არასდროს ყოფილა ქმრის სამსახურში. რატომღაც, ეგონა, მიშას ევროპული ყაიდის ოფისი ექნებოდა, ფართოშუშებიანი და მაღალჭერიანი, მაგრამ შეცდა. შენობა ჩვეულებრივი კორპუსის ბინას უფრო წააგავდა, ვიდრე სერიოზული შემოსავლების მქონე კომპანიას. ოფისს სულ ოთხი ოთახი ეკავა მცირე ფართობის ჰოლით, სადაც მდივანი ლუდმილა დასკუპებულიყო.
სასაცილო ის იყო, რომ გოგონა მათ დანახვაზე ღიმილად დაიღვარა. გეგონებოდათ, ვიკას გაცნობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.
- მობრძანდით, ქალბატონო ვიქტორია, ბატონი ლევანი უკვე გელოდებათ.
როცა მდივანმა დირექტორის კაბინეტის კარი შეაღო, მათ შესახვედრად მსუქანი მამაკაცი დაიძრა, რომელსაც ისეთი მრგვალი მხრები ჰქონდა, კისერი ძლივს უჩანდა.
- მიხარია თქვენი დანახვა, მიხარია. როგორც იქნა, გავიცანით ერთმანეთი, - ლევანმა მძლავრად ჩამოართვა ორივეს ხელი, - მე კი ვზივარ აქ და ვფიქრობ, როდის ინებებს ქალბატონი ვიქტორია ჩვენთან სტუმრობას-მეთქი. თანამშრომლებიც კი მეკითხებოდნენ, ჩვენი დიასახლისი როდის გამოჩნდებაო?
ასეთი შეხვედრით გაოცებულმა ვიკამ გიორგის გადახედა, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა. «მგონი, უკვე აღარაფერში მჭირდება», - გაიფიქრა ქალმა და მსუბუქმა სინანულმა გაჰკრა სადღაც, გულის სიღრმეში.
- შეგიძლიათ ლეოთი მომმართოთ. თქვენობითი ფორმა საჭირო არ არის, აქ ყველანი შენობით ველაპარაკებით ერთმანეთს. თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი დევიზია, არავითარი იერარქია. - დაიწყო ლევანმა და ვიკას პასუხის გაცემა არ აცალა, ისე შეუდგა ოფისის «ექსკურსიამძღოლობას».
- ეს მოლაპარაკებების დარბაზია, - გააღო გვერდითა ოთახის კარი დირექტორმა, - კლიენტებთან შეხვედრა და ჩვენი თათბირები აქ ეწყობა.
მოლაპარაკების «დარბაზში» რამდენიმე მამაკაცი მრგვალ მაგიდას მისჯდომოდა და საქმით იყო გართული.
- რადგან ვიწროდ ვართ, როცა ამ ოთახს სცალია, თანამშრომლები იყენებენ სამუშაოდ, - თავი იმართლა ლევანმა, - ხანდახან ჩემი კაბინეტის ოკუპაციასაც კი ახდენენ ეს მამაძაღლები. ლამისაა, სადმე კუთხეში მივჯდე ხოლმე.
ლევანმა გზა გააგრძელა. შემდეგ ორ ოთახში კომპიუტერები განეთავსებინათ. ვიკას დანახვაზე თანამშრომლები ზეზე წამოიჭრნენ. ყველანი ცნობისმოყვარედ მისჩერებოდნენ აქამდე იდუმალ «დიასახლისს», როგორც ლევანმა მონათლა იგი.
ვიკამ უხვად დაარიგა თბილი ღიმილი. ეს ხალხი იმსახურებდა ამას, ისინი ხომ კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. წარმოუდგენია, რამდენი გააყოლებს შურით სავსე მზერას, მისი სახით ხომ მეტოქე გამოუჩნდათ თანამშრომელ ქალებს. ვიკა კი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში.
შემდეგ კვლავ დირექტორის კაბინეტში დაბრუნდნენ და «საყვარელმა» ლუდამ ყავა შემოიტანა. ლევანმა სეიფიდან შოკოლადის ორი ფილა გამოიღო, გახსნა და წვრილად დაამტვრია. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიორგის სიტყვაც არ უთქვამს. ყავაც კი არ დალია, ფანჯარასთან მდგარ სკამზე დაჯდა და ვიკასა და დირექტორის «ტკბილ» საუბარს ყურადღებით უსმენდა.
ისეთივე თავაზიანობით გამოისტუმრეს ვიკა ოფისიდან, როგორც მიიღეს. გაბრუებული იყო ასეთი მიღებით. სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. არადა, როგორ შეაშინა იმ დღეს ნატამ, ახლოს არ გაეკარო შენი ქმრის ბიზნესს, თავს ვერ გაართმევო. ამ დროს რა კარგად ჩაიარა შეხვედრამ. გიორგის ჩართვა არც დასჭირდა. რა მაგარია!
შინ დაბრუნებულს სხვა სალაპარაკო არაფერი ჰქონდა, აღტაცებული უკვე მერამდენედ იხსენებდა ლევანთან შეხვედრას.
გიორგი პასუხს არ სცემდა, ზურგშექცევით იდგა, ფანჯარაში იყურებოდა ზურგზე ხელებდაწყობილი და ფეხსაცმლის წვერებზე აწეული მონოტონურად ქანაობდა.
ვიკა დაიძაბა.
- რა, არ მოგეწონა, როგორ მიგვიღო იმ კაცმა?
გიორგიმ ქანაობა შეწყვიტა, მაგრამ არ შემობრუნებულა.
- გიორგი!
- ვიკა, ერთი ეს მითხარი, მე ჩემი საქმე შევასრულე თუ არა?
ქალი შეცბა. შეკითხვას არ მოელოდა.
- მგონი, კი. შენ რას ფიქრობ?
- გააჩნია, როგორ შეხედავ საქმეს. თუკი იმას ვიგულისხმებთ, რომ შენი თანმხლები უნდა ვყოფილიყავი, მაშინ გამოდის, რომ შევასრულე. მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ ყველაფერს, - არა.
- ვერ გავიგე, რა უცნაურად ლაპარაკობ?
- რა ვერ გაიგე? ის შენი ლევანი რაღაცას რომ ურევს, ვერ ხვდები?
- საიდან მოიტანე?
- ზედმეტად ტკბილი არ გეჩვენა?
- მერე რა? მე ხომ 51 პროცენტის მფლობელი ვარ, სხვა რა გზა ჰქონდა? არ მომეფერება და მისი აჯობებს.
- მე კი არ მომეწონა მისი ასე «მტკივნეულად» დატკბობა. რადგან ასე იქცევა, ესე იგი, რაღაც დაინტერესება აქვს.
- შენ რა გესმის ამის? - დამცინავად მიმართა ვიკამ, - ერკვევი ბიზნესში თუ რა?
- ბიზნესში არა, მაგრამ ადამიანებში კი. შენ კი ვერც ერთში ერკვევი და ვერც მეორეში.
- ერთი ამას უყურე! შენ ვინ ხარ, რომ ასე მელაპარაკო?
- ბომჟი. გელაპარაკები ისე, როგორც მჩვევია. არ მოგწონს? წავალ. გგონია, შენი აბაზანისა და ხარჩოს გარეშე ვერ გავძლებ? არც იფიქრო! როგორმე გავძლებ.
- მაშანტაჟებ?
- ვიქტორია, შემპირდი თუ არა ათას დოლარს?
- ნუუ…
- არავითარი «ნუ»! «ნუ» კი არა, შემპირდი. და რისთვის შემპირდი? არა იმისთვის, რომ შენს «ვანაში» მებანავა. ხომ მართალია? იმისთვის, რომ შენთვის ზურგი გამემაგრებინა იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც ისე არ გამოვიდოდა. პირადად მე ასეთი გულუხვი მიღება ეჭვს მიჩენს. თუ არ მეთანხმები, ესე იგი, აღარ გჭირდები. ჰოდა, წავალ.
ვიკა დუმდა. ეს კაცი ისე ელაპარაკებოდა, როგორც იდიოტს. ის კი ბომჟი იყო. სიბრაზე ყელში მოაწვა.
- აბა? რას იტყვი?
- არ ვიცი… - მაინც შეყოყმანდა.
- ოოოჰ, რა ხართ ეს ქალები! მომეცი დოკუმენტები, წავიკითხავ ერთი, რა წერია.
- და მერე მე რა ვაკეთო? - სუსტად შეეწინააღმდეგა ქალი.
- შენ ვახშამი მოამზადე.
ვიკამ ქათამი შეწვა, სუფრა გაშალა და სასტუმრო ოთახში გამოვიდა, რათა გიორგი ვახშამზე მიეწვია, ის კი დაძინებული დახვდა. უდიერად გაწოლილიყო დივანზე, ფეხები განზე გაეშალა, ხელები თავქვეშ ამოედო, ხოლო თაბახები, რომლებიც ვითომ უნდა წაეკითხა, იატაკზე იყო მიმოფანტული.
«გამაცურა ამ კრეტინმა, - ბრაზით აენთო თვალები, - რაღაც ორი სიტყვა უსწავლია წარსულში და თავი მომაჩვენა, ვითომ რაღაც იცის. შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. თვითონაც ხვდება, რომ მისი დახმარება არ დამჭირდა და ახლა ცდილობს, როგორმე დამცინცლოს ათასი დოლარი».
მორჩა, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - ახლა აჭმევს, კარგად დაანაყრებს, თავის წილს მისცემს და დაემშვიდობება. უკვე აღარაფერში სჭირდება. გადასარევად მიიღეს ფირმაში, მთავარი ეს იყო. დანარჩენს თვითონ მიხედავს, უტვინო კი არ არის, ნელ-ნელა გაერკვევა ყველაფერში.
ფრთხილად შეეხო მძინარეს და შეაღვიძა. გიორგი ადგა, ხელ-პირი დაიბანა და სუფრას მიუჯდა. სანამ არ დანაყრდა, ვიკას ხმა არ ამოუღია. გამოცდილებით იცოდა, რომ მშიერ კაცთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა. როცა გიორგიმ ვახშამს დესერტიც მიაყოლა მურაბის სახით, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა.
- რა ქენი, ჩაიხედე დოკუმენტებში? ყველაფერი რიგზეა ჩემს ფირმაში? მიხვდი, რა საქმიანობას ეწევა?
- აჰა.
- გიორგი, ნუ მატყუებ. შენ ხომ გეძინა.
- მერე რა? ჯერ წავიკითხე და მერე დავიძინე.
- წაიკითხე? ასე სწრაფად? და ყველაფერი გაიგე? - ურწმუნოდ გადააქნია თავი.
- აჰა.
- ჰოდა, მითხარი მაშინ, რა საქმიანობითაა დაკავებული ჩემი ფირმა?
- შპიონაჟით.
- რითი? _ ვიკა ყურებს არ უჯერებდა. - ეს როგორ?
- როგორ და ჩვეულებრივად. «კონკურენტული დაზვერვა» ჰქვია ასეთ საქმიანობას.
- დაზვერვა?
- კაი, რას შეშინდი?
- კი მაგრამ, ისინი ხომ იცავენ ბიზნესს თუ რაღაც ჯანდაბას!
- ასეცაა. იცავენ. ოღონდ კონკურენტებისგან.
- აბა, დაზვერვა რა შუაშია?
- რომ დაიცვა, კონკურენტს უნდა იცნობდე. კონკურენტს რომ იცნობდე, უნდა დაზვერო. გაიგე?
- ვერა.
- ვააახ! შენ ვინ ყოფილხარ! ბავშვობაში თოჯინებით გითამაშია?
- ეს რა შუაშია?
- შუაში კი არა, თავშია. კარგი მაგალითია შედარებისთვის. თოჯინა ბარბი გაგიგია?
- რა თქმა უნდა.
- ჰოდა, მომისმინე. ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ვინმე რუთ ჰანდლერმა ეს თოჯინა მაშინ გამოიგონა, როცა თავისი გოგონას თამაშს აკვირდებოდა ხოლმე. მის ქალიშვილს ბარბარა ერქვა. ჰოდა, აღმოაჩინა, რომ გოგონა თამაშისას ისე ექცეოდა თავის სათამაშოებს, როგორც უფროსი ადამიანი. ჰოდა, შვილის პატივსაცემად შექმნა ბარბი, მაგრამ არა პატარა, არამედ ზრდასრული თოჯინა პატარა გოგონებისთვის. ოღონდ შენც არ დაიჯერო ეს ზღაპარი. ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკებისთვისაა მოგონილი. სინამდვილეში კი ბარბი გერმანიაში «დაიბადა» წინა საუკუნის 50-იან წლებში. მისი ავტორია რეინჰარდ ბიუტეინი, რომელმაც თოჯინაში თავისი მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟის, ლილის სახე გამოძერწა. მაგრამ თოჯინა ლილი არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის. ის გერმანელი მამაკაცების სექს-სიმბოლოდ მოიაზრებოდა. ამიტომაც მოიფიქრეს, როგორც სახუმარო სუვენირი, რომელიც თამბაქოს ჯიხურებსა და ბარებში იყიდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლილი მოსწონდათ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ბავშვებსაც და ქალებსაც. თოჯინა საოცარი სისწრაფით იყიდებოდა და არა მხოლოდ გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ერთხელ რუთ ჰანდლერი თავის გოგონა ბარბარასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა დასასვენებლად. ბარბარამ ერთ-ერთ ვიტრინაში ლილი შეამჩნია, რომელიც ზრდასრულ გოგონას ჰგავდა და იქამდე არ მოეშვა დედას, სანამ არ აყიდვინა. დანარჩენს ალბათ თავადაც მიხვდები. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ რუთმა ლილის პლაგიატი დაამზადა და მას ბარბი დაარქვა - თავისი გოგონას სახელი. ამერიკული თოჯინას პოპულარობა ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მის ნამდვილ ავტორს თავდაპირველად უნდოდა, პლაგიატობისთვის ეჩივლა რუთისთვის, მაგრამ მერე გადაიფიქრა და გადაწყვიტა, პატენტი მოკრძალებულ ფასად გაეყიდა. ასეც მოიქცა, რის შედეგადაც გაკოტრდა, ამერიკელებმა კი ბარბით მილიარდები იშოვეს.
გაგრძელება იქნება