იამ კარგა ხანს იარა ქუჩებში, სანამ პოლიციის სამმართველოს მიაგნებდა. საჭესთან მთელი დღე ნაჯდომს ზურგი ასტკივდა. ერთი სული ჰქონდა, როდის გადმოვიდოდა მანქანიდან და წელში გასწორდებოდა. ხუმრობა ხომ არ იყო თბილისიდან ამხელა გზის გამოვლა.
ქუთაისი… რამდენი წელია, დასავლეთში არ ყოფილა. ქუთაისი თითქმის არ იცის, აქ გავლით თუა ნამყოფი. ისე, ახლა სულ სხვაა ქუთაისი, ისეთი კი არ არის, მის ბავშვობაში რომ იყო. თუმცა, ვინ იცის, იქნებ მაშინ უკეთესი იყო, ვიდრე ახლაა? ბებიამისს რომ უყვარდა ხოლმე თქმა, ეჰ, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყოო, სულ ძველ დროს მისტიროდა, როცა ახალგაზრდა იყო და კაცებს თვალებს უჟუჟუნებდა.
იას ცხოვრებაში კი თავისი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე დიდად არაფერი შეცვლილა, თუ არ გაიხსენებს 90-იან ავად მოსაგონარ წლებს, როცა უშუქობა და უპურობა ტანჯავდა დედაქალაქს. ახლა კი ოცდამეერთე საუკუნეა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს.
სად ჯანდაბაშია ეს პოლიციის შენობა, ამდენ ხანს რომ ვერ მიაგნო? აი, ისიც. მადლობა ღმერთს, დამთავრდა მისი წამება! აი, ამიტომაც არის ოცდამეერთე საუკუნე წინაზე უკეთესი, რომ თუნდაც პოლიციის შენობას ყველასგან გამოარჩევ თავისი უზარმაზარი შუშის კედლებით. გამჭვირვალობის უმაღლესი გამოვლინება. გაეღიმა. თითქოს თუ გარედან გამოჩნდებიან, რით არიან დაკავებულნი ორგანოს მუშაკები, ცუდ საქმეს აღარ ჩაიდენენ. ეჰ… მართლაც რომ ასე იყოს და ყველა ადამიანი კეთილად ემსახურებოდეს თავის პროფესიას. ეს მასაც ეხება. მერე რა, რომ ექიმია. რამდენი ექიმი იცის, გულგრილად რომ ეპყრობა პაციენტებს. ზოგიერთისთვის პაციენტი მხოლოდ კლიენტია, რომელსაც ფული უნდა აწაპნოს და მორჩა, მოარჩენს თუ ვერ მოარჩენს, აღარ აინტერესებს.
მანქანა შენობის წინ გააჩერა და ღრმად ამოისუნთქა. თავი საზურგის გამოწეულ ადგილს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. გამოსვლას არ ჩქარობდა. არ იცოდა, როგორ შეხვდებოდა ვაკო, არც გაუფრთხილებია, რომ ჩამოდიოდა.
ის დღე გაახსენდა, ვილი რომ დაასაფლავა და გული მოეწურა. რა საშინელება იყო. ჯერ ის ვერ მოენელებინა, რომ დაქვრივდა და შინ დაბრუნებულს უარესი სანერვიულო დახვდა. საღამოს, როცა ქელეხი დამთავრდა და საჭმლებით სავსე ქვაბებით დახუნძლული სახლში წამოვიდა, არც ერთი დაქალი თან არ გამოიყოლა. მარტო სურდა დარჩენა. ყველაფერი თვითონ ამოზიდა. ღვთის მადლით, ლიფტი მუშაობდა და არ დასჭირვებია კიბეზე ქოშინით ასვლა-ჩამოსვლა. ოცდამეერთე საუკუნის კიდევ ერთი უპირატესობა _ ახლა ლიფტი ყველგან ყოველთვის მუშაობს. მართალია, ხანდახან იჭედება, მაგრამ ეგ არაფერი.
ჰოდა, როგორც კი ქვაბები მაცივარში შეალაგა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ტანთ გამოიცვალა და ვილის კაბინეტის დალაგებას შეუდგა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, როცა მის კარადაში წერილებს იპოვიდა. ეს უბრალო წერილები როდი იყო _ სასიყვარულო ბარათები გახლდათ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რა დროს სასიყვარულო წერილების წერაა, როცა არსებობს ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და ხმოვანი ფოსტაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამასაც თავისი მუღამი ჰქონია. სულ ორი ბარათი იყო, მაგრამ ვნებითა და ლტოლვით სავსე. პირველი მანამ იყო გამოგზავნილი, სანამ ია ვილის ცოლი გახდებოდა, მეორე კი თითქმის ახალი. ალბათ მას შემდეგ აღადგინეს ამ სახის მიწერ-მოწერა, რაც საქართველოს ფოსტა გაიხსნა. ახსოვს, მაშინ ამის გაფიქრებაზე სიმწრით ხარხარი აუტყდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სახლის მისამართზე კი არ იყო წერილი გამოგზავნილი, სამსახურის მისამართი იყო მითითებული, ვილის სამსახურის მისამართი.
აი, თურმე რატომ დარბოდა წარამარა უკრაინაში თავის რეფერენტთან ერთად. ჰმ… თაკო. ამიტომ მოაწყო თავისთან სამსახურში არა? გულის ვარდი ახლოს რომ ჰყოლოდა! არადა, როგორ უყვარდა იას, ყურადღებიანი და ჭკვიანი გოგოაო, ვილის ეუბნებოდა. აბა, რას იფიქრებდა? მის სათაყვანებელ მეუღლეს საყვარელი ჰყოლია თურმე და არაფერი იცოდა! მერე მისი ფოსტაც გახსნა კომპიუტერში და აი, იქ იყო, რაც იყო! თურმე `მარადიული~ მიწერ-მოწერა ჰქონიათ. მართალია, იას არასდროს გადაუმოწმებია ქმრის მობილური ტელეფონი, მაგრამ მაშინ ესეც იკადრა. იქ არაფერი დახვედრია. როგორც ჩანს, ან წაშალა ქმარმა, ან განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა და `მესიჯობანას~ არ მიმართავდა. ან კი რაში სჭირდებოდა, მთელი დღე ერთად არ იყვნენ? ან კი ვერ დაურეკავდნენ ერთმანეთს თუ რა? ეს ამბავი რომ გამოაშკარავდა, ია მთელი წელი დეპრესიაში ჩავარდა. ოჰ, ღმერთო, რა ცუდად იყო! აი, ორი დღის წინ კი კიდევ ერთი ბარათი იპოვა… სასაცილოა, ღმერთმანი.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა, თბილისს დროებით გარიდებოდა, ყველაფერს მოშორება, რაც ქმრის ღალატს გაახსენებდა.
ცუდი ის იყო, რომ ამ წერილებს ვერა და ვერ ივიწყებდა. ის ბოლო ბარათი ქმრის ფეხსაცმლის ყუთში იპოვა, სადაც რაღაც საბუთებსაც ინახავდა. იფიქრა, გადავყრიო და… მასზე ამ ამბავმა ისე საშინლად იმოქმედა, რომ მთელი წელი უძილობა დასჩემდა და ძალიან გახდა. ამ ბოლო წერილმა კი ძველი ჭრილობა გაუხსენა და ცუდ ხასიათზე დააყენა, თუმცა ახლა დეპრესიისთვის არ სცხელოდა. არც სურდა, ერთხელ უკვე გადატანილი ტკივილი ხელახლა გაეახლებინა, წარსულს მაინც ვერ დაიბრუნებდა…
ივნისი იყო და მაგრად ცხელოდა. როგორც იქნა, მანქანიდან გადმოვიდა, ოფლიანი სახე ერთჯერადი ცხვირსახოცით შეიმშრალა და შენობაში შეაბიჯა.
აქ გრილოდა. კონდიციონერების ჩუმი გუგუნის ხმა ყველა კუთხეში ისმოდა. პოლიციის სამმართველოს უფროსის მოსაცდელში ხუჭუჭთმიანი გოგონა უზარმაზარ მაგიდას მისჯდომოდა და მონიტორის ეკრანს ჩასჩერებოდა. მის უკან პულტი მოჩანდა. ცოტა მოშორებით კი, სავარძელში, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი შეაამჩნია, რომელიც თვლემდა.
_ გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ მდივანს უჩვეულოდ წკრიალა ხმა ჰქონდა.
მისი ხმის გაგონებაზე მთვლემარე მამაკაცმა თვალები ჭყიტა და წამოიმართა.
_ მოგესალმებით, _ გაიღიმა იამ, _ ვაკოს ვეძებ, ბურდულს.
გამოღვიძებულმა პოლიციელმა ორგანოს მუშაკისთვის დამახასიათებელი ირონიით გაიღიმა და უეცრად საოცარი რამ თქვა:
_ ისევე, როგორც ჩვენი ქალაქის ქალთა უმრავლესობა.
_ კახა, ენა გააჩერე, თუ შეიძლება! _ უკმეხად გასძახა ხუჭუჭთმიანმა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს, _ გგონია, ვერ ვხვდები, რა ბოღმითაც სკდები?
_ რას როშავ, გოგო, თუ იცი! ვიხუმრე, დასაბოღმი რა მჭირს? _ აფეთქდა კახა.
_ რა და ის, რომ წლის საუკეთესო პოლიციელად ვაკო აღიარეს და არა შენ!
პოლიციელი ჭარხალივით წამოწითლდა.
_ შენ რაღაც ენა დაიგრძელე ბოლო დროს. მდივნის კვალობაზე ძალიან ლაქლაქა გახდი, _ ჩაიბურდღუნა მამაკაცმა და სიბრაზე რომ დაემალა, სავარძლიდან ადგა და დარბაზის სიღრმეში გაუჩინარდა.
ია მაგიდასთან იდგა და მოთმინებით იცდიდა, როდის დამთავრდებოდა მათი პაექრობა.
მდივანმა ახლა კი ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი.
_ რა საქმეზე ხართ, ჟურნალში როგორ ჩავწერო? _ ამჯერად საქმიანი ტონი დაიყენა.
ია წელში გაიმართა, მსუბუქად ამოიოხრა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:
_ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ.
_ ააა, თბილისიდან ხომ არ ჩამოხვედით? ბატონი ვაკო სულ თბილისელ მეგობრებს ახსენებს, როცა აქაა.
_ კი, თბილისიდან ჩამოვედი, _ იამ გადაწყვიტა, უცნობ ადამიანებთან ბევრი არ ელაპარაკა და გაეღიმა, ეს `ბატონი ვაკო~ განსაკუთრებულად მოხვდა ყურში.
_ ბატონი ვახტანგი, _ `გამოასწორა~ გოგონამ, _ ამწუთას ადგილზე არ არის, სპეცოპერაციაზეა გასული.
_ რამე სერიოზული მოხდა? _ შეშფოთდა ია.
_ ჰო, გამოიძახეს. სკოლის მოსწავლეებს უჩხუბიათ, ერთი მათგანი დაუჭრიათ და სხვები გაქცეულან. აი, მაგათ დასაპატიმრებლად გავიდნენ. სიგნალი შემოვიდა, სადაც იმალებიან.
_ ეგ კარგა ხანს ვერ მოვა, _ გაისმა კახას ხმა, რომელსაც ხელში მინერალური წყლის ცივი ბოთლი ეჭირა ხელში. მწვანე ბოთლი გარედან წყლის წვეთებით დაწინწკლულიყო. სწორედ ამით მიხვდა ია, რომ წყალი ცივი იქნებოდა. ამის თქმა და პოლიციელმა ბოთლი მოიყუდა. იამ პირი ზიზღით იბრუნა, უზრდელ მამაკაცებს ვერ იტანდა. არადა, თვითონაც როგორ სწყუროდა.
_ ვეცდები, დავურეკო, იქნებ მიპასუხოს, _ თქვა გოგონამ და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
სანამ მდივანი რეკავდა, იამ მიმოიხედა და იქვე, კედელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. მოულოდნელად დარბაზში დინამიკიდან ვაკოს ხმა გაისმა.
_ რა იყო, კირა, რატომ მირეკავ, რამე მოხდა?
_ ბატონო ვახტანგ, აქ ერთი ქალბატონია მოსული, თქვენი ნაცნობი და გკითხულობთ.
_ ვინ არის, რა ჰქვია?
_ ია, _ უკარნახა იამ.
_ ია…
_ ლაშხი, _ დააყოლა იამ და კირამაც მიკროფონში გაიმეორა:
_ ლაშხი.
დინამიკი ცოტა ხნით დადუმდა, მერე კი კვლავ ვაკოს ხმა გაისმა:
_ ათ წუთში მანდ ვიქნები, დამელოდოს!
ია რატომღაც, აღელდა, ფეხებში სისუსტე იგრძნო. კიდევ კარგი, რომ იჯდა, თორემ ალბათ მუხლები მოეკვეთებოდა. არიქა, არავინ შემამჩნიოს ნერვიულობაო და ფეხები, როგორც შეეძლო, ერთმანეთს მიატყუპა.
თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვაკო არ ენახა. ბოლოს ისინი ვაკოს დისშვილის ნათლობაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ნეტავ რას იფიქრებს, ასე გაუფრთხილებლად რომ დავადექი თავზე?
ვაკო მისი ქმრის, ვილის საუკეთესო მეგობარი იყო. ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ძმაკაცობდნენ. იაც ბავშვობიდან იცნობდა ვაკოს, ისინი ხომ ერთ უბანში დაიზარდნენ, მაგრამ ია მისი დანახვისას ყოველთვის იბნეოდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა. ია და ვაკოს და, მანო, კლინიკაში ერთად მუშაობდნენ. ია ექიმი იყო, მანო _ საოპერაციოს მედდა. აპრილში მანომ თავისი პატარა გოგონა მონათლა. ვაკოც, რა თქმა უნდა, ჩამოვიდა ნათლობაზე. მერე სუფრიდან რომ წამოიშალნენ, იამ ყური მოჰკრა, ძმა დას რომ ეუბნებოდა, მოწამეთაში საოცარი ღამეები იცისო. აი, მაშინ იყო, რომ გაიფიქრა იამაც, ნეტავ იცოდნენ ამათ, როგორ მინდა მოწამეთას ნახვაო. საღამოს კი თავისი სურვილი მანოს გაანდო. იმანაც არ დააყოვნა და შესთავაზა:
_ არ გინდა, ქუთაისში ჩახვიდე? თუ გადაწყვეტ, კარგი იქნება. მასთან დარჩი, ხომ იცი, სახლი აქვს, თან მარტო ცხოვრობს.
_ მაგრამ ვაკო ხომ წყალტუბოში ცხოვრობს და არა ქუთაისში?
_ მერე რა? იქიდან იქამდე ორი ნაბიჯია. სიამოვნებით გიმასპინძლებს და შენს ოცნებასაც ფრთებს შეასხამს. ქუთაისიდან სულ რაღაც ექვს კილომეტრშია მოწამეთას მონასტერი.
_ შენ ნამყოფი ხარ?
_ მე არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? _ და როცა იას ყოყმანი შეატყო, ღიმილით შეეკითხა, _ რა იყო, ვაკოსი ხომ არ გერიდება?
იამ უცნაურად გაიქნია თავი. მანომ კი არც აცია, არც აცხელა და ვაკოს გასძახა, იას მოწამეთას ნახვა უნდა და შენ რას იტყვიო.
ვაკო უნებლიეთ დაიბნა, მაგრამ სწრაფად აიყვანა თავი ხელში და რა პრობლემააო, თქვა. ჩამოდი ჩემთან და მაგ საქმეს უცებ მოგიგვარებო. ამ ლაპარაკში მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და იამ გაიფიქრა, რა კარგია, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობო. იმ დღეს ვაკოს გვერდით თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა. ასეთი შეგრძნება არ ჰქონია. უნდოდა, ვილისთან ერთად გატარებული წლები და მისგან მიყენებული გულისტკენა დაევიწყებინა. ამისთვის ვაკოსთან ქუთაისში ჩასვლა მისთვის მისწრება იქნებოდა, მაგრამ თუკი ვაკომ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის მიიპატიჟა? მერე რა? არც ეს იქნებოდა ტრაგედია _ ბოლოს და ბოლოს, სასტუმროში მოეწყობოდა და მას ხელს არ შეუშლიდა.
ის ათი წუთი ქალს მთელ საუკუნედ მოეჩვენა. როგორც იქნა, გარეთ მანქანის დამუხრუჭების ხმა გაისმა. იამ უზარმაზარი მინის მიღმა გაიხედა და პოლიციის საპატრულო მანქანა დაინახა.
ვაკომ კიბეზე სწრაფად ამოირბინა და მისაღებში შემოვიდა. პოლიციელის ფორმა ძალიან უხდებოდა.
_ ია, რა მაგარია, რომ ჩამოხვედი. არ გელოდი. ვერ დამირეკე? _ ქალს ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა.
მისი ხმის გაგონებაზე და მერე შეხებაზე იას გული აუძგერდა. ალბათ დაღლილობის ბრალიაო, თავი დაიმშვიდა, მაგრამ სახეზე მაინც წამოწითლდა.
_ იცი, ვაკო, ისე მოულოდნელად გადავწყვიტე წამოსვლა, რომ დარეკვა არც გამხსენებია. რაღაც მოხდაო, შენმა მდივანმა… თუ უდროო დროს ჩამოვედი, უკან გავბრუნდები, რა…
_ აბა, აბა, ახლა ეგეთი რამეები არ გამაგონო! რას ჰქვია, გაბრუნდები. ძლივს მეღირსა შენი ნახვა და ახლა მე შენ სადმე გაგიშვებ? თანაც, მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის პასუხს ვაგებ. მორჩა, დაივიწყე, არსადაც არ წახვალ. უბრალოდ, ცოტა მიკვირს, რომ…
_ ვიცი, ვიცი, რომ უნდა დამერეკა და წინასწარ გამეფრთხილებინე, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. თუმცა, დარეკვა ალბათ მანც ვერაფერს შეცვლიდა. ჩემ გამო სპეცოპერაციას ხომ არ გადადებდი? _ გაიხუმრა.
_ ეგეც მართალია. თანაც, სიურპრიზი მომიწყვე, უცებ გამომეცხადე. ისე, კარგია, რომ არ დამირეკე, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, დაფიქრდებოდი, ყოყმანს დაიწყებდი და შეიძლება გადაგეფიქრებინა კიდევაც. ასე არ არის? _ ჰკითხა და ქალს გამომცდელად შეხედა. მამაკაცს არც ამჯერად უღალატა ინტუიციამ.
_ ჰო, მაგაშიც მართალი ხარ, _ კვლავ გაწითლდა ია.
_ წამო, კაბინეტში გავიდეთ, _ ვაკომ წელზე ხელი მოავლო ქალს და კაბინეტისკენ გაუძღვა.
ოთახში შევიდნენ თუ არა, მამაკაცი მისკენ შებრუნდა, თვალებში ჩახედა და ხმადაბლა ჰკითხა:
_ დიდი ხნით ჩამოხვედი?
_ ჯერ არ ვიცი. შვებულება ავიღე, მაგრამ ნუ ნერვიულობ, აქ დიდხანს არ დავრჩები, მალე წავალ. უბრალოდ, თბილისში გაჩერება აღარ შემეძლო.
_ რაზე შემატყვე ნერვიულობა? სულაც არ ვნერვიულობ. რამდენ ხანსაც გაგიხარდება, იმდენ ხანს დარჩი. მარტო ჩამოხვედი?
_ კი, მარტო.
_ დაიღლებოდი საჭესთან…
_ მართალი გითხრა, დავიღალე, თანაც ძალიან. ზურგი მეტკინა. ისე, აქ როგორ ცხელა, არა? ნამდვილად არ ველოდი. თბილისში უფრო სიგრილეა.
_ უცებ ჩამოცხა ბოლო ორი დღეა. დღეს ხომ საერთოდ… სუნთქვაც კი ჭირს. თუ სინოპტიკოსებს რამე დაეჯერებათ, ათი დღე ასე გაგრძელდებაო.
_ ოცდამეერთე საუკუნეში ამინდის ბიურო ისე ვეღარ ტყუის, _ გაიცინა იამ, _ უნდა დავუჯეროთ. ზაფხული ძალიან მიყვარს, მაგრამ მთლად აუტანელი სიცხე ვერ არის კარგი საქმე, თუმცა, რას ვიზამ, ეს ყოფილა ჩემი ბედი.
_ ბატონო ვახტანგ, ამისთანა მშვენიერ მანდილოსანს რატომ არ გამაცნობ? _ კარი კახამ შემოაღო.
ვაკო ოდნავ დაიბნა, მერე კი ია კახას წარუდგინა.
_ ია ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლეა, ეს კი ჩემი თანამშრომელია, კახა.
მამაკაცმა ოფლიანი ხელი ჩამოართვა იას და თვალებში უტიფრად ჩააცქერდა. იას არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია, მაგრამ როცა კახამ მისი ხელი თავის ხელისგულში დააყოვნა, ცალი წარბი ორაზროვნად აზიდა და თავხედ პოლიციელს აგრძნობინა, ზედმეტები მოგდისო. იმანაც უცებ შეუშვა ხელი და კაბინეტიდან გაიძურწა.
_ ესე იგი, ვერ ვასწავლე ამ ხალხს, რომ კაბინეტში არ შემომივარდნენ! _ გაღიზიანდა ვაკო, _ იქნება და რას ვაკეთებ, ა? _ დოინჯი შემოიყარა და შუბლზე კოპები აისხა.
_ ესე იგი, ცუდად ასწავლი, _ გაიღიმა იამ, სკამი გამოსწია და დაჯდა.
ვაკომ მაცივარი გამოაღო, ფორთოხლის წვენი გამოიღო და მაღალ ჭიქებში ჩამოასხა. ერთი იას დაუდო წინ, მეორე კი მოიყუდა და ზედიზედ რამდენიმე ყლუპი ხარბად მოსვა.
_ უჰ, ძალიან კი დავიღალე დღეს, რთული საქმე გვქონდა.
_ აიყვანეთ?
_ დედა არ ვუტირეთ, რო? სად წავიდოდნენ. ორივე დავიჭირეთ, მაგრამ კარის შემტვრევა დაგვჭირდა.
_ უი, რას ამბობ. შეიარაღებულები იყვნენ?
_ არა, კაცო, ბაცანა ბავშვები არიან, მეცხრეკლასელები. ერთის მამა მალავდა ორივეს.
_ მამაც დაიჭირეთ?
_ ჰო, აბა?.. არ გესიამოვნა ცივი წვენი?
_ მესიამოვნა კი არა, სულზე მომისწარი, _ გაიცინა იამ და წვენი კიდევ მოსვა.
_ კირას რატომ შეეშალა ეგ, რატომ ყავა არ მოგიდუღა ან მინერალური წყალი არ შემოგთავაზა?
_ არ მითქვამს და იმიტომ. რას ერჩი, მშვენიერი გოგოა.
_ კი, კარგი გოგოა, არაფერს ვერჩი, მაგრამ სულ ვეუბნები, როცა ვინმე მელოდება, რამე შესთავაზე-მეთქი. ერთი წელია, მუშაობს და მაინც ვერ გაითავისა.
_ არა უშავს, შეეჩვევა.
_ წავიდეთ?
_ სად? _ იამ ჭიქა მაგიდაზე შემოდგა.
_ ჩემთან, სახლში, აბა, აქ ხომ არ დაგტოვებ? _ ვაკომ კვლავ დოინჯი შემოიყარა, _ მე წინ წავალ ჩემი მანქანით, შენ უკან მომყევი, კარგი?
იამ თავი დაუქნია, წამოდგა, ჭიქა კვლავ აიღო, დაცალა და მერე ფანჯრის რაფაზე შემოდგა.
კაბინეტიდან გამოვიდნენ. იამ შეამჩნია, როგორი ცნობისმოყვარე მზერით უყურებდნენ მას კახა და კირა და ორივეს გაუღიმა. მერე კი დაემშვიდობა ვაკოს თანამშრომლებს და შენობიდან გავიდა. ვაკოც უკან მიჰყვა.
ქუთაისიდან წყალტუბოს გზას დაადგნენ. ვაკო გონს ვერ მოდიოდა, თავი სიზმარში ეგონა. არ სჯეროდა, რომ ია მასთან სტუმრად ჩამოვიდა და ახლა თავისი მანქანით უკან მოჰყვებოდა. წარამარა სარკისკენ აპარებდა მზერას, რომ მისთვის შეეხედა.
ვაკომ ჯერ უნივერსტიტეტი დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტი, მერე კი პოლიციის აკადემია. ცოტა ხანს იმუშავა თბილისში, კარიერა გაიკეთა. ბოლოს თბილისის პოლიციის სამმართველოში კარგ ადგილს სთავაზობდნენ, მაგრამ იქ დარჩენა არ ისურვა, რადგან თავისი საუკეთესო მეგობრის ცოლის ხშირად ნახვას ვერ აიტანდა, მით უფრო, რომ ვილიც იმავე სამმართველოში მუშაობდა.
ია _ მისი ოცნების გოგონა. მერვე კლასში იყო ეს გოგონა, პირველად რომ დაინახა. მას მერე მოსვენება დაკარგა. იას მამა პროფესორი იყო, ბაბუა _ აკადემიკოსი. ვაკო კი უბრალო ოჯახში დაიბადა და კარგად ხედავდა, რომ მათ უზარმაზარი უფსკრული აშორებდათ ერთმანეთისგან. მათთან სულ სხვანაირი ხალხი იკრიბებოდა, გამოპრანჭულები, სხვანაირად მოსაუბრენი, განსხვავებული მანერებით. აბა, ვაკოს მშობლები მათთან რას მოვიდოდნენ!
ახლა კი ია აი, აქ არის, მასთან. არა, ამის დაჯერება არ შეეძლო. მაინც რა მოხდა, ასე გაუფრთხილებლად რატომ ჩამოვიდა?
ამ ფიქრებში იყო, წყალტუბოში რომ შევიდა, ცენტრი გაიარა და ერთ მყუდრო ქუჩაზე, სიმწვანეში ჩაფლულ ლამაზ სახლს მიადგა.
იამ გაოცებისგან თვალები ჭყიტა. მანოსგან იცოდა, რომ ვაკოს წყალტუბოში ვეებერთელა სახლი ჰქონდა, ორსართულიანი. ეს კი პატარა, კოხტა ბელეტაჟი იყო, რასაც არ მოელოდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>