უეცრად შევამჩნიე, რომ პიერი და ნანა აღარ კამათობდნენ ბაავშვების სახელებზე და ყურადღება ჩვენკენ ჰქონდათ გადმოტანილი.
- შაბათ საღამოს ჩემთან სადილად გეპატიჟებით.
მართალია, ეს მოწვევა იყო, მაგრამ ისეთი სიმკვეთრით წარმოთქმული სიტყვები, რომ გამოწვევას უფრო ჰგავდა, ვიდრე მიპატიჟებას. მისგან გამოწვევის მიღება კი სულაც არ მინდოდა.
- არა მგონია…
- რა თქმა უნდა, ნანასა და პიერსაც ვეპატიჟები. - სიტყვა გამაწყვეტინა და დასძინა.
მისი ხმა იმდენად ცივი მედიდურობით ჟღერდა, შემაჟრჟოლა. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მარტო არ წავიდოდი. მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვაპირებდი მასთან მისვლას! ბოლოს და ბოლოს, ვინ ჰგონია თავისი თავი? რადან ბევრი ფული აქვს, ყველაფერი შეუძლია? ისე მიბრძანებს, როგორც მოსწავლე გოგონას, რომელსაც შეპასუხება არ შეუძლია.
- მაპატიეთ, ფაბიენ. თქვენი მხრიდან ძალიან სასიამოვნოა, რომ მეპატიჟებით, მაგრამ მე რამდენიმე დღე მაინც დამჭირდება, რომ აკლიმატიზაცია გავიარო და აქაურობას მივეჩვიო, -მტკიცედ გამოვუცხადე, - მგონი, აჯობებს, მომავლისთვის გადავდოთ თქვენი მიპატიჟება. -ყველა ხერხით ვცდილობდი მისი წინადადება თავიდან ამეცილებინა.
- მაშინ შემდეგ შაბათს. - წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ თქვა.
ნამდვილმა პანიკამ შემიპყრო, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩემ წინაშე უფრო ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იდგა, ვიდრე თავად გახლდით. ისევ უარის თქმა სულელურ მდგომარეობაში ჩამაყენებდა.
- ვიმედოვნებ, ამ დროში მოასწრებთ, აქაურობას შეეჩვიოთ, თუმცა პირველად არ ხართ ნიცაში, - მოჩვენებითი სიმშვიდით წარმოთქვა ფაბიენმა, მაგრამ ცალი წარბი ისე შეუხტა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ გავაღიზიანე.
- ვფიქრობ, მოვასწრებ… - ჩამქრალი ხმით მივუგე და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავმარცხდი.
ერთიანად დანგრეულმა ცალყბად გავიღიმე და ამოვისუნთქე. მეგონა, ყველა უსიამოვნება უკან მოვიტოვე, მაგრამ ამ დროს პიერის ხმა გაისმა და კვლავ დავიძაბე:
- ო, რა კარგად აეწყო ყველაფერი! გადასარევია! მე და ნანა მომდევნო შაბათს ჟულიენთან ვართ მიპატიჟებული და ვფიქრობდით, კირასთვის რა მოგვეხერხებინა. ცოტა არ იყოს, გვერიდებოდა, მარტო რომ უნდა დაგვეტოვებინა. თუ შენ ეპატიჟები, ფაბიენ, მაშინ ჩვენი პრობლემაც გადაჭრილა და ეგაა! ჟულიენის მიწვევას ვერ გავაუქმებთ. ასი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. ახლახან ჩამოვიდა ეგვიპტიდან, სადაც ექვსი წელი მუშაობდა და ძლივს დაუმთავრდა კონტრაქტი. თანაც, სწორედ იმ შაბათს ჩემი დაბადების დღეც ემთხვევა.
- რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია. ჟულიენთან სტუმრობა მართლა კარგი საჩუქარი იქნება შენთვის. თქვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ხართ. ვფიქრობ, კირას გული არ დასწყდება, ჩემთან რომ მოუწევს საღამოს გატარება. ასე არ არის, კირა? - უცებ ჩემკენ მკვეთრად შემობრუნდა და თვალი თვალში გამიყარა თბილი ღიმილით.
- მე… - ახლა მართლა დავმარცხდი და ახიც იყო ჩემზე! რატომ ამ შაბათზე არ დავთანხმდი? რაღა მაინცდამაინც იმ შაბათს დავამთხვიე? - დიახ, რა თქმა უნდა, - შუბლი ხელით მოვისრისე გონს მოსასვლელად, თან ფაბიენს გავხედე და კვლავ შევნიშნე, როგორ შეერხა მარცხენა წარბი, - რა პრობლემაა, წადით, მე ხომ უცხო არა ვარ. მაგრამ მოდი, კიდევ ერთი კვირით გადავდოთ ფაბიენის მიპატიჟება. ამით ხომ არაფერი დაშავდება?
- დაშავდება! - მოსხლეტით წარმოთქვა ფაბიენმა, - პიერი და ნანა უფრო მშვიდად იქნებიან, როცა ეცოდინებათ, რომ თქვენ საიმედო ხელში ხართ, სანამ ისინი სტუმრად იქნებიან. - ამის თქმა და თვალები მტაცებელი მხეცივით აუელვარდა. ამ მზერაში ერთადერთი გზავნილი შეინიშნებოდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი - უარი არ უნდა მეთქვა.
მაგრამ როგორც კი მზერა მომაცილა, სახეზე ისევ წინანდელი გულუბრყვილო გამომეტყველება აღებეჭდა. ამან ისე გამაგულისა, მომინდა სილა გამეწნა მისთვის.
- ესე იგი, გადაწყვეტილია? იმედია, მომავალი საღამო ყველასთვის სასიამოვნოდ ჩაივლის.
"ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს!" - გონებაში ისე ხმამაღლა წარმოვთქვი ეს წინადადება, რომ გამიკვირდა, დანარჩენებმა როგორ ვერ გაიგონეს-მეთქი. სამაგიეროდ, როცა ფაბიენი ისევ შემობრუნდა ჩემკენ და მზერა გამიშტერა, ნათელი გახდა, რომ მან "გაიგონა".
თავის ხელში აყვანის ყველა მეთოდს ერთად მოვუხმე და რაც შეიძლებოდა მშვიდი ტონით გამოვაცხადე:
- დიდი მადლობა, ფაბიენ. თქვენ ძალზე თავაზიანი ბრძანდებით…
როგორ მოვახერხე ასე სულელურად მახეში გაბმა? შუბლშეკრული ვიჯექი სარკის წინ და საკუთარ თავს ვტუქსავდი. ამქვეყნად ყველაზე მეტად რაც არ მსურდა, ფაბიენთან მარტო დარჩენა და სადილობა იყო. არადა, სწორედ ეს მიწევდა და ამწუთას ამისთვის ვემზადებოდი. ნეტავ გრიპი შემყროდა, ან ბნედა, ან… ნებისმიერი ცუდი რამ, ოღონდ ეს სტუმრობა თავიდან ამრიდებოდა!
მოუსვენრად ავწრიალდი სკამზე, ჩემს თვალებში გაჩენილი პანიკა სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ სრულიად უძლური ვიყავი, რომ წინააღმდეგობა გამეწია. ჩამოსვლის დღიდან ფაბიენი არ მენახა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვკანკალებდი, როდესაც კარზე ზარი დარეკავდა.
ჩამოსვლიდან მესამე დღეს, სადილობისას, პიერმა გამოაცხადა, ფაბიენი საზღვარგარეთ გაემგზავრა საქმიანი ვიზიტითო.
- პარასკევს დაბრუნდება, - დაამატა პიერმა, თითქოს მარწმუნებდა, რომ მასთან სადილად მიპატიჟება ძალაში რჩებოდა.
რა შემეძლო მეპასუხა? ფაბიენმა ხელ-ფეხი შემიკრა, - მან იცოდა ეს და მეც ვიცოდი. დანარჩენები კი ფიქრობდნენ, რომ ის, უბრალოდ, მეგობრულ კეთილგანწყობას იჩენდა უცხოელი სტუმრის მიმართ.
ამოვიკვნესე და მაკიაჟის უკანასკნელი შტრიხებიც ჩავათავე. იმის გათვალისწინებით, რომ ერთად ვისადილებდით, გადავწყვიტე, მაქსიმალურად ელეგანტურად, მაგრამ მკაცრად ჩამეცვა. თეთრი ჯემპერი და შავი მუხლამდე ქვედაბოლო შევარჩიე, თმა კი ავიჩეჩე, მაღლა კვანძივით შევიკარი და მხოლოდ რამდენიმე კულული ჩამოვუშვი უკან, რათა კისერი დამეფარა.
ნაშუადღევს, სანამ სტუმრობის დრო მოახლოვდებოდა, ნანამ საოჯახო ალბომი გადამიშალა და სურათები დამათვალიერებინა. ერთი სული მქონდა, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე დაკვირვებით შემევლო თვალი მიშელისთვის. გაოგნებული შევყურებდი პიერის დის ფოტოს და თვალს ვერ ვწყვეტდი - მაღალი, მგრძნობიარე არსება, რომელიც ფოტომოდელს ჰგავდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ლამაზ ქალთაგანი, რომელიც ოდესმე მენახა. ამის მერე ფაბიენმა ჩემზე როგორ უნდა თქვას, ლამაზიაო? რა სილამაზე დაინახა ჩემში? სად მე და სად მიშელი? აშკარად დამცინის.
ყველაფერს მოვრჩი, ავდექი, სარკის წინ დავტრიალდი და საკუთარ გამოსახულებას ბოლოჯერ შევავლე თვალი. არა უშავს, ცუდად არ გამოვიყურები. თუმცა საერთოდ არ ვგავარ იმ ქალებს, ვისაც ფაბიენი ანიჭებს უპირატესობას…
ახლა უკვე მზად ვიყავი, ფაბიენს სტუმრად ვწვეოდი. მაგრამ მზად ვიყავი მხოლოდ გარეგნულად - ჩაცმულ-დახურული, ხოლო შინაგანად ვერა და ვერ შევძელი მოსალოდნელ ვიზიტს შევგუებოდი. გული ისეთი ბაგუნით მიცემდა, თითქოს ჩაქუჩს მირახუნებდნენ მკერდზე.
თავში გამუდმებით მიტრიალებდა ნანასთან საუბარი, როცა ფოტოებს ვათვალიერებდით. ვკითხე, ფაბიენმა ძალიან განიცადა ცოლის დაღუპვა-მეთქი.
- ეს, ალბათ, ძლიერი დარტყმა იქნებოდა მისთვის და თქვენთვისაც.
- რა თქმა უნდა, - დაბნეულად მომიგო ნანამ, - მაგრამ მან შეძლო ამის გადატანა. ჩვენ ყველამ გადავიტანეთ. ცხოვრება ხომ გრძელდება. ასე არ არის?
ჯერ კიდევ იმ ზაფხულს შევნიშნე, რომ ნანას არასდროს სიამოვნებდა მულზე საუბარი. ამიტომ ახლა საკუთარი თავი დავტუქსე, რა მალაპარაკებდა იმ გოგოზე, ენა რატომ ვერ გავაჩერე-მეთქი, მაგრამ ისე მაინტერესებდა მის შესახებ ყველაფერი, რომ თავი ვერ შევიკავე. მის შესახებაც და ფაბიენის შესახებაც. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცოდი, რამხელა ტრავმას აყენებს ახლობლებსა და მეგობრებს ავტოკატასროფის შედეგები მაშინაც კი, როცა მსხვერპლი ცოცხალი გადარჩება. მაგრამ მიშელი ხომ დაიღუპა…
ვიცოდი, რომ ნანა და პიერის და მთლად ახლოს არ იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის მული იყო მისი, საყვარელი ქმრის ღვიძლი და.
- ალბათ, მართალი ხარ, - უხალისოდ დავეთანხმე, - მაპატიე. არ უნდა შემეხსენებინა შენთვის ეს ამბავი. ვიცი, რომ მაინცდამაინც არ მეგობრობდით, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლები იყავით. მაინც ძნელი იქნებოდა შენთვის მისი დაღუპვა.
- კირა… - ნანა რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებით მაცქერდებოდა, თითქოს ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ სურდა, მერე კი ამოოხვრით გააგრძელა, - იცი რა? არის რაღაცები, რაც…
და ვეღარ მოასწრო დამთავრება, რადგან სწორედ ამ დროს ოთახში პიერი შემოვიდა. ამის გამო ვერ შევძელი იმის გაგება, რისი თქმა სურდა ჩემს მეგობარს და მომენტი ხელიდან გამისხლტა.
ამ ფიქრებში გართულს კარზე კაკუნის ხმა მომესმა.
- ღიაა! - გავძახე, თუმცა ხმა მაინც ამიკანკალდა.
მერი იყო, მოსამსახურე.
- მადმუაზელ… მესიე ფაბიენი… ის მოვიდა, - მამცნო მან.
პატარა, კოხტა მერიმ გულღიად გამიღიმა, თითქოს არაჩვეულებრივად სასიამოვნო ახალი ამბავი მომიტანა. მე კი პასუხად რაღაც ჩავიბურტყუნე და შევეცადე, ჩემი უარესად მომატებული გულისცემა როგორმე შემენელებინა.
ის აქ არის! როცა მერი გავიდა და კარი გაიხურა, მარტო დარჩენილმა თვალები დავხუჭე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, თითქოს ლოცვისთვის ვემზადებოდი. "დამშვიდდი, გულო, დამშვიდდი, თუ ღმერთი გწამს!" - ვუბრძანე ჩემს გაგიჟებულ გულს. ასეა თუ ისე, ისიც ხომ ჩვეულებრივი მამაკაცია. არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის. გავიფიქრე და მაშინვე ვაღიარე ამ ამ მტკიცებულების აბსურდულობა, რადგან თვალწინ ფაბიენის ფიგურა მთელი თავისი დიდებულებით დამიდგა.
საინტერესოა, იქნება მისთვის სასიამოვნო იმის გაგება, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე? თვალები გავახილე, ხელები მკერდს მოვაშორე, მხრებში გავიმართე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ის ვერასდროს ვერ გაიგებს ამას! მირჩევნია, მოვკვდე!
თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, ახსნას ვერ ვუძებნიდი იმ უცნაურ გრძნობას, ფაბიენის ნახვა რომ იწვევდა ჩემში. თითქოს ზვავივით დამეცა თავს, წამლეკა და ჩამმარხა. როგორ შეიძლებოდა ასე მომწონებოდა მამაკაცი, რომელსაც, ფაქტობრივად, სრულებით არ ვიცნობდი, არც მსურდა მცნობოდა და რომლის სიახლოვე რაღაც მომენტებში ზიზღსაც კი იწვევდა? ეს მდგომარეობა დამამცირებელიც იყო, სასაცილოც და აუხსნელიც. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ფიქრები მხოლოდ მე მეკუთვნოდა და მას ხელი არ მიუწვდებოდა…
კარგი, რაც არის, არის. დღეს ვისადილებ ფაბიენთან, მაგრამ აუცილებლად ვიქნები თავშეკავებული და დისტანციური, ვეცდები, ახლოს არ მოვუშვა და სიახლოვის ზღვარი დავიცვა. მაშინ იქნებ აღარ ისურვოს მომავალში ჩემთან დაახლოება. ჰოდა, რა პრობლემაა?
რა პრობლემაა? ეს სიტყვები აშკარად დამცინავად ჟღერდა, როცა კიბეზე დავეშვი. ფაბიენი ბუხრის წინ სკამზე გაშხლართულიყო, ფეხები განზე გაეჩაჩხა და ზარმაცად ათვალიერებდა რაღაც ჟურნალს. როცა ჩამოვედი, მან ნელა მოაბრუნა ჩემკენ თავი და ისე შემომხედა, გამომეტყველება არ შესცვლია.
- სალამი, კირა!
სულ ტყუილად ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მასში განსაკუთრებული არაფერი იყო. შავი ტყავის ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი მკვეთრად უსვამდა ხაზს მისგან მომდინარე მაგნიტურ ძალას, ასე რომ, ორჯერ მომიწია ნერწყვის გადაყლაპვამ, რათა აუღელვებელი პასუხი გამეცა:
- საღამო მშვიდობისა, ფაბიენ!
- ვნახოთ, ვნახოთ… - მის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაიელვა, - ჯერ არავინ იცის, მშვიდობიანი იქნება ეს საღამო თუ არა… - მერე წამოდგა, სახე დაისერიოზულა და თქვა, -უკაცრავად, არ გეწყინოს, მაგრამ რატომღაც სულ თქვენი გაღიზიანება მინდება. ეს უმანკო ბრჭყვიალა თვალები ისე მიყურებენ, თითქოს ნამდვილი სატანა ვიყო. ეს მაპროვოცირებს და ჩემდა უნებურად ათასნაირ აზრს ჩამაგონებს. მაგრამ არ შეგეშინდეთ. მე არ ვისარგებლებ თქვენი უმწეობით და არ დაგეტაკებით, როცა ჩემს ბუნაგში აღმოჩნდებით.
- არაფრისაც არ მეშინია! - ვთქვი, მაგრამ თავს მართლა ვგრძნობდი პატარა გულუბრყვილო გოგოდ, - თქვენ, უბრალოდ, ამის შესაძლებლობა არ გექნებათ. მსგავსი ქმედებებისთვის საბაბის მოცემას არ ვაპირებ!
- ასეთი სიტყვები სხვა რომელიმე ქალს რომ წარმოეთქვა, გამოწვევად მივიღებდი, - ჩაიცინა ფაბიენმა, - მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ თქვენ იმას ამბობთ, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ.
- ზუსტად ასეა! - ცივად დავეთანხმე.
- რა გაეწყობა. გამოდის, თქვენ არ ეძებთ სასიამოვნო გართობას, მსუბუქ ფლირტს, რომლის გახსენება დიდხანს შეიძლება მზიანი საქართველოს მთვარიან ღამეებში. კარგია, კარგი. ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ორივემ ვიცით, რაც გვინდა, არა?
ფაბიენმა ეს სიტყვები მყარი დამაჯერებლობით წარმოთქვა, მაგრამ მის ხმაში, დიდი ალბათობით, უკმაყოფილო ტონმა გაიჟღერა.
მშვენიერია! ესე იგი, თავმოყვარე ფაბიენს არ მოეწონა, რომ ვიღაც უბრალო ქართველმა, რომელსაც იგი არც კი შეხედავს მეორედ, პირდაპირ მიახალა ეს. შინაგანი კმაყოფილება ვიგრძენი და სასწრაფოდ ავარიდე მზერა, რათა მას ეს არ შეემჩნია.
- ბოლოს და ბოლოს, მივდივართ თუ არა? - შევეცადე, შეძლებისდაგვარად მშვიდად მეკითხა მისთვის, მაგრამ ისევ შევხედე თუ არა თვალებში, კვლავ ვიგრძენი ის ჰიპნოზური ძალა, რომელიც მისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, მე კი მანგრევდა.
- რა თქმა უნდა, - მომიგო და სკამიდან წამოდგა. რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო უმატებდა ჩემი გული ბაგაბუგს, თუმცა ვცდილობდი, გარეგნულად მაინც შემენარჩუნებინა სიმშვიდე.
- გთხოვთ! - მან ლაბადა ჩამომართვა და გაშალა. მისკენ ზურგით შევტრიალდი და ლაბადის ჩაცმას შევუდექი. როგორც კი ორივე ხელი გავუყარე სახელოებში, მან მხრებზე მსუბუქი შეხებით თავისკენ შემომაბრუნა და თავიდან ფეხებამდე უცნაური მზერით შემათვალიერა, რამაც მისი სახის მკაცრი ნაკვთები ოდნავ შეარბილა.
- ვიმედოვნებ, ჩემთან მოგეწონებათ, კირა, - მშვიდად, ყოველგვარი დაცინვის გარეშე წარმოთქვა, - და ეს საღამო ორივეს სიამოვნებას მოგვანიჭებს. თქვენ პიერის სტუმარი და ნანას ახლო მეგობარი ხართ. მეც მსურს თქვენი მეგობარი გავხდე.
გამომცდელად შევხედე, მაგრამ ფაბიენს სრულიად სერიოზული სახე ჰქონდა. მაინც რა უცნაური ადამიანია! ამწუთას იგი ისეთი გულწრფელი ჩანს - არანაირი კვალი ქედმაღლობისა და ცინიზმის.
- მეც ვიტოვებ იმედს, რომ დავმეგობრდებით, - ხმადაბლა ვთქვი, - პიერი და ნანა ხომ თქვენ თავიანთი ოჯახის წევრად გთვლიან.
შემდეგ ყველაფერი ისე მოულოდნელად წარიმართა, რომ დამახსოვრებაც კი ვერ მოვასწარი… ელვის უწრაფესად მის მკლავებში აღმოვჩნდი.
- რადგან ასეა, - თქვა მან და თავისი ღამესავით შავი თვალებით მომაჯადოვა, - ესე იგი, არც ისეთი მონსტრი ვარ, როგორიც თავიდან მოგეჩვენეთ.
მისი თბილი, მკვრივი ტუჩები ჩემსას ნაზი კოცნით შეეხო, რაც მე უსასრულოდ მომეჩვენა. მერე ფაბიენმა შუბლზეც მაკოცა და ეგრევე გამერიდა.
მექანიკურად შევტრიალდი და კარისკენ დავიძარი, მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ, თავბრუც დამეხვა. ალბათ, ფრანგებს წესად აქვთ დამეგობრების ასეთი სტილი, -ვარწმუნებდი ჩემს თავს, - ისევე, როგორც უნაკლო მანერები, ოდნავ მორჩილებითი, მაგრამ გალანტური, როცა საქმე ქალებს ეხება. მაგალითად, როცა ქართველ მამაკაცს ეცნობი, ის ხელს ჩამოგართმევს, ფრანგი კი აუცილებლად გეამბორება.
მან ხომ ამწუთას გასაგებად მიმანიშნა, რომ მეგობრობას მთავაზობს, რადგან მე პიერისა და ნანას მეგობარი ვარ. ჰოდა, ჰარმონიის შესაქმნელად მოიქცა ასე, სხვა არანაირი ქვენა გრძნობა არ ამოძრავებდა. ასე რომ, ეს კოცნა წმინდა მეგობრული ჟესტი იყო, რა სიძლიერითაც უნდა ემოქმედა მას ჩემზე.
ფაბიენი ხომ ვერ შეძლებდა მიმხვდარიყო, მე რას ვგრძნობდი მის მიმართ? ამის გაფიქრებამ შემაკრთო. რა თქმა უნდა, არა! თან რა ისეთ განსაკუთრებულ რამეს მე ვგრძნობ? ის, უბრალოდ, მაბნევს, გონებას მირევს. უნდა გავითავისო, რომ ეს სხვა კულტურაა, განსხვავებული მიდგომა ქალებისადმი. სულ ეს არის და ამას უნდა შევეგუო, სანამ აქ ვარ.
- ნახვამდის, მერი! - ფაბიენის ხმამ რეალობაში დამაბრუნა და მივხვდი, რომ მოსამსახურის ოთახში შემოსვლა არც კი შემინიშნავს.
- ო, მაპატიე, მერი, - შემოვბრუნდი და ალერსიანად შევეხე მერის მკლავზე, - ისე შეუმჩნევლად შემოსულხარ, ვერ დაგინახე. კრისტიანს შევპირდი, წასვლის წინ ჟაკოსთან შევივლი და გალიის კარს დავუკეტავ-მეთქი, მაგრამ ვეღარ ვასწრებ. ხომ მიხედავ?
კრისტიანი მეგობართან აპირებდა ღამით დარჩენას და თავისი თუთიყუში მე ჩამაბარა მისახედად.
- აუცილებლად, მადმუაზელ! - თავი დამიკრა მოსამსახურემ და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები გაუკრთა, რომ "ესოდენ მნიშვნელოვანი" დავალება მას გადავაბარე.
- აბა, ღამე მშვიდობისა, მერი! - დაემშვიდობა ფაბიენი გოგონას.
- ღამე მშვიდობისა, მესიე! - დაემშვიდობა გოგონა ფაბიენს…
თებერვლის სუსხიანი ჰაერი ციტრუსის სურნელებით შემოგვეგება. ღმერთო, რამდენი ასეული კილომეტრით ვარ მოშორებული ჩემს ქალაქს! ნეტავ რა ხდება ახლა იქ? დარწმუნებული ვარ, საშინლად ცივა. ნეტავ ჩემები როგორ არიან? გამართეს გათბობის ქვაბი? ხომ არ იყინებიან?
ცას ავხედე. მირიადი ვარსკვლავი კიაფობდა ჩვენს თავზე.
- რა საოცარი ცაა! - შევჩერდი და წამოვიძახე. ვცდილობდი დამევიწყებინა, რაც წუთების წინ მოხდა.
- ზედმეტად საოცარი! - დამეთანხმა ფაბიენი, - ავჩქარდეთ, თორემ ასე ვერასდროს მივაღწევთ ჩემს სახლამდე.
მანქანასთან მიმიყვანა და წინა სალონის კარი გამომიღო. ამჯერად არა "მერსედესით", არამედ სხვა მარკის ავტომობილით იყო მოსული.
- ეს ის მანქანა არაა, რომლითაც აეროპორტიდან მომიყვანეთ, - ვთქვი და მანქანა ისე შევათვალიერე, თითქოს ის ჩემს კბენას აპირებდა.
- მართალი ხართ, ეს სხვაა. "სიტროენია". ასე რომ, ჩემს ავტოფარეხში ორი მანქანა დგას. რა იყო, ეს არ მოგწონთ?
- არა, რას ამბობთ, როგორ არ მომწონს, - ნაჩქარევად ვუპასუხე, - ძალიან… - მინდოდა მეთქვა, სიმპათიურია-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, ამ ეპითეტმა ელეგანტური მანქანის პატრონი არ გაანაწყენოს-მეთქი და წამოვროშე, - შთამბეჭდავია.
- ზოგადად, მიყვარს მანქანები, - ფაბიენმა ჟესტით მანიშნა, ჩაჯექიო, მაგრამ მანქანით მონუსხული შევყოყმანდი, - ეს კი მაგარი ავტოა. მზადაა, პატრონის ნებისმიერი სურვილი შეასრულოს - იდეალური ქალივითაა.
მკვეთრად ავწიე თავი, რომ მასთან სიტყვიერ ბატალიებში ჩავბმულიყავი, მაგრამ მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები შევამჩნიე და გაჩუმება ვარჩიე.
- არ გამიბრაზდეთ, - შემრიგებლურად მითხრა ფაბიენმა, - ჩემს თავს პირობა მივეცი, დღეს არ გაგაღიზიანოთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ვერ მოვითმინე. ეს მანქანა კი მართლა ძალზე დამჯერია. სხვა მანქანებთან შედარებით განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა.
გზას ნელი სვლით გავუყევით. მიყვარდა ნიცა. გარემო თვალწარმტაცი პეიჟაზებით გამოირჩეოდა. მისი ვიწრო ქუჩები და პატარა მოედნები მომაჯადოებლად ატყვევებდნენ ჩემს გულს, თუმცა ახლა ქალაქის ეს ბრწყინვალებები შეუმჩნეველი რჩებოდა ჩემს თვალს. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ისევ ფაბიენის გვერდით ვიჯექი და ეს ჩემზე სრულიად მიუღებლად მოქმედებდა.
"გამაგრდი, გამაგრდი!" - ვამხნევებდი გულში საკუთარ თავს და ყველანაირად ვცდილობდი, მშვიდი და უზრუნველი სახე მიმეღო.
ნანა მეუბნებოდა, ფაბიენის მამული ფორთოხლის ბაღებშია გაშენებული, რომელიც მას წინაპრებისგან დარჩაო. თუმცა ბაბუამისი უფრო თანამედროვე და შემოსავლიანი ბიზნესით ყოფილა დაკავებული, მაგრამ ფორთოხლის ნარგავებისთვის ხელი არავის უხლია. ახლა მხოლოდ ფაბიენი დარჩა მათი ოჯახის უზარმაზარი იმპერიის მფლობელი, რადგან დედ-მამა აღარ ჰყავდა.
"გამიგია ასეთ დროს სადილი? - ვფიქრობდი ჩემთვის. საქართველოში ამ დროს ვახშმობაც კი დამთავრებული გვაქვს". თუმცა მთვარე ისე გვინათებდა გზას, დღე გეგონებოდათ.
"სიტროენი" ვილის ჭიშკარს მალევე მიუახლოვდა და მე პირველად დავინახე ფაბიენის სახლი.
სიმართლე რომ ვთქვა, მეც არ ვიცოდი, რის ნახვას მოველოდი - ალბათ ერთ-ერთ გამორჩეულად მდიდრულ ვეებერთელა სახლს, მაგრამ ეზოში რომ შევედით, მივხვდი, რომ შევცდი. ვილა ვეებერთელა სულაც არ იყო, თუმცა იმაზე ლამაზი აშკარად ჩანდა, ვიდრე წარმომედგინა. ძველებური სტილის სახლი იყო, კრემისფრად შეღებილი და წითელი ყვავილებით გარშემოხვეული. დაწნული რკინის მოაჯირები კი შორეულ წარსულს, უფრო წყნარ და კეთილშობილურ დროებას მახსენებდა.
შუა ეზოში პატარა შადრევანი მოჩუხჩუხებდა, ცოტა მოშორებით კი დაწნული სამტრედე შევნიშნე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს ყველაფერი უმშვენიერესი იყო - ზღაპრულად ლამაზი და სულისშემძვრელად საყვარელი. კარგა ხანს სიტყვა ვერ დავძარი.
- მოგწონთ?
მკითხა, თუმცა თავიდანვე იცოდა, რომ მოხიბლული დავრჩებოდი. სხვა შემთხვევაში რატომ მომიყვანდა აქ? უნდოდა თავი მოეწონებინა, შთაბეჭდილება მოეხდინა. აშკარად იმის ხაზგასმა სურდა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი უგულო საქმოსანი და ულმობელი გულთამპყრობელი, როგორადაც მე მიმაჩნდა.
მონუსხული ისე ვიყავი ჩემს სავარძელს მიჯაჭვული, სულ გადამავიწყდა, რომ უნდა გადმოვსულიყავი. ფაბიენმა კი, რადგან გადმოსვლას ვაყოვნებდი, იფიქრა, რომ შემეშინდა, ამიტომ ყრუ ხმით მითხრა:
- იცით? დიდი ხანია გადამავიწყდა, ვინ ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებისგან. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჩემს მომავალში, სანამ ვარსებობ, ადგილი არ ექნება ქალთან მიჯაჭვულობას და მისადმი პასუხისმგებლობას. ჩემთვის ეს ყველაფერი სამი წლის წინ, ზაფხულის ერთ დღეს დასრულდა… ასე რომ, ნუ გეშინიათ, თქვენს ცდუნებას არ ვაპირებ, ამისთვის არ მომიწვევიხართ.
- არც მიფიქრია. - შევცბუნდი, - უბრალოდ, ისე მომეწონა აქაურობა, მონუსხული დავრჩი და ხმა ვერ ამოვიღე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ლამაზი ადგილია მთელ სამყაროში. - ამ სიტყვებით მისი ნათქვამის განეიტრალებას შევეცადე.
- როგორც ჩანს, ქართველებს ყველაფრის გაზვიადება გიყვართ, - გაიღიმა მან, მაგრამ შევამჩნიე, რომ ეს ღიმილი ყოველგვარი ემოციისგან იყო დაცლილი.
უეცრად სიბრაზის მოზღვავება ვიგრძენი. ისევ ისე, გოიმივით ვიქცეოდი, როგორც აეროპორტში. უკვე მერამდენედ მაყენებდა შეურაცხყოფას იმის გამო, რომ უცხოელი ვიყავი, თანაც მისთვის აბსოლუტურად უცხო ქვეყნიდან. საქართველოზე ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ნანასგან იცოდა მხოლოდ რაღაც-რაღაცები.
- სულაც არ ვაზვიადებ, მართლა ასე ვფიქრობ. - გულწრფელობა შევმატე ჩემს ხმას და მთელი სიმშვიდით განვაცხადე.
კარი, საიდანაც სახლში შევედით, ხის იყო, მაგრამ ისეთი მოჩუქურთმებული, არასდროს რომ არ მენახა - ხელოვნების ნამდვილი ნიმუში!
ჰოლი, ტიპური ძველფრანგული ინტერიერით - ოქროსფერი იატაკით, ცვილის რომ გეგონებოდათ, შეთეთრებული კედლები, ოქროსფერ ჩარჩოებში ჩასმული ნახატებით, რომლებიც დროთა განმავლობაში გამუქებულიყვნენ, საოცრად განსხვავდებოდა მისაღები ოთახისგან.
დიდი, თანამედროვე ავეჯით გაწყობილ სასტუმრო ოთახს მთელი პირველი სართული ეკავა. ერთი კედელი მთლიანად მინის იყო, რომელშიც იატაკიდან ამოზიდული მასიური ფანჯრები ჩაესვათ. ეს კედელი ბაღს გადაჰყურებდა.
- რას დალევთ? - გულგრილი ტონით მკითხა, - ღვინოს, შერის თუ სხვა უფრო მაგარ სასმელს?
- რამე ცუდი ჩავიდინე, ფაბიენ? გაწყენინეთ? - ხმადაწეულმა ვკითხე.
სულაც არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ ჩემდა უნებურად გამექცა. მან შემომხედა. კარგა ხანს მიმზერდა არაფრის გამომხატველი მზერით, მერე კი თქვა:
- რამ გაფიქრებინათ ეს?
- არ ვიცი… მაგრამ მომეჩვენა, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხართ.
ნიცაში გვარიანად დიდხანს მომიწევდა დარჩენა, გარკვეული სიხშირით მისი ნახვაც არ ამცდებოდა, ამიტომ სულაც არ მინდოდა, რაღაც უბრალო რამის გამო გამეფუჭებინა ეს საღამო.
- კირა…
გაგრძელება იქნება