მან კვლავ გაიღიმა და თოვლივით თეთრი კბილები გამოაჩინა.
- ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან ბაღში ჩამოხვიდოდით. - თქვა და ღვინო ჩამოასხა.
სასმელი სასიამოვნოდ აშიშინდა. ლუკასმა ერთი ბოკალი მომაწოდა და შემთხვევით ჩვენი თითები ერთმანეთს მიედო. მაშინვე მოვაშორე ხელი, სახე დამეძაბა.
- ნუ გეშინია, აქ, ჩემს ბაღში, შენ გაუპატიურებას არ ვაპირებ, - ისევ შენობით დაიწყო ლაპარაკი, სკამზე დაეშვა და თვალები დახუჭა.
- ვიცი, - მივუგე, თუმცა წამითაც არ მავიწყდებოდა ის დამცირება, რომელიც დილით გადავიტანე. ნერვიულად ჩავახველე და დავამატე, - მაპატიეთ.
მთელი ის პერიოდი, რაც სააგენტოში ვიმუშავე, ჩემთვის ერთობ დამღლელი იყო, მაგრამ ჩემი საქმე მიყვარდა და სიამოვნებით ვაკეთებდი იმას, რასაც მავალებდნენ. დრო არასდროს მრჩებოდა იმისთვის, ვინმეს შევხვედროდი, პაემნებზე მევლო, თუმცა თაყვანისმცემლები არ მაკლდა. ჩემი სილამაზე შეუმჩნეველი არასდროს დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ათობით ნახევრად შიშველი მოდელი ირეოდა. მათზე ნაკლები არაფრით ვყოფილვარ, ამიტომაც შემომთავაზა ლალიმ მეც მანეკენობა. ყოფილა შემთხვევა, როცა მას არ ეცალა, სიარულის გაკვეთილები მე ჩამიტარებია მათთვის. პოდიუმზე არასდროს გამოვსულვარ, მაგრამ რომ დამჭირვებოდა, სხვებზე გაცილებით უკეთესად გამომივიდოდა.
ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ მამაკაცებით დაინტერესებული მაინცდამაინც არ ვყოფილვარ. ყოველთვის ინტელექტუალები მხიბლავდა, ასეთები კი ჩემ ირგვლივ ნაკლებად ტრიალებდნენ. ამიტომ ჩემთვის თავბრუს დასხმა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ ახლა რაღაც სხვა ხდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ლუკასის სხეულს მალულად შევავლებდი მზერას ან თვალს გავაპარებდი, ჟრუანტელი მივლიდა. წარმოდგენა არ მქონდა მის ინტელექტზე, ჯერ ხეირიანად არც ვიცნობდი, მაგრამ ფაქტია, ჩემი მოხიბვლა შეძლო. არადა, აქამდე მეგონა, რომ მამაკაცების წინააღმდეგ იმუნიტეტი მქონდა გამომუშავებული.
- არაჩვეულებრივი სახლი გაქვთ, - აღვნიშნე და გამიხარდა, რომ ხმა არ მიკანკალებდა.
- ჰო, საბედნიეროდ, ეს ნამდვილად ასეა, - დამეთანხმა იგი, თვალები გაახილა და გამომხედა. უცებ გაოცება შეეპარა, რაც წარბების ოდნავ შესამჩნევად შეჭმუხნით გამოხატა და გააგრძელა, - რომ არ ვიცოდე, რეალურად რასაც წარმოადგენ, ვიფიქრებდი, რომ ნახევრად შიშველი კაცების გარემოცვაში ყოფნას მიჩვეული არ ხარ.
ისევ მწარედ მომხვდა მისი სიტყვები გულზე, ისევ გავწითლდი. ლუკასი სიცილით წამოხტა სკამიდან, მომიახლოვდა და თავისი გარუჯული მარჯვენა ალმურმოდებულ ლოყაზე ჩამომისვა.
- მე ეს მომწონს, - მოწონებით შენიშნა და წამიერად მოიშორა სახიდან განუყოფელი ირონიის ნიღაბი, - არც ვიცოდი, შენნაირ ქალებს გაწითლება თუ შეეძლოთ.
სრულიად დაბნეული უხმოდ შევცქეროდი. საკუთარ თავსა და ჩემს მოუხერხებლობაზე უფრო ვიყავი გაბრაზებული, ვიდრე მის დაცინვაზე. თავი მკვეთრად გავაქნიე და ჩემი "ცხენის კუდი" გაქან-გამოქანდა.
- ეს რა, შენი იმიჯის ნაწილია? - სახე კვლავ გაუქვავდა, თვალები მოჭუტა და ჩემს თმას თითები შეახო.
- არ მესმის, რას მეუბნებით.
- ხო, რა თქმა უნდა. თითქოს არც გიფიქრია იმაზე, რომ ამგვარი ვარცხნილობით თექვსმეტი წლის გოგას ჰგავხარ, - გამანადგურებლად მითხრა, - უბიწოება და სიწმინდე?
- თმა იმიტომ შევიკარი, რომ ასე უფრო გრილად ვარ, - ავუხსენი იმაზე გაცხარებულმა, რომ ჩემს ვარცხნილობასაც კი აკრიტიკებდა, - თქვენ კი ვინ ხართ ასეთი, რომ ჩემს წესიერებას ეჭვქვეშ აყენებთ? ვინ მოგცათ ამის უფლება? - გაკაპასებულმა ვესროლე და იმავე წამს მივხვდი, რომ კიდევ ერთი მიზეზი მივეცი შეურაცხყოფის მოსაყენებლად.
მაგრამ მაშინვე არ უპასუხია. ღვინო მოსვა, წინ გადმოიხარა და თვალი თვალში გამიყარა.
- გვანცა, გეორგიოსი საშინელ დღეში იყო, როცა ბოლოს სახლში მოვიდა. მან ისეთი რამეები მიამბო, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არასდროს მომიყვებოდა.
- ჰოო? მაინც რა? - ნირწამხდარმა ვკითხე, რადგან მივხვდი, რასაც ახლა გავიგონებდი, სულაც არ მომეწონებოდა.
გაღიზიანებით ამოიხვნეშა.
- რატომ ართულებ ყველაფერს ასე? გინდა ყველაფერი სიტყვებით გადმოვცე? არ შეგიძლია გამათავისუფლო ასეთი უსიამოვნო საქმისგან?
მისი ტონი იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ მხრები დამეჭიმა, მაგრამ მისთვის მზერის გასწორება ვერ გავბედე. ღმერთმა ნუ ქნას, რამე იეჭვოს, თორემ კარგი დღე არ დამადგება.
- ვინ გასწავლა ამდენი ტყუილი? გეორგიოსს უთხარი, გვანცა მქვიაო. პასპორტში კი ნაკა გიწერია. ვინ ხარ სინამდვილეში? რისკენ ისწრაფვი? მილიონერი ბერძნის ხელში ჩაგდება გინდა? სარფიანად გათხოვება? მერედა, შენს ურცხვ წარსულს რა მოვუხერხოთ? - მისი ყოველი სიტყვა გულს მისერავდა.
- მომიყევით ერთი, რა გიამბოთ ჩემზე, ძალიან დამაინტერესა, - ყველა მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე და სულ სხვა რამ მოვითხოვე.
მან თავი გააქნია და ჩაიფხუკუნა.
- რატომ გადაგაქვს სხვა რამეზე საუბარი?
- მითხარით, რა გითხრათ ჩემზე. - მაინც ჩემსას ვითხოვდი.
- იცი, როგორი დასტრესილი იყო? - ხმას აუწია, მაგრამ ეტყობოდა, აშკარად არ იყო ამ თემაზე საუბრის გაგრძელების მომხრე, - მითხრა, ერთად ვიწექითო და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შენ პირველი ქალი იყავი, გეყო თავხედობა, გეთქვა, რომ გეორგიოსამდეც გყოლია სხვა კაცები.
მისი სიტყვები გულზე ყინულის ნამსხვრევებივით მხვდებოდა.
- რატომ უთხარი, რომ სხვებთან სიყვარულის გამო არ წვებოდი, ის კი მართლა შეგიყვარდა? რომ ის ერთადერთი იყო, ვინც შენი გულის დაპყრობა შეძლო? - უბოდიშოდ მომახალა, - ის ჭკუას კარგავდა შენზე და ყველაფერი გაპატია. რატომ დათანხდი ცოლობაზე, თუკი თავიდანვე იცოდი, რომ ეს ყველაფერი ფარსი იქნებოდა? - მის ხმაში იმხელა გრძნობა იყო ჩაქსოვილი, რომ ძალაუნებურად შევხედე თვალებში და ისეთი სიძულვილი დავინახე იქ, რომ სიკვდილი ვინატრე, - შენ მას ცხოვრება დაუნგრიე, გვანცა… თუ ნაკა, ყველა ოცნება დაუმსხვრიე და ახლა ღმერთმა იცის, სადაა.
- როგორ, აქ არ არის?
- რა თქმა უნდა, არ არის. ნუთუ გგონია, აქ რომ იყოს, მე და შენ ახლა ასე ვისხდებოდით?
- არ ვიცოდი, - საცოდავად ჩავიჩურჩულე.
- არც გიკითხავს, - გააგრძელა ჩემი დადანაშაულება, - დილიდან ველოდებოდი, როდის მკითხავდი ამას. შენ კი ერთხელაც არ წარმოგითქვამს მისი სახელი.
- არ უთქვამს, სად მიდიოდა? - ყრუდ ვკითხე, ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ ავიტანდი და სიმართლეს ვეტყოდი.
- არავინ იცის. მე სახლში არ ვიყავი. მისთვის ვიღაცას დაურეკავს და ეგრევე წასულა. ვარდოსთვის დაუბარებია, დელიკატური საქმე გამომიჩნდა და ძებნა არ დამიწყოთო.
- გჯერათ მისი? - ნერვიულად ვკითხე, რადგან შევატყვე, ლუკასი ყოყმანს შეეპყრო.
- თან მჯერა, თან არა, - ცივად მიპასუხა, - საერთოდ, ჩემს დისშვილს არ უყვარს ტყუილები. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ მას ყველანაირი საფუძველი აქვს, ასე რომ მოიქცა. მაგრამ როცა დაბრუნდება, აქ სიურპრიზი დახვდება - შენ.
- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება რამე სისულელე ჩაიდინოს? - შეძრული ვიყავი.
- ერთი უკვე ჩაიდინა, შენთან დაკავშირებით, - მომიჭრა ლუკასმა, - ამაზე უარესს არაფერს იზამს. გეორგიოსი ბერძენია.
ჩათვალა, რომ ამით ყველაფერი თქვა.
- მან იცოდა, რომ თქვენ ჩემ ჩამოსაყვანად წამოხვედით? - ეჭვნარევი ხმით ვკითხე, რაღაცას უკვე ვხვდებოდი.
- არა მგონია. ამ სახლში მთავარი მე ვარ და ყველა აქ მცხოვრებზე პასუხს მე ვაგებ. ჩემი დისშვილი ჯერ ახალგაზრდაა და ფიცხი. შთაბეჭდილებების ქვეშ ადვილად ექცევა. იძულებული ვიყავი, ცოტა მკაცრად მოვქცეოდი, რათა ლეილას არ ედარდა.
- მას ხომ არ უთხოვია თქვენთვის ჩემი ჩამოყვანა?
- არა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. - ეს ისეთი გამყინავი ხმით წარმოთქვა, მივხვდი, რომ შეკითხები უფრო მეტი სიფრთხილით უნდა დამესვა, - მე ჩამოგიყვანე და მორჩა! როცა გეორგიოსი აქ დაგინახავს, ჩვენს სახლში, მიხვდება, რომ შენთან ურთიერთობის გაგრძელება უაზრობაა და სხვა არაფერი… რამდენიმე კვირის შემდეგ ლეილას სამკურნალოდ საფრანგეთში წავიყვან, იქნებ ცოტა ძალები აღიდგინოს, ძალიან დასუსტდა. მის გარდა მე არავინ მყავს. ლეილა და გეორგიოსია მთელი ჩემი ოჯახი. როცა დავბრუნდებით, შენ უკვე აღარ იქნები აქ, ის კი ეტყვის დედას, რომ ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდით.
უცებ სიცილი ამიტყდა. მისი თავხედობა ჩემს ნერვებზე სასტიკად მოქმედებდა.
- ერთი წუთით, - წამით ავიჯაგრე, - თქვენ ვინ მოგცათ უფლება, საკუთარი გეგმები დასახოთ და გადაწყვიტოთ, რა იქნება უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის?
- ყველა ჩვენგანისთვის კი არა, ჩემი ნათესავებისთვის, - აუღელვებლად შემისწორა, - შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ.
ეს ისე მშვიდად თქვა, რომ აუტანელი ტკივილი მომაყენა. სრული გულგრილობით შემომცქეროდა, აბსოლუტური სიმშვიდით. მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ასე, სინამდვილეში კი საშინლად დაძაბული იყო. ამწუთას ლეოპარდს ჰგავდა, გადასახტომად გამზადებულს.
მოულოდნელად მისი ცივი ამპარტავნების გამოწვევის დაუძლეველმა სურვილმა წამომიარა. მხრებში ამაყად გავიმართე და გაქვავებული სახით მივაჩერდი.
- დიადი, განათლებული ლუკასი, - პირქუშად ამოვთქვი, - სამართლიანი, სრულყოფილი, ყველა ჩვენგანზე, უბრალო მოკვდავებზე მაღლა მდგომი… იცით რა? მე თქვენ მეცოდებით. მართლა. თქვენ, უბრალოდ, უგულო ადამიანი ხართ. საერთოდ თუ გეთქმით ადამიანი.
- გეყოფა!
მის დახშულ ხმაში გაჟღერებულ ულტიმატუმს ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე:
- ეჭვი არასდროს გეპარებათ, რომ ყოველთვის მართალი ხართ. გიყურებთ და გული მერევა. გეორგიოსს, თქვენგან განსხვავებით, ჯერ კიდევ შერჩენია უნარი, ვინმე შეიყვაროს, ეს კი იმაზე მეტია, რაც თქვენ შეგიძლიათ. თქვენთვის ადამიანური გრძნობები სრულიად უცხოა. ალბათ, თქვენს სიცოცხლეში არასდროს არავინ გყვარებიათ…
უეცრად წამოხტა, ხელი მტაცა და პირზე ამაფარა, რომ მეტი აღარაფერი მეთქვა. ისე უხეშად მტაცა ხელი, კინაღამ კისერი გადამიტეხა.
- გაჩუმდი! - ღრენით გამოსცრა კბილებშუა. სახეზე არნახული მრისხანება ეხატა, - შენთვის ჩემი გაკრიტიკების უფლება არავის მოუცია! შენნაირი ყოფაქცევის ქალი სიყვარულზე მელაპარაკება? გაგიმართლა, რომ ლეილა ისვენებს, თორემ ისე გცემდი, მიგასიკვდილებდი.
მთელი სხეულით ვიკლაკნებოდი მისგან თავის დასაღწევად. ბოლოს პირიდან ხელი მომაშორა, თან ზემოდან დამყურებდა გაბოროტებული მზერით.
- ტყუილად ჩამოგიყვანე აქ, ზედმეტი პრობლემები ავიკიდე მხოლოდ.
- არც მე მინდოდა წამოსვლა, სხვათა შორის, - არ დავუთმე.
- მაგრამ რადგან აქ ხარ, - ჩუმად წარმოთქვა და მის სახეზე რაღაც შეიცვალა, - ჩვენ სიტუაციას ასი პროცენტით გამოვიყენებთ. - და კვლავ ჩვეული ცინიკური ნიღაბი მოირგო, - საკმარისად გამოცდილი ხარ, რომ მიხვდე, ჩემზე როგორ მოქმედებ, - ხმა ჩაეხრინწა, - მაგრამ ამან არ დაგაბნიოს. ეს მხოლოდ ვნებაა, მარადიული და ყველაზე ჩვეულებრივი ვნება, ლამაზო. მე შენი სხეული მინდა, მხოლოდ სხეული, არც მეტი და არც ნაკლები. კაცისთვის პრობლემას არ წარმოადგენს იხმაროს ქალი, რომელიც ეზიზღება.
ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, მუხლები მომეკვეთა. მისი სიახლოვე ჩემთვის საშიში ხდებოდა. ცხოვრების ამ მხარეზე არაფერი ვიცოდი, სექსი არასდროს არავისთან მქონია, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მის მომნუსხველობას ადვილად დავმორჩილდებოდი.
- შენი ტიპის ქალები ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შენ ცოტათი ამოვარდნილი ხარ საერთო სქემიდან, - მან კვლავ ჩამიჭირა მკლავებში და მძლავრად მიმიზიდა, - მიფრთხილდი, - თქვა ბოლოს, ჩაიცინა და ხელი შემიშვა.
ისე წავიდა, მეტი არაფერი უთქვამს. მე კი კიდევ დიდხანს ვიჯექი ხეებქვეშ ძაღლებითა და კატებით გარშემორტყმული. ისინი მიწაზე გაწოლილიყვნენ და თვლემდნენ. მაღლა თვითმფრინავმა გადაიფრინა, სადღაც რომელიღაც ფრინველმა სტვენა ატეხა, მე კი თავჩაქინდრული ვეყრდნობოდი ხის ტანს მკლავებზე თავჩამოდებული.
როგორც ჩანს, ჩამძინებია, რადგან როცა აზრზე მოვედი და თვალები გავახილე, კარგა გვარიანად შეღამებულიყო. უკვე მშვიდად ვიყავი. აღარ ვნერვიულობდი და საკმაოდ საღადაც ვაზროვნებდი.
- სიმართლე უნდა ვუთხრა, - ჩურჩულით მივმართე სიბნელეს, თან ბასრი ტკივილი მჩხვლეტდა მკერდში, - და აქედან უნდა მოვუსვა.
უნდა მოვუსვა…
გადავწყვიტე, ვახშამზე არ ჩავსულიყავი. საწოლზე წამოწოლილი ფიქრებმა წამიღო. ამ დროს კარზე ვიღაცამ ნელა დააკაკუნა. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა.
- მობრძანდით, - ქართულად წარმოვთქვი, რადგან ამ სახლში ჩემი ენა ყველამ იცოდა, მოსამსახურემაც კი.
საბედნიეროდ, კარში ლეილას კეთილი სახე გამოჩნდა. მაშინვე წამოვხტი და სკამი ჩემს საწოლთან ახლოს დავუდგი, მე კი ლოგინზე ჩამოვჯექი.
- მაპატიე, საყვარელო. არც ისეთი კარგი დიასახლისი ვარ, - მის რბილ ხმაში მობოდიშებამ გაიჟღერა, - ეს ის შემთხვევაა, როცა სულს უნდა, მაგრამ სხეულს არ შეუძლია.
- ყველაფერი რიგზეა, ქალბატონო, - თბილად მივუგე, - ჩემზე ნუ წუხხართ. იმიტომ არ ჩამოვედი, რომ მაინცდამაინც არ მშია, თორემ სადილი მშვენივრად მივირთვი, ყველაფერი გემრიელი იყო.
- იმედია, ლუკასი მაინც ზრუნავს სათანადოდ თქვენზე, - მისი სათნო სახე სიყვარულს ასხივებდა.
პასუხი არ გავეცი. ჩემი რეაქცია არ მოეწონა. სახე დაუსერიოზულდა, ჩემკენ გადმოიხარა და თავისი ცისფერი თვალებით დაჟინებით მომაჩერდა.
- საყვარელო, ვგრძნობ, რომ აუცილებელია რაღაცები მოგიყვეთ ჩვენს ოჯახზე, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. ჩვეულებრივ, ამას არ ვაკეთებ, მაგრამ გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ, თუკი ჩემი ნაამბობი მოსაწყენი მოგეჩვენებათ.
- რას ამბობთ, არც კი მიფიქრია…
- ახლავე ყველაფერს გაიგებთ, - ქალი სკამის საზურგეს მიეყრდნო, სუნთქვა უჭირდა, - შევაჩნიე, რომ ჩემს ძმასთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. ცოტათი მტრულად გეპყრობათ, ამას ვხედავ.
შეშინებულმა შევხედე. კიდევ რა შეამჩნია მისმა ლამაზმა თვალებმა?
- მას რომ გაუგოთ, ყველაფერი უნდა იცოდეთ მისი წარსულის შესახებ. ამიტომ მოგიყვებით, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. მე ქართველი ვარ, იმერეთიდან. ლუკასი ჩემი უმცროსი ძმაა. ჩვენი დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თექვსმეტი წელია. ოცდაცხრა წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი სამუშაოდ. ამ ოჯახში დავფუძნდი. ჩემს მომავალ დედამთილს ვუვლიდი, რომელიც წლების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. ის რომ გარდაიცვალა, მისმა შვილმა არ გამიშვა, სიყვარული ამიხსნა და ხელი მთხოვა. დიმიტრიოსი ერქვა ჩემს ქმარს. მეც, არ დავმალავ და გეტყვი, რომ ფარულად მიყვარდა და დავთანხმდი. დავქორწინდით. სწორედ იმ პერიოდში მამაჩემი გარდაიცვალა და ლუკასი, ანუ ლუკა, სრულიად მარტო დარჩა. ვთხოვე მეუღლეს, ისიც აქეთ წამომეყვანა. უარი არ უთქვამს, თვითონ წავიდა და ჩამოიყვანა. მას მერე გვერდიდან არ მომიშორებია. დიმიტრიოსმა მითხრა, ბიჭს რომ სწავლასა და საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს, აჯობებს, გვარ-სახელი გადავუკეთოთ და ასე ბევრად მეტს მიაღწევსო. ლუკა უკვე თექვსმეტი წლის იყო…
ლეილამ ნაღვლიანად გაიღიმა. გული მომეწურა მის შემხედვარეს.
გაგრძელება იქნება