როცა ირაკლი კვლავ გაემზადა გასასვლელად, თაკომ გაიღიმა.
- თითქოს რაღაცნაირი თამაშია, არა?
- ჰო, - უპასუხა მამაკაცმა.
იგი არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი.
როცა კვლავ შემობრუნდა, გოგონა ფანჯარასთან დალანდა. მიუახლოვდა და უკნიდან მოხვია მკლავები.
- იცი? აქამდე მეგონა, რომ აქამდე გატარებული არც ერთი ღამე არ იძლეოდა იმის საბაბს, ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, - სიბნელეს გაუღიმა მორიელმა, - ახლა კი ვფიქრობ, შესაფერისი დროა. რას იტყვი, გავიცნოთ ერთმანეთი? - და ლოყაზე აკოცა.
შეცბუნებული გოგონა მოტრიალდა.
- რა თქვი?
- მე ვთქვი, ერთმანეთი გავიცნო-მეთქი, - მხრები აიჩეჩა პირადმა მცველმა, - ამისთვის ბრწყინვალე საბაბი გვაქვს! - და ბედნიერებისგან სახეგაცისკროვნებულმა ქალი ხელში აიტაცა, ჰაერში დაატრიალა და საწოლზე გულაღმა გადააწვინა.
თაკო წამით გაშეშდა, სიბნელეში დაჟინებით აკვირდებოდა ზემოდან დამხობილი მამაკაცის სახეს. მის თვალებში მოცეკვავე ჭინკებსაც კი, ჭინკებით ავსებოდათ თეთრი წერტილებივით მოძრავი თვალები.
- მე, მაგალითად, ირაკლი მქვია, - მხიარულად გააგრძელა მამაკაცმა, - და მოკლედ რომ მოგიყვე, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უცოლო ვარ. მართალია, პრინცი არ ვარ, მაგრამ ჩემს სოციალურ მდგომარეობას არ ვუჩივი, კარგად გამოვიმუშავებ… და მე შენ მიყვარხარ. ასე რომ, ჩემი მუშა ხელები, არცთუ სქელი საფულე და შენით სავსე გული შენს განკარგულებაშია. შეგიძლია ცოლადაც გამომყვე, თუკი ამის სურვილი გექნება, - და გულიანად გაიცინა.
მოულოდნელად მამაკაცი გაჩუმდა, რადგან გოგონას გაკვირვება შეატყო. ამ მომენტში, რა თქმა უნდა, თავადაც ვერ ცნობდა თავის თავს… სულ რამდენიმე დღის წინ იგი თვითონაც ვერ გაბედავდა ასეთი ტირადის წარმოთქმას, მაგრამ მას უნდოდა შეცვლილიყო, სხვანაირი გამხდარიყო… და შეიცვალა. პატარამ ხომ უკვე აღნიშნა ეს. მორჩა, ეყო უხეში, სიტყვაძუნწი და შეუვალი მამაკაცის როლის თამაში.
ის სიყვარულმა გააახალგაზრდავა.
ის სიყვარულმა გაამხიარულა, აამსუბუქა.
ის სიყვარულმა გაათავისუფლა წარსულის ტყვეობისგან.
მაგრამ თაკოს გაოცება არ შორდებოდა სახიდან. ირაკლი ცოტათი დაიძაბა კიდეც. რამე ისე ვერ თქვა? მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო.
- როგორც იტყვიან, ახლა შენი ჯერია, გამეცნო, - გააგრძელა მან, - და, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, სიტყვა შენ გეკუთვნის… თუმცა… მე დღეს უმოწყალოდ უსამართლო ვარ, რადგან ძალიან მინდა გაკოცო, - მამაკაცმა ტუჩები ახლოს მიუტანა, -ვშიშობ, ვერ შეძლებ ვერაფრის თქმას, რადგან ტუჩები დაკავებული გექნება…
როცა იგი გოგონას ბაგეებს მოწყდა, როცა იგი გოგონას სხეულს მოწყდა, ისევ და ისევ შემოვლისთვის მოემზადა.
- სტრესული პირობებია, ვაღიარებ. - ჩაიბურტყუნა თავისთვის და თაკოს ლოყაზე აკოცა… და მარილის მლაშე გემო იგრძნო პირში.
- რამე ისე ვერ არის, პატარავ? - ირაკლიმ ჯინსის შარვალი გაისწორა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
თაკომ პასუხი არ გასცა. ირაკლი დააკვირდა. მას თვალები ცრემლით ავსებოდა. ხელი ლოყაზე ჩამოუსვა. გოგონამ მაჯა დაუჭირა და ტუჩებზე მიიკრა მისი ხელისგული.
- ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, - მის მაგივრად თქვა ირაკლიმ, - ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ისე…
- მაგრამ მე არ მინდა, ასე წარამარა გარბოდე გარეთ. მინდა აქ იყო. შეკითხვა მაქვს.
- მე მალე მოვალ.
- არ წახვიდე, ჩემი თხოვნა შენთვის არაფერს ნიშნავს? არსად არ წახვალ! შენ ჩემთვის დაგიქირავეს და რასაც ვიტყვი, იმას გააკეთებ! - ხმას აუწია გოგონამ.
ირაკლიმ ხმამაღლა გაიცინა.
- გამოუსწორებელი ხარ, პრინცესა. შენ გინდა, აიძულო სამყარო, შენ გარშემო იტრიალოს, მაგრამ დაგავიწყდა, მისთვის თანხმობა გეთხოვა. უნდა კი მას ეს? მაპატიე, ამაღამ პოსტის მიტოვება არ შემიძლია, ეს ჩემს ძალებს აღემატება. ხვალიდან კი მიფრთხილდი, სანამ შიმშილით სული არ გაგძვრება, ლოგინიდან არ აგაყენებ. ახლა აქ ბრძანებებს მე ვიძლევი.
- არა, ჯერ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი. როგორ მითხარი წეღან? შეგიძლია ცოლადაც გამომყვეო? ესე იგი, მე თუ მინდა, გამოგყვე, არა? შენ რა, არ გინდა?
ირაკლის სახე შეეცვალა. ასეთი რამ გულში აზრადაც არ გაუვლია. რატომ გაიგო პატარამ ასე?
- მოიცა, მოიცა… - მისი შეჩერება სცადა მამაკაცმა.
- მე კი არა, შენ მოიცა! - ლოგინიდან გადმოხტა თაკო, - შენ მხოლოდ ჩემი საყვარლობა გინდა? მხოლოდ ამისთვის დაწექი ჩემთან? შენს უახლოეს გეგმებში ეს პუნქტი პირველ გრაფას იკავებს, არა? არასოდეს! არასოდეს! - მთელი ხმით იყვირა გოგონამ და ოთახიდან გავარდა.
გაოგნებული მორიელი მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა საშინელი მსხვრევის ხმა გაისმა. ზეზე წამოიჭრა და კისრისტეხით გავარდა დერეფანში…
ფართოდ გაღებული ფანჯრიდან უკუნი ღამე იმზირებოდა. მიხვდა, რომ თაკო მეორე სართულიდან გადახტა, თავზარდაცემულმა ფანჯარასთან მიირბინა, ფეხშიშველმა სიბნელეში მინის ნამსხვევები ვერ შეამჩნია და ფეხისგულები დაესერა. სიმწრისგან მწარედ ამოიგმინა, მაგრამ ახლა ამის თავი არ ჰქონდა. ხელებით რაფას დაეყრდნო და დაბლა ჩაიხედა.
თაკო უგონოდ ეგდო მიწაზე…
მამაკაცის არაბუნებრივმა ყვირილმა ღამის სიმშვიდე ააფორიაქა.
8 8 8
- დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ გიპოვიდი, - გიგა დაეწია ირაკლის, რომელიც საავადმყოფოს ეზოში მდებარე პარკში ბოლთას სცემდა.
პირად მცველს წვერგაუპარსავი სახე გაფითრებოდა.
- ჰო… სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი, - ამოიხვნეშა მამაკაცმა და იქვე მდგარ მერხზე ჩამოჯდა.
გამომძიებელი გვერდით მიუჯდა.
- რაო, რას ამბობენ ექიმები?
- კომადან გამოვიდა, როგორც იქნა.
- ეგ ვიცი, გუშინ დავრეკე მთავარ ექიმთან და იმან შემატყობინა. ესე იგი, საქმე უკეთესობისკენაა?
- ასე ამბობენ.
- რას ნიშნავს, «ასე ამბობენ», შენ რა, არ გინახავს?
ირაკლიმ უცნაურად გახედა.
- რა მოხდა, რაღაც არ მომწონხარ… - შეშფოთდა გამომძიებელი.
- მას ჩემი დანახვა არ უნდა, გიგა.
- აი, თურმე რაშია საქმე… მაგრამ რატომ, არ გითხრა მაინც, რატომ?
- არაფერს არ ამბობს.
გიგამ ხელი მუხლზე დაიტყაპუნა, მერე პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ირაკლის ჟესტით შესთავაზა. მორიელმა თავი გადააქნია.
- ხომ იცი, რომ არ ვეწევი.
- რა ვიცი, ასეთ დროს ისეთებიც კი იწყებენ მოწევას, ცხოვრებაში ნაფაზი რომ არ დაურტყამთ.
- ჯერ ვერ ლაპარაკობს, ვერც ვერავის ცნობს.
გამომძიებელმა გრძლად დაუსტვინა და დაბნეულმა შეხედა მეგობარს.
- ჰო-ო… ასეთი ტრავმის შემდეგ გასაკვირი არაფერია… მაგრამ შენ გული არ უნდა გაიტეხო, ყველაფერს ეშველება, მთავარია, რომ ცოცხალი გადარჩა. ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდან. ხომ იცი, როგორც ხდება.
- არაფრის გახსენება არ სურს. გააგიჟა ექიმები, არაფერი გამახსენოთ, არაფერი მომიყვეთ, არ მაინტერესებსო.
- მამამისი ჩამოვიდა?
- ჩამოვიდა არა, ის… ფული არ დაზოგოთო, გიოსთვის უთქვამს.
- აკი ჩამოდისო? ამ დღეებში გიო ჩემთან იყო.
- ჰო, ერთი პერიოდი აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ როცა გაიგო, ერთი ვიბლიანი მოკლეს და მეორე გაიქცაო, დაამუხრუჭა. ეშინია, რომ ჩამოვიდეს, იცის, რომ ეგრევე «მიაბრიდავენ».
- თქვენი ამბავი გაიგო?
- სიმართლე გითხრა, ამით არც დავინტერესებულვარ. ოღონდ თაკომ ჩემკენ გამოიხედოს და თვალით არ დავანახვებ მაგ ახვარს, მაგის დედაც…
ირაკლის ხმაში დაღლილობა და სიფიცხე იგრძნობოდა. გიგამ დაკვირვებით შეხედა, ძველი მეგობარი ძალიან შეცვლილიყო, მოტეხილი და მობერებული ეჩვენა.
- ჩემი ბრალია ყველაფერი, მე გავაბრაზე. არადა, მეგონა, ვასიამოვნებდი, ისეთი რამე ვუთხარი, იმან კი სხვანაირად გაიგო…
- მარიმ მითხრა, გოგონა მთლად შიშველი იყოო. შენ რა, მასთან… - და გიგამ ორივე ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა.
- მე ის მიყვარს, გეფიცები… ერთი წუთით სხვა რამ არ გამივლია გულში. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. შენ ხომ მიცნობ, მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, არც ასეთი გულახდილი ვყოფილვარ ოდესმე, მაგრამ…. მაგრამ ახლა ჩემთვის სულერთია ყველაფერი. ვინც გამიგებს, გამიგებს, ვინც ვერ გამიგებს, ეს მისი პრობლემაა.
- მესმის, ბიჭო, მესმის, ვიღაცა ხომ არ ვარ. კარგი, დაწყნარდი, რა მოგივიდა. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ თვითონაც ცოცხალი გადარჩა და ბავშვსაც არაფერი დაუშავდა. მთავარი ახლა ეს არის.
ამის გაგონებაზე ირაკლის მიტკლისფერი დაედო სახეზე.
- რა თქვი? რა ბავშვი, რომელი ბავშვი?!
- რომელი და… შენ რა, არ გითხრეს, რომ ორსულად არის?
- ვინ არის ორსულად? - ფეხზე წამოვარდა აკანკალებული, ოფლით დაეცვარა შუბლი.
- აგერ დაჯექი, ძმაკაც… მოდი აქ, დამშვიდდი და კარგად მომისმინე. შენი თაკო ფეხმძიმედაა, 5-6 კვირისაა უკვე. ნაყოფი უვნებელია, ერთი უჯრედი არ დაზიანებია. უნდა გიხაროდეს, ძმაო, ეგრე კი არ არის. ახლა გმართებს გამაგრება, ცოტა საღი გონებით მიუდექი საქმეს. იმ გაქცეულ ვიბლიანს ჩვენ მივხედავთ, შენ ამ გოგოს უგდე ყური, არაფერი მოაკლდეს. მერე კი, როცა მამა გახდები, ყურებს აგიწევ მილოცვის ნიშნად, გამიგე? - მხარზე ხელი დაჰკრა გიგამ.
- გიომ იცის ეს ამბავი? - ხმადაბლა იკითხა მორიელმა, ისევ დაჯდა და მიწას ჩააშტერდა.
- არ იცის, ჩემ გარდა და შენ გარდა არავინ იცის, ექიმებს თუ არ ჩავთვლით. სასტიკად გავაფრთხილე, არავისთან დაგცდეთ-მეთქი.
- სიზმარში მგონია თავი…
- შენ კი არა, მეც, რომ იცოდე. კაცი სამუშაოდ იყავი და… რას ვიფიქრებდი, ასე თუ შეტოპავდი. კი მითხრეს ბიჭებმა, რაღაც ხდებაო, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. ვიფიქრე, ალბათ მარტო რომ არიან, ის გოგო ეპრანჭება და ამანაც აუბა მხარი-მეთქი. მაშინაც ხომ გითხარი…
- საოცარია პირდაპირ, რაღა თავი დაარტყა, ფეხი მაინც მოეტეხა, ან ხელი, ან…
- შენ ეხუმრები მეორე სართულიდან «რაზგონით» გადახტომას? კიდევ კარგად გადარჩა, ბედი ჰქონია, თორემ მიწამდე სული არ დაჰყვებოდა. კი მაგრამ, შიშველი როგორ გამოუშვი ოთახიდან, ჭკუა გაქვს თავში?
- მე რა გამოვუშვი, წამოხტა და გავარდა, სიტყვის თქმაც არ მაცალა.
გიგა მიხვდა, რომ ირაკლი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და სცადა, საუბრის თემა შეეცვალა.
- იმ ბიჭმა გაგვიყვანა კვალზე, თაკოს «პაკლონიკმა». არ ვიცი, რაში მოეპრიანა, ალბათ გააბრაზა ბიძამ და შური იძია. სოფელ ვარკეთილში იმალებოდნენ, ვინმე კაპანაძის დაკეტილ სახლში. ვახოსთან ერთად, კიდევ ოთხი ავიყვანეთ, დაქირავებულები. ოთხიდან სამზე ძებნა იყო გამოცხადებული, აზრზე ხარ?
- ის ერთი როგორ გაგექცათ?
- ბექა? მაინცდამაინც იმ მომენტში იყო ტუალეტში, რომელიც ეზოშია. გვიან გავიგეთ, თორემ იმასაც გავსკვანჩავდით.
- უ-უხ! - ხელები მომუშტა ირაკლიმ, - ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი. რა მინდოდა, რა მალაპარაკებდა, რომელი სიტყვაუხვი მე ვიყავი!
- დამშვიდდი, მეგობარო, დამშვიდი, თავს ნუ იდანაშაულებ. მორჩი წარსულის გახსენებას. რაც მოხდა, მოხდა, ვერაფერს იზამ, იმას, რაც იყო, ვეღარ დააბრუნებ. ახლა მთავარია, ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს. ბავშვს კი არა, ბავშვებს, - გაღიმება სცადა გიგამ, - ბოლო ნაფაზი დაარტყა და ნამწვი ბუჩქებისკენ მოისროლა, - გირჩევნია, ცოტა მოწესრიგდე. არა მგონია, კარგი აზრი იყოს დღედაღამ აქ ჯდომა.
- ძალიან კარგი აზრია, - ჯიუტად გადააქნია თავი მორიელმა.
- რითი? ცხოვრებას აანალიზებ?
- როგორ მიხვდი? ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი სიტყვების თქმა თუ შეგეძლო, - დასცინა მეგობარს.
- სულ თავისით ამოტივტივდა გონებაში, მე არაფერ შუაში ვარ. შენსავით ფილოსოფოსი არასდროს ვყოფილვარ, ძმაო.
ირაკლის გაეღიმა.
- მე ის არ შემირიგდება, არ მაპატიებს, ზურგი რომ ვაქციე. ვერასდროს მიხვდება, რატომ გავაკეთე ეს...
- ჩემი აზრით, დრამატიზებას ახდენ, ჩემო ირაკლი. თანდათან გაუვლის სიბრაზე, აი, ნახავ! უბრალოდ, მოთმინება უნდა იქონიო. ხელი არ ჩაიქნიო და ძველებურად სმა არ დაიწყო, იცოდე! შეხედე შენს თავს, უკანასკნელ «ბომჟს» ჰგავხარ. ასე ჩაშვება შეიძლება? წადი სახლში, მოწესრიგდი, თავს ნუ იტანჯავ. თუ გინდა, წამოდი ჩემთან, ახალ სამუშაოს მოგცემ. გინდა?
- არა, არ მინდა. ახლა არაფერი არ მინდა.
- სახლში მაინც წადი.
- სახლში დავდივარ, აბა, რას ვშვრები. აქ დღისით მოვდივარ, ღამეს კი არ ვათენებ.
- მერე? ასეთ ფორმაში უნდა იყო?
- შენ ვერ გამიგე, გიიგ. მე კი არ ჩავეშვი, უბრალოდ, შევიცვალე. მომბეზრდა უკვე იმის კეთება, რაც სხვას სჭირდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. გაიპარსო წვერი მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა მიღებული. შემომხედე, არ მიხდება წვერი?
- გიხდება, - ღიმილი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
- აი, ხომ ხედავ! - ირაკლისაც გაეღიმა.
- სიმართლე გითხრა, თავიდანვე არ მომეწონა, როცა შენი და იმ გოგოს ურთიერთობის ამბავი გავიგე.
- ვიცი, შევამჩნიე.
- არც დამიმალავს, მაგრამ… რა ვიცი, მერე რომ გავაანალიზე, ვიფიქრე, რა ჩემი საქმეა-მეთქი. ახლა კი ვნანობ, უფრო რომ არ შეგახურე. სადღაც ჩემი ბრალიცაა, რაც მოხდა. ყურები უნდა ამეხია შენთვის და მერე ისწავლიდი ჭკუას.
- ძალიან ყურადღებიანი ხარ დღეს, გიგას ვენაცვალე, დიდი მადლობა, - ირაკლის სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- კარგი, არ გეწყინოს. შეიძლება ამაში ცუდი არაფერიც არის, მაგრამ ხალხის ამბავი ხომ იცი. ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც იტყვიან - მომწონს, არ მომწონს, ვარგა, არ ვარგა… ვის გაუგონია, რა ამაზრზენია და ა.შ. თუმცა, დიდი ხანია, მივხვდი, რომ მთავარია, თავად მოგწონდეს შენი საქციელი, სხვებს არ უნდა უყურო. უნდა იყო ის, ვინც გინდა იყო.
- მერე? გამოგივიდა?
- რა? - ვერ მიუხვდა გიგა.
- თავად მოგწონდეს შენი საქციელი.
- ნუ… მთლიანობაში…
- გამოგივიდა, თანაც უკეთესადაც, ვიდრე ცდილობდი, - დაასრულა მისი ნააზრევი ირაკლიმ, - კარგი, კარგი, ნუ შეგრცხვა. რა იყო, უცხოები ხომ არ ვართ, ბიჭო! - ახლა ირაკლიმ დაუტყაპუნა მეგობარს მხარზე ხელი, - ხვალ საღამოს თავისუფალი ხარ?
- არა, ამ კვირაში არ მცალია. რატომ მეკითხები?
- გამოიარე ჩემთან, დილით მარის გავაცილებ აეროპორტში და მერე სულ მარტო ვიქნები.
- ვეცდები, ძმაო, მაგაზე გაწყენინებ? წავალ ახლა, ყელამდე საქმე მაქვს გასაკეთებელი.
- კარგად, გიგა, კარგად.
მხრებში თავჩარგული გიგა ჭადრის ხეივანს მძიმე ნაბიჯებით გაუყვა.
გაგრძელება იქნება