ტყუილის ილუზია - თავი 11 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 11

2022-04-15 09:21:39+04:00


წინა თავი

- ჩემი ქმარი ძალზე კეთილი ადამიანი იყო. თავიდანვე მზრუნველობით მოეკიდა ლუკას აღზრდას. იცოდა, რომ მის გარდა ამქვეყნად უფრო ახლობელი არავინ მყავდა. გადავუკეთეთ გვარ-სახელი და ჩემი ლუკა ასე გახდა ლუკას ვასილიადისი. ჩვენ წლების განმავლობაში არ გვყავდა შვილი, ვერა და ვერ დავფეხმძიმდი. ამიტომ ღვიძლი შვილივით ლუკასს ვზრდიდით. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ის უნდა გამხდარიყო ჩვენი ერთადერთი მემკვიდრე. დიმიტრიოსმა იგი მაშინვე თავის ბიზნესში ჩააბა, ყველაფერი ასწავლა და გვერდში დაიყენა. შემდეგ სასწაული მოხდა, გეორგიოსი გაგვიჩნდა. როგორი დაბნეულები ვიყავით, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. თითქოს ღმერთმა მადლიერების ნიშნად ღვიძლი შვილი მოგვივლინა. ეჰ, რა კარგი წლები იყო…

ლეილას გამხდარი სახე მოგონებებით განათდა და მომეჩვენა, რომ იგი კვლავ ხედავდა ახალგაზრდა ლეილას, ბედნიერს, სიცოცხლით სავსეს.

- ლუკასი გეორგიოსს ძმასავით უყურებდა, ქართულს ასწავლიდა, ეთამაშებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა და სრულ ბედნიერებას განვიცდიდით. მაგრამ… ერთ დღეს ინგლისიდან დიმიტრიოსის მეგობარი გვესტუმრა ცოლ-შვილით. უფრო სწორად, ბიზნესპარტნიორი. ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, მისი სილამაზე ეგრევე თვალში მოხვდებოდა ადამიანს. ცოლ-ქმარი სამი დღე დარჩა ჩვენთან, მერე გაემგზავრნენ და რეგა დროებით ჩვენთან დატოვეს, დაისვენოსო. ლუკასს და რეგას, ასე ერქვა იმ გოგოს, ერთმანეთი მოეწონათ. არც ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ერთ საღამოს, როცა მე და დიმიტრიოსი შინ დავბრუნდით, ისინი საწოლში დაგვხვდნენ. ამან თავზარი დაგვცა. საბერძნეთში ასე არაა მიღებული. ბიჭი გოგოსთან ქორწილამდე არ წვება. სანამ არ შეუღლდებიან, თუნდაც დანიშნულები იყვნენ, სასიძომ საპატარძლოს ხელი არ უნდა ახლოს.

სკანდალი თავიდან რომ აგვეცილებინა, იმ დღესვე გავგზავნეთ რეგა თავის მშობლებთან. დიმიტრიოსისთვის ეს ამბავი რთული გადასატანი გახდა. ორ დღეში ინსულტი დაემართა და წამში გათავდა კაცი. ლუკასი ყოველივეში თავის თავს ადანაშაულებდა. არ იცოდა, ამის გამო საკუთარი თავი როგორ დაესაჯა. ახლაც კი ვერ ინელებს იმ ამბავს და თვითგვემას მისცემია. მართალია, დიმიტრიოსს გული ისედაც აწუხებდა და მის გარდაცვალებაში ლუკასს მაინცდამაინც ლომის წილი არ მიუძღოდა, მაგრამ მაინც თავის თავს აბრალებდა ჩემი ქმრის გარდაცვალებას.

ლეილა წამოდგა და მძიმედ დაეყრდნო თავის ჯოხს.

- საქმე ის გახლავთ, გვანცა, რომ თქვენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ რეგას, როგორც წყლის ორი წვეთი.

შოკისგან თვალები გამიფართოვდა.

- მასაც თქვენსავით უჩვეულოდ ქერა თმა ჰქონდა და აღნაგობაც ზუსტად ასეთი. მხოლოდ თვალის ფერშია განსხვავება, მას თაფლისფერი თვალები ჰქონდა, თქვენ კი ცისფერი. მართალია, ცოტათი მაღალია თქვენზე, მაგრამ კაცი იფიქრებს, დები არიანო. პირველად რომ დაგინახეთ, არ დაგიმალავთ და ცუდად გავხდი, ისე იმოქმედა ჩემზე ამ მსგავსებამ.

აი, თურმე რა ყოფილა! გამოდის, არანაირი შანსი არ მაქვს. ლუკასი ახლა მე მადანაშაულებს თავისი წარსულის ტრაგედიაში. მიყურებს მე და ჩემში რეგას ხედავს. და ის, რომ გეორგიოსთან "რომანი გავაბი", უარესი გამოდგა - ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო.

- ეცადეთ, გაუგოთ მას, - ვედრებით სავსე ხმით მომმართა ლეილამ, - ნამდვილად არ მინდა, ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს თქვენს დამოკიდებულებაზე. მით უფრო, რომ ჩემი სარძლო ხართ. დარწმუნებული ვარ, როცა ლუკასი უფრო ახლოს გაგიცნობთ, გააცნობიერებს, რომ თქვენ რეგასთან საერთო არაფერი გაქვთ. უბრალოდ, მას ახლა კიდევ უფრო უჭირს. საერთოდ, ისედაც ყველაფერს მტკივნეულად განიცდის, ძალზე ემოციურია.

- გასაგებია, მესმის მისი, - გაოგნებულმა მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, არ ვიცოდი, ქალი რით მენუგეშებინა. ისეთ გუნებაზე დავდექი, კინაღამ მოვუყევი სიმართლე. მაგრამ დროზე შევიკავე თავი. ლუკასს რომ გაეგო, როგორ მოვატყუე და სასაცილო მდგომარეობაში ჩავაგდე, ალბათ, ვეღარ გადაიტანდა. ჯერ ისედაც ვერ მიტანდა და სიმართლე რომ გაეგო, რაღა მოხდებოდა?

ისე შემაძრწუნა ამის გაფიქრებამ, დაუყოვნებლივ გაქცევა მომინდა. დროზე უნდა მოვშორებოდი აქაურობას, სანამ მან არაფერი იცოდა…

ლეილა გავიდა და კარი ზურგს უკან ფრთხილად გაიხურა.

- მაგრამ მე ხომ მიყვარს იგი, - შევჩივლე სიცარიელეს, - როგორ შეიძლება მიყვარდეს ადამიანი, რომელსაც თვალის დასანახავად არ ვუნდივარ?

პასუხი არ არსებობდა. სკამზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩემს გამოსახულებას მივაშტერდი. სიცოცხლეში პირველად ვნანობდი, რომ შეუხედავი არ დავიბადე. რა თავში ვიხლიდი ამ სილამაზეს? სახეზე ცრემლები ნაკადად დამედინა…

სადილმა დაძაბულად ჩაიარა. უზარმაზარ მაგიდას სამნი ვუსხედით და თითოეული ჩვენგანი თავისთვის ფიქრობდა. ლუკმა არ გადამდიოდა ყელში, ქათამივით ვიკიკნებოდი.

- შემთხვევით დიეტაზე ხომ არ ხართ? - ისევ თავაზიან ფორმაზე გადავიდა ლუკასი, ალბათ, ლეილას გასაგონად, - გამიგია, მანეკენები შიმშილით თავს იკლავენ, რათა ფორმა არ დაკარგონო. ასე თუ გააგრძელებთ, დიდხანს ვერ გაატანთ. - მან ჩემს სიფრიფანა მხრებზე გადაიტანა მზერა.

- ლუკას! - გამაფრთხილებლად შეუძახა ლეილამ, რადგან დაინახა, როგორ გავწითლდი.

- მაპატიეთ, უბრალოდ, არ მშია, - სიტუაციის შესარბილებლად წყენის გარეშე წარმოვთქვი, - ყველაფერი ძალიან გემრიელია.

ეს სიმართლე იყო, არ ვიტყუებოდი. ვარდო კარგი კულინარი ჩანდა.

- სპეციალურად ქართული კერძები მოვამზადებინე ვარდოს დღეს, რომ თქვენთვის გვესიამოვნებინა, - სუსტმა ღიმილმა ლეილას სახე გაუთბო.

- მჯერა და მადლობა ამისთვის. - თავი უფრო უხერხულად ვიგრძენი.

- ყავა ბაღში გაიტანე, ვარდო, იქ დავლევთ, - მიმართა ლეილამ მოსამსახურეს.

ამ უკანასკნელმა თანხმობის ნიშნად მორჩილად დააქნია თავი და გავიდა.

სადილის შემდეგ ლეილა ძმის ხელს მყარად დაეყრდნო და ჯოხის კაკუნით გარეთ გავიდა. მეც უკან მივყევი, მაგრამ ფეხები ისე მიკანკალებდა, მეშინოდა არ წავქცეულიყავი.

ლუკასმა ბაღში გაიყვანა თავისი და, სავარძელში ჩასვა და ფეხებზე პლედი გადააფარა. მისი სახე სიყვარულით და სინაზით იყო სავსე. ეტყობოდა, დას უაღრესად დიდ პატივს სცემდა.

უეცრად გავაცნობიერე, რომ მეტად ვეღარ ავიტანდი ლუკასის მტრულ დამოკიდებულებას, ეს უდიდესი გამოცდა იყო ჩემთვის.

- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ცოტა ადრე რომ წავიდე დასაძინებლად? - შევეკითხე ლეილას, - თავი ისე მტკივა, ლამისაა გამისკდეს.

ქალს აშკარად შევეცოდე და თავი ღიმილით დამიქნია.

- რა თქმა უნდა, ძვირფასო, დღეს მძიმე დღე გქონდა და… - თქვა მან და თვალებში მოუსვენრობა აესახა.

ამ დროს ლუკასს სახე მოექუფრა, დას წინადადების გაგრძელება არ აცალა, ისე დამეტაკა:

- ფინჯანი ყავა დაგეხმარებათ ტკივილის დაძლევაში და არც სუფთა ჰაერი გაწყენთ, - მან არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი, მის ნაცრისფერ თვალებში თითქოს ელვა გაკრთა, - ჩემი და მსაყვედურობს, სტუმარს სათანადო ყურადღებას არ აქცევო. ამიტომ ახლა ყავა დავლიოთ, ხვალ კი სადმე გავიდეთ, შემოგარენს დაგათვალიერებინებთ, სანაპიროზეც ჩაგიყვანთ. ეს ლეილას თხოვნაა, თორემ პირადად დიდად არ მეხალისება. - და ცინიკურად ჩაიღიმა. ჰო, ეს ნამდვილად დიდებულად გამოსდიოდა.

რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ მის დას ჩემთვის სიკეთე უნდოდა და იმიტომაც სთხოვდა ძმას, ჩემთვის ყურადღება მოექცია. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა ლეილას, ლუკასის გვერდით ყოფნა ჩემთვის რამხელა სატანჯველს წარმოადგენდა?

გულმა განგაში ატეხა.

- სიამოვნებით, - ჩუმი ხმით წარმოვთქვი და ჩემი მდგომარეობით დათრგუნული ლეილას გვერდით მეორე სავარძელში ჩავესვენე.

ლუკასი ჩემგან მარჯვნივ მოკალათდა და ისე მიყურებდა, როგორც ქორი წიწილას.

დაახლოებით ერთი საათი ვისხედით ერთად. და-ძმა ათას რამეზე საუბრობდა, მე არ ვერეოდი. ან კი რა მქონდა მათთან სალაპარაკო?

შემდეგ ლეილა წამოდგა. ღამის სუსტ განათებაზე მისი სახე უფრო ფერმკრთალი მოჩანდა.

მეც წამოვდექი, მაგრამ ქალმა ხელი წინ გამოიშვირა და შემაჩერა.

- არა, არა, თქვენ იყავით. ცოტა ხანს ისაუბრეთ ლუკასთან ერთად. დროა, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. მე კი მივწვები, თორემ ჩემი დასნეულებული ძვლები ამდენ დატვირთვას ვერ აიტანს.

მან შეთქმულივით გამიღიმა და სახლისკენ გაემართა, არც კი შეუმჩნევია ჩემი სახის პანიკამოდებული გამომეტყველება.

- რის დათვალიერებას ისურვებდით ხვალ? - იფიციალური კილოთი მომმართა ლუკასმა, როცა მარტონი დავრჩით. იგი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ფეხები წინ გამოსწია და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. კარგა ხანია შევამჩნიე, რომ ეს მისი საყვარელი პოზა იყო. სახეზე არ ვუყურებდი, მაგრამ გული მიგრძნობდა, ახლაც კატათაგვობანას მეთამაშებოდა.

- ჩემთვის სულერთია, - მშვიდად ვუპასუხე.

- როგორი დამთმობი ხარ, - ჩაიცინა, - იქნებ ჩემთან ბრძოლაზეც ჩაიქნიე ხელი?

ჩუმად ამოვიოხრე. მასთან კიდევ უფრო მიჭირდა ურთიერთობა მას შემდეგ, რაც დღეს გავიგე.

- ჩემი სურვილი იქნებოდა, დავმეგობრებულიყავით. უბრალოდ, მეგობრები ვიყოთ, - გაუბედავად წარმოვთქვი.

- მხოლოდ მეგობრები? - ხმაში ეჭვის ნოტები გაურია, თითქოს სხვა რამეს ელოდაო.

- მხოლოდ მეგობრები.

ჩემმა გულწრფელობამ, როგორც ჩანს, იმოქმედა მასზე - მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა, ნიკაპზე ხელი წამავლო, სახე ამიწია და თვალებში ღრმად ჩამხედა.

- ოჰოჰოოო… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულწრფელად ამბობ ამას.

- იმიტომ, რომ მართლა ასეა, - კვერი დავუკარი.

მან ჩემი გაშლილი თმის ერთ კულულს ხელი შეავლო და ყურადღებით დააკვირდა.

- საკმაოდ იშვიათი ფერის თქმა გაქვს, თითქოს ვერცხლის ძაფებიაო, - შენიშნა, - აი, სიბნელეს მთვარე რომ ანათებს, ზუსტად ისეთი ფერისაა. შეღებილია?

- არა. დედაჩემს ჰქონდა ასეთი ფერის თმა. მემკვიდრეობით გამომყვა.

- დედა ახლაც ლამაზია?

- არა, დედა აღარ მყავს, გარდაიცვალა.

- მართლა? არ ვიცოდი. გეორგიოსს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. რითი გარდაიცვალა?

- ავარიაში მოყვა. მე მაშინ პატარა ვიყავი.

რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა.

- შენთვის, ალბათ, ეს დიდი ტრაგედია იქნებოდა… ძნელია, მესმის.

მთელი საუბრის განმავლობაში პირველად დაურბილდა ხმა. სურვილმა მომიარა, თავი მაგიდაზე ჩამომედო და გულამოსკვნით მეტირა.

- მამაშენი ძლიერი კაცი ყოფილა, ამ ყველაფრის შემდეგ მარტომ რომ შეძლო შენი გაზრდა. მეორე ცოლი არ შეურთავს?

- არა, არც უფიქრია.

- შეიცვალა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ?

- საოცრად. დღესაც ვერ ვცნობ, ისე გაუფუჭდა ხასიათი.

- ამიტომაც გაქვთ დაძაბული ურთიერთობა?

შევყოყმანდი. ძალაუნებურად ჩემს თავგადასავალს ვყვებოდი, მაგრამ გვანცასა და მამამისს რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ეს მე არ მეხებოდა. შეცბუნება ეგრევე შემეტყო და იმანაც შუბლი შეიჭმუხნა.

- ა? - დამეკითხა.

- არ მინდა ამაზე საუბარი.

გაგრძელება იქნება