აჯობე წარსულს! - თავი 7 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 7

2022-03-14 10:21:48+04:00


წინა თავი

გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე "მომხსნა" იატაკიდან, ხელში ამიტაცა და მეორე სართულის კიბეს სირბილით აუყვა. წამით თვალებში დამიბნელდა, თავბრუსხვევა ვიგრძენი. ირგვლივ თითქოს ყველაფერი ატრიალდა. ოღონდ ეს სასმლის და ჩემი შეთრობის ბრალი სულაც არ იყო. ფაბიენს მჭიდროდ ვყავდი მკერდზე მიკრული და მისი გულისცემის ხმა მესმოდა. მისი სხეულის სურნელი უფრო მათრობდა ამწუთას, ვიდრე ამ საღამოს დალეული კონიაკი.

როცა სააბაზანოში შემიყვანა და ფეხზე დამაყენა, მივხვდი, რომ დგომა არ ძალმიძდა, მუხლები მეკეცებოდა.

- გაიხადეთ ეს ყველაფერი!

- რა?! - შეშინებული შევაჩერდი.

ფაბიენმა იქვე მდგარ დაწნულ სკამზე დამსვა და წყალი მოუშვა.

- ცივ წყალს უნდა შეუდგეთ! გაიხადეთ კაბა, სწრაფად! - მოითხოვა მან.

- მაშინ თქვენ გადით! - უკვე პანიკაში ვიყავი.

- არავითარ შემთხვევაში! თქვენ ტკივილისგან შოკში ხართ, ფეხზე ძლივს დგახართ, -მოუთმენლად შემეპასუხა, - მომისმინეთ… მე ხომ არ გთხოვთ, გაშიშვლდეთ. უბრალოდ, ქვედაკაბა გაიხადეთ. ბოლოს და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ პლაჟზე ხართ.

არა, ამის გაკეთება არ შემეძლო. უბრალოდ, არ შემეძლო და მორჩა. ინსტინქტურად მივიფარე ხელი მუცელზე, რომელიც ნაიარევებით მქონდა "აჭრელებული". თეთრი ჯემპერი წელს ძლივს მიფარავდა, ხოლო ბიკინი ისეთი სიფრიფანა მეცვა, ქვედაკაბა რომ გამეხადა, ფაბიენი ლამის შიშველს მიხილავდა…

- კარგი, რადგან ჩემი გერიდებათ, უბრალოდ, შევტრიალდები, მაგრამ აქ ვიდგები. ცუდად თუ იგრძნობთ თავს, დამიძახეთ, კარგი? - მეუბნებოდა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ბრაზი ახრჩობდა, - რა გგონიათ, კირა? ნუთუ ფიქრობთ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფს გეცემით? ჯანდაბას! პირობას გაძლევთ, რომ თითს არ დაგაკარებთ! კმაყოფილი ხართ?

ამ სიტყვებით შებრუნდა. მორჩილად გავიხადე ქვედაკაბა და შხაპს შევუდექი. წვა თითქმის გამინელდა, მაგრამ წყლის შხეფები ისე ისხმებოდა აქეთ-იქით, რომ ვერაფრით ვერ მოვახერხე მათი მხოლოდ ფეხებისკენ მიმართვა. ამასობაში ჯემპერი სულ დამისველდა. სველი და სიცივისგან აკანკალებული საცოდავად ვიდექი. უეცრად ხარხარის გუნებაზე დავდექი. მთელი ჩემი მონდომება, ამ საღამოს ლამაზად წარმოვჩენილიყავი, წყალში ჩამეყარა. სწორედ ამ წყალში, ახლა რომ ზედ მესხმოდა. ამწუთას ალბათ გაწუწულ თაგვს ყველაზე მეტად ვგავდი.

- დიდხანს უნდა ვიდგე აქ? - გაუბედავად ვიკითხე, როცა სიცივისგან მთელ სხეულზე დამბურძგლა, - გავიყინე!

- კიდევ ხუთი წუთი. იმედია, გული არ წაგივათ.

- აუცილებლად გული უნდა წამივიდეს? - ამოვიკნავლე, - ტანსაცმელი სულ დამისველდა. რამე ხალათისმაგვარი არ მოგეძევებათ, რომ მათხოვოთ?

- არა, სახლში სველს და შიშველს გაგიშვებთ! - გაღიზიანებული ხმით მომიგო, მერე კი უცებ შეარბილა ტონი, - რა თქმა უნდა, მოგცემთ ხალათს. მე გავალ. თქვენ კი კარადა გამოაღეთ, იქ სუფთა პირსახოცები უნდა იყოს.

- გმადლობთ, - მხოლოდ ეს ჩავიბურტყუნე, რათ უარესად არ გამეღიზიანებინა.

როცა ფაბიენი გავიდა, მორჩილად მოვითმინე კიდევ ხუთი წუთი, მერე წყალი გადავკეტე, ტანსაცმლისგან მთლიანად განვიძარცვე და კარადაში ნაპოვნი პირსახოცით სხეული გულმოდგინედ შევიმშრალე.

კანი ბარძაყზე ოდნავ შევარდისფრებულიყო, ცივმა წყალმა თავისი ქნა. ასე რომ, ფაბიენი მართალი აღმოჩნდა.

ისევ კარადას ვეცი და უფრო დიდი პირსახოცის ძებნა დავიწყე, თუმცა არ დამჭირდა, რადგან მშვენიერი მუქლურჯი ხალათი ვიპოვე, ასევე - ჩუსტები, ალბათ ექვსი ზომით დიდი ჩემს პატარა ფეხებთან შედარებით - მე ხომ 36 ზომის ფეხსაცმელს ვატარებ.

ჩემი სველი ტანსაცმელი სააბაზანოს საშრობზე მივაფინე და ხალათმოცმული კიბეზე დავეშვი. ალბათ საცოდავი სანახავი ვიყავი სველი თმით, ფართხუნა ხალათითა და დიდი ზომის ჩუსტებით. ხალათის ბოლოები იატაკს ეხებოდა, სახელოები კი სამჯერ მაინც გადავიკაპიწე, რომ ჩემს ზომამდე მომეყვანა. ასეთ იდიოტურ სიტუაციაში არასდროს აღმოვჩენილვარ!

კიბეს ფრთხილი ნაბიჯებით ჩავუყევი.

- მოვრჩი, - ამოვთქვი და ფაბიენს მივაჩერდი, რომელიც სავარძელში მოკალათებულიყო და ფეხები გაეჩაჩხა. თითქოს ადგილს მივეყინე. ნეტავ მიწა გამსკდომოდა და ეს არ დამმართოდა! მისმა დანახვამ ისევ გამიძლიერა სისხლის მიმოქცევა ძარღვებში და იმაზე უარესად იმოქმედა, ვიდრე ცივი შხაპის ქვეშ დგომამ.

ფაბიენი ნელა წამოიმართა, მერე მისი მზერა ჩემსას შეხვდა, და კვლავ, როგორც აქამდე რამდენჯერმე, თავი დაჰიპნოზებულად ვიგრძენი. სიტყვა არ უთქვამს, ისე წამოდგა. მეც ვდუმდი, მაგრამ როცა ჩემკენ მტაცებელი ცხოველივით ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა, მსუბუქად შემაკანკალა.

- გაიყინე? - შეამჩნია, რომ ვკანკალებდი, რადგან ვერაფრით შევძელი თავის შეკავება, თუმცა ეს მხოლოდ სიცივით გამოწვეული კანკალი არ იყო, - მოდი, გაგათბობ.

და ელვის უსწრაფესად მის მკლავებში აღმოვჩნდი. ხოლო როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, მივხვდი, - ჩვენი შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვგრძნობდი, ეს რომ მოხდებოდა. ეს გარდაუვალი იყო, ისევე, როგორც ზღვის მოქცევა და მიქცევა, მზის ამოსვლა და ჩასვლა, როგორც გარდაუვალია გაზაფხულის მოსვლა ზამთრის სიცივეების შემდეგ.

ხელები ჩემდა უნებურად აცურდა ფაბიენის მხრებზე და მის კისერს შემოეჭდო. ასე მეგონა, გავარვარებულმა ლავამ დამიარა მთელ სხეულში.

- კირა… კირა… როგორი თბილი და სათუთი ხარ… - ჩურჩულებდა იგი და კოცნით მიფარავდა ყელს. მეჩვენებოდა, თითქოს რაღაც პირველყოფილმა ძალამ ჰაერში ამწია და ღრუბლებს მიღმა თვალისმომჭრელ სამყაროში გადამისროლა, - ღმერთო ჩემო, რას მიკეთებ? ეს სიგიჟეა…

მერე კვლავ ვიგრძენი მისი ტუჩები - სულსწრაფად რომ ეძებდნენ ჩემსას და მის კოცნას კოცნითვე ვუპასუხე.

მამაკაცთან სიახლოვე როგორ არ მქონია, მაგრამ გარკვეულ დონემდე. ფრიდონისა და ჩემი ურთიერთობა ლოგინამდე არ მისულა - ამ სტადიამდე ვერ მივაღწიეთ, მასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ კი საერთოდ დავკარგე ვინმეს შეყვარების სურვილი. ახლა კი, როცა ფაბიენის ვნებიანი აღელვება მისი ტანსაცმლის თხელი ბარიერის მიუხედავად ვიგრძენი, მოულოდნელმა სიხარულმა წამლეკა - მას მე ვუნდოდი! მას ჩემთან სურდა!

მერე ფაბიენის ხელი ამოძრავდა და ხალათში შემომიძვრა… ახლა იგი უკვე ჩემს შიშველ მკერდს ელაციცებოდა. მოუთმენლობისგან კვნესა აღმომხდა, მთელი სხეული მითრთოდა, მასთან შერწყმის დაუძლეველი სურვილი მიპყრობდა. მაგრამ როგორც კი ხალათზე შემოჭერილი ქამარი მოეშვა და ჩემი ბოლომდე გაშიშვლების წამები დადგა, უნებურად საკმაოდ უხეშად წამოვიყვირე:

- არა!

ალბათ, არაბუნებრივად გიჟურად გაჟღერდა ჩემი "არა", რადგან მამაკაცმა მაშინვე შემიშვა ხელი. მესმოდა, რომ იგი გაოცებული დავტოვე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ხალათს რომ გამხდიდა და გამაშიშვლებდა, ხომ დაინახავდა ჩემს მუცელზე საშინელ ნაწიბურებს? ეს კი რას გამოიწვევდა? მას შეეშინდებოდა და ისევე მომექცეოდა, როგორც ფრიდონი მომექცა წლების წინ.

- არა… მე არ მინდა ეს… მე… მე… არ შემიძლია!

- ყველაფერი კარგადაა… დამშვიდდი… კარგადაა ყველაფერი, - ფაბიენმა კვლავ გამოიწია ჩემკენ, შეეცადა, ისევ მომხვეოდა, მაგრამ გაფითრებულმა უკან დავიხიე.

- ძალიან გთხოვ, არ შემეხო… შინ წამიყვანე… - ჩურჩულით ამოვთქვი, - გთხოვ… უკან დამაბრუნე… წასვლა მინდა.

- ასე ნუ მიყურებ, კირა. შენი წყენინება არ მინდოდა, - მისი ხმა უცნაურად მშვიდი ჩანდა, თითქოს აფეთქებისგან თავის შეკავებას ცდილობსო, - ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მაგრამ… ამიხსენი, რა მოხდა.

რა თქმა უნდა, მას არ ესმის. ჰოდა, ნუ ესმის. უმჯობესია, მე თვითონ ვკრა ხელი, ვიდრე კიდევ ერთხელ გადავიტანო საშინელი დამცირება.

- ხომ გითხარი, ეს არ მინდა-მეთქი. მე ეს არ მინდა! - გავიმეორე და მზერა ავარიდე იმის შიშით, არ მიმხვდარიყო, სინამდვილეში რა გრძნობებიც მქონდა მის მიმართ, - მე შენ არ მომწონხარ! არ მიყვარს საზაფხულო ინტრიგები…

- მოიცა, მოიცა, - უცებ გამაჩერა და სახე ჩაუმუქდა, - გესმის მაინც, რას ლაპარაკობ?

- სახლში მინდა!

ალბათ, ჰგონია, რომ შევიშალე. არადა, მორალური პრინციპების გამო კი არ ვაიძულე ჩემი თავი, ბოლო მომენტში ხელი მეკრა მისთვის. ეს იყო პანიკა, პანიკა და შიში იმისა, რომ ის ჩემს მუცელზე ნაიარევ-ნაწიბურებს დაინახავდა. ფაბიენს კი რაში სჭირდება "ჩამოფასებული საქონელი", როცა მის ირგვლივ ამდენი თავბრუდამხვევი ლამაზმანია?

ნამდვილი იდიოტი ვარ! რისთვის ვაფრთხილებდი ჩემს თავს? რატომ მივიყვანე საქმე აქამდე? ალბათ კონიაკია დამნაშავე, გრადუსი თავში ამივარდა. და კიდევ ის… ყავასთან დაკავშირებული ინციდენტი. მიუხედავად იმისა, რომ თავის გამამართლებელ მიზეზებს ვიგონებდი, ვიცოდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებდი. არც კონიაკი იყო მომხდარის მიზეზი და არც ყავა… მიზეზი ფაბიენი იყო.

- შენ არ უპასუხე ჩემს შეკითხვას, - მისი თვალები შავ მბრწყინავ ქვებს დაემსგავსნენ, -დავიჯერო, ვინმემ შეგაშინა საშინელი რუხი მგლის ზღაპრებით?

- არავის ჩემთვის არაფერი მოუყოლია! - ახლა, როცა საშიშროებამ ჩაიარა, ნელ-ნელა გონს მოვდიოდი, - უბრალოდ… უბრალოდ, მე ფოტოები ვნახე.

- ფოტოები? - ლამის დაიღრინა, - რა ფოტოები? რაზე ლაპარაკობ?

ღმერთო, ახლა მთლად უარესი მიზეზი მოვიგონე და უფრო დავძაბე სიტუაცია.

- იცი? განსაკუთრებული მოთმინებით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ზედმეტი აჩქარებაც არ მჩვევია, - კბილებშუა გამოსცრა, - ასე რომ, თუ შეიძლება ამიხსენი, რა ფოტოებზე საუბრობ.

- მე და ნანა ფოტოალბომს ვათვალიერებდით. - ნათქვამს ოხვრა ამოვაყოლე, ვცდილობდი ხმის კანკალი როგორმე დამეოკებინა, - იქ შენი სურათებიც იყო… ძველი, ქორწინებამდე გადაღებული. და თითქმის ყველგან ქალების გარემოცვაში ხარ…

- აი, თურმე რა ყოფილა… და აქედან დაასკვენი, რომ სექსუალური მანიაკი ვარ?

- სულაც არა…

- მე კი მგონია, რომ ასეა. შენ თვლი, რომ მე ყველა ქალთან ვიწექი, ვისაც კი შევხვედრივარ ცოლის შერთვამდე? და რომ ყველასთან მქონდა, როგორც შენ ახსენე, "საზაფხულო ინტრიგები"? და შენთანაც დრო ვიხელთე?

ფაბიენის უცხოური აქცენტი უცებ ძალიან შესამჩნევი გახდა. გაბრაზებისგან სიტყვებს ნელა წარმოთქვამდა, თითქოს ღეჭავსო, ეს კი, არ დავმალავ და, უფრო მაშინებდა.

- და იფიქრე, რომ ახლა, როცა ისევ თავისუფალი ვარ, ჩემს ძველ ჩვევებს დავუბრუნდი? როგორც ძაღლი, თავის გამოხრულ ძვალს ხელმეორედ რომ უბრუნდება?

- მე… მე ეს არ მითქვამს… - მისი სიუხეშით თავზარდაცემული თავის დაცვას შევეცადე.

- შენ არც გჭირდებოდა ამის თქმა, - ამოიგმინა მამაკაცმა და გაჩუმდა, მერე გმინვას ხვნეშაც ამოაყოლა, ცოტა შეისვენა და უკვე თითქმის მშვიდი ხმით გააგრძელა, - მსგავს ბრალდებებზე პასუხს არც გაგცემდი, მაგრამ შენ ნანას მეგობარი ხარ, ამასთან, საფრანგეთში იმყოფები, შესაბამისად, თითქმის ჩვენი ოჯახის წევრი ხდები… ამიტომ არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე: მიშელი ჩემთვის პირველი ქალი არ იყო, მაგრამ ჩემი სექსუალური ცხოვრება ორგიებით არასდროს ყოფილა გადატვირთული. არც კაზანოვა შეურქმევია ჩემთვის არავის და არც დონჟუანობა დაუწამებია. გასაგებია? და კიდევ… -რისხვისგან თვალები უელავდა, - შეგიძლია მშვიდად იყო. რაც დღეს ჩავიდინე, მეტად აღარ განმეორდება… არასდროს. ეს არ ყოფილა დაგეგმილი, უბრალოდ, სპონტანურად მოხდა, -მის სახეზე აღბეჭდილი ზიზღის დანახვა ჩემთვის აუტანელი გახდა, მით უფრო, იმ სიტყვების შემდეგ, რითაც მონოლოგი დაამთავრა: - და არც განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო…

ხოოო. ეს მართლაც დავიმსახურე. იმ საღამოს დავიწყება ყველანაირად ვცადე, მაგრამ არა და არ გამომივიდა. მეორე დილით აუზს მივაშურე, მთელი საათი მკლავები არ მომიდუნებია, გავცურე და გამოვცურე, რათა ენერგია ბოლომდე დამეხარჯა. მეგონა, ეს ჩემი მეხსიერების სრულ გაწმენდაში დამეხმარებოდა, თუმცა… უშედეგოდ.

მას შემდეგ სამი კვირა გავიდა, მე კი გული ვერაფერს გადავაყოლე. თვალწინ სულ ფაბიენი მედგა თავისი განრისხებული მზერითა და დამამცირებელი სიტყვებით.

იმ ღამით ფაბიენმა მანქანით მომაცილა სახლამდე, მაგრამ გზაში კრინტი არ დაუძრავს, სიტყვაც არ დასცდენია. მეც ისე გადმოვედი მანქანიდან, არ დავმშვიდობებივარ. გულისრევის შეგრძნება არ მცილდებოდა, მეზიზღებოდა ჩემი თავი იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ჩავიდინე.

ამ ხნის განმავლობაში მან რამდენჯერმე შემოიარა პიერთან, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ გაურბოდა ჩემთან მარტო დარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიანად და თავაზიანად მექცეოდა, ერთხელაც არ დამლაპარაკებია.

ნანამ რაღაც იეჭვა და ფაბიენის პირვველივე ვიზიტის შემდეგ თავის ოთახში გამიხმო შეშფოთებული სახით.

- კირა… შენ და ფაბიენს ხომ არ გიჩხუბიათ იმ საღამოს? რამე ხომ არ გაწყენინა? ყველაფერმა კარგად ჩაიარა?

- რა თქმა უნდა, - ყოჩაღად მივუგე, სულაც არ მინდოდა ორსულობის ბოლო დღეებში ჩემ გამო ენერვიულა, - საიდან მოიტანე, რომ ვიჩხუბეთ? სასიამოვნო საღამო გავატარეთ. უბრალოდ, გავურბივარ მასთან ახლო ურთიერთობას. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ჩვენ შეუთავსებელი წყვილი ვართ. სულ ეს არის. როცა მარტონი ვრჩებით, სალაპარაკო თემას ვერ ვპოულობთ. ალბათ, შენც შეამჩნიე ეს, არა?

- კარგი, რა. არ მჯერა, რასაც ამბობ. მასთან საერთო ენის გამონახვა ადვილზე ადვილია. არაჩვეულებრივი ადამიანია.

- ვისთვის როგორ… - მივუგე და გავწითლდი.

- თან როგორი სიმპათიურია… ძაან სიმპათიური. - არ მომეშვა.

- კი, დიდებული ბიჭია, - უგულოდ დავეთანხმე.

- მხოლოდ დიდებული? - შემპარავად გაიღიმა ნანამ, - კარგი, კარგი, როგორც გინდა…

დილით ეზოში გავედი, რათა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. მარტი იყო და საკმარისად გრილოდა. ის კი არა, შემცივდა კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მზიანი დილა გათენდა. ისევე, როგორც ამ დროს საქართველოში, მზეს ჯერ კიდევ აკლდა მცხუნვარება.

ის იყო, უკან შებრუნებას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და კრისტიანი გამოჩნდა თავის მასწავლებელთან ერთად.

- კირა! - მომვარდა ბიჭი, - ცოტა ხანს დარჩი რა, ჩვენთან ერთად.

- კი დავრჩებოდი, კრისტო, მაგრამ ცოტა არ იყოს, შემცივდა. მე შენსავით ახალგაზრდა კი არ ვარ, შენთან შედარებით ბებერი ძვლები მაქვს, - სიცილით მივუგე და ბატონ დამიენს თავის დაკვრით მივესალმე.

- კარგი იქნება, თუ დარჩებით, კიარა… - დამიენი რატომღაც ჩემს სახელს ასე წარმოთქვამდა, - იმ თუთიყუშთან ერთად ერთ ოთახში მეცადინეობის ჩატარება ჩემთვის ნამდვილი სასჯელია, მაგრამ კრისტიანი არ მიჯერებს. ჟაკოს არ უყვარს, როცა უყურადღებოდ ტოვებენო. გაგიგონიათ? წარმოგიდგენიათ მეცადინეობა მოლაპარაკე თუთიყუშთან ერთად? ისე გადავიღალე, ჩემს მოწაფეს ვთხოვე, ცოტა ხნით აუზში ჩავიდეთ-მეთქი. აქ კი თქვენ გადაგეყარეთ.

- მე ბანაობას არ ვაპირებდი, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გამოვედი, - დარცხვენილმა წარმოვთქვი.

რაც აქ ვარ, დამიენს ხშირად ვხვდები. იგი კვირაში ორჯერ მოდის კრისტიანთან დილის საათებში და ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი ხდება. ამასთან, შევამჩნიე, რომ იგი ჩემ მიმართ მთლად გულგრილი არ იყო, რაც ოდნავ მბოჭავდა. სულაც არ მსურდა, ამ ძალზე ლამაზ ფრანგ მასწავლებელს ჩემ მიმართ ინტერესი აღძვროდა, რადგან, როგორც მამაკაცი, დიდად არ აღმაფრთოვანებდა. ნაზი კაცები არასდროს მომწონდა.

დამიენი ნამდვილი ჯენტლმენი იყო, ქალთან ურთიერთობაში არაფერი ეშლებოდა. არც სიტყვებით გადადიოდა არასდროს ზღვარს და არც ქცევით. მან ბევრი რამ იცოდა საქართვლოსა და ქართველებზე, ამიტომ ბოლო დროს ყური გამომიჭედა ქართველების ქებით, თან ხაზგასმით მიმანიშნა, რომ ქართველი ქალები აღაფრთოვანებდა.

- თქვენ საოცარი მეფე ქალი გყავდათ, თამარი, - მითხრა ერთხელ, - მას მზეს ადარებდნენ. იგი არც ერთ მებრძოლ რაინდს არ ჩამოუვარდებოდა ვაჟკაცობით. ეს ნამდვილად ვიცი, რადგან საქართველოს ისტორია ასე თუ ისე შესწავლილი მაქვს. თქვენი ქალები განთქმული არიან თავიანთი სილამაზითა და ჭკუა-გონებით.

თავიდან გავბრიყვდი და ავყევი ლაპარაკში, გამიხარდა, ერთმა ფრანგმა მაინც რომ იცოდა საქართველოს ისტორიიდან ამდენი რამ, მაგრამ როცა ასეთი საუბრები ყოველ შეხვედრაზე გაგრძელდა, თან მინიშნებებით, ქართველი ქალებით მოხიბლული ვარო, შევეცადე, აღარ ავყოლოდი საუბარში. ის კი არ მეშვებოდა. მერე ნელ-ნელა შემაპარა, უკვე ოცდაცხრა წლის ვარ, მაგრამ ჩემთვის შესაფერის ქალს ჯერაც ვერ შევხვდიო. ყველაზე მეტად ის მძაბავდა, რომ, როგორც კი მეცადინეობას დაამთავრებდნენ, ის და კრისტიანი ჩემ ძებნას იწყებდნენ. ცოტა არ იყოს, უხერხულ სიტუაციაში ვვარდებოდი, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რომ ჩემსა და დამიენს შორის რომანი ვერ გაჩაღდებოდა.

ახლაც ვცდილობდი, როგორმე ამერიდებინა თავიდან დამიენთან მარტო დარჩენა, მაგრამ სანამ რამეს მოვიფიქრებდი, კრისტიანი მომვარდა, ხელი მიბიძგა და პირდაპირ აუზში მოვადინე ზღართანი. კიდევ კარგი, შარვალი მეცვა, თორემ კაბით რომ ვყოფილიყავი, მთელი ჩემი ავლადიდება გამომიჩნდებოდა და ალბათ, სირცხვილით დავიწვებოდი.

გაგრძელება იქნება