამისთანა ვისთან ხარ მიწვეული? _ გაოცდა ლილი.
_ თორნიკე გოგლიძესთან.
_ რას ამბობ! თორნიკემ დაგპატიჟა? პირდაპირ წარმოუდგენელია. რა მოხდა ნეტავი? ადრე არასდროს მიუწვევიხარ და ახლა რა ეტაკა? მას შემდეგ, რაც თორნიკესა და მამაშენს შორის მოხდა, არ მეგონა, თუ ოდესმე თქვენი გზები გადაიკვეთებოდა.
_ მაგის გოგო იას მეგობარია. ალბათ ამის გამო დაგვპატიჟა.
_ რაღაც არ მომწონს შენი ტონი. მგონი სულ სხვა რამ გაქვს ჩაფიქრებული. ვიცი, მამაშენის გამო ლადო ჭელიძეს და ირაკლი მესხს რაც დამართე, როგორ გააკოტრე. ალბათ თორნიკესაც იმავეს უპირებ. არ გინდა, შვილო. ნუ მოიმოქმედებ ისეთ რამეს, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცეს. მიტევება უნდა ისწავლო. ასე დაიტანჯები და შენს ცოლსაც დატანჯავ.
გუჯიმ უცნაურად გაიღიმა, დეიდას გვერდი აუქცია და კაბინეტში გაუჩინარდა.
ია მოუთმენლად ელოდა იმ საღამოს, როცა ქმართან ერთად მთაწმინდის რესტორანში უნდა წასულიყო. ლამის მთელი კვირა ელოდებოდა ამ დღეს. ხან სალონში გაიქცა თმისა და სახის მოსაწესრიგებლად, ხან სოფოსთან ერთად `ისი პარი~ მოინახულა და მოდური სუნამო შეიძინა. მოკლედ, ძალიან ღელავდა. უნდოდა, ყველას მოსწონებოდა, ის ხომ გუჯი მაღლაფერიძის მეუღლე იყო. რატომ უნდა ეთქვა ვინმეს, მისთვის შეუფერებელი გოგო შეურთავს ცოლადო?
როგორც იქნა, შაბათიც დადგა. ლილის დამსახურებით, იას ღრმად ამოჭრილი მწვანე აბრეშუმის კაბა ეცვა. მის ცეცხლისფერ თმას ძალიან უხდებოდა ახალი ვარცხნილობა, განასაკუთრებით კი თმაში გაკეთებული სამშვენისი _ ოქროსფერი დრაკონი ზურმუხტის თვლებით. საყურეც კი დრაკონის ფორმისა ეკეთა.
ლილი ჩიქოვანი მთელი საათი არწმუნებდა რძალს, რომ სათვალე მოეხსნა. აუხსნა, რომ ასეთ საღამოებზე სათვალე ცხვირზე არ უნდა დაეკოსებინა.
_ კი მაგრამ, ვერაფერს რომ ვერ დავინახავ? ჩემი სათვალე ვის რაში შეუშლის ხელს?
_ ვის და შენ. როგორ არ გესმის, რომ ქალს, რომელსაც ასე გამომწვევად აცვია, სათვალე არ მოუხდება?
_ კარგი, ლილი დეიდა, არ გავიკეთებ, _ ამოიოხრა იამ, _ მაგრამ ხომ შეიძლება ჩანთაში მაინც ჩავიდო?
_ ხელჩანთაში შეიძლება, _ დაჰყაბულდა ქმრის დეიდა, _ და ეს ყველაფერი რომ მორჩება, ოფთალმოლოგთან წაგიყვან და ლინზებს გამოგიწერს. მერე სათვალე აღარ დაგჭირდება… აბა, შემომხედე ერთი! უჰ, სასწაულად გამოიყურები! _ კმაყოფილებით აღნიშნა ლილიმ და იასთან ერთად კიბეზე დაეშვა.
_ გუჯი, ჩვენ მზად ვართ.
_ ჰოდა, ნიკა წაგიყვანთ. მე ვერ მოვდივარ. მერე მოგაკითხავთ, როცა საღამო დამთავრდება და წამოგიყვანთ. აუცილებელი საქმე მაქვს. _ გუჯიმ ამ სიტყვებით ცოლი შეათვალიერა და ღიმილით უთხრა, _ იმედი მაქვს, კარგად გაერთობი. იცოდე, ფურორი უნდა მოახდინო, რადგან არაჩვეულებრივად გამოიყურები.
_ მართლა? _ იას ღაწვები შეეფაკლა.
_ განა ოდესმე მომიტყუებიხარ?
_ მადლობა, გუჯი, _ გული აუჩუყდა იას.
მანქანა დაიძრა თუ არა, იამ ლილის საუბარი გაუბა.
_ ცუდია, რომ არ მოდის. მარტო, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება. ასეთ დროს ქმარი ცოლის გვერდით უნდა იყოს.
_ რას იზამ, საყვარელო, შენი ქმარი საქმიანი კაცია. ალბათ გადაუდებელი საქმე აქვს. უნდა გაუგო. გგონია, თვითონ არ ნერვიულობს, რომ ვერ მოდის?
_ ის არასდროს არაფერზე არ ნერვიულობს, _ ამაყად მიუგო იამ, _ ასეთი გაწონასწორებული კაცი მეტი არ შემხვედრია.
_ ჰო, _ დაეთანხმა ლილი და ფანჯარაში გაიხედა, _ ასეთი რეპუტაცია თვითონ შეიქმნა. ამის გამო მისი ბევრს ეშინია.
_ ალბათ იმიტომ, რომ კარგად არ იცნობენ, თორემ საშიში სულაც არ არის?
_ მართლა? შენ ასე გგონია?
_ რა თქმა უნდა. დიდი ხანია ვიცნობ. ასეთი რამეები არ შემეშლება.
_ ღმერთმა ქნას, ჩემო გოგო, რომ არ ცდებოდე, _ ამოიოხრა ლილიმ და თმა შეისწორა.
მალე მანქანამ აღმართი აათავა და გაჩახჩახებულ რესტორანს მიადგა.
როგორც კი ლილი და ია დარბაზში შევიდნენ, სოფომ მაშინვე მათთან მიირბინა, იას ხელი გადახვია და დედასთან მიიყვანა. ქალბატონმა თამარმა გოგონას აკოცა, გვერდით დაიყენა და ყველა სტუმარს სათითაოდ წარუდგინა.
სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ იას. ყველას აინტერესებდა, ვინ შეირთო ცოლად უცნაურმა გუჯი მაღლაფერიძემ. ლილი თავის ნაცნობ ქალებს შეერია, იამ კი სოფოს გვერდით დაიდო ბინა.
_ იაკო, ხედავ ვინ მოვიდა? როგორ გამიხარდააა! _ ტაში შემოჰკრა გოგონამ და კარისკენ გაიხედა.
_ ვინაა? უსათვალოდ ვერ ვხედავ, სოფო.
_ სანდროა არაბული, პოეტი. არ იცი? ვგიჟდები მაგ ტიპზე. კარგია, რომ მამამ დაპატიჟა.
ამ სახელის გაგონებაზე იას სახეზე ალმური აუვიდა. გაახსენდა წარსულის უსიამოვნო ამბავი, წამიერად შეცბა, მაგრამ მყის აიყვანა თავი ხელში და შეეცადა, აღელვება დაეფარა. სოფო კი ისეთი აღფრთოვანებით ჭიკჭიკებდა, იასთვის ყურადღება არც მიუქცევია.
_ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის მისი აქ მოსვლა? _ მიმქრალი ხმით შეეკითხა.
_ რას ამბობ, ია! სანდრო ვერ იტანს ხალხმრავალ წვეულებებს, ასეთ ადგილებში არ დადის. მაგარია, რომ მოვიდა. იცი, ეს რას ნიშნავს?
იას უნდოდა ეთქვა, დიდი ვერაფერი პოეტია, ერთი ფუქსავატი ვინმეაო, რომ უეცრად სანდრო ორივეს წინ აესვეტა.
_ ია, შენც აქ ხარ? თვალებს არ ვუჯერებ, გამარჯობა! _ ხმადაბლა მიესალმა მამაკაცი.
_ გაგიმარჯოს, სანდრო, _ დაიმორცხვა გოგონამ და ხელი ჩამოართვა, თან გულში გაივლო, ნუთუ ეს კაცი ოდესმე მართლა მომწონდაო. გუჯის მერე იგი სრულიად უინტერესოდ მოეჩვენა.
_ უი, თქვენ ერთმანეთს იცნობთ? _ გაიკვირვა სოფომ, _ საიდან? რატომ არ მითხარი, ია?
_ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, _ რბილად წარმოთქვა მამაკაცმა, თან იას თვალს არ აშორებდა, _ ასე არ არის, იაკო?
_ კი, ნაცნობები ვართ, _ ძლივს ამოღერღა გოგონამ, _ მაპატიე, უნდა დაგტოვოთ. _ ცივად დააყოლა და ლილისთან გადანაცვლება დააპირა.
_ ნუთუ ასეთ სიმკაცრეს გამოიჩენ და მიმატოვებ, ია? ჩემთან არ იცეკვებ? _ იდაყვზე წაავლო მამაკაცმა ხელი.
იამ უარის თქმა დააპირა, მაგრამ სანდრომ არ დააცალა, მტკიცედ ჩაავლო მაჯაში ხელი და მოცეკვავეთა შუაგულისკენ გაიტაცა. მერე მძლავრად შემოხვია მკლავი და მკერდზე მჭიდროდ მიიკრა. ია საშინელ უხერხულობაში ჩავარდა. სანდროს სიახლოვე აკრთობდა. ასე ეგონა, ყველამ იცოდა მათი ამბავი და მხოლოდ მათ მისჩერებოდნენ.
_ ძალიან შეცვლილხარ, _ უჩურჩულა მამაკაცმა.
_ არც ისე.
_ ხანდახან მაინც არ გახსენდები?
_ იშვიათად.
არაბულს გაეცინა.
_ მე კი ხშირად გიხსენებ და ვნანობ, რომ დაგკარგე.
_ რაღაც, სხვათა შორის, მეც დავკარგე. _ ირონიულად შეეპასუხა ია.
_ რა, გული?
_ არა, რეპუტაცია.
_ იმ ამბავს შენთვის ხელი არაფერში შეუშლია. ისეთ ცნობილ და მდიდარ კაცს გაჰყევი ცოლად, რომ ბევრს შეშურდება.
_ შესაშური არაფერია, _ ცივად მოუჭრა გოგონამ.
_ მერედა, არ გეშინია მაგ კაცის?
_ რატომ უნდა მეშინოდეს. რომ შემშინებოდა, არც გავყვებოდი.
_ მაინც რატომ გაჰყევი?
_ შემიყვარდა და იმიტომ.
_ ერთ დროს მეც შეგიყვარდი…
_ არა, ტყუილია. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხდებოდი. რომ გყვარებოდი, ჩემს ძალით დაუფლებას არ შეეცდებოდი იმ ღამეს.
ამასობაში მუსიკა დამთავრდა და იამ შვებით ამოისუნთქა. სანდროს სიახლოვე უსიამოვნო შეგრძნებებს უღვივებდა. სასწრაფოდ გაეცალა მამაკაცს და იმ მაგიდას მიუჯდა, სადაც სოფოსთან ერთად იჯდა. თუმცა სანდრო უკან მიჰყვა და გვერდით მიუჯდა.
_ მე შენზე ძალა არ მიხმარია, _ გააგრძელა სანდრომ დაწყებული საუბარი, _ რადგან გამომყევი, მეგონა, თანახმა იქნებოდი, ერთად ვყოფილიყავით. რას ვიფიქრებდი, ისტერიკას თუ გამიმართავდი? შენ არ მარწმუნებდი, ერთმანეთთან მეტაფიზიკა გვაკავშირებსო? მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე იდეალური კავშირით ვიყავით შეერთებული. რადგან მეტაფიზიკურ სამყაროში ჩემთან ერთად იყავი, მეგონა, ფიზიკურშიც ერთად უნდა ვყოფილიყავით. იმ ღამეს ჩემთან რომ დაწოლილიყავი, მიხვდებოდი, როგორია ნამდვილი ტრანსცენდენტალური კავშირი.
იამ შუბლი შეიჭმუხნა და თავისი პირველი ღამე გაახსენდა.
_ შენთან არასდროს არაფერი მაკავშირებდა. ასაკით პატარა ვიყავი და ბევრ რამეში ვცდებოდი მაშინ.
სანდრომ არაფერი უპასუხა, მიხვდა, რომ იას ეს საუბარი არ სიამოვნებდა, ამიტომ სხვა თემაზე გადაერთო:
_ ლექსებს კიდევ წერ?
ია შეყოყმანდა, მაგრამ მერე მაინც უპასუხა:
_ ახლა რომანზე ვმუშაობ.
სანდრო გამხიარულდა.
_ კონკურენციას მიწევ?
_ არა, რატომ? შენ ხომ მხოლოდ ლექსებს წერ. რომანი კიდევ ლექსი არ არის.
_ რომანი არა, მაგრამ პოემა ხომ არის? მე ახლა პოემას ვწერ.
იამ იგრძნო, როგორ გაწითლდა. როგორი ადამიანიც უნდა ყოფილიყო სანდრო, ის ცნობილი პოეტი იყო, მას კი ჯერ ერთი სტრიქონიც არ ჰქონდა გამოქვეყნებული.
_ რა ჰქვია შენს რომანს?
_ `იდუმალი ქალი~.
_ მდაა… სათაური ბანალურია, მაგრამ დამაინტრიგებელი და უჩვეულო. მკითხველს მოლოდინით უკვე სათაურივე აღავსებს. _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა მამაკაცმა.
_ არ ვიცი… _ უარესად გაწითლდა ია.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგი რომანი გამოგივა. სიამოვნებით წავიკითხავდი და გამოქვეყნებაშიც დაგეხმარებოდი. გინდა ჩემი გამომცემელი გაგაცნო?
_ მართლა? შეგიძლია? _ თვალები აუციმციმდა გოგონას.
_ აბა, ტყუილი რაში მჭირდება? _ ჩაიცინა სანდრომ.
_ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ მჯერა, რომ ეს ამბავი რეალობაში ხდება. თითქმის დავწერე, სულ ცოტა დამრჩა. ჯერ არავისთვის მიჩვენებია, უნდა დავხვეწო. მიხარია, რომ ასეთი თანადგომა გამომიცხადე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი და წინადადება გამომცემლის თაობაზე. პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის…
_ არაფერია. ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ. იქნებ ჩვენს ლიტერატურულ სალონშიც მოხვიდე, აღმაშენებლის გამზირზე ვართ. ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით. იქ ბევრ საინტერესო ადამიანს გაგაცნობ, პოეტებსაც და მწერლებსაც.
ამ შეთავაზებამ ია აღაფრთოვანა.
_ რა კარგია! იცი როგორ მენატრება ჩემი ლიტერატურული საღამოები? სანამ გავთხოვდებოდი, სოფელში ყოველკვირა ვმართავდით. აქ კი არავის ვიცნობ და ძალიან მოვიწყინე. შენი მეგობრები წინააღმდეგი ხომ არ იქნებიან, ერთხელ მეც რომ დაგესწროთ?
_ არა, რას ამბობ. აი, ნახავ, როგორი პატივისცემით შეგხვდებიან.
ია უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა თავს. ყავა დალია და მხიარული ტონით წარმოთქვა:
_ დღეს რაღაც ბევრი სასიხარულო ამბავი დამატყდა თავს. შენს სალონში მიპატიჟება, შენი გამომცემლის გაცნობა…
_ და ჩემთან შეხვედრა, _ შეაშველა სანდრომ და როგორც კი გოგონას სახეზე დაბნეულობა გამოეხატა, სწრაფად დაამატა, _ იცი როგორ გაერთობი თბილისში? ოღონდ… ფრთხილად უნდა იყო.
წესით, ბოლო წინადადებას გოგონა უნდა დაეფრთხო, მაგრამ მას სულაც არ მიუქცევია ყურადღება მამაკაცის სიტყვებისთვის, რადგან დარბაზში შემოსული გუჯი შეამჩნია. მაშინვე ფეხზე წამოხტა და მისკენ გაექანა.
_ რა კარგია, რომ მოხვედი, გუჯი. საოცრად სასიამოვნო საღამოა. არაჩვეულებრივად გავერთე. იცი ახლა ვის ვესაუბრებოდი? _ იამ უკან მიიხედა, მაგიდისკენ, მაგრამ სანდრო ვეღარსად დალანდა, _ თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. საშინლად გამიხარდა, რომ დაგინახე. არ მეგონა, თუ მოხვიდოდი. თან შესანიშნავად გამოიყურები. _ მიაყარა და მიაყარა ქმარს.
გუჯი ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილიყო. იგი ერთხანს ცოლს მისჩერებოდა, მერე რამდენიმე წამით ბარისკენ გაექცა თვალი, ბოლოს ისევ ცოლს მოუტრიალდა, _ ხომ არ გვეცეკვა?
_ დიდი სიამოვნებით.
ისინი დარბაზის შუაგულში გავიდნენ და მუსიკის რიტმს აჰყვნენ. გუჯი მშვენივრად ხედავდა, რომ ის და ია ყურადღების ცენტრში იყვნენ _ ამ უჩვეულო წყვილის შესახებ ხვალ მთელი თბილისი ალაპარაკდებოდა.
გოგონა ისეთი ბედნიერი იყო, როცა ქმრის მკლავებში მოექცა, რომ წამში გადაავიწყდა სანდროს არსებობა. გუჯიმ კი კინაღამ წონასწორობა დაკარგა და იფეთქა, შემოსვლისას ია და სანდრო ერთ მაგიდასთან რომ დაინახა…
შინ გვიან დაბრუნდნენ. ია გუჯის სამუშაო ოთახში შევიდა, მუსიკა ჩართო, სავარძელში მოთავსდა და ატიტინდა.
_ რა კარგი საღამო იყო, არა? შენც ხომ ისიამოვნე?
_ ჰო. _ მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა, მერე კი მოულოდნელი შეკითხვა დასვა, _ ლილიმ მითხრა, რომ სანდროსთან ერთად ცეკვავდი. ეს მართალია?
იამ მსწრაფლ შეხედა ქმარს. ნუთუ იეჭვიანა? იცის კი, რომ ის კაცი, ვისთანაც სამი წლის წინ გაიქცა, სანდრო არაბულია? მას არ უხსენებია სანდრო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სხვას ეთქვა? ამიტომ დამალვას აზრი არ ჰქონდა. გადაწყვიტა, ქმართან ამჯერადაც გულწრფელი ყოფილიყო.
_ ჰო, ვიცეკვე… ის ჩემი ძველი ნაცნობია და მასთან დაკავშირებით რაღაც მინდა გითხრა.
_ რა უნდა მითხრა?
_ ის, რომ,სწორედ სანდროა ის კაცი, ვისთანაც ის ამბავი შემემთხვა.
_ არ ვიცი, რა ამბავს გულისხმობ.
_ რას და ჩემს გაქცევას.
_ მაინც ვერაფერს ვხვდები. მე ხომ გასაგებად აგიხსენი ერთხელ, რომ არაფერი შეგმთხვევია და არსად გაქცეულხარ.
ია გაოცებით შესცქეროდა ქმარს.
_ კი მაგრამ, როგორ არ იყო, როცა… მე ხომ… _ მერე უცებ გონება გაუნათდა და ღიმილით უპასუხა, _ მივხვდი, რასაც გულისხმობ. ეს არის შენი გეგმა? ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა?
_ კარგია, რომ მიხვდი.
_ ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ამის შესახებ სანდრო რომ მოუყვეს ვინმეს?
_ არა მგონია, ამაზე წავიდეს. მთავარია, შენ დაივიწყო. ისიც საკმარისია, რომ მომატყუე და მითხარი, იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი მოხდაო.
იას ნირი წაუხდა. კინაღამ ჰკითხა, შენ საიდან იციო, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი. როგორ არ იცოდა, როცა მისი პირველი მამაკაცი გუჯი იყო?
_ მე იმიტომ გავამუქე ის სიტუაცია, რომ შენ ჩემზე უარი გეთქვა.
_ ვიცი და აღარ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. არ გამტყუნებ.
_ მადლობა. იმედია, სანდროც არაფერს იტყვის. მისთვის უხერხული იქნება ამ თემაზე ლაპარაკი.
გუჯის თვალები აუელვარდა.
_ არა მარტო უხერხული. უხერხული კი არა, საშიშიც იქნება!
_ რა თქმა უნდა. სანდრო პოეტია და საკუთარ რეპუტაციაზე უნდა იზრუნოს.
_ ამაზეც და სხვაზეც.
იამ დაკვირვებით შეხედა ქმარს.
_ იმედია, სანდროზე არ ეჭვიანობ?
_ რაზე უნდა ვიეჭვიანო? წარსულზე, რომელიც არ არსებობს თუ დღევანდელ ცეკვაზე?
_ არა, რას ამბობ, საეჭვიანო არაფერია. იცი? როცა მასთან ერთად გავიპარე, მაშინვე მივხვდი, რომ არ მიყვარდა და არც მისი ცოლობა მსურდა. უბრალოდ, რომანტიკოსი ვიყავი და თავისი ლექსებით გამაბრუა. ეს არ იყო სიყვარული. ამიტომაც არ გავიკარე ახლოს.
_ დღევანდელი ცეკვა შენთვის რამეს ნიშნავდა? რა იგრძენი, როცა ხელი მოგხვია? _ შეაპარა გუჯიმ.
_ არაფერსაც არ ნიშნავდა და არც არაფერი მიგრძნია. უბრალოდ, ძველ ნაცნობს შევხდი და ეს იყო.
იამ გადაწყვიტა, არ მოეყოლა ქმრისთვის, თუ რა შესთავაზა მას სანდრომ `იდუმალ ქალთან~ დაკავშირებით.
_ იცი რა კარგ ხასიათზე ვარ? _ აღმოხდა მოულოდნელად იას.
_ არ დაიღალე? _ გამჭოლი მზერა მიაპყრო მამაკაცმა.
_ სულაც არა, _ გაიღიმა იამ, მოწყვეტით დაეცა დაბალ ტახტზე და დიდ, ფუმფულა ბალიშებში ჩაეფლო.
_ გუჯი, სიმართლე მითხარი, ეს ბალიშები აზიის რომელიმე ჰარამხანიდან გაქვს წამოღებული? ასეთები არასდროს არსად მინახავს.
_ ჰარამხანა საიდან მოგაფიქრდა? რა შუაშია? _ წარბები შეკრა გუჯიმ, _ აქ ვიყიდე, თბილისში.
_ ძალიან მომწონს.
ია ბალიშებზე ნებივრად გაწვა და ქმარს შეხედა, რომელიც კონიაკს წრუპავდა.
_ მიხდება? ლამაზი ვარ?
გუჯის გაეცინა ცოლის საქციელზე.
_ ია, მეშლება თუ ჩემი ცდუნება გინდა?
_ არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ, მე მგონი, მინდა.
_ დღეს რაღაც უცნაურად ლაპარაკობ.
_ იმიტომ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.
_ და გინდა ეს დღე ჩემთან ალერსში ჩაამთავრო?
_ ჰო, მინდა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ დილით არ ინანებ და არ დამადანაშაულებ, რომ შენზე ვიძალადე?
_ არა, არა მგონია, _ დაფრთხა გოგონა.
ოთახში მოულოდნელად სიჩუმე ჩამოწვა. ია ფართოდ გახელილი თვალებით მისჩერებოდა მოახლოებულ ქმარს. უსათვალოდ კარგად ვერ ამჩნევდა მის გამომეტყველებას, მაგრამ მის მამაკაცურ აურას გრძნობდა და იცოდა _ ეს შეგრძნება იმიტომ იყო ასე ხილული, რომ მათ შორის მართლაც არსებობდა განსაკუთრებული კავშირი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>