აჯობე წარსულს! - თავი 4 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 4

2022-03-10 09:46:56+04:00


წინა თავი

ნახე? - ნანამ ღიმილით გააყოლა თვალი ფაბიენს, სახლისკენ რომ აეღო გეზი, - თუ პიერი ან კრისტიანი არ არიან შინ, სამაგიეროდ, ფაბიენია. აი, ასე ვარ გარშემორტყმული მამაკაცებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ საცაა ზედმეტად გაბერილი ბუშტივით გავსკდები.

- ეს ცუდი სულაც არ არის, - შევნიშნე და ორივე შევუყევით ქვის მასიურ კიბეს, - ახლა კი მეც დაგემატები ჩემი კაპრიზული გამოხტომებით.

- გამოხტტტ… რა თქვი? - შემეკითხა ფაბიენი, როცა მე და ნანა ჰოლში შევედით, - ეს აშკარად ქართული სიტყვაა, რომელიც ვერც კი გამოვთქვი… და რას ნიშნავს?

- მაგის ფრანგულად თარგმნა გამიჭირდება, ფაბი, ამიტომ ნუ მთხოვ, გემუდარები.

- ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჭირვეულობა, - მე შევეცადე ახსნას.

ფაბიენმა ისეთი მადლიერებით გამიღიმა, ისე თბილად და გულღიად, დავიშოკე. ამწუთას სადღაც გამქრალიყო მისი სიმკაცრე და სიცივე, ამიტომაც შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა. ასე აქამდე ერთხელაც არ გაუღიმია… ჩემთვის.

რა იდუმალი ადამიანი ჩანს, ასეთებს არასდროს შევხვედრივარ ჩემს სიცოცხლეში. ალბათ ძალიან გაუჭირდება თავისი შესაფერისი ქალის მოძებნა. ისეთის, როგორიც მისი ცოლი იყო. ალბათ სასწაული წყვილი იქნებოდა.

- კი მაგრამ, აქ რას ვდგავართ? - წამოიძახა და სასტუმრო ოთახისკენ გაგვიძღვა, სადაც მზარეული ტერი და ორი მოსამსახურე გოგონა - მერი და ბელი - გველოდებოდნენ. მათ უკვე კარგად ვიცნობდი, ამიტომ თბილად მივესალმე და მოვიკითხე.

სუფრა ჩემ მოსვლამდე გაეშალათ. ყავის ფინჯნები და ცხრაასნაირი ნამცხვარი თითქოს მიწვევდა, მოდი და დამაგემოვნეო. სუფრაზე ბუტერბროდებიც ბლომად ეწყო, სანდვიჩებიც, ჩემს საყვარელ შავ ხიზილალასაც მოვკარი თვალი.

- ფაბიენი კი შემპირდა, გზაში გავუმასპინძლდებიო და ვიცი, ამას აუცილებლად იზამდა, მაგრამ შეიძლება ისევ მოგშივდა, რა ვიცი. სადილამდე ჯერ ადრეა, ამიტომ კიდევ ერთხელ გასაუზმებ. სად შეიარეთ? ვინილთან ხომ არა? მოგეწონა? - დამაყარა ნანამ შეკითხვები.

- კი, ძალიან. ყველაფერი გემრიელი იყო.

ეს თემა მეტად აღარ განვავრცე: გამიკვირდა, რომ ჩემი რესტორანში მიპატიჟება ფაბიენის იდეა ყოფილა და არა პიერის. უნდა ვაღიარო, რომ ზოგადად, ფაბიენი იდეალური თანამგზავრი აღმოჩნდა - ენამახვილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და განათლებული. თუმცა სულ თან მდევდა იმის შეგრძნება, რომ ის გამუდმებით თამაშობდა და ასეთი სულაც არ იყო. უბრალოდ, ასე თამაშ-თამაშით შორიდან მაკვირდებოდა. სწორედ ამიტომ ვერ დავნაყრდი იმ რესტორანში, რაღაცნაირად შებოჭილად ვგრძნობდი თავს. ახლა კი, იცოცხლე, მაგიდას მივუჯექი და გემრიელად მოვულხინე. თურმე როგორ მომშიებია…

- ფაბიენ, სადილად დარჩები? - შეეკითხა ნანა, როცა მოსამსახურეები ოთახიდან გავიდნენ, -კრისტიანი თავის მეგობრებთანაა, მაგრამ პიერმა თქვა, გამოვუვლი და წამოვიყვანო. - მერე მე მომიბრუნდა, რათა როგორმე საუბარში ჩავერთე, - იცი? კრისტიანი აღმერთებს ფაბიენს. დილითვე გამაფრთხილა, რომ მოვალ, ბიძაჩემი აქ დამხვდესო.

- მართლა? - ფაბიენმა ნიკაპი ერთმანეთზე გადადებულ ხელებს დააყრდნო, - დავრჩები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, კირა თუ თანახმა იქნება. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დღეს მისი აქ ყოფნის პირველი დღეა და იქნებ ურჩევნია, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს დრო?

- მაგრამ შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ! - გაოცებული ტონით წამოიძახა ნანამ.

- რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი… - წავიბურტყუნე, - ან კი რა უფლებით…

ჩემს სიტყვებზე ნანამ გულღიად გაიღიმა, მე კი ოდნავ ძალდატანებით. ამწუთას ყველაზე ნაკლებად მინდოდა ფაბიენის აქ დარჩენა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამას ვერ ვიტყოდი.

- ჰოდა, ასე, ყველაფერი მშვენივრად გადაწყდა. მყუდრო ოჯახური სადილი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად! - კმაყოფილებით გამოაცხადა ნანამ და ორივეს საზეიმო იერით გადმოგვხედა.

პიერი ძმასთან ერთად საღამოს ექვს საათზე მოვიდა და მაშინვე მობოდიშება დამიწყო, რომ ვერ შეძლო აეროპორტში დამხვედროდა.

- რას ამბობ, პიერ! რას მებოდიშები? კომფორტულად მოვედი სახლში, შენმა სიძემ მომაცილა და რესტორანში საუზმეც მშვენივრად მივირთვი.

- იცით, რა შევამჩნიე? - ფაბიენმა ღიმილით გახედა პიერს, - ქართველებს ძალიან უყვართ სიტყვა "მშვენიერის" ხმარება. ნანაც ასეა: "მშვენიერი ამინდია", იტყვის ხოლმე, "მშვენიერი საჭმელია", "მშვენიერი"… დავიჯერო, ქართული ენა ასე ღარიბია?

- თქვენი აზრით, სხვა სიტყვებით როგორ უნდა გამომეხატა? - გავნაწყენდი.

- მე ვამჯობინებდი, სიმართლე გეთქვათ, გულახდილი ყოფილიყავით, - მისი შავი თვალები ისე მომჩერებოდნენ, თითქოს ჩემი პროვოცირება სურდათ.

- იცით, რა, ფაბიენ? - ნერვები მომეშალა, - ტყუილი არ მჩვევია. რასაც ვამბობ, ყოველთვის გულწრფელად. რაც შეეხება სიტყვა "მშვენიერს" და ქართულ ენას, იცით, ქართულში მას რამდენი სინონიმი აქვს? ჩამოგითვალოთ?

მამაკაცს სიცილი აუტყდა.

- ჩამომითვალეთ, მაგრამ რა აზრი აქვს? მე ხომ ვერც ერთის მნიშვნელობას ვერ გავიგებ.

- მაშინ მეორედ არ მითხრათ, რომ ქართული ენა ღარიბია! - მკაცრად მივეცი შენიშვნა და გაბუტული ბავშვივით მივტრიალდი.

ჩემდა ბედად, სწორედ ამ დროს კრისტიანმა შემოაღო კარი და თავისთან მიხმო, ჩემი თუთიყუში გველოდებაო. შვებამოგვრილი და ამაყად თავაწეული მისკენ გავემართე. მაგრამ ფაბიენი, თითქოს ჯიბრზე, უკან გამოგვყვა, რამაც მის მიმართ უსიამოვნო შეგრძნება გამიჩინა. რაც არის, არის. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დაქალთან ჩამოვედი. აქ რამდენიმე თვე დავრჩები და ფაბიენი, დიდი-დიდი, სულ რამდენჯერმე ვნახო. როგორმე ავიტან. მთავარია, საჭიროზე ახლოს არ მოვუშვა. ამაზე ჩემს თავს იქ, რესტორნის ტუალეტში უკვე ველაპარაკე!

გვერდულად გავხედე ფაბის, როგორც მას ნანა ეძახდა და ისევ სუნთქვა შემეკრა! მისი სექსუალური მიმზიდველობა, რომელიც ისეთივე განუყრელი ნაწილი იყო მისი, როგორიც სუნთქვა, ჭკუას მაკარგვინებდა.

საინტერესოა, ნეტავ თვითონ თუ იცის, როგორ ზემოქმედებას ახდენს ქალებზე? რა ემართებათ მათ მის დანახვაზე? რა თქმა უნდა, ეცოდინება! ქალები, ალბათ, კისერზე წყება-წყებად ეკიდებიან. ალბათ არ მოიძებნება ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუჩნდება სურვილი, თავი მის მკლავებში ამოჰყოს და შეიგრძნოს, როგორი განცდაა ეს!

სულაც არ მომეწონა ჩემი ფიქრებისა და აზრების მიმართულება და შევეცადე, სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, სანამ ეს ფიქრები სახიფათო ბილიკზე გადამისროდა. თუმცა არაფერიც არ გამომივიდა…

არადა, კარგად ვხვდებოდი, რომ მე და ფაბიენს შეხებისა და კონტაქტის არანაირი წერტილი არ გვაკავშირებდა. ის ლამაზი იყო, მდიდარი, გავლენიანი. მის უბის წიგნაკში ალბათ უამრავი ქალის ტელეფონის ნომერი და მისამართი ეწერა, რომლებიც მზად იყვნენ, საწოლში შეხტომოდნენ, ოღონდ კი ფაბიენს თითით მოეხმო. ასეთი ქალები ბევრი მინახავს, როცა აქ ვისვენებდი იმ ზაფხულს - ელეგანტურები, მზეთუნახავი გოგონები ფოტომოდელის აღნაგობითა და დამაბრმავებელი ღიმილით, ნაძვის ხესავით ბრილიანტებში ჩასმულნი. ქალები, რომლებიც მის ცხონებულ ცოლს ჰგავდნენ…

- იჩქარე, კირა! - მომაძახა კრისტიანმა, ჩემზე ცოტათი წინ რომ გარბოდა, - მე უკვე ვუთხარი ჟაკს, შენ რომ ჩამოდიოდი და გელოდება. თუთიყუშებს ლოდინი არ უყვართ, რომ იცოდე, -დაამთავრა მან და თავისი ოთახის კარი შეაღო.

- მოვფრინავ! - ვიყვირე მეც და მასთან ერთად ოთახში შევვარდი.

ჟაკი დიდი თუთიყუში იყო, თან აგრესიული გამოხედვა ჰქონდა. ყველას როდი ეთამაშებოდა, მაგრამ მე, რატომღაც, იმთავითვე კარგად მიმიღო და მომეჩვია. ახლაც, დამინახა თუ არა, თავი დასწია და თავისებური ხმები ამოუშვა. ფაქტია, რომ როგორც კი კრისტიანმა ჩემი სახელი წარმოთქვა, ამ ეგზოტიკურმა არსებამ მიცნო. იგი თავის საკონწიალებელზე კლანჭებჩაჭიდებული ამოტრიალდა და "აკაკანდა":

- კირრა! კირრა! ვინ არის ჭკვიანი ჩიტი? ლამაზი ბებერი ჩიტი?

გაოცებული დავრჩი. მას აქამდე ახსოვდა ჩემი იმ ზაფხულს ნასწავლი სიტყვები. როგორ დაუმახსოვრებია?! არადა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა.

- სალამი, ჟაკ! აბა, ვინ არის ჩვენი ჭკვიანი ჩიტი?

ჟაკს თითქოს აბრეშუმის ბუმბული ჰქონდა, მრავალფერადი და ბრჭყვიალა. ისე ლაპლაპებდა, თვალს ვერ მოაშორებდი. გალიაში ხელი შევყავი და ბუმბულზე ხელი გადავუსვი. ფრინველი ლამის დადნა, ისე ესიამოვნა ჩემი მოფერება და სიამოვნებისაგან კატასავით კრუტუნს მოჰყვა.

- ამ ბებერი ბანდიტის არ გეშინიათ? - მკითხა ფაბიენმა, როგორც კი მომიახლოვდა.

ფაბიენს თვალი თვალში გავუყარე, რომ ჟაკის დასაცავად რამე მეთქვა, მაგრამ გაოცებისგან ენა ჩამივარდა - მამაკაცის სახეზე გულწრფელი აღფრთოვანება შევამჩნიე.

- ფ-ფ-ფაბიენ… კირრა… - ეს ორი სიტყვა ისეთი ადამიანური ინტონაციით იყო ნათქვამი, კინაღამ გავგიჟდი. რაღაც სასწაული დამემართა. თუთიყუშს მზერა ისე სწრაფად გადაჰქონდ-გადმოჰქონდა ჩემიდან ფაბიენზე, თითქოს აფასებდა, ვუხდებოდით თუ არა ერთმანეთს, -ფფაბიენ… კირრრა… მაგარი ბიჭები…

- ახლა კი ნამდვილად ურევ, ჟაკ, - ფაბიენმა გალიაზე თითი მიაკაკუნა, - კირა ბიჭი არ არის, ის ლედია. თუმცა, რა თქმა უნდა, ლამაზი.

- ლედი, ლედი, - მორჩილად გაიმეორა ჟაკმა, გახარებულმა იმით, რომ მას ყურადღებას აქცევდნენ, - ხხილი? ხხილი? - ორჯერ გაიმეორა და ფაბიენს ხელებში შეაჩერდა, იქნებ რამე მომიტანაო, მერე კი გააგრძელა, - ლამაზი ბებერი ჩიტი. - და ადამიანის ხმის მიბაძვით ამოიოხრა.

- ამასთან ერთად, მაგარი ეშმაკი ჩიტიც ხარ! - დაურთო ფაბიენმა.

მე კი სიცილი ამიტყდა. თავი ვერ შევიკავე, ისე ვხარხარებდი, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

ჟაკი ოჯახში ყველს უყვარდა. ისე იყვნენ მას შეჩვეული, ადამიანივით უყურებდნენ. განსაკუთრებით ნანა გიჟდებოდა. ადამიანური თვისებები აქვსო, იტყოდა ხოლმე. მართლაც, თუთიყუშის საქციელი ზოგჯერ აშკარად მოგაგონებდათ ადამიანისას.

- კირა, წამო, განახო, რა სათამაშო მაჩუქეს შობას! - კრისტიანმა ისევ მიხსნა რთული მდგომარეობიდან, - ორმა უნდა ითამაშოს. სულ ახალი თამაშია.

- აი, ახლა კი დაგტოვებთ, - გაიღიმა ფაბიენმა და წასასვლელად გატრიალდა.

უნებურად მივიხედე და კვლავ ვიგრძენი მისი მამაკაცური ენერგიის გამოსხივება. მხოლოდ კრისტიანის გაოცებულმა მზერამ მიმახვედრა, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი შავ პერანგსა და ძვირად ღირებულ შარვალში გამოწკეპილ მსუბუქ, დაკუნთულ სხეულს, ანდამატივით რომ მიზიდავდა.

მტკივნეულად გავწითლდი. ღმერთო, ნუთუ მართლა დავკარგე გონი? - ვეკითხებოდი გულში საკუთარ თავს, როდესაც ფაბიენის უკან კარი დაიხურა და მე და კრისტიანი საბოლოოდ მარტონი დავრჩით. ჩემს ცხოვრებაში მამაკაცისთვის თვალი არ დამიდგამს, არც არასდროს მომსურვებია, ეს რომელიმესთვის მეგრძნობინებინა. არც ახლა მინდოდა და არც ვაპირებდი დაწყებას, მით უფრო ფაბიენთან. მას ისედაც ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე.

"და მაინც თექვსმეტი წლის თავქარიან გოგოსავით მიშტერებოდი მას! - დაუნდობელი გულწრფელობით მაუწყა ჩემმა შინაგანმა ხმამ, - გონს მოდი! გამოფხიზლდი!"

მაგრამ მაინც ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ წარმოსახვას. სულ ერთი წუთით წარმოვიდგინე მისი რეაქცია, თუკი ჩემს შიშველ სხეულს დაინახავდა და ხელები უნებურად ავიფარე მკერდზე. მხოლოდ კრისტიანის ძახილმა: "კირა, მოდი, უკვე ყველაფერი მზად არის!" გამომიყვანა პირდაღებულ შავ უფსკრულში ვარდნის მდგომარეობიდან…

- კირა! - პიერის უმცროსი ძმის უკმაყოფილო ხმამ რეალობაში დამაბრუნა და შევეცადე აწმყოს რეალური საშინელებებიდან თამაშის პრეისტორიულ საშინელებებზე გადავრთულიყავი, მექანიკურად დამეჭირა თითები ბიჭის ახალი სათამაშოს ღილაკებზე და ფიგურები გადამეადგილებინა…

კრისტიანის გამარჯვების მოზეიმე ყვირილმა მიმახვედრა, რომ სასტიკად სუსტი მოწინააღმდეგე ვიყავი. ბიჭს ბოდიში მოვუხადე, გზამ ძალიან დამღალა და უნდა დავისვენო-მეთქი, თვალი ჩავუკარი და ოთახი დავტოვე.

როცა ჩემთვის განკუთვნილ საძინებელში შევედი, საწოლზე სასომიხდილი დავეხეთქე და კვლავ ჩემს უხალისო ფიქრებში ჩავიძირე იმ იმედით, რომ ცოტას დავისვენებდი, მაგრამ აფორიაქებული გული ვერა და ვერ დავაწყნარე.

საწოლზე წამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. აქ არაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი ისევ ისე იდგა, როგორც მაშინ, როცა აქ პირველად ჩამოვედი.

მოსამსახურე გოგონებს ჩემი სამგზავრო ჩანთები უკვე ამოელაგებინათ. ტანსაცმელი აკურატულად დაეკეცათ და გარდერობში შეეწყოთ, ხოლო ტუალეტის საგნები სააბაზანოში დაელაგებინათ.

ყოველთვის მომწონდა ეს ოთახი, აქედან საოცარი ხედი იშლებოდა, მაგრამ ახლა პეიზაჟით ტკბობის დრო არ იყო - უნდა მებანავა და მგზავრობის მტვერი ჩამომერეცხა, მერე კი თავისთვის მიმეხედა და დაბლა ჩავსულიყავი. ნანა ჩემს პატივსაცემად სადილამდე ყველას აპერიტივით გამასპინძლებას აპირებდა, ამიტომ რვა საათზე მზად უნდა ვყოფილიყავი. დაგვიანება ცუდ ტონად ჩამეთვლებოდა.

აბაზანაში კარგა ხანს დავყავი. თბილი წყალი მსიამოვნებდა. გამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ დრო არ ითმენდა. როცა ბანაობას მოვრჩი და გახურებული სხეულით ოთახში გავედი, ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, რა ჩამეცვა. ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ჩემს მწირ გარდერობს შევავლე თვალი. უნებურად ოხვრა აღმომხდა. სად შევწვდებოდი იმ ქალებს, ფაბიენს რომ გარს ეხვია? როგორ უნდა გამეწია მათთვის კონკურენცია?

გადავწყვიტე, დიდხანს არ მეფიქრა და ჩემი "სამაშველო სამოსი" ჩამეცვა - შავი გულამოღებული კაბა და ელეგანტური შავი ატლასის ფეხსაცმელი…

ამაზე უკეთესი არაფერი გამაჩნდა. უზარმაზარი პირსახოცი, ყვავილების სურნელი რომ დაჰკრავდა, საწოლზე მივაგდე და სარკეს მივუჯექი თმის გასაშრობად. ახლა კი დავფიქრდი. თმა როგორ გამეკეთებინა? ან რომელი საყურე შემერჩია? არჩევანი არც ისე დიდი მქონდა: სულ ორი საყურე მომქონდა - პატარა, ცრემლის ფორმის და დიდი ოქროს რგოლები, რომელიც დედამ ახალ წელს მაჩუქა.

თვალები როგორ დამეხატა? ჩრდილი გამომეყენებინა თუ არა? რა ფერის? ღირდა კი მაკიაჟის გაკეთება? ზედმეტად გამომწვევი არ მინდოდა ვყოფილიყავი. არ მინდოდა ფაბიენს ეფიქრა, რომ მისთვის ვიპრანჭებოდი.

არადა, ასე იყო… ამას წყალი არ გაუვიდოდა…

ახლავე შეწყვიტე, კირა! - შევუძახე ჩემს თავს, თან სარკეში შევყურებდი ჩემს ატკრციალებულ ღაწვებსა და უცნაურად აბრჭყვიალებულ თვალებს. ის შენ საერთოდაც არ შემოგხედავს. მას ისეთი ცოლი ჰყავდა, მისი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ. ნეტავ რისი იმედი გაქვს? შეეშვი, აჯობებს, სხვებს დაუთმო ასპარეზი…

ნუთუ კიდევ მჯერა სასწაულების? სანამ უნდა ვიყო ასეთი გულუბრყვილო? ის არ მეყოფა, რაც ერთხელ გადავიტანე? "ფრიდონა!" - გამახსენდა, როგორ იხსენიებდა ჩემი ძმა ჩემს ყოფილ საქმროს და სიმწრით გამეღიმა. ეჰ, მჯეროდა მისი, მჯეროდა ის, რაც მსურდა დამეჯერებინა, რადგან ზედმეტად მიყვარდა. მაინცდამაინც ავარია გახდა საჭირო, რათა მივმხვდარიყავი: მამაკაცი, რომელსაც სრულყოფილებად მივიჩნევდი, სრული არარაობა აღმოჩნდა - ერთი დიდი ნაგვის გროვა…

ფიქრები სასწრაფოდ ამოვიგდე გონებიდან და გალამაზებულ-გაპრანჭულმა სასტუმრო ოთახს მივაშურე. დახვეული თმა მხრებზე ლივლივით მეყრებოდა და ისე ბრწყინავდა, როგორც მზეზე დაღვრილი თაფლი. თვალებზე მცირეოდენი მწვანე ჩრდილი გადავისვი, რამაც უფრო ჩამიმუქა გუგები. შევამჩნიე, ჩემს დანახვაზე ფაბიენი წამით როგორ გაქვავდა. იგი თვალს არ მაშორებდა.

- არაფრით არ ველოდი, თუ ასეთ სახელგანთქმულ პატარა შავ კაბას ჩაიცვამდით, - ხმადაბლა წარმოთქვა, - ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს მხოლოდ ფრანგი ქალების პრივილეგია იყო.

- იმედია, ეს კომპლიმენტად უნდა ჩავთვალო, არა? თუ ვცდები, მაშინ უნდა გითხრათ, რომ კოკო შანელი ქართველებისთვის უცხო სულაც არ არის. მას დღესაც ისეთ პატივს სცემენ ქართველი ქალები, როგორსაც ფრანგები. - ოდნავ თავდაუჯერებლად მივუგე და ვიგრძენი, რომ წამოვწითლდი.

მთელი ერთი წუთი მათვალიერებდა, შემდეგ კი მოულოდნელად გადაიხარხარა. ძარღვებში სისხლი გამეყინა, რადგან მისი სიცილი სულაც არ იყო მხიარულად გაცინება. მამაკაცი ჩახრინწული ხმით ხარხარებდა.

- რამე სასაცილო ვთქვი? - ბრაზი ყელში მომაწვა.

- არა, რას ამბობთ. რა თქმა უნდა, კომპლიმენტი გითხარით, ვერ მივხვდი, რატომ დაფეთდით. თქვენ სრულებით მართალი იყავით.

ამ დროს პიერმა გამოიხედა სამზარეულოდან, იგი კოქტეილების დამზადებით იყო დაკავებული. საშინელ დღეში ჩავვარდი. ამ კაცს ვერაფერი გავუგე. როდის რისი თქმა სურს თავისი უაზრო გამოხტომებით, როგორ მივუხვდე? არ შეიძლება თავი დამანებოს? უკიდურესად გავნერვიულდი. სულ გადამავიწყდა, მაღალლქუსლიანი რომ მეცვა და უცებ ქუსლი ხალიჩის ხაოს გამოვდე. უეჭველად დავეცემოდი, ფაბიენს ხელი რომ არ შეეშველებინა.

ასე აღმოჩნდა ჩემი იდაყვი მის ხელისგულში.

- ფრთხილად, მის კირა, ფრთხილად! - მისი ხმა ჩუმად და შემპარავად ისმოდა, - ასე რისი შეგეშინდათ? არ არის გამორიცხული, რომ მე სინამდვილეში შემზარავი რუხი მგელი ვიყო, რომელსაც სასტიკი დანაშაულების ჩადენა შეუძლია, მაგრამ ჩემი ახლობლების წრეში ასეთ რამეს არ ვაპირებ. არ მეთანხმებით?

- ეს მგზავრობის ბრალია, - თავი ცივად ვიმართლე, - ჯერ კიდევ მაწუხებს თავბრუსხვევა, ამიტომაც თავი ვერ შევიმაგრე, - და ამ სიტყვებით უხეშად გავაშვებინე ხელი.

ფაბიენს თავისი შავი პერანგი და შარვალი ელეგანტური საღამოს კოსტიუმით შეეცვალა. უნდა ვაღიარო, რომ მუქლურჯი თხელი სვიტერი და მისი საფირმო სარდონიკული ღიმილი მას საოცრად მომნუსხველს ხდიდა. და… საშიშსაც. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ნამდვილად არ მოვწყვეტდი საათობით თვალს, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მის ადგილას თვითონ იყო, ამიტომ ამის გაკეთებას კატეგორიულად არ ვაპირებდი.

ამ პატარა ინციდენტმა ჩემი მტანჯველი ფიქრები საბოლოოდ გაამყარა - მე და ფაბიენი სხვადასხვა პლანეტას ვეკუთვნოდით.

- ეჭვიც არ მეპარება, რომ თავი ვერ შეიმაგრეთ, - დამეთანხმა იგი, მაგრამ ისეთი გულგრილი ტონით, რომ ერთბაშად უცნაურმა იმედგაცრუებამ შემიპყრო. მიუხედავად ამისა, თავი ამაყად ავწიე, კისერი დავიგრძელე, მზიურ-სხივური ღიმილი მოვირგე ტუჩებზე და სამზარეულოში მოფუსფუსე პიერსა და ნანას შევუერთდი.

რამდენიმე წუთის შემდეგ კრისტიანი გამოჩნდა. მიყვარდა ეს ბიჭი, მას პირველი შეხვედრისთანავე დავუმეგობრდი. ისედაც, განსაკუთრებული თვისებით გამოვირჩევი -ბავშვების კეთილგანწყობას ერთი ნახვით მოვიპოვებ. ყველა ბავშვს ვუყვარდი, ვისთანაც კი ოდესმე ურთიერთობა მქონია, თუნდაც რამდენიმეწუთიანწამიანი. რაღაც სხვანაირად მიზიდავდა ეს უმანკო სამყარო - თითქოს მეტ ჰაერს მაწვდიდა, მეტ სითბოს, მეტ ყურადღებას. ალბათ ამიტომაც მივილტვოდი მათკენ მეც გაპატარაბავშვებული.

ჩვენ მხიარულად გავაბით საუბარი ჟაკოზე და ორივე სიცილით ვიმეორებდით მის ფრაზებს, თან ხმით ვბაძავდით.

ბოლოს სასტუმრო ოთახში მიგვიწვიეს და ფაბიენი კვლავ ჩემ გვერდით აღმოჩნდა.

- ბავშვებთან მიდგომის კარგი უნარი გაქვთ, - შენიშნა მან, თან ხელკავი გამომდო, -კრისტიანს სულ თქვენი სახელი აკერია პირზე. როცა თქვენ გხედავთ, სიხარულით გონზე არ არის.

- კრისტო დიდებული ბიჭია, თანაც ძალზე სიმპათიური, - ვცდილობდი, მშვიდად მელაპარაკა, თუმცა მისი შეხებისგან ისე ვიყავი დამფრთხალი, ფეხები მეკეცებოდა, - ჯერ ცხოვრება არ დაუწყია და იმდენი საშინელება გადაიტანა, ბევრის ფსიქიკა ვერ გაუძლებდა. მამის გარდაცვალება, მერე დედის, მერე დის… - ფაბიენის ცოლის ხსენებაზე შევშინდი, უტაქტობაში არ ჩამომართვას-მეთქი და სწრაფად დავამატე, - მიუხედავად ამისა, ის სრულიად ნორმალური და გაწონასწორებული ყმაწვილია.

- მიხარია, რომ ასე ფიქრობთ. ეს ნანასა და პიერის დამსახურებაა.

მისმა დასტურმა ოდნავი შვება მომგვარა, თუმცა სახეზე მაინც ავილეწე.

სუფრასთანაც ერთმანეთის გვერდით ვისხედით. მისი ოდეკოლონის სურნელი ჩემი ცხვირის ნესტოებთან ტრიალებდა და ვგრძნობდი, რამდენად ჰარმონიულად ერწყმოდა ეს სურნელი მის პიროვნებას. როგორც კი მას შევისრუტავდი, ჩემ შიგნით საოცარი თბილი ტალღა იღვრებოდა, რომელიც დამათრობლად მოქმედებდა. ის კი, თითქოს არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწყებულ საუბარს.

- ნანამ და პიერმა სრულიად გააზრებულად მიუძღვნეს ბოლო ორი წელი კრისტოს. უნდოდათ ეგრძნობინებინათ ბიჭისთვის, რომ მშობლებზე არანაკლებ სჭირდებათ მათაც მისი სიყვარული, მაშინაც კი, როცა ამ სახლში ბავშვები გაჩნდებიან. ის უკვე აღარაა ისეთი პატარა, ეს ვერ შეიგნოს. ბოლოს და ბოლოს, ათი წლისაა.

- ეჭვიც არ მეპარება, - სიამოვნება მომგვარა მისმა ნათქვამმა, - ცოლიც და ქმარიც საოცრად კარგები არიან, ძალიან კეთილები.

- გეთანხმებით, მაგრამ ხანდახან სიკეთე ადამიანს ზედმეტად დამოკიდებულს ხდის. მით უფრო, ჩვენს დროში, როცა ასეთი დიდი დოზითაა წინ წამოწეული სკეპტიციზმი და გულგრილობა. ადამიანები შეშინებულები არიან, არავისი არ სჯერათ, ყველასა და ყველაფერში ეჭვი ეპარებათ და გამუდმებით იმას კითხულობენ, დადგება თუ არა უკეთესი დრო.

- საქართველოში ამაზე სახუმარო ფრაზაც კი არსებობს: "გადავრჩებით?"

- სრულიად მისადაგებული ფრაზაა. - გაეცინა ფაბიენს.

- გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში უნდობლობა წესად არ უნდა დამკვიდრდეს. - ფრთხილად მოვუსინჯე ნიადაგი.

- არ უნდა დამკვიდრდეს, - თითქოს შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.

- იმედია, თქვენ არ მიგაჩნიათ ასეთი დამოკიდებულება სწორად…

- სამწუხაროდ, მიმაჩნია. - წამითაც არ შეყოყმანებულა, ისე გამომიცხადა.

- მაშინ მე არ გეთანხმებით! - თვალები დავაკვესე, - ეს, უბრალოდ, საშინელებაა! რა გამოდის? არასდროს არავის დაუჯერებთ, სანამ ნოტარიულად გაფორმებულ ხელწერილს არ დაგიდებენ წინ?

- ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ჭეშმარიტებასთან… თქვენ კი არაფერს არ მიირთმევთ, კირა.

ვცდილობდი, მთელი ყურადღება მხოლოდ ჩემი თეფშისკენ მიმეპყრო და ფაბიენზე არ მეფიქრა, მაგრამ არაფრით არ გამომდიოდა. რა ჭამა, რის ჭამა… ერთი ლუკმაც არ გადამივიდოდა ყელში. ვერაფრით ვერ მივმხვდარიყავი, ეს კაცი ჩემში შიშს უფრო ნერგავდა თუ სიყვარულს. იქნებ ორივეს ერთად? განა ჩვენში ასე არ ამბობენ? "შიში შეიქმს სიყვარულსა".

კერძს კერძი ცვლიდა, მე კი დაძაბულობის მოხსნას ვერ ვახერხებდი. ფაბიენი რაღაცას მომაწვდიდა, მე ღიმილით გადავიღებდი, ოდნავ დავაკარებდი პირს და მორჩა… მშიერი ვრჩებოდი. სამაგიეროდ, ღვინო დავლიე, განთქმული ფრანგული ღვინო, ხასხასა შინდისფერი. ჯერ ერთი ბოკალი დავაგემოვნე სვენებ-სვენებით, მერე მეორე და… მესამეზეც გადავედი. მხოლოდ მაშინღა მომეშვა. თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი, უეცრად შევმსუბუქდი და სადღაც გაქრა შიშიც, დაძაბულობაც და შინაგანი ნერვიულობაც. დარჩა მხოლოდ სიყვარული. სათითაოდ ვავლებდი თვალს სუფრასთან მსხდომ ჩემთვის სასიამოვნო ადამიანებს და ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა ისინი. ფაბიენიც? რა თქმა უნდა, მათ შორის ფაბიენიც.

ასე რომ, მგზავრობით დამღლელი დღეც, წარსული ავარიისა და ფრიდონის მოგონებები, განგაში, რომელსაც უსიმპათიურესი შავგვრემანი მამაკაცის სიახლოვე იწვევდა, - ყველაფერი ერთად ოთახში გამეფებულ სითბოსა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში შთაინთქა. რა შიში, რის შიში! ამწუთას ფაბიენისნაირი ცხრა კაცი რომ დამდგომოდა წინ, არ შემეშინდებოდა. მომწონდა აქაურობა და მომწონდნენ ეს ადამიანები. გაუმართლა ნანას, პიერს რომ შეხვდა. გაუმართლა პიერს, ნანა რომ ითხოვა… გამიმართლა მეც, მათთან რომ მოვხვდი. შეიძლებოდა დროთა განმავლობაში დავღლილიყავი, მაგრამ მოწყენით ნამდვილად არ მოვიწყენდი.

ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ. მართალია, მეც ვმხიარულობდი და თავსაც მშვიდად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ყოველ წამს ვგრძნობდი გვერდით ფაბიენის სიახლოვეს. ჯერ ვერ ვაანალიზებდი, რა იყო ეს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ადრე მსგავსი განცდა არასდროს მქონია. არ მომეწონა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი.

- სახლში იყავით წასული ტანსაცმლის გამოსაცვლელად? - მხოლოდ სადილის ბოლოს გადავწყვიტე დამესვა მისთვის შეკითხვა, რომელიც აგერ, საათზე მეტია, არ მასვენებდა.

- ჰო. მე ხომ აქვე ახლოს ვცხოვრობ, - ფაბიენმა თავაზიანად გამიღიმა და დაამატა, - იმედს ვიტოვებ, რომ როგორმე მეც მესტუმრებით.

აი, ბედის ირონია! რა იფიქრა, რომ სტუმრად დაპატიჟებას ვეძალები? ჩემი სიმშვიდე მოულოდნელად ქვიშის სახლივით ჩამოიშალა.

- მიწვევისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვშიშობ, ამისთვის დრო აღარ დამრჩება. წინ ბევრი საქმე მელოდება. -_ რაც შეიძლებოდა ხაზგასმით ვთქვი.

პასუხად ფაბიენი მოიღუშა და ისე ცივად შემომხედა, რომ შემეშინდა.

- ასე გადაჭრით ნუ ამბობთ უარს, - შეუვალი ტონით გამომიცხადა, - დამიჯერეთ, მე დიდ სიამოვნებას მომანიჭებს თქვენი გართობა.

შესანიშნავია! გაბრაზდა კიდევაც! ალბათ მიხვდა, რომ მისი მიწვევა ზრდილობიანობის ყოველგვარ ჩარჩოს სცდება. მაგრამ ფრანგები ხომ ძალზე ამაყები არიან, ამიტომაც ფაბიენმა ფარ-ხმალი არ დაყარა და კიდევ ერთხელ დამპატიჟა.

- კიდევ ერთხელ მადლობა. როგორმე აუცილებლად შემოვივლი თქვენთანაც. - ისეთი ტონით ვუთხარი, მივახვედრე, ამ თემაზე საუბარი დამთავრებულია-მეთქი, მაგრამ რომ შევხედე, მის ჰიპნოზურ მზერას წავაწყდი.

- შაბათ საღამოს, - ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა.

- რა?..

გაგრძელება იქნება