არ შეიცვალო, ნაკა, _ გაბზარული ხმით მომმართა, ჩემს თმას აკოცა და წამოდგა, _ როგორც იქნა, ეს-ესაა დავიჯერე, რომ ბუნებრივი ხარ, ნამდვილი და არა ყალბი. არ შეიცვალო. _ მერე საათს დახედა, _ ჯანდაბას! გეორგი, დააჩქარე ცოტა! _ უეცრად დაიყვირა და მისი უწინდელი სინაზისგან აღარაფერი დარჩა, _ მე უკვე ქარხანაში უნდა ვიყო!
მის ყვირილზე გვანცა და გეორგიოსი სახლიდან სირბილით გამოვარდნენ და მანქანისკენ უსიტყვოდ გაიქცნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკასი საჭეს დაძაბულად ჩაფრენილი მიაქროლებდა შარაგზაზე მანქანას.
ათი წუთის შემდეგ მისი `ლენდროვერი~ უკვე ქარხნის კარიბჭესთან იდგა…
ქარხნის ეზოში რამდენიმე ნაგებობის მშენებლობა დაეწყოთ. მავთულხლართებიანი ღობის გასწვრივ დაცვის ბიჭები დადიოდნენ ძაღლებთან ერთად.
ლუკასმა მანქანიდან შავი ტყავის პორტფელი გადაიტანა და გეორგიოსს შეხედა:
_ წადით სახლში. მე აქედან აეროპორტში გავალ. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ერთი კვირის შემდეგ დაახლოებით ამ დროს დავბრუნდები.
მან მანქანას შემოუარა და ჭიშკრისკენ აიღო გეზი. ვიფიქრე, ისე წავა, აღარ დამემშვიდობება-მეთქი, მაგრამ უეცრად შუა გზიდან გამობრუნდა და ჩემ მხარეს მანქანის კარი ნელა გამოაღო:
_ ერთი წუთით გადმოდი, _ თავისი ბრინჯაოსფერი ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა. სახე სერიოზულზე სერიოზული გაუხდა.
ძლივს დავდექი მიწაზე, მეგონა, საცაა წავიქცეოდი და ავხედე ჩემზე ლამის ორი თავით მაღალ კაცს. მან ხელი წამავლო და მოშორებით გამიყვანა, ისეთ ადგილას, სადაც მანქანაში მსხდომნი ვერ დაგვინახავდნენ.
_ გისმენ, _ გაბზარული ხმით ამოვთქვი და თვალებგაფართოებული მივაჩერდი. ამ დროს ნიავმა დაუბერა და თმა სახეზე ჩამომეშალა.
_ მე ერთი კვირა არ ვიქნები, _ ხრინწშეპარული ხმით კიდევ ერთხელ მაუწყა.
მხოლოდ წამით მივაჩერდით ერთმანეთს, მაგრამ ის წამი საუკუნედ მეჩვენა. მან პორტფელი ძირს დადო და მომეხვია.
_ მე მცირეოდენი უფლებაც არა მაქვს, მიყვარდე, _ რბილი ხმით ჩაიდუდუნა და ოდნავ შეეხო ჩემს ტუჩებს. მეც არ დავახანე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. თითქოს ამას ელოდაო, მოწყურებულად დამიწყო კოცნა, თან მთელი სიძლიერით მიკრავდა მკერდზე. ისე ძლიერად, მისი გულის აჩქარებული ბაგაბუგი ჩემს გულს ესმოდა.
ბოლოს მთლიანად მივენდე მის ნებას. ფეხის წვერებზე ავიწიე. რათა ყელზე მოვხვეოდი, მან კი მოულოდნელად ჰაერში ამწია და ისე მძლავრად მომიჭირა მკლავები, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ძლივს ვახერხებდი.
_ მინდა შეგჭამო, _ სიტყვებს გმინვა ამოაყოლა, _ გესმის მაინც, რას მიშვრები?
მისმა ნათქვამმა ისე შემაკრთო, ამ გაგანია სიცხეში ამაკანკალა. თუმცა სულის სიღრმეში ჩემი შინაგანი ხმა ალაპარაკდა: ფრთხილად, ნაკა, ფრთხილად. სულ რაღაც ორი დღის წინ სახლიდან გაგდებდა. სახლიდანაც და თავისი ცხოვრებიდანაც. დაგავიწყდა?
მერე რა? _ შევეპასუხე ჩემს მეორე მეს. _ მე ყველაფერს მივიღებ, რასაც ის ახლა მაძლევს, მერე კი რაც იქნება, იქნება.
გამაფრთხილებელმა ჩახველებამ გვაგრძნობინა, რომ მარტონი არ ვიყავით და ლუკასმა უხალისოდ შემიშვა ხელი. ფეხქვეშ მიწა ვერ ვიგრძენი, თითქოს კვლავ ჰაერში ვკონწიალობდი.
გეორგიოსი ორაზროვანი მზერით მოგვჩერებოდა.
_ ჩემს დას მიხედე, დაეხმარე, როგორც შეგიძლია, _ მთხოვა ლუკასმა, მერე პორტფელს დასწვდა, ერთხელაც მაკოცა, ამჯერად მოწყვეტით და ჭიშკრისკენ გაემართა. თუმცა, სანამ ეზოში შევიდოდა, მაინც მოიხედა უკან.
შესული არ იყო ქარხნის ტერიტორიაზე, რომ იმავე წამს უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს. მან ჯერ ხელი ჩამოართვა სათითაოდ ყველას, მერე კი სამხედრო მეთაურივით განკარგულებების გაცემას შეუდგა. მისი მტკიცე და ომახიანი ხმა ყველა დანარჩენის ხმას ფარავდა. ვიდექი და გაღიმებული შევცქეროდი ამ სურათს მანამ, სანამ თვალთახედვის არიდან არ დამეკარგა. როგორც კი მიიმალა, ყელში თითქოს ბურთი მომაწვა, თუმცა ვერ ავხსნი, რატომ.
ჩემი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსში იყო გახვეული. იგი არაფერს დამპირებია და შესაძლოა არც არასდროს დამპირდებოდა. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: მე აქ დავრჩებოდი, ამ ჩემთვის უცხო ქვეყანაში, საყვარელი ადამიანის გვერდით მანამ, სანამ თავად არ მიბრძანებდა აქაურობის დატოვებას…
მომდევნო რამდენიმე დღემ განუწყვეტელ ეიფორიაში გაიარა. უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი და ლეილას თავდაუზოგავად ვეხმარებოდი. ორდღიანი დაჟინებული შეგონების შემდეგ ძლივს მოვახერხე, დამესვენებინა. შემეშინდა, ისეთი ფერმკრათალი სახე ჰქონდა. ძალიან გადაიღალა. აკანკალებული ხელებით ძლივს აკეთებდა საქმეს, ამიტომ უდიდესი გულმოდგინებით ვცდილობდი ლუკასის თხოვნა პირნათლად შემესრულებინა.
ლეილა სარწეველა სავარძელში ჩავსვი და პლედი შემოვახვიე.
_ აქედანაც შეგიძლიათ რამე დამავალოთ, არ არის აუცილებელი, ჩემ გვერდით იტრიალოთ, _ დამრიგებლური ტონით ვუთხარი, თითქოს ბავშვს ველაპარაკებოდი, _ ჩვენ ახლა გამჭრიახი გონების დასვენებული ადამიანი გვჭირდება, რომელიც ყველაფრის კოორდინირებას შეძლებს.
როგორც კი ლეილაზე ვიზრუნე, კვლავ საქორწინო საქმეებზე გადავერთე. მუშაობა უფრო მიადვილებდა ლუკასთან განშორებას. ამის საფიქრელად აღარ მეცალა.
საღამოობით კი, დაღლილ-დაქანცული შვებით მივეგდებოდი საწოლზე და ისე უცებ მეძინებოდა, ფიქრისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
მესამე დღეს ლუკასმა ლეილას საღამო ხანს დაურეკა, ზუსტად იმ იშვიათ წამს, როცა შევისვენეთ და ყავას ვსვამდით.
და-ძმამ ბერძნულად ცოტა ხანს ილაპარაკა და მხოლოდ საუბრის დასასრულს ახსენა ლეილამ ჩემი სახელი. სახე დამეძაბა, როცა მან ტელეფონი გათიშა.
_ კიდევ რა დავაშავე? _ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ვკითხე.
ქალმა ძლივს შესამჩნევად აიწურა მხრები, აშკარად არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი.
_ უთხარით, რომ თქვენთან ერთად ვარ? _ არ დავნებდი და როცა მან თავი დამიქნია, მწვავე ტკივილმა პირდაპირ გულში გამიარა. ესე იგი, ჩემთან დალაპარაკებაც არ ისურვა? ორი სიტყვის თქმა გაუჭირდა? თვალი თვალს მოშორდება, გული გადასხვაფერდება? ოხხხ, რატომ ბერძნული არ ვიცი, ხომ ყველაფერს გავიგებდი?
_ მარტო არ იყო, ძვირფასო, ამიტომ ეუხერხულა ლაპარაკი, _ ამიხსნა ლეილამ, როცა ჩემს სახეზე აღბეჭდილი ტკივილი შეამჩნია.
თავი დავხარე, რათა სახის ნაკვთები დამელაგებინა, არ მინდოდა მისი განერვიულება.
_ ის ძალიან დაკავებული ადამიანია, ეს ვიცი, _ უკვე დამშვიდებული ხმით მივუგე და გამიკვირდა, ასე ბუნებრივად როგორ გამომივიდა-მეთქი.
ლეილა მადლიერად დამეთანხმა, გახარებულმა იმით, რომ დაძაბული მომენტი უკან მოვიტოვეთ და საუბარმა ჩემი ცრემლების გარეშე ჩაიარა.
ცოტა ხანში კვლავ საქმეზე გადავერთე და მაქსიმალურად ვეცადე, ლუკასის ზარზე არ მეფიქრა. ამის გარეშეც მყოფნიდა საზრუნავი. მით უფრო, რომ რაღაც ეჭვები მომეძალა.
მხოლოდ ერთი კვირა გავიდა და გვანცამ უკვე ბოლომდე დაამტკიცა, რომ ის ყველას ცხოვრებას ურთულებდა. ორსულობის პირველ კვირებში იგი არცთუ კარგად გრძნობდა თავს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე წარამარა ღიზიანდებოდა. რამდენიმეჯერ გეორგიოსიც გაუბრაზდა, რის გამოც ერთიორჯერ მეც ვუყვირე მას.
ერთ დღეს, სადილობამდე, ვერანდაზე ვისხედით და კონიაკს ვწრუპავდით, რომელიც გეორგიოსსა და გვანცას თბილისიდან ჩამოეტანათ. ძაღლები უკმაყოფილო მზერით გაწოლილიყვნენ მაგიდის გარშემო. ისინი პატრონს ელოდებოდნენ, რაც ჩემთვის სულაც არ იყო ძნელი მისახვედრი. ისინი კი არა, მეც გაქუცული, ყურებჩამოყრილი და კუდამოძუებული ძაღლივით ვგრძნობდი თავს.
_ მოდი, სანაპიროზე გავისეირნოთ. ყურე დავათვალიეროთ, თან ძაღლებსაც გავასეირნებთ, _ შემოგვთავაზა გეორგიოსმა, რადგან ნახევარი წუთის განმავლობაში გვანცამ სამჯერ უკმაყოფილოდ ამოიოხრა, _ ცოტას გავმხიარულდებით.
_ წადით, წადით, _ შვილს მხარი დაუჭირა ლეილამ, _ სადილამდე ჯერ მთელი საათია დარჩენილი.
საღამოს ცა ფერფლივით განაცრისფრდა, სანამ ჩვენ სანაპიროზე ვსეირნობდით, ვსაუბრობდით და ტალღების რბილ შრიალს ვუსმენდით. აშკარად მომიხდა ასეთი დასვენება, აღარც დაღლილობის შეგრძნება მაწუხებდა და აღარც სახსრებში მტეხდა. მთლიანად მოვეშვი და ზღვის მარილიანი ჰაერი უდიდესი ნეტარებით შევისუნთქე.
ბოლო დროს მუდმივად აფორიაქებული ვიყავი. იქნებ ლუკასის ჩამოსვლამ მიშველოს? იქნებ მერე ყველაფერი შეიცვალოს?
გიო და გვანცა ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებდნენ, მე კი მათზე ვეჭვიანობდი, რადგან გამუდმებით მახსოვდა გიგანტური აღნაგობის გარუჯული მამაკაცი, რომელსაც ბოლომდე ვერა და ვერ გავუგე.
ჩემთვის ეს ორი საათი ნამდვილი რელაქსაცია გამოდგა. შემსუბუქებული ვბრუნდებოდი უკან. როცა ვილას ვუახლოვდებოდით, ღამის სასიამოვნო ნიავმა დაუბერა და ცაზეც ასობით პატარა ალმასი აბრჭყვიალდა. ბაღის მხრიდან შევედით სახლში, თან გეორგიოსის ახალ იუმორზე სამივენი გულიანად ვიცინოდით.
უეცრად ძაღლებმა ყურები დაცქვიტეს და ცოფიანებივით ყეფით გაექანენ ბაღის შუაგულისკენ.
_ ლუკასი დაბრუნებულა, _ თქვა გიომ, მე კი გამიხარდა, რომ ბნელოდა და ჩემი აღელვება არავის შეუმჩნევია. გული მკერდიდან ამოვარდნას ცდილობდა. თავს თექვსმეტი წლის მოსწავლესავით ვგრძნობდი, რომელსაც საშინელი მღელვარებით გაუწევია პირველ პაემანზე.
წამით ადრე, სანამ ლუკასი პარმაღზე გამოჩნდებოდა, საშინელმა წინათგრძნობამ შემიპყრო, შევჩერდი და აუჩქარებლად მივაჩერდი ბილიკზე მიმავალ გვანცასა და გიოს.
თავდაპირველად ლუკასის ხმა გავიგონე, როგორ აწყნარებდა ძაღლებს, შემდეგ კი თვითონაც გამოჩნდა თაღოვან კარში. შევხედე თუ არა, ადგილზე გავშეშდი. მის გვერდით მაღალი, წითურთმიანი გოგო იდგა, რომლისთვისაც ჩემს სათაყვანებელ მამაკაცს წელზე ხელი შემოეხვია. უცნობს ტანზე მოტმასნილი შავი კაბა ეცვა, რაც მკაფიოდ უსვამდა ხაზს მთელ მის ღირსებას. ქალს უნაკლო სხეული ჰქონდა.
_ კარა! _ წამოიძახა გეორგიოსმა ისე, რომ გვანცაც კი გაჩერდა. მე დაქალს გვერდით ამოვუდექი. მივხვდი, რომ ამწუთას ორივე ერთ დღეში ვიყავით, ეჭვები გვჭამდა.
გიო კი უკვე ჰაერში ატრიალებდა ხელში ატაცებულ სტუმარს.
_ ვინ არის? _ შეშინებულმა მკითხა გვანცამ, _ ერთი შეხედე მის ფეხებსა და თმას.
მეც შევხედე და ამ საოცარ თბილ საღამოს უეცრად სიცივე ვიგრძენი. ვინც გინდა იყოს, ფაქტია, ლუკასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, _ გავიფიქრე სუნთქვაშეკრულმა.
გაგრძელება იქნება