სიმარტოვე აუტანელი ხდებოდა. თუ ასე გაგრძელდებოდა, ვეღარ გავუძლებდი და ყველაფერი დასრულდებოდა… მაგრამ როგორ დასრულდებოდა, ეგ არ ვიცოდი.
დამთრგუნველი ფიქრებისგან დათოს თბილმა ხმამ გამომაფხიზლა. ხელი მომკიდა და კვლავ საცეკვაოდ გამიყვანა.
- იმედი მაქვს, ირაკლი მაპატიებს, დროებით ცოლი რომ მოვტაცე, - გაიხუმრა მან, როცა მუსიკის რიტმს ავყევით.
მექანიკურად ვადგამდი ნაბიჯებს, სადღაც შორიდან ჩამესმოდა მისი ხმაც, იმდენად ვიყავი დაძაბული, მაგრამ ნაძალადევად მაინც გავუღიმე:
- რა თქმა უნდა, ის შენ გენდობა, - ვთქვი და გავიფიქრე, რომ ირაკლი ყველას ენდობოდა, ერთი ადამიანის გარდა - და ის ერთი ადამიანი მე ვიყავი.
საღამომ ისე ჩაიარა, მეტჯერ აღარ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ამასობაში ქეიფი დამთავრდა. სტუმრები თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ. დიდი ოთახი დაცარიელდა. არ მეძინებოდა, ამიტომ დროის გასაყვანად ბაღში ჩავედი. ზედმეტად ვიყავი აფორიაქებული. კაკლის ხის ქვეშ ჩამოვჯექი, თვალები მივლულე და მათრობელა ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
- დათოს ელოდები? - მოულოდნელმა შეკითხვამ დამაფრთხო. მივიხედე. როცა თვალები სიბნელეს შევაჩვიე, ირაკლი დავინახე.
- დათოს? დათოს რატომ უნდა ველოდებოდე?
- აქ ხომ მოწმეების გარეშე შეგიძლია მასთან ფლირტაობა.
სიბრაზისგან წამოვჭარხლდი, გაცეცხლებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე. ფლირტაობაო… როგორ გამიბედა? ნუთუ ეჭვიანობს? თუ ასეა, იქნებ გამერისკა?
შევეცადე, მშვიდად მეპასუხა:
- ასეც რომ იყოს, მერე შენ რა?
ერთხანს მიყურა, მერე მომიახლოვდა და კბილებში გამოსცრა:
- მერე ის, რომ შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ. ამ ერთხელ შეგახსენებ ამას და მეტჯერ აღარ, იცოდე!
შევკრთი. გული სიხარულით ამევსო. გამოდის, არ შევმცდარვარ. ეჭვიანობს, რა მაგარია! ის მე არასდროს დამთმობს, არავის მისცემს უფლებას, ჩემი თავი წაართვას. ესე იგი, ვუყვარვარ. ახლა სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტი არ უნდა მომივიდეს. თვითონ ალბათ ვერც მიხვდა, რაც წამოსცდა.
- ჯერ კიდევ მახსოვს, რომ შენი ცოლი ვარ, არ მჭირდება შეხსენება.
- ვითომ? - დაცინვით მკითხა, - იქნებ ფლირტაობა შენთვის ჩვეულებრივი გართობაა?
- ჩვენ არ გვიფლირტავია, მხოლოდ ვცეკვავდით, - უაზროდ ვიცავდი თავს მისი აბსურდული ბრალდებისგან.
მაღიზიანებდა მისი ამაზრზენი საქციელი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ეჭვიანობდა თუ არა, უსაფუძვლო დადანაშაულების უფლება მაინც არ ჰქონდა.
- გაფრთხილებ, ნიცა, არც იფიქრო ჩემი გასულელება! - სახელით მომმართა.
მისი სიტყვები მუქარას ჰგავდა, რამაც საბოლოოდ დამაკარგვინა წონასწორობა:
- როგორ არ გრცხვენია? დათო შენი ნათესავი გახდება დღე-დღეზე! ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო და მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელო. სხვა რამე მაინც მოიფიქრე ჩემი გულის მოსაკლავად. სასაცილოა! ძალიან კარგად იცი, როგორც მიყვარხარ.
- გიყვარვარ? ჰმ… შენ საკუთარ სიყვარულს ფარად იყენებ, ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. ორივემ კარგად ვიცით, რა ოსტატურად «აცეკვებ» სიტყვებს საწადელის მისაღწევად. შენს მოკლეფეხება ტყუილებს მოხერხებულობა აკლია, ისე…
- მე შენ არ მომიტყუებიხარ. არ არის სიცრუე ჩემი სიყვარული. ყველაფერი, რაც ჩავიდინე, შენდამი ჩემმა გრძნობამ ჩამადენინა, შენი დაკარგვის მეშინოდა.
- შეყვარებული ქალი შენსავით არასდროს მოიქცეოდა და არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, -მკვახედ მომიგო.
გამეცინა:
- ფეხებზე მკიდია, როგორ მოიქცევა სხვა შეყვარებული ქალი. სხვათა შორის, უარეს რამეზე წამსვლელი შეყვარებული ქალებიც მინახავს! - მივახალე და მივხვდი, რომ ჩემი სიტყვები მის გულამდე არ აღწევდა. მისთვის სულერთი ვიყავი.
თბილმა სიომ წამოუბერა და თმა შუბლზე ჩამოეშალა. უნებურად ავწიე ხელი, რომ მისთვის თმა გადამეწია, ლოყაზე შევეხე და ისე დავიმუხტე, რომ ხელი ამეწვა. მანაც ასწია ხელი თმის შესასწორებლად და სწორედ ამ დროს შეეხო ჩემი თითები მისას. თითქოს წამით ორივენი გავქვავდით. ჟრჟოლამ ამიტანა. ირაკლის ტუჩები მოეკუმა და დაჟინებით შემომცქეროდა. სუნთქვა გამიჩერდა. თვალებში ჩავხედე.
- რა უგულო ხარ, - სიოსავით გაიშრიალა ჩემმა ჩურჩულმა. ველოდებოდი, როდის მკრავდა ხელს და ერთიანად დამეჭიმა სხეული.
- ვახ, ამისი! - წამოიძახა მოულოდნელად და თვალებზე ხელი აიფარა. შემდეგ კვლავ ჩამოუშვა და თვალი თვალში გამიყარა.
ჩემი სიბრაზე სადღაც გაქრა. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა - დამეჯერებინა, რომ ვუყვარდი, დავრწმუნებულიყავი ამაში.
- იცი, როგორ მიყვარხარ? - ჩემს ბაგეებს უნელიეთ წამოსცდა ეს სიტყვები და იგი ჩემს ქმარს სიომ მიაწოდა, - უშენოდ ჩემს სიცოცხლეს აზრი არა აქვს. - გავბედე და ალერსით ავუჩეჩე თმა, მისკენ გავიწიე და ხელის მოხვევა დავუპირე.
- გადი! მომშორდი! - იყვირა და ისე მკრა ხელი, რომ წავბორძიკდი. კიდევ კარგი, დროზე დამიჭირა, თორემ მიწაზე მოვადენდი ზღართანს.
მის მკერდს მივეკარი აცახცახებული. ვიგრძენი, როგორ უცემდა გული, როგორ ძალუმად მიხუტებდა მკერდში. თავი ავწიე, შევხედე და სწორედ ის ამოვიკითხე მის მზერაში, რის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა.
- ნიცა…
ძლივს გაისმა ჩემი სახელი, მაგრამ სხეულის ყველა ნაკვთი ამოძრავდა, ვნებით გაივსო, თავბრუ დამესხა და მუხლები მომეკვეთა, რადგან ირაკლი დაიხარა და ჩემს ტუჩებს დააკვდა.
ბედნიერებისგან გონზე არ ვიყავი. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით ამ უკიდეგანო სამყაროში და ერთმანეთს სიამტკბილობის წამებს ვჩუქნიდით.
მოულოდნელად ისევ ხელი მკრა და მკერდიდან უხეშად მომიშორა. ისევ ზიზღით შემავლო თვალი, შემდეგ შებრუნდა, ხელები თავზე წაივლო და შეიგინა.
- მე შენ გიყვარვარ, - ნიშნის მოგებით ვუთხარი.
- სიყვარულს ამასთან საერთო არაფერი აქვს, - ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი, მე კი არა, თავის თავს უბრაზდებოდა სისუსტის გამოჩენისთვის. ბოღმა ახრჩობდა, რომ ემოციები ვერ მოთოკა და თავი გასცა.
- რაც გინდა, ის თქვი, მაგრამ მაინც გიყვარვარ, - ჯიუტად გავიმეორე.
- ჰო, ალბათ, - წამოსცდა ან, სულაც, შეგნებულად თქვა.
- მეც მიყვარხარ, გონის დაკარგვამდე მიყვარხარ, - ისევ გაბევრდა ჩემი იმედი.
ჩემმა ნათქვამმა ეფექტი ვერ მოახდინა. მან ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, მხრეში გასწორდა და მომიგო:
- და გგონია, რომ ამ მიზეზის გამო თავს ნაკლებად იგრძნობ ნაძირალად? - პირდაპირ თვალებში მესროლა ეს მწარე სიტყვები.
სისხლი საფეთქებს შხუილით მიაწყდა, ქმრის სიტყვებმა საბოლოოდ მომიკლა გული, გამანადგურა.
- აუტანელი ვინმე ხარ, საზიზღარი არსება! - მთელი ხმით ვიყვირე და ხელები მოვმუშტე, -როგორ მინდა, მძულდე და მძულხარ კიდევაც! - ამ სიტყვებით ზურგი შევაქციე.
არა, ხვალ დილითვე უნდა წავიდე აქედან. არაფრის დიდებით არ მივცემ ჩემი შეურაცხყოფის უფლებას. საკმარისია ჩემი აბუჩად აგდება! - თითქოს უროს მირტყამდნენ თავში, ისე მიფეთქავდა საფეთქლები. ბარბაცით წავედი სახლისკენ.
მას შეუძლია ტკივილი მომაყენოს, მე კი ჩემი სიყვარულის გამო მის წინაშე უსუსური ვარ. ნეტავ არ მიყვარდეს, ნეტავ მართლა გაქრეს ჩემი გულიდან და გონებიდან, ნეტავ ხვალ დილით გამეღვიძოს და გამეცინოს ამ ყველაფერზე მსუბუქად, უდარდელად…
თვალი რომ გავახილე, ოთახში მზის სხივები ატანდა. ლოგინში ავწრიალდი, მძიმედ ამოვიოხრე და ირგვლივ მიმოვიხედე. ჩემ გვერდით საწოლის მეორე ნახევარი ცარიელი დამხვდა.. ცარიელი კი არა, ხელუხლებელი, ჩემს მეუღლეს ღამე ჩემ გვერდით არ უძინია. ფიქრებმა წამიღო. გამახსენდა ღამის მოვლენები. არა, ფაქტია, რომ ვუყვარვარ, თუმცა გამწარებული ებრძვის ამ გრძნობას. ვიცი, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვი, ვნანობ კიდევაც, ასე რომ მოვიქეცი და დროზე არ ვაღიარე ჩემი სიცრუე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთი მაინც გვიყვარს? რა გავაკეთო, რომ გული მოვულბო?
საწოლზე წამოვჯექი. ცოტა ხანს დავრჩი ასე გარინდებული, შემდეგ ავდექი, შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე, თეთრი ჯინსი და ზღვისფერი მაისური ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
იქ სამარისებური სიჩუმე დამხვდა. ნუთუ ასე ადრეა? ნუთუ ჯერ არავინ ამდგარა ჩემ გარდა? გაოცებულმა მოვავლე მზერა იქაურობას. სიჩუმემ შემძრა. სამზარეულოსკენ გავემართე, რომ ყავა მომედუღებინა. ახლა რაღაც უნდა ამეხმაურებინა, თორემ ეს სიჩუმე ბოლოს მომიღებდა. ჩაიდანი გაზქურაზე იდგა. ხელი მივადე მის ვერცხლისფერ მუცელს. ცხელი იყო. იქვე, მაგიდაზე, ლამბაქზე დადებული ფინჯანიც შევნიშნე. ეტყობოდა, ვიღაცამ ადგომა დამასწრო და უკვე ისაუზმა კიდეც. უეცრად მზერა ვიგრძენი. გუმანით მივხვდი, ირაკლი იქნებოდა. მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სხეულის ასე ათრთოლება. მოვიხედე. გამოღებულ კართან დამდგარიყო და მომჩერებოდა.
- ჩაი დაგისხა თუ ყავა გირჩევნია? ჩაი ჯობია, ყავა გავნებს, - თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას და ჩემკენ დაიძრა.
გავშეშდი, კრინტი ვერ დავძარი. მომიახლოვდა და ხელი მომკიდა. საშინლად ავღელდი. ხელი გამოვტაცე, ჩაიდანი ავიღე გაზქურიდან და ფინჯანში წყლის ჩასხმა დავიწყე, მაგრამ ისე ვკანკალებდი, მდუღარე წყალი ძირს დამექცა.
- ფრთხილად, არ დაიწვა! - შესძახა შეშინებულმა.
თავბრუ დამესხა. მისი სიახლოვე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. ღმერთო, რა იქნება, ახლა ხელი მომხვიოს, ჩამიხუტოს და მომიალერსოს?
გარედან ნაბიჯების ხმა მოისმა. გიგა შემოვიდა სამზარეულოში.
ნიშნობის მერე ის და მისი მშობლები დარჩნენ, რადგან გოგიმ გაიგიჟა თავი, ერთი-ორი დღე არ გაგიშვებთო. დათო წავიდა მხოლოდ, სამსახურს ვერ გავაცდენ და ხვალ საღამოს შემოგიერთდებითო.
- მეც დამალევინეთ ჩაი, რა? პირი მიშრება, - ნახევრად სიძე მაგიდას მიუჯდა და რიგრიგობით შემოგვხედა ორივეს, - დილა მშვიდობისა, მეგობრებო! რა დაღლილი სახეები გაქვთ? თქვენც «პახმელია» გაწუხებთ ჩემსავით, თუ? ასე ადრე რამ აგაყენათ? -მრავალმნიშვნელოვნად დააყოლა.
გამეღიმა.
- ირაკლის რა მოგახსენო, მაგრამ მე მშვენივრად ვგრძნობ თავს, წვეთიც არ დამილევია.
ირაკლის ხმა არ ამოუღია. მაგიდასთან მიმაცილა, მერე ჩაიდანი მოიტანა და ჩაი ორივეს დაგვისხა.
- შენ არ გინდა? - ვკითხე.
- არა, მე უკვე დავლიე და ვისაუზმე კიდეც. - დახშული ხმით მომიგო, ტოსტერიდან პური გამოიღო და საპურეზე დაალაგა. მერე ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და სახე მზის სხივებს მიუშვირა.
- ძალიან გიხდება ორსულობა, ნიცა, მშვიდი და ბედნიერი სახე გაქვს, - ღიმილად დაიღვარა გიგა, - ხომ მართალი ვარ, ირა?
- რა? რა თქვი? - თავი მოაბრუნა ირაკლიმ.
- ვთქვი, ნიცას ორსულობა ძალიან მოუხდა-მეთქი.
- ჰო, ზედმეტად გალამაზდა, - არც ამჯერად დაიშურა სარკაზმი ჩემმა ქმარმა.
- შენს ირონიას საზღვარი არა აქვს, - თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე.
- ტყუილის თქმა ჩვევად არ გამიხდია, - მშვიდად მომიგო და კიდევ ერთხელ დამისერა გული.
გავფითრდი, წამოვხტი, გიგას ბოდიში მოვუხადე და სამზარეულოდან ტყვიასავით გავვარდი.
- რა გჭირთ, ხალხო? - დერეფანში ჯერ გიგას ხმა დამეწია, მერე ირაკლი, რომელმაც ხელი მტაცა მაჯაში და მომქაჩა:
- მოიცა! გაჩერდი, ნუ გარბიხარ. მაპატიე, ცუდის თქმა არ მინდოდა, ეს არ მქონია მხედველობაში.
ტკივილით სავსე მზერით შევხედე:
- რა ეს? - ხმა ამიკანკალდა, - რა ეს, რა! - ხმა ჩამეხლიჩა.
მან ამოიხვნეშა და ხელი შემიშვა:
- უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ სიმართლე ვთქვი, სხვა რამე არ მიგულისხმია. რა დაგემართა, ყველა სიტყვაზე უნდა გამომეკიდო? ბოდიში ხომ მოგიხადე?
- შენი ბოდიში შემამსუბუქებს, გგონია?
- არ მინდოდა შენი წყენინება, მეტი რა გავაკეთო? თუ არ გჯერა, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი. არც მე მჯერა შენი! - იმანაც იყვირა, ერთხანს შუბლშეკრულმა მიყურა, მერე გატრიალდა და წავიდა.
ტირილი არ მინდოდა, ამიტომ თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს, მაგრამ მაინც ვიკავებდი. ვცდილობდი, თვალი არ დამეხამხამებინა.
ეზოში გავედი. ცოტა გავისეირნე, რათა დავწყნარებულიყავი და როცა დავიღალე, ვერანდაზე ავედი. იქვე, რბილ სავარძელში ჩავეშვი და თვალები დავხუჭე.
თითქოს ჯადოსნური სუფრა გაიშალაო, უეცრად ჩემ წინ, მაგიდაზე, ხაჭაპურით სავსე თეფში და ფინჯანი ჩაი გაჩნდა.
ირაკლი…
- დაამთავრე საუზმე, - მიბრძანა და რეალობაში დამაბრუნა.
- არ მინდა, - მკვახედ მივუგე.
ბრაზი დაეტყო ნაკვთებზე, ყბები მოკუმა.
- ჭამე! შენ არ გინდა, ბავშვს უნდა, ნერვებს ნუ მიშლი.
ის მართალი იყო და მე ეს ვიცოდი. უგულოდ ავიღე ერთი ნაჭერი ხაჭაპური და მოვკბიჩე.
ირაკლი ზურგით მოაჯირს მიეყრდნო და თვალი თვალში გამიყარა.
- რატომ არის სახლში ასეთი სიჩუმე? სად არიან დანარჩენები? - შევეკითხე.
- სათბურის დასათვალიერებლად წაიყვანეს ჩემებმა სტუმრები. მალე დაბრუნებიან ალბათ…. ეგრე ძალით ნუ ილუკმები. შენი უჭმელობა და ავად გახდომა არ შეიძლება, - დამმოძღვრა.
- კარგი, ექიმო, დაგიჯერებთ, - გახუმრება ვცადე.
- ნუ ხუმრობ, მართალს გეუბნები!
წამით გამიელვა, რომ აღარაფერში აღარ მენდობოდა.
- ნუ ღელავ, ბავშვს არაფერს ვავნებ, ეს, პირველ რიგში, ჩემი შვილია, - ცივად, მაგრამ ნიშნის მოგებით მივუგე.
გაოცებით შემომხედა:
- მაგით რისი თქმა გინდა?
- კარგად იცი, რისიც. მართალია, აღარ მენდობი, მაგრამ ბავშვს არაფერი დაემართება. მე დედა ვარ მისი და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ეს ერთგვარი გაფრთხილებაც იყო, ორაზროვნად ნათქვამი - თუ წესიერად არ მოიქცევი, შემიძლია ბავშვი გავაქრო-მეთქი, ვიგულისხმე.
ბრაზიანი ნაპერწკლებით აენთო თვალები, პირი მოკუმა და თავი გააქნია. მივხვდი, თავის შეკავებას ცდილობდა.
- იცოდე, რამე ისე რომ ვერ იყოს, ცხოვრებაში ვერასდროს ეღირსები დედობას, ჯოჯოხეთს მოგანატრებ, გპირდები! - ძალიან მშვიდად მითხრა და კიბეზე ჩაირბინა.
ლუკმა კინაღამ ყელში გამეჩხირა. ხაჭაპური თეფშზე დავდე და უხმოდ ავტირდი…
ცოტა ხნის შემდეგ ხმაური მომესმა. ირაკლი და გიგა ეზოდან გადიოდნენ. არ ვიცოდი, სად მიდიოდნენ, არც დამიბარეს. ამაზე უარესად დამწყდა გული. არაფრად მაგდებდა, სულ არაფრად, თითქოს სახლის მოდარაჯე ძაღლი ვყოფილიყავი. დავრჩი მარტო. ჯერ წამოვწექი, მერე ბაღში ჩავედი, გავისეირნე, მერე ჰამაკში ჩავწექი, სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და ნელ-ნელა გული დავიწყნარე.
ცოტა ხანში ყველანი დაბრუნდნენ და სადილის თადარიგი დაიჭირეს.
მოსაღამოვდა. საძინებელში ვიყავი, ფანჯარასთან ვიდექი და ნაღვლიანად გავყურებდი ცას. მთელი დღე გავურბოდი ყველას, ვცდილობდი, თვალებში არ შევჩხეროდი ვინმეს, განსაკუთრებით, დედამთილ-მამამთილს, რათა არ ეკითხათ, მოწყენილი რატომ ხარო. თამუნას ჩემთვის არ ეცალა, გიგათი იყო გართული.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ირაკლი შემოვიდა. ჩემ დანახვაზე შეკრთასავით.
- მეგონა, გეძინა, - დაძაბული ხმით თქვა და საწოლზე ჩამოჯდა.
გამიკვირდა, საძინებელში რომ შემოვიდა. ნუთუ აქ აპირებს დარჩენას? გული ამიჩქროლდა.
- იმედი გქონდა, რომ მეძინა? - გავეპაექრე.
- რატომ არ წევხარ? - ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
- ვერ ვიძინებ. აღარ მომწონს მარტოს ძილი, - გულღიად ვუპასუხე და მივხვდი, რომ მიზანში მოვარტყი.
- რატომ იქცევი ასე, ნიცა? - ხმას აუმაღლა, - მოგწონს, როცა გირტყამენ და გტკენენ?
- ამაზე მეტი ტკივილი ვერც წარმომიდგენია. ის მკლავს, რომ ჩემკენ არ იხედები, - არ დავმალე.
მოიღუშა.
- ჩემგან რას ითხოვ?
- შერიგებას, სიყვარულს…
- შენ რა, სულ დაკარგე სიამაყე?
- რა თავში ვიხლი სიამაყეს? რაში გამომადგება? გამათბობს თუ მომეფერება?
- მე არ შემიძლია შენი სიყვარულის გაზიარება, კარგად იცი.
- არ შეგიძლია თუ არ გინდა?
- გეყოს ახლა! - შეფარული მუქარით გამაფრთხილა.
- არა, არ ვაპირებ დანებებას!
- სულელი ყოფილხარ.
- შეიძლება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შენც გინდა ჩემთან.
ჩემმა სიტყვებმა გულიანად გააცინა.
- მერედა, რატომ გიკვირს? მე ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ და რაღაცები მინდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ ჩვენ კარგი სექსი გვქონდა!
- მხოლოდ სექსი? ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ სექსი იყო და არა სიყვარული?
- სიყვარული სხვადასხვაგვარია.
მივაჩერდი. ორი მეტოქე ერთმანეთს შევებრძოლეთ.
- უკან დახევა არ შეგიძლია, არა? ეს რაღაც სიგიჟეა, - ვთქვი და ამოვიოხრე.
- შენი საქციელის დავიწყება არ გამომდის და არც არასდროს გამომივა, ამას ვერ გაპატიებ. -მოკლედ მომიჭრა.
- თუკი არ მაპატიებ, სანამდე მივალთ? რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე?
- სანამ არ დავრწმუნდები…
- რაში უნდა დარწმუნდე? მითხარი, რა ვქნა და გავაკეთებ. გინდა, ბიბლიაზე დავიფიცო? გინდა, ტელევიზორში გამოვაცხადებ საქვეყნოდ, რომ მიყვარხარ! ნუთუ არ გესმის, რომ შენი გულისთვის ყველაფერზე თანახმა ვარ?
ერთხანს მიყურა, მერე წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე ოდნავ შემეხო:
- მე… მე არაფერი მინდა… - ამ სიტყვებით თვალები დახუჭა და გაირინდა.
მისი სუნთქვა სახეში მცემდა. ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ. ვიფიქრე, ჩავეხუტები-მეთქი, მაგრამ სწორედ ამ დროს მკრა ხელი და უკან დაიხია.
- შენ რა, ფარ-ხმალს არასდროს ყრი? - გამომწვევი გაუხდა მზერა.
- შენზე უარს ვერ ვიტყვი, ირაკლი, ჯობია, მომკლა და დაამთავრო ყველაფერი!
- არაფერი გამოგივა, ნიცა, ამაოა შენი ყველა მცდელობა! ლამაზი სხეულით ვერ დამაბამ, არ მოქმედებს ეგ ტრიუკი ჩემზე!
გავწითლდი. მან ზუსტად გამოიცნო, რისი იმედიც მქონდა…
დავიბენი… დავაპირე, თავი მემართლებინა, მაგრამ სიტყვები ვეღარ ვიპოვე და ავლუღლუღდი:
- მე… მე… სულაც არ… - მაგრამ ირაკლის ცივმა მზერამ ადგილზე გამაქვავა.
- ვითომ?
ხმას არ ვიღებდი. ის მიმიხვდა. ჩემი სხეული ჩემი ერთადერთი იარაღი იყო მის დასაბრუნებლად.
- იმაზე ბრაზობ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი? - კვლავ მოვუსინჯე ნიადაგი.
მან თავი გადააქნია და მშვიდად მომიგო:
- არა. მეც ასე მოვიქცეოდი.
თვალები ცრემლით ამევსო.
- შერიგების იმედი არ უნდა მქონდეს? - თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ქმარს სამუდამოდ ვკარგავდი.
- ნუ განიცდი ასე, რას იზამ, უკან ყველაფერს ვერ დავაბრუნებთ. ხანდახან სამუდამოდ ვკარგავთ რაღაცას ან ვიღაცას.
- თუ მოინდომებ, შენ შეგიძლია უბედნიერეს ქალად მაქციო, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით იამაყო. - ცრემლები ღვარად წამომივიდა.
- შენ, მგონი, მთლად გასულელდი. ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენთან ურთიერთობა აღარ მინდა? ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან - ბავშვი - და სხვა არაფერი. ტყუილად ტირი, შენი ცრემლებით ვერაფერს მიაღწევ.
- მაგრამ მე ხომ მიყვარხარ!
- კარგი რა, აღარ გვინდა ეს თამაში, უკვე ყელამდე ვარ შენი არტისტობით. შენ რა იცი, რა არის სიყვარული… უკვე გვიანია, ძილის დრო მოვიდა, წადი, დაწექი! - მითხრა და უკანმოუხედავად გავიდა საძინებლიდან.
დიდხანს გავცქეროდი დაკეტილ კარს. რატომ ვწელავ დროს? მე ხომ ყველაფერი დავკარგე. მას არასდროს მოუბრუნდება ჩემკენ გული, არასდროს მაპატიებს ამ შეცდომას… ისე ამოვიოხრე, გულიც თან ამოვაყოლე, ცრემლები შევიმშრალე და გულგანგმირულმა ლოგინს მივაშურე…
ვუყურებდი, როგორ გულიანად იცინოდა ირაკლი გიგას მონაყოლზე. გულზე ლოდივით მაწვა სიმძიმე. მთელი ღამე არ მიძინია, ის კი მშვენიერ ხასიათზე იყო და ხაკისფერ პერანგში მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
ყურადღება ნიჟარაში ჩაყრილ ჭუჭყიან ჭურჭელზე გადავიტანე. გადავწყვიტე, დამერეცხა, რადგან ჩემი დედამთილი ახლომახლო არ ჩანდა. სახელოები ავიკაპიწე და წყალი მოვუშვი. სწორედ ამ დროს თამუნა გაჩნდა ჩემ გვერდით.
- არ გინდა, რამე მითხრა? - მკითხა, როცა გარეცხილი თეფში გამომართვა და გამშრალებას შეუდგა.
მზერა ავარიდე და სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, ჩავახველე.
- რა უნდა გითხრა? - თავი მოვიკატუნე.
თამუნა ხელზე რბილად შემეხო.
- ვგრძნობ, რომ შენსა და ირაკლის შორის რაღაც ხდება და ეს რაღაც სულაც არ არის კარგი.
სახეზე შეშფოთება გამომეხატა, რაც არ გამოჰპარვია ჩემს მულს, ამიტომ დამშვიდება დამიწყო:
- არა, მე არაფერი ვიცი, უბრალოდ, შეყვარებული ქალის ინტუიცია მკარნახობს, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის. გატყობ, რომ ეს ორი დღე ძალიან ნაღვლიანი ხარ, უბედური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ, ამიტომ მინდა რაიმეთი დაგეხმარო. მითხარი, რა მოხდა, გამენდე, გულზე მოგეშვება.
ხმას არ ვიღებდი და ნიჟარაში ვიყურებოდი, თან გამალებით ვრეცხავდი თეფშებს. უეცრად ხმაური შემომესმა, თავი ავწიე და გავიხედე - გაღებულ ფანჯარაში თვალი მოვკარი ირაკლის, რომელიც გიგას ფეხბურთს ეთამაშებოდა. მათი სიცილის ხმა ეზოს ავსებდა.
- მადლობა, თამო, მაგრამ ვერაფრით დამეხმარები.
- დარწმუნებული ხარ?
- როგორც არასდროს, - ცალყბად გავუღიმე, - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი დალაგდება ალბათ. ოღონდ გთხოვ, ამაზე სხვებთან არაფერი წამოგცდეს, კარგი?
- ნუ ღელავ, სამარე ვარ. თუ რამეა, მე აქ ვარ, შეძლებისდაგვარად გვერდში დაგიდგები, -შემპირდა მული.
- გმადლობ. ახლა ვერა, მაგრამ მოგვიანებით გეტყვი, რაც ხდება, იქნებ შენ მაინც მირჩიო რამე, - ხმა ამიკანკალდა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. თამუნამ ჭურჭლის გამშრალებას თავი მიანება, ახლავე დავბრუნდებიო, მითხრა, ტილო მხარზე გადაიგდო და ტელეფონისკენ გაეშურა. ყურმილი აიღო, უპასუხა და მერე ირაკლის გასძახა ფანჯარაში:
- ირაკლი, დათა გეძახის!
დათა მათი მეგობარი იყო და მეზობლად ცხოვრობდა. რატომღაც, ნიშნობაზე არ შემიმჩნევია არც ის და არც მისი ოჯახის წევრები, რაც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ახლაღა გავაცნობიერე ეს.