აჯობე წარსულს! - თავი 6 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 6

2022-03-12 11:57:26+04:00


წინა თავი

ფაბიენმა თავი გადააქნია და შემომხედა. ვიდექი მის წინაშე პატარა და გამომწვევი, ფართოდ გახელილი ღია ყავისფერი თვალებით, რომლებშიც დაბნეულობა იმალებოდა და ჩემს დაუცველობას ღიად ააშკარავებდა.

_ ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო _ თქვენი დღეს აქ მოყვანა, _ დაიწყო მან…

ფაბიენი გაჩუმდა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კი გააგრძელა:

_ ეს ცუდია. მე ვარ ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ადვილი არ არის. მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა… _ მან თვალი ამარიდა, _ უბრალო ცხოვრებას მივეჩვიე, ყოველგვარი ზრუნვისა და ვალდებულებების გარეშე. და ასე მომწონს.

_ განა ვინმეს სტუმრად დაპატიჟება მზრუნველობის და ვალდებულების გამოხატულებაა? თქვენ ამაში სირთულეს ხედავთ?

ფაბიენს წამით სახეზე სიბრაზემ გადაუარა. მიხვდა, რომ ჩაიჭრა, რომ სიმართლე ის იყო, რასაც მე ვეუბნებოდი და არა ის, რასაც თვითონ ამბობდა. მე ხომ არ მითხოვია მისთვის, გინდა თუ არა, სადილად მომიწვიე-მეთქი. თავად დაიჟინა. ახლა კი რას აკეთებს? ერთხელაც არ მიგრძნობინებია მისთვის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. პირიქით, ყოველთვის ისეთ სახეს ვიღებდი, თითქოს ჩემთვის მისი სიახლოვე სულერთი იყო. ერთადერთი, რაზეც მას ახლა უნდა ეზრუნა, საღამოს სასიამოვნოდ გატარება იყო. რატომ იმოქმედა მასზე ასე მტკივნეულად ჩემმა აქ ყოფნამ?

_ მართალი ხართ, კირა. პატიებას გთხოვთ, _ სრულიად მოულოდნელად ფაბიენი კვლავ შეიცვალა და ისევ ძველი, საქმიანი ბიზნესმენი გახდა, რომლის ფეხთით მთელი სამყარო გართხმულიყო, _ მაშ ასე, რას დალევთ?

_ არ ვიცი… გააჩნია, რას შემომთავაზებთ.

_ ჰმ… _ გაიღიმა, _ აირჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით. სასმელების უდიდესი კოლექცია მაქვს. ვფიქრობ, თავს არ შევირცხვენ. ქართული ღვინო და კონიაკიც კი მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ.

_ მართლა? _ გავოცდი, ამას ნამდვილად არ ველოდი.

_ რა თქმა უნდა. თქვენ ოღონდ მითხარით, რას დალევთ.

_ დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ ცოტა კონიაკს დავლევ… არ არის აუცილებელი, ქართული იყოს. ამჯერად თქვენს გემოვნებას დავენდობი.

მდუმარედ ვაკვირდებოდი, როგორ ასხამდა უფეხო ბოკალში კონიაკს. სახეზე სრული გულგრილობა მეხატა, მაგრამ შინაგანად ისე ვიყავი აფორიაქებული, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.

მშვიდად, კირა, მშვიდად! მერე რა, რომ ფაბიენი მდიდარია, გავლენიანი, ცრემლებამდე სიმპათიური და კინოვარსკვლავივით თითქოს ჰოლივუდური ჟურნალის გვერდებიდან გადმოტანილ ლამაზ სახლში ცხოვრობს. მთავარი ის არის, რომ მასში ყველა ის თვისებაა თავმოყრილი, რასაც ადამიანებში ვერ ვიტან: ეგოცენტრიზმი, თავმომწონეობა, მტკიცე რწმენა იმისა, რომ კაცობრიობისთვის იგი ნამდვილად ღვთის საჩუქარია.

_ იმედია, არ მიწყენთ, ცოტა ხნით რომ დაგტოვოთ. სამზარეულოში უნდა გავიდე, სადილს მივხედო. _ მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა. ისიც კი არ შემიმჩნევია, ჩემ წინ რომ იდგა ბოკალით ხელში. მაშინვე ჩამოვართვი ბოკალი და გაკვირვებული მივაჩერდი ჩემს მასპინძელს. სადილს უნდა მივხედოო? მზარეული სად ჰყავს?

_ დიახ, რა თქმა უნდა… მაგრამ სხვა არავინ…

_ გაინტერესებთ, მყავს თუ არა მზარეული ან მოსამსახურე? _ ჩაცინებით გამაწყვეტინა, _ არა, არც ერთი მყავს და არც მეორე. ვშიშობ, ეს იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ დღეს თქვენ ამ სახლში არავინ არ მოგემსახურებათ. _ მხრები უხერხულად აიჩეჩა.

მე მთელი ცხოვრება თვითონ `ვემსახურებოდი~ ჩემს თავს, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუ თავს მოვაჩვენებდი, რომ იმედი მართლა გამიცრუვდა.

_ სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, მთელი სახლი მოსამსახურეებით იყო გადავსებული, _ ამიხსნა, _ მაგრამ დიდხანს ვერც ერთი მათგანი ვერ ძლებდა აქ და გარბოდნენ. მიშელთან შეგუება ადვილი არ იყო, ყველას უჭირდა. როცა ის დაიღუპა, გადავწყვიტე, თავად მოვმსახურებოდი ჩემს თავს. სრულიად საკმარისია ის ქალბატონები, რომლებიც ყოველ მეორე დღეს მოდიან სახლის დასალაგებლად და ჭურჭლის დასარეცხად.

_ გასაგებია, _ ჩავილაპარაკე, მაგრამ არაფერიც არ იყო გასაგები. მისი ნათქვამი სრულებით არ შეეფერებოდა იმ წარმოდგენას, რომელიც მასზე შემექმნა, _ ესე იგი, კულინარობაც გეხერხებათ?

_ სწორედ ასეა…

მართლაც, საოცრად გემრიელი კერძები გავსინჯე. დიდებული სადილი გამოვიდა. სუპი, რომელიც მივირთვი, მისივე მომზადებული იყო, თან რეცეპტიც თვითონ მოუგონია. ბრინჯისა და მწვანე ბარდის ნარევი ხახვში მოშუშული ლორით, გახსნილი ქათმის ბულიონში კულინარიული ხელოვნების ნამდვილ შედევრს წარმოადგენდა. ასევე უგემრიელესი იყო კიბორჩხალას სალათა, რაც ადრე არასდროს გამისინჯავს და ერთობ მოხიბლული დავრჩი. განსაკუთრებულად კი კარამელში ჩაწყობილი ფორთოხალი მომეწონა.

თურმე მზარეულობაც შესძლებია! ცოტა არ იყოს, ნირი წამიხდა, თუმცა მალევე დავიმშვიდე თავი. მერე რა? ბოლოს და ბოლოს, კაცებს კარგად გამოსდით მზარეულობა. განა საქართველოშიც ასე არ არის? თუნდაც რესტორნები რომ ავიღოთ, მზარეულთა უმეტესობა ხომ მამაკაცია.

_ ყავა? _ შემეკითხა, _ თუ ჩაი გირჩევნიათ?

_ არა, გმადლობთ, ყავას დავლევ. არაჩვეულებრივი სადილი იყო, ფაბიენ. უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავი მზარეული ყოფილხართ.

_ მადლობა, _ მან ოდნავ დამიკრა თავი, მერე კი ჩვეული დამცინავი ღიმილი გადაეფინა ბაგეებზე, _ აღიარეთ, რომ სულაც არ მოგეწონათ.

_ რა? _ გაკვირვებულმა ცალი წარბი ავზიდე.

_ რომ დაიმსხვრა ის წარმოდგენა, რომელიც თქვენს პატარა თავში ჩემზე შეიქმნა. ხომ მართალი ვარ? მაგრამ არა უშავს, თქვენ კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ იმ ფრანგი მამაკაცების ნახვა და გაცნობა, რომლებსაც კარგი კულინარობა შეუძლიათ. ამ მხრივ მე ერთადერთი გამონაკლისი არ ვარ.

`ახლოსაა ჭეშმარიტებასთან~, _ გავიფიქრე ჩემთვის, მისგან გამიკვირდა, თორემ კარგი მზარეული მამაკაცების მეტი რა ვიცოდი.

ფაბიენი დროდადრო კონიაკს დამიმატებდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტ-ცოტას ვწრუპავდი, თან სახალისო ისტორიებით მამხიარულებდა. თუმცა ამ წრუპვა-წრუპვაში კი მომეკიდა სასმელი. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ თურმე ზომაზე მეტი მომსვლია. არა, მთვრალი არ ვიყავი, მაგდენიც არ დამილევია, მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოვშვებულიყავი და თავი საოცრად მჩატედ მეგრძნო. მის გვერდით კი მოშვება დაუშვებელი იყო. ამიტომ წარამარა ჩავაგონებდი ჩემს თავს, ფხიზელი გონება შემენარჩუნებინა.

_ ყავა სასტუმრო ოთახში დავლიოთ. _ გამომიცხადა სადილის შემდეგ.

მან სკამი გასწია და იძულებული გავხდი, მეც ავმდგარიყავი და უკან მივყოლოდი. თუმცა სულაც არ მინდოდა დამეტოვებინა სამზარეულო, ეს უსაფრთხო ადგილი, სადაც უზარმაზარ მაგიდას ერთმანეთის მოპირდაპირედ ვუსხედით და ჩვენ შორის სივრცეს სწორედ ამ უზარმაზარი მაგიდის სიგანე ყოფდა.

_ მყუდროდ მოკალათდით, კირა. მე ყავას მოვიტან.

ვერ მივხვდი, ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ სავარძლის ნაცვლად, რომელში ჩაჯდომასაც ვუმიზნებდი, რბილ დივანზე აღმოვჩნდი.

რამდენიმე წუთის შემდეგ სინით დაბრუნდა. ოთახში ყავის საამური სურნელი დაიფრქვა. მაგრამ საოცრად განვიხიბლე, როცა ფაბიენი ჩემ გვერდით, დივანზე კი არა, პირისპირ მდგარ სკამზე დაჯდა. ახლა კვლავ მაგიდა გვყოფდა ერთმანეთისგან. მართალია, არა `უზარმაზარი~, მაგრამ მაინც.

ასე რომ, შიში, ჩემს ცდუნებას შეეცდება-მეთქი, არ გამართლდა. ალბათ, ასე ჯობია. ეს უფრო დამეხმარება ჩემი ზედმეტად მოძალებული ბობოქარი ფანტაზიების დაოკებაში. ან კი საიდან მოვიტანე საერთოდ, რომ ვაინტერესებდი? ცოტათი მაინც?

ამ ფიქრებში ისე გავერთე, რომ მოულოდნელად ფინჯანი ამიყირავდა და ცხელი ყავა პირდაპირ ბარძაყზე გადამესხა.

დამდუღრული ფეხზე წამოვხტი, თან ვყვიროდი, თან ვცდილობდი ცხელი სასმლის წვეთები როგორმე ჩამომეფერთხა ქვედაკაბიდან. ფაბიენი თვალის დამხამებაში ჩემ გვერდით გაჩნდა.

_ ახლავე ცივ წყალს უნდა შეუდგე!

_ რა?

გაგრძელება იქნება