როცა გვანცასა და გეორგიოსს მივუახლოვდი, შევამჩნიე, რომ ისინი ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობდნენ, სახეებზე ენით აღუწერელი კმაყოფილება ეხატათ.
სახლი სულ ახალი გარემონტებული იყო და მოდური ავეჯით გაწყობილი. პატარა, კომპაქტური, მაგრამ ყველაფრით აღჭურვილი სამზარეულო, ნათელი სააბაზანო დერეფნის ბოლოს და ორი დიდი საძინებელი მეორე სართულზე, სადაც ასვლა ორი ხვეული, ვიწრო კიბით შეიძლებოდა. ორივე ოთახი პასტელის ტონებში იყო მოწყობილი. პირველი სართულის სწორკუთხოვანი სასტუმრო ოთახიდან კი პატარა თვალწარმტაც ბაღში შეიძლებოდა გასვლა.
სახლი სიხარულით იყო სავსე, თითქოს სუნთქავდა.
- მოგწონს? - ლუკასმა გვანცას პირდაპირ სახეში შეხედა. ისიც მაშინვე შემობრუნდა და გაშლილი ხელები წინ გაიწვდინა, რათა მადლიერების ნიშნად საქმროს ბიძას კისერზე შემოხვეოდა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაქვავდა.
ზუსტად ვგრძნობდი, რას განიცდიდა ამწუთას ჩემი მეგობარი. მეც ვერ გავბედავდი ალბათ ასეთ დროს მისი ნებართვის გარეშე მასთან მიახლოებას, მით უფრო, ხელის მოხვევას.
- დიდებულია, - ძლივს გავიგონე გვანცას ხმა.
გეორგიოსმაც დააქნია თავი.
- მაშინ წავალ და დარჩენილ ფორმალობებს მოვამთავრებ.
ლუკასი გავიდა და მტვრიან შარაგზას დაადგა. მოშორებით რამდენიმე თეთრად შეღებილი სახლი იდგა. მან სწორედ იქითკენ აიღო გეზი. რატომღაც ძალზე მარტოსულად მეჩვენა ამ მომენტში.
- თქვენ მის გრძნობებს შეურცხყოფთ, - მოულოდნელად მკაცრად თქვა გეორგიოსმა ჩემი მისამართით.
- რა სისულელეს იძახი! - აღშფოთდა გვანცა და მხარდაჭერის მოლოდინში მე შემომხედა, - მას გრძნობები საერთოდ არ გააჩნია.
- გვანცა!
ეს სიტყვა გასროლასავით გაისმა და გეორგიოსი წამში დაემსგავსა ბიძამისს. ჩემს დაქალს მაშინვე ცრემლები გაუბრწყინდა თვალებში, მისი საქმრო კი კარს მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა, სადაც ვიღაც მოხუც ქალთან მოლაპარაკე ლუკასი მოჩანდა.
- შენ მასზე არაფერი იცი, - ნელა წარმოთქვა ბიჭმა ისე, რომ არ შემობრუნებულა.
მომეჩვენა, რომ იგი მხოლოდ გვანცას გასაგონად არ ამბობდა ამას.
- ის ნიჟარასავითაა, მყარი გარსით, რომლის შიგნით სირბილეა, რაშიც მარგალიტი იმალება.
გვანცამ იქედნურად ჩაიხითხითა.
- კარგი, რა, გიო, - ზიზღნარევი ტონით ჩაილაპარაკა, - გუშინდელი საუბრის შემდეგ რა სირბილეზე მელაპარაკები. არ გახსოვს, რა დღეში ჩაგვაგდო? ლამის საცერში გაგვატარა. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ასე არასდროს არავინ დამლაპარაკებია.
- ესე იგი, დიდი ხანია, ამის დრო დამდგარა!
ჩემდა უნებურად წამომცდა ეს სიტყვები, საერთოდ რომ არ დავფიქრებულვარ ისე და იმწუთასვე ვინანე. გვანცას თვალები დაუწვრილდა, სიბრაზისგან კი ტუჩები მოკუმა.
გეორგიოსი მისკენ შეტრიალდა.
- ლუკასმა იმდენი რამ გააკეთა ამ სოფლის მცხოვრებლებისთვის! - ბიჭი სწრაფად, მაგრამ მოგუდული ხმით ლაპარაკობდა, - აფთიაქი ააშენა და ხელფასს უხდის ექიმს, რომელიც ქალაქიდან ჩამოდის. ყველა სახლში მისი ფულით სააბაზანოები მოაშენეს, რომ ხალხს ცხელი წყალი ჰქონოდა…
- ჩემი დარწმუნება ამგვარ რამეებში საჭირო არ არის, - რბილად წარმოვთქვი და შევაჩერე, - მე მისი მტერი არ ვარ.
გეორგიოსმა თავი გადააქნია.
- არა, არა, ბოლომდე მოუსმინე! მეც მაინტერესებს ერთი, რას იტყვის! - ჩემს ზურგს უკან გვანცას ირონიული ჩაცინება გაისმა, მაგრამ გეორგიოსმა საცოლეს გამგმირავი მზერა ესროლა, მე კი ხელი ჩამჭიდა და ეზოში გამიყვანა.
ორივენი გავცქეროდით ლუკასს, რომელიც მოხუც ქალს პატარა სახლისკენ მიაცილებდა.
ჩემმა მომავალმა სიძემ ხის ძელსკამზე დამსვა, რომელიც სახლის წინ, ბაღის გასწვრივ დაედგათ.
- იცით, საიდან გვყავს ამდენი ძაღლი? - უცერად მკითხა და გაოცებულმა შევხედე. რა კავშირი ჰქონდა ძაღლებს იმასთან, რაც მე ლუკასის შესახებ უნდა გამეგო?
- თუ არ ჩავთვლით პატარა, მუდამ მშიერ ქუჩის ძაღლებს, რომლებიც სათევზაო ნავებთან წრიალებენ, სხვა ძაღლებს აქ ვერ ნახავთ, - აუჩქარებლად განაგრძო ბიჭმა, - საბერძნეთში შინაური ცხოველი ცოტაა. რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, აქ საცხოვრებლად ერთი ფრანგი მოხუცი ქალი გადმოვიდა, რომელსაც ძაღლები და კატები ჰყავდა. როცა ის ქალი გარდაიცვალა, მისი ნათესავები ჩამოვიდნენ და სახლი გაყიდეს, მაგრამ ცხოველებზე არავის უფიქრია. ის საწყლები კი საკვების მოსაძიებლად აქეთ-იქით დარბოდნენ და ერთ დღესაც მეთევზეებმა ერთი მათგანი მოკლეს. ბიძაჩემმა ეს რომ გაიგო, ყველა ცხოველს სათითაოდ ხელი მოჰკიდა და სახლში წამოიყვანა.
გეორგიოსმა თავის ბერძნულ ცხვირზე ხელი მოისვა.
- დედა ჭკუაზე არ იყო, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, შეჰგუებოდა. ახლა მხოლოდ მაშინ აღშფოთდება ხოლმე, როცა რომელიმე კატა მაგიდაზე ახტება.
ამის გაგონებაზე შემამცივნა.
- ერთხელ დედამ ჰკითხა, ასე რატომ იქცევიო და იცით, ლუკასმა რა უპასუხა?
გეორგიოსი ისე მიყურებდა, ამწუთას მთლად ბიძამისს ჰგავდა.
- არა.
- მან თქვა, რომ იმედი არავის უნდა ჩაუკლა.
გაოგნებულმა მივაპყარი მზერა. გულ-მუცელში ლამის ყველაფერი თავდაყირა ამომიტრიალდა, როცა გავიაზრე, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვების მიღმა.
- ცოტაც და, ის ეგრევე ატირდება.
ბოხი ხმა აშკარად უკმაყოფილო ჩანდა და როცა ორივენი შემოვბრუნდით, ლუკასის ტუჩებზე აღბეჭდილი ცივი ღიმილი შევამჩნიეთ.
გეორგიოსი შეცბუნებული მიაჩერდა ბიძამისს, თუმცა მას მზერა დაუთბა.
- მიდი და უთხარი შენს სატრფოს, რომ საქმე დაძრულია და ერთ თვეში ყველაფერი გადაწყდება. იმ ქალმა, რომლისთვისაც ეს სახლია მიბარებული, თქვა, რომ მფლობელებს რაც შეიძლება მალე უნდათ ამის გაყიდვა. ასე რომ, გარიგება არ ჩაიშლება.
- მადლობა, ლუკას.
გეორგიოსი თავდაჭერილად ლაპარაკობდა, თუმცა თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა. ბიძა მიუახლოვდა დისშვილს და მხარზე ხელი მოუთათუნა:
- ეცადე, ბედნერი იყო, ჩემო ბიჭო, - ჩაიბურტყუნა ხმადაბლა და ბიჭს სახლისკენ მსუბუქად უბიძგა, თითქოს საკუთარი გრძნობების გამომჟღავნების შერცხვაო, - დროზე მორჩით თვალიერებას, - დაადევნა მიმავალ დისშვილს, - დრო ცოტა მაქვს.
ამის წარმოთქმისთანავე ძელსკამს მოუახლოვდა და ჩემ გვერდით იმ ადგილას დაჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ გეორგიოსი იჯდა. მერე დაღლილმა ამოიხვნეშა და თვალები მილულა.
წამით თითქოს ყველაფერი გაშეშდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. არც სახლიდან ისმოდა არანაირი ხმა, მხოლოდ მწერების ზუზუნი არღვევდა გარემოს მყუდროებას. თავს ძალა დავატანე და თვალის კუთხით გავხედე. ლუკასი თვალებდახუჭული იჯდა, ლამაზ სახეზე კი მხოლოდ დაღლილობა ეტყობოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უნაკლოდ და პეწიანად ეცვა, ამ ფორმაშიც კი ყაჩაღს ჰგავდა. ყოველგვარი სირთულის გარეშე წარმოვიდგინე, როგორც ფილმებშია, შავ ცხენზე ამხედრებული, თავისი ბანდის სათავეში მოქცეული როგორ შემოიჭრებოდა სოფელში იქაურობის მიწასთან გასასწორებლად და მოსახლეობის ასაწიოკებლად.
- შენ ეთანხმები?
მისი ყრუდ ნათქვამი შეკითხვა ისე უცაბედად შემოიჭრა ჩემს აზრებში, რომ მომეჩვენა, თითქოს გულისნადებს მიმიხვდა და თავზარი დამეცა.
- ვეთანხმები?
კიდევ კარგი, მისი გამჭოლი თვალები ვერ ხედავდნენ ჩემს აალებულ სახეს, თორემ ბოლომდე გავიყიდებოდი.
- სახლზე ვამბობ. ეთანხმები ჩემს გადაწყვეტილებას? მოგწონს აქაურობა?
- როგორ შეიძლება ასეთი სახლი არ მოგეწონოს? გადასარევია. მართლაც რომ ბუდეა ახალშეუღლებულებისთვის. მათ მიმართ უდიდეს სიკეთეს იჩენ, ლუკას.
გეორგისთან საუბრის შემდეგ უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა, რაოდენ მარტოსულად გრძნობდა იგი თავს.
- მთლად დაცლილი არ ვარ გრძნობებისგან, რომ იცოდე, - მშრალად წარმოთქვა და თვალები გაახილა, - ჩემი დისშვილის ბედნიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- და შენი? - მყისიერი უარყოფის მოლოდინში გავთამამდი, - ოდესმე გიფიქრია ამაზე?
- შეიძლება იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში, - ძალიან გაუჭირდა ამ წინადადების წარმოთქმა და უხერხულად შეირხა ძელსკამზე, რის გამოც თეძოზე ოდნავ შემეხო და მეც ჩემი დამემართა, ეგრევე კანი ამეხორკლა.
იგი ჩემკენ შემოტრიალდა. თვალებში ისევ ის უცნაური სხივი ჩაუდგა, ერთხელ რომ შევამჩნიე.
- შენ ვერც წარმოიდგენ, როგორ შეიძლება სიმწარემ სული გადაწვას, პატარავ. გუშინ აბსოლუტურად მართალი იყავი, თუმცა ამის შესახებ ოდნავი ეჭვიც არ გქონდა. სიმწარემ შეიძლება მანამ ლესოს და ლესოს ადამიანი შიგნიდან, სანამ რაღაც არ გაქრება მისი სულიდან. რაღაც, რაც აღარასდროს აღდგება. ეჰ, ახალგაზრდობა, ახალგაზრდობა!
მომეჩვენა, რომ საუბრის თემას ვკარგავდი, რომ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხელიდან ვუშვებდი. მის ხმაში იმხელა სევდა გამოსჭვიოდა, მე კი არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი.
- გუშინ მე შენთვის პატიება უნდა მეთხოვა იმ საღამოს გამო, გვანცა და გეორგიოსი რომ გამოჩნდნენ, - მოულოდნელად თქვა, - სიმართლე გითხრა, უფრო ამისთვის მოვდიოდი შენთან, მერე კი…
მგონი, ჟოლოსფერი გავხდი, ისე მომიარა მწველმა სურვილმა, ჩავხუტებოდი.
- არაფერი ისეთი, ნუ მებოდიშები, - სწრაფად მივუგე, - დავიმსახურე ის, რაც მივიღე. გარდა ამისა, ნახევარიც ვერ გავიგე იქიდან, რაც მითხარი.
მან ყურადღებით სავსე მზერა მესროლა, მერე გაკვირვება გამოესახა სახეზე, ბოლოს კი ხმადაბლა და კმაყოფილებით გაიცინა.
- გინდა მითხრა, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა წყალში ჩამეყარა?
ის ისევ დამცინოდა, მაგრამ ახლა ეს არ იყო მთავარი. ლუკასი გამხიარულდა, აი, რას ჰქონდა მნიშვნელობა. "ოხ, როგორ მიყვარხარ!" - გავიფიქრე და თავი დავხარე, რათა სახე ჩამოშლილ თმაში შემემალა. იქნებ მაინც არსებობს რაღაც შანსი?
გაგრძელება იქნება