აჯობე წარსულს! - თავი 11 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 11

2022-03-18 10:03:05+04:00


წინა თავი

რა უნდა შემეთავაზებინა ასეთი მამაკაცისთვის? მას ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა: სიმდიდრე, გავლენა, კარგი გარეგნობა. და ზღაპრული ქორწინებაც, რასაც, შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად, ყოველ ახალ კავშირს შეადარებს.

- რატომ მოიწყინე უცებ? - შემეკითხა, როცა მანქანაში ჯდებოდა და რომ არ ვუპასუხე, ნიკაპი ამიწია, თვალებში ჩამხედა და ნაზად მაკოცა, - წავედით აქედან, კარგი?

ნიცის მიმართულებით დაიძრა თუ არა, საოცარი იმედგაცრუება დამეუფლა. ნუთუ ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ამ საღამოს მოხდა, შინ მიყვანას და მანქანაში ნაპოვნ ჩანთასავით ნანასთვის ჩემი თავის ჩაბარებას აპირებს?

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ "სიტროენი" ერთ მყუდრო ადგილას გაჩერდა, რომელიც ბუჩქებით იყო შემორაგული და ფაბიენმა ძრავა გამორთო.

- მინდა გაკოცო, კირა, - თქვა და ჩემკენ შემოტრიალდა. სალონში დასადგურებულმა სიჩუმემ ისეთი გრძნობა აღმიძრა, თითქოს მთელ დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით, -მინდა მთელი ღამე შენი კოცნით ვიყო დაკავებული, ოღონდ სხვანაირი, ნამდვილი კოცნით.

აბა, იქ რას აკეთებდა, რესტორანში, ნამდვილი კოცნით თუ არ მკოცნიდა? - გავიფიქრე, მაგრამ შემეხო თუ არა, მივხვდი, რაშიც იყო განსხვავება.

როგორ გაცხელებოდა ბაგეები! ამჯერად მათმა შეხებამ სრულიად სხვაგვარი სურვილი გამიღვიძა - ველური, აღვირახსნილი, გონების დამბინდავი, ცეცხლივით მწველი და დაუმორჩილებელი. მივეკარი ფაბიენს და ამქვეყნად ყველაფერი გადამავიწყდა. ისე ვიყავი მასზე შეყვარებული, ურცხვად ვპასუხობდი კოცნაზე, ისეთი ვნებით, ისეთი გატაცებით, ალბათ თვითონაც უკვირდა, მაგრამ ამწუთას ფეხებზე მეკიდა, რას ფიქრობდა იგი…

ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. თავი არასდროს მიმაჩნდა ზემგრძნობიარედ, თავდავიწყებას ერთხელაც არ მივცემივარ. ყოველთვის შემეძლო ჩემი თავის გაკონტროლება. ახლა კი ყველაფერი სხვანაირად იყო. მინდოდა მისი გავმხდარიყავი, შევრწყმოდი ფაბიენის სხეულს და ასე გაგრძელებულიყო სამუდამოდ.

და უცებ თითქოს განგაშის ზარი დაირეკა ჩემს გონებაში. მოულოდნელად საკუთარი სურვილის შემეშინდა - ასეთი უგუნური, ყოვლისმომცველი, ყველაფრის შთანმთქავი სურვილის. ის ხომ თვითონ მაფრთხილებდა საშიშროებაზე. თავი არასდროს მოუჩვენებია, რომ ვუყვარდი, თავიდანვე გულახდილი იყო ჩემთან და გულწრფელად ამბობდა იმას, რასაც ჩემთან მიმართებით და, ზოგადად, ქალების მისამართით გრძნობდა. როგორ შევგუებოდი იმ აზრს, რომ მისთვის მხოლოდ წუთიერი მოთხოვნილების ობიექტი უნდა გავმხდარიყავი? რა გრძნობა დამეუფლებოდა, როცა ეს რომანტიკული ღამე წარსულს ჩაჰბარდებოდა? რა ელოდა ჩემს განცდებს?

- ფაბიენ… - ამოვიჩურჩულე და ძლივს გავითავისუფლე თავი მისი მკლავებისგან. თვალები ისე მქონდა დაბინდული, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, - მოიცადე, მე მინდა… რაღაც მინდა გკითხო.

- ახლა არა, - ვნებამორეულმა კვლავ მიმიზიდა, მაგრამ მის ტუჩებს მიკარების უფლება არ მივეცი, თავი უკან გადავწიე.

- არა, სწორედ ახლა, თორემ მერე გვიან იქნება. მითხარი, შენთვის ეს რაღაცას მაინც ნიშნავს? იცი?.. მაინცდამაინც მიჩვეული არ ვარ… ხანმოკლე ურთიერთობებს, - მინდოდა მეთქვა, რომანებს-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან ჩვენი ურთიერთობა ჯერ რომანის ჩანასახსაც კი არ ჰგავდა.

- აბა, რას ხარ მიჩვეული?

თვალებში შევაცქერდი. როგორ გამიძნელდა მისთვის ამ შეკითხვის დასმა, მან კი პასუხიც არ მაღირსა…

გაჩუმდა… უბრალოდ, გაჩუმდა… თუმცა სწორედ ეს იყო მისი პასუხი…

- სახლში წამიყვანე, ფაბიენ. შინ მინდა.

ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უკან დავბრუნდი, იმ დროში, როცა ფაბიენ მორელის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, იმ სამყაროში, სადაც ყველაზე საშინელი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში ავტოკატასტროფის საშინელება, ფრიდონის ღალატი და ამით გამოწვეული მომდევნო თვეების ტკივილი იყო… უცნაურია, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად მოსაშუშებელ ჭრილობებად მომეჩვენა იმ ტკივილთან შედარებით, რომელიც ახლა მტანჯავდა.

- კირა… მე შენ ვერაფერს შეგპირდები. მეგონა, ამაზე უკვე მიგანიშნე რამდენჯერმე.

- ჰო, რა თქმა უნდა, მიმანიშნე, - ჩემს ხმაში იმხელა მოთქმა-გოდება გაისმა, რომ შემეცოდა საკუთარი თავი, - შენ მოიქეცი, როგორც წესიერ ადამიანს შეეფერებოდა და არაფერში გადანაშაულებ. მაგრამ, გთხოვ, წამიყვანო სახლში.

ბოლო სიტყვები ისე საწყლად წარმოვთქვი, როგორც უმწეო ბავშვმა, საშველად დედას რომ უხმობს. ფაბიენმა ტუჩები მოკუმა, საჭეს მიუბრუნდა, მანქანა დაქოქა და სიტყვის უთქმელად გავიდა გზატკეცილზე…

მომდევნო რამდენიმე კვირა ყველაზე რთული გამოდგა ჩემთვის და მხოლოდ იმან მიშველა, რომ საოჯახო საქმეები ერთბაშად დამაწვა. ნანას უკვე ძალიან უჭირდა მოძრაობა და ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა. ახლა მისთვის ყველაფერი ვიყავი - მეგობარიც, კომპანიონიც, სანდო პირიც და, როცა საჭირო იყო, დედაც და ძიძაც. ნანას გარდა, კრისტიანის უფროსი დის როლიც შევითავსე. მას შეეძლო თვალდახუჭულს მომნდობოდა და თავისი გულისნადები უპრობლემოდ გაეზიარებინა ჩემთვის. არც პიერს ულხინდა იმ დღეეებში და ისიც ჩემში ეძებდა ხსნას, ჩემში ხედავდა ყველაზე საიმედო საყრდენს და როცა სიტუაცია კულმინაციას აღწევდა, მავედრებელი მზერით შემომყურებდა, მიშველეო. ერთადერთი მე ვიყავი მხოლოდ, ვინც თავს უსაზღვროდ და უიმედოდ უბედურად გრძნობდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი საშველი არ იქნებოდა, ჩემს ტკივილს ვერავინ ჩასწვდებოდა, ვერ გაიგებდა და ვერც გაიზიარებდა. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ვერავის გავენდობოდი. რით მიშველიდნენ? რას მივიღებდი მათგან? თანაგრძნობას? თანაგრძნობა არავისგან არ მჭირდებოდა. მშობელ დედასაც კი, რომელსაც კვირაში ერთხელ ვურეკავდი და ჩვენს ამბებს ვატყობინებდი, არ ვუმხელდი, რა დარდიც თუხთუხებდა ჩემს გულში. ჯერ ერთი, ტელეფონზე ამაზე საუბარი არ ღირდა და მეორეც - რატომ უნდა ედარდა მას იმის გამო, რომ თავისი ერთადერთი ქალიშვილი, სახლიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით მოშორებული, სადღაც უცხო ქვეყანაში თავს უბედურად გრძნობდა? ასე რომ, მხნედ და მხიარული ტონით მიხდებოდა მასთან ლაპარაკი, თანაც მხოლოდ ისეთ რამეებზე, რაც მას გაახარებდა.

ფაბიენი იმ საღამოს მერე ჩვენთან არ მოსულა. რამდენიმე დღეში კი გავიგე, რომ თავისი საქმეების გამო ამერიკაში გადაფრენილა. მართალია, მეცხრე დღეს უკან ჩამოვიდა, მაგრამ დატვირთული განრიგის მომიზეზებით ერთხელაც არ გვსტუმრებია. მისი არყოფნა ტკივილს მაყენებდა, მაგრამ არა იმხელას, რამხელასაც მასთან გატარებული ცალკეული დღეები.

ნანა უკვე მეცხრე თვეში იყო. მუცელი ისეთი ვეებერთელა გაუხდა, მისი ზიდვა არ შეეძლო, ამიტომ ძირითადად იწვა. აივანზე გავდიოდით ხოლმე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ერთ-ერთი ასეთი მორიგი "ჰაერის ჩაყლაპვის" დროს შეზლონგზე ნახევრად წამოწოლილმა ჩემმა დაქალმა ფაბიენზე წამოიწყო ლაპარაკი:

- პიერი ძალიან ნერვიულობს ფაბიენზე, ამბობს, ბოლო დროს მის თავს რაღაც ხდებაო.

- რაღაც ხდებაო?

- ჰო, რაღაც დაემართა და ვერ ვხვდები, რაო.

- რა უნდა დამართნოდა? - ყურადღებით მივაშტერდი მეგობრის სახეს, მაგრამ შემაშფოთებელი ვერაფერი შევაჩნიე, - შენ როგორ გგონია?

- აზრზე არ ვარ და არც პიერმა იცის, რა მოხდა. უბრალოდ, თავის თავს აღარ ჰგავსო. ის ისედაც საკმაოდ რთული ადამიანია… უფრო სწორად, გახდა ასეთი… - ბოლომდე არ გაშიფრა ნანამ ნათქვამი, - ბოლო სამი წელი მისთვის ადვილი გადასატანი არ ყოფილა, მაგრამ ახლა საერთოდ შეიცვალა - ყოველ შემთხვევაში, პიერი ასე ამბობს.

- არ დაელაპარაკა მერე? - ფრთხილად შევეკითხე.

- როგორ არა, აბა, რა ქნა, მაგრამ ფაბიენი ისეთი ჩაკეტილი ადამიანია, ბევრს ვერაფერს დააცდენინებ თავის თავზე, - მძიმედ ამოიოხრა ნანამ და წვენის რამდენიმე ყლუპი მოსვა, -იქნებ თავისი ბიზნესის გამოა ასე? ის ყოველთვის ბევრს მუშაობს. ადრეც ბევრს მუშაობდა, როცა მამა გარდაეცვალა და ყველაფერი მის კისერზე გადავიდა, მაგრამ იმ ტრაგედიის მერე ხომ… ნუ იტყვი, თავით გადაეშვა საქმეებში. ეს, ალბათ, მისთვის ერთგვარი თერაპია იყო.

- შეიძლება, - ვცდილობდი, რაც შეიძლება ბუნებრივად მელაპარაკა, მაგრამ დიდად არ გამომდიოდა, ისე დავიძაბე, - ადვილი ხომ არ არის ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში საყვარელი ადამიანი დაკარგო.

- საყვარელი ადამიანი? ა, შენ მიშელს გულისხმობ? ჰო, აბა რა… - ნანამ წვენის ცარიელი ჭიქა იატაკზე დადგა, - მომისმინე… შენ და იმას… ხომ არაფერი მომხდარა იმ დღეს, პარიზიდან რომ ბრუნდებოდით? რაღაც ძალიან შეგაგვიანდათ.

- რა უნდა მომხდარიყო? - გულუბრყვილო სახე კი მივიღე, მაგრამ ალმურმა მთლიანად ამიფორაჯა ლოყები, გულმა კი გამალებიც დამიწყო ცემა. ახლა ნამდვილად არ იყო ის მომენტი, ნანასთვის ჩემს გრძნობებზე დამეწყო მოყოლა. მას დღე-დღეზე უნდა გაეჩინა ტყუპი და მისთვის ნერვიულობა არამც და არამც არ შეიძლებოდა, - რატომ გგონია, რომ რამე მოხდა?

- რა ვიცი… ისე ვთქვი… პიერმა რომ მითხრა, ფაბიენი ბოლო დროს ძალიან ცუდად არისო, ამას დავუკავშირე. რაც შტატებიდან ჩამოვიდა, კიდევ უარესადააო. იქ რაღაც ვერ მოხერხდა თურმე ისე, როგორც უნდოდა. კონტრაქტის ამბავია, რა.

- ჰოდა, სწორედ მაგის გამოა ალბათ უხასიათოდ, - გამიხარდა, რომ ფაბიენის უგუნებობის რაღაც მიზეზი მაინც გამოჩნდა, - არა უშავს, ეს ყველაფერი მალე გაუვლის.

"გაუვლის, როცა მე საქართველოში დავბრუნდები", - გავიფიქრე ჩემთვის. ის, ალბათ, იმას განიცდის, ადრინდელივით რომ ვერ მოდის თავისი მეგობრების მოსანახულებლად. ამის მიზეზად კი მე მთვლის. სინამდვილეში ასეცაა…

მეტი აღარ გვილაპარაკია, რადგან ნანამ ჩაიძინა. მე კი ფიქრებით კვლავ ფაბიენთან ბოლოს გატარებულ საღამოს გადავწვდი. ასე შორს არ უნდა შემეტოპა და ადრევე უნდა გავჩერებულიყავი. ხომ ვიცოდი მისი დამოკიდებულება ქალებთან. ამიტომ საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშულებ იმაში, რაც მოხდა.

ის, რაც შეიძლებოდა ჩვენ შორის მომხდარიყო, ფაბიენისთვის მხოლოდ მორიგი გატაცება იქნებოდა, პატარა ინტრიგა, რომელიც ორივეს სიამოვნებას მოგვანიჭებდა. თუ სექსი გვექნებოდა, იქვე დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობაც და აღარ იქნებოდა საჭირო გლობალური კითხვის დასმა - სად მიგვიყვანს ეს სიყვარული?

თვალწინ წარმომიდგა ფაბიენის გაქვავებული სახე, როცა დავიძარით და ნიცისკენ გამოვქროლდით. მთელი გზა კრინტიც არ დაუძრავს, მე კი დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული ვეჯექი გვერდით…

ეს იყო ფიასკო, სრული ფიასკო! ფაბიენი დახვეწილ, უზადო ქალებთან ურთიერთობასაა მიჩვეული, ისეთ ქალებთან, რმოლებმაც იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას, იციან საკუთარი თავის ფასი და ისიც, როგორ გამოიყენონ ბუნებით მომადლებული ხიბლი საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. მე რას წარმოვადგენ მათთან შედარებით? არარაობას. ამიტომ რატომ უნდა ეფიქრა მას ჩემზე სერიოზულად?

რა გასაკვირია, პიერს სიძის უჩვეულო მდგომარეობა თუ მოხვდა თვალში? ალბათ, რამდენჯერაც მე გამიხსენებს, იმდენჯერ აუტანელი ზიზღითა და სიძულვილით ივსება ჩემ მიმართ. შეიძლება მთლად სიძულვილით არა, მაგრამ წარმომიდგენია, როგორ ღიზიანდება ყოველ ჯერზე, როცა ჩემზე ფიქრი გონებაში ამოუტივტივდება.

ასეთ თვითგვემაში ვიყავი, როცა აივანზე პიერი გამოვიდა.

- სძინავს? - მკითხა და ცოლს გადახედა.

გაგრძელება იქნება