ტყუილის ილუზია - თავი 12 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 12

2022-04-16 08:59:03+04:00


წინა თავი

გადავწყვიტე, წავსულიყავი და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მან ხელი ნაზად დამიჭირა.

_ ახლა ვერსად წახვალ, გვანცა. რაღაც-რაღაც კითხვებზე მე პასუხები დაუყოვნებლივ უნდა მივიღო.

_ ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. _ სასოწარკვეთით მივუგე, რამაც მას კვლავ ეჭვი გაუჩინა.

_ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ პირადად მე არ მოგწონვარ? თუ მატყუებ ან შენს პირადულზე არავისთან არ გსურს საუბარი?

მისი მზერა მბურღავდა, გარხევის უნარს მიკარგავდა.

_ და თქვენ?

გაუცნობიერებლად თავდასხმაზე გადავედი, თითქოს თავის გადარჩენის პირველყოფილმა ინსტინქტმა გაიღვიძა ჩემში.

_ მე? მე რა შუაში ვარ? ჩვენ ხომ ჩემზე არ ვლაპარაკობთ? _ გაოცებულს სიმშრალე გაერია ხმაში.

_ იქნებ ღირდეს? _ უკან არ დავიხიე და ყურადღება არ მივაქციე მის ხმაში გაჟღერებულ გამაფრთხილებელ ტონს, _ რატომ მექცევით სულ ასე მტრულად? რამ მიგიყვანათ აქამდე? მე ხომ თქვენთვის არაფერი დამიშავებია.

_ საკმარისია! _ ის უცებ წამოხტა და სახლისკენ გავარდა, _ გილოცავ, _ მხარს ზემოდან მომაძახა, _ ისევ გამოგივიდა ყველაფრის შენებურად ამოყირავება. საუბარი დამთავრებულია, _ დაასრულა და სახლში გაუჩინარდა.

ავედი თუ არა ჩემთვის განკუთვნილ საძინებელში, სწრაფად გავიხადე, საწოლში ჩავწექი და რბილ ზეწარში გავეხვიე. რანაირად მოხდა, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩემი ცხოვრება ასე შეტრიალდა? ნუთუ ის გრძნობა, რასაც მის მიმართ განვიცდი, მართლა სიყვარულია? განა შეიძლება სიყვარულმა ადამიანი ორად გახლიჩოს? ნუთუ ამ გრძნობით გამოწვეული უმწეობა უფსკრულისკენ მიბიძგებს?

_ მეტი აღარ შემიძლია, _ ბალიშს ვუჩურჩულე და ცრემლები წამსკდა.

კარგა ხანს ვსლუკუნებდი, მერე კი, როგორც იქნა, ძილმა წამიღო და საერთოდ არ გამიგონია კარზე ფრთხილი კაკუნი, ერთი საათის მერე რომ გაისმა.

ჩემს საწოლთან მოახლოებულმა მამაკაცმა ჩაიმუხლა და წამწამზე შემორჩენილი ცრემლის კურცხალი თითი მომწმინდა. ბურანში მახსოვს, რომ ამოვიოხრე და ოდნავ გავინძერი. მერე კი ისევ ჩამეძინა.

ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი დამესიზმრა და ცხადში სულაც არ მომხდარა?

უთენია დილა იყო, როცა ეკლესიის ზარების რეკვამ გამომაღვიძა. თვალებმილულულმა ზანტად შევათვალიერე კედლებზე გაკრული ბაცი ვარდისფერი შპალერი. მერე ერთ წერტილს მივაშტერდი და ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ ჩემმა თვალებმა კედელზე ილუზორული ფიგურები არ მოხატა. ერთგან თითქოს ღრუბლები ლივლივებდნენ, მეორეგან ძაღლის ფიგურა გაჩნდა, რომელიც ლუკასის მწევარს მივამსგავსე. თუმცა თვალი მოვაცილე თუ არა შპალერს, ფიგურებიც თავისთავად გაქრნენ.

აივნის კარიდან დილის ნიავი შემოიჭრა. სანამ მეძინა, ვიღაც შემოსულა, ფარდა გადაუწევია და კარი გამოუღია. სუფთა ჰაერმა გამომაცოცხლა. თითქოს ერთგვარი სიმსუბუქე ვიგრძენი.

მომინდა ამ სასიამოვნო დილას ქუჩაში გავსულიყავი და გარემო დამეთვალიერებინა. მაშინვე ავდექი, თეთრი შორტი და მაისური ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და კიბეზე დავეშვი.

ძაღლები არსად ჩანდნენ. ასე რომ, ბაღში სრული სიმშვიდე იდგა. რამდენიმე წუთი დავყავი ყვავილების სურნელებით გაჟღენთილ ჰაერზე და ჩიტების გალობას ვუსმენდი. ქვემოდან ზღვის ტალღების ტლაშუნის ხმას სწვდებოდა ჩემს სმენას. ერთხანს გაბრუებული ვიდექი და თვალებდახუჭული ყურს ვუგდებდი ერთმანეთში არეულ ამ ლამაზ ხმებს.

_ რა სიმშვიდეა, არა?

მკვეთრად შემოვტრიალდი. ლუკასი ბაღის შემოსასვლელთან იდგა. მის ფეხებთან ორი დაწნული კალათი იდო, რომლისკენაც თითი გაიშვირა, _ იღბლიანი ღამე მქონდა.

_ მთელი ღამე თევზაობდით? _ გაოცებულს აღმომხდა.

თევზი ნამდვილად ახალი იყო, თუმცა არც ერთი არ სხმარტალებდა. ეს იმაზე მიანიშებდა, რომ მთლად ახალი დაბრუნებული არ იყო ზღვიდან.

ლუკასი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. დილის მზის სინათლეზე მისი გარუჯული სხეული უფრო ლაპლაპა ჩანდა, ვიდრე სხვა დროს. ის, როგორც ყოველთვის, გამჭოლი მზერით მომჩერებოდა და თვალებით თითქოს ჩემს გაბურღვას ცდილობდა. ძაღლები ცოფიანებივით დარბოდნენ კალათების გარშემო და ყეფით იკლებდნენ იქაურობას. ლუკასმა თითები გაატკაცუნა და ყველა ერთად მაშინვე მის ფეხებთან დაწვა, თათები წინ გამოსწიეს ენაგადმოგდებულებმა და მერე ზედ თავები დაადეს.

_ რატომ გიკვირს? სხვაა ყველაფერთან ერთად, მე ვჭამ კიდევაც, მძინავს და ბევრ რამეს ვაკეთებ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.

სახეზე ისევ დამცინავი გამომეტყველება აესახა.

თავი დავხარე, რომ მისთვის არ მეყურებინა.

_ ჩემი აზრით, ზღვაში თევზის დაჭერა სულაც არ არის სტანდარტული გართობა, _ ძლივს ამოვთქვი. პასუხად ჩაცინება გავიგონე.

_ ზღვა ყურის ძირშია, _ მოულოდნელად სრულიად სერიოზული ხმით ალაპარაკდა, _ შენ რა გგონია, აქ ხალხი რით ირჩენს თავს?

_ ვიფიქრე, ტურიზმით-მეთქი.

_ ზაფხულში, რა თქმა უნდა, ტურიზმით, მაგრამ ზამთარში? ჩვენი მამა და მარჩენალი აქ ზღვაა. ის არის ჩვენი მეგობარიც და პატრონიც.

_ ნავი გაქვთ? _ ვკითხე, როცა კალათების ასაღებად დაიხარა.

_ მე მთელი ფლოტი მაქვს, _ მოკლედ მიპასუხა და როცა ჩემი გაოგნება შეამჩნია, გააგრძელა, _ ჩემს სიძეს თევზის სარეწაო საწარმო ჰქონდა, რომელიც მემკვიდრეობით მე მერგო. მე და გეორგიოსს, თუმცა მას ეს საქმე საერთოდ არ აინტერესებს. ასე რომ, თევზს ჩვენთვის კარგი შემოსავალი მოაქვს. მისი გადამუშავება ძვველებურად რენტაბელურია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ აქ მცხოვრებთა უმრავლესობისთვის.

_ გასაგებია.

_ მინდა, რომ ჩემს შვილებს უზრუნველი ცხოვრება შევუქმნა.

_ თქვენს შვილებს? _ ეჭვნარევი მზერით გავხედე.

ჩაეცინა.

_ მომავალში რომ მეყოლება, იმათ ვგულისხმობ. ჯერ არ მოვლენიან დედამიწას პატარა ვასილიადისები. იქნებ დამეხმარო? _ ორაზროვნად დაამატა და მძიმე კალათებით ხელში ბილიკს დაადგა. გამაჟრიალა მის შეკითხვაზე, მეგონა, შვილების გაჩენას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგმა წინადადებამ ჩემს ნაფიქრს ცივი წყალი გადაასხა, _ სთხოვე ვარდოს, ჩემთვის და შენთვის ყავა მოამზადოს, ფუნთუშებიც მოაყოლოს და სუფრა აქ, ბაღში გაგვიშალოს. ძალიან მომშივდა. ერთად ვისაუზმოთ, თუ ჯერ არ გისაუზმია. მანამ მე თევზსაც დავაბინავებ და შხაპის გადავლებასაც მოვასწრებ.

ამ სიტყვებით იგი ბაღის უკან არსებულ ნაგებობაში გაუჩინარდა, საიდანაც მაცივრების ყრუ გუგუნი მოისმოდა. ალბათ თევზს იქ ინახავდნენ, სანამ მის გადამუშავებას შეუდგებოდნენ.

როცა ლუკასი დაბრუნდა, მაგიდა უკვე გაშლილი იყო. მე ვიჯექი და ისიც შემომიერთდა. ცხელ ყავას უხმოდ მივირთმევდით და ფუნთუშებს ვაყოლებდით. წამით თავში სასურველმა ნატვრამ გამიელვა. ახლა რომ ცოლ-ქმარი ვიყოთ…

მართლაც, ისე ვისხედით ერთმანეთის პირისპირ, როგორც შეიძლება ასიდან სამოცდაცხრა დაქორწინებული წყვილი იჯდეს. დილით, სუფთა ჰაერზე, მზის სხივებით გამთბარ ბაღში მრგვალ მაგიდასთან, მცენარეთა არომატითა და ჩიტების ჭიკჭიკით გაჯერებულ მიდამოში.

ჩემდა უნებურად, ოხვრა აღმომხდა.

_ ისე ამოიოხრე, თითქოს მთელი ღამე თევზაობაში გაგეტარებინოს, _ შენიშნა ლუკასმა, _ არადა, სრულიად მშვიდად გეძინა შენს საწოლში.

ბოლო სიტყვებმა ეჭვი გამიჩინა. ნუთუ მართლა იყო შემოსული ჩემს საძინებელში და სულაც არ მომჩვენებია?

ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვკითხავდი.

_ არადა, ღამით გაშლილ ზღვაში ყოფნა ძალიან სასიამოვნო რამეა. აცოცხლებს ადამიანს. მით უფრო, თუ თევზაობს.

_ მართალი გითხრათ, დიდად არ მხიბლავს თევზის სუნი.

_ იმედია, ახლა აღარ ამდის… თუ მაინც გამომყვა? _ ცოტა არ იყოს, შეცბუნდა, თავი დახარა და საკუთარი მხარი დასუნა.

გამეცინა.

_ არა, არა, მაგიტომ არ მითქვამს. ზოგადად არ მიყვარს. თევზი მიყვარს, მაგრამ აი, სუნი…

_ გავიგე. მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა. მოდი, ყავა დავლიოთ, მერე კი მოწესრიგდი და როგორც შეგპირდი, გაგასეირნებ. ერთი საათი გეყოფა გასამზადებლად?

მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე ველოდებოდი, ამას როდის მეტყოდა, მაინც დავიბენი, ავილეწე და დავიძაბე. შეშინებული მზერით მივაჩერდი.

_ გპირდები, რომ ბოლომდე კეთილი ვიქნები, _ დამცინავად მითხრა, როცა ჩემს დაფეთებულ სახეს შეხედა, _ ლეილას ეწყინება, რომ არ წავიდეთ. ჰგონია, რომ სათანადო ყურადღებას არ გაქცევ.

_ მადლობა. ერთი საათი სრულიად საკმარისია. _ ცივად მივუგე, რადგან თავი კვლავ დამცირებულად ვიგრძენი.

ლუკასს სულაც რომ არ ეხალისება მთელი დღის ჩემ გვერდით გატარება, ეს გასაგებია. მაგრამ მე რატომ უნდა დამადანაშაულოს ამაში? განა თვითონ ვთხოვე სადმე გაყვანა თუ რა? ამის გაფიქრებაზე უფრო და უფრო ვმწარდებოდი.

_ მიდი, ცოტა გამოცოცხლდი! _ მისი ხმა ირონიულად ჟღერდა, _ გეორგიოსი მალე დაბრუნდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მერე კი, უეჭველად ისევ იცეკვებს შენს დაკრულზე.

_ სხვათა შორის, არც დაკვრას ვაპირებ არაფერზე და არც იმას ვისურვებ, ვინმემ ჩემს დაკრულზე იცეკვოს, _ განაწყენებულმა მივუგე.

_ ასე გგონია? დავიჯერო მართლა არ გინდა? _ ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა, _ დარწმუნებული ხარ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გსურს მასთან ურთიერთობის გაგრძელება? ახლაც კი, როცა იცი, როგორ ცხოვრობს და რამხელა ქონების პატრონია? შენ წინ ხომ უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება, _ დაამატა მან შეურაცხმყოფელი ტონით.

თავი ამაყად ავწიე და სისასტიკით სავსე მზერით მივაჩერდი.

_ ჰო, სრულიად დარწმუნებული ვარ. რასაც უნდა ფიქრობდეთ ჩემზე, ერთ რამეში შეგიძლიათ მენდოთ: მე ოქროსმაძიებელი არ ვარ. სიმდიდრე თუ მისი არარსებობა ვერანაირი სახით ვერ მოახდენს გავლენას იმაზე, რაც მე არ მინდა. _ ამის წარმოთქმაზე ხმა მიკანკალებდა, რამაც ჩემს სასიკეთოდ იმოქმედა, ლუკასმა დამიჯერა.

_ და რა არ გინდა შენ?

მის ინტონაციაში იყო რაღაც, რაც ვერ გავშიფრე, მაგრამ მომეჩვენა, რომ ის სულმოთქმელად ელოდა ჩემს პასუხს.

_ გეორგიოსი თუნდაც ბოლო მამაკაცი აღმოჩენილიყო დედამიწის ზურგზე, ის ჩემთვის საჭირო არ იქნებოდა… მაპატიეთ… _ იქვე დავამატე, სანამ შემეპასუხებოდა, _ მაგრამ ეს თქვენ თვითონ მკითხეთ.

_ მართალია, გკითხე.

ჩემდა გასაკვირად, უეცრად მთლიანი სახით გაიღიმა, თვალებითაც კი, ნაცვლად იმისა, განრისხებულიყო. ჩემმა მოღალატე გულმა მისი მზერის ტყვეობაში დნობა დაიწყო.

_ ვატყობ, ბოდიში უნდა მოგიხადო, _ თქვა მან.

ისე მივაჩერდი, კინაღამ პირი დავაღე გაოცებისგან.

_ გუშინ ლეილამ ბევრი საყვედური მითხრა. ბოლო დროს საერთოდ არ არის ჩემით კმაყოფილი.

ამწუთას სკოლის მოსწავლეს დაემსგავსა, რომელსაც საყვარელი მასწავლებელი გაუწყრა. და ეს ახალი შტრიხი ისე მოუხდა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ჩემს თვალში.

_ ვშიშობ, გადავაჭარბე და რაღაცები ვერ გავთვალე. უხეშად მოვიქეცი, _ მკაცრი სერიოზულობით წარმოთქვა, _ ეს დღეები მქონდა დაფიქრების საშუალება და იმ დასკვნამდე მივედი, რომ შენ და გეორგიოსმა თავად უნდა გაარკვიოთ ურთიერთობა. რა ხდება თქვენ შორის, რას მოითხოვთ ერთმანეთისგან. ამაში სხვა არავინ არ უნდა ჩაერიოს, ვინც უნდა იყოს იგი. ის უკვე აღარაა პატარა ბიჭი, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ რამეში თვითონაცაა დამნაშავე.

ლუკასი ისე ლაპარაკობდა, თითქოს თავის თავს არწმუნებდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო და გარუჯული სახე დაძაბულობისგან კიდევ უფრო გაუმუქდა.

მივხვდი, რომ ახლა ის დრო იყო, როცა სიმართლე უნდა მეთქვა. თუ ამწუთას არ გავაკეთებდი ამას, მერე გამბედაობა არ მეყოფოდა.

_ ლუკას…

მან ხელი ასწია და მაიძულა გავჩუმებულიყავი.

_ როგორც უნდა იყოს, არ მინდა ლეილა განხიბლული დარჩეს. ამიტომ ორივეს გთხოვთ, რამდენიმე დღე მშვიდად გაატაროთ ერთმანეთის გვერდით აქ, ამ სახლში. მე დაველაპარაკები გეორგიოსს და გავარკვევ, რისი გაკეთება შეიძლება, _ სახეზე კუნთი აუთამაშდა, _ მისთვის ეს ადვილი არ იქნება, შეიძლება ძალიან უყვარხარ, მაგრამ შეეცადე გაუგო და რაღაც-რაღაცებში აჰყვე, _ და თბილად შემომხედა.

როცა ჩემს სახეზე შეცბუნება შეამჩნია, ღიმილით დაამატა:

_ ძალიან ლამაზი გოგო ხარ.

თვალებგაფართოებული მივაჩერდი, სიტყვები ტუჩებზე შემეყინა. არა, აჯობებს სიმართლე ცოტა მოგვიანებით ვუთხრა და არა ახლა. დაუშვებელია, რომ ის სითბო, რაც ახლახან თვალებში გაუკრთა, ისევ ცინიკურმა მზერამ შეცვალოს. ამას ვერ დავუშვებ, ამას ვერ მივეჩვევი.

უეცრად ადგა და წავიდა. არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს. წავიდა მტკიცე ნაბიჯებით და ამაყად თავაწეული. უცნაურმა, ამაღელვებელმა გრძნობამ კვლავ მოიცვა ჩემი სხეული. ლუკასმა თითქოს ამომაყირავა, თავით გადამაგდო წყალში და ჩამძირა. მეჩვენებოდა, თითქოს მთელ სამყაროში ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით. რაც მასთან არ იყო დაკავშირებული, ყველაფერი უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა.

სახლში შესული ლეილას შევეფეთე, გამოცოცხლებულს და დასვენებულს. გავუღიმე და ჩემს ოთახში ავედი. უცებ კარგ ხასიათზე დავდექი. მერე კი, როცა გამოვიცვალე და უფრო მსუბუქად ჩაცმულმა კიბეზე ჩავირბინე, ლამის ავღიღინდი _ ჩვენ მთელი დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა!

ლუკასი პირველ სართულზე, დიდ დარბაზში მელოდა, მაგრამ როცა მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ეძინა. ფართო დივანზე ფეხებგაჩაჩხული თანაბრად და ღრმად სუნთქავდა. თვალების ირგვლივ წვრილ ნაოჭებს მოეყარა თავი, რაც მისი დაღლილობის კვალზე მიანიშნებდა. ფეხის წვერებზე ავიწიე და უფრო ახლოს მივედი, რათა გულდასმით შემეთვალიერებინა. არ მინდოდა ჩემი თავისთვის ეს სიამოვნება მომეკლო.

ჯინსის პერანგი და შარვალი ეცვა და ასეთ ფორმაში ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე პიჯაკში. მის სახეს ძილში ჩვეული სიმკაცრე და შეუვალობა დაეკარგა. ალბათ, დილით, როცა იღვიძებს, ყოველთვის ასე გამოიყურება-მეთქი, გავიფიქრე. სულშეძრული თვალს ვერ ვაშორებდი. უეცრად მომსკდარ სურვილს ვერ ვუმკლავდებოდი. ფრთხილად შევახე ხელი მის შუბლზე ჩამოშლილ თმის კულულს და გადავუწიე.

მოულოდნელად ლუკასმა თვალები ნახევრად გაახილა და ნამძინარევი მზერით შემომხედა. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს გაუნძრევლად მივჩერებოდით. თითქოს ვიძირებოდით ერთმანეთის თვალების სიღრმეში. შემდეგ ყრუდ დაიგმინა, ჩემს მსუბუქ სხეულს თავისი ვეებერთელა ხელი მოავლო და თავისკენ მიმიზიდა ისე, რომ მის უზარმაზარ მკერდს შევეხე. ჩემს გაშმაგებულ გულისცემას მისი შეუერთდა, თითქოს ერთი გული მეორის ექოს გამოსცემდა. კოცნა მტკივნეულად ტკბილი იყო, მისი ტუჩები თრთოდა და მოზღვავებული სურვილისგან ისე მოვდუნდი, სულ დამავიწყდა, `უკარება~ რომ ვიყავი.

_ თაფლივით გემრიელი ხარ, _ ვნებიანად ჩამჩურჩულა.

სიტყვებით ვერ გამოვთქვამ, რამხელა სიხარული ვიგრძენი, რომ იგი თავის ჩემდამი ლტოლვას არ მალავდა.

_ ღმერთო, მაპატიე, რას ვაკეთებ? _ წამოიძახა უცებ და სწრაფად გასწორდა, მე კი თავი ვერ შევიკავე და კინაღამ უკან გადავვარდი, _ შე პატარა მაცდურო, _ ალერსიანად შემამკო, ისევ მიმიზიდა და მძლავრად მიმიხუტა მკერდზე, როცა შენიშნა, როგორ შევშინდი.

_ ნუ გეშინია, _ ათრთოლებული ხმით დაიჩურჩულა.

_ არ მეშინია, _ მეც ჩურჩულით მივუგე და თავი გულზე მივადე.

მესმოდა, როგორ ბაგუნობდა მისი დიდი გული.

მან ფრთხილად მომიცილა და ჩვეული შეუვალობით მომმართა:

_ წასვლის დროა. წადი, გაიგე, ვარდომ წასაღებად საჭმელი თუ მოგვიმზადა.

_ რაღაც ისე ვერ გავაკეთე? _ გასაცოდავებული ხმით ამოვიკნავლე.

იგი წინ გადმოიხარა და აცახცახებული თითები ჩემს თმაში შეაცურა.

_ ყველაფერი კარგადაა, _ გაწელვით წარმოთქვა, თითქოს თავის თავს დასცინისო, _ ყველაფერი საშინლად კარგადაა, _ მერე მკვეთრად შემოატრიალა სხეული ჩემკენ და გამჭოლი მზერით შემომხედა, _ მოდი, აჯობებს ჯერ გეორგიოსი ნახო. აი, მერე ვნახოთ, ვიცეკვებთ თუ არა.

_ ვიცეკვებთ?

უკან დავიხიე და შეცბუნებული მივაჩერდი მის მოქუფრულ სახეს. ასე მეგონა, ჩემს გულში აგიზგიზებული ცეცხლი მის თვალებში აირეკლებოდა.

გამომცდელად შემომხედა. სუსტი იმედიც იგრძნობოდა მის მზერაში და უნდობლობაც. ბოლოს ამოიგმინა და თქვა:

_ როცა ასე მიყურებ, მზად ვარ დავიჯერო, რომ შავი თეთრია. _ და თავი გადააქნია, _ რატომ არ დარჩი გეორგიოსთან? ხომ ყველას შეგვიმსუბუქებდი ცხოვრებას? მე ეს ყველაფერი სულ არ მჭირდება.

იგი სწრაფად წამოდგა ისევ ცივი, გულგრილი და გაუცხოებული.

_ წადი, დააჩქარე ვარდო.

_ მაგრამ…

მან ისევ შემომხედა, მაგრამ ამჯერად სრულიად უმეტყველო სახით.

_ წადი!

და წავედი.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა სამზარეულოში მოფუსფუსე ვარდოსა და მე შემოგვიერთდა, ისე იქცეოდა, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარიყოს. მან მადლობა გადაუხადა მოსამსახურეს პროდუქტებისთვის, რაზეც ვარდო ისე გაწითლდა და დაიბნა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა ქილა, რომელშიც მოხარშული ხორცის ნაჭრებს დებდა.

ლუკასმა სანოვაგით ლამის სავსე კალათა მხარზე შეიდგა და გარეთ გავიდა. მეც უკან მივყევი. ეზოში გასულმა მარჯვნივ გაუხვია და მანქანების სადგომისკენ გასწია. იქ სამი ავტომობილი იდგა: `მერსედესი~, ფერარი და ჯიპი.

_ ეს სულ თქვენი მანქანებია? _ გაოგნებული შევეკითხე.

_ ყველა არა, _ მოკლედ მომიგო, _ ერთი ლეილასია, მეორე გეორგიოსის, მესამე კი ჩემი. ნუთუ ჩემმა დისშვილმა თავისი მანქანით შენთან არ დაიტრაბახა? ფერარის ქებით აქ ყველას ტვინი გამოუჭედა.

_ რაღაც არ მახსენდება, _ მივუგე და შევეცადე, სახეზე გულგრილობა აღმებეჭდა.

_ უცნაურია, _ შეფიქრიანებულმა წარბები აზიდა, _ იქნებ არ გქონდათ დრო, მანქანებზე გელაპარაკათ? ჰა? იქნებ ძალიან იყავით დაკავებული?

მისი ტონი აშკარად დამამცირებელი იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე. მხოლოდ მეტი სიფრთხილით გავხედე. შევატყვე, ისევ ცდილობდა ჩვენ შორის კედლის აღმართვას.

მან ჯიპის კარი გამოაღო და ასვლისას ხელი შემაშველა.

_ შეიძლება დაგცხეს მანქანაში, მაგრამ ნუ გეშინია, დავძრავ თუ არა, კონდიციონერს ჩავრთავ.

დავიძარით.

ცოტა ხანში მივხვდი, ჯიპით რატომაც წამოვედით. მოხრეშილ, დაკლაკნილ გზაზე, რომლის ბოლო სადღაც მთაში იკარგებოდა, მსუბუქი ავტომობილი ალბათ, ვერც გაივლიდა.

ლუკასი კარგი გიდი აღმოჩნდა. ენა არ გაუჩერებია. წარამარა მიმითითებდა ამა თუ იმ ნაგებობაზე, ნანგრევებზე და მათ ისტორიას მიყვებოდა. დავათვალიერეთ ანტიკური ხანის ეკლესიები, ქარის წისქვილები და წარსული ცივილიზაციის სხვა ნაშთები. მერე ძალიან ვიწრო ბილიკზე გადავუხვიეთ და რომელიღაც სოფელში ამოვყავით თავი. გამოჩნდნენ შავებით მოსილი ქალები, რომლებიც ქვებზე ისხდნენ და კუსტარულად დაწნულ კალათებსა და საკუთარი ხელით ნაქსოვ თავსაფრებს ყიდდნენ.

შუადღისას ჯიპი რომელიღაც ძველ ქალაქში დავტოვეთ და მიხვეულ-მოხვეული ბილიკის ლაბირინთებში ჩავიკარგეთ. მერე პატარა ტავერნაში შევედით, ვისადილეთ და ცოტა წითელი ღვინოც დავაყოლეთ. დალევის შემდეგ უფრო გავთამამდი, გავმხიარულდი და დაძაბულობაც მომეხსნა. როგორ მინდოდა მისთვის ხელი ჩამეკიდა, რათა მთელ ქვეყანას დაენახა, რომ ერთად ვიყავით, მაგრამ თან მრცხვენოდა, თან დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ეს მას მოეწონებოდა.

კიდევ კარგა ხანს ვიარეთ ფეხით. ბოლოს, საღამოსკენ, უკვე გადაღლილები კვლავ მანქანაში ჩავსხედით და ლუკასმა პლაჟისკენ აიღო გეზი. ისეთი ადგილი აარჩია, რომელიც გზიდან არ ჩანდა და არც ხალხი ირეოდა.

ჯიპი გააჩერა და გადმოვედით.

_ მინდოდა შენთვის ეს ადგილი მეჩვენებინა, _ მითხრა მან, _ მე აქაურობა ყველაზე მეტად მომწონს.

მისკენ შევბრუნდი და ანთებული თვალებით მივაჩერდი. შევამჩნიე, რომ ჩემს რეაქციას ყურადღებით აკვირდებოდა.

_ საოცარი ადგილია, _ მთელი გრძნობით ამოვთქვი, _ მსოფლიოში, ალბათ, ცოტაა ასეთი ადგილი.

_ მთელი ჩემი სცოცხლის განმავლობაში აქ მხოლოდ ერთი ადამიანი მოვიყვანე, _ ისე მითხრა, თითქოს თითოეულ სიტყვას ზედმიწევნით არჩევსო, _ ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ყურის არსებობა, ასე რომ, შეგიძლია არ ინერვიულო, _ მითხრა და მანქანიდან კალათა გადმოიღო.

გული ლამის მუცელში ჩამივარდა, როცა წარმოვიდგინე, როგორ მოიყვანდა ლუკასი თავის პირველ შეყვარებულს ამ იდილიური პეიზაჟის სანახავად.

_ ღმერთო, ისე ქენი, რომ ის ერთი ადამიანი `ის~ არ იყოს, _ ვუჩურჩულე სახეზე ჩამოშლილ ჩემს ვერცხლისფერ თმას, _ ვინც გინდა იყოს, ოღონდ `ის~ არა.

ზღვასთან მისვლა ვიწრო კლდის გავლით შეიძლებოდა და როცა ეს გზა გავიარეთ, თითქოს გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოვჩნდით. ირგვლივ მხოლოდ ქვები ეყარა და მოლივლივე ტალღები მოჩანდა, სხვა არაფერი. ზღვის სურნელით გაჟღენთილი ნიავი სახეზე მელამუნებოდა. ყვითელი ქვიშა და ლურჯი ზღვა ნახატს დამსგავსებოდა. ასე მეგონა, სადღაც დაუსახლებელ კუნძულზე მოვხვდი.

_ ვიბანაოთ?

მისმა ბოხმა ხმამ მეოცნებე მდგომარეობიდან უმალ გამომიყვანა.

_ ოი, _ შევიშმუშნე, _ მე ხომ საცურაო კოსტიუმი არ წამომიღია.

_ ნებისმიერი აირჩიე, თუკი ასე ძალიან გჭირდება საცურაო კოსტიუმი, _ მშრალად შენიშნა მან და კალათის ზემოდან დადებული შავი ცელოფანი ლამის სახეში მესროლა, _ მანქანაში ყოველთვის მიგდია რამდენიმე წყვილი პირსახოცებთან ერთად.

დავიბენი. გაოცებული დავყურებდი ცელოფანს. ბოლოს გავბედე და შიგ ჩავიხედე. მასში მართლაც იდო სხვადასხვა ფერის რამდენიმე ბიკინი და ბიუსტჰალტერი.

_ შენ გაცვია? _ გულუბრყვილოდ ვკითხე, მაგრამ ისევ დამცინავად რომ შემომხედა, შემრცხვა და მაშინვე ქვიშაში ჩავჯექი, ხელი ცელოფანში ჩავყავი და ისე დავიწყე ქექვა, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება ახლა მხოლოდ ამაზე ყოფილიყოს დამოკიდებული.

როცა თავი ავწიე, დავინახე, როგორ იხდიდა ლუკასი ტანზე… თითქოს არაფერი…. თითქოს მე იქ სულაც არ ვიყავი… პერანგი უკვე ქვიშაზე ეგდო, ქამარიც შეეხსნა და ახლა ჯინსის შარვლის გახდას აპირებდა. დაჰიპნოზებულივით შევყურებდი ამ სურათს. წამიც და ლუკასი საცურაო ტრუსის ამარა დარჩა. რა საოცარი სხეული ჰქონდა, თვალს ვერ ვწყვეტდი. სწორედ ამ დროს იგი შემობრუნდა და ხელი დამიქნია. მერე ირონიულად ჩაიცინა. მივხვდი, სპეციალურად იქცეოდა ასე, ჩემი დაბნევა და შეცბუნება მოსწონდა. უნდოდა წონასწორობა დამეკარგა. უნდა ვაღიარო, რომ მაგრადაც გამოსდიოდა.

მისკენ ზურგით შევტრიალდი, პირსახოცი შემოვიხვიე და უხერხულად შევუდექი მთლიანი საცურაო კოსტიუმის ჩაცმას. მეგონა, ასე ნაკლებად შიშველი გამოვჩნდებოდი. მაინც ვერ შევძელი ჩემი სავსე მკერდის დამალვა. ბიკინიც ისეთი ფორმის იყო, დუნდულებსა და თეძოებს ძლივს მიმალავდა.

_ რაც არის, არის, _ ჩავიბურტყუნე, რადგან თავს სრულიად შიშვლად ვგრძნობდი, _ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაზე უკეთესი ჭინჭია დანარჩენებთან შედარებით.

ლუკასს უკვე შეეცურა ზღვაში და ფირუზისფერ ტალღებს თავისი ფართო მკერდით მიაპობდა. მე შორს შესვლა არ მიცდია, მუხლამდე წყალში დავდექი და ხელმოჩრდილულმა ჰორიზონტს გავხედე.

_ რაღაც არ მახსოვს, ვინმე ასე მომხიბვლელი ყოფილიყო მაგ კოსტიუმში, _ სიცილით დამიყვირა მან, როცა შემათვალიერა.

მეტად აღარ შემეძლო ასე დგომა, მაშინვე გავწექი ცივ წყალზე და ოჰ-მეთქი, შევძახე. როცა გახურებული სხეული წყალში ჩავმალე, შვება ვიგრძენი, მაგრამ სიცივისგან სუნთქვა შემეკრა. მერე კი ძალა მოვიკრიბე და მკლავები მოვუსვი. ლაღად ვიგრძენი თავი. ცურვა ვიცოდი, წყლის არ მეშინოდა. ზღვა ჩემი სტიქია იყო. არსად ისე თავისუფლად არ ვგრძნობდი თავს, როგორც წყალში.

აგორებულ ტალღას კიდევ ერთხელ მოვექეცი ზედ და ეგრევე ლუკასის გვერდით აღმოვჩნდი.

_ კარგია? _ ლუკასი მიღიმოდა.

აღფრთოვანებულმა თავი დავუქნიე და კმაყოფილი გავწექი ზურგზე. სასიამოვნო იყო ტალღებზე მოლივლივე ცას რომ ავყურებდი. მერე ამოვტრიალდი და ჩავყვინთე. კარგა ღრმად ჩავედი და როცა ზედაპირზე ამოვცურე ჰაერის ჩასასუნთქად, ლუკასი კვლავ ჩემ გვერდით აღმოჩნდა.

_ ნამდვილი სირინოზი ხარ! _ შემაქო მან.

ისე მესიამოვნა მისი კომპლიმენტი, რომ მომაჯადოებლად გავუღიმე. ოდნავ გაოცებულმა თვალები მოჭუტა და მითხრა:

_ ფრთხილად! მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ამ ღიმილზე თავის შეკავება, მაგრამ იმ ადამიანს დღეს მძიმე დღე ჰქონდა.

მთლად კარგად ვერ გავიგე, ამით რისი თქმა სურდა და დიდად არც მაინტერესებდა, ამიტომ ისევ ჩავყვინთე, ამოვყვინთე და გავცურე. იმდენ ხანს ვქანაობდი ტალღებზე გართხმული, სანამ სასიამოვნო დაღლა არ ვიგრძენი.

ალბათ, ამაზე ბედნიერი წუთები ჩემს სიცოცხლეში მეტი აღარ მექნება-მეთქი, სევდიანად გავიფიქრე და შესასვენებლად კვლავ ზურგზე გავწექი. უეცრად გვერდში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი. ტკივილი ფეხიდან დამეწყო და მთელ მუცელში დანის წვერივით გამიარა. უცებ გავშეშდი. შეშინებულმა შევყვირე და ორივე ხელი ავიქნიე, რამაც წონასწორობა მყის დამაკარგვინა და ფსკერისკენ დავეშვი. თავს კონტროლს ვეღარ ვუწევდი, ვყლაპავდი და ვყლაპავდი მლაშე წყალს, თან ვიძირებოდი. პანიკა უფრო და უფრო მიპყრობდა.

მეგონა ეს დასასრული იყო.

მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი.

მეგონა ცას მეტად ვეღარასდროს დავინახავდი…

ყურებში სიკვდილის ზარები მიგუგუნებდა. ჰაერი არ მყოფნიდა და პირს გავაღებდი თუ არა, მარილიანი წყლით ვიჭყიპებოდი.

უკვე ვიხრჩობოდი!

სიკვდილი არ მინდოდა. რომ გითხრათ, იმწუთას მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა-მეთქი, ტყუილი იქნება. მხოლოდ ის მინდოდა, გადავრჩენილიყავი.

ოღონდ ახლა არ მომკლა, ღმერთო! ოღონდ ახლა არა! ოღონდ არა ახლა!

ირგვლივ სიბნელე გამეფდა… ისევ და ისევ ფსკერისკენ მივექანებოდი…

სწორედ ამ დროს ვიგრძენი, ლუკასის ძლიერი მკლავები როგორ ჩამეჭიდა. ვიცოდი, ამ დროს როგორ მოვქცეულიყავი. მისთვის ხელი არ უნდა მომეკიდა, რათა ისიც არ ჩამეთრია. კიდევ კარგი, ვიცოდი, ამიტომ შევეცადე, პირიქით, მივხმარებოდი. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და მკლავები მოვუსვი. მაღლა, ზედაპირისკენ ავიჭერი, თან ლუკასი მეხმარებოდა…

როგორც კი ცა დავინახე, იმედი ჩამესახა. ინსტინქტურად დავიწყე სიცოცხლისათვის ბრძოლა: ვცდილობდი, პირი ფართოდ გამეღო და რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩამეშვა ფილტვებში, ვახველებდი, პირიდან წყალს ვასხამდი, ამასთან ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი. მთლად აზრზე ვერ ვიყავი, მაგრამ ლუკასს ხელს არ ვუშვებდი. ვიცოდი, ახლა მხოლოდ მას შეეძლო ჩემი გადარჩენა.

მან ფრთხილად მოიცილა ჩემი ხელი, ერთხანს სახით ზემოთ წყლის ზედაპირზე დამიჭირა, მერე კი ძლიერად გამაწნა სილა.

_ დამშვიდდი, მე შენთან ვარ! _ გაწონასწორებული ხმით მითხრა, არც მიყვიროდა და არც ხმადაბლა მეუბნებოდა, _ ნუ მოძრაობ, მომენდე, ხელი არ მახლო, მოეშვი და შეეცადე, არ იფართხალო, თორემ ორივე დავიხრჩობით.

გადატანილი საშინელებისგან ვსლუკუნებდი და ხელს არ ვუშვებდი მის კისერს, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ის დინჯად მიიწევდა ნაპირისკენ და აუღელვებელი ხმით მელაპარაკებოდა, მოვდუნდი, თუმცა ტკივილისგან კვლავ ვიკრუნჩხებოდი და შიგადაშიგ ვახველებდი.

შიში თანდათან უკან იხევდა.

_ აი, ყოჩაღ! _ დამამშვიდებელი ხმით მითხრა მან და კვლავ წაიწია ჩემთან ერთად ნაპირისკენ, _ ახლა სრულიად უსაფრთხოდ ხარ და კარგადაც იქცევი.

როგორც იქნა, ნაპირამდე მივაღწიეთ. ლუკასმა მაშინვე ხელში ამიყვანა და ქვიშაზე გამაწვინა.

_ ცარცივით თეთრი ხარ, _ ღიმილით შენიშნა.

როგორც კი ხმელეთზე ამოვყავი თავი, კანკალმა ამიტანა, კბილს კბილზე ვაცემინებდი.

_ ფეხი გაგეკვანძა? _ მკითხა მან.

უმწეოდ დავუქნიე თავი. მან სწრაფად აიღო ჩემი პირსახოცი და შიგ გამახვია. სითბო ეგრევე ვიგრძენი. ლუკასი მუხლებზე დაეშვა და ჩემი ფეხების დაზელვას შეუდგა. როგორც კი კუნთების დაჭიმულობა მომეშვა, ტირილი ამიტყდა. ხმამაღლა ვზლუქუნებდი. უცნურობა მჭირდა. ასეთი რამ არასდროს მენახა _ თვალებიდან, ყურებიდან და ცხვირიდან წყალი მდიოდა.

_ ყველაფერი რიგზეა, პატარავ. იტირე, მოგეშვება, უკეთესად გახდები, _ დამიყვავა ლუკასმა, ხელი მომხვია, მკერდზე მიმიკრა და პატარა ბავშვივით დამარწია. ბერძნულად რაღაცას ნაზად მეჩურჩულებოდა, ტუჩებს ჩემს გაყინულ შუბლს ადებდა, მამშვიდებდა და მათბობდა. არ ვიცი, რამდენ ხანს დავყავით ასე, ამ პოზაში, მაგრამ როცა საბოლოოდ დავმშვიდდი, ცოტა არ იყოს, ჩემი სისუსტის შემრცხვა და მამაკაცს თვალებში ვერ ვუყურებდი…

ჩემი გახურებული ლოყა ლუკასის მკერდზე ესვენა. ხელი შევუშვი მის კისერს. მამაკაცმა ქვიშაზე დამაწვინა, თვითონ კი რამდენჯერმე გადაკოტრიალდა და ჩემგან ორიოდე მეტრის მოშორებით მუცელზე გაწვა.

_ აბა? როგორაა საქმე, უკეთ ხარ?

სიღრმისმიერი ხმა ოდნავ უკანკალებდა. დარცხვენილმა თავი დავუქნიე, თან აფორიაქებული ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, როგორ ვუნდოდი.

_ ვფიქრობ, ცივი შხაპის ეკვივალენტი არ მაწყენდა, _ შენიშნა მან ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს. კატასავით მოქნილად წამოდგა, წყლისკენ გაემართა და მაშინვე აქაფებულ ტალღებში გაუჩინარდა.

მე კი ზურგზე ვიწექი ფარდაგებში გახვეული. ფეხებში ტკივილმა თანდათან გამიარა. საღამოს მზე თავისი თბილი სხივებით მეფერებოდა და მეც მსუბუქი ამოოხვრით მივენდე მის მარადიულ თერაპიას, რადგან თავს ისე დაღლილად და შოკირებულად ვგრძნობდი, თითის განძრევა არ შემეძლო.

ლუკასი ჩემ გვერდით ქვიშაზე დაეშვა და შიგ ამოიგანგლა, რამაც ხანმოკლე თავდავიწყებისგან გამომაფხიზლა. ცოტა ხანში წამოდგა, ქვიშა ჩამოიფერთხა, ჯინსის პერანგი და შარვალი ელვის უსწრაფესად ჩაიცვა და ფეხშიშველმა დამხედა.

_ ადექი, უსირცხვილო გოგონავ, დაიფარე შენი სიშიშვლე! _ მხიარულად შემომძახა, _ შენი არ ვიცი, მაგრამ მე შიმშილით ლამისაა სული გამძვრეს.

უზარმაზარ პლედში გახვეული ძლივს ჩავძვერი ვიწრო ქვედაბოლოსა და ბლუზაში, თან ყველა უჯრედით ვგრძნობდი ლუკასის თითოეულ მოძრაობას, სანამ ის კალათს ეძებდა. ბოლოს ორი ჭიქა აქაფებული თეთრი ღვინო ჩამოასხა.

_ დალიე, ეს დაგეხმარება, _ მოკლე ბრძანებით შემოიფარგლა და მომიახლოვდა. მხოლოდ ახლაღა გავიაზრე, რომ თვალები ცრემლიანი, თმა კი აბურდული მქონდა. ხელები უნებურად წავიღე სველი თმისკენ. სწორედ ამ დროს მისი დათბილული მზერა შემეფეთა. მან ბროლის მძიმე ჭიქა გამომიწოდა.

_ პატარა მაწანწალა ბავშვივით გამოიყურები, _ მისი ხმა საოცრად ნაზად გაისმა, რამაც ერთიანად გამათბო.

თვალებგაბრწყინებულმა ავხედე. ამჯერად მისი ნაცრისფერი თვალები გარუჯულ სახეზე კიდევ უფრო დიდრონი მეჩვენა.

_ მადლობაც ვერ გითხარი, სიკვდილს რომ გადამარჩინე. შენ რომ არა, დავიხრჩობოდი. _ ვთქვი და უცებ გავაცნობიერე, რომ `შენობით~ მივმართავდი. რამდენი ხანია ასე მივმართავ? შევეკითხე ჩემს თავს, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე, როდიდან გავუშინაურდი…

_ დაივიწყე, _ რბილად თქვა და ვეება ბრინჯაოსფერი ხელი ჩემს გლუვ კანს გადაუსვა, არც კი შეიმჩნია ჩემი `შენობითი~, _ გოგოების გადარჩენა ჩემი ჰობია. უბრალოდ, დამპირდი, რომ მარტო არასდროს შეცურავ ზღვაში, _ მოულოდნელად სრული სერიოზულობით განაგრძნო, _ რაც ერთხელ მოხდა, სავსებით შესაძლებელია განმეორდეს.

მორჩილად დავუქნიე თავი და ღვინო სწრაფად გადავკარი. მლაშე წყლის ყლაპვის შემდეგ წყურვილი მკლავდა.

_ ეი, არც ასე სწრაფად! _ გაკვირვებულმა ლუკასმა ჩემს ჭიქას შეხედა,

_ რომ მცოდნოდა, ოკეანის ნახევარს გადაყლაპავდი, მთელ ყუთ ლიმონათს წამოგიღებდი. ახლა შენ დანაყრება გჭირდება და არა დალევა. თუ დათვრები, შეიძლება აუტანელი გახდე და მერე რაღა ვქნა? ლოთო… _ კმაყოფილი სიცილით დაამატა.

გაგრძელება იქნება