ირაკლი გაოფლილი შემოვიდა, ყურმილს დასწვდა, მეზობელს დაელაპარაკა და ორიოდე წამის შემდეგ სახე მოეღუშა. როცა საუბარი დაამთავრა, თამუნას და იმწუთას შემოსულ გიგას მიუბრუნდა:
- დათას შაბათ-კვირას ნათესავები ჩამოუვიდნენ სტუმრად უკრაინიდან და მათი ექვსი წლის ბიჭი დაიკარგა თურმე. ეზოში თამაშობდა და უცებ გაქრაო. დახმარება მთხოვა, უნდა გავიდე.
- მეც გამოგყვები, - წამოიძახა გიგამ.
- მეც მოვდივარ! - თამუნამ ჩაის ტილო იქვე მიაგდო, წინსაფარი მოიხსნა და გაემზადა - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო მალე ვიპოვით დაკარგულსო.
- მეც თამუნასთან ერთად წამოვალ, - გამოვაცხადე მტკიცე ხმით.
ირაკლიმ თავი გადააქნია.
- არა, შენ აქ დარჩი. - ცივად მომახალა.
ვერაფრით მივეჩვიე მის ცივ ტონს, ამიტომ თავადაც ცივად ვუპასუხე:
- მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო! მინდა წამოსვლა და წამოვალ კიდევაც!
როგორ წამოჭარხლდა სახეზე, ძარღვები დაებერა ყელთან. ასე იცოდა, როცა ბრაზდებოდა.
- შენ გგონია, გასართობად მივდივართ? ბავშვი უნდა მოვძებნოთ. იქ შენი მოვლის თავი არავის ექნება. დარჩი, რომ გეუბნებიან!
ჩემდა უნებურად ავუწიე ხმას:
- მე ორსული ვარ და არა დამბლადაცემული! თქვენი დახმარება არ მჭირდება და არც ხელს შევუშლი არავის!
- გეყოფა! - იფეთქა ჩემმა ქმარმა, - არ ვაპირებ შენთან კამათს! გითხარი, დარჩები-მეთქი და მორჩა! - მოკლედ მოჭრა და გაცეცხლებულმა ტუჩები მოკუმა, რომ ზედმეტი არ წამოსცდენოდა.
შეურაცხყოფისგან კრიჭა შემეკრა. ასე, ხომ? გამოდის, ზედმეტი ტვირთი ვარ? არასოდეს! ამის ფუფუნებას არავის მივცემ. არ სიამოვნებს ჩემ გვერდით ყოფნა? კარგად ბრძანდებოდეს!
თვალცრემლიანი ჩემს ოთახში ავედი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გადამეხადა ირაკლისთვის სამაგიერო. გადავწყვიტე, მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ფეხსაცმელი გამოვიცვალე, ბოტასი და ჯინსი ჩავიცვი და დაველოდე, როდის წავიდოდნენ, რომ მერე მეც უკან მივყოლოდი.
მართლაც ასე მოვიქეცი და მალევე დავეწიე მიმავალთ.
როცა ირაკლიმ შემამჩნია, უკვე გვიან იყო. სახლიდან კარგა მოშორებით ვიმყოფებოდით. სიბრაზისგან სახე აეწვა და უხეშად მომმართა:
- საინტერესოა, ამჯერად რა ფოკუსი გაქვს ჩაფიქრებული. რატომ წამოხვედი? შენ მოგხედო თუ იმ ხალხს დავეხმარო ბიჭის მოძებნაში?
- არ მჭირდება შენი მოხედვა, დავრდომილი არ ვარ. მინდა და მოვდივარ!
- კარგი, ირაკლი, რა მოგივიდა? - გაუნაწყენდა ძმას თამუნა, - წამოვიდეს, ვის შეუშლის ხელს? ნუ იცი ხოლმე უაზრო გამოსვლები!
ირაკლიმ თავი ჩაღუნა, შემდეგ ამოიხვნეშა, ყველას თვალი მოგვავლო და დამშვიდებულმა თქვა:
- კარგი, დამანებეთ თავი, მაინც თქვენი გაიტანეთ. მაშინ თქვენ ეკლესიისკენ წადით, მე და ნიცა კი აქეთ დავადგებით გზას, გორებისკენ. თუ სადმე გადააწყდებით ბავშვს, დაგვირეკეთ. - როგორც იქნა, დაყარა ფარ-ხმალი ჩემმა ქმარმა.
გორაკისკენ ამავალ ბილიკს დავადექით. მშვენიერი დარი იდგა, ქროდა საამო სიო და მინდვრის ყვავილების სურნელი მოჰქონდა.
- ძალიან ჭკვიანურად მოიქეცი, არა, შენი რომ გაიტანე? - უკმაყოფილოდ მკითხა.
- არა. უბრალოდ, დახმარება მინდოდა. არ მესმის, რატომ არ გინდოდა ჩემი წამოსვლა.
- არ გესმის, არა?
- ჰო, არ მესმის. ჩემდამი შენი ზიზღი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რამეები ამიკრძალო. ამის უფლება არ გაქვს.
ირაკლი წამიერად შეცბა, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელში და აუღელვებლად მომიგო:
- ზიზღი რა შუაშია, მე სხვა მიზეზის გამო მინდოდა შინ დარჩენილიყავი.
- იქნებ მეც ამიხსნა, რა იყო ამისთანა მიზეზი?
- აგიხსნი, რა პრობლემაა. შენ დილაობით თავს სუსტად გრძნობ, გულისრევები გაწუხებს, ცუდად გძინავს. არ მინდა გადაიღალო. შენი დატვირთვა არ შეიძლება, თავს უნდა მოუფრთხილდე.
- კარგი, რახან ასე ზრუნავ ჩემზე, დავბრუნდები, - ირონიულად მივუგე.
- ახლა უკვე გვიანაა, შორს ვართ სახლიდან. აზრი არა აქვს დაბრუნებას. მერე იმაზე უნდა ვინერვიულო, სახლამდე უვნებლად მიხვალ თუ არა.
- მართლა? იმაზე რატომ არ ინერვიულე, თბილისიდან მარტო რომ გამომიშვი? -გავწიწმატდი.
- მერე რა? ფეხით ხომ არ მოდიოდი, მანქანით იყავი, - აიჩეჩა მხრები.
- მანქანით, ჰმ, - გამოვაჯავრე, - მანქანით უფრო საშიში არ არის ორსული ქალი მარტო ამხელა გზაზე? ფეხით სიარული უფრო სასარგებლოა, რომ იცოდე, ვიდრე…
- გეყოფა, მაღიზიანებს შენი დემაგოგია! - უხეშად გამაწყვეტინა, ნაბიჯს აუჩქარა და გამისწრო.
სიტუაციის განმუხტვა ვცადე.
- არ მგონია, ბავშვი ასე შორს წამოსულიყო, - ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
- დაიღალე? - ირაკლი შედგა და დამელოდა, სანამ გავუსწორდებოდი.
- არც ისე.
- მაშინ ნაკლები ილაპარაკე და ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავ.
ამ საუბარში ვიყავით, რომ ირაკლის მობილურზე დაურეკეს. გიგა იყო. ირაკლი თან ელაპარაკებოდა სიძეს, თან მარცხენა ხელს იქნევდა, ბოლოს გაიღიმა და ტელეფონი გათიშა.
- უპოვიათ. თამაშით დაღლილა და ეკლესიის წინ, პარკში, ხის ქვეშ ჩასძინებია. იცი რა, მიდი, ჩამოჯექი, ცოტა დავისვენოთ და გავბრუნდეთ, რაღაც უნდა გიჩვენო.
- რა?
- ნახავ, წინასწარ არ გეტყვი.
- ეგ ნამიანი ცისარტყელას მორიგი ვარიანტია? - გამეღიმა.
- არა. - თავი გადააქნია და სახეზე რაღაც საიდუმლო აღებეჭდა.
ათი წუთის შემდეგ უკან დავბრუნდით და გზაზე რომ გავედით, ირაკლიმ მარჯვნივ, ძლივს შესამჩნევ ბილიკზე გადაუხვია. ცოტა ხანში მზიან მდელოზე გავედით. იქვე ჩაღრმავებული ხევივით გამოჩნდა. ქვები კიბესავით იყო ჩალაგებული. ფრთხილად ჩავუყევი ქვემოთ, ირაკლის გამოწვდილ ხელს დაყრდნობილი. ძალიან ახლოს წყლის ხმაური მომესმა. წამიც და, პატარა ნაკადული დავინახე, ჩანჩქერივით რომ გადმოდიოდა ქვებზე და მერე ერთ მრგვალ წრედ იკვრებოდა. ნამდვილი ლაგუნა იყო, ცისფერი ლაგუნა. რობინზონ კრუზოს ხელნაკეთი ჩალის ქოხი აკლდა აქაურობას სრულყოფილი სიამოვნების მისაღებად. სუნთქვა შემეკრა, ისეთი ლამაზი იყო, უდაბნოს ოაზისს ჰგავდა იქაურობა. ცისარტყელაღა აკლდა სრულ ჰარმონიას, ნამიანი ცისარტყელა.
- ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.
გული მომეწურა. მივხვდი, რომ ეს ადგილიც ძვირფასი იყო მისთვის, ალბათ ბავშვობას თუ აგონებდა და გული იმედით ამევსო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის სულერთი არ ვარ? უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მის საყვარელ ადგილას მომიყვანა. მგონი, კარგის ნიშანია!
სითბოთი სავსე მზერით ავხედე.
- მადლობა, რომ ასეთი ზღაპრული ადგილი მაჩვენე.
- არ ღირს მადლობად. - ყრუდ მიპასუხა და, როგორც იქნა, თვალებში შემომხედა.
მზერა ვერ გავუსწორე. ამის გაძლება ორივესთვის რთული აღმოჩნდა და ერთდროულად შევბრუნდით სხვადასხვა მხარეს. შორიდან რომ შეეხედა ვინმეს ჩვენთვის, გაეცინებოდა, პატარა ბავშვებივით გაბუტულებს ვგავდით.
არადა, როგორ ვოცნებობდი, რომ ახლოს მოსულიყო ჩემთან, მკლავები მოეხვია და გულში ჩავეკარი. როგორ მინდოდა, ამ ბოლო დღეების კოშმარი დასრულებულიყო. სისუსტე მომეძალა და ბალახზე ჩავიმუხლე. ირაკლი კი ხეს მიეყრდნო და ნაკადულის ხმაურით ტკბებოდა.
ფიქრებმა გამიტაცა. მოულოდნელად მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თითქოს მხრები ამეწვა.
- დროა, წავიდეთ, ადე! - მითხრა, მომიახლოვდა, ფრთხილად წამომაყენა და… ამ დროს რაღაც მოხდა. ორივენი გავშეშდით, გავიტრუნეთ, განძრევის გვეშინოდა. ეს იყო უხმო ძახილი, უჩინარი მიზიდულობა ორი სხეულის, ერთმანეთი რომ მონატრებიათ… თუმცა ფარულ ვნებათა ჩუმი ჭიდილი აქვე დამთავრდა. მივხვდი, ამ სიტუაციას გაგრძელება არ ეწერა, ამიტომ დავიძარი და ქვის კიბეს ნელა ავუყევი. უეცრად ვიგრძენი, რომ ირაკლი წამომეწია. თავი მოვაბრუნე სწორედ იმ დროს, როცა იდაყვში ხელი ჩამჭიდა, თავისკენ შემომაბრუნა, მკერდზე მაგრად მიმიკრა და ისე მომიჭირა მკლავები, რომ ლამის ძვლები დამამტვრია.
მესმოდა მისი გულისცემა, მისი სხეულის სურნელით ვიბანგებოდი და მისი ხელების შეხება მდაგავდა. ვიცოდი, რომ უნდა მოვშორებოდი, გავქცეულიყავი, მისგან შორს დამეჭირა თავი, მაგრამ თითქოს მუხლები მომწყვეტოდა…
ახლა რომ მაკოცოს, მოვკვდები-მეთქი, გავიფიქრე…
არ მოვკვდი!.. პირიქით, სიხარულმა ამიტაცა, გული საგულეში ვეღარ დაეტია და სადღაც, ცაში აიჭრა მგონი. მივხვდი, რომ ვნებამ ისე დარია ხელი, თავის მოთოკვა ვეღარ შეძლო. თვალები მივლულე და მივენდე მის მკლავებს. მკოცნიდა… ნაზად, ნელა, თითქოს დროს წელავდა, თითქოს ჩემი ტუჩების გემოს სინჯავდა, როგორც სომელიე აგემოვნებს სადეგუსტაციოდ ღვინოს. ამ დროს… ამ დროს არ ვიცი, კიდევ რა ჯადოქრობა მოხდა, უცებ ფრთხილად მომიცილა მკერდიდან, სიყვარულით სავსე მზერა მომაპყრო, ერთხანს დაჟინებით მიყურა და ბოლოს ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა:
- რომ იცოდე, როგორ მომენატრე, ნიცა… არც კი იცი, როგორ მინდიხარ…
ამ სიტყვების მოსმენა და… გასაფრენად მზად ვიყავი. როგორც იქნა, ასრულდა ჩემი ოცნება! როგორც იქნა, გაიაზრა, რომ ჩვენი დაშორება უდიდესი ცოდვა იქნება, რომ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ეს სიყვარული არასდროს დამთავრდება.
უსურვაზივით შემოვაჭდე მკლავები კისერზე, ლამის ჩავუძვერი ყელში და ხანგრძლივად, ხმამაღალი შესუნთქვით შევისრუტე მისი სხეულის სურნელი…
სწორედ ამ დროს თითქოს რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს მხრებში. მექანიკურად უკან გადავვარდი და მიწაზე დავეცი. გაოცებულმა ავხედე თავზე წამომდგარს. ირაკლის მზერა გაყინვოდა. ნუთუ დამარტყა? ვეღარ გავიაზრე, რა მოხდა.
- მაპატიე, ასე უხეშად არ მინდოდა. - მობოდიშება დამიწყო, - მეგონა, ოდნავ გკარი ხელი. რამე ხომ არ იტკინე? - მან ჩემ გვერდით ჩაიმუხლა და ზურგზე ხელი სათუთად მომისვა.
- არ გაბედო, გადი აქედან! - ვიყვირე.
- კარგი, რა მოგივიდა… ვერ მოვზომე უბრალოდ. არ მინდოდა ასე…
- ვეღარ ვიტან შენ შეხებას! ნაძირალა ხარ და მეტი არაფერი! - შევუღრინე გამწარებულმა და ძლივძლივობით წამოვდექი, მის დაუხმარებლად.
სახე გაუქვავდა, თვალებში თითქოს ყინულის ნატეხები ჩაუსხდა.
- შენ რა, გაგიჟდი? - აქეთ მომდო შარი.
უარესად განმარისხა მისმა შეკითხვამ.
- შეიძლება გავგიჟდი კიდევაც, ამიტომაც არ მომეკარო! რას მეთამაშები, რომ მეთამაშები? ჯერ მომეფერები, მერე უცებ გაგახსენდება, რომ მატყუარა ვარ და ხელს მკრავ… ეს რა, შენებური კატათაგვობანაა? - ისე ზიზღიანად აღმომხდა, რომ წამიერად ლაპარაკის უნარი წაერთვა. მერე გონს მოვიდა, თმაზე ხელი გადაისვა და ნაძალადევი ღიმილით მომიგო:
- შენ როგორ ფიქრობ?
- მე როგორ ვფიქრობ? გეტყვი, როგორც ვფიქრობ. შენი გადმოსახედიდან, კაცი ხარ და რაღაც მომენტებში თავს ვერ იკავებ, როცა გვერდით სასურველი ქალი მოგყვება, მაგრამ საკუთარ ამპარტავნებას ვერა და ვერ გადააბიჯე! აი, ასე ვფიქრობ! - მკვახედ ვუპასუხე და თვალებში ჯიქურ შევაცქერდი.
მეგონა, ის ამ ყველაფერს უარყოფდა და მეტყოდა, რომ წამიერმა სისუსტემ სძლია, რომ ვუყვარვარ და ჩემს უნებლიე საქციელს საბოლოოდ დაივიწყებდა, მაგრამ…
- ჰო, მართალი ხარ, თავი ვერ შევიკავე და ვერც ვერასდროს ვიკავებ, როცა ლამაზ ქალთან მარტო ვრჩები.
გვერდზე გავიხედე, მისი დანახვაც არ მინდოდა. წუთი არ გავიდოდა, ჩემთვის არ დაეცინა და გული არ მოეკლა. როგორ მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ შემჯავრებოდა, აღარ მეფიქრა მასზე, არარაობა გამხდარიყო ჩემს თვალში.
- ესე იგი, ნანობ, არა, რაც ჩვენ შორის მოხდა? - ეს შეკითხვა კი არა, დასტური უფრო იყო.
- მე იმდენ რამეს ვნანობ, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ნიცა.
კინაღამ გული წამივიდა. თვალები კვლავ ამიცრემლიანდა. ვეღარაფერს ვამჩნევდი ირგვლივ, თითქოს სადღაც გაქრა გარემოს წეღანდელი სილამაზე. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და, როგორც იქნა, პასუხი გავეცი:
- ამაზე ნუღარ იდარდებ, აღარაფერი გაგრძელდება, შენ მართალი ხარ! - ვუთხარი, მკვეთრად შევტრიალდი და სწრაფად ავუყევი ქვებს, ლამის სირბილით.
- ნიცა! მოიცა!
როგორც იქნა, ამოვედი, გავივაკე და გავიქეცი.
- ნუ გარბიხარ! - მომაძახა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი სახლში, ოთახში ჩავკეტილიყავი და მომეფიქრებინა, რა მექნა.
სწრაფად გავრბოდი დაკლაკნილ ბილიკზე. ვიცოდი, რომ ირაკლი ფეხდაფეხ მომდევდა. ალბათ ცრემლებმა თუ შემიშალა ხელი, მოულოდნელად რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. ხელი ვიტკინე. ტკივილისგან დავიჭყანე, მაგრამ ნაბიჯების ხმა მოახლოვდა თუ არა, ეგრევე წამოვხტი და ახლა მარჯვნივ გავიქეცი, ბილიკს აღარ გავყევი.
- ნიცა, გაჩერდი! იქით არ წახვიდე! - სულ ახლოდან მომესმა მისი ხმა, იმდენად ახლოს, რომ შეშინებული ადგილზე შევდექი და სწრაფი მოძრაობით შემოვტრიალდი. იმისთვის, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, ნაბიჯი უკან გადავდგი. ნაბიჯს სიცარიელე შეეგება, ვიგრძენი, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და ხელები ჰაერში გავასავსავე. წამით ირაკლის შეშინებული თვალები დავინახე, ჩემკენ გამოწვდენილი ხელებით რომ გამორბოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო…
გავიგონე მისი განწირული ღრიალი, როცა მიწას დავენარცხე და გორაკის კალთაზე დავგორდი. დარტყმებს თითქმის ვეღარ ვგრძნობდი. შიშმა გონება დამიბინდა, ენა ჩამივარდა, მაგრამ ბოლოს, როცა რაღაც წვეტიანს დავარტყი თავი და აუტანელი ტკივილი მომაყენა, მწარედ დავიკვნესე.
თვალებზე წითელი ბურუსი გადამეფარა, სადღაც შორიდან რაღაც ხმები ჩამესმოდა. ალბათ ირაკლი დაეშვა ფერდობზე ჩემ საშველად. სახე და ხელები ერთიანად მქონდა დაკაწრული. ირაკლი ქოშინით მომვარდა, მუხლებზე დაემხო ჩემ წინ და გაირინდა. ვხედავდი, როგორ უცახცახებდა ხელები და ჩემ შეხებას ვერ ბედავდა - ვაითუ, რამე დავუშავოო.
- ეს რა ქენი, ნიცა, ეს რა ქენი? რა გტკივა? ძალიან დაშავდი?
ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ მიხაროდა, რომ მტკიოდა. მიხაროდა, რომ ირაკლი ასეთ დღეში ჩავაგდე. რადგან ის ასე ძალიან განიცდიდა ჩემს ამბავს, ესე იგი, ვერ მელეოდა, ვუყვარდი და საბოლოოდ აუცილებლად შემირიგდებოდა.
- თავი მტკივა, - გულგრილად ვუპასუხე. ძლივს გავიხსენე, რომ თავი რაღაცას ძლიერად დავარტყი და გამიკვირდა, გონება რომ არ დავკარგე.
რა დეგენერატი ვარ! სად გავრბოდი ასე გამწარებული ეს ორსული ქალი? ჩემს თავზე თუ არა, ბავშვზე მაინც არ უნდა მეფიქრა? მთლად გამაგიჟა ამ ბიჭის სიყვარულმა, სულ დამიბნელა გონება.
ირაკლიმ ისეთი სიბრაზით შეიგინა, რომ გავოცდი. მსგავსი რამ ადრე არ მსმენია.
- აბა, ნახე, რა გააკეთე. რამხელა კოპი გაზის შუბლზე. სად გარბოდი? რა გჭირს? მაჩვენე, აბა, სად გტკივა!
ჯერ თავი შემიმოწმა, მერე ხელ-ფეხი…. ისეთი არაფერი, მთავარია, მოტეხილობა არ მქონდა.
ჩემს ქმარს შევხედე. მიწისფერი დასდებოდა სახეზე.
- მაინც მოგიწევს საავადმყოფოში წამოსვლა. არ გაინძრე, ახლავე დავრეკავ!
- კარგად ვარ, არ მინდა საავადმყოფო.
ირაკლიმ არ დამიჯერა, გვერდზე გავიდა და ტელეფონი მოიმარჯვა.
უეცრად მუცელში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. კიდევ… კიდევ… ვეღარ მოვითმინე და ვიკივლე. ირაკლიმ მობილური იქვე დააგდო და კვლავ ჩემკენ გამოიქცა. წამოწევა ვცადე, წელი ძლივძლივობით ავითრიე, მაგრამ არ დამცალდა - კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა და გონდაკარგული საბოლოოდ გავითიშე…