ესეც იტალიური ეზოა, ოღონდ ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი იტალიური ეზოებისგან. იგი არ ჰგავს ისეთებს, სადაც ყოველთვის დიდი ხმაური, ღრიანცელი და გადაძახილები ისმის, სადაც დედები თეფშითა და კოვზით დასდევენ ფეხშიშველა ბავშვებს - გენაცვალოს დედა, ეს ერთი ლუკმაც შეჭამე და მეტს აღარ დაგაძალებო. აქ ვერც ნარდის თამაშში გართულ აზარტულ ბერიკაცებს ნახავთ, ეზოში გამოსულნი კამათლების გაგორებაში რომ ათენ-აღამებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ეზოს ჭიშკარიც კი განსხვავებული აქვს. ქუჩის მთელ გაყოლებაზე მხოლოდ რკინისალაყაფიან ეზოებს თუ შეხვდებით, აქ კი ხის ჭიშკარი კიდია, თანაც ერთგანყოფილებიანი. მის შუაგულში პატარა კარია გამოჭრილი - ეს, რა თქმა უნდა, ფეხით მოსიარულეთათვის. სრულიად წყნარი ეზოა, თანაც - მყუდრო. შიგნით რომ შეხვალ, ჯერ პატარა, გვირაბივით ბნელი ტალანი უნდა გაიარო. აი, მერე კი დაინახავ ეზოს, ხელისგულზე რომ დაეტევა, ზუსტად იმხელას.
ხალხიც ცოტა ცხოვრობს ამ ეზოში - სულ რამდენიმე ოჯახი. ერთადერთი, რითაც იგი ჩვეულებრივ იტალიურ ეზოებს ემსგავსება, არის წყლის ონკანი და მოფარებულში მოშენებული საპირფარეშო. ერთადერთი კინკილა ხე დგას ეზოს შუაგულში, თანაც ზედ ასფალტზე, ლეღვის ხე. აბა, სადღაა ბალახი, წამლად რომ გინდოდეს, ერთ ღერსაც ვერ იპოვი. ლეღვის ხე კი ჰქვია, მაგრამ რად გინდა, სრულიად უნაყოფოა. ზაფხულის დასაწყისში დაისხამს ნაყოფს, დაიხუნძლება, მაგრამ როგორც კი შემწიფებას დაიწყებს, მაშინვე ყურებს ჩამოყრის ხოლმე, გახმება, დარბილდება და ტყაპანით დაასკდება მიწას.
აი, სწორედ ამ ეზოში ცხოვრობს ქეთი, ჩვენი მშვენიერი ქეთი - მაღალი, თხელი, წვრილკანჭება, თაფლისფერთვალება, ხორბლისფერი ქეთი, უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი. მერე რა გედივით მოღერებული ყელი აქვს?! ქუჩაში რომ მიდის, მის დანახვაზე კისერი ეღრიცებათ მამაკაცებს. «ვა! რა მაგარი ტიპშაა!» - დაადევნებენ ხოლმე მოწონებით. ქეთიც მადის აღმძვრელად მიირხევა, ვითომ არ გაუგონიაო, წინ მიმართული მზერით ამაყად თავაწეული ლაშქრავს რუსთაველის გამზირს. იცის, რომ ამ დროს «ქვეყანა მისია», იცის, როგორ ხარბ მზერას აყოლებენ უსაქმოდ მდგარი ბიჭები. სამაგიეროდ, «დიდი არაფერიაო», - ტუჩაბზუებით ჩაილაპარაკებენ ხოლმე შურით გაბერილი გოგონები…
და ასე ხდება ყოველდღე, განსაკუთრებით, გაზაფხულზე, როცა ქალები სხეულს «არ მალავენ», როცა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებენ «გამოსვლას» თბილი სამოსიდან. ჯერ კოლჰოტებს გაიხდიან, მერე მკლავებს მოიშიშვლებენ, მერე ფეხებს გამოაჩენენ წვივებამდე და ბოლოს ჭიპის გატიტვლებით დააგვირგვინებენ ამ დიდებულ პროცესს.
ქეთიც ასე იქცევა. მართალია, იგი თინეიჯერის წლოვანების აღარ არის, მაგრამ არც ოცდასამი წელია მთლად ბებრული ასაკი. თანაც, რომ შეხედავ, თვრამეტი წლის გეგონება -მოკლედ შეკრეჭილი, შეუღებავი თმა აქვს, ჩალისფერი. თვალები ნუშის ყვავილს მიუგავს, ტუჩები - წითელ მოცხარს, მომრგვალებული მხრები კი… ერთი სიტყვით, გემრიელი ვინმეა. რომ ნახოთ, აუცილებლად მოგეწონებათ.
ახლა, რაც შეეხება ამ ეზოს სხვა მობინადრეებს:
როგორც კი ხის ჭიშკარს შეაღებთ, სანამ იმ გვირაბივით ბნელ ტალანს გაივლით, მარცხნივ თეთრ რკინის კარს შეამჩნევთ. აქ დინო (დინარა) დეიდა ცხოვრობს - ერთი უფაშფაშესი, ხალებით «დაცხრილული» შავგვრემანი ქალი, რომელიც ზესიმსუქნის გამო ყოველთვის სპილოს ნაბიჯებით დააბოტებს. დინო (დინარა) დეიდა სინოპტიკოსია, აი, ამინდის ბიუროს პროგნოზებს რომ აკეთებენ, იმ დაწესებულებაში მუშაობს. იგი ქვრივია, სამი წლის წინ გარდაეცვალა მეუღლე, ბიძია მიხეილი და ამიტომ სულ შავები აცვია. ჯერ არ გაუხდია და მგონი, არც აპირებს. ხანშიშესული ქალების ამბავი ხომ იცით, თანაც არათბილისელების (იგი იმერელია). მართალია, მეუღლემ უდროო დროს უღალატა (ასე ამბობს ხოლმე), სამაგიეროდ, შვილი მოესწრო უკვე - დათო, უზბეკივით წვრილთვალება, დედასავით შავი და მამასავით მხიარული ბიჭი. ასაკით ქეთის ტოლია. სადღაც ტელეატელიეში მუშაობს, თუ არ ვცდები, გლდანში. ეხერხება ელექტროობა - უთოს, სარეცხი მანქანის, ტელევიზორის, რადიოს, მიქსერის და ა.შ. შეკეთება. ისე დაშლის და ააწყობს, მეშვიდე თანრიგის ოსტატებსაც კი შეშურდებოდათ. მართალია, მთლად სიმპათიური ვერ არის, სამაგიეროდ, ოქროს ხელები აქვს. თუმცა, ერთი უცნაურობა კი სჭირს - კლეპტომანია, თავისდა უნებურად იპარავს ხოლმე. როგორ? როგორ და… მოვა, მოგინახულებს, გაგამხიარულებს, ანეკდოტებით დაგხუნძლავს, მერე ადგება და წავა. წავა და ცოტა ხანში შეამჩნევ, რომ მაგიდიდან საფერფლე გაქრა, ან - სანთებელა, უარეს შემთხვევაში - სიგარეტი (თუმცა არ ეწევა). მაგრამ არა უშავს, ამ დროს არ უნდა გაბრაზდე. ყველამ იცის, რომ იგი მეორე დღეს უეჭველად დააბრუნებს უნებლიეთ გამქრალ ნივთებს, თანაც ისევე უჩუმრად, როგორც წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეზოს ყველა ბინადარმა იცის მისი კლეპტომანობის ამბავი. მაინც მალულად მოიტანს ხოლმე. არასდროს სიტყვას არ ძრავს თავის უჩვეულო საქციელზე. რა ქნას, რცხვენია. ხანდახან თურმე შუაღამისას მოუვლის ქურდობის ჟინი. რა უნდა მოიმოქმედოს? ქუჩაში ხომ არ დაიწყებს წანწალს! ამიტომ ადგება, გაივლის იმ გვირაბივით ბნელ ტალანს, სარეცხის თოკებს შეათვალიერებს და… ნაქურდალში შემთხვევით შეიძლება ლილი დეიდას ნიფხავიც აღმოჩნდეს. აბა, იმ სიბნელეში რას გაარჩევ, რა უნდა ჩამოხსნა. დილით კი ლილი დეიდა ქოთქოთით ეძებს თავის გრძელტოტება ქვედა საცვალს, ნამდვილად გავფინე წუხელ საღამოს და სად უნდა გამქრალიყოო. გოგონები - იზა და ლიზა (მისი ქალიშვილები) სიცილით იჭაჭებიან - წადი, დათოს ჰკითხე, შემთხვევით ხელს ხომ არ გააყოლაო.
რაც შეეხება ლილი დეიდას (იგი დიასახლისია), იზას და ლიზას, ისინი ებრაელები არიან. ლილი დაბალი, დაგვაჯული, მხრებში ძლიერად მოხრილი ქალია, იმდენად მოხრილი, კისერი საერთოდ არ უჩანს. გეგონებათ, თავი პირდაპირ მხრებზე ადგასო. ცოტა კუზიც კი აქვს. ხუჭუჭა თმა უმისამართლოდ გაფუებია. მოკლედ, ერთი შეუხედავი. ზურგსუკან ჭორიკანა მეზობლები (რა თქმა უნდა, სხვა ეზოებიდან) «ბაბა იაგასაც» ეძახიან. სამაგიეროდ, ქმარი ჰყავს გადასარევი, ბატონი იაშა (იაკობი). მერე რა სიმპათიური მამაკაცია! იფ! მის შეხედვას არაფერის ჯობს. ამბობენ, ცოლი მასზე შვიდი წლით დიდიაო (ბატონი იაშა 48 წლისაა). დაუჯერებელი არაფერია. ახლა შვილები უნდა ნახოთ - იზა და ლიზა. ტყუპები არ გეგონოთ, მათ შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა. იზა მამას ჰგავს, ლიზა - არც დედას და არც მამას - უფრო ბებიას თურმე. საკმაოდ ჩაპუტკუნებული გოგონები არიან, შავი თვალ-წარბით, არც ისე მაღლები, დიდი ბიუსტებით. ორივე სამედიცინოზე სწავლობს, თანაც ფრიადოსნები არიან. ბატონი იაშა მოსკოვში მუშაობს, კოლჰოტების ბიზნესი აქვს - პირდაპირ იტალიიდან ჩამოაქვს «ტავარი». ზაფხულობით თუ ესტუმრება ხოლმე ცოლ-შვილს, ორი-სამი კვირით, თორემ ისე სად სცალია! აი, გოგონები რომ დაამთავრებენ (სამ-ოთხ წელიწადში), მერე ისრაელში აპირებენ წასვლას. იქამდე იქნებ კიდეც გაათხოვოს ორივე, აუცილებლად ებრაელზე. აბა, სხვანაირად როგორ იქნება (ქართველმა ბიჭებმა არც იოცნებონ!).
ქეთი და იზა-ლიზა ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ, ანუ, როგორც კი იმ გვირაბივით ბნელ ტალანს გაივლი და მზის სინათლეზე გახვალ, მარჯვენა მხარეს ლილი დეიდა ცხოვრობს თავისი ქალიშვილებით, მარცხენა მხარეს კი ქეთი და მისი და, სესილი. ჰო, მართლა, სულ გადამავიწყდა - ქეთის თავისზე ექვსი წლით უფროსი და ჰყავს. სესილი და მერე რა სესილი! ნამდვილი საჯიშე ქალია. მაღალი თეძოებით, მოქნილი, გიტარასავით გამოყვანილი ტანით, თვალში რომ მოგხვდება ისეთი ძუძუ-მკერდით, სიარულის დროს რიტმულად რომ აუდ-ჩაუდის ხოლმე. რომ იტყვიან, რძეში ნაბანავები ქალიო, აი, ეგეთია ზუსტად. სესილი ქმარს არის გაშორებული, შვილი არ ჰყავს. იგი სკოლაში მუშაობს, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მოსწავლეებსაც ამზადებს. სახლში დადის მათთან და იქ ამეცადინებს. დები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან - სესილი ჯვრის მონასტრიდან დანახული მყინვარწვერივით თეთრი და ქათქათაა, სავსე, მოშიშვლებული მკერდი კი მთიდან დაქანებულ ზვავს მიუგავს (ასე დაახასიათა იგი ერთხელ ერთმა თაყვანისმცემელმა, წერილით რომ აუხსნა სიყვარული. ლებანიძეს ციცოზე რომ არ დაეწერა ის ლექსი, აუცილებლად შენზე დაწერდაო, წერდა ის ბიჭი ბარათში). ასე რომ, მართლაც ხეჭეჭურივით «ქვაზე დასათხლეში» ქალია, ამასთან - ნაქმარევი, თანაც ოცდაცხრა წლის. თუმცა, სულ ტყუილად ოხრავენ მასზე კაცები. სესილს ხუთი წელია უკვე, საყვარელი ჰყავს. კა-ა-ი ბიჭი, რასაც ჰქვია! უცოლო, შენ ხარ ჩემი ბატონი, უმაღლესდამთავრებული, ბინიანი, მანქანიანი, მაგრამ… რატომღაც არ ქორწინდება მასზე. საწყალი გოგო! როგორ დარდობს მერე! საშინლად განიცდის. მართალია, დიდი ხანია, შეეგუა ამ მდგომარეობას, მაგრამ მაინც წაიწუწუნებს ხოლმე ქეთისთან - მე რომ ბედი მქონოდა, ლადო ცოლად შემირთავდაო. რა ვარსკვლავზე დაიბადება ხოლმე ზოგიერთი! ყველაფერს ბედი უნდა!
ვინ დაგვრჩა? ჰო-ო-ო! ვინ და ოცდათხუთმეტი წლის ვაჟა და მისი ცოლი რუსა. რუსუდანი ჰქვია, მაგრამ რატომღაც რუსას ეძახიან, რუსს რომ ჰგავს, ალბათ, იმიტომ. არადა, წმინდა წყლის გურულია - დედითაც და მამითაც. იგი ფარმაცევტია და, როგორც წესი, აფთიაქში მუშაობს. ვაჟა კიდევ მძღოლია. იყო დრო, როცა «დიდი კაცის შოფერი» იყო და სამმართველოს უფროსს დააგრიალებდა გაზ-24-ით, მაგრამ გაფრინდა ის დრო. მორჩა! აფსუს, რა ბიჭი იყო მაშინ! ახლა კი «ტაქსაობს». დილით გასული ღამით შემოდის შინ. რა ქნას, ორი პატარა ბიჭის პატრონია, ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდა? რუსას ხელფასი ხომ ვერ გაწვდება ყველას.
ახლა რაც შეეხება მეორე სართულს. აქ ჯერჯერობით ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს -ქალბატონი ცისანა «საკუთარი პერსონით». ო-ო-ო! ეს ცოტა სერიოზული თემაა. იგი ეზოში მცხოვრები განურჩევლად ყველა ადამიანისთვის ქალბატონი ცისანაა. ხუმრობა ხომ არ არის, დოცენტი ქალია, ლინგვისტი, უცხო ენების სპეციალისტი. იგი, როგორც მეზობლები ვარაუდობენ, მთიელი უნდა იყოს - ხევსური ან მოხევე, ისეთი შესახედაობა აქვს. წითური თმით, ღაჟღაჟა ლოყებით, წაბლისფერი წარბ-წამწამითა და წითელი ტუჩებით (59 წლის ასაკში!) მართლაც რომ დიდებულად გამოიყურება. ისეთი თეძო-გვერდები აქვს, ერთი გამხდარი ადამიანი თავისუფლად დაეტევა ზედ. ჯანმრთელი შესახედაობის ქალიაო, - ასე ოხუნჯობს ხოლმე მასზე ვაჟა. მეზობლების ვარაუდით-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში მისი ქალიშვილობის გვარი არავინ იცის. ადრე, როცა პირველი ქმარი ჰყავდა, იმის გვარზე იყო. ბატონი ანთიმოზი (პენსიონერი, ადრე დეკანი იყო უნივერსიტეტში) რიგით მეორეა - სანდომიანი, ჭაღარათმიანი პროფესორი კაცი. ახლა მის გვარს ატარებს. ანთიმოზი, ალბათ, სამოცდაათი წლის მაინც იქნება, თუ მეტის არა. მისი მეზობლებთან ურთიერთობა მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება ყოველთვის: დილდილაობით ხელებით დაეყრდნობა ხოლმე ფანჯრის რაფას, გადმოიხედავს ეზოში და ვისაც ნახავს, ყველას თბილი ღიმილით ესალმება: «გამარჯობათ». სხვა სიტყვა მისი პირიდან არც არავის გაუგონია. «ამ კაცმა ან ლაპარაკი არ იცის, ან ცოლმა დაავიწყაო», - ხუმრობს ხოლმე ვაჟა. ცოლს ნუ იტყვით! მერე როგორ უყვარს ლაპარაკი! იცოცხლე-ე-! ლაპარაკი კი არა, ლაქლაქი. «ფოი-ფოი» ქალბატონია, კოხტაპრუწა. ყოველთვის ფორმაშია პატივცემული ცისანა. მძივები უყვარს განსაკუთრებით - მარგალიტის, გიშრის, ქარვის, ფირუზის, ძოწის… ყოველდღე სხვადასხვანაირი ყელსამკაული უკეთია. რა თქმა უნდა, კაბის შესაფერისად. იზამ «ჭრიჭინა» შეარქვა. თუ ჩაირთო, ვეღარ გამორთავ, «ლაპარაკობს და უჩვენებს ცისანა», - ასე ამკობენ მას ეზოს ახალგაზრდები. ჩვევა აქვს ასეთი - დილით გადმოდგება ფანჯარაში, კარგა გვარიანად გადმოიწევა, თითქოს საცაა, უნდა გადმოვარდესო და ხან ქეთის ეძახის, ხან ლიზას, ხან ლილის და ვინ იცის… ვინც იმ დილით დასჭირდება, იმას. ლილი დეიდასაგან რჩევას ითხოვს ხოლმე - მაგალითად, როგორ ცხვება ლობიანები (არაფერი არ ეხერხება, ვერ არის კარგი დიასახლისი). რა მისი ბრალია, მთელი ცხოვრება «მეცნიერულ შრომას» მოანდომა და ოჯახისთვის დრო არ რჩებოდა. დედისერთა ბიჭიც, ზეზვაც (ეს კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, რომ მთიულია) «ნიანკას» გააზრდევინა. ქეთის კი თავის გამომცხვარ მჭადზე ეპატიჟება ხოლმე. ერთადერთი, რაც ხელიდან გამოსდის, მჭადის გამოცხობაა. ამიტომაც უნდა, რომ ასიამოვნოს თავისი დაქალის ქალიშვილს. ქეთის დედა მანანა და ქალბატონი ცისანა დიდი დაქალები არიან. თან იმედი აქვს, მერე ქეთი მეზობლებს მოუყვება, რა გემრიელი მჭადი მიირთვა ქალბატონ ცისანასთან. სამაგიეროდ, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტია (ფრანგულს ასწავლის). სახლშიც დაუდიან აბიტურიენტები - უმეტესად გოგონები, რომლებიც ზეზვას შეუმჩნეველი არ რჩება არასდროს. ზეზვა როგორი ბიჭია? ო-ო-ო! ქალების მეტი წილი რომ იოცნებებს, ისეთი. მაღალი, ქერა, ლურჯთვალება, საკმაოდ ბალნიანი, თეთრი, ქათქათა კბილებით. ისეთი მომნუსხველი მზერით შეხედავს ხოლმე ქალს, მერე სიტყვის თქმაც აღარ სჭირდება, ეგრევე «შებმული» ჰყავს. ქეთისაც ასე «აბამს», რამდენი ხანია. ისიც დილით, სანამ ეზოდან გავა, აუცილებლად გახედავს ხოლმე ირიბად ზეზვას ფანჯრებს. იცის, რომ იქ «ის» არის ჩასაფრებული და მის გამოსვლას ელოდება. მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმებენ ერთმანეთს და უსიტყვოდ გაცვლიან ხოლმე სალამს.
იცის ქეთიმ ზეზვას ხასიათი - ქალების მუსუსია, ნამდვილი აშიკი. რამდენჯერ შეუმჩნევია, როგორ აცილებდა დედამისის მოწაფეებს რიგრიგობით - ხან ერთს, ხან მეორეს. ადრე ეს ამბავი მაინცდამაინც არ აწუხებდა მშვენიერ ქეთის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იცოდა, არც ერთი მათგანი მასზე უკეთესი არ იყო; მეორეც, გუშინდლამდე წესიერად არც დალაპარაკებიან ერთმანეთს და ამიტომ არც ედარდებოდა. უბრალოდ, ქალია და სიამოვნებს ყველასათვის სათაყვანებელი მამაკაცის ყურადღება. ზეზვა ხომ ქალების საყოველთაო ოხვრის საგანია! მასზე ნამდვილი კონკურსია გამოცხადებული. ამ მხრივ არც ქეთი ჩამორჩება მეზობელ «პაკლონიკს». მერე რამდენი ასეთი «პაკლონიკი» ჰყავს! ვინ მოთვლის! ხანდახან, რომ ურეკავენ, სახელები ერევა ერთმანეთში და თენგოს თაზოს ეძახის, თაზოს კი ნიკას. მერე რა! დიდი ამბავი! ხომ შეიძლება კაცის ხმა შეგეშალოს. რატომაც არა! ჰოდა, ქეთისაც ეშლება ხოლმე. რა უჭირს! სიყვარულით ხომ არც ერთი უყვარს, მოწონებითაც -ზოგი მოსწონს, ზოგი - ისე რა. უარს მაინც არც ერთს ეუბნება. რას კარგავს, რო? დადის მათთან ერთად თეატრში, სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე, ოპერაში, კაფეში, ბარში, რესტორანში… ვინ მოთვლის, თუკი სადმე შეიძლება წასვლა, არაფერს იკლებს. სამაგიეროდ, მისი ურთიერთობა ბიჭბუჭა კავალრებთან ზღვარს არასდროს ცდება. აი, მაგალითად, ნიკასთან და თაზოსთან მხოლოდ ფლირტით ირთობს თავს. როცა ისინი სიყვარულის ახსნას დაუწყებენ, სიცილი აუტყდება ხოლმე, დაუნდობლად დასცინის, შაყირით იგერიებს მათ ქათინაურებს. აი, თენგო უფრო სერიოზული ვარიანტია. მოსწონდა კიდეც. მასთან სიამოვნებდა ყოფნა. ისე, ოხერი გოგოა ქეთი. არც მწვადს წვავს და არც - შამფურს. ხვდება თენგოს, ოღონდ იმ პირობით, რომ ოჯახის შექმნაზე არ ილაპარაკებენ. ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. აღარ აწუხებს «სინდისის ქენჯნები». იცის ხოლმე ეგრე - ივლის რომელიმესთან ერთხანს, მერე გადაუვლის გრძნობა, უცებ უარს ეტყვის ყურებამდე შეყვარებულ თაყვანისმცემელს და ბოლოს ეცოდება, რატომ ვაწყენინეო.
სამაგიეროდ, ახლა ზეზვათია გატაცებული. ყველას თუ მოსწონს, ქეთი რა, ქალი არ არის? შეიძლება უყვარს კიდეც. აბა, რატომ გააპარებს ხოლმე დილაობით თვალებს მისი ფანჯრისკენ? რატომ დაუვლის ხოლმე ტანში ჟრუანტელი მის დანახვაზე? აი, ხომ ხედავთ! არ თქვათ ახლა, ეგ სიყვარულს არ ნიშნავსო. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს! ესე იგი, უყვარს! როგორ შეიძლება სხვანაირად. გუშინ საღამოს არ იყო, ქუჩაში რომ დახვდა ჭიშკართან? ისაუბრეს. მათ ლაპარაკს კონსერვატორიიდან გამოსული ორკესტრის მუსიკის ხმა ბანივით გასდევდა თან (აქვეა კონსერვატორია, ორი ფეხის ნაბიჯზე). ქალბატონი მერიც იქ მუშაობს. სულ გადაგვავიწყდა მერი - საოპერო მომღერალი, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს - უშვილო, უძირო და, საერთოდ, შინაბერა. იგი არასდროს ეკონტაქტება მეზობლებს - არც ეზოში ჩამოსული უნახავს არავის და არც ვინმესთან დალაპარაკებული. თავისთვის არის, არავის აწუხებს. სარეცხსაც კი არ ფენს შინ. მისი არსებობა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ეზოს ბინადართ, რომელიმე არიას რომ დასცხებს ხოლმე. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, როდის დაიწყებს რეპეტიციას - დილით, შუადღეს თუ საღამოს. როცა მუზა მოუვა, მაშინ. მხოლოდ ეს არღვევს ხოლმე ეზოს მყუდროებას. ასეთ დროს ლილი დეიდა აუცილებლად ბამბით დაიტენის ყურებს, ლიზა და იზა (თუ შინ არიან) წინა ოთახში გავლენ. ქეთი კი ბოლო ხმაზე აუწევს ხოლმე მაგნიტოფონს. დღისით კიდევ ეშველებოდა ამ საქმეს, მაგრამ აი, ღამით პირდაპირ აუტანელია! მაშინ ცუდადაა საქმე. ქალბატონი მერი ხომ ძილს უფრთხობს «მშვიდობიან მოსახლეობას». დინო (დინარა) დეიდამდე არ აღწევს მერის სოპრანოს ხმა. იგი ხომ გვირაბივით ბნელ ტალანში ცხოვრობს. იქ კი ხმა დახშულია. ერთხელ (ახალი გადმოსული იყო ქალბატონი მერი ამ ეზოში), ღამით დინო დეიდა რუსასთან იყო სახლში, ჭორაობდა. სწორედ ამ დროს მოუნდა მაინცდამაინც სიმღერა პრიმადონას. დინო დეიდა ჯერ სმენად იქცა, მერე შეშინებული მიაჩერდა რუსას, «შვილო, რა წივილ-კივილია, გარეთ ვინმეს ხომ არ სცემენო», - შეშფოთებულმა იკითხა.
მეორე სართულზე, ქალბატონ ცისანას გვერდზე, კიდევ არის ერთი ბინა, ოღონდ დაკეტილი. ადრე იქ ცხონებული ერეკლე, ბატონი ერეკლე ცხოვრობდა. ერთ დროს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. ბიჭი და გოგო დარჩა - დავითი და თამარი. თამარი გათხოვილია, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, თან მუშაობს. დავითი კი ციხეში ზის. აი, ასეა. თითქმის მინისტრის ერთადერთი ვაჟიშვილი ნარკომანი გამოდგა. სანამ მამამისი ცოცხალი იყო, ვინ გაუბედავდა რამის თქმას, მაგრამ მოკვდა თუ არა, ეგრევე ჩაავლეს და ჩააყუდეს, სადაც ჯერ არს. ჰოდა, სანამ დათო იქიდან გამოვა, ბინაც დაკეტილი იქნება. ასე რომ, ეზოში ორი დათოა.
ჰოდა, იმას ვამბობდი, ზეზვამ ეს ჩვენი მშვენიერი ქეთი იქვე «ნიკალაში» დაპატიჟა. ისიც სიამოვნებით დათანხმდა, თან გული აუჩქროლდა სიხარულისგან, ამ «კრასავჩიკის» ყურადღებაც მივიქციეო. არადა, სესილისთან სულ იმას ამბობს, ვერ ვიტან მაგ ბიჭს, ნამდვილი დონჟუანიაო. სესილი სიცილით კვდება ამის გამგონე: ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები, ის თუ «დონ ჟუანია», შენ «დონა ჟუანი» ხარო…
გვიან დაბრუნდნენ შინ. მეორე და მესამე სართულზე მცხოვრებთ ცალკე სადარბაზო აქვთ. ეზოდანაც არის კიბე, მაგრამ გაუქმებულია, დიდი ხანია, იმით არავინ სარგებლობს. ყველანი სადარბაზოდან ადიან თავიანთ ბინებში. ასე რომ, ზეზვა და ქეთიც სხვადასხვა კარში უნდა შესულიყვნენ. სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებობდნენ, ზეზვამ კოცნა დაუპირა. პირველსავე შეხვედრაზე! არც აცია, არც აცხელა, მოულოდნელად მოხვია ხელი, წელში გადაზნიქა ეს სახრესავით მოქნილი ქალი და პირდაპირ ტუჩებში დაეტაკა. ქეთის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ესიამოვნა კიდეც. თან მოეწონა მამაკაცისგან ასეთი სითამამე თუ სითავხედე. მით უმეტეს, ასეთი «ასაკოვანი» (31 წლის) თაყვანისმცემელი ხუმრობა არ არის! მაგრამ ზეზვამ შუა მოფერებაში ხელი მისი სავსე მკერდისკენ რომ გააპარა და გემრიელად აუსვ-დაუსვა თითები, მაშინ კი, იცოცხლე, იკადრა ასხმარტალება, ძლივს დაუძვრა მამაკაცის მკლავებს და ეზოში შევარდა. კინაღამ ვაჟას 06-ს დაეჯახა (უკვე დაეყენებინა ეზოში), სიბნელეში ძლივს აუქცია გვერდი და სირბილით გაიარა გვირაბივით ბნელი ტალანი.
ისე, სულ დედამისის ბრალია, ზეზვას რომ დაადგა თვალი. მანანა და ცისანა ძველი მეგობრები არიან. თავიდან სესილი და ზეზვა უნდოდათ დაექორწინებინათ, დიდად იყვნენ მონდომებულები, მაგრამ ჯიშიანმა სესილმა დაჰკრა ფეხი და ერთ მშვენიერ დღეს ნარკომან სოსოს ჩაუხტა მანქანაში. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი ნებით მისთხოვდა. მერე ქეთისა და ზეზვას დაწყვილებაზე დაიწყეს პუტუნი. ოღონდ ჯერ ცოტა წამოიზარდოსო. ა, ბატონო! წამოიზარდა კიდეც და ატმის ყვავილივითაც გაიფურჩქნა. ახლა უფრო მოუმატეს პუტუნს. დაქალები დიდ იმედებს ამყარებენ ქეთიზე. ზეზვა ხომ კარგი ბიჭია, ცოლის რჩენა თავისუფლად შეუძლია, ფინანსისტია, ბანკში მუშაობს, კარგი მომავალი აქვს, მალე მმართველობასაც შეიძლება გამოჰკრას ხელი და ჩვენც დავმძახლდებითო. ქეთიც ჭკვიანი გოგოა, სესილს კი არ ჰგავს ცანცარა, ეგ არ დაგვაღალატებსო.
ქეთის დედ-მამა ვაკეში ცხოვრობს. ეს ბინა ქალბატონ მანანას სტუდენტობისდროინდელი «ასობნიაკია». სანამ გათხოვდებოდა, აქ ცხოვრობდა. ბინა კი არა, ოროთახიანი სოროა, მაგრამ სესილი რომ ჩაირიცხა, აიჩემა, ცალკე მინდა ცხოვრებაო და აქ გადმობარგდა. მისი გათხოვების შემდეგ ისევ დაკეტილი ჰქონდათ, მაგრამ ქმარს რომ გასცილდა (ექვსი წლის წინათ), კვლავ მიუბრუნდა ძველ სოროს, ჩემთვის მირჩევნიაო. მერე ქეთიც შემოუსახლდა. მეც დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება, პატარა კი აღარ ვარო. მანანასაც არ დაუშლია. იქ ცისანას მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ზეზვასაც ხშირად ნახავს და ახალგაზრდები უკეთ გაუგებენ ერთმანეთსო. ქეთის დედა მასწავლებელია, მამა (ტარიელი) სახლმმართველად მუშაობს «დენიკინის» დროიდან. თავის დროზე კარგი შემოსავალი ჰქონდა, ბევრს რომ არ დაესიზმრებოდა ისეთი. გაჭიმული სახლი აქვთ ვაკეში, უცხოური ავეჯითა და ანტიკვარით გამოტენილი. რას გაუგებ ახლანდელ ახალგაზრდებს, ამ ჯურღმულში ამჯობინებენ ცხოვრებას!