აჯობე წარსულს! - თავი 2 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 2

2022-03-08 10:01:17+04:00


წინა თავი

ტყუპიო?! ღმერთო ჩემო! ჯერ იყო და, საერთოდ არ ორსულდებოდა, ახლა კი ორი ერთად უნდა ეყოლოს! არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა, თუმცა საწყენი რა იყო? უბრალოდ, შეძლებდა კი ორი ჩვილის მოვლას? გუვერნანტებს პიერი კატეგორიულად არ ცნობდა, განსაკუთრებით, პირველი შვილის დაღუპვის შემდეგ.

- ეს მაგარი ამბავია, ნანა. ხომ ასეა? - ფრთხილად ვთქვი.

- რა თქმა უნდა, აბა რა! - მიპასუხა დაქალმა და თან ოხვრა მოაყოლა, - პიერი სიხარულით მეცხრე ცაზეა. მეც მიხარია. მართლა, გულით. ოღონდ ისაა, რომ… ცოტათი შემეშინდა. ხომ წარმოგიდგენია, რამხელა პასუხისმგებლობაა. რომ ვერ გავუმკლავდე? მერე რაღა ვქნა, სად წავიდე? ჯერ არ გამიჩენია და ასე მგონია, უკვე საშინლად დავიღალე.

- ეს აბსოლუტურად ბუნებრივია შენი მდგომარეობის ადამიანისთვის, ნანიკო, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. - ალერსიანად დავამშვიდე, - ახლა ერთდროულად შვებაც უნდა იგრძნო, სიმშვიდეც და სიხარულიც. მე აქედან გიგულშემატკივრებ.

ნანა უდედოდ გაიზარდა, ამიტომ დედობრივი სიყვარული არასდროს გამოუცდია. დედამისი სწორედ მის მშობიარობას გადაჰყვა. მართალია, დედამთილთან ძალზე თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ის სამი წლის წინ გარდაიცვალა. არადა, როცა გვერდით დედა, ბებია ან და გყავს, თუნდაც კარგი დედამთილი, უკვე გამამხნევებლად მოქმედებს ქალზე. ნანას კი ამათგან არც ერთი არ ჰყავდა.

- კირა… იცი, რატომ დაგირეკე? - რაღაცნაირი მორიდება შეინიშნებოდა მის ხმაში, -უნამუსოდ გამომდის, მაგრამ შენთან ერთი დიდი თხოვნა მაქვს.

- მთხოვე, ადამიანო, რას მებოდიშები?

- ვერ ჩამოხვიდოდი ჩემთან ცოტა ხნით? ნუ… გარკვეული დროით, ერთი და ორი დღით კი არა… საცხოვრებლად. დროებით, რა თქმა უნდა.

- სად, საფრანგეთში? - ისე ვიყვირე, დედაც კი გამოვარდა სამზარეულოდან და კარის ზღურბლთან გაქვავდა. იმდენად შემაცბუნა მეგობრის შემოთავაზებამ, საკუთარი ხმა ვეღარ მოვზომე.

- ხვალვე კი არ გთხოვ. საჩქარო არაა. შენ შეგიძლია იქ ჯერ შენი საქმეები მოაგვარო და მერე გადმოფრინდე. გზის ფულს პიერი აგინაზღაურებს. ვიცი, რომ სამუშაოს გულს ვერ უდებ, საქართველოში თავს ცუდად გრძნობ. იქნებ ჩემ გვერდით ყოფნამ შედარებით გაგახალისოს? მეც უფრო იმედიანად ვიგრძნობ თავს, ახლოს რომ მეყოლები. ჩემები კი თან მყვებიან, მაგრამ შენ სხვა ხარ, ხომ იცი. მშობიარობის დრო რომ მომიწევს და მეცოდინება, შენ აქვე ხარ, რამდენიმე მეტრში, უფრო გამიადვილდება ამ ბავშვების გაჩენა. არ მიწყინო, ძალიან გთხოვ. შენ აფორიაქება საერთოდ არ მინდოდა, - ეგრევე შეშფოთდა, ხმა რომ არ ამოვიღე, -ამიტომ, თუ ვერ შეძლებ, სულ არ მეწყინება.

- მოიცა, მოიცა, ერთი წუთით მაცალე! - საოცრად დავიბენი, როცა ჩვენი საუბარი სრულიად მოულოდნელად სხვა კუთხით წარიმართა, - შენ გინდა, რომ მე ხანგრძლივი დროით ჩამოვიდე შენთან? რაც შეიძლება მეტხანს დავრჩე? თვეების განმავლობაში?

- ხო რა! - ყოყმანი შეერია ხმაში, - რამდენიმე თვით, თუკი შეგიძლია. ისე მინდა ჩემ გვერდით იყო, ვერ წარმოიდგენ. პიერის ამბავი ხომ იცი, ძიძის გაგონებაც არ უნდა. შენ კი ისეთი ახლობელი ხარ ჩვენთვის, რომ… თან ბავშვების მოვლის გამოცდილებაც გაქვს. - თქვა და უცებ გრძელი პაუზა მოაყოლა ნათქვამს, მერე კი ნაჩქარევად ალაპარაკდა, - უი, მაპატიე, მაპატიე, სულ დამავიწყდა, შენ რომ იმ ამბის გახსენება არ გსიამოვნებს.

- კაი, ნუ სულელობ, - დავამშვიდე, - ეს ხომ შორეულ წარსულში იყო… ნან, მე კი ჩამოვალ, მაგრამ პიერი რას ფიქრობს ამ საკითხზე?

- შენ წარმოიდგინე, ეს მისი იდეა იყო, - გახალისდა უცებ ჩემი მეგობარი, - როცა გავიგეთ, რომ ტყუპი უნდა გვეყოლოს, მაშინვე თქვა, პირველ თვეებში ვინმეს დახმარება აუცილებლად დაგჭირდებაო და გაიხსენა, შენ რომ ჩვენთან იყავი ზაფხულში ჩამოსული დასასვენებლად, ამბობდი, ბავშვების მოვლა სიამოვნებას მანიჭებსო. ჰოდა, მითხრა, იქნებ კირა ჩამოგვეყვანა, იქაურობასაც გამოექცევა და ჩვენც დაგვეხმარებაო. ამასთან, რამდენ ხანსაც დარჩები, აქაური გუვერნანტის ტარიფით გადაგიხდით, ისე კი არ გვინდა.

- არავითარ შემთხვევაში! - გადაჭრით ვთქვი უარი, - თუ ჩამოვალ, ეს მხოლოდ მეგობრული დახმარება იქნება. ფული არ გამაგონოთ! თქვენთან იმ ზაფხულს ისეთი დრო გავატარე, ცხოვრებაში არ დამავიწყდება. თან ერთი თეთრიც არ დამიხარჯავს, სულ თქვენ იხდიდით ჩემს ხარჯებს. გგონია, დამავიწყდა? გზის ფული მაშინაც პიერმა გადამიხადა.

- კარგი, ხო, ნუ გაცხარდი. შენ ჩამოდი და დანარჩენი მერე ვნახოთ. შენი მიღება ყოველთვის შეგვეძლება, კარგად იცი. იმხელა სახლი გვაქვს, ყველანი დავეტევით. კრისტიანი სიხარულით გაგიჟდება. სულ შენ გახსენებს, ნეტავ როდის ჩამოვა, ძაან მომენატრაო.

კრისტიანი პიერის უმცროსი ძმაა. სწორედ ის დამატარებდა ყველგან, მთელი პარიზი ლამის ფეხით მომატარა, ლევილშიც კი წამიყვანა, ქართველების "წმინდა" ადგილი უნდა მოგანახულებინოო. არადა, სულ რაღაც ცამეტი წლის თუ იქნება ახლა. მაშინ კიდევ უფრო პატარა იყო, სადღაც, ალბათ, ათი წლის. მე ხომ დაახლოებით სამი წლის წინ ვიყავი მათთან სტუმრად ჩასული.

- კრისტიანი მეც მენატრება. რა დამავიწყებს, ლამის თან გადამყვა, ისეთი პატივი მცა. ჩემი დაუზარელი ბიჭი. მართლა, როგორაა?

- რა უჭირს, თავში ისევ ქარი უქრის. ჯერ მაინც პატარაა, - გაიცინა ნანამ.

- პატარაა, მაგრამ დაუზარელი და ერთგული.

- კი, მაგას ვერ დავუკარგავ. ისეა ჩემზე მოტმასნილი ჩემი დედამთილის გარდაცვალების მერე, თითქოს მე ვიყო მისი დედა. - ამოიოხრა ნანამ.

- ეჭვიც არ მეპარება. შენ ისეთი თბილი ხარ, ვის არ შეაყვარებ თავს.

- კაი რა, ნუ მაწითლებ, - კვლავ გაიცინა, - ჰა, რას იზამ, ჩამოხვალ? ძაან კი გამახარებ. - ისევ გაიმეორა ნანამ იმედმოცემული ტონით, - აქ უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ შენ ვერც შეგადარებ მათ. ფრანგები სულ სხვანაირები არიან. სულ იმას ვამბობ, მე და შენ დებად უნდა დავბადებულიყავით-მეთქი. სხვა სიყვარული მაკავშირებს შენთან.

- ვიცი, რასაც გულისხმობ, ნანიკო, - გული ამიჩუყდა. მეც ზუსტად იმავე გრძნობით ვიყავი გამსჭვალული მის მიმართ. შეიძლება ღვიძლ დასთან ვერ იყო ისე ახლოს, როგორც ჩვენ ერთმანეთთან ვიყავით, ასეთი რამ კი ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს. მე რადგან ორი ძმა მყავდა და არც ერთი და, ეს სიცარიელე მან შემივსო.

- ასე რომ, მოიფიქრე, კარგი? ორ დღეში დაგირეკავ. მოიცა, არ გათიშო, პიერს უნდა შენთან ლაპარაკი.

და რადგან ფრანგულს შესანიშნავად ვფლობდი, სიამოვნებით გავაბი ჩემი დაქალის ქმართან ფრანგულად საუბარი…

და აი, იმ საუბრიდან ორი თვე გავიდა. ისე გამახარა მაშინ მეგობრის ზარმა და შემოთავაზებამ, რომ თბილისის ცივი, წვიმიან-ქარიანი ზამთარი მარადიულ გაზაფხულად მექცა. ჩავედი ნიცაში, საბაჟო კონტროლიც გავიარე, აეროპორტის მოსაცდელში მებარგულს ფული გადავუხადე ჩემი ჩემოდნების ზიდვისთვის და თვალებით პიერს დავუწყე ძებნა.

ყველაფერი უკან დარჩა: მუდმივი ხალხმრავლობა ჩემს ოჯახში, ჩემი ძმების მეგობრების გადამკიდე, საბავშვო ბაღში მოსაწყენი სამუშაო, წარსულის უსიამოვნო მოგონებები… უეცრად თავი თავისუფლად და თითქმის ბედნიერად ვიგრძენი. თავი ავწიე, სახე მცხუნვარე მზის სხივს მივუშვირე მისალმების ნიშნად და გავუღიმე.

- მის ფანჯიკიდე? - ამ დროს თავაზიანი, მაგრამ ცივი ხმა მომესმა, ისეთივე ცივი, როგორი გარეგნობისაც მისი პატრონი აღმოჩნდა - მაღალი შავთმიანი მამაკაცის, რომელსაც ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავდი, ფრანგს საერთოდ არ ჰგავდა და მკვეთრი არაფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა, - მის კირა ხართ?

- დიახ, - ფრანგულადვე მივუგე შედარებით უკეთესი აქცენტით და გაოცებით შევაჩერდი.

ვიმედოვნებდი, რომ სახიდან მეოცნებე ქალის იერის დროულად მოცილება შევძელი და იმ სიხარულის დამალვაც, ნიცაში ჩამოსვლამ რომ განამაცდევინა. თუმცა უცხო ხმის გაგონებამ და უცნობი მამაკაცის დანახვამ თავი წამით დაუცველად მაგრძნობინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი შიშმა შეიპყრო.

თუმცა, როგორც ჩანს, იმ მაღალმა კაცმა ერთიც შეამჩნია და მეორეც, ამიტომ მისი ლამაზი სახე კიდევ უფრო შეუვალი გახდა.

- მე ფაბიენ მორელი ვარ, პიერის სიძე, - გამეცნო უცნობი, - მან ვერ შეძლო წამოსვლა, სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში საჩქარო საქმეზე. ნანა კიდევ არ გამოუშვა, მის მდგომარეობაში საჭესთან ჯდომამ ცუდად არ იმოქმედოსო, ამიტომ მე მთხოვა დაგხვედროდით.

- გასაგებია, - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და მივხვდი, ხმა როგორ გამებზარა. ეს ამხელა კაცი, ზემოდან რომ დამყურებდა, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგს მაცლიდა და თავის ხელში აყვანას ვერ ვახერხებდი. გამახსენდა, რომ პიერის დისა და სიძის სურათი ნანახი მქონდა, მაგრამ ეს შავგვრემანი კაცი საერთოდ არ ჰგავდა იმ ფოტოზე გამოსახულს ან მე არ დამამახსოვრდა კარგად. შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ იმ ფოტოს გადაღების შემდეგ პიერის და მალევე გარდაიცვალა, ხოლო თავს მოულოდნელად დამტყდარმა უბედურებამ შეიძლება ისე შეცვალოს ადამიანი, ვეღარც იცნო.

- იქნებ ჩემი პირადობის დამადასტურებელი საბუთი გჭირდებათ? - ფაბიენი მთელი ძალისხმევით ცდილობდა მისთვის უცხო ენასთან გამკლავებას, - ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან თან არ მაქვს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ პიერს დაურეკავთ.

- არა, არა, ყველაფერი რიგზეა, - როგორც იქნა, ამოვთქვი, - მე თქვენი ფოტო მაქვს ნანახი.

- ეს კარგია, - თქვა მან და ცივად გამიღიმა.

შევეცადე, მეც ისეთივე ღიმილით მეპასუხა, მაგრამ ვერა და ვერ გადავლახე შებოჭილობა, რომელიც ფაბიენის გამოჩენისას დამეუფლა.

- მაშინ პრობლემა არ გვქონია. მეც მაქვს ნანახი თქვენი სურათი. სხვათა შორის, აქ, ნიცაში გადაღებული. იმედია, საფრანგეთში კარგი დრო გაატარეთ?

- კი, შესანიშნავი, - მივუგე და შევნიშნე, როგორი სიმსუბუქით ასწია ორი მძიმე ჩემოდანი, თითქოს საერთოდ წონა არ ჰქონოდა. არადა, ისე მქონდა ორივე გაძეძგილი ჩემი ტანსაცმლითა და საჩუქრებით, რომ იქაც და აქაც მებარგული დავიქირავე.

- ნანა როგორაა?

- ნანა კარგადაა, თავს მშვენივრად გრძნობს, - მიპასუხა პიერის სიძემ და თავი გადააქნია, - წავედით?

_ ჰო, რა თქმა უნდა.

მის გვერდით თავი რატომღაც ბავშვად წარმომედგინა, რაც მაწუხებდა. რა მაშინებს? -ვეკითხებოდი გულში ჩემს თავს და ფარულად ვაკვირდებოდი ფაბიენის გამოკვეთილ პროფილს, სანამ აეროპორტის შენობიდან გამოვდიოდით. ყველაფერი მაშინებდა. არა მხოლოდ მისი მკაცრი გამოხედვა, არამედ სიმაღლეც, მსუბუქ ქურთუკში შემალული ფართო მხარ-ბეჭიც, მუქი, ცივი, ამოუცნობი მზერაც, ცივი ღიმილიც… ის, უბრალოდ, უსაშინლესი მამაკაცი იყო.

უსაშინლესი? რა სისულელეა! - გავუწყერი საკუთარ თავს. ეს კაცი პიერის საუკეთესო მეგობარია. და ნანასიც. რამდენადაც ვიცოდი, რამდენიმე წლის წინ მას ტრაგიკული შემთხვევის გამო ახალგაზრდა ცოლი დაეღუპა. ალბათ ამ დრომდე განიცდის ამ ამბავს - ის ხომ ულამაზესი გოგო იყო. არა, უსაშინლესი სულაც არ არის. შეიძლება ზედმეტად ჩაკეტილი ადამიანია. იქნებ გარიყულადაც კი მიაჩნია თავი და ჩამოცილებულია საზოგადოებას? ვიცოდი, რომ ფაბიენიც ფრანგი იყო, მაგრამ სადღაც უცხოეთში გაიზარდა, მგონი ესპანეთში, ამიტომაც ფრანგულად საუბარი ცოტათი უჭირდა. როგორც მახსოვს, მამამისი ცოლს რომ გაეყარა, იგი მთლად ბავშვი იყო და უცხოელმა დედამ თავის სამშობლოში წაიყვანა. საფრანგეთში მხოლოდ დედამისის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, რადგან უკვე სრულწლოვანი იყო. მამამაც სიამოვნებით მიიღო ვაჟი და თავისთან შეიფარა, რადგან მეორე ოჯახი არ შეუქმნია და, შესაბამისად, მის გარდა შვილი არც ჰყოლია.

მას უკან მივყვებოდი და ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი. იმხელა ნაბიჯებს ადგამდა, ლამის სირბილით ვედექი კვალში. ასე ვიარეთ, სანამ ვერცხლისფერ "მერსედესამდე" მივაღწევდით.

ახალმა ნაცნობმა ჩემი ჩემოდნები მსუბუქად ასწია და საბარგულში მოათავსა, მერე წინა სალონის კარი გამიღო და სანამ მანქანას შემოუვლიდა, რათა საჭეს მისჯდომოდა, კმაყოფილებით შევათვალიერე ავტომობილის ძვირად ღირებული სალონი და ღია ნაცრისფერი სავარძლის გადასაკრავები.

იმან, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქმარი პიერ ჟერარი ზღაპრულად მდიდარი იყო, ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამაოცა. ახლა კი იმაშიც დავრწმუნდი, რომ არც ფაბიენი იყო მასზე ნაკლებად მდიდარი. მისი ქურთუკი და შარვალი ნაღდად არ ჩანდა მზა ტანსაცმლის მაღაზიაში შეძენილი. ფეხსაცმელიც, სავარაუდოდ, შეკვეთით უნდა ყოფილიყო შეკერილი, ხოლო ოქროს საათი, რომელიც მის მაჯას ამშვენებდა, თავისთავად ყველაფერს ნათელს ხდიდა.

ერთხელ ნანამ მითხრა პიერზე, მისნაირები პირში ვერცხლის კოვზით დაიბადნენო. თურმე საფრანგეთში მდიდარ ადამიანებზე ასე ამბობენ. იგივე შემეძლო ფაბიენზე მეთქვა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყანაში მისნაირები ცოტანი არ არიან. მერედა, მე რა? არც არაფერი.

- რამე მოხდა? - შემეკითხა მოულოდნელად. არ ვიცი, რატომ. ვითომ სახეზე რაღაც განსაკუთრებული გამომეხატა? არა, მაგრამ ალბათ იმან შეაშფოთა, ასე დაჟინებით რომ მივშტერებოდი. ჩემდა უნებურად, ალმური წამეკიდა.

- ყველაფერი რიგზეა, - სწრაფად მივუგე და განზე გავიხედე.

- მართლა? - ხმადაბლა მკითხა და ჩემი ყურადღება რომ მიეპყრო, ხელი ჩემი სავარძლის საზურგეზე გადადო.

შევხედე და მთელი ძალები მოვიკრიბე, რომ მისი გამჭოლი მზერისთვის თვალი გამესწორებინა.

- მართლა.

- რამდენი წლის ხართ? - მკითხა და, როგორც ჩანს, საკუთარმა შეკითხვამ თვითონვე შეაცბუნა, რადგან სასწრაფოდ დაამატა, - მაპატიეთ, ეს უტაქტობა იყო ჩემი მხრიდან.

ფაბიენმა მანქანა დაქოქა. ამასობაში ისე დაეძაბა გამომეტყველება, მივხვდი, საკუთარი შეცბუნების დაფარვას ცდილობდა.

- არა უშავს, - მივუგე, თან თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ვეფხვი მყოლოდა კუდით დაჭერილი, - ოცდაოთხი წლის ვარ, თუმცა ვიცი, რომ ამდენი არ მეტყობა.

- არა, არ გეტყობათ, - დამეთანხმა იგი, თან ისე, რომ საერთოდ არ შემოუხედავს. გზას გაჰყურებდა და თავის შავ თვალებს ოდნავ ჭუტავდა.

- ეს მემკვიდრეობითია, - განვმარტე, - დედაჩემიც, თავის წლოვანებასთან შედარებით, ბევრად ახალგაზრულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილი ჰყავს. ასე რომ, ალბათ მეც ღრმა სიბერემდე მოზარდივით ყოფნა მიწერია.

ფაბიენმა თავისი ხშირი წარბები გაოცების ნიშნად ოდნავ აზიდა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მივხვდი, რომ რაღაც იაღლიში მომივიდა. რა უსიამოვნო ტიპია! - გავიფიქრე ჩემთვის, ისეთი რა ვთქვი? რაც მართალია, ის ვუთხარი, რას გაიკვირვა?

"სულერთია" გამომეტყველება მივიღე და ფანჯარაში გავიხედე, თუმცა ალმურმა ისევ ამიწვა სახე.

არა, ნამდვილად უსიამოვნო ტიპია!

მეხსიერებაში აღვიდგინე მისი ცოლის სახე და გული შემეკუმშა. ახალგაზრდა ფრანგი ქალი ლამაზი იყო - ძალიან ლამაზი. რაღაცნაირად კატისებრთა ოჯახის მომნუსხველობა იგრძნობოდა მის დახვეწილ სილამაზეში.

ფაბიენი, უეჭველია, გამომწვევ და ვნებიან ქალებს ანიჭებს უპირატესობას, - მოულოდნელად გავიფიქრე. მსგავსი დახასიათება ყველაზე ნაკლებად მიესადაგებოდა ჩემს ბიჭურ ფიგურას და უკოსმეტიკო სახეს. თუმცა ეს საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი. ფაბიენ მორელი ისეთ მამაკაცთა ტიპს მიეკუთვნებოდა, როგორიც არასდროს მომწონდა. ასეთებს უყვართ საზოგადოებაში თავის გამოჩენა, რათა რაღაცით ყველას ყურადღება მიიპყრონ და ამით თავიანთი მამაკაცურობა გამოკვეთონ.

- ესე იგი, ნანას მეგობარი ხართ, არა? როგორც ვიცი, ერთად სწავლობდით. - კილოზე ეტყობოდა, დიდად არ ეხალისებოდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მზად იყო, ეს მსხვერპლი გაეღო.

- დიახ, - ძალზე მოკლე პასუხი გამომივიდა და რადგან ჩვენ ორს საკმაოდ შორი გზა უნდა გაგვევლო ერთად, საჭიროდ ჩავთვალე, დამემატებინა: - თუმცა სპეციალობით თითქმის არ მიმუშავია. უფრო ბავშვების მოვლით ვიყავი დაკავებული.

- ჰოო? - იკითხა გაოცებულმა და თავისი კუნაპეტ ღამესავით შავი თვალებით ისე შემომხედა, მეგონა გამბურღავდა, - რატომ? ჩათვალეთ, რომ სპეციალობით მუშაობა სათქვენო საქმე არ იყო?

- მთლად ასეც არ არის…

- აბა, როგორ არის?

- უბრალოდ, ბავშვები ძალიან მიყვარს.

ჩვენი საუბარი აშკარად უსიამოვნო ხასიათს იძენდა, მე კი ეს არ მინდოდა. მასთან საუბარიც არ მინდოდა, მაგრამ ამხელა გზაზე სულ ჩუმად ხომ არ ვიჯდებოდი? თანაც, მისი სხეულის სიახლოვე რაღაცნაირად მაშფოთებდა, ხოლო აშკარად ძვირად ღირებული ოდეკოლონის სასიამოვნო სურნელი აზრების მოკრებაში მიშლიდა ხელს.

- მერედა, რატომ აღარ გააგრძელეთ ბავშვებთან მუშაობა თქვენს ქვეყანაში? - არ მეშვებოდა ჩემი ახალი ნაცნობი.

- იმიტომ, რომ ერთი შემთხვევა მოხდა და ვეღარ შევძელი სამუშაოს დავბრუნებოდი, - რაც შეიძლებოდა ფრთხილად ავუხსენი, თუმცა…

ვეღარ შევძელი კი არა, კატეგორიულად არ დავუბრუნდი! ამას ხომ ვერ ვეტყოდი?

- გასაგებია, - ფაბიენმა კვლავ მესროლა გამჭოლი მზერა, მაგრამ მე თავი დავხარე და სახე ჩამოშლილი თმით დავიფარე.

- სამაგიეროდ, ახლა ნანა გააჩენს შვილებს და ისევ განაახლებთ საქმიანობას. ეს ერთგვარი პრაქტიკა იქნება თქვენთვის. ასე ვთქვათ, საკუთარ კარიერას გააგრძელებთ.

- შესაძლოა. - და ეს ისეთი ტონით წარმოვთქვი, უნდა მიმხვდარიყო, რომ საუბარი დამთავრებულია. არანაირად არ მსურდა უცხოსთან ამაზე მემსჯელა. ისედაც, მგონი, ძალზე შორს შევტოპე მასთან ბაასში.

ამის შემდეგ ზუსტად ექვსმა წუთმა დუმილში გაიარა, მე ვიტყოდი, დაძაბულ დუმილში. ეს კი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ მზად ვიყავი, კვლავ ავლაპარაკებულიყავი, ოღონდ სხვა რამეზე - ამინდზე, პეიზაჟზე, საფრანგეთზე, მაგრამ არ დამცალდა, რადგან ფაბიენმა დამასწრო. ჩემკენ ღიმილით მოაბრუნა თავი და მითხრა:

გაგრძელება იქნება