აჯობე წარსულს! - თავი 3 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 3

2022-03-09 10:10:16+04:00


წინა თავი

- მგონი, ცუდი არ იქნებოდა, ცოტა ხნით გავჩერებულიყავით და გვესაუზმა. აქ, სანაპიროზე ძალიან კარგი რესტორნებია.

- თქვენ რა, რესტორანში მეპატიჟებით? - თან შემეშინდა, თან გამიკვირდა. ფრანგებს ასეთი ხელგაშლილობა არ სჩვევიათ. მერე რა, რომ საფრანგეთში არ გაზრდილა, სულით და ხორცით ხომ ფრანგი იყო.

როგორც ჩანს, გამოიცნო, რაც დამემართა და გაიცინა.

- ისეთი ტონით შემეკითხეთ, თითქოს მხოლოდ სულიერი საკვებით კმაყოფილდებოდეთ და ლუკმა არასდროს ჩაგედოთ პირში. მაგრამ, ალბათ, ხანდახან მაინც მიირთმევთ რამეს, არა?

რა სისულელეს მეკითხება. ვჭამ, აბა, რას ვშვრები? - გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ამ ფაბიენთან ერთად არც საუზმობის სურვილი მქონდა და არც ვახშმობის. შეიძლება იგი დავალებულად გრძნობს თავს პიერისა და ნანას წინაშე და იმიტომაც მეპატიჟება.

- მე… მე მინდოდა ნანასთან ერთად მესადილა. თანაც, სულაც არ მშია.

- მე კი შიმშილით ვკვდები.

რაღაც უცნაური ინტონაციით კი მომიგო და ბოლომდე ვერ ჩავწვდი, დამცინავად წარმოთქვა ეს სიტყვები თუ, უბრალოდ, გულწრფელი მხიარულობით. როგორც უნდა ყოფილიყო, მე კი შემაჟრჟოლა და…

რა სიკვდილი მჭირს! ისე ვიქცევი, თითქოს კაცთან ერთად მანქანაში არასდროს ვმჯდარვარ. დიდი ამბავი, თუ პიერის სიძემ რესტორანში დამპატიჟა. ბოლოს და ბოლოს, სტუმარი ვარ, გადამთიელი ხომ არა? - გუნებაში ჩემს თავთან კამათი გავაბი.

ჰო, ვმჯდარვარ, მაგრამ არა ამისთანასთან, - ვაღიარე. სიმართლეს თუ ვიტყვი, მისნაირი კაცი ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია. ჩემი პირველი რეაქცია უტყუარი გამოდგა - იყო მასში რაღაც შემაშინებელი, რაღაც საგანგაშო… და სახიფათოც. კონკრეტულად რა მაშინებდა, არ ვიცი, მაგრამ გუმანით ვგრძნობდი, რომ მართალი ვიყავი. ნეტავ რატომ ამეკვიატა ასეთი შეგრძნება? უფრო ალბათ იმიტომ, რომ იგი ზედმეტად… მამაკაცური იყო.

- რა გადაწყვიტეთ? - მისი ხმა ჩაფიქრებულს ისე მოულოდნელად მომწვდა, რომ შევკრთი და მხოლოდ მერეღა გავიაზრე, რომ შეკითხვისთვის პასუხი არ გამიცია, - ძალზე მოსაწყენი ხომ არ იქნება თქვენთვის, სადმე გავჩერდეთ და მე მაინც წავიხემსო?

ისევ გაურკვეველი ინტონაცია. ეს კაცი რა, დამცინის? გავხედე და ყურადღებით დავაკვირდი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახის გამომეტყველება არაფერს გამოხატავდა გარდა უბრალო ცნობისმოყვარეობისა, მის თვალებში ანთებული ველური ცეცხლი მაინც შევამჩნიე. ამ უცხოელს რა ჰგონია, ჩემი აბუჩად აგდება ადვილად გამოუვა? - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და სახეზე ალმურმა ამკრა.

ჰო, აშკარად დამცინის. როგორც კი ამ დასკვნამდე მივედი, ბრაზი მრისხანებაში გადამეზარდა. რა თავხედია! ისე მექცევა, როგორც ხაფანგში გამოჭერილ თაგვს, რომელსაც შეგიძლია ისე მოექცე, როგორც გაგიხარდება - გინდა აწამებ, გინდა ათამაშებ. იქნებ ჰგონია, რომ მისით მოხიბლული ვარ და ვეპრანჭები? რომ მისმა გარეგნობამ თავბრუ დამახვია და ჭკუაზე არ ვარ? ესღა მაკლია!

თვალები დავაკვესე და ცივი, ამპარტავნული ხმით მივუგე:

- რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ისადილოთ, მესიე ფაბიენ! - და კმაყოფილებამ შემიპყრო, როცა ჩემი ტონით გაოცებულმა გამომხედა, - მე, უბრალოდ, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება ნანა სადილად ჩემ მისვლას ელოდება. ეს არის და ეს. მაგრამ რადგან მასთან საურთიერთოდ წინ მთელი თვეები მელოდება, დღეს დროის დაკარგვას მნიშვნელობა არა აქვს.

"ისევე, როგორც შენ არ ხარ მნიშვნელოვანი ჩემთვის", - გულში გავიფიქრე, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ხმამაღლა ვთქვი.

ჩემი თანამგზავრი ირონიას მიმიხვდა.

- ნამდვილი თავაზიანობაა თქვენი მხრიდან, - წარმოთქვა და ხმაზე აშკარად შეეტყო, რომ ჩემი ჩუმი დარტყმა იწვნია, - ყველა ქართველი გოგონა ასეთი გალანტურია?

- ოჰ, მგონი, ამ შეკითხვაზე თქვენ უკეთ შეგიძლიათ პასუხის გაცემა, ვიდრე მე, - სარკაზმი უხვად მოვაფრქვიე სათქმელს, მრისხანების დაოკებას ვერა და ვერ ვახერხებდი, - ჩემი აზრით, ქალების ხასიათს ჩემზე უკეთ იცნობთ. ალბათ ბევრ ქალთან გქონიათ ურთიერთობა, ხომ ასეა? იქნებ ქართველებთანაც?

- რას მეუბნებით! - მხოლოდ ამის თქმა შეძლო.

- მახსოვს, ნანა მეუბნებოდა თქვენზე, საქმიანი კავშირები არა მხოლოდ ევროპაში, ამერიკაშიც კი აქვსო. ბევრ ადამიანს ეკონტაქტებით, არა? მათ შორის, ქალებსაც.

- ჩემი საქმიანი კავშირები? ა, ჰო… - მისმა ძლიერმა არაფრანგულმა აქცენტმაც კი ვერ შეძლო იმ სექსუალურობის დამალვა, რომელიც ასე ორგანული იყო ფაბიენის პიროვნებისთვის და რომელიც ჩემზე ერთობ შთამბეჭდავად მოქმედებდა, - ჩემი საქმიანი კავშირები… ისინი ხანდახან ძალზე დამღლელია.

- ეჭვიც არ მეპარება! - კვლავ სარკაზმით მივუგე, მაგრამ არ მინდოდა ეფიქრა, რომ ის ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ამიტომ ტონი შევარბილე, - სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, მოგწონთ თქვენი საქმიანობა, ასეა? გიყვართ თქვენი სამუშაო?

- ვცდილობ, კირა, ვცდილობ…

ეს ისე შინაურულად მითხრა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. ცდილობს! კი, რატომაც არა! ვინ იცის, რამდენ ქალს შეხვედრია ცხოვრებაში, რამდენთან გაუტარებია დრო. მისნაირ კაცს მცდელობა სულაც არ სჭირდება. ქალები ალბათ თვითონ უვარდებიან მკლავებში, საკუთარი ნებით, როგორც მწიფე ატმები. მთავარია, ამ შავმა თვალებმა მსხვერპლი მიზანში ამოიღონ. მაგრამ არა მე! - ბოროტად გავიფიქრე.

- ახლა კი, როცა გავარკვიეთ, რომ მე ასეთი დაკავებული ადამიანი ვარ, შეიძლება მეც გკითხოთ? თქვენ თუ იყავით იმ თქვენს საქართველოში საქმით გადატვირთული, თქვენც იღლებოდით ხოლმე?

- მე? - ყოყმანი გამერია ხმაში, რადგან ეს სახიფათო თამაში მომბეზრდა. ორივენი ნათლად ვხვდებოდით, რომ "დაღლასა" და "გადატვირთულობაში" სექსუალურ პარტნიორებს ვგულისხმობდით, - მე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. ვიღლებოდი, რა თქმა უნდა, ფუტკარივით მოზუზუნე ბავშვებთან მთელი დღის გატარება ადვილი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, საინტერესო იყო. ეს კი მთავარია. მოსაწყენი სამუშაო არ მიყვარს!

და დავიწყე ათასნაირი ამბის მოყოლა ჩემი პრაქტიკიდან - ნამდვილის და გამოგონილის. თვითონაც არ ვიცოდი, ამხელა ფანტაზიის უნარი თუ გამაჩნდა.

- ეს ყველაფერი გასაგებია. მე სხვა რამ მაინტერესებს. როგორც ჩანს, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. იქ, საქართველოში, ვინმე გელოდებათ? თქვენს დაბრუნებას ელოდება ვინმე?

- მამაკაცს გულისხმობთ? - ვითომ მხოლოდ ახლა ჩავწვდი მისი შეკითხვის არსს.

- სწორედ ასეა.

- არა, - პატიოსნად ვაღიარე.

- არა?

უარის ნიშნად ამჯერად თავი გავაქნიე და ფაბიენმა ყურადღებით შემომხედა.

- ერთობ იდუმალი განაცხადია.

- იდუმალი? - გავიოცე, - ვერავითარ იდუმალებას ჩემს ნათქვამში ვერ ვხედავ.

- ნუთუ? როცა ახალგაზრდა ლამაზი ქალი ასე გადაჭრით აცხადებს, რომ…

- გადაჭრით არაფერსაც არ ვაცხადებ! - პირში ვეცი, - უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ვამბობ იმას, რაც არის. და თქვენ მშვენივრად ხედავთ, რომ მე ლამაზი სულაც არ ვარ, მესიე ფაბიენ.

- აი, ამაში კი შემიძლია შეგეკამათოთ, - მომიჭრა, - და ძალიან გთხოვთ, აღარ მომმართოთ "მესიე ფაბიენით", კარგი? მე ხომ უცხო არა ვარ. მერე რა, რომ დღეს გავიცანით ერთმანეთი. თქვენ იცით, მე ვინც ვარ, მეც ვიცი, თქვენ ვინ ხართ. ამიერიდან დიდხანს მოგვიწევს ამ ქალაქში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრება და სრულიად ბუნებრივი იქნება, თუკი ერთმანეთს ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მივმართავთ. იმედია, იცით, რომ ხშირი შეხვედრები გვექნება პიერის ოჯახში.

- ხშირი? - თუთიყუშივით გავიმეორე და შიში იმდენად შესამჩნევი შეიქნა ჩემს ხმაში, რომ ფაბიენს გაეღიმა.

- პიერი და ნანა ხომ ჩემი მეგობრები არიან, უპირველეს ყოვლისა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ოჯახის სიძედაც მოვიაზრები.

- ეგ ვიცი, რა თქმა უნდა.

- მეგობრები და ნათესავები კი ხშირად უნდა მოინახულო. არ მეთანხმებით? როგორც მსმენია, თქვენთან ასეთი რამ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. ნანა ბევრს მიყვება საქართველოზე და ვიცი, როგორი მეგობრობა და ნათესაობა იციან ქართველებმა.

- ჰო, მაგრამ…

- არ მესმის, ასე რამ შეგაშინათ. - პირდაპირ მომახალა, - მე უბრალოდ, მშვიდ ოჯახურ შეკრებებს ვგულისხმობ ნანასა და პიერთან ერთად. თქვენ სანახავად კი არ ვივლი მათთან. მართლა ხშირად დავდივარ იმ ოჯახში და მომავალშიც ვივლი. ასე რომ, მოგიწევთ ჩემს ვიზიტებს შეეჩვიოთ, მოგწონთ ეს თუ არა.

- მოწონება-არმოწონება არაფერ შუაშია, - ნირწამხდარმა მივუგე, - მშვენივრად მესმის, რასაც გულისხმობთ.

- ძალიანაც კარგი, თუ გესმით. აი, ახლა კი ყველაფერი გავარკვიეთ. - თბილი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე და კვლავ მზრუნველ კავალერად გადაიქცა, მე კი ისე დავიბენი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. არადა, ჩემი თავისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი.

ამ სიტყვებთან ერთად ფაბიენმა მანქანა ყვავილებით მორთულ ლამაზ ეზოში შეაგრიალა. მან ძრავა გამორთო და ირონიული ღიმილით შემომხედა. მის მგრძნობიარე ტუჩებს ასეთი ღიმილი რაღაცნაირ დაუნდობელ იერს ანიჭებდა. სწორედ ეს მაშინებდა მასში.

- რაც შეეხება თქვენს გარეგნობას, კირა, უკვე გითხარით, რასაც ვფიქრობ. თქვენ ლამაზი გოგონა ხართ, რასაც ნებისმიერი ქალების შემფასებელი და ამ საქმეში ჩახედული მამაკაცი დამიდასტურებს. მე კი ისეთი ადამიანი ვარ, სილამაზის წინაშე ქედს რომ იხრის, თუმცა ვაღიარებ, რომ იგი მომაკვდინებელი ძალაა. ძალზე ხშირად სილამაზე დიდი სისულელეა. აი, ამას კი ვერ ვიტან.

- სისულელე? - მისი თვალების ნაპერწკლებით პარალიზებულმა ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვა. სულაც არ მომწონდა მისი ნათქვამი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ შემათრთოლა.

- უეჭველად, - ფაბიენს სახე მოეღუშა და არ გამომპარვია, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა ძალად გაღიმება, - სილამაზე ხომ უდიდესი მაცდუნებელი ძალაა, რომელსაც სამყარო ყველაფერში იყენებს. აიღეთ, მაგალითად, ბელადონა თავისი იისფერ-მოიასამნისფრო ყვავილებით და მომწამვლელი ნაყოფით, ან თუნდაც შხამიანი სოკო, რომელიც ისეთი ლამაზია, შეიძლება ცდუნებას ვერ სძლიო და კალათში ჩაუძახო. თუნდაც ზღვის წყალმცენარეები, რომლებიც თევზებს იტაცებენ და ყლაპავენ. არადა, მათ შეხედვას არაფერი სჯობს. აი, ასეა, კირა, ბუნებას უყვარს ჩვენთვის ილუზიების ჩუქება.

მივხვდი, რომ ფაბიენი მაცდუნებელ სილამაზეში სულაც არ გულისხმობდა ყვავილებსა და სოკოებს. მას, როგორც ჩანს, ქალისგან ჰქონდა გული ასე მწარედ დასერილი.

- შეიძლება მართალი ხართ, - ვუთხარი და რომ შევხედე, რატომღაც, მომინდა საპირისპირო დამემტკიცებინა, - მაგრამ სილამაზეს ხანდახან სასწაულის მოხდენაც შეუძლია, ისეთი სასწაულის, რომლითაც შეიძლება აღფრთოვანდე. რომელიც შეგიძლია სხვას გაუზიარო და სულიერადაც აგამაღლებს. მაგალითად, მზის ჩასვლით ხომ ვტკბებით. ეს ისეთი საოცარი სანახაობაა…

- ჰო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისგან მხოლოდ მოგონებები რჩება, შენ კი წყვდიადით მოცული ღამე გშთანთქავს, - შემეწინააღმდეგა ფაბიენი, - მარადიული არაფერია. არაფერი არ არის ისეთი, როგორიც ჩანს.

ღმერთო ჩემო, ის ხომ თავის ცოლზე ლაპარაკობს! ახლაღა გამინათდა გონება. ქალი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ის ულამაზესი გოგო იყო. როცა ამას მივხვდი, ისე გავქვავდი, თითქოს ადგილს მიველურსმნე. როგორც ჩანს, ისევ ისე უყვარს თავისი ცოლი…

- მაგრამ მოგონებებიც ხომ ძვირფასია ხოლმე? მზის ჩასვლა ღამეში გადადის, მის მიერ გამოწვეული სიმშვიდე კი ჩვენთან რჩება. მშვიდ, მთვარიან ღამეზე უკეთესი შეიძლება რაღაც მომენტში არაფერი იყოს.

- მე ასეთი რამ არასდროს შემიმჩნევია, - ყინულივით ცივი ხმით გააპროტესტა, რითიც მიმანიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი ამოწურა, - აბა, რას ვაპირებთ? შევიდეთ? - და თავი ლამაზი შენობისკენ გაიქნია, - აქ გემრიელ კერძებს ამზადებენ. ბევრჯერ ვყოფილვარ და ვიცი. ამიტომ ენდეთ ჩემს გემოვნებას, არ წააგებთ. ოღონდ, აჯობებს, გარეთ დავსხდეთ, სუფთა ჰაერზე. რესტორნის უკან არაჩვეულებრივი ეზოა ვერანდით, იქ მყუდროდ მოვკალათდებით.

ამ სიტყვებით მანქანიდან გადავიდა და ჩემს კარს მოუახლოვდა, რომ გამოეღო და გადმოსვლაში დამხმარებოდა. გამეღიმა. ქალთან ასე მოპყრობა ფრანგებს სისხლში აქვთ. პიერი ზუსტად ასე მექცეოდა იმ ზაფხულს, მათთან რომ ვისვენებდი. ჩვენთან, საქართველოში ეს არც ისე ხშირია.

ფაბიენმა ხელზე ხელი მომკიდა და კოლორიტული რესტორნისკენ წამიძღვა. მაშინვე შევნიშნე, რომ ამ დაწესებულების მეპატრონე, დაბალი და მუცლიანი კაცი ფაბიენს კარგად იცნობდა. როგორც კი დაინახა, აღტაცებით წამოიყვირა მისი სახელი და ხელებგაშლილი ჩვენკენ გამოემართა.

მისალმებისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ვინილმა, ასე ერქვა მეპატრონეს, უკანა ეზოში გაგვიყვანა და ვერანდაზე თავისუფალ მაგიდამდე მიგვაცილა. აქ სულ რამდენიმე მაგიდა იდგა. საოცრად თბილოდა, მზე უკვე მთელი თავისი ბრწყინვალებით ანათებდა და აქაურობამ ეგრევე მომნუსხა.

მომცრო ბაღი გარშემორტყმული იყო ჩემთვის უცხო მაღალი ხეებით, რომელიც საქართველოში არასდროს მენახა. მათ მბზინავი ფოთლები და ლამაზი, ტკბილსურნელიანი ყვავილები ესხა. ქვის ფილებს შორის მწვანე ბალახი აბიბინებულიყო და მთლიან ეზოს ფარავდა. მათ შუაში კი მაგნოლიის ვეებერთელა ხე იდგა, რათა სტუმრებს მზისთვის თავის შეფარება შეძლებოდათ და არ დახრუკულიყვნენ.

- ახლა სეზონი არ არის, თორემ ვინილი მაგიდას იმ მაგნოლიის ქეშ გაგვიშლიდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალ ადგილს გამოძებნიდა. ზაფხულობით აქ იმდენი ხალხი იყრის თავს, ყოველ სანტიმეტრზე მაგიდა დგას და ნემსი არ ჩავარდება. - ღიმილით ამიხსნა ფაბიენმა.

- ძალიან მესიმპათიურა აქაურობა, - აღტაცება ვერ დავმალე.

მაგიდას მივუსხედით და ჩემს თანამგზავრს შევხედე, მაგრამ თვალი შევავლე თუ არა, უეცრად შევცბუნდი. მისი მამაკაცური მიმზიდველობა ამ ინტიმურ ატმოსფეროში კიდევ უფრო გამძაფრებულიყო. ძლივს ვაიძულე თავი, მისთვის მზერა ამერიდებინა. რა მემართება? აეროპორტიდან მთელი გზა ძლივს ვამჩნევდი ლანდშაფტის სილამაზეს, თითქოს ჩემ გვერდით მჯდომი მამაკაცი ჯადოქარივით მნუსხავდა და არაფრის შემჩნევის საშუალებას არ მაძლევდა.

სიგიჟე! ეს სრული სიგიჟე იყო! ცხვირი ლამის ჩავყავი მენიუში, რომელიც ვინილმა წინ დამიდო. უბრალოდ, სიგიჟე იქნება, საკუთარ შეგრძნებებს უფლება მისცე, ბოლომდე დაგიპყრონ. აბა, როგორი იქნება, ფაბიენმა რომ გაიგოს, რაც ჩემს თავს ხდება? წარმოდგენაც კი მზარავდა. თუმცა შეიძლება სულაც არ არის ამპარტავანი და არ შეიფერებს, თუკი მიხვდება, რომ მისით მოვინუსხე. მას ხომ თავისი ცოლი დღემდე უყვარს.

- გადაგითარგმნოთ? - ჩამესმა მოულოდნელად.

- რა? - ისე დავიბენი, აზრზე ვერ მოვედი, რას მეკითხებოდა.

როცა თავი ავწიე და მისი დამცინავი გამოხედვა დავიჭირე, ძალიან მომინდა მეთქვა, რომ ფრანგულს შესანიშნავად ვფლობდი და არაფრის გადათარგმნა არ მჭირდებოდა. თუმცა ჩემ წინ მჯდომმა მამაკაცმა ეს მშვენივრად იცოდა და მაინც მეკითხებოდა.

- მენიუ ხომ არ გადაგითარგმნოთ? - მოთმინებააღჭურვილი ტონით გაიმეორა, თითქოს ჭირვეული ბავშვისთვის ცდილობდა რაღაცის ახსნას.

- გმადლობთ, საჭირო არ არის, - ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი და მენიუ სასწრაფოდ განზე გადავდე, - მე მხოლოდ მწვანე სალათას და ცივ წვენს დავლევ. დიდად არ მშია. თუ შეიძლება, მხოლოდ ეს შეუკვეთეთ ჩემთვის.

- რა თქმა უნდა, - მერე თავი მსუბუქად გადმოხარა ჩემკენ, - მაქვს უფლება, ნივრიანი კარტოფილი შემოგთავაზოთ ზეთში? ეს ვინილის საფირმო კერძია.

- გავსინჯავ, - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თან გავიფიქრე, როგორ შეიძლება ასეთმა განსაცვიფრებელმა მამაკაცმა ჩემში ამხელა სიძულვილი გამოიწვიოს-მეთქი.

- მიხარია ამის მოსმენა, - კმაყოფილმა ღიმილმა სახე გაუნათა ფაბიენს.

- აქ ტუალეტი სად არის? ხელის დაბანა მინდა. - შევეკითხე.

- ამ კარში შეხვალთ და ეგრევე მარცხნივ. - ხელით მანიშნა.

საპირფარეშოში შესულმა ხელები გადავიბანე და სარკეში ჩავიხედე. აღელვებული გამოვიყურებოდი. რატომაა, რომ აქედანვე ყველაფერი ისე რა მიდის, როგორც წესით, უნდა მიდიოდეს? რატომ ვნერვიულობ? სარკიდან ჩემი ორეული გაფითრებული შემომყურებდა. მგზავრობით დაღლილს თაფლისფერი თვალები დამწვრილებოდა და ამმღვრეოდა. ჩემი წაბლისფერი თმა მთლად აბურდულიყო. ახლა დაძინება არ მაწყენდა. ეს ერთადერთი იყო, რაც მინდოდა.

ლამაზიო… საკუთარ თავს დავეჯღანე. ლამაზი არა, ტოროლა! მაგრამ ფაბიენი, მგონი, გულწრფელი იყო, ლამაზი ხარო, რომ მითხრა. მართალია, მახინჯი არ ვიყავი, მაგრამ მზეთუნახავი ნამდვილად არ მეთქმოდა. აი, ნანა კი მართლა ლამაზია. ქუჩაში რომ გავდიოდით ხოლმე, კაცები უკან იხედებოდნენ, რათა მისთვის მზერა გაეყოლებინათ. თუმცა მას ეს სრულიად არ აინტერესებდა.

- რაცაა, ესაა, - ხმამაღლა ვთქვი, - როგორიც გაგაჩინა ბუნებამ, ისეთი ხარ და ამას უნდა შეეგუო. შენნაირებსაც უმართლებთ ხანდახან, - თვალი ჩავუკარი ჩემს ორეულს.

რახან მაკიაჟი არ მქონდა და არც თვალები დამიხატავს, ცივი წყალი თამამად შევისხი სახეზე. მგზავრობისას არ მიყვარს მაკიაჟის ხმარება, მერე სულ მეთხაპნება ხოლმე სახეც და თვალებიც. ამიტომ ასეთ დროს ბუნებრიობას ვამჯობინებ. ვინც რაც უნდა ის თქვას, მე კმაყოფილი ვარ ჩემი გარეგნობით. მართალია, კარგი იქნებოდა, რამდენიმე ნაკლი არ მქონოდა, მაგრამ არა უშავს. ჩემზე უშნოებიც არიან და არა ერთი და ორი. თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი. თავიდანვე სხვანაირად უნდა დამეჭირა თავი ფაბიენთან. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს დაქალს ცხოვრება შევუმსუბუქო და არა იმისთვის, მისი ქმრის სიძესთან ომი გავაჩაღო!

რაც არის, არის. აწი უფრო ჭკვიანად მოვიქცევი. მთავარია, ენას კბილი დავაჭირო და ფაბიენის თანდასწრებით უფრო მშვიდად დავიჭირო თავი. ისევ ჩავიხედე სარკეში და ჩემს გამოსახულებას თავი დავუქნიე. განა ასე ძნელია ამის გაკეთება? სულაც არ არის აუცილებელი, მის ყველა სიტყვაზე მკვეთრი რეაქცია მქონდეს, თითქოს ზღარბის ეკლები შემესოო. ბოლოს და ბოლოს, ამ კაცმა რამხელა გზა გამოიარა, რათა მისთვის უცნობ ადამიანს აეროპორტში დახვედროდა და წამოეყვანა…

მთავარია, პროვოკაციას არ წამოვეგო - არც მიზანმიმართულს და არც შემთხვევითს. რაც შეეხება ჩემსა და ფაბიენის მომავალ ურთიერთობას, ამაზე ნერვიულობა არც ღირს - ფაბიენის ამოცანა ხომ ჩემი ნანასთან უვნებლად მიყვანაა. არა მგონია, მერე იმისთვის მოიცალოს, რომ ცოლისძმის ოჯახში ჩემს სანახავად იაროს. რომც იაროს, მეეჭვება, შემამჩნიოს და განსაკუთრებული ყურადღება დამითმოს.

უცნაურია, მაგრამ ამის გაფიქრებამ გული უფრო დამწყვიტა, ვიდრე დამამშვიდა… გაოგნებული შევყურებდი ჩემს ორეულს - რა აზრები მოსდიოდა თავში? გავბრაზდი და თმის ნერვიულად ჩამოვარცხნას შევუდექი. შემდეგ წყალს თითის წვერები შევუშვირე, სუნამოც მივიპკურე და თავაწეული გავედი ტუალეტიდან.

- კირააა!

თვალებგაბრწყინებული ნანა ისეთი აღტაცებული შეძახილით გამოექანა ჩემკენ, გული ამიჩუყდა, მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვხტი და ხელებგაშლილი მისკენ გავემართე. მონატრებულები ძლიერად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, თუმცა ვფრთხილობდი, რადგან ნანას მუცელი მჭიდროდ ჩახუტების საშუალებას დიდად არ იძლეოდა. შემდეგ ოდნავ უკან დავიხიე და დაქალი შევათვალიერე.

- კარგა გვარიანად კი მოპუნტულებულხარ! - ქართულად გავუბი. ამ რამდენიმე საათში თურმე ქართულად საუბარი მომნატრებია.

ვიცოდი, რომ ეს მთლად ტაქტიანად არ ჟღერდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. თანაც, იმდენი წელია ერთმანეთს ვიცნობდით, ნამდვილად არ მიწყენდა. ჩვენ ხომ ერთმანეთთან ყოველთვის გულახდილები ვიყავით.

- ნუ იტყვი! - შეწუხებული სახე მიიღო ნანამ, - უკვე ვეღარ ვუყურებ დისქავერის გადაცემებს ცხოველებზე. საკმარისია, ბეჰომოთი დავინახო და ეგრევე ტირილი მინდება. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვემსგავსები მას.

- კარგი რა, - მოვეფერე, - შენ, როგორც ყოველთვის, ლამაზი ხარ, ოღონდ ეგაა…

- მსუქანი ლამაზი, არა? სპილოსავით…

- არა, არა. ლამაზად დატენილ კუპატს ჰგავხარ, - ვთქვი და ჩემსავე შედარებაზე გულიანად გამეცინა, - ფუმფულა, მაგრამ სასიამოვნო საყურებელი. ყველაფერი თავის ადგილზე გაქვს. გარდა ამისა, აქ ხომ, - მუცელზე დავადე ორივე ხელი, - ორი პატივცემული ადამიანი ზის. ამით უნდა ამაყობდე… როგორ ხარ?

- რა ვიცი, აბა.

- რა იცი რას ჰქვია, ჩქარა მითხარი, თავს როგორ გრძნობ! - "დავუცაცხანე".

- როგორ და… დაღლილად, ვეებერთელად, ავადმყოფად… და უაზროდ ბედნიერად.

ნანამ გამიღიმა და ისევ გადამეხვია. სწორედ ამ დროს ჩვენ გვერდით მოუთმენლობით სავსე ხმა გაისმა:

- ბოლოს და ბოლოს, შევალთ თუ არა სახლში?

ფრანგულმა სიტყვებმა გონს სწრაფად მომიყვანა. მეყო ამდენი ქართული! ახლა საფრანგეთში ვიყავი და ფრანგულად უნდა მესაუბრა, ნანასთანაც კი.

- ფაბიენ, გვაცალე, - შეჰღიმა ნანამ.

- არავითარ შემთხვევაში! პიერმა დამიბარა, სანამ მე მოვალ, ჩემი ცოლი საწოლიდან არ ადგესო. ასე რომ, კირასთან ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც შეგიძლია იჭორაო.

გაგრძელება იქნება