თვალი გავახილე… ცხვირში წამლების სუნი მეცა. თავდაპირველად ვერ გავაცნობიერე, სად ვიყავი, მაგრამ ჩემს თავზე დაკიდებულ წვეთოვანს რომ მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიწექი. გამახსენდა გულის წასვლაც და ძლიერი ტკივილიც, მუცლის არეში რომ დამიარა. თითქოს სიცარიელე ვიგრძენი. შიშმა ამიტანა - ნუთუ ბავშვი აღარა მყავს? ნუთუ ირაკლისთან ერთად ისიც დავკარგე - ჩემი ბოლო იმედი? რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს?
აი, თურმე, როგორი ყოფილა ჩემი ბედისწერა! სამაგიეროდ, ირაკლი გათავისუფლდა ჩემგანაც და ბავშვისგანაც.
პალატას თვალი მოვავლე. დაღამებულიყო. ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ირაკლის ეძინა. სახეზე წვერი ამოსვლოდა. იგივე ტანსაცმელი ეცვა, რომელიც იმ დღეს… გამოდის, რამდენიმე დღეა, აქ ვარ, თორემ წვერი ასე არ წამოეზრდებოდა. როგორც ჩანს, გვერდიდან არ მომცილებია. ნუთუ სახლშიც არ წასულა? ტანთ არც გამოუცვლია!
მან თითქოს იგრძნო, რომ ვუყურებდი, შეირხა და თვალები გაახილა.
- ოხ, რა საშინელი სავარძელია, კისერი მომეგრიხა! როგორ ხარ?
- ამიტომ საკუთარ სახლში უნდა დაგეძინა, - მშვიდად ვუთხარი.
- მართალი ხარ, მაგრამ არ გამოდიოდა. სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. როგორ ხარ-მეთქი… -კვლავ გამიმეორა შეკითხვა, წამოდგა და ჩემს საწოლზე გადმოჯდა. კედლისკენ ჩავიწიე.
- კარგად ვარ… ბრწყინვალედ, მეტი რომ არ შეიძლება! წადი, თავს მიხედე, დაისვენე.
- ნიცა… - უხერხულად დაიწყო, უსიცოცხლო მაჯაზე ხელი გადამისვა, სწორედ იქ, სადაც წვეთოვანთან შეერთებული ნემსი მქონდა შერჭობილი.
- ყველაფერი კარგადაა, სანერვიულო არაფერი გაქვს. ვიცი, რომ ბავშვი დავკარგე, -გულგრილად ვთქვი და ჩაწითლებულ თვალებში ჯიქურ მივაჩერდი. მომეჩვენა, თითქოს ტიროდა. არა, ეს შეუძლებელია!
- შენ მართალი ხარ, სანერვიულო არაფერი გვაქვს არც შენ და არც მე. ბავშვი შეგინარჩუნეს, -გაიღიმა და დაღლილი მზერა ჩემს მუცელზე გადაიტანა.
გული ამიჩქროლდა ამის გაგონებაზე.
- მართლა? არ მატყუებ?
- არა, არ გატყუებ… როდის მომიტყუებიხარ? მაგრამ მაინც მაპატიე. ჩემი ბრალია ყველაფერი. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. მაპატიე, მაპატიე!
- «მაპატიე» ყველაზე გახუნებული სიტყვაა ამქვეყნად. - თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფანჯრისკენ გავიხედე.
- ვიცი, მაგრამ შემცვლელი ჯერ არაფერი გამოუგონიათ, - ცივად მომიგო.
- ესე იგი, საშიში არაფერია? - წავიჩურჩულე და აცრემლებული თვალები მივლულე.
- არა, საშიშროებამ გაიარა, მაგრამ წოლითი რეჟიმი დაგინიშნეს. ეს კი არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება.
- არა აქვს მნიშვნელობა, გავუძლებ. - შევეცადე, მხნედ მეთქვა.
- აბა რა, შენ ყოჩაღი გოგო ხარ, გაუძლებ. რა დიდი ამბავია, იწვები და მორჩა, სხვები კი მოგემსახურებიან.
- ვინ სხვები? - სიმწრით გამეცინა, - მოსამსახურეები დამეხვევიან? თუ შენ იმორიგევებ ჩემს საწოლთან 24 საათი?.. ვითომ კარგია, ბავშვი რომ შემინარჩუნეს?
- ცუდი რატომაა? - წარბები შეჭმუხნა და გაოცებული დამაშტერდა.
- რა ვიცი, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გაგვიადვილდებოდა, - სარკასტულად მივუგე.
მოიღუშა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დახშული ხმით ამოთქვა:
- შენ ახლა შოკში ხარ და თვითონაც არ იცი, რას ამბობ.
- აჯობებს, შინ წახვიდე და მარტო დამტოვო. მარტო დარჩენა მინდა. იმედია, გესმის… კარგი?
- სამაგიეროდ, მე არ მინდა შენი მარტო დატოვება. ორი ღამეა, აქ ვარ და თუ საჭირო გახდება, კიდევ დიდხანს დავრჩები.
- რატომ? არ მითხრა, რომ ჩემზე გული შეგტკივა.
- შენზეც… - ხაზგასმით მითხრა.
- მადლობა… ესეც დიდი შეღავათია ჩემთვის, - ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე გამწარებულმა.
- რაღაც ვერ გატყობ, რომ ბავშვის შენარჩუნება გაგიხარდა. ქალები ასე გულგრილად არ ხვდებიან ამ ამბავს. - ბრაზი მოერია.
- ქალები, რომლებსაც ბედნიერი ოჯახი აქვთ… - იქვე განვავრცე.
- ყველა იმას იღებს ცხოვრებისგან, რასაც იმსახურებს, - ხმა გაუმკაცრდა.
- ჰოდა, დამანებე მაშინ თავი. წადი, სამუდამოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან! არ გამიჭირდება, ჩემს მარტოობას გავუმკლავდე, რამეს მოვიფიქრებ. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ამიერიდან თავისუფალი ხარ და ნურაფერს ინანებ.
- გგონია, არაფერს ვინანებ, თუკი შენგან გავთავისუფლდები?
- რა თქმა უნდა, გზა ხსნილი გექნება. ვიცი, რომ შენს შვილს მამობას გაუწევ, თუმცა ეს არ შეგიშლის ხელს, ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა ქალთან.
- ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ერთი რამ იცოდე - სანამ ბავშვი არ გაჩნდება, ჩემ გვერდით იქნები. ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ ჩემი ნებართვის გარეშე. მერე ვნახოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- გამოდის, შენი ტყვე ვარ? - ზიზღნარევი მზერით გავბურღე.
- არა, ჩემი შვილის დედა ხარ, ამიტომ ვალდებულებას ვერ გავექცევი. თუ ჩემი გვერდით ყოფნა არ გსიამოვნებს, არაა პრობლემა, წავალ, მაგრამ ისევ დავბრუნდები. დავბრუნდები შენ წასაყვანად და რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, იცოდე! კიდევ რომ მატკინო გული, აღარ გაპატიებ!
- აღარ… - ჩავილაპარაკე, - სხვა რა მაპატიე, რო?
- შენც კარგად იცი, რომ ბევრი გითმინე. ნუღარ ვისაუბრებთ ამ თემაზე მეტს. მე ჩემი გითხარი და მორჩა, დავამთავრე! ახლა ჩემები მოვლენ და ისინი დარჩებიან შენთან. ვნახოთ, ექიმი რას იტყვის, როდის იქნები გასაწერად მზად. - თქვა და წამოდგა.
კარს რომ მიუახლოვდა, თავი მოაბრუნა და მოულოდნელად მკითხა:
- შენ ისევ გინდა ჩემთან ცხოვრება?
ამ შეკითხვამ კიდევ ერთხელ გათელა ჩემი თავმოყვარეობა. აღარ მსურდა მეტის ატანა.
თვალი თვალში გავუყარე და ცივი ღიმილით მივუგე:
- მინდა, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, აღარ მინდა.
- მაგრამ მაინც მოგიწევს, ოღონდ არა ცოლის ამპლუაში, - ნიშნის მოგებით მომიგო და წარბები შეათამაშა.
ვიცოდი, რომ ახლა ნებისმიერი რეპლიკა, რაც შეიძლებოდა მისთვის მესროლა, ბანალურ ფრაზად გადაიქცეოდა, ამიტომ დათმობა ვარჩიე.
- კარგი, - დავნებდი, რადგან კამათის თავი არ მქონდა. ჩვენი ურთიერთობა ისედაც ხარისა და ტორეადორის ბრძოლას დაემსგავსა. ის მე მაღიზიანებდა. წითელი ნაჭრის მაგივრად თავის საფირმო ღიმილსა და შერბილებურ სიტყვებს იყენებდა, მომიშვებდა თავისთან ახლოს, მერე კი უცებ, როგორც კი ხელსაყრელ მომენტს დაიჭერდა, კიდევ ერთხელ დამკრავდა დაშნას… პირდაპირ სულში…
თვალები დავხუჭე.
ირაკლი იდგა ჩემს საწოლთან და ვგრძნობდი, როგორ დამყურებდა. როგორც ჩანს, გაუკვირდა, ასე უცებ რომ დავყარე ფარ-ხმალი და მამოწმებდა, რამდენად გულწრფელი ვიყავი.
ადრე გამეღვიძა. თავს სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ თავბრუ აღარ მეხვეოდა. სამაგიეროდ, მაჯა მტკიოდა, ნანემსარი ერთიანად ჩამშავებოდა. მიჭირდა ხელის მტევნის ამოძრავება.
საპირფარეშოს სარკეში ჩავიხედე. ვუყურებდი ჩემს ორეულს და ვერ ვცნობდი. თითქოს იქიდან უფრო ჭკვიანი, გადაწყვეტილებამიღებული ქალი მომჩერებოდა - გაძლიერებული და სულიერად ამაღლებული. ამან ძალა შემმატა. ახლა დანამდვილებით ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. მდუმარედ ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას და ვფიქრობდი, სადმე ისეთ ადგილას გადავბარგებულიყავი, სადაც ირაკლი ვერ მომაგნებდა. იქ კი, ცხელ გულს რომ გავიგრილებდი, მშვიდად მივიღებდი გადაწყვეტილებას და მარტივ დასკვნასაც გამოვიტანდი. რაც არის, არის. უნდა შევეგუო ჩემს მდგომარეობას. ცხოვრებაში ხომ ყოველთვის ასეა: როცა გულით გინდა, ადამიანი არ დაკარგო, აუცილებლად დაკარგავ მას, მაგრამ თუ ერთი სული გაქვს, როდის წავა იგი შენი ცხოვრებიდან, ძალიან ძნელდება მისი თავიდან მოშორება. ის ადვილად არ მიდის ჩვენგან.
ამ დროს კარი გაიღო და პალატაში ექიმი შემოვიდა.
- უკვე ადექით? დიდხანს არ დარჩეთ ფეხზე, საშიშია. უმჯობესია, მეტწილად იწვეთ, ხომ იცით, თქვენი მუცელი ახლა ტონუსშია და თავს უნდა გაუფრთხილდეთ. რადგან მოვახერხეთ ბავშვის გადარჩენა, ბარემ ბოლომდე შევინარჩუნოთ იგი. თავს როგორ გრძნობთ? რამე ხომ არ გაწუხებთ? - ექიმმა საწოლზე წამომაწვინა და მუცელი გამისინჯა.
- კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს… როდის გამწერენ?
- ასე გეჩქარებათ აქედან წასვლა? - გამიღიმა ქალმა, - თქვენი ქმარი ძალიან კი არის შეშფოთებული თქვენი მდგომარეობით.
ბალიშს მივეყრდენი, ფანჯრისკენ გავიხედე და ხმადაბლა ვუპასუხე:
- ვიცი, მაგრამ სულ ტყუილად, რა მიჭირს, გადასარევად ვარ.
ექიმმა ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ალბათ იფიქრა, გაგიჟდაო.
- რატომ შემომხედეთ ასე? არანორმალურს ვგავარ? - გავიღიმე, - სიხარულის ვერაფერი შემატყვეთ, არა? უბრალოდ, არ მეხერხება გამოხატვა, სულ ესაა, - მისი ეჭვის გაფანტვა ვცადე, - და მაინც, როდის გამწერთ? - არ მოვეშვი.
- დღეს თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ხვალ დილით შეძლებთ წასვლას. მთავარია, ტემპერატურამ არ აგიწიოთ ან სისხლდენა არ დაგეწყოთ. ვფიქრობ, აქამდე არ მივა საქმე, ანალიზები კარგი გაქვთ, არც ტვინის შერყევა აღმოგაჩნდათ, რამაც ყველაზე მეტად გაგვახარა.
- გმადლობთ, ექიმო.
კვლავ მარტო დავრჩი, თვალები დავხუჭე და იმაზე დავფიქრდი, საავადმყოფოდან სად გავპარულიყავი.
შუადღისას ნინამ მინახულა. მე და ჩემი ქმარი დღეს მივფრინავთ და გამომშვიდობება მინდოდაო. მისი არსებობა სულ გადამავიწყდა. ცივად შევხვდი. მის გამო მჭირდა, რაც მჭირდა. გარდა ამისა, ამდენ ხანს იყო თბილისში და ერთხელაც არ გავხსენებივარ. მხოლოდ მაშინ მომიკითხა, როცა მიდიოდა. ირაკლისგან გაეგო ჩემი ამბავი და საავადმყოფოშიც ამიტომ მომაკითხა.
- კიდევ კარგი, გადარჩი. ბედი გქონია, - გამიღიმა და თმაზე გადამისვა ხელი.
თავი განზე გავწიე. არ მსიამოვნებდა მისი შეხება.
- ბედი რომ მქონოდა, ტყუპისცალებად არ დავიბადებოდით, - ცივად მოვუჭერი.
- და ამან რაში შეგიშალა ხელი? ისეთი ქმარი გყავს, მთელი ქვეყნის საქალეთს რომ შეშურდება, ჩემსავით მსუქანი და უცხოელი კი არ არის, - ვითომ გაიხუმრა.
- შენი ბრალია ყველაფერი, - ვეღარ მოვითმინე და ჩავიჩურჩულე.
- კარგი რა, მე რა ვიცოდი, შენ მასზე ზრუნვას თუ დაიწყებდი? რას დაუჯექი სასთუმალთან, ვინ გთხოვა? მე დროზე დავახვიე აქედან და შენც ეგრე უნდა მოქცეულიყავი, თუ არ გინდოდა მასთან.
- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- მე რა, შენ თვითონ არ წამოიწყე? არ მესმის, მე რაში მადანაშაულებ? არც კი მითხარი, ირაკლის რომ მიყვებოდი ცოლად, არაფრად ჩამაგდე. გაგეფრთხილებინე მაინც და მეცოდინებოდა, რა უნდა მეთქვა, როცა შევხვდი. ვერც გაიგებდა, რა მოხდა. რაც გჭირს, საკუთარ თავს დააბრალე… ისევ გაბრაზებულია?
- ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ნინა.
- დამთავრდა და დამთავრდა. მისით არ იწყება ცხოვრება და არც მთავრდება. კაცების მეტი რა არის? შენს ადგილზე, საერთოდ მოვიცილებდი ამ ბავშვს, რად გინდა ზედმეტი ტვირთი?
სიბრაზისგან გული ყელში მომებჯინა. სხვა დროს ალბათ სერიოზული ჩხუბი მომივიდოდა მასთან ამის გამო, მაგრამ ახლა არც ყვირილის თავი მქონდა და არც მინდოდა მისი განაწყენება. ის მიემგზავრებოდა და კიდევ როდის ვნახავდი, ღმერთმა უწყოდა. გარდა ამისა, ასეთი იყო ნინა, მას ვერაფერი შეცვლიდა, ამიტომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
როცა პასუხი არ გავეცი, მიხვდა, რომ უნდა წასულიყო. მაკოცა, დამემშვიდობა და ქუსლების პაკუნით დატოვა პალატა. მიკვირდა, ერთადერთი და მშორდებოდა, სადღაც გადაკარგულში მიდიოდა და მე გული არ მწყდებოდა… რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდით დები ერთმანეთს…
ნინა ახალი წასული იყო, პალატაში გაგა და სესილი რომ შემოიჭრნენ. ისეთი ხმაური ატეხეს, გულზე მომეშვა. ეს ადამიანები ყოველთვის მიმსუბუქებდნენ ცხოვრებას.
როცა ერთმანეთის მოფერებით გული ვიჯერეთ, სესილს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან თანაგრძნობით მომისმინა, თვალები ცრემლით აევსო.
- გინდა, ჩემთან წახვიდე, ფასანაურში? სახლი დაკეტილია, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდივართ იქ. შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც გინდა.
- მართლა? რა მაგარია! - სიხარულისგან ტაში შემოვკარი, - ეს სწორედ ისაა, რაც ახლა მჭირდება.
- ჰოდა, გამოგწერენ თუ არა, ჩემთან მოდი და ერთად წავიდეთ, გამოგყვები, რომ დაგაბინაო.
შევთანხმდით. ძალიან მიხაროდა, რომ ასე უპრობლემოდ მოვაგვარე ჩემი დროებითი თავშესაფრის ამბავი. ირაკლი ვერასდროს გაიგებდა, სად ვიყავი. რომც ეკითხა სესილისთვის, ის მაინც არ გამცემდა.
ახლა მთავარი საზრუნავი ფული იყო. ცოტა კი მქონდა გადანახული, მაგრამ მაინც უნდა დამეზღვია თავი. გადავწყვიტე, მანქანა გამეყიდა. ამაზეც შევუთანხმდი სესილს. მითხრა, განცხადებასაც გამოგიქვეყნებ და ისედაც გავიკითხავ ჩემთან, უბანში, პროფილაქტიკის ბიჭებს დაველაპარაკებიო.
კარგა ხანს დარჩნენ სესილი და გაგა. ბავშვი გვერდიდან არ მომშორებია, მეხუტებოდა და მკოცნიდა. მთხოვდა, მალე მოდი ჩვენთანო.
წასვლისას სესილს ხილი და მაწონი გავატანე, რომელიც ტყუილუბრალოდ ელაგა კამოდის უჯრაში. სესილს უფრო გამოადგებოდა, ვიდრე მე. ჭამის სურვილი დაკარგული მქონდა.
ფიქრებით აქედან უკვე შორს ვიყავი, როცა ჩემი დედამთილი მოვიდა. თამარმა გულში ჩამიკრა. ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სითბო გულში. მიყვარდა ეს ქალი, რომლისგანაც იოტისოდენა წყენაც არ მახსოვდა.
- ჩემი კარგი გოგო, ჩემი ოქრო რძალი, ეს რა დაგემართა, საყვარელო. მადლობა ღმერთს, რომ არ გაგვწირა და შენი თავი გვაჩუქა, - მომეალერსა თამარი და თვალზე ცრემლი მოადგა.
- მთავარია, ბავშვი გადარჩა, ჯანდაბას ჩემი თავი, - გავუღიმე.
- რას ამბობ, დედა, ბავშვი ყოველთვის გეყოლება ქალს, მთავარია, რომ შენ ხარ ცოცხალი, -შეიცხადა დედამთილმა, - რომც მოგშლოდა მუცელი, ქვეყანა არ დაიქცეოდა. ჯერ ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი წინაა, მაგაზე არც ვიდარდებდი. შენი გადარჩენაა ახლა ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო, სად ვიშოვიდი მეორე შენნაირ რძალს? - ჩამეხუტა თამარი და კოცნით ამავსო.
- ჩემი ბრალია, მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, - ამოვილუღლუღე გულაჩუყებულმა.
- არაფერია, შვილო, ასეთი რამ შეიძლება ყველას მოუვიდეს. არავის ბრალი არ არის, თავს ნუ იდანაშაულებ. რაც მთავარია, ყველაფერი კარგადაა.
- ალბათ… - მრავალმნიშვნელოვნად ჩავილაპარაკე და ამოვიოხრე, რადგან ვიცოდი, რომ კარგად აღარაფერი აღარ იქნებოდა.
დედამთილმა ლოყაზე მომითათუნა ხელი.
- ნუღარაფერს ნაღვლობ, საყვარელო, დაისვენე ახლა, გაემზადე და ხვალ ჩვენთან წავიდეთ. ექიმმა, დილით გავწერო.
უღიმღამოდ გავუღიმე.
- თქვენ ყოველთვის კეთილად მექცეოდით, ქალბატონო თამარ, ამისთვის თქვენი მადლიერი ვარ. მაპატიეთ, რომ დედას არ გეძახით. ცოტა მიძნელდება, მე ხომ დედა არავისთვის დამიძახია, ამიტომ…
- რა მნიშვნელობა აქვს, დედას დამიძახებ თუ ქალბატონოს? თუ გინდა, თამარა დამიძახე, არ მეწყინება. ამას რა ჭკუა აქვს! შენ ისეთი კეთილი და კარგი ადამიანი ხარ, შენგან არაფერი მეწყინება. ნამდვილად გაუმართლა ჩემს შვილს, შენნაირი გოგო რომ შეხვდა. ჰო, მართლა, თამუნამ მოგიკითხა და ბოდიში დამაბარა შენთან, რომ სანახავად ვერ მოვიდა, გიგასიანები ისევ ჩვენთან არიან და ვერ მიატოვა ისინი.
- არა უშავს, აქ მოსვლას რა აზრი აქვს, ხვალ ისედაც მწერენ და…
- აი, რაღაცები მოგიტანე, საჭმელი, სასმელი…
- არაფერი მინდა, ქალბატონო თამარ, აქაც კარგი კვება აქვთ, რატომ წუხდებით? თანაც, ხვალამდე დიდი დრო არ დარჩა, უკან წაიღეთ, ტყუილად გაფუჭდება აქ.
თამარმა არ დამიჯერა, მაინც ამოალაგა პარკიდან მოხარშული დედალი, შემწვარი კარტოფილი და ნადუღი, ეს დათას დედამ გამოგიზავნაო.
- შეწუხდა ქალი, ჩემი ბავშვის ძებნაში მოუვიდა ეგ ამბავი, თავს დამნაშავედ ვგრძნობო.
- დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინ. არ უნდა წავსულიყავი და ეგ იქნებოდა, - ხელი ავიქნიე.
- არა უშავს, შვილო, ვინ იფიქრებდა, ასე თუ მოხდებოდა. უკვე ჩავლილია ყველაფერი, აწი ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. წავალ ახლა მე, სტუმრებსაც უნდა მივხედო, ხვალ დილით წავლენ და ცოტას ამოვისუნთქავ მერე. შენც უკეთ მოგხედავ, დედა. დილით გამოვალთ და წაგიყვანთ აქედან. შენ დაისვენე, არაფერზე ინერვიულო და ჭამე რამე, არ მოიკლა თავი შიმშილით. შენი გახდომა არ შეიძლება.
პასუხად გავუღიმე ჩემს თბილ დედამთილს და წავიდა თუ არა, კედლისკენ გადავბრუნდი, რომ დამესვენა. დამღალა ამდენმა მნახველმა…
გაგრძელება იქნება