- მგონი, რაც მალე წახვალ, მით უკეთესი იქნება შენთვისაც და ჩემთვისაც, - თქვა მან შეუვალი სახით. - შენ ისედაც ცუნამივით გადაუარე ჩვენს ცხოვრებას. არაა საჭირო, რომ… -წინადადება შუაში გაწყვიტა, როგორც კი ჩემს მზერაში ტანჯვა შენიშნა, რაც თვალების მოხუჭვით გამოვხატე, და ჩურჩულით, მაგრამ მთელი გულით შეიგინა, - ამის დედასაც შევეცი!.. - მერე კი ჩახლეჩილი ხმით თითქოს მუდარით გააგრძელა, - გეყოფა! - ხელები მაჯებში ჩამავლო და მსუბუქად შემარხია, - ასე ნუ მიყურებ!
უცებ ისე მკრა ხელი, თითქოს ვწვავდი და ოთახიდან გავარდა.
გაუნძრევლად ვიდექი და ვგრძნობდი, რომ უსასრულობაში მივქროდი, იქ, სადაც არაფერი არსებობდა წყვდიადის გარდა. მეტს ვეღარ ავიტან-მეთქი, მწარედ გავიფიქრე. სათამაშოსავით მექცევა, ამიღებს და საითაც მოუნდება, იქით გადამისვრის. უნდა დავტოვო აქაურობა! უნდა გავემგზავრო!
ეს ფიქრი მთელი დილა არ მტოვებდა და მარადისობასავით გაგრძელდა. ლუკასთან საუბრის შემდეგ გეორგიოსი და გვანცა სადღაც გაუჩინარდნენ, არც ლეილა და ვარდო გამოჩენილან. ჩემი მწვალებელიც გაქრა და ამისთვის მისი უაღრესად მადლიერი ვიყავი. ძალიან გამიჭირდებოდა მისთვის თვალებში შეხედვა მას შემდეგ, რაც ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მოხდა.
შეუმჩნევლად გავედი ეზოდან და სრულიად უცნობ გზაზე გავხეტიალდი. გული მიკვნესოდა, რომ ასე ამერია ყველაფერი. ფულიც არ მქონდა შინ დასაბრუნებლად. როგორმე გვანცა უნდა მომეხელთებინა და ჩუმად მეთქვა, ბილეთი მაინც აეღო ჩემთვის, რათა დროზე გავცლოდი ჩემთვის ჯოჯოხეთად ქცეულ ამ სამოთხესავით ქვეყანას.
შუადღისას, მტვრიან, მზისგან გაცხელებულ კლდეებზე მარტო სიარულის შემდეგ უკან დავბრუნდი. ვარდომ ლანჩი ოთახში მომიტანა და მთელი დღის ნაშიმშილარმა ცოტა წავიხემსე, თუმცა ლუკმა გაჭირვებით გადამდიოდა ყელში. როცა ასე თუ ისე დავნაყრდი, გადავწყვიტე წამოვწოლილიყავი და დამესვენა. დაღლილობისგან ფეხები ისე მიხურდა, აღარ მემორჩილებოდა.
ჩამეძინა… და მხოლოდ მაშინ გამომეღვიძა, როცა კარზე მსუბუქი კაკუნი შემომესმა. ჩემდა გასაკვირად, მოსაღამოებულიყო, მზე აღარსად ჩანდა.
- მობრძანდით.
საწოლზე წამოვჯექი და თვალები უაზროდ ავაცეცე. კარი რბილად გაიღო და ლეილა გამოჩნდა, რომელიც წამით შეყოვნდა, რადგან შუქი არ მენთო.
- მაპატიე, ძვირფასო, გაგაღვიძე, - ეგრევე შვება ვიგრძენი, რახან ლუკასის და არ მებუტებოდა და ძველებურად სიყვარულით სავსე ტონით მელაპარაკებოდა. გამიკვირდა კიდევაც მისი მეგობრული განწყობა, - თვითონაც ცოტა ხნის წინ ავდექი, გუშინდელი დღე იმაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე მოველოდი.
ამ სიტყვების თქმისთანავე წამოვხტი, მასთან მივირბინე და მისი ცივი ხელები მუჭში მოვიქციე.
- გთხოვთ, დამიჯეროთ, მე ცუდი არავისთვის მინდოდა, არც მიფიქრია ვინმესთვის ტკივილის მიყენება, - ვთქვი გამწარებულმა. როგორმე უნდა დამერწმუნებინა ლეილა ჩემს კეთილ განზრახვაში, - უბრალოდ, გვანცას დახმარება მინდოდა და იმ მომენტში უკეთესი არაფერი მომივიდა თავში. თქვენ, ალბათ, ეს სრულ აბსურდად გეჩვენებათ, მაგრამ მე ნამდვილად მეგონა, რომ ამ გზით მას მდგომარეობას შევუმსუბუქებდი.
- ლუკასმა უკვე ამიხსნა თბილისში თავისი ვიზიტის მიზანი, - ნელა დაიწყო ლეილამ, თან აშკარა უკმაყოფილებით, - ჩემი აზრით, მიუხედავად მისი კეთილი განზრახვისა, სწორედ მან მოაწყო ეს აურზაური. მაკვირვებს მისი საქციელი.
დაბნეული დავეთანხმე და ლეილამ აშკარად გაბრაზებულმა გააკანტურა თავი.
- ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის ჩემი ძმა კი არა, სრულიად სხვა ვიღაცაა, - ძლივსგასაგონად თქვა, - არ ვიცი, შენ როგორ უყურებ მას, მაგრამ, ზოგადად, მძიმე კაცი არ არის. სადღაც, ჩვენი სულის სიღრმეში, ჯერ კიდევ ცხოვრობს ის ლუკასი, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდით. ახლა ძალიან ღრმადაა ჩაკეტილი.
- სამწუხაროდ, ამ ჯადოსნური ზარდახშის გახსნა მე არ ძალმიძს, - უნუგეშოდ შევხედე, -ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები. უფრო მეტიც, ვძულვარ.
- არ დაიჯერო, - გამოცოცხლდა ლეილა და ჩემი ნათქვამი სწრაფად გააპროტესტა, მერე კი იდუმალი ღიმილით სახე ახლოს მომიტანა და მიჩურჩულა, - ისე, გინდა იმ პატარა ზარდახშის გახსნა?
კითხვა მოულოდნელი იყო, მაგრამ უყოყმანოდ, მთელი გულწრფელობით ვუპასუხე, თან თვალს არ ვაშორებდი მის უდროოდ დანაოჭებულ სახეს.
- ყველაფერზე მეტად… ოღონდ ამის შესახებ მას არ უთხრათ! - აღელვებული მკლავში ჩავეჭიდე, - გევედრებით, დამპირდით, რომ არაფერს ეტყვით!
- კარგი, ნაკა, - ლეილამ თავი დამიქნია და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ თმის ძირები გაჭაღარავებოდა, - მაინც რატომ ხარ ასე შეშფოთებული?
- ამას უნდა დამპირდეთ, - მაინც ჩემსას ვემუდარებოდი.
- გპირდები, - უხალისოდ მომიგო და სახეზე სინანული გამოესახა, - ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ძვირფასო… შენი დაქალი უკეთესადაა მორგებული ამ ცხოვრებას. უბრალოდ, მიკვირს, რომ შენც მისი ასაკის ხარ. როგორც უნდა იყოს, - მან რბილად შეცვალა საუბრის თემა, თან სინაზით აკვირდებოდა ჩემს გაწითლებულ ღაწვებს, - ამ დილით ლუკასთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მე არ ვეთანხები იმას, რაც მოხდა, მაგრამ რაც იყო, იყო. რამდენადაც მესმის, ჩემი ვაჟი და შენი მეგობარი რაც შეიძლება მალე უნდა დაქორწინდნენ.
გულგატეხილად შევხედე. მეგონა, ლეილა თავზარდაცემული, აღშფოთებული იქნებოდა ამ ამბის გაგებით, ის კი ისე ლაპარაკობდა, თითქოს მსგავსი რამ მათთან ყოველკვირა ხდებოდა.
- ნაკა, შეგიძლია ქორწილამდე აქ დარჩე? ჩემთან?
მოულოდნელობისგან დავიბენი. დავრჩე და ლუკასის სიახლოვეს ვიცხოვრო?
- მე… მე არ შემიძლია, - ამოვიჩურჩულე, - უნდა გავემგზავრო.
- მე, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი შენი გეგმების ჩაშლას, მაგრამ ბევრის გაკეთება მომიწევს, თან ძალიან მოკლე დროში, თან მარტო, - თხოვნა გაერია ხმაში, - სანდო დამხმარე რომ მყოლოდა, იმდენ რამეს ამაცილებდა თავიდან…
უცებ გამახსენდა, რატომაც ჩამოვიდა ლუკასი თბილისში. ლეილას ავადმყოფობის გამო. იმისთვის, რომ საკუთარ დას სანერვიულო არ ჰქონოდა და ამით უფრო არ დამძიმებულიყო. სწორედ ამიტომ წამომიყვანა აქეთ. რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან რთული იქნება ქორწილისთვის მზადება. გვანცას დახმარების იმედი ლეილას არ უნდა ჰქონოდა და ლეილამ ეს იცოდა.
- რამდენი დრო დასჭირდება ამას? - ხმადაბლა ვიკითხე და ქალმაც მადლიერებითა და შვებით გამიღიმა.
- ალბათ, დაახლოებით ერთი თვე, - იმედიანად თქვა, - მაქსიმუმ ექვსი კვირა.
თავმდაბლად დავუქნიე თავი. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში აქედან ვერ წავიდოდი… არ გამიშვებდნენ… ეს კი რატომღაც, მიხაროდა…
ვახშამმა დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. გვანცა ჩაწითლებული თვალებით იჯდა, გეორგიოსი კი მოღუშული დუმდა. ლუკასი, როგორც ყოველთვის, სიტყვაუხვობით არ გამოირჩეოდა. იგი ზარმაცად გადაიტანდა მზერას ერთი სახიდან მეორეზე და მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა მის თვალებში სითბო, როცა ლეილას შეაჩერდებოდა. ოჯახის დიასახლისი ყავას არ დაელოდა, თქვა, თავი ამტკივდაო და წავიდა. მეც დავაპირე ადგომა, მაგრამ ლუკასმა შემაჩერა.
- შენთან სალაპარაკო მაქვს, - მან ნელა მოატარა მზერა ჩემს სახეზე, ჯერ თვალებში ჩამხედა, მერე შუბლზე გადავიდა, თმაზე, ბოლოს კი გაოცებისგან ოდნავ გახსნილ ტუჩებზე დამაშტერდა, - წამო, ბაღში გავიდეთ.
მორჩილად გავყევი. ვერაფრით შევძელი იმის განჭვრეტა, რას მიქადდა მასთან საუბარი. მისი მზერისგან ტუჩები ისე ამეწვა, თითქოს ეს-ესაა, მაკოცაო. "გამაგრდი, ნაკა!" - ფიქრებში ძალაუნებურად შევუძახე ჩემს თავს საკუთარი სისუსტით გაღიზიანებულმა.
- ლეილასთვის ეს ყველაფერი ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა, თუმცა ცდილობს ამის დამალვას, - დაიწყო მან მაშინვე, როგორც კი ჯერ კიდევ დღის სურნელებით სავსე ხავერდოვან სიბნელეში დავსხედით, - არ მინდა თავით ფეხებამდე გადაეშვას საქორწინო საქმეებში. სუსტადაა, გაუჭირდება. ეს კი ძალიან მაღელვებს. სად შეუძლია ამდენი ისედაც დასუსტებულს და ავადმყოფობით გადაღლილს? შენ ხომ არ შეგიძლია ცოტა ხნით აქ დარჩე და დაეხმარო?
გაკვირვებულმა შევხედე. ბინდში მისი ცისფერი თვალები უფრო დიდრონი მომეჩვენა.
- მას შენთვის არაფერი უთქვამს?
- არა, - ამპარტავნული მზერით მომიჭრა, - რამე კონკრეტული უნდა ეთქვა?
- საღამოს ჩემთან იყო ამოსული და დახმარება მთხოვა, - მშვიდად ვუპასუხე, - მე კი ვუთხარი, თუ ლუკასი წინააღმდეგი არ წავა, სანამ საჭირო იქნება, დავრჩები-მეთქი.
ღაწვთან კუნთი აუთამაშდა, სხვას არაფერს გაუცია მისი მღელვარება.
- მადლობა, - თქვა მცირეოდენი პაუზის შემდეგ საკმაოდ ცივად, - რამდენადაც მესმის, გვანცას იმედად ყოფნა არ შეიძლება, - დაამატა ბოლოს და ტუჩები ოდნავ მოკუმა.
- რას გულისხმობ? - ფრთხილად ვკითხე და ცოცხალი თავით არ ვაგრძნობინე, რომ მართალი იყო.
- წუხანდელი საღამოდან ძალიან ბევრი რამ გაირკვა, ასე ვთქვათ, - ისევ ცივად მიპასუხა, - და ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
ვხვდებოდი, საითაც უკაკუნებდა. უკვე დაზეპირებული მქონდა, რასაც ნიშნავდა მისი თვალების ფოლადისებური ელვარება და არც ის დამვიწყებია, რა მდგომარეობაში იყო ჩემი დაქალი.
- გვანცა კარგი გოგოა, - გაუბედავად წარმოვთქვი, - ხანდახან ცოტა წაუთავქარიანებს, მაგრამ კეთილი გული აქვს, - ღიმილით აღვნიშნე.
- ანუ გული აქვს? - დამცინავად მკითხა, - და როდის მოგვეცემა საშუალება, ცალი თვალით მაინც შევხედოთ ამ ფენომენს?
პასუხის გასაცემად მოვემზადე, მაგრამ მაიძულა გავჩუმებულიყავი, რადგან ისე ახლოს მომიჩოჩდა, რომ მოღალატე გულმა მოუსვენრად დამიწყო ფეთქვა.
- არსებობს ასეთი მანკიერება, რომელსაც "გადაჭარბებული ერთგულება" ჰქვია, - შენიშნა მშვიდად და ჩემი სახე კიდევ ერთხელ გამოიკვლია, - ჩემი ღრმა რწმენით, შენ უნდა გცოდნოდა ამის შესახებ.
დაჰიპნოზებულივით ავხედე ქვემოდან მის საოცარ სახეს, მაგრამ ერთი სიტყვის თქმაც ვერ შევძელი.
- მაშ, ლეილას დაეხმარები?
ამჯერად მის ხმაში ბრძანების კილო არ შეიმჩნეოდა, მხოლოდ თხოვნა და ზრუნვა გამოსჭვიოდა და მეც მაშინვე ენერგიულად დავუქნიე ჩემი ქერათმიანი თავი, თან ძლივს ჩავახშე მის მუქ, გარუჯულ ლოყაზე შეხების სურვილი.
შეფიქრიანებული სახით მოულოდნელად ვერცხლისფერ თმაში შემიცურა თითები და ნელა ჩამომივარცხნა. როგორ ვეცადე, მაგრამ აკანკალებული სხეული ვერაფრით გავაჩერე - მისი შეხებისგან ცეცხლი მეკიდა.
- ძალიან ნაზი ხარ.
როცა ეს წარმოთქვა, ხმა თითქოს ჩაეხრინწა და ვერაფრით შევძელი დამეთრგუნა უცნაური შეგრძნებები, რასაც ის ჩემში იწვევდა. მოულოდნელად ლუკასმა განზე გაიწია და ხელები ჩამოუშვა.
- რაც მთავარია, ერთი კვირით გაგათავისუფლებ ჩემგან.
- რა? - ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.
- საქმეების გამო ქვეყნიდან გასვლა მიწევს, - დეტალების გარეშე განმიმარტა, - ვშიშობ, რომ ბოლო ორი კვირა ოჯახური პრობლემების გამო ბიზნესი დავივიწყე. მეტი დაყოვნება არ გამოდის.
თავი მისკენ შევატრიალე და სახეზე უეცრად ირონია გამოესახა.
- მოგენატრები? - სარკასტული ხმა ჰქონდა, მაგრამ მის უკან ცნობისმოყვარეობა შეინიშნებოდა, რაც შეუძლებელი იყო, ვერ მეგრძნო.
- კი, - გულუბრყვილოდ ვთქვი თვალებდახრილმა, თან იმით შეშინებულმა, რომ ზედმეტი წამომცდა…
ლუკასმა თვალები მოჭუტა და შემომხედა.
- რაღაც უნდა გავარკვიოთ… მეც და შენც, - თვალებში გამკრთალი ძლივსშესამჩნევი ელვარებით ხმადაბლა თქვა, - მაგრამ საუბრის გადადება მოგვიწევს, სანამ არ დავბრუნდები. მანამ კი ესეც საკმარისია.
ამ სიტყვებით ჩემკენ დაიხარა, რასაც, მე თვითონ არ ვიცი, რატომ, მთელი ეს დრო ველოდი, და ჩემს ტუჩებს სულმოუთქმელად დაეწაფა. თბილი და ძლიერი ტუჩები ჰქონდა. საოცარი სინაზით მიმიკრა მკერდზე, რითიც კიდევ ერთხელ გამაკვირვა. კოცნა ვნებიანი სულაც არ იყო. ეს, უბრალოდ, დაპირებას უფრო ჰგავდა, რომ სიტყვას შეასრულებდა, თუმცა მე მაინც დამახვია თავბრუ და სულიც შემიძრა.
როცა ხელი შემიშვა, გაბრუებული შევქანდი და იმწუთასვე შევამჩნიე, რომ ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თითქოს საკუთარ თავს არ ენდობოდა.
- არ მინდა ჩემი გეშინოდეს, - ნელა წარმოთქვა, ისე ხმადაბლა, რომ სმენა დავძაბე, რათა მისი არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე, მან კი ამის დანახვაზე შეფიქრიანებულმა ისე გააქნია თავი, თითქოს სახეს ინიავებსო.
- უბიწოება სერიოზული საკითხია, - უცებ სრულიად უადგილოდ თქვა.
გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, ის კი ოდნავ ათრთოლებული თითებით მსუბუქად შეეხო ჩემს ლოყას. შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა, ძაღლებს დაუსტვინა, რომლებიც იმავე წამს თითქოს მიწიდან ამოიზარდნენ და მათთან ერთად ბილიკს გაუყვა.
"ალბათ, ვერასდროს გავიგებ ამ ადამიანისას, - სევდიანად გავიფიქრე. - ხან ვერ მიტანს, ხანაც…"
- ეს, უბრალოდ, ცხოველური სურვილია და მეტი არაფერი, - ჩურჩულით მივმართე წყნარ ღამეს და ჩემში ძლივს გაჩენილი იმედი კვლავ ჩავკალი.
მას კარგი მადა აქვს და მიჩვეულია, რომ ყველა ქალი პატივად ჩათვლის, თუკი ლუკასი საუზმეზე ყავასავით დააგემოვნებს. როგორც ჩანს, გვანცამ რაც მასზე თქვა, მართალია და მეც მორიგი გამრთობის ბედის გაზიარება მომიწევს. ჩემი ერთადერთი ღირსება ისაა, რომ ცოტათი მის პირველ სიყვარულს ვგავარ.
- ჰოდა, შეუშვი მაგ უტვინო თავში, სულელო! - შევეხმიანე ჩემს თავს, თან მთელი ძალით ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, - შენ მხოლოდ ახალი რგოლი ხარ მისი რომანების გრძელ ჯაჭვში…
მეორე დილით, როცა სასადილო ოთახში შევედი, საერთოდ ვერ ვგრძნობდი თავს დასვენებულად. პირიქით, ქანცგაწყვეტილივით ვიყავი. გვანცა, დამინახა თუ არა, მხიარული შეძახილით აღტყინებული დამეტაკა:
- პრივეტ, ნაკა! მოდი, მოდი, შე ძილისგუდავ, თორემ უკვე ვამთავრებთ ჭამას. აგერ დაჯექი, ისაუზმე. იცი? აქაური ზღვის ჰავა საშინელ მადას მიღვიძებს. ლამისაა ყველაფერი გადავჭამო.
გეორგიოსს გადავხედე, მორიდებით რომ გასცქეროდა ჩემს დაქალს. გვანცამ ლამის ძალით დამსვა, თვითონ კვლავ გვერდით მიუჯდა თავის საქმროს და ხელი მის ხელში ჩახლართა. ისეთ ხასიათზე იყო, დღეს სულაც არ ჰგავდა იმ დაჩაგრულ, იმედგაცრუებულ გოგოს, როგორიც წინა საღამოს ვიხილე. მისი სიხარულის მიზეზი კი სულ მალე ამოტივტივდა ზედაპირზე.
- ლუკასმა ახლა ჩვენი სახლის დასათვალიერებლად უნდა წაგვიყვანოს, - ტიტინით მახარა, -აქვე ახლოსაა თურმე. თუ გინდა, შენც წამოდი ჩვენთან ერთად.
ეჭვნარევი მზერით გავხედე:
- სახლის?
- ჰო, აბა! ვერ მიხვდი? ოთხი კედელი და სახურავი, რომ ცალკე ვიცხოვროთ.
- მერედა დარწმუნებული ხარ, რომ კერძო სახლში ცხოვრებას შეძლებ? იქნებ ბინა სჯობდა ან…
- ეს საქორწინო საჩუქარია! და სიამოვნებით მივიღებ. რატომ ვერ შევძლებ? ბინას სახლი არ სჯობია?
- რა თქმა უნდა, სჯობია, მაგრამ შენ თუ ხარ ამისთვის მზად? იცი, რამდენი რამის გაკეთება მოგიწევს? რამხელა შრომა?
ამ დროს მეზობელი ოთახიდან ნაცნობი ღრიალი მოისმა და ყველანი შევტოკდით. შეშინებული მზერა გეორგიოსს მივაპყარი.
- ის მხოლოდ იყეფება, თორემ კბენით არავის კბენს, - განმარტა მან და მხრები რაღაცნაირი უკმაყოფილებით აიჩეჩა.
- მაგრამ თუ ვინმეს ვუკბინე, დამიჯერე, ძალზე მტკივნეული იქნება, - ლუკასი კარში გახიდულიყო და სახეზე ღიმილის ჩრდილიც კი არ ეტყობოდა. ქათქათა პერანგსა და ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი, თან გარუჯული, თან ახალწვერგაპარსული გამაოგნებლად გამოიყურებოდა.
- ანუ წამოხვალ ჩვენთან ერთად, ნაკა? - გულგრილად შემეკითხა გვანცა სკამიდან ადგომისას და სწრაფად გავაქნიე თავი უარის ნიშნად, რადგან სრულიად ზედმეტად ვგრძნობდი თავს მათ კომპანიაში. ისინი ხომ აშკარად ჩემ გარეშე აპირებდნენ წასვლას.
- წამოვა, აბა, რას იზამს. როგორ ფიქრობთ, მე ვის ველოდები? - ლუკასს აშკარად განზრახული ჰქონდა, ვიღაც ადგილზე მოესვა, რაც გვანცამ მაშინვე იგრძნო და ალმურმოდებული ცივად დაუბრუნდა თავის სკამს, მამაკაცმა კი გააგრძელა, - რა თქმა უნდა, როგორც კი ჭამას მორჩება.
უგემურად ვილოღნებოდი. ძლივს გადავყლაპე რამდენიმე ლუკმა კარტოფილიანი ღვეზელი, მიუხედავად იმისა, რომ უგემრიელესი იყო. ბოლოს ყავაც დავაყოლე და ავდექი.
თითქოს ჩემ ადგომას ელოდნენო, ისინიც მაშინვე წამოიშალნენ. ეზოში გავედით და ლუკასის მანქანისკენ გავემართეთ. წყვილი მაშინვე უკან მოთავსდა, მე კი "დიდი პატივი მერგო" - წინა სავარძელზე აღმოვჩნდი ლუკასის გვერდით.
უხმოდ დავადექით გზას. ვიყურებოდი ირგვლივ და ადგილობრივი ლანდშაფტი თავისი სიმშვენიერით უფრო და უფრო მაოცებდა. ამასთან, ყოველ წამს ვგრძნობდი ვეებერთელა, მშვიდი და მდუმარე ადამიანის გვერდით ყოფნას. გვანცა და გეორგიოსი, უკანა სალონში მოკალათებულნი, რაღაცაზე ჩურჩულებდნენ და მოგუდულად იცინოდნენ. თვალები ლუკასისკენ გავაპარე, მან კი მშრალად ჩაიღიმა.
- ხომ არ ვთხოვო გეორგიოსს, საჭესთან ჩემ მაგივრად დაჯდეს? - ნიშნის მოგებით მომმართა, აქაოდა, ასე რას მომჩერებიხარო.
სირცხვილისგან ალეწილმა თავი დავხარე, მაგრამ როცა მან დამცინავად ჩაიხითხითა, ერთიანად მოვიკუნტე. რატომ მექცევა ეს კაცი ყოველთვის ასე?
მწველი მზისგან მწვანე ბალახი უკვე გაყვითლებას იწყებდა. მთის ფერდობებზე ოთხკუთხა ფორმის ჩამწკრივებული სახლები მოჩანდა. თვალს მტაცებდა ფირუზისფერი ზღვის ბრჭყვიალება და თეთრი სანაპიროები, რომელთა გასწვრივ ერთიმეორის მიყოლებით ჩაემწკრივებინათ მაღალსართულიანი სასტუმროები. კმაყოფილი კნუტივით ვგრძნობდი თავს, ისე მათბობდა ეს სილამაზე. ლუკასმა ალმაცერად გამომხედა და ისე გამიღიმა, თითქოს მეუბნებოდა, შენი კარგად მესმისო.
- უკვე იწყებ ცხოვრებით ტკბობას, არა? - აუჩქარებლად თქვა და თვალებში თბილი ნაპერწკლები გაუკრთა.
ნახევარი საათის შემდეგ რომელიღაც პატარა სოფელში შევედით. ირგვლივ საოცარი ყვავილები ყვაოდა, გეგონებოდათ, მთელი არემარე ყვავილებში ჩაუფლიათო. ბოლოს უზარმაზარ ხის ჭიშკარს მივადექით, რომლის მიღმა ზღაპრული ეზო მოჩანდა, ბერძნული დახვეწილი მანერით მოკირწყლული ქვის მოზაიკით. აღტაცებისგან სუნთქვა შემეკრა. ეზოში უამრავი ვაზი იყო ჩაყრილი და მსხლის ხეები იდგა, რომლებსაც ტოტები სიგანეზე გაეფარჩხათ. ქვის ძველი კედელი აყვავილებული ლიანებით იყო დაფარული, რომლებიც ჰაერს ეგზოტიკური სურნელებით ავსებდნენ.
ლუკასი მანქანიდან გადავიდა და ხის მძიმე კარი გააღო. სწორედ ამ დროს გამოღებული ფანჯრიდან ორი ჩიტი გამოფრინდა, იქვე მსხლის ხეზე შემოსხდნენ და ცნობისმოყვარე მზერით გვერდზე თავგადახრილებმა შეათვალიერეს დაუპატიჟებელი სტუმრები.
- განუყრელები, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ლუკასი, როცა ჩიტების დამფრთხალი მზერა დაიჭირა, მერე კი დამცინავად გახედა გვანცასა და გეორგიოსს, სახლში რომ შედიოდნენ, - თითქოს წინასწარ შეუკვეთეს ასეთი შეხვედრაო, არა?
- ვერ ვხვდები, როდის ლაპარაკობ სერიოზულად და როდის ხუმრობ, - უკმაყოფილოდ შევნიშნე და წყვილს ფეხდაფეხ მივყევი.
- სიამოვნებით გასწავლი, - მიპასუხა მან, თან თვალს არ აშორებდა ჩემს აფორაჯებულ ღაწვებს, - ასე მგონია, ეს შესაძლებელი იქნება, - მიჩურჩულა ზედ ყურთან და საჩვენებელი თითი ჯერ ლოყაზე ჩამომიცურა, მერე კი ქვემოთ, ყელს დაუყვა, სადაც მისი შეხებისგან ძარღვი ამითამაშდა.
- არ გინდა, ძალიან გთხოვ. - მუდარით წარმოვთქვი, ჩემთვის მისი სინაზის ატანა გაცილებით რთული იყო, ვიდრე მისი სისასტიკის. როცა იგი ჩემ მიმართ სინაზეს იჩენდა, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს რაღაც დავკარგე, ისეთი რაღაც, რისი მოპოვებაც ვერ მოვასწარი.
სახე დამეძაბა და ისიც მაშინვე მომშორდა.
- კარგი ბუდეა, არა? შენ როგორ ფიქრობ? - ისევ დამცინავი კილოთი იკითხა, - აქ თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთს ეომონ, ცნობისმოყვარე მზერებისგან შორს იქნებიან.
მისი ცინიზმი ყელში ამომივიდა, მეჩვენებოდა, რომ მას სწორედ ეს უნდოდა.
- დავიჯერო საერთოდ არაფერი გაღელვებს? - აგდებულად მივუბრუნდი. გული მწყდებოდა, რომ მისი გულის ყინულის გარსი შეუღწევადი იყო, - ბუნებრივია, ხანდახან იკამათებენ, მაგრამ უმეტესად ბედნიერები იქნებიან. ნუთუ შენ თვითონ არ გინდა ცოლი შეირთო და შვილები იყოლიო? საყვარელ ადამიანს ყველაფერი გაუზიარო? დარდიც, სიხარულიც, საქმეც, სიყვარულიც…
რაღაცამ გაიელვა მისი თვალების სიღრმეში, მაგრამ იმწამსვე ჩაქრა, მერე უცებ შედგა და წინ გამატარა.
- მიდი! - ჩახრინწული ხმით მომიგდო.
გაგრძელება იქნება